წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ღვთის სამეფო მმართველობს!

 თავი 4

იეჰოვა განადიდებს თავის სახელს

იეჰოვა განადიდებს თავის სახელს

ამ თავიდან შევიტყობთ:

როგორ მიაგებს ღვთის ხალხი კუთვნილ დიდებას ღვთის სახელს

1, 2. როგორ განადიდებს „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ღვთის სახელს?

ათას ცხრაას ორმოცდაშვიდი წლის 2 დეკემბრის ერთ მზიან დილას ბრუკლინის (ნიუ-იორკი) ბეთელში მომსახურე ცხებული ძმების მცირერიცხოვანმა ჯგუფმა დიდ საქმესთან შეჭიდება გადაწყვიტა. ეს საქმე ბიბლიის ახალ თარგმანზე მუშაობა იყო, რაც დიდ სიფრთხილესა და შრომას მოითხოვდა. თორმეტწლიანი თავაუღებელი მუშაობის შემდეგ, 1960 წლის 13 მარტს, კვირა დღეს, ჯგუფმა თარგმანზე მუშაობა დაასრულა. სამი თვის შემდეგ, 18 ივნისს, ძმა ნეითან ნორმა მანჩესტერში (ინგლისი) კონგრესზე შეკრებილთ ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ ბოლო ტომის გამოცემა აუწყა. მან დამსწრეთა საერთო განწყობა კარგად გამოხატა შემდეგი სიტყვებით: „დღევანდელი დღე ყველა იეჰოვას მოწმისთვის სიხარულის დღეა!“. სასიხარულო ამ თარგმანის განსაკუთრებული თავისებურება იყო — ღვთის საკუთარი სახელი ბიბლიის დედნისეული ტექსტის მიხედვით იყო აღდგენილი.

1950 წელს კონგრესზე „თეოკრატიის ზრდა“ გამოცხადდა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გამოცემის შესახებ (მარცხნივ: იანკის სტადიონი, ნიუ-იორკი. მარჯვნივ: განა)

2 ბიბლიის მრავალ თარგმანში ღვთის სახელი ამოღებულია. იეჰოვას ცხებული მსახურები წინ აღუდგნენ ეშმაკს, რომელსაც ხალხის მეხსიერებიდან ღვთის სახელის ამოშლა ჰქონდა განზრახული. „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ წინასიტყვაობაში ნათქვამი იყო: „წინამდებარე თარგმანის ძირითადი თავისებურება ის არის, რომ მასში ღვთის სახელი აღდგენილია ყველგან, სადაც ის ბიბლიის დედნისეულ ტექსტში გვხვდება“. „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ ღვთის საკუთარი სახელი, იეჰოვა 7 000-ზე მეტჯერ არის გამოყენებული. ეს თარგმანი ნამდვილად განადიდებს ჩვენი ზეციერი მამის, იეჰოვას სახელს!

3. ა) რა გაიგეს ჩვენმა ძმებმა ღვთის სახელის მნიშვნელობასთან დაკავშირებით? ბ) როგორ უნდა გავიგოთ გამოსვლის 3:13, 14? (იხ. ჩარჩო „ ღვთის სახელის მნიშვნელობა“).

3 თავდაპირველად ბიბლიის მკვლევრებს ეგონათ, რომ ღვთის სახელის მნიშვნელობა იყო „მე ვარ, რომელიც ვარ“ (გამ. 3:14, „მეფე ჯეიმზის თარგმანი“). 1926 წლის 1 იანვრის „საგუშაგო კოშკში“ აღნიშნული იყო: „სახელი იეჰოვა გულისხმობს მას . . . ვისაც არც დასაბამი აქვს და არც დასასრული“. იმ დროისთვის, როცა მთარგმნელები „ახალი ქვეყნიერების თარგმანზე“ მუშაობას შეუდგნენ, იეჰოვას დახმარებით მისმა ხალხმა უკვე იცოდა, რომ  სახელი იეჰოვა გულისხმობს არა უბრალოდ ღმერთს, რომელსაც არც დასაბამი აქვს და არც დასასრული, არამედ იმ ღმერთს, რომელიც რასაც იზრახავს, ახორციელებს კიდეც. მათ გაიგეს, რომ სახელი იეჰოვა სიტყვასიტყვით ნიშნავს „აქცევინებს“. იეჰოვამ შექმნა მთელი სამყარო და მოაზროვნე ქმნილებები და ის კვლავაც მოქმედებს თავისი ნებისა და განზრახვების შესასრულებლად. მაგრამ რატომაა ასე მნიშვნელოვანი ღვთის სახელის განდიდება და ჩვენ როგორ შეგვიძლია ჩვენი წვლილის შეტანა ამაში?

ღვთის სახელის განწმენდა

4, 5. ა) რას ვგულისხმობთ, როცა ღმერთს თავისი სახელის განწმენდას ვთხოვთ? ბ) როდის და როგორ განწმენდს ღმერთი თავის სახელს?

4 იეჰოვას სურს, რომ მისი სახელი განდიდდეს. მისი უმთავრესი განზრახვა თავისი სახელის განწმენდაა, რასაც იესოს ლოცვის ნიმუშის პირველი სათხოვარი მოწმობს (მათ. 6:9). რას ვგულისხმობთ, როცა ღმერთს თავისი სახელის განწმენდას ვთხოვთ?

5 როგორც ამ წიგნის პირველი თავიდან გავიგეთ, ღვთის სახელის განწმენდა იესოს ლოცვის ნიმუშში ნახსენები სამი თხოვნიდან ერთ-ერთია, რომელიც იეჰოვას განზრახვას უკავშირდება. დანარჩენი ორი თხოვნა მისი სამეფოს მოსვლასა და მისი ნების შესრულებას ეხება (მათ. 6:10). ამრიგად, როცა ვლოცულობთ, მოვიდეს ღვთის სამეფო და შესრულდეს მისი ნება, იეჰოვას შესაბამისი ზომების მიღებას ვთხოვთ. მსგავსად ამისა, როცა ვლოცულობთ, რომ იეჰოვამ თავისი სახელი განწმინდოს, ამ შემთხვევაშიც მას შესაბამისი ზომების მიღებას ვთხოვთ ედემის ბაღში შელახული სახელის განსაწმენდად. როგორი იქნება იეჰოვას პასუხი ამ ლოცვაზე? ის ამბობს: „განვწმენდ ხალხებში შებღალულ ჩემს დიდებულ სახელს“ (ეზეკ. 36:23; 38:23). არმაგედონში, როცა იეჰოვა ბოლოს მოუღებს ბოროტებას, ყველა ქმნილების წინაშე განწმენდს თავის სახელს.

6. რა გაგებით განვწმენდთ ღვთის სახელს?

6 იეჰოვა თავის მსახურებს ყოველთვის აძლევდა თავისი სახელის განწმენდის საშუალებას. ღვთის სახელი, რასაკვირველია, წმინდაა ამ სიტყვის აბსოლუტური გაგებით, და ჩვენ მას სიწმინდეს ვერ შევმატებთ. მაშ, რა გაგებით უნდა განვწმინდოთ იგი? ესაია წერდა: „ლაშქართა ღმერთს, იეჰოვას უნდა მიიჩნევდეთ წმინდად“. იეჰოვამ კი თავის ხალხზე თქვა: „ისინი განწმენდენ ჩემს სახელს . . . ისრაელის ღვთის შიში ექნებათ“ (ეს. 8:13; 29:23). მაშასადამე, ჩვენ იმ გაგებით განვწმენდთ ღვთის სახელს, რომ გამოვარჩევთ მას ყველა სხვა სახელისგან და ყველაზე აღმატებულად მივიჩნევთ, ვაღიარებთ მის მნიშვნელობას და ვეხმარებით ხალხს, წმინდაჰყონ იგი. თუ ვაღიარებთ იეჰოვას როგორც მეფეს და მთელი გულით დავემორჩილებით მას, დავამტკიცებთ, რომ განსაკუთრებული მოწიწება გვაქვს ღვთის სახელის მიმართ (იგავ. 3:1; გამოცხ. 4:11).

 ღვთის სახელის მისაღებად და განსადიდებლად მომზადებულნი

7, 8. ა) რა იყო საჭირო, ვიდრე ღმერთი თავის ხალხს თავისი სახელით წოდების უფლებას მისცემდა? ბ) რა იქნება განხილული შემდეგ აბზაცებში?

7 ღვთის თანამედროვე მსახურები ღვთის სახელს თავიანთ პუბლიკაციებში მე-19 საუკუნის 70-იანი წლებიდან იყენებენ. მაგალითად, იეჰოვა ნახსენები იყო „სიონის საგუშაგო კოშკის“ 1879 წლის აგვისტოს გამოცემაში და იმავე წელს გამოცემულ სიმღერების კრებულში („პატარძლის სიმღერები“). ვიდრე იეჰოვა თავის ხალხს თავისი წმინდა სახელით წოდების უფლებას მისცემდა, როგორც ჩანს, ჯერ დაეხმარა, ამ დიდებული სახელის სატარებლად გარკვეული მოთხოვნები დაეკმაყოფილებინათ. ვნახოთ, როგორ.

8 მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში იეჰოვამ თავის ხალხს უფრო ნათლად დაანახვა თავის სახელთან დაკავშირებული სამი მნიშვნელოვანი საკითხი. განვიხილოთ თითოეული მათგანი.

9, 10. ა) რატომ კეთდებოდა თავიდან „საგუშაგო კოშკის“ სტატიებში ძირითადი აქცენტი იესოზე? ბ) რა შეიცვალა 1919 წელს და რა შედეგი გამოიღო ამან? (იხ. ჩარჩო «როგორ განადიდებდა „ საგუშაგო კოშკი“ ღვთის სახელს»).

9 პირველი: იეჰოვას მსახურებმა დაინახეს ღვთის სახელის გამოყენების აუცილებლობა. თავიდან ბიბლიის ერთგული მკვლევრები ბიბლიის უმთავრეს სწავლებად გამოსასყიდს მიიჩნევდნენ. ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ „საგუშაგო კოშკი“ ძირითად აქცენტს იესოზე აკეთებდა. მაგალითად, დაარსებიდან ერთი წლის განმავლობაში ამ ჟურნალში იესო იეჰოვაზე ათჯერ უფრო ხშირად იყო ნახსენები. 1976 წლის 15 მარტის „საგუშაგო კოშკში“ ბიბლიის პირველ მკვლევრებზე ეწერა, რომ ისინი იესოზე ზედმეტ აქცენტს აკეთებდნენ. თუმცა დროთა განმავლობაში იეჰოვამ მიახვედრა ისინი, რომ ბიბლია ღვთის საკუთარ სახელს დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა. როგორ იმოქმედა ამან ბიბლიის მკვლევრებზე? ამავე ნომერში აღნიშნული იყო, რომ განსაკუთრებით 1919 წლიდან მოყოლებული „ისინი უფრო დიდ პატივს მიაგებდნენ იეჰოვას, მესიის ზეციერ მამას“. 1919 წლიდან მომდევნო ათი წლის განმავლობაში „საგუშაგო კოშკში“ ღვთის სახელი დაახლოებით 6 500-ჯერ იხსენიებოდა.

10 ჩვენმა ძმებმა ღვთის სახელს საკადრისი პატივი მიაგეს და, ამგვარად, ღვთისადმი სიყვარული დაამტკიცეს. მოსეს მსგავსად, მათ ღვთის სახელის გაცხადება დაიწყეს (კან. 32:3; ფსალმ. 34:3). იეჰოვამ დაინახა თავისი სახელისთვის გამოვლენილი სიყვარული და წყალობა უყო მათ, რაც წმინდა წერილების თანახმად მოსალოდნელი იყო (ფსალმ. 119:132; ებრ. 6:10).

11, 12. ა) რა თემამ გადაინაცვლა წინა პლანზე ჩვენს პუბლიკაციებში 1919 წლის შემდეგ? ბ) რისკენ მიმართა იეჰოვამ თავის მსახურთა ყურადღება და რა მიზნით?

11 მეორე: ჭეშმარიტმა ქრისტიანებმა გაიგეს, რა უნდა ყოფილიყო მათი მთავარი საქმე. 1919 წლის შემდეგ მალევე ცხებულმა ხელმძღვანელმა ძმებმა ესაიას წინასწარმეტყველების გამოკვლევა დაიწყეს და ამის შემდეგ ქადაგების თემამ ჩვენს პუბლიკაციებში წინა პლანზე გადაინაცვლა. როგორ აღმოჩნდა ეს დროული სულიერი საზრდო? (მათ. 24:45).

 12 „საგუშაგო კოშკში“ 1919 წლამდე დეტალურად არასოდეს ყოფილა განხილული ესაიას პირით წარმოთქმული იეჰოვას სიტყვები: „თქვენა ხართ ჩემი მოწმეები . . . ჩემი მსახური, რომელიც მე ავირჩიე“ (წაიკითხეთ ესაიას 43:10—12). სამაგიეროდ, 1919 წლის შემდეგ მალევე ბიბლიის ამ წინასწარმეტყველებას ჩვენს პუბლიკაციებში მეტი ყურადღება დაეთმო. პუბლიკაციები მოუწოდებდა ყველა ცხებულს, მონაწილეობა მიეღო იეჰოვასგან დავალებულ საქმეში, კერძოდ, მის შესახებ დამოწმებაში. მხოლოდ 1925—1931 წლებში ესაიას 43-ე თავი „საგუშაგო კოშკის“ 57 ნომერში გაირჩა და მათში ესაიას სიტყვები ყოველთვის ჭეშმარიტ ქრისტიანებთან იყო მისადაგებული. აშკარაა, იმ წლებში იეჰოვამ თავის მსახურთა ყურადღება დამოწმების საქმისკენ მიმართა. ეს ერთგვარი გამოცდა იყო მათი, გამოდგებოდნენ თუ არა ამ საქმისთვის (1 ტიმ. 3:10). ვიდრე ღვთის სახელის ტარების ღირსნი გახდებოდნენ, ბიბლიის მკვლევრებს ჯერ საქმით უნდა დაემტკიცებინათ იეჰოვასთვის, რომ ნამდვილად მისი მოწმეები იყვნენ (ლუკ. 24:47, 48).

13. როგორ ადასტურებს ბიბლია, რომ ღვთის სახელის განწმენდა უმთავრესი საქმეა?

13 მესამე: იეჰოვას ხალხმა გაიგო, რაოდენ მნიშვნელოვანია ღვთის სახელის განწმენდა. მე-20 საუკუნის 20-იან წლებში ისინი იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ღვთის სახელის განწმენდა უმთავრესი საქმე იყო. როგორ ადასტურებს ბიბლია ამას? მოვიყვანოთ ორი მაგალითი. რა იყო ღვთის მიერ ისრაელის ეგვიპტიდან დახსნის უმთავრესი მიზეზი? პასუხს თავად იეჰოვა გვცემს: „რომ . . . მთელ დედამიწას ეუწყოს ჩემი სახელი“ (გამ. 9:16). გარდა ამისა, რატომ შეიწყალა იეჰოვამ ურჩი ისრაელი? ამ შემთხვევაშიც იეჰოვა გვპასუხობს: „ჩემი სახელისთვის ვიმოქმედე, რათა არ შებღალულიყო ის . . . ხალხების თვალში“ (ეზეკ. 20:8—10). რა გაიგეს ბიბლიის მკვლევრებმა ბიბლიის ამ და სხვა მონაკვეთებიდან?

14. ა) რას ჩასწვდა ღვთის ხალხი მე-20 საუკუნის 20-იანი წლების ბოლოს? ბ) როგორ იმოქმედა ბიბლიის მკვლევრების ახლებურმა ხედვამ სამქადაგებლო საქმიანობაზე? (იხ. აგრეთვე ჩარჩო „ ქადაგების უდიდესი სტიმული“).

14 მე-20 საუკუნის 20-იანი წლების ბოლოს ღვთის ხალხი ჩასწვდა 2 700 წლის წინათ დაწერილი ესაიას წინასწარმეტყველების არსს. ესაია იეჰოვაზე ამბობს: „მიუძღოდი შენს ხალხს, რომ საუცხოო სახელი შეგექმნა შენთვის“ (ეს. 63:14). ბიბლიის მკვლევრებმა გაიგეს, რომ მთავარი საკუთარი თავის ხსნა კი არა, ღვთის სახელის განწმენდა იყო (ეს. 37:20; ეზეკ. 38:23). 1929 წელს გამოცემულ წიგნ „წინასწარმეტყველებაში“ ეწერა: „იეჰოვას სახელის განწმენდა ყველა ქმნილების წინაშე უმნიშვნელოვანესია“. ამ ახლებურმა ხედვამ ღვთის მსახურებს იეჰოვას შესახებ დასამოწმებლად და მისი შეურაცხყოფილი სახელის აღსადგენად დიდი სტიმული მისცა.

15. ა) რა იცოდნენ ჩვენმა ძმებმა მე-20 საუკუნის 30-იანი წლების დამდეგისთვის? ბ) რის დრო დაუდგათ იეჰოვას მსახურებს?

15 მაშასადამე, მე-20 საუკუნის 30-იანი წლების დამდეგისთვის ჩვენმა ძმებმა უკვე კარგად იცოდნენ, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ღვთის სახელის გამოყენება, იეჰოვას შესახებ დამოწმება და მისი სახელის განწმენდა. ახლა უკვე დადგა იმის დრო, რომ იეჰოვას თავისი მსახურებისთვის თავისი სახელის  ტარების პატივი მიენიჭებინა. მიმოვიხილოთ ზოგიერთი ისტორიული მოვლენა და გავიგოთ, როგორ მოხდა ეს.

იეჰოვამ გამოყო „ხალხი თავისი სახელისთვის“

16. ა) როგორ განადიდებს იეჰოვა თავის სახელს? ბ) რომელი ერი იწოდა პირველად იეჰოვას სახელით?

16 თავისი სახელის განსადიდებლად იეჰოვას დედამიწაზე ყოველთვის ჰყავდა თავისი სახელით წოდებული ხალხი. ძვ. წ. 1513 წელს იეჰოვას წარმომადგენელი ისრაელი ერი გახდა (ეს. 43:12), მაგრამ მათ არ დაიცვეს ღმერთთან დადებული შეთანხმება, რის გამოც იეჰოვამ ახ. წ. 33 წელს მათთან კავშირი გაწყვიტა. ცოტა ხანში „მოხედა ღმერთმა . . . უცხოტომელებს, რათა მათგან გამოეყო ხალხი თავისი სახელისთვის“ (საქ. 15:14). ეს ახლად არჩეული ხალხი „ღვთის ისრაელის“ სახელით გახდა ცნობილი.  იგი სხვადასხვა ეროვნების ქრისტეს სულითცხებული მიმდევრებისგან შედგებოდა (გალ. 6:16).

17. რას მიაღწია სატანამ?

17 დაახლოებით ახ. წ. 44 წელს ქრისტეს „მოწაფეებს ღვთის განგებით . . . ეწოდათ ქრისტიანები“ (საქ. 11:26). თავდაპირველად ამ სახელით მხოლოდ ჭეშმარიტი ქრისტიანები იწოდებოდნენ (1 პეტ. 4:16), მაგრამ, როგორც ხორბლისა და სარეველას შესახებ იესოს იგავში იყო ნაწინასწარმეტყველები, სატანამ იმას მიაღწია, რომ ეს უნიკალური სახელი სხვა ეგრეთ წოდებულმა ქრისტიანებმაც დაირქვეს. ამის გამო საუკუნეების განმავლობაში ჭეშმარიტი ქრისტიანების გამორჩევა ცრუქრისტიანებისგან არცთუ ისე ადვილი იყო. მაგრამ 1914 წელს, მკის პერიოდის დასაწყისში ვითარება შეიცვალა — ანგელოზებმა ეგრეთ წოდებული ქრისტიანებისგან ჭეშმარიტი ქრისტიანების გამოცალკევება დაიწყეს (მათ. 13:30, 39—41).

18. რამ დაანახვა ჩვენს ძმებს ახალი სახელით წოდების საჭიროება?

18 ათას ცხრაას ცხრამეტ წელს ერთგული მონის დანიშვნის შემდეგ იეჰოვამ თავის ხალხს გააგებინა, რა საქმის შესრულება ევალებოდათ. მათ მალევე დაინახეს, რომ ისინი კარდაკარ ქადაგებით ყველა ეგრეთ წოდებული ქრისტიანისგან გამოირჩეოდნენ. თუმცა ისინი იმასაც მიხვდნენ, რომ სახელწოდება „ბიბლიის მკვლევრები“ მათ დიდად ვერ განასხვავებდა ცრუქრისტიანებისგან. ბიბლიის მკვლევართა უმთავრესი მიზანი ხომ ღვთის შესახებ დამოწმება და მისი სახელის განდიდება იყო, და არა უბრალოდ ბიბლიის კვლევა. მაშასადამე, რომელი სახელი იქნებოდა მათთვის ყველაზე შესაფერისი? ამ კითხვას პასუხი 1931 წელს გაეცა.

1931 წლის კონგრესის პროგრამა

19, 20. ა) რა ამაღელვებელი რეზოლუცია მიიღეს 1931 წლის კონგრესზე? ბ) როგორ შეხვდნენ ჩვენი ძმები ახალ სახელწოდებას?

19 კოლუმბუსში (ოჰაიო, აშშ) 1931 წლის ივლისში გამართულ კონგრესზე დაახლოებით 15 000 ბიბლიის მკვლევარი შეიკრიბა. კონგრესის პროგრამის პირველსავე გვერდზე დაბეჭდილი იყო დიდი ასოები „JW“. ყველას აინტერესებდა, რას აღნიშნავდა ეს ასოები. დელეგატები თავ-თავიანთ ვარაუდს გამოთქვამდნენ. როგორც იქნა, 26 ივლისს, კვირა დღეს, ძმა ჯოზეფ რუტერფორდმა აუდიტორიას გააცნო რეზოლუცია, რომელშიც ნათქვამი იყო: «ჩვენ გვსურს, რომ ვიწოდებოდეთ „იეჰოვას მოწმეებად“» (ინგლისურად Jehovah’s Witnesses). მაშინღა მიხვდნენ კონგრესის დელეგატები ამ „ამოუცნობი“ ასოების ნამდვილ მნიშვნელობას. ეს სახელწოდება ესაიას 43:10-ს ეფუძნებოდა.

20 ამ რეზოლუციას აუდიტორია შეძახილებითა და მქუხარე ტაშით შეხვდა, რაც რადიოთი ათასობით კილომეტრზე გაისმა. ავსტრალიელი ერნესტ და ნაომი ბარბერები იხსენებდნენ: „როცა ამერიკაში ტაშის გრიალი გაისმა, მელბურნელი ძმები წამოხტნენ და თვითონაც დაიწყეს ტაშისკვრა. ამის დავიწყება შეუძლებელია!“. *

ღვთის სახელის განდიდება მთელ მსოფლიოში

21. რისი სტიმული მისცა ღვთის მსახურებს ახალმა სახელწოდებამ?

21 ახალი ბიბლიური სახელწოდების მიღების შემდეგ ღვთის მსახურებს ქადაგების უფრო დიდი სტიმული მიეცათ. ამერიკაში  მცხოვრები პიონერი ცოლ-ქმარი ედუარდ და ჯესი გრიმზები, რომლებიც 1931 წელს კოლუმბუსში ჩატარებულ კონგრესს ესწრებოდნენ, მოგვიანებით იხსენებდნენ: „სახლიდან რომ გამოვედით, ბიბლიის მკვლევრები ვიყავით, შინ კი იეჰოვას მოწმეები დავბრუნდით. გვიხაროდა, რომ ახალი სახელწოდება ღვთის სახელის განდიდების საშუალებას გვაძლევდა“. კონგრესის შემდეგ ზოგიერთმა მოწმემ ღვთის სახელის განსადიდებლად ახალი მეთოდის გამოყენება დაიწყო. ისინი მობინადრეებს შემდეგი შინაარსის ბარათით წარუდგენდნენ თავს: „მე იეჰოვას მოწმე ვარ და ვქადაგებ ჩვენი ღვთის, იეჰოვას სამეფოს შესახებ“. ღვთის ხალხი სიამაყით ატარებდა ღვთის სახელს და ყველგან აცხადებდა ამ სახელის მნიშვნელობას (ეს. 12:4).

„სახლიდან რომ გამოვედით, ბიბლიის მკვლევრები ვიყავით, შინ კი იეჰოვას მოწმეები დავბრუნდით“

22. რა გვარწმუნებს იმაში, რომ იეჰოვას ხალხმა თავისი სახე ბოლომდე შეინარჩუნა?

22 მრავალმა წელმა განვლო მას შემდეგ, რაც იეჰოვას ნებით ცხებულმა ძმებმა ახალი სახელი დაირქვეს. ხომ არ დააკარგვინა სატანამ ამ წლების განმავლობაში ღვთის ხალხს თავისი სახე? დარჩნენ ისინი სხვა რელიგიებისგან გამორჩეული? დიახ, ნამდვილად დარჩნენ და დღეს ისე, როგორც არასდროს, მოწმეებსა და სხვა რელიგიის წარმომადგენლებს შორის სხვაობა შესამჩნევია (წაიკითხეთ მიქას 4:5; მალაქიას 3:18). ის კი არადა, თუ ვინმემ ღვთის სახელი ახსენა, მაშინვე იეჰოვას მოწმედ ჩათვლიან. ნაცვლად იმისა, რომ მთებივით წამომართულ ცრუ რელიგიებს შორის ჩაკარგულიყო, იეჰოვას ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა „მთების მწვერვალებს ზემოთ“ განმტკიცდა (ეს. 2:2). შეიძლება ითქვას, რომ იეჰოვას თაყვანისმცემლობა და მისი წმინდა სახელი ნამდვილად განდიდებულია.

23. ფსალმუნის 121:5-დან გამომდინარე, რისი ცოდნა გვმატებს ძალას?

23 ძალას გვმატებს იმის ცოდნა, რომ იეჰოვა გვიცავს სატანის თავდასხმისგან ახლაც და მომავალშიც დაგვიცავს! (ფსალმ. 121:5). ჩვენც ვუერთდებით ფსალმუნმომღერალს, რომელმაც დაწერა: „ბედნიერია ერი, რომლის ღმერთიც იეჰოვაა, და ხალხი, რომელიც მან თავის მემკვიდრეობად ამოირჩია“ (ფსალმ. 33:12).

^ აბზ. 20 დეტალური ინფორმაცია რადიომაუწყებლობის შესახებ მოცემულია მე-7 თავში, გვ. 72—74.

გაიგეთ მეტი

„წმინდაა, წმინდაა, წმინდაა იეჰოვა“

რატომ უკავშირებს ბიბლია სიწმინდეს მშვენიერებას?