წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

„დარჩით ღვთის სიყვარულში“

 თავი 7

შენც ღვთის მსგავსად აფასებ სიცოცხლეს?

შენც ღვთის მსგავსად აფასებ სიცოცხლეს?

„შენთან არის სიცოცხლის წყარო“ (ფსალმუნი 36:9)

1, 2. ღვთის რომელი ძღვენია დღეს განსაკუთრებით დასაფასებელი, და რატომ?

ჩვენმა ზეციერმა მამამ სიცოცხლე და ინტელექტი გვიბოძა, რაც უძვირფასესი საჩუქარია. ამ ძვირფასი ძღვნის წყალობით ჩვენ შეგვიძლია მისი თვისებები ავირეკლოთ (დაბადება 1:27). აგრეთვე გავიაზროთ ბიბლიის პრინციპები და მათი გამოყენების შედეგად სულიერად მოწიფული ადამიანები გავხდეთ, რომელთაც უყვართ იეჰოვა და „აღქმის უნარი გაწაფული აქვთ კარგისა და ცუდის გასარჩევად“ (ებრაელები 5:14).

2 ბიბლიის პრინციპებზე ფიქრი დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ცხოვრება იმდენად გართულდა, რომ შეუძლებელია, ყველაფერზე კანონი არსებობდეს. ამის ნათელი მაგალითია სამედიცინო პრეპარატები და პროცედურები, რომლებშიც სისხლი გამოიყენება. ყველა, ვისაც იეჰოვასადმი მორჩილება სურს, უნდა დაფიქრდეს ამ საკითხზე. თუ ჩავწვდებით სიცოცხლესა და სისხლთან დაკავშირებულ ბიბლიის პრინციპებს, ბრძნულ გადაწყვეტილებებს მივიღებთ, სუფთა სინდისი გვექნება და დავრჩებით ღვთის სიყვარულში (იგავები 2:6—11). განვიხილოთ ზოგიერთი ასეთი პრინციპი.

სიცოცხლე და სისხლი წმინდაა

3, 4. პირველად როდის ესმება ღვთის სიტყვაში ხაზი სისხლის სიწმინდეს და რა პრინციპები უდევს მას საფუძვლად?

3 იეჰოვამ პირველად აბელის მკვლელობის შემდეგ გააცხადა, რომ სიცოცხლე და სისხლი წმინდაა და მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან. აბელის მკვლელს, კაენს ღმერთმა უთხრა: „ყური დაუგდე, შენი ძმის სისხლი მიწიდან შემომღაღადებს“ (დაბადება  4:10). იეჰოვასთვის აბელის სიცოცხლე მისი სისხლით იყო წარმოდგენილი. ასე რომ, გადატანითი მნიშვნელობით, აბელის სისხლი ღმერთს შეღაღადებდა შურისძიებისთვის (ებრაელები 12:24).

4 ნოეს დროს მომხდარი წარღვნის შემდეგ ღმერთმა ადამიანებს ნება დართო, ეჭამათ ხორცი, ოღონდ სისხლის გარეშე. ღმერთმა თქვა: „ოღონდ ხორცი მის სულთან — სისხლთან — ერთად არ ჭამოთ. თქვენს სისხლსაც მოვიკითხავ“ (დაბადება 9:4, 5). ეს კანონი ნოეს ყველა შთამომავალზე გავრცელდა, მათ შორის ჩვენზეც. ამან კიდევ ერთხელ დაადასტურა ღვთის მიერ კაენისთვის ნათქვამი სიტყვები, რომ სისხლით წარმოდგენილია ყველა ცოცხალი არსების სული ანუ სიცოცხლე. ამ კანონიდან აგრეთვე ვიგებთ, რომ იეჰოვა, რომელიც სიცოცხლის წყაროა, პასუხს აგებინებს ყველას, ვინც არ აფასებს სიცოცხლის და სისხლის სიწმინდეს (ფსალმუნი 36:9).

5, 6. როგორ ცხადყო მოსეს კანონმა, რომ სისხლი წმინდა და ძვირფასია? (იხილეთ აგრეთვე ჩარჩო „ დააფასე ცხოველების სიცოცხლე“)

5 ეს კარგად გამოჩნდა მოსეს კანონიდანაც. ლევიანების 17:10, 11-ში ვკითხულობთ: „თუ ვინმე . . . შეჭამს სისხლს, მივაქცევ ჩემს სახეს იმის წინააღმდეგ, ვინც სისხლს შეჭამს, და მოვკვეთ მას თავისი ხალხიდან; ვინაიდან ხორციელის სული მის სისხლშია; მე ის სამსხვერპლოსთვის დაგიწესეთ, რათა შესრულდეს გამოსყიდვის წესი თქვენი სულებისთვის, რადგან სისხლს შეუძლია გამოსყიდვა იმ სულით, რომელიც მასშია“ * (იხილეთ ჩარჩო „ სისხლი და გამოსყიდვა“).

6 თუ დაკლული ცხოველის სისხლს სამსხვერპლოზე არ ღვრიდნენ, ის აუცილებლად მიწაზე უნდა დაეღვარათ. ამგვარად, სიცოცხლე სიმბოლური გაგებით სიცოცხლის მბოძებელს უბრუნდებოდა (კანონი 12:16; ეზეკიელი 18:4). საგულისხმოა ისიც, რომ ისრაელებს არ მოეთხოვებოდათ ცხოველის ხორციდან სისხლის ბოლო წვეთამდე გამოდენა. თუ ცხოველს სათანადოდ  კლავდნენ და სისხლისგან ცლიდნენ, ისრაელები სიცოცხლის მომცემის მიმართ პატივისცემას ავლენდნენ, ამიტომ მათ სუფთა სინდისით შეეძლოთ მისი ჭამა.

7. როგორ ცხადყო დავითმა, რომ აფასებდა სისხლის სიწმინდეს?

7 დავითს, ღვთისთვის „გულით სასურველ კაცს“, კარგად ესმოდა, რა პრინციპები ედო საფუძვლად სისხლის შესახებ ღვთის კანონს  (საქმეები 13:22). ერთხელ მას ძალიან მოსწყურდა, ამიტომ სამმა ვაჟკაცმა მტრის ბანაკი გაარღვია და ჭის წყალი მოუტანა. როგორ მოიქცა დავითი? მან თქვა: „როგორ დავლიო ამ ვაჟკაცთა სისხლი, რომელთაც საფრთხეში ჩაიგდეს სულები!“. დავითისთვის ეს წყალი ამ კაცების სისხლის ტოლფასი იყო. და თუმცა სწყუროდა, მან „იეჰოვას დაუღვარა“ ის (2 სამუელი 23:15—17).

8, 9. შეიცვალა ღვთის თვალსაზრისი სიცოცხლისა და სისხლის შესახებ მას შემდეგ, რაც ქრისტიანული კრება ჩამოყალიბდა? ახსენი.

8 ნოესთვის მითითების მიცემიდან 2 400 წლის, ხოლო ისრაელთან შეთანხმების დადებიდან 1 500 წლის შემდეგ იეჰოვას შთაგონებით ხელმძღვანელმა საბჭომ პირველი საუკუნის ქრისტიანულ კრებას მისწერა: „წმინდა სულმა და ჩვენ მართებულად მივიჩნიეთ, მეტი აღარაფერი დაგვეკისრებინა თქვენთვის ამ აუცილებლის გარდა, რომ მოერიდოთ კერპთშენაწირს, სისხლს, დამხრჩვალსა და სიძვას“ (საქმეები 15:28, 29).

9 ცხადია, ხელმძღვანელ საბჭოს ესმოდა, რომ სისხლი წმინდაა და მისი ბოროტად გამოყენება ისეთივე არასწორია, როგორც კერპთაყვანისმცემლობა და სიძვა. დღეს ჭეშმარიტი ქრისტიანები იზიარებენ ამ თვალსაზრისს. უფრო მეტიც, ვინაიდან ისინი ბიბლიის პრინციპებით ხელმძღვანელობენ, მზად არიან, ღვთის ნების თანახმად იმოქმედონ და როცა საქმე სისხლს ეხება, იეჰოვას მოსაწონი გადაწყვეტილებები მიიღონ.

სისხლის გამოყენება მკურნალობის მიზნით

როგორ ავუხსნი ექიმს, რა მაქვს გადაწყვეტილი სისხლის ფრაქციების მიღება-არმიღებასთან დაკავშირებით?

10, 11. ა) რა თვალსაზრისი აქვთ იეჰოვას მოწმეებს მთლიანი სისხლისა და მისი ძირითადი კომპონენტების გადასხმაზე? ბ) სისხლთან დაკავშირებულ რომელ საკითხებში შეიძლება განსხვავდებოდეს ქრისტიანების თვალსაზრისი?

10 იეჰოვას მოწმეებს ესმით, რომ მითითებაში, მოერიდონ სისხლს, იგულისხმება, არ გადაისხან, არ ჩააბარონ და არ შეინახონ საკუთარი სისხლი სხვა დროს გამოსაყენებლად. ისინი ემორჩილებიან ღვთის კანონს და უარს აცხადებენ სისხლის ოთხი ძირითადი კომპონენტის — წითელი უჯრედების, თეთრი უჯრედების, თრომბოციტებისა და პლაზმის — გამოყენებაზე.

11 დღეს სისხლის დამუშავების შედეგად, ამ კომპონენტებს  ფრაქციებად ყოფენ, რომელთაც სხვადასხვა მიზნით იყენებენ. შეუძლია ქრისტიანს ამ ფრაქციების მიღება? ითვლება ისინი სისხლად? თითოეულმა ქრისტიანმა პირადად უნდა გადაწყვიტოს, მიიღებს თუ არა სისხლის ფრაქციებს. ქრისტიანი ასევე პირადად წყვეტს, ჩაიტარებს თუ არა ისეთ პროცედურებს, როგორიცაა ჰემოდიალიზი, ჰემოდილუცია ან სისხლის დაზოგვა; სისხლის დაზოგვის დროს პაციენტის ორგანიზმიდან გამოდის სისხლი, რომელიც იწმინდება, იფილტრება და უწყვეტი პროცესის საშუალებით ისევ ორგანიზმში ბრუნდება (იხილეთ დანართი „სისხლის ფრაქციები და ოპერაციები“).

12. როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა პირადად, საკუთარი სინდისის კარნახით, უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება?

12 ნაკლებად მნიშვნელოვანია იეჰოვასთვის, როგორ გადაწყვეტილებას მივიღებთ? არა, რადგან ის დაინტერესებულია, რაზე ვფიქრობთ და როგორია ჩვენი გულის მოტივები (წაიკითხეთ  იგავების 17:3; 24:12). ამიტომ საჭიროა, ვთხოვოთ იეჰოვას ხელმძღვანელობა, გამოვიკვლიოთ სამედიცინო პრეპარატი თუ პროცედურა და შემდეგ ბიბლიით განსწავლული სინდისით მივიღოთ გადაწყვეტილება (რომაელები 14:2, 22, 23). რასაკვირველია, სხვამ თავს არ უნდა მოგვახვიოს საკუთარი აზრი და არც ჩვენ უნდა დავუსვათ სხვებს კითხვა: „როგორ მოიქცეოდი, ჩემს ადგილას რომ ყოფილიყავი?“. თითოეული ქრისტიანი „თავის სატარებელს ატარებს“ (გალატელები 6:5; რომაელები 14:12; იხილეთ ჩარჩო „ მივიჩნევ სისხლს წმინდად?“). *

იეჰოვას კანონები მის სიყვარულზე მეტყველებს

13. რას ცხადყოფს იეჰოვას შესახებ მისი კანონები და პრინციპები? ახსენი.

13 ბიბლიაში მოცემული კანონები და პრინციპები ცხადყოფს, რომ იეჰოვა ბრძენი კანონმდებელი და მოსიყვარულე მამაა, რომელიც დაინტერესებულია შვილების კეთილდღეობით (ფსალმუნი 19:7—11). მართალია, კანონი, რომელიც ეხება სისხლისგან თავის შეკავებას, უშუალოდ ჯანმრთელობის დაცვის მიზნით არ მოგვეცა, მაგრამ ის გვიცავს ისეთი გართულებებისგან, რასაც სისხლის გადასხმა იწვევს (საქმეები 15:20). ფაქტია, რომ დღეს მედიცინის ბევრი მუშაკი უსისხლო ქირურგიას თანამედროვე სამედიცინო მკურნალობის „ოქროს სტანდარტად“ მიიჩნევს. ჭეშმარიტი ქრისტიანებისთვის კი ეს იეჰოვას უსაზღვრო სიბრძნისა და მამობრივი სიყვარულის დადასტურებაა (წაიკითხეთ ესაიას 55:9; იოანე 14:21, 23).

14, 15. ა) რომელი კანონებიდან ჩანს ღვთის სიყვარული თავისი ხალხის მიმართ? ბ) როგორ შეგიძლია გაითვალისწინო პრინციპები, რომლებიც ამ კანონებს დაედო საფუძვლად?

14 ისრაელისთვის მიცემული მრავალი კანონიდან ჩანს, რომ ღმერთი ზრუნავდა მათ კეთილდღეობაზე. მაგალითად, უბედური შემთხვევების თავიდან ასაცილებლად ისრაელებს მოაჯირი უნდა გაეკეთებინათ სახლის ბანისთვის, რომელსაც სხვადასხვა მიზნით იყენებდნენ (კანონი 22:8; 1 სამუელი 9:25, 26; ნეემია 8:16; საქმეები 10:9). ღმერთი აგრეთვე ისრაელებისგან მოითხოვდა,  რომ მორქენალი ხარი მეთვალყურეობის გარეშე არ დაეტოვებინათ (გამოსვლა 21:28, 29). ამ მითითებების უგულებელყოფით ისინი უპატივცემულობას გამოავლენდნენ სხვების მიმართ და შეიძლება დამნაშავენი გამხდარიყვნენ სისხლის ღვრაში.

15 როგორ შეგიძლია გაითვალისწინო პრინციპები, რომლებიც ამ კანონებს დაედო საფუძვლად? კარგი იქნება, თუ დაფიქრდები, როგორ მდგომარეობაშია შენი მანქანა, სახლი, შინაური ცხოველები, სამუშაო ადგილი, როგორ მართავ მანქანას და რა სახეობის გართობას ირჩევ. ზოგ ქვეყანაში ბევრი ახალგაზრდა უბედური შემთხვევების მსხვერპლი ხდება, რადგან ხშირად მეტისმეტ რისკზე მიდიან. ის ახალგაზრდები კი, რომელთაც ღვთის სიყვარულში დარჩენა სურთ, აფასებენ სიცოცხლეს და მძაფრი შეგრძნებების გამო თავს საფრთხეში არ იგდებენ. ისინი თავს არ იტყუებენ, რომ ვითომდა ყველანაირი საფრთხისგან დაცულნი არიან და არაფერი მოუვათ. პირიქით, ისინი ერიდებიან საფრთხეს და ხარობენ ახალგაზრდული წლებით (ეკლესიასტე 11:9, 10).

16. ბიბლიის რომელი პრინციპი ეხება აბორტს? (იხილეთ აგრეთვე სქოლიო)

16 ღვთის თვალში არდაბადებული ბავშვის სიცოცხლეც ძვირფასია. ძველად ისრაელში, ორსულ ქალს თუ ვინმე ზიანს მიაყენებდა და ქალი ან ბავშვი მოკვდებოდა, მას „სულის სანაცვლოდ სული“ უნდა ეზღო, რადგან ღვთის თვალში ის მკვლელი იყო (წაიკითხეთ გამოსვლის 21:22, 23). * წარმოიდგინე, რას გრძნობს იეჰოვა, როცა ყოველ წელს ადამიანის ეგოისტურ სურვილებსა და უზნეობას მილიონობით არდაბადებული ბავშვის სიცოცხლე ეწირება!

17. როგორ ანუგეშებდი ქალს, რომელმაც ღვთის ნორმების გაგებამდე აბორტი გაიკეთა?

17 მაგრამ რის თქმა შეიძლება, თუ ქალმა ჭეშმარიტების გაგებამდე გაიკეთა აბორტი? აპატიებს ღმერთი მას? რასაკვირველია,  იეჰოვა იესოს დაღვრილი სისხლის საფუძველზე აპატიებს მას, თუ გულწრფელად მოინანიებს (ფსალმუნი 103:8—14; ეფესოელები 1:7). ქრისტემ თქვა: „მე მოვედი არა მართალთა, არამედ ცოდვილთა მოსახმობად, რომ მოინანიონ“ (ლუკა 5:32).

 მოერიდე დამღუპველ აზროვნებას!

18. რა არის ბიბლიაში ნათქვამი სისხლის ღვრის მთავარ მიზეზზე?

18 იეჰოვას სურს, არა მარტო მოვერიდოთ სხვებისთვის ზიანის მიყენებას, არამედ გულიდან აღმოვფხვრათ სიძულვილი, რომელიც ხშირად სისხლის ღვრას იწვევს. მოციქული იოანე წერდა: „ვისაც თავისი ძმა სძულს, მკვლელია“ (1 იოანე 3:15). ასეთ ადამიანს თავისი ძმა არა მარტო სძულს, არამედ მის სიკვდილსაც ნატრობს. მან შეიძლება ბოროტად დასწამოს ცილი ან ბრალი დასდოს ძმას ისეთ რამეში, რის გამოც ადამიანი ღვთის განაჩენს დაიტეხდა (ლევიანები 19:16; კანონი 19:18—21; მათე 5:22). ასე რომ, მართლაც მნიშვნელოვანია, გულიდან აღმოვფხვრათ ნებისმიერი ბოროტება! (იაკობი 1:14, 15; 4:1—3)

19. როგორ ითვალისწინებენ ფსალმუნის 11:5-სა და ფილიპელების 4:8, 9-ში ჩაწერილ სიტყვებს ისინი, ვინც ბიბლიის პრინციპებით ხელმძღვანელობს?

19 ვინც ღვთის მსგავსად აფასებს სიცოცხლეს და სურს, დარჩეს ღვთის სიყვარულში, ერიდება ძალადობის ნებისმიერ ფორმას. ფსალმუნის 11:5-ში ნათქვამია: „ძალადობის მოყვარული სძულს [იეჰოვას] სულს“. ამ მუხლიდან მხოლოდ იმას კი არ ვიგებთ, როგორი პიროვნებაა იეჰოვა, არამედ მეტად მნიშვნელოვან პრინციპსაც ვეცნობით, რომელსაც ცხოვრებაში უნდა ვიყენებდეთ. ეს პრინციპი ღვთის მოყვარულებს ეხმარება, მოერიდონ ნებისმიერი სახის გართობას, რამაც შეიძლება მათ ძალადობისკენ უბიძგოს. იეჰოვა „მშვიდობის ღმერთია“, ამიტომ მის მსახურებს სურთ, გული და გონება აივსონ იმით, რაც სიყვარულის ღირსია, ზნეობრივი და საქებარია და რაც მშვიდობას უწყობს ხელს (წაიკითხეთ ფილიპელების 4:8, 9).

საერთო არაფერი გქონდეს სისხლისმღვრელ ორგანიზაციებთან

20—22. რა დამოკიდებულება აქვთ ქრისტიანებს ქვეყნიერების მიმართ, და რატომ?

20 ღვთის თვალში სატანის ქვეყნიერება სისხლის ღვრაშია დამნაშავე. პოლიტიკურმა სისტემებმა, რომლებიც ბიბლიაში მხეცებით არიან წარმოდგენილნი, მილიონობით ადამიანის, მათ შორის იეჰოვას მრავალი მსახურის, სიცოცხლე შეიწირეს (დანიელი  8:3, 4, 20—22; გამოცხადება 13:1, 2, 7, 8). მხეცისმაგვარმა პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა კომერციული სისტემის და მეცნიერების დახმარებით უსაშინლესი იარაღები შექმნეს და დიდი მოგება ნახეს. მართლაც, „მთელი ქვეყნიერება ბოროტის ხელშია“ (1 იოანე 5:19).

21 იესოს მიმდევრები არ არიან „ქვეყნიერების ნაწილი“ და მტკიცედ იცავენ ნეიტრალიტეტს, ამიტომ როგორც ცალკეულ მოწმეს, ისე მთელ ჯგუფს, სისხლის ღვრაში დანაშაული არ მიუძღვის (იოანე 15:19; 17:16). * ქრისტეს მსგავსად ისინი სამაგიეროს არ უხდიან მდევნელებს. პირიქით, მოწმეები სიყვარულს ავლენენ მტრების მიმართ და ლოცულობენ კიდეც მათზე (მათე 5:44; რომაელები 12:17—21).

22 რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჭეშმარიტ ქრისტიანებს საერთო არაფერი აქვთ „დიდ ბაბილონთან“ ანუ ცრურელიგიურ სამყაროსთან, რომელიც მთავარი დამნაშავეა სისხლის ღვრაში. ღვთის სიტყვაში ნათქვამია, რომ „მასში იქნა ნაპოვნი წინასწარმეტყველების, წმინდებისა და დედამიწაზე ყოველი მოკლულის  სისხლი“. ამიტომ ასეთი გაფრთხილება გვეძლევა: „გამოდით მისგან, ჩემო ხალხო“ (გამოცხადება 17:6; 18:2, 4, 24).

23. რას ნიშნავს „დიდი ბაბილონიდან“ გამოსვლა?

23 „დიდი ბაბილონიდან“ გამოსვლა მხოლოდ მის წევრობაზე უარის თქმას არ ნიშნავს. მნიშვნელოვანია, გვძულდეს ბოროტი საქმეები, რომელსაც ცრუ რელიგია იწონებს და რისკენაც ადამიანებს უბიძგებს. ამაში შედის უზნეობა, პოლიტიკაში ჩარევა და სიმდიდრისკენ სწრაფვა (წაიკითხეთ ფსალმუნის 97:10; გამოცხადება 18:7, 9, 11—17). სწორედ ეს ხდება ხშირად სისხლის ღვრის მიზეზი.

24, 25. ა) რის საფუძველზე სწყალობს ღმერთი სისხლის ღვრაში დამნაშავე მომნანიე ადამიანს? ბ) რას მოგვაგონებს ღვთის ასეთი ქმედება?

24 ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში გაერთიანებამდე თითოეული ჩვენგანი გარკვეულწილად მხარს ვუჭერდით სატანის ქვეყნიერებას და სისხლის ღვრაში ვიყავით დამნაშავენი. მაგრამ ჩვენ შევიცვალეთ, ქრისტეს გამოსასყიდისადმი რწმენა განვივითარეთ და თავი მივუძღვენით ღმერთს; შედეგად, დღეს ღვთის წყალობა გვაქვს და სულიერად დაცულნი ვართ (საქმეები 3:19). ეს მოგვაგონებს ძველი დროის თავშესაფარ ქალაქებს (რიცხვები 35:11—15; კანონი 21:1—9).

25 რა დანიშნულება ჰქონდა თავშესაფარ ქალაქებს? თუ ისრაელს შემთხვევით ვინმე შემოაკვდებოდა, ის ერთ-ერთ თავშესაფარ ქალაქში უნდა გაქცეულიყო. თუ მსაჯულები დაამტკიცებდნენ, რომ მას შემთხვევით შემოაკვდა ადამიანი, ის მღვდელმთავრის სიკვდილამდე თავშესაფარ ქალაქში უნდა დარჩენილიყო. მღვდელმთავრის სიკვდილის შემდეგ კი მას თავისუფლად შეეძლო წასულიყო იქ, სადაც მოისურვებდა. აქედან ჩანს, რაოდენ გულმოწყალეა ღმერთი და რამდენად ძვირფასია მის თვალში ადამიანის სიცოცხლე. თავშესაფარი ქალაქები შეგვიძლია შევადაროთ იმას, რასაც ღმერთი ქრისტეს მსხვერპლის საფუძველზე გვაძლევს და რისი მეშვეობითაც გვიცავს სასიკვდილო განაჩენისგან იმ შემთხვევაში, თუ სიცოცხლისა და სისხლის სიწმინდის შესახებ ღვთის კანონს უნებლიედ ვარღვევთ. როგორ შეგიძლია აჩვენო, რომ აფასებ ამას? მაგალითად,  თუ სხვებს მოუწოდებ, თავი შეაფარონ სიმბოლურ თავშესაფარ ქალაქს, განსაკუთრებით ახლა, როცა „დიდი გასაჭირი“ კარსაა მომდგარი (მათე 24:21; 2 კორინთელები 6:1, 2).

დააფასე სხვების სიცოცხლე და იქადაგე სამეფოს შესახებ

26—28. რით ვგავართ წინასწარმეტყველ ეზეკიელს და როგორ შეგვიძლია დავრჩეთ ღვთის სიყვარულში?

26 დღეს ღვთის ხალხი მოგვაგონებს ძველად მცხოვრებ წინასწარმეტყველ ეზეკიელს, რომელიც იეჰოვამ ისრაელის სახლის სულიერ გუშაგად დააყენა. ღმერთმა უთხრა მას: „შენ მოისმენ ჩემი ბაგიდან გამოსულ სიტყვას და ჩემი სახელით გააფრთხილებ მათ“. ამ დავალებას თუ არ შეასრულებდა, ეზეკიელს მოეკითხებოდა იერუსალიმის განადგურების დროს დახოცილი ადამიანების სისხლი (ეზეკიელი 33:7—9). მაგრამ ეზეკიელი ღმერთს დაემორჩილა და სისხლის ღვრაში ბრალი არ დაედო.

27 მალე სატანის მთელი ქვეყნიერება განადგურდება. იეჰოვას მოწმეებს საკუთარ ვალდებულებად და დიდ პატივად მიაჩნიათ ღვთის „შურისძიების დღისა“ და სამეფოს შესახებ ცნობის ქადაგება (ესაია 61:2; მათე 24:14). სრულად მონაწილეობ ამ მეტად მნიშვნელოვან საქმეში? პავლე მოციქული, რომელიც ქადაგებას სერიოზულად ეკიდებოდა, წერდა: „სუფთა ვარ ყველას სისხლისაგან, რადგან თავი არ დამიზოგავს თქვენთვის, ღვთის ყველა განზრახვაზე გელაპარაკებოდით“ (საქმეები 20:26, 27). პავლემ მართლაც მისაბაძი მაგალითი დაგვიტოვა!

28 თუ გვინდა, რომ ყოველთვის ვგრძნობდეთ იეჰოვას მამობრივ სიყვარულსა და მზრუნველობას, რასაკვირველია, საკმარისი არ არის მხოლოდ მის თვალსაზრისს ვიზიარებდეთ სიცოცხლესა და სისხლზე. საჭიროა, მის თვალში სისუფთავე და სიწმინდე შევინარჩუნოთ. ამის შესახებ მომდევნო თავში ვისაუბრებთ.

^ აბზ. 5 ღვთის განაცხადის შესახებ, რომ „ხორციელის სული მის სისხლშია“, ერთ ჟურნალში ნათქვამი იყო: „ეს მხოლოდ მეტაფორა კი არა, სრული სიმართლეა: ყველა ტიპის სისხლის უჯრედი სიცოცხლისთვის აუცილებელია“ (Scientific American).

^ აბზ. 12 იხილეთ 2006 წლის აგვისტოს „გამოიღვიძეთ!“, გვერდები 3—12. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

^ აბზ. 16 ბიბლიის ლექსიკოგრაფები აღნიშნავენ, რომ „გამორიცხულია [ებრაულ ტექსტში] მხოლოდ ქალისთვის მიყენებულ ზიანზე იყოს საუბარი“. აღსანიშნავია ისიც, რომ ბიბლია არაფერს ამბობს იმაზე, თუ რამდენი კვირის ჩანასახის მოკვლა ითვლება იეჰოვას თვალში დანაშაულად.

^ აბზ. 70 დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ დანართი „სისხლის ფრაქციები და ოპერაციები“.

გაიგეთ მეტი

რატომ უნდა ვიყოთ წმინდები?

ხომ არ გიჭირდათ ადრე წიგნ „ლევიანებში“ მოცემული აზრების გაგება და მოსაწყენად ხომ არ თვლიდით ბიბლიის ამ წიგნს? წიგნ „ლევიანებში“ გაბნეული „მარგალიტები“ დაგეხმარებათ, რომ წმინდად სცეთ იეჰოვას თაყვანი.