წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

„დარჩით ღვთის სიყვარულში“

 დანართი

როგორ მოვექცეთ გარიცხულს?

როგორ მოვექცეთ გარიცხულს?

ძალიან გულსატკენია, როდესაც ჩვენი ნათესავი ან მეგობარი ცოდვას არ ინანიებს და კრებიდან ირიცხება. ის, თუ როგორი დამოკიდებულება გვაქვს ამ სადამსჯელო ზომის მიმართ, რომელსაც ბიბლიური საფუძველი აქვს, ვაჩვენებთ, რამდენად გვიყვარს ღმერთი და რამდენად ვავლენთ ერთგულებას. * განვიხილოთ რამდენიმე კითხვა ამ საკითხთან დაკავშირებით.

როგორ უნდა მოვექცეთ გარიცხულს? ბიბლია ამბობს: „აღარ იქონიოთ ურთიერთობა იმასთან, ვინც ძმად იწოდება, მაგრამ მეძაობს, ხარბი, კერპთაყვანისმცემელი, მლანძღველი, ლოთი ან გამომძალველია. ასეთებთან ერთად არც კი ჭამოთ“ (1 კორინთელები 5:11). ისეთი ადამიანის შესახებ, რომელიც „ქრისტეს სწავლებაში არ რჩება“, ბიბლიაში ნათქვამია: „ნუ მიიღებთ სახლში და ნურც მიესალმებით, რადგან ვინც მას ესალმება, მისი ბოროტი საქმეების თანამონაწილე ხდება“ (2 იოანე 9—11). ჩვენ გარიცხულებთან არც სულიერ საკითხებზე ვსაუბრობთ და არც სხვა ურთიერთობა გვაქვს. 1982 წლის 1 მარტის „საგუშაგო კოშკში“ (რუს.) ნათქვამია: „უბრალოდ გამარჯობის თქმა შეიძლება ვინმესთან საუბრის ან მეგობრობის დასაწყებად გადადგმული პირველი ნაბიჯი იყოს. ნუთუ გადავდგამდით პირველ ნაბიჯს გარიცხულისკენ?“.

ყველანაირი ურთიერთობა უნდა გავწყვიტოთ გარიცხულთან? დიახ. ამისთვის არაერთი მიზეზი არსებობს. უპირველესად, ამით ღვთისა და მისი სიტყვისადმი ერთგულებას გამოვავლენთ. ჩვენ იეჰოვას მხოლოდ მაშინ კი არ ვემორჩილებით, როცა ეს ადვილია, არამედ მაშინაც, როცა ამის გაკეთება გვიჭირს. ღვთისადმი სიყვარული აღგვძრავს, ყველა მის მითითებას დავემორჩილოთ და ვაღიაროთ, რომ ის სამართლიანი და მოსიყვარულეა და რომ მისი კანონები ჩვენს კეთილდღეობას ემსახურება (ესაია 48:17; 1 იოანე 5:3). ამასთანავე, მოუნანიებელ შემცოდველთან ურთიერთობის  გაწყვეტა სულიერად და ზნეობრივად იცავს მთელ კრებას, მათ შორის ჩვენც, და კრების რეპუტაციის შენარჩუნებას ემსახურება (1 კორინთელები 5:6, 7). გარდა ამისა, თუ ბიბლიურ პრინციპებს მტკიცედ დავიცავთ, ამან შეიძლება გარიცხულზე სასიკეთოდ იმოქმედოს. შემცოდველი, რომელიც მანამდე არ იღებდა უხუცესების დახმარებას, შესაძლოა მონანიებისკენ აღიძრას, თუ მხარს დავუჭერთ სამართლებრივი კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობის გაწყვეტის შემდეგ ის შეიძლება გონს მოეგოს და მიხვდეს, რამდენად სერიოზული ცოდვა ჩაიდინა და ნაბიჯები გადადგას იეჰოვასთან დასაბრუნებლად (ლუკა 15:17).

როგორ მოვიქცეთ, თუ ოჯახის წევრი გაირიცხა? ამ შემთხვევაში ჩვენი ერთგულება შეიძლება დიდი გამოცდის წინაშე აღმოჩნდეს. როგორ უნდა მოვექცეთ ოჯახის გარიცხულ წევრს? ახლა შეუძლებელია ყველა სიტუაციის განხილვა, ამიტომ მხოლოდ ორ მათგანზე ვისაუბრებთ.

ზოგ შემთხვევაში გარიცხული და ოჯახის სხვა წევრები ერთ ჭერქვეშ ცხოვრობენ. ოჯახის გარიცხული წევრი არ წყვეტს ოჯახთან კავშირს, ამიტომ ოჯახის წევრებს ყოველდღიურად მოუწევთ მასთან ურთიერთობა. მაგრამ, რაც შეეხება სულიერ საკითხებზე მასთან საუბარს, ამის უფლება ოჯახის წევრებს აღარ ექნებათ. მაგალითად, თუ გარიცხული ოჯახთან ერთად თაყვანისცემის საღამოს ესწრება, მან მონაწილეობა არ უნდა მიიღოს მასში. მაგრამ, თუ გარიცხული არასრულწლოვანია, მისი აღზრდის პასუხისმგებლობა კვლავ მშობლებს აკისრიათ. ამიტომ მოსიყვარულე მშობლებს შეუძლიათ შვილთან ბიბლიის შესწავლა ჩაატარონ * (იგავები 6:20—22; 29:17).

იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის გარიცხული წევრი ცალკე ცხოვრობს, ოჯახურმა საქმემ შეიძლება მოითხოვოს გარკვეული ურთიერთობა, მაგრამ უნდა ვეცადოთ, ეს ურთიერთობა მინიმუმამდე დავიყვანოთ. ერთგული ქრისტიანები მიზეზებს არ ეძებენ,  რომ ურთიერთობა ჰქონდეთ ოჯახის გარიცხულ წევრთან, რომელიც მათთან არ ცხოვრობს. პირიქით, იეჰოვასა და მისი ორგანიზაციის ერთგულება აღძრავს მათ, მხარი დაუჭირონ ამ სადამსჯელო ზომას, რომელსაც ბიბლიური საფუძველი აქვს. მათი ერთგულება შემცოდველის კეთილდღეობას ემსახურება და შეიძლება დაეხმაროს მას, გონს მოეგოს * (ებრაელები 12:11).

^ აბზ. 1 ამ საკითხთან დაკავშირებული ბიბლიური პრინციპები ქრისტიანული კრების უარმყოფელებსაც ეხება.

^ აბზ. 2 მეტი ინფორმაციისთვის, თუ როგორ უნდა მოექცნენ მშობლები არასრულწლოვან გარიცხულ შვილებს, რომლებიც მათთან ერთად ცხოვრობენ, იხილეთ „საგუშაგო კოშკის“ შემდეგი ნომრები: 2001 წლის 1 ოქტომბერი, გვერდები 16, 17 და 1989 წლის 15 სექტემბერი, გვერდი 17 (რუს.).

^ აბზ. 3 მეტი ინფორმაციისთვის, თუ როგორ უნდა მოექცეს ქრისტიანი ოჯახის გარიცხულ წევრებს, რომლებიც მათთან ერთად არ ცხოვრობენ, იხილეთ „საგუშაგო კოშკის“ შემდეგი ნომრები: 1988 წლის 15 სექტემბერი, გვერდები 18—23 (რუს.) და 1982 წლის 1 მარტი, გვერდები 18—23 (რუს.).