წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

„დარჩით ღვთის სიყვარულში“

 დანართი

დროშისთვის სალმის მიცემა, არჩევნებში მონაწილეობა და სამოქალაქო სამსახური

დროშისთვის სალმის მიცემა, არჩევნებში მონაწილეობა და სამოქალაქო სამსახური

დროშისთვის სალმის მიცემა. იეჰოვას მოწმეები მიიჩნევენ, რომ დროშის წინაშე ქედის მოხრა და მისთვის სალმის მიცემა, რაც ხშირად ეროვნული ჰიმნის შესრულების დროს ხდება, რელიგიური რიტუალია, რომელიც ხსნას სახელმწიფოს ან მის მეთაურებს მიაწერს და არა ღმერთს (ესაია 43:11; 1 კორინთელები 10:14; 1 იოანე 5:21). ამას ცხადყოფს ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორის შემთხვევა. თავისი დიდებულებითა და რელიგიური მოშურნეობით ხალხი აღტაცებაში რომ მოეყვანა, ძლევამოსილმა მონარქმა უზარმაზარი ქანდაკება აღმართა და ბრძანა, ჰიმნის მსგავსი მუსიკის დროს ყველანი კერპის წინაშე დამხობილიყვნენ. მაგრამ სამმა ებრაელმა შადრაქმა, მეშაქმა და აბედნეგომ უარი თქვა კერპის თაყვანისცემაზე მიუხედავად იმისა, რომ ამის გამო სასჯელი არ ასცდებოდა (დანიელი, თავი 3).

ჩვენს ეპოქაში „დროშა არის ნაციონალიზმის უმთავრესი სიმბოლო და თაყვანისცემის საგანი, აღნიშნა ისტორიკოსმა კარლტონ ჰეიზმა. როცა დროშას ჩამოატარებენ, მამაკაცები ქუდებს იხდიან; პოეტები სახოტბო ლექსებს უძღვნიან, ბავშვები კი ჰიმნს მღერიან“. ჰეიზი დასძენს, რომ ნაციონალიზმს აქვს „წმინდა დღეები“, მაგალითად შეერთებულ შტატებში ოთხი ივლისი (დამოუკიდებლობის დღე); აგრეთვე ჰყავს „წმინდანები და გმირები“, აქვს „ტაძრები“ ანუ ადგილები სადაც სახელმწიფოსა და მის სიმბოლოებს განადიდებენ. ბრაზილიაში გამართულ ერთ სახელმწიფო ცერემონიაზე თავდაცვის მინისტრმა განაცხადა: „დროშას პატივს მივაგებთ და თაყვანს ვცემთ . . . ისევე, როგორც  სამშობლოს“. „დროშა ისეთივე წმინდაა, როგორც ჯვარი“, ნათქვამია ენციკლოპედია „ამერიკანას“ ერთ-ერთ გამოცემაში.

ზემოხსენებული ენციკლოპედიის სხვა გამოცემაში აღნიშნული იყო, რომ ეროვნული ჰიმნები „გამოხატავს პატრიოტულ გრძნობებს და მათში ხშირად გაისმის ღვთისადმი თხოვნა, რომ უხელმძღვანელოს ხალხს და დაიცვას ისინი ან მათი მმართველები“. ასე რომ, იეჰოვას მოწმეები უსაფუძვლოდ არ მიიჩნევენ რელიგიურ რიტუალებად პატრიოტულ ცერემონიებს, მათ შორის დროშისთვის სალმის მიცემასა და ეროვნული ჰიმნის შესრულებას. ერთ-ერთ ნაშრომში, სადაც აღნიშნული იყო, რომ აშშ-ში იეჰოვას მოწმეთა ბავშვები სკოლაში უარს ამბობდნენ დროშისთვის სალმის მიცემასა და ერთგულების ფიცის დადებაზე, ისიც იყო ნათქვამი: „ამ ყოველდღიურ ცერემონიებს რომ რელიგიური დატვირთვა აქვს, საბოლოოდ დაადასტურა უზენაესმა სასამართლომ არაერთი საქმის განხილვისას“ (The American Character).

მართალია, იეჰოვას მოწმეები მონაწილეობას არ ვიღებთ ცერემონიებში, რომლებიც ბიბლიურ პრინციპებს ეწინააღმდეგება, მაგრამ სხვებს ამის გაკეთებას არ ვუშლით. ჩვენ პატივისცემით ვეპყრობით ეროვნულ სიმბოლოებს და კანონიერ ხელისუფლებას „უმაღლეს ხელისუფლად“ და „ღვთის მსახურად“ მივიჩნევთ (რომაელები 13:14). ამასთანავე, ვეხმაურებით ბიბლიის მოწოდებას, ვილოცოთ „მეფეებისთვის და ყველასთვის, ვისაც მაღალი მდგომარეობა უკავია“. თუმცა ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ „კვლავაც წყნარად და მშვიდად ვიცხოვროთ ღვთისადმი სრული ერთგულებითა და სერიოზულობით“ (1 ტიმოთე 2:2).

არჩევნებში მონაწილეობა. ჭეშმარიტი ქრისტიანები პატივს ვცემთ სხვების უფლებას, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში. ჩვენ არ ვაპროტესტებთ არჩევნებს და არჩეულ მთავრობას ვემორჩილებით, თუმცა მტკიცედ ვიცავთ ნეიტრალიტეტს პოლიტიკურ საქმეებში (მათე 22:21; 1 პეტრე 3:16). როგორ უნდა მოიქცნენ ისეთ ქვეყნებში მცხოვრები ქრისტიანები, სადაც არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულოა ან აგრესიას გამოხატავენ მათ მიმართ, ვინც საარჩევნო უბანზე არ მიდის? ქრისტიანმა შეიძლება გაითვალისწინოს შადრაქის, მეშაქისა და აბედნეგოს შემთხვევა, რომლებიც დურას ველზე მივიდნენ, მაგრამ კერპისთვის თაყვანი არ უციათ; თუ ქრისტიანს სინდისი ნებას დართავს, ის შეიძლება მივიდეს საარჩევნო  უბანზე, თუმცა ფრთხილად უნდა იყოს, რომ ნეიტრალიტეტი არ დაარღვიოს. მას უნდა ახსოვდეს ექვსი პრინციპი:

  1.  იესოს მიმდევრები „ქვეყნიერების ნაწილი“ არ არიან (იოანე 15:19).

  2.  ქრისტიანები ქრისტესა და მისი სამეფოს წარმომადგენლები არიან (იოანე 18:36; 2 კორინთელები 5:20).

  3.  ქრისტიანულ კრებას აერთიანებს რწმენა და კრების წევრები ქრისტეს მსგავსად ავლენენ სიყვარულს ერთმანეთის მიმართ (1 კორინთელები 1:10; კოლოსელები 3:14).

  4. ამომრჩევლებიც პასუხისმგებლები არიან ამორჩეულის საქციელზე (ყურადღება გაამახვილე 1 სამუელის 8:5, 1018-სა და 1 ტიმოთეს 5:22-ში მოცემულ პრინციპებზე).

  5.  ისრაელის სურვილი, მიწიერი მეფე ჰყოლოდათ, იეჰოვასთვის იმას ნიშნავდა, რომ ის უარყვეს (1 სამუელი 8:7).

  6. ქრისტიანებს სიტყვაში სითამამე უნდა ჰქონდეთ, როცა სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანებს ღვთის სამეფოს შესახებ ესაუბრებიან (მათე 24:14; 28:19, 20; ებრაელები 10:35).

სამოქალაქო სამსახური. ზოგ ქვეყანაში მთავრობა ითხოვს, რომ ვინც სამხედრო სამსახურზე ამბობს უარს, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ალტერნატიული სამოქალაქო სამსახური შეასრულოს. თუ ასეთი გადაწყვეტილების მიღება გვიწევს, უნდა ვილოცოთ და საჭიროების შემთხვევაში მოწიფულ ქრისტიანთან ერთად განვიხილოთ ეს საკითხი, შემდეგ კი განსწავლული სინდისით მივიღოთ გადაწყვეტილება (იგავები 2:15; ფილიპელები 4:5).

ღვთის სიტყვა მოგვიწოდებს, დავემორჩილოთ და მოვუსმინოთ „მთავრობებსა და ძალაუფლებებს, როგორც მმართველებს“; მზად ვიყოთ ნებისმიერი კარგი საქმისთვის და გონიერება გამოვავლინოთ (ტიტე 3:1, 2). ასევე კარგი იქნებოდა, საკუთარი თავისთვის გვეკითხა: „ხომ არ დამარღვევინებს შემოთავაზებული ალტერნატიული სამსახური ქრისტიანულ ნეიტრალიტეტს ან მისი შესრულებით ცრუ რელიგიაში ხომ არ მივიღებ მონაწილეობას?“ (მიქა 4:3, 5; 2 კორინთელები 6:16, 17). „ხელს ხომ არ შემიშლის ეს სამუშაო ქრისტიანული პასუხისმგებლობების შესრულებაში?“ (მათე 28:19, 20; ეფესოელები 6:4; ებრაელები 10:24, 25). „მეორე მხრივ, მომცემს  სამუშაოს გრაფიკი შესაძლებლობას, სულიერ საქმეებში მეტი მონაწილეობა მივიღო, მაგალითად, სრული დროით მსახურება დავიწყო?“ (ებრაელები 6:11, 12)

თუ ქრისტიანს სინდისი ნებას რთავს, რომ ციხეში წასვლის ნაცვლად, ალტერნატიული სამოქალაქო სამსახური შეასრულოს, თანამორწმუნეები პატივისცემით უნდა მოეკიდონ მის გადაწყვეტილებას (რომაელები 14:10). თანაქრისტიანებმა მაშინაც კი პატივი უნდა სცენ მის გადაწყვეტილებას, თუ ის ფიქრობს, რომ ვერ შეასრულებს ასეთ სამუშაოს (1 კორინთელები 10:29; 2 კორინთელები 1:24).

 

გაიგეთ მეტი

მხოლოდ ღვთის ხელისუფლების ერთგულნი

პოლიტიკური ნეიტრალიტეტის გამო იეჰოვას მოწმეებზე წამოსული დევნის „მდინარე“ „მიწამ“ შთანთქა.