წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

„დარჩით ღვთის სიყვარულში“

 დანართი

ბიბლიის თვალსაზრისი განქორწინებასა და ცალკე ცხოვრებაზე

ბიბლიის თვალსაზრისი განქორწინებასა და ცალკე ცხოვრებაზე

იეჰოვა მოუწოდებს დაქორწინებულებს, რომ თავიანთი აღთქმის ერთგულები დარჩნენ. პირველი კაცისა და ქალის შეუღლების დროს იეჰოვამ თქვა: „კაცი . . . მიეკვრება ცოლს და ერთი ხორცი იქნებიან“. მოგვიანებით იესო ქრისტემ გაიმეორა ეს სიტყვები და დასძინა: „ამიტომ, ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ დააშორებს მათ“ (დაბადება 2:24; მათე 19:36). იეჰოვასა და იესოს თვალში ქორწინება ისეთი კავშირია, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე გრძელდება (1 კორინთელები 7:39). ვინაიდან  ქორწინება წმინდა კავშირია, ადამიანები ზერელედ არ უნდა მოეკიდონ განქორწინებას. იეჰოვას სძულს, როცა წყვილი ეყრება ერთმანეთს, მაშინ როცა მათ ამის ბიბლიური საფუძველი არა აქვთ (მალაქია 2:15, 16).

რა ბიბლიური საფუძველი არსებობს განქორწინებისთვის? იეჰოვას სძულს მრუშობა და სიძვა (დაბადება 39:9; 2 სამუელი 11:26, 27; ფსალმუნი 51:4). მას იმდენად ეზიზღება სიძვა, რომ განქორწინების საფუძვლად მიიჩნევს (ამავე წიგნის მე-9 თავის მე-7 აბზაცში ახსნილია, რა იგულისხმება სიძვაში). იეჰოვა უფლებას აძლევს უდანაშაულო მეუღლეს, გაეყაროს ან აპატიოს მეუღლეს (მათე 19:9). თუ ის გაყრას გადაწყვეტს, მას იეჰოვა არ განსჯის. მაგრამ ქრისტიანული კრება არავის მოუწოდებს გაყრისკენ. ზოგმა სიტუაციამ შეიძლება უბიძგოს უდანაშაულო მეუღლეს, დარჩეს მეუღლესთან, განსაკუთრებით, თუ ის გულწრფელად ინანიებს. დაბოლოს, ვისაც განქორწინების ბიბლიური საფუძველი აქვს, თავად უნდა გადაწყვიტოს, როგორ მოიქცეს და მზად უნდა იყოს შედეგებთან გასამკლავებლად (გალატელები 6:5).

უკიდურესად კრიტიკულ მდგომარეობაში ზოგიერთმა ქრისტიანმა გადაწყვიტა, ცალკე ეცხოვრა ან განქორწინებულიყო, თუმცა მეუღლეს სიძვა არ ჩაუდენია. ასეთ შემთხვევაში ბიბლია ქრისტიანს დაქორწინების უფლებას არ აძლევს; მას შეუძლია მეუღლეს შეურიგდეს (1 კორინთელები 7:11). ასეთ ქრისტიანს უფლება არა აქვს, ხელმეორედ დაქორწინდეს (მათე 5:32). განვიხილოთ, რა გამონაკლის შემთხვევებში შეიძლება ზოგმა გადაწყვიტოს განცალკევებით ცხოვრება.

ოჯახზე ზრუნვის მოვალეობის განზრახ შეუსრულებლობა. თუ ქმარი არ ზრუნავს ოჯახის წევრებზე მიუხედავად იმისა, რომ ამის გაკეთება შეუძლია, ოჯახი შეიძლება უსახსროდ, საარსებო საშუალების გარეშე დარჩეს. ბიბლია ამბობს: „ვინც თავისიანებზე არ ზრუნავს, განსაკუთრებით კი ოჯახის წევრებზე, რწმენა უარყო და ურწმუნოზე უარესია“ (1 ტიმოთე 5:8). თუ ქმარს არ სურს, შეიცვალოს, ცოლმა უნდა გადაწყვიტოს, იცხოვროს თუ არა ცალკე, რათა იზრუნოს საკუთარ და ბავშვების კეთილდღეობაზე.  უხუცესები სერიოზულად უნდა მოეკიდონ ქრისტიანისთვის წაყენებულ ბრალდებას, რომ ის უარს ამბობს ოჯახზე ზრუნვის ვალდებულებაზე. ამისთვის ის შეიძლება კრებიდან გაირიცხოს.

ფიზიკური ძალადობა. მოძალადე მეუღლე შეიძლება ისე სასტიკად მოექცეს მეუღლეს, რომ მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს. თუ მოძალადე მეუღლე ქრისტიანია, კრების უხუცესებმა უნდა გაარკვიონ სიტუაცია. აგრესიისა და ძალადობისთვის ქრისტიანი შეიძლება კრებიდან გაირიცხოს (გალატელები 5:1921).

როცა სულიერობას სერიოზული საფრთხე ემუქრება. თუ მეუღლე საშუალებას არ აძლევს მეორე ნახევარს, ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში მიიღოს მონაწილეობა და აიძულებს ღვთის კანონის დარღვევას, ასეთ შემთხვევაში საფრთხეში მყოფმა მეუღლემ შეიძლება გადაწყვიტოს, რომ ცალკე ცხოვრება ერთადერთი შესაძლებლობაა, ადამიანებზე მეტად ღმერთს დაემორჩილოს (საქმეები 5:29).

ზემოთ მოხსენიებულ გამონაკლის შემთხვევებში არავის აქვს უფლება, აიძულოს უდანაშაულო მეუღლე, დაშორდეს ან დარჩეს მეუღლესთან. სულიერად მოწიფულ ქრისტიანებსა და უხუცესებს შეუძლიათ დახმარების აღმოჩენა და ბიბლიაზე დაფუძნებული რჩევის მიცემა, თუმცა მათ არ იციან ყველაფერი, რაც ცოლ-ქმარს შორის ხდება. ეს მხოლოდ იეჰოვამ იცის. რასაკვირველია, ქრისტიანი ცოლის მხრიდან უპატივცემულობა იქნება ღვთისა და ქორწინებისადმი, თუ გააზვიადებს ოჯახურ პრობლემებს, რათა ცალკე იცხოვროს. იმავეს თქმა შეიძლება ქმარზეც. რა საგულდაგულოდაც არ უნდა დამალოს ადამიანმა თავისი მზაკვრული ჩანაფიქრი, იეჰოვა ყველაფერს ხედავს. „ყოველივე გაშიშვლებული და ღიაა მის თვალთა წინაშე, ვისაც ანგარიშს ვაბარებთ“ (ებრაელები 4:13). თუ ქრისტიანს ოჯახში კვლავ სახიფათო სიტუაციაში უწევს ცხოვრება, არავინ უნდა გააკრიტიკოს ის, თუ მისთვის ერთადერთი გამოსავალი ცალკე ცხოვრებაა. საბოლოოდ, „ყველანი წარვდგებით ღვთის სასამართლო ტახტის წინაშე“ (რომაელები 14:1012).