წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

„დარჩით ღვთის სიყვარულში“

 თავი 12

აღაშენე სხვები შენი საუბრით

აღაშენე სხვები შენი საუბრით

„ნუ გამოვა თქვენი პირიდან ცუდი სიტყვა, არამედ მხოლოდ კარგი გამოვიდეს აღსაშენებლად“ (ეფესოელები 4:29)

1—3. ა) რა საჩუქარი გვიბოძა იეჰოვამ და როგორ შეიძლება ის არასწორად გამოიყენოს ადამიანმა? ბ) ღვთის სიყვარულში რომ დავრჩეთ, როგორ უნდა გამოვიყენოთ მეტყველების ძღვენი?

რას იგრძნობდი, თუ საყვარელი ადამიანი შენს საჩუქარს არასწორად გამოიყენებდა? დავუშვათ, ავტომობილი აჩუქე, მოგვიანებით კი გაიგე, რომ ის წინდაუხედავად მართავდა და სხვებს ზიანი მიაყენა. განა არ დაგწყდებოდა გული?!

2 მეტყველების უნარი საჩუქარია იეჰოვასგან, რომლისგანაც გვაქვს „ყოველი კარგი ძღვენი და ყოველი სრულყოფილი საბოძვარი“ (იაკობი 1:17). ეს ძღვენი, რომელიც ადამიანებს ცხოველებისგან განგვასხვავებს, შესაძლებლობას გვაძლევს, გამოვხატოთ ჩვენი აზრები და გრძნობები. მაგრამ ავტომობილის მსგავსად, ადამიანმა შეიძლება ეს ძღვენიც არასწორად გამოიყენოს. როგორ დავაღონებდით იეჰოვას, თუ დაუფიქრებლად ვილაპარაკებდით და ამით გულს ვატკენდით სხვებს!

3 ღვთის სიყვარულში რომ დავრჩეთ, მეტყველების ძღვენი ისე უნდა გამოვიყენოთ, როგორც იეჰოვას სურს. იეჰოვა არაორაზროვნად გვეუბნება, როგორ საუბრებს იწონებს. მის სიტყვაში ნათქვამია: „ნუ გამოვა თქვენი პირიდან ცუდი სიტყვა, არამედ მხოლოდ კარგი გამოვიდეს აღსაშენებლად საჭიროებისამებრ, რათა ამან მადლი მიანიჭოს მსმენელებს“ (ეფესოელები 4:29). განვიხილოთ, რატომ უნდა  ვაკონტროლოთ ენა, როგორ ლაპარაკს უნდა მოვერიდოთ და როგორ აღვაშენოთ სხვები ჩვენი საუბრით.

რატომ უნდა ვაკონტროლოთ ენა?

4, 5. როგორ არის აღწერილი ზოგ ბიბლიურ იგავში სიტყვების ძალა?

4 სიტყვებს დიდი ძალა აქვს, ამიტომ აუცილებელია ენის გაკონტროლება. იგავების 15:4-ში ვკითხულობთ: „მშვიდად მოლაპარაკე ენა სიცოცხლის ხეა, უკუღმართად მოლაპარაკე კი სულის დაცემაა“. მშვიდი საუბარი ისევე აცოცხლებს მსმენელს, როგორც წყალი გამოფიტულ ხეს. ამის საპირისპიროდ, მზაკვრული ლაპარაკი ადამიანს ანადგურებს. მართლაც, სიტყვებს დაჭრაც შეუძლია და განკურნებაც! (იგავები 18:21).

5 ის, თუ რამხელა ძალა აქვს სიტყვებს, კარგად ჩანს „იგავებში“ მოყვანილი კიდევ ერთი მუხლიდან: „დაუფიქრებელი ლაპარაკი მახვილივით ჭრის“ (იგავები 12:18). დაუფიქრებელმა სიტყვებმა შეიძლება ადამიანს ღრმა ემოციური ჭრილობა მიაყენოს და გააფუჭოს ურთიერთობები. შეიძლება შენც გატკინა ვინმემ გული დაუფიქრებელი ლაპარაკით.  ამავე იგავში ისიც წერია, რომ „ბრძენის ენა კურნავს“. იმ ადამიანის დაკვირვებულ საუბარს, რომელიც ღვთის სიბრძნეს ირეკლავს, ემოციური ტკივილის დაამება და უთანხმოების მოგვარება შეუძლია. შესაძლოა გახსენდება შემთხვევა, როცა ვინმეს სიტყვები გულზე მალამოსავით დაგედო (წაიკითხეთ იგავების 16:24). იმის ცოდნა, რომ სიტყვებს დიდი ძალა აქვს, აღგვძრავს, ენა სხვების განსაკურნავად გამოვიყენოთ.

მშვიდი საუბარი გამომაცოცხლებელია

6. რატომ არის რთული ენის გაკონტროლება?

6 ჩვენი მცდელობის მიუხედავად, შეუძლებელია ენის სრულად გაკონტროლება. ცოდვისა და არასრულყოფილების გამო მიდრეკილი ვართ, ენა არასწორად გამოვიყენოთ, რაც კიდევ ერთ მიზეზს გვაძლევს, დავუფიქრდეთ, რას ვლაპარაკობთ. სიტყვები გულიდან მოდის, ადამიანის გული კი „ბოროტებისკენ ისწრაფვის“ (დაბადება 8:21; ლუკა 6:45). ამიტომ ენის ალაგმვას დიდი ძალისხმევა სჭირდება (წაიკითხეთ იაკობის 3:2—4). მართალია, ენის სრულყოფილად გაკონტროლება შეუძლებელია, მაგრამ ამ მხრივ გაუმჯობესება ყოველთვის შეიძლება. ენის ალაგმვას ისეთივე ძალისხმევა სჭირდება, როგორც დინების საწინააღმდეგოდ ცურვას.

7, 8. რაზე ვაგებთ პასუხს იეჰოვას წინაშე?

7 მესამე მიზეზი, რის გამოც ენა უნდა ვაკონტროლოთ, ის არის, რომ იეჰოვას წინაშე პასუხს ვაგებთ ჩვენი სიტყვების გამო. ჩვენი საუბარი გავლენას ახდენს არა მარტო სხვებთან, არამედ იეჰოვასთან ჩვენს ურთიერთობაზე. იაკობის 1:26-ში ვკითხულობთ: „თუ ვინმეს თავი ღვთის თაყვანისმცემელი ჰგონია, მაგრამ ენას არ ლაგმავს და თავის გულს აცდუნებს, ფუჭია * მისი თაყვანისცემა“. როგორც წინა თავიდან  გავიგეთ, ჩვენი თაყვანისმცემლობა იმ შემთხვევაში იქნება ღვთისთვის მოსაწონი, თუ მეტყველების უნარს მართებულად გამოვიყენებთ. თუ ენას არ ვაკონტროლებთ და ხშირად სხვებს გულს ვტკენთ მწარე და გესლიანი სიტყვებით, ჩვენი მსახურება ფუჭი იქნება ღვთის თვალში. ამაზე სერიოზულად დაფიქრება ნამდვილად ღირს (იაკობი 3:8—10).

8 ცხადია, სერიოზული მიზეზები გვაქვს, ეს ძვირფასი საჩუქარი სწორად გამოვიყენოთ. იმის განხილვის დაწყებამდე, რას მოიცავს აღმშენებლური საუბარი, ვნახოთ, როგორი საუბარია მიუღებელი ჭეშმარიტი ქრისტიანისთვის.

საუბარი, რომელიც არ აღაშენებს

9, 10. ა) როგორი მეტყველება გახდა დღეს ჩვეულებრივი? ბ) რატომ უნდა მოვერიდოთ ბილწსიტყვაობას? (იხილეთ აგრეთვე სქოლიო)

9 ბილწსიტყვაობა. წყევლა, უწმაწური ლაპარაკი და მსგავსი სახის საუბარი დღეს ჩვეულებრივია. ბევრი თავისი ნათქვამის დასამტკიცებლად ან მწირი ლექსიკის შესავსებად ბილწ სიტყვებს იყენებს. იუმორისტები ხშირად ვულგარულად და უხამსად ხუმრობენ, რომ ხალხი გააცინონ. მაგრამ ბილწსიტყვაობა სასაცილო სულაც არ არის. დაახლოებით 2 000 წლის წინ მოციქულმა პავლემ ღვთის შთაგონებით კოლოსელ ქრისტიანებს მოუწოდა, მოეშორებინათ „უწმაწური სიტყვები“ (კოლოსელები 3:8). პავლემ ეფესოელ ქრისტიანებსაც უთხრა, რომ „უწმაწური ხუმრობა“ არც კი უნდა იხსენიებოდეს ჭეშმარიტ ქრისტიანებს შორის (ეფესოელები 5:3, 4).

10 ბილწსიტყვაობა შეურაცხყოფს იეჰოვასაც და მის თაყვანისმცემლებსაც. იეჰოვას სიყვარული აღგვძრავს, მოვერიდოთ უწმაწური სიტყვების გამოყენებას. „ხორცის საქმეებს“ შორის პავლემ მოიხსენია უწმინდურება, რომელშიც ბილწსიტყვაობაც იგულისხმება (გალატელები 5:19—21). ეს  სერიოზული საკითხია. ქრისტიანი, რომელიც არაერთი რჩევის მიუხედავად, არ იშლის გადაკვრით ან პირდაპირ საუბარს უზნეო, უღირს და გახრწნილ თემებზე, შეიძლება კრებიდან გაირიცხოს. *

11, 12. ა) რა შემთხვევაში შეიძლება სხვებზე საუბარი ჭორაობაში გადაიზარდოს? ბ) რატომ უნდა მოერიდონ იეჰოვას თაყვანისმცემლები ცილისწამებას?

11 ჭორაობა და ცილისწამება. ჭორაობაში სხვების, მათ შორის მათი ცხოვრების, შესახებ უსარგებლო ლაპარაკი იგულისხმება. ყოველთვის ჭორაობაა სხვებზე საუბარი? თუ ვსაუბრობთ უწყინარ თემებზე და ერთმანეთს ვუზიარებთ სასარგებლო ინფორმაციას, მაგალითად, ვინ მოინათლა ან ვის სჭირდება გამხნევება, ეს ნამდვილად არ არის ჭორაობა. პირველ საუკუნეში ქრისტიანები ზრუნავდნენ ერთმანეთზე და თანამორწმუნეების შესახებაც საუბრობდნენ, თუმცა მათ პირად ცხოვრებაში არ ერეოდნენ (ეფესოელები 6:21, 22; კოლოსელები 4:8, 9). სხვებზე საუბარი შეიძლება დამანგრეველი იყოს, თუ ფაქტებს ვამახინჯებთ ან მათ საიდუმლოებას სხვას ვუყვებით. უფრო მეტიც, ის შეიძლება ცილისწამებაში გადაიზარდოს, რაც ყოველთვის დამანგრეველია. ცილისწამება არის სახელის გატეხვის მიზნით ვინმეს შესახებ ტყუილის თქმა. მაგალითად, ფარისევლები ცილს სწამებდნენ იესოს, რათა მისი რეპუტაცია შეელახათ (მათე 9:32—34; 12:22—24). ცილისწამება ხშირად შუღლს იწვევს (იგავები 26:20).

12 იეჰოვა არ იწონებს მათ, ვინც მეტყველების უნარს სხვებისთვის სახელის გასატეხად ან განხეთქილების ჩამოსაგდებად იყენებს. მას სძულს „ძმებს შორის შუღლის“ გამომწვევი  (იგავები 6:16—19). „ცილისწამებად“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვა დიაბოლოს სატანის ერთ-ერთი სახელია. ის არის ეშმაკი, ანუ ცილისმწამებელი, რადგან ღმერთს დასწამა ცილი (გამოცხადება 12:9, 10). ჩვენ უნდა მოვერიდოთ ისეთ მეტყველებას, რითაც ეშმაკს დავემსგავსებოდით. ქრისტიანულ კრებაში ადგილი არ უნდა ჰქონდეს ცილისწამებას, რომელიც ადამიანებს უბიძგებს ხორცის საქმეებისკენ, მათ შორის შუღლისა და განხეთქილებისკენ (გალატელები 5:19—21). ასე რომ, სანამ სხვის ნათქვამს გაიმეორებ, ჰკითხე საკუთარ თავს: „სიმართლეა? სწორი იქნებოდა ამის თქმა? აუცილებელია ან ღირს ამ ინფორმაციის გამეორება?“ (წაიკითხეთ 1 თესალონიკელების 4:11).

13, 14. ა) როგორ მოქმედებს ლანძღვა ადამიანებზე? ბ) რა არის ლანძღვა-გინება და რა საშიშროების წინაშე დგანან მლანძღველები?

13 ლანძღვა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჩვენი სიტყვებით შეიძლება სხვებს გული ვატკინოთ. არასრულყოფილების გამო დროდადრო ისეთ რამეს ვამბობთ, რასაც შემდეგ ვნანობთ. ბიბლია გვაფრთხილებს, მოვერიდოთ ისეთ საუბარს, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელია ქრისტიანისთვის სახლსა თუ კრებაში. პავლემ ქრისტიანებს ურჩია: „მოიშორეთ ყოველგვარი გამწარება, ბრაზი, რისხვა, ყვირილი და ლანძღვა“ (ეფესოელები 4:31). სხვა თარგმანებში „ლანძღვა“ გადმოტანილია, როგორც „ბოროტი სიტყვები“ და „შეურაცხმყოფელი ლაპარაკი“. ლანძღვა, რომელიც მოიცავს ვინმესთვის დამამცირებელი სახელების დარქმევას და გაუთავებელ კრიტიკას, ადამიანს თავმოყვარეობას ულახავს და ღირსების გრძნობას უკარგავს. ის შეიძლება განსაკუთრებით დამანგრეველი იყოს ბავშვებისთვის, რომლებიც მიამიტები და მგრძნობიარეები არიან (კოლოსელები 3:21).

14 ბიბლია აშკარად გმობს ლანძღვა-გინებას — სხვების დამცირებას შეურაცხმყოფელი და უშვერი სიტყვებით.  ქრისტიანი, რომელიც არაერთი რჩევის მიუხედავად, არ იშლის ასეთ საუბარს, შეიძლება კრებიდან გაირიცხოს. თუ არ გამოსწორდება, მან შეიძლება ახალ ქვეყნიერებაში ცხოვრების შესაძლებლობაც დაკარგოს (1 კორინთელები 5:11—13; 6:9, 10). ნათელია, ღვთის სიყვარულში ვერ დავრჩებით, თუ არასწორი, ბოროტი და საზიანო საუბარი გვახასიათებს. ასეთი საუბარი ნამდვილად არ აღაშენებს.

საუბარი, რომელიც აღაშენებს

15. როგორი საუბარი აღაშენებს?

15 როგორ შეგვიძლია მეტყველების უნარის გამოყენება ღვთის ნებისამებრ? გაიხსენე, რომ ღვთის სიტყვა მოგვიწოდებს, ვილაპარაკოთ „მხოლოდ კარგი . . . აღსაშენებლად“ (ეფესოელები 4:29). იეჰოვას სიამოვნებს, როცა აღვაშენებთ, ვამხნევებთ და ვახალისებთ სხვებს ჩვენი საუბრით. ამისთვის დაფიქრება გვჭირდება. ბიბლიაში არც საუბრის ნიმუშია მოცემული და არც „ჯანსაღი სიტყვების“ სიაა ჩამოწერილი (ტიტე 2:8). საუბარი აღმშენებლური რომ იყოს, სამი უბრალო, მაგრამ მნიშვნელოვანი ფაქტორის გათვალისწინება გვმართებს; ის ჯანსაღი, სწორი და კეთილისმყოფელი უნდა იყოს. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, მოდი, განვიხილოთ გამამხნევებელი საუბრის რამდენიმე მაგალითი (იხილეთ ჩარჩო „გამამხნევებელია ჩემი საუბარი?“).

16, 17. ა) რატომ უნდა შევაქოთ სხვები? ბ) რა შესაძლებლობები გვეძლევა კრებასა და ოჯახში სხვების შესაქებად?

16 გულწრფელი შექება. იეჰოვას და იესოს კარგად ესმით, რამდენად მნიშვნელოვანია შექება და მოწონების გამოხატვა (მათე 3:17; 25:19—23; იოანე 1:47). ძალიან კარგია, თუ ჩვენც გულწრფელად ვაქებთ სხვებს. იგავების 15:23-ში ვკითხულობთ: „რა კარგია დროულად ნათქვამი სიტყვა!“. ჰკითხე საკუთარ თავს: „როგორ მოქმედებს ჩემზე  გულწრფელი შექება? მახალისებს და მამხნევებს?“. მართლაც, გულწრფელი შექება გაგრძნობინებს, რომ სხვები გამჩნევენ, ზრუნავენ შენზე და რწმუნდები, რომ ტყუილად არ გიშრომია. შედეგად, უფრო დაჯერებული ხდები და სურვილი გიჩნდება, მომავალში მეტი გულმოდგინება გამოიჩინო. თუ გსიამოვნებს და აფასებ, რომ გაქებენ, კარგი იქნებოდა, შენც შეგექო სხვები (წაიკითხეთ მათეს 7:12).

17 ეცადე, კარგი დაინახო სხვებში და შემდეგ შეაქო ისინი. მაგალითად, კრებაში ხედავ, რომ ძმა კარგად კითხულობს მოხსენებას, ახალგაზრდა სულიერი მიზნებისკენ ისწრაფვის, ხანდაზმული ქრისტიანი კი, მიუხედავად შეზღუდული შესაძლებლობებისა, ყოველთვის ესწრება კრების შეხვედრებს. გულწრფელ შექებას შეუძლია ისინი გაამხნეოს და სულიერად გააძლიეროს. ოჯახში ცოლ-ქმარი გულწრფელად უნდა აქებდეს ერთმანეთს და მადლიერებას გამოხატავდეს (იგავები 31:10, 28). განსაკუთრებით ბავშვები ხარობენ, როცა მათ ძალისხმევას ამჩნევენ და აფასებენ. ბავშვებს ისევე სჭირდებათ შექება და სითბო, როგორც ყვავილს მზე და წყალი. მშობლებო, ხელიდან ნუ გაუშვებთ შესაძლებლობას, შეაქოთ შვილები კარგი თვისებებისა და საქციელისთვის! ასეთი შექება მათ გამბედაობას შემატებს და აღძრავს, მთელი მონდომებით აკეთონ ის, რაც სწორია.

18, 19. რატომ არ უნდა დავიშუროთ ძალისხმევა, რომ თანამორწმუნეები ვანუგეშოთ და გავამხნეოთ და როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება?

18 ნუგეში და გამხნევება. იეჰოვა სათუთად ზრუნავს საწყალ და დაჩაგრულ ადამიანებზე (ესაია 57:15). მისი სიტყვა მოგვიწოდებს: „ანუგეშეთ დამწუხრებული სულები“ (1 თესალონიკელები 5:11, 14). შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ღმერთი ამჩნევს და აფასებს ძალისხმევას, რომელსაც არ ვიშურებთ დამწუხრებული თანამორწმუნეების სანუგეშებლად და გასამხნევებლად.

იეჰოვას მოსწონს, როცა ჩვენი საუბრით სხვებს ვამხნევებთ

 19 როგორ გაამხნევებდი გულგატეხილ და დეპრესიაში მყოფ თანამორწმუნეს? ნუ იფიქრებ, რომ მისი პრობლემა უნდა გადაჭრა. ხშირად უბრალო სიტყვებს დიდი ძალა აქვს. უთხარი დამწუხრებულ ადამიანს, რომ გულწრფელად ხარ დაინტერესებული მისი მდგომარეობით. ილოცე მასთან ერთად; სთხოვე იეჰოვას, დაანახვოს მას, რომ ღმერთსა და თანამორწმუნეებს ძალიან უყვართ (იაკობი 5:14, 15). დაარწმუნე ის, რომ კრების საჭირო და ძვირფასი წევრია (1 კორინთელები 12:12—26). წაუკითხე გამამხნევებელი ბიბლიური მუხლი, რათა დაინახოს, რომ იეჰოვა პირადად მასზე ზრუნავს (ფსალმუნი 34:18; მათე 10:29—31). საკმარისი დრო გამოყავი, რომ დამწუხრებული ადამიანი „კეთილი სიტყვით“ ანუგეშო; გულითადი საუბრით მას დაანახვებ, რომ უყვართ და აფასებენ (წაიკითხეთ იგავების 12:25).

20, 21. რა დაგვეხმარება, რომ ჩვენმა რჩევამ საუკეთესო შედეგები გამოიღოს?

20 რჩევა. არასრულყოფილ ადამიანებს დროდადრო რჩევა გვჭირდება. ბიბლია მოგვიწოდებს: „მოუსმინე რჩევას და მიიღე დარიგება, რათა საბოლოოდ დაბრძენდე“ (იგავები 19:20). რჩევის მიცემა მხოლოდ უხუცესების მოვალეობა არ არის. მშობლები შვილებს აძლევენ რჩევებს (ეფესოელები 6:4). მოწიფულ დებს შეუძლიათ დაარიგონ ახალგაზრდა ქრისტიანი ქალები (ტიტე 2:3—5). სიყვარული აღგვძრავს,  ისე მივცეთ რჩევა, რომ არ დავთრგუნოთ სხვა ადამიანი. როგორ გავაკეთოთ ეს? განვიხილოთ სამი მხარე, რომლებიც დაგვეხმარება, რომ ჩვენმა რჩევამ საუკეთესო შედეგები გამოიღოს: მრჩეველის დამოკიდებულება და მოტივი, რჩევის საფუძველი და ტაქტიანობა.

21 შენმა რჩევამ რომ სასურველი შედეგი გამოიღოს, ჯერ საკუთარ თავს ჰკითხე: „მე რა გამიადვილებდა რჩევის მიღებას?“. რჩევის მიღება უფრო ადვილია, როდესაც ხედავ, რომ მრჩეველი გულწრფელად ზრუნავს შენზე, ჯიბრში არ გიდგას და ფარული მოტივები არ ამოძრავებს. ასე რომ, სხვებისთვის რჩევის მიცემისას შენც მსგავსი დამოკიდებულება უნდა გქონდეს. რჩევა, რომელიც საუკეთესო შედეგს გამოიღებს, ღვთის სიტყვიდან მომდინარეობს (2 ტიმოთე 3:16). შეიძლება სულაც არ მოვახდინოთ ბიბლიიდან ციტირება, თუმცა რჩევის მისაცემად აუცილებლად უნდა გვქონდეს ბიბლიური საფუძველი. ამიტომ უხუცესები ფრთხილობენ, სხვებს საკუთარი აზრი არ მოახვიონ ან საკუთარ შეხედულებებს ბიბლიური მუხლები არ მოარგონ. აგრეთვე, თუ რჩევის მიცემისას ტაქტიანობას გამოვავლენთ, ის უფრო სასურველ შედეგს გამოიღებს. რჩევა, რომელიც სიკეთით არის „შეზავებული“, უფრო ადვილად მისაღებია და ადამიანს ღირსების გრძნობას არ ულახავს (კოლოსელები 4:6).

22. როგორ გამოიყენებ მეტყველების უნარს?

22 მეტყველების უნარი მართლაც ძვირფასი საჩუქარია ღვთისგან! იეჰოვას სიყვარულმა უნდა აღგვძრას, სწორად გამოვიყენოთ ეს საჩუქარი. ყოველთვის გვახსოვდეს, რომ სიტყვებს დიდი ძალა აქვს; ისინი ამხნევებენ ან თრგუნავენ. ამიტომ შევეცადოთ ეს საჩუქარი ღვთის ნებისამებრ, სხვების აღსაშენებლად გამოვიყენოთ. თუ ასე მოვიქცევით, ჩვენი საუბარი გაამხნევებს და გამოაცოცხლებს გარშემომყოფთ და დაგვეხმარება, დავრჩეთ ღვთის სიყვარულში.

^ აბზ. 7 „ფუჭად“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვა აგრეთვე ითარგმნება, როგორც „უსარგებლო“ (1 პეტრე 1:18).

^ აბზ. 10 ბიბლიაში უწმინდურება ფართო გაგებით გამოიყენება და მასში სხვადასხვა სახის ცოდვა იგულისხმება. თუმცა ყველანაირი უწმინდურება არ მოითხოვს სამართლებრივ განხილვას, ქრისტიანი შეიძლება გაირიცხოს კრებიდან, თუ მოუნანიებლად სჩადის უხეშ უწმინდურებას (2 კორინთელები 12:21; ეფესოელები 4:19; იხილეთ „მკითხველთა შეკითხვები“ 2006 წლის 15 ივლისის „საგუშაგო კოშკში“).

გაიგეთ მეტი

არის თქვენი სიტყვა ერთდროულად „დიახიც“ და „არაც“?

ჭეშმარიტმა ქრისტიანებმა უნდა შეასრულონ თავიანთი სიტყვა და არასოდეს გახდეს ერთდროულად მათი დიახ „დიახიც“ და „არაც“. რა ხდება მაშინ, როცა აუცილებლობიდან გამომდინარე ვეღარ ვასრულებთ ჩვენს ნათქვამს? გაიგეთ მეტი პავლე მოციქულის შემთხვევიდან.