არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ღვთის სამეფო მმართველობს!

 თავი 9

რა ნაყოფი გამოიღო ქადაგებამ „ყანები . . . გადათეთრებულან მოსამკელად“

რა ნაყოფი გამოიღო ქადაგებამ „ყანები . . . გადათეთრებულან მოსამკელად“

ამ თავიდან შევიტყობთ:

როგორ აღმოაცენა იეჰოვამ სამეფოს შესახებ ჭეშმარიტების თესლი და როგორ გამოაღებინა მას ნაყოფი

1, 2. ა) რამ ჩააგდო მოწაფეები საგონებელში? ბ) რა სახის მკას გულისხმობდა იესო?

იესოს ნათქვამი მოწაფეებს საგონებელში აგდებს. „ასწიეთ თავი და შეხედეთ ყანებს, როგორ გადათეთრებულან მოსამკელად“, — უთხრა მათ იესომ. ისინი გაჰყურებენ იმ მხარეს, საითაც მან ხელით ანიშნა, მაგრამ მხოლოდ მწვანედ აბიბინებულ ქერის ყანებს ხედავენ. მკამდე ჯერ კიდევ რამდენიმე თვეა დარჩენილი, ამიტომ მოწაფეები ვერ ხვდებიან, რა დროს მკა არის (იოან. 4:35).

2 მაგრამ იესოს პირდაპირი გაგებით მკა არ უგულისხმია. მას მხედველობაში ჰქონდა სულიერი მკა. იესოს სურდა, თავისი მოწაფეებისთვის სულიერ მკასთან დაკავშირებით ორი მნიშვნელოვანი რამ დაენახვებინა. ვიდრე ამას გავიგებთ, ჯერ მიმოვიხილოთ კონტექსტი.

მოქმედებისა და სიხარულის ჟამი

3. ა) სავარაუდოდ, რატომ თქვა იესომ, რომ ყანები გადათეთრებულიყო მოსამკელად? (იხ. სქოლიო). ბ) რა დასძინა იესომ, მისი ნათქვამი მოწაფეებს პირდაპირი მნიშვნელობით რომ არ გაეგოთ?

3 იესოსა და მოწაფეებს შორის საუბარი ახ. წ. 30 წლის მიწურულს სამარიის ქალაქ სიქართან გაიმართა. როცა მოწაფეები ქალაქში შევიდნენ, იესო ჭასთან დარჩა. იქ მან ჭეშმარიტებას აზიარა ერთი ქალი, რომელიც მაშინვე მიხვდა მოსმენილის ფასს. რაწამს დაბრუნდნენ მოწაფეები იესოსთან, ქალი მყისვე გაეშურა სიქარისკენ მეზობლებისთვის იმის სახარებლად, რაც გაიგო. მისი ნაამბობით აღფრთოვანებული სიქარელები მაშინვე ჭისკენ გაემართნენ იესოს სანახავად. როცა იესო ყანებს გაჰყურებდა და მისკენ მიმავალი სამარიელები დაინახა, სავარაუდოდ, სწორედ მაშინ თქვა: „შეხედეთ ყანებს, როგორ გადათეთრებულან მოსამკელად“. * იესოს ნათქვამი მოწაფეებს პირდაპირი მნიშვნელობით რომ არ გაეგოთ, მან დასძინა: „მომკელი . . . აგროვებს ნაყოფს მარადიული სიცოცხლისთვის“ (იოან. 4:5—30, 36).

4. ა) რა დაანახვა იესომ მოწაფეებს სულიერ მკასთან დაკავშირებით? ბ) რა საკითხებს შევეხებით?

4 რა დაანახვა იესომ მოწაფეებს სულიერ მკასთან დაკავშირებით? პირველი ის, რომ საქმე გადაუდებელი იყო. იესომ სიტყვები „ყანები . . . გადათეთრებულან მოსამკელად“ თავის მიმდევრებს იმიტომ უთხრა, რომ მოქმედებისკენ აღეძრა. მას უნდოდა,  მოწაფეებს გაეცნობიერებინათ, რომ დაყოვნების დრო არ იყო, ამიტომ დაამატა: „უკვე იღებს მომკელი გასამრჯელოს“. მაშასადამე, მკა უკვე დაწყებული იყო და დრო არ ითმენდა. მეორე ის, რომ მომკელები გაიხარებდნენ. იესოს თქმით, მთესველები და მომკელები ერთად გაიხარებდნენ (იოან. 4:35ბ, 36). როგორც იესოს გაახარებდა ის, რომ „ბევრმა სამარიელმა ირწმუნა იგი“, ისე მისი მოწაფეები გაიხარებდნენ მკაში გულმოდგინე მონაწილეობით (იოან. 4:39—42). სახარების ეს მონაკვეთი მეტად საყურადღებოა ჩვენთვის, რადგან იგი ასახავს იმ მოვლენებს, რომლებიც დღეს გრანდიოზული სულიერი მკის ეპოქაში ხდება. როდის დაიწყო თანამედროვე სულიერი მკა? ვინ მონაწილეობს ამ საქმეში და რა ნაყოფი გამოაქვს მას?

ჩვენი მეფე არნახულ სულიერ მკას ხელმძღვანელობს

5. ვინ ხელმძღვანელობს გრანდიოზულ სულიერ მკას და როგორ ცხადყოფს იოანეს ხილვა, რომ ეს საქმე გადაუდებელია?

5 მოციქული იოანე ხილვაში ხედავს, რომ იეჰოვამ იესო გრანდიოზული სულიერი მკის ხელმძღვანელად დანიშნა (წაიკითხეთ გამოცხადების 14:14—16). ხილვისამებრ, იესოს თავზე გვირგვინი ადგას და ხელში ნამგალი უჭირავს. მის „თავზე ოქროს გვირგვინი“ იმის ნიშანია, რომ ის მეფეა, „ბასრი ნამგალი“ კი მის, როგორც მომკელის, როლზე მიუთითებს. ანგელოზის მეშვეობით იეჰოვა ამბობს, რომ „მოიწია სამკალი დედამიწაზე“, რაც საქმის გადაუდებლობას უსვამს ხაზს. უდავოა, რომ „მოვიდა მკის საათი“ და დაყოვნების დრო არ არის. იეჰოვას ბრძანების „აიღე შენი ნამგალი“ საპასუხოდ, იესო იქნევს თავის ნამგალს და იმკის დედამიწას, ანუ დედამიწაზე მცხოვრებ ხალხს. ეს ამაღელვებელი ხილვა კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ „ყანები . . . გადათეთრებულან მოსამკელად“. შესაძლებელია ამ ხილვის მეშვეობით იმის დადგენა, თუ როდის დაიწყო გლობალური სულიერი მკა? რა თქმა უნდა!

6. ა) როდის დაიწყო „მკის დრო“? ბ) როდის დაიწყო „დედამიწის მომკა“, ანუ უშუალოდ მოსავლის აღება? ახსენით.

6 ვინაიდან გამოცხადების მე-14 თავში მომკელ იესოს თავზე გვირგვინი ადგას (მუხლი 14), ესე იგი ის უკვე გამეფებულია. როგორც ვიცით, იესოს გამეფების თარიღი 1914 წელია (დან. 7:13, 14). გამეფებიდან გარკვეული დროის შემდეგ იგი მკის დაწყების ბრძანებას იღებს (მუხლი 15). მოვლენების სწორედ ამგვარ განვითარებას ვხვდებით იესოს იგავში ხორბალსა და სარეველაზე. ამ იგავის თანახმად, მკა ქვეყნიერების წყობის აღსასრულია. ამრიგად, მკის დრო და ქვეყნიერების წყობის აღსასრული ერთსა და იმავე დროს, კერძოდ, 1914 წელს დაიწყო, უშუალოდ მოსავლის აღება კი — ოდნავ მოგვიანებით (მათ. 13:30, 39). დღევანდელი გადასახედიდან შეგვიძლია იმის თქმა, რომ მოსავლის აღება იესოს გამეფებიდან რამდენიმე წელიწადში დაიწყო. 1914—1919 წლებში იესომ თავისი ცხებული მიმდევრები განწმინდა (მალ. 3:1—3; 1 პეტ. 4:17). შემდეგ, 1919 წელს იესომ „დედამიწის მომკა“ დაიწყო და ახალდანიშნული ერთგული მონის მეშვეობით  ძმებს სამქადაგებლო საქმის გადაუდებლობა დაანახვა. ვნახოთ, რა მოხდა შემდეგ.

7. ა) რისი გამოკვლევის შედეგად დაინახეს ძმებმა სამქადაგებლო საქმის გადაუდებლობა? ბ) რისკენ მოუწოდა ძმებს გონიერმა მონამ?

7 „საგუშაგო კოშკის“ 1920 წლის ივლისის ნომერში ნათქვამი იყო: „წმინდა წერილების გამოკვლევის შედეგად ცხადი გახდა, რომ ჩვენს ეკლესიას წილად ხვდა სამეფოს შესახებ ცნობის გადაცემის უდიდესი პატივი“. მაგალითად, ესაიას წინასწარმეტყველებიდან გონიერმა მონამ გაიგო, რომ სამეფოს შესახებ ცნობა მთელ მსოფლიოში უნდა გაცხადებულიყო (ეს. 49:6; 52:7; 61:1—3), თუმცა როგორ უნდა შესრულებულიყო ეს საქმე, არ იცოდა. ის იმედოვნებდა, რომ იეჰოვა დაეხმარებოდა მას (წაიკითხეთ ესაიას 59:1). მას შემდეგ, რაც ცხადი გახდა, რომ ქადაგება გადაუდებელი საქმე იყო, გონიერმა მონამ ძმებს უფრო აქტიურად ქადაგებისკენ მოუწოდა. როგორ გამოეხმაურნენ ძმები ამ მოწოდებას?

8. სამქადაგებლო მსახურებასთან დაკავშირებულ რა ორ მნიშვნელოვან რამეს ჩასწვდნენ ჩვენი ძმები 1921 წელს?

8 „საგუშაგო კოშკის“ 1921 წლის დეკემბრის ნომერი იუწყებოდა: „წლევანდელი წელი საუკეთესოა. წინა წლებთან შედარებით 1921 წელს ჭეშმარიტება უფრო მეტმა მოისმინა“. ჟურნალი დასძენდა: „მაგრამ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია . . . დაე, ვიქადაგოთ მხიარული გულით!“. ყურადღება მიაქციეთ, რომ ძმები ჩასწვდნენ სამქადაგებლო მსახურებასთან დაკავშირებულ ორ მნიშვნელოვან რამეს, რაზეც იესომ თავის დროზე მოციქულებს ყურადღება გაუმახვილა — საქმე გადაუდებელია და მომკელები ხარობენ.

9. ა) რას იუწყებოდა 1954 წლის 1 დეკემბრის „საგუშაგო კოშკი“ და რატომ? ბ) როგორ გაიზარდა მაუწყებელთა რიცხვი მსოფლიო მასშტაბით ბოლო 50 წლის განმავლობაში? (იხ. დიაგრამა „ მსოფლიო მასშტაბის ზრდა“).

9 მე-20 საუკუნის 30-იან წლებში, მას შემდეგ, რაც ძმებმა გაიგეს, რომ სამეფოს შესახებ ცნობას სხვა ცხვრის ნაწილიც, უამრავი ხალხიც გამოეხმაურებოდა, რომელიც სხვა ცხვრის ნაწილია, სამქადაგებლო საქმიანობა კიდევ უფრო გაააქტიურეს (ეს. 55:5; იოან. 10:16; გამოცხ. 7:9). შედეგად, 1934—1953 წლებში სამეფოს შესახებ მქადაგებელთა რიცხვი 41 000-დან 500 000-მდე  გაიზარდა. 1954 წლის 1 დეკემბრის „საგუშაგო კოშკში“ ეწერა: „მსოფლიო მასშტაბის მკა იეჰოვას სულითა და მისი სიტყვის ძალით ხორციელდება“ * (ზაქ. 4:6).

 

მსოფლიო მასშტაბის ზრდა

ქვეყანა

1962

1987

2013

ავსტრალია

15 927

46 170

66 023

ბრაზილია

26 390

216 216

756 455

საფრანგეთი

18 452

96 954

124 029

იტალია

6 929

149 870

247 251

იაპონია

2 491

120 722

217 154

მექსიკა

27 054

222 168

772 628

ნიგერია

33 956

133 899

344 342

ფილიპინები

36 829

101 735

181 236

აშშ

289 135

780 676

1 203 642

ზამბია

30 129

67 144

162 370

 

ბიბლიის შესწავლების რიცხობრივი ზრდა

1950

234 952

1960

646 108

1970

1 146 378

1980

1 371 584

1990

3 624 091

2000

4 766 631

2010

8 058 359

თვალსაჩინო მაგალითებში ნაწინასწარმეტყველები მკის შედეგები

10, 11. მდოგვის მარცვლის მაგალითის რომელი ასპექტებია ყურადსაღები?

10 იესომ მკის შედეგები სამეფოს შესახებ მოყვანილ მაგალითებში იწინასწარმეტყველა. განვიხილოთ მდოგვის მარცვლისა და საფუვრის შესახებ მაგალითები და ყურადღება მივაქციოთ იმას, თუ როგორ სრულდება ის, რაც მათშია ნაწინასწარმეტყველები.

11 მაგალითი მდოგვის მარცვალზე. კაცი თესავს მდოგვის მარცვალს, რომელიც ხედ იქცევა და მის ტოტებში ფრინველები იბუდებენ (წაიკითხეთ მათეს 13:31, 32). ამ მაგალითის რომელი ასპექტებია ყურადსაღები? 1) საოცარი ზრდა. მდოგვის მარცვალი, რომელიც „ყველაზე პატარა თესლია“, დიდტოტებიან ხედ იქცევა (მარ. 4:31, 32). 2) ზრდა გარანტირებულია. „დათესვის მერე . . . [თესლი] ამოდის“. იესოს არ უთქვამს, რომ ის შეიძლება ამოვიდეს. მან თქვა: „ამოდის“, რაც იმას ნიშნავს, რომ მის ზრდას ვერაფერი აჩერებს. 3) გაზრდილი ხე იზიდავს ფრინველებს და მათი თავშესაფარი ხდება. „მოფრინავენ ცის ფრინველები“ და „მის ჩრდილში იბუდებენ“. როგორ უკავშირდება ამ მაგალითის ეს სამი ასპექტი თანამედროვე სულიერ მკას?

12. როგორ უკავშირდება მდოგვის მარცვლის მაგალითი თანამედროვე სულიერ მკას? (იხ. აგრეთვე დიაგრამა „ ბიბლიის შესწავლების რიცხობრივი ზრდა“).

12 1) საოცარი ზრდა: მდოგვის მარცვლის მაგალითი ასახავს სამეფოს შესახებ ცნობის გავრცელების მასშტაბებსა და ქრისტიანული კრების ზრდას. 1919 წლიდან გულმოდგინე მომკელები აღდგენილ ქრისტიანულ კრებაში გროვდებიან. თავიდან მომკელთა რიცხვი მცირე იყო, მაგრამ შემდეგ სწრაფად გაიზარდა. ზრდა, რომელიც 1900-იანი წლებიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება, კოლოსალურია (ეს. 60:22). 2) ზრდა გარანტირებულია: ქრისტიანული კრების ზრდას ვერაფერი აჩერებს. მართალია, ღვთის მტრებმა ბევრჯერ დაახვავეს „ქვები“ ამ „პაწაწინა თესლს“, მაგრამ მან ყველა დაბრკოლება გადალახა და მაინც გაიზარდა (ეს. 54:17). 3) თავშესაფარი: „ცის ფრინველები“, რომლებიც ხის ტოტებში იბუდებენ, განასახიერებენ 240-მდე ქვეყანაში მცხოვრებ მილიონობით გულმართალ ადამიანს, რომლებიც გამოეხმაურნენ სამეფოს შესახებ ცნობას და ქრისტიანულ კრებას შეაფარეს თავი (ეზეკ. 17:23). სწორედ იქ იკვებებიან ისინი სულიერი საზრდოთი, მხნევდებიან და თავს უსაფრთხოდ გრძნობენ (ეს. 32:1, 2; 54:13).

მდოგვის მარცვლის მაგალითი ცხადყოფს, რომ ქრისტიანული კრება უსაფრთხო თავშესაფარია (იხ. აბზაცები 11, 12)

13. საფუვრის მაგალითის რომელი ასპექტებია ყურადსაღები?

13 მაგალითი საფუარზე. ქალი საფუარს ფქვილთან ერთად ზელს; საფუარი ცომს აფუებს (წაიკითხეთ მათეს 13:33). საყურადღებოა ამ მაგალითის ორი ასპექტი: 1) საფუარი იწვევს შემადგენლობის ცვლილებას; ის იქამდე მოქმედებს, სანამ ცომი არ  გაფუვდება; 2) საფუარი ყველგან აღწევს; ის „სამ დიდ საწყაო ფქვილს“ მთლიანად აფუებს. როგორ უკავშირდება ამ მაგალითის ეს ორი ასპექტი თანამედროვე სულიერ მკას?

14. როგორ უკავშირდება საფუვრის მაგალითი თანამედროვე სულიერ მკას?

14 1) იწვევს ცვლილებას: საფუარი განასახიერებს ცნობას სამეფოს შესახებ, ფქვილი კი — კაცობრიობას. როგორც საფუარშეზელილი ფქვილი განიცდის ცვლილებას, ისე ადამიანთა გულები განიცდიან ცვლილებას სამეფოს შესახებ ცნობის მოსმენის შედეგად (რომ. 12:2). 2) აღწევს ყველგან: ცომის გაფუება სამეფოს შესახებ ცნობის გავრცელებას განასახიერებს. საფუარი ცომში ყველგან აღწევს და მას მთლიანად აფუებს. მსგავსად ამისა, სამეფოს შესახებ ცნობა „დედამიწის კიდით კიდემდე“ აღწევს (საქ. 1:8). გარდა ამისა, ეს ასპექტი იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ იმ ქვეყნებშიც კი, სადაც ჩვენი საქმიანობა აკრძალულია, სამეფოს შესახებ ცნობა მაინც გავრცელდება, მიუხედავად იმისა, რომ ქადაგება შეიძლება სხვებისთვის შეუმჩნევლად მიმდინარეობდეს.

15. როგორ სრულდება ესაიას 60:5, 22? (იხ. აგრეთვე შემდეგი ჩარჩოები: „ ეს იეჰოვამ გახადა შესაძლებელი“ და „ როგორ იქცა პატარა ხალხი ძლიერ ხალხად“).

 15 ვიდრე იესო ამ მაგალითებს მოყვებოდა, დაახლოებით 800 წლით ადრე იეჰოვამ ესაია შთააგონა, შთამბეჭდავი ენით აღეწერა თანამედროვე სულიერი მკის მასშტაბები და მისით გამოწვეული სიხარული. * იეჰოვა მოიხსენიებს თავისი ორგანიზაციისკენ შორიდან მომავალ ხალხს. იგი მიმართავს „ქალს“, რომელიც დღეს დედამიწაზე მცხოვრებ ცხებულებს განასახიერებს: „დაინახავ და გაბრწყინდები, შენი გული გაიხარებს და სიხარულით აივსება, რადგან ზღვის სიმდიდრე შენკენ მოიქცევა და ხალხების ავლა-დიდება შენთან მოვა“ (ეს. 60:1, 4, 5, 9). რა ზედმიწევნით მართლდება ეს სიტყვები! იეჰოვას დიდი ხნის მსახურები სახეგაბრწყინებულნი არიან, რადგან ხედავენ, როგორ გადაიქცა მათ ქვეყნებში მცირე ათასად.

რა ახარებს იეჰოვას ყველა მსახურს

16, 17. რა არის მთესველისა და მომკელის სიხარულის ერთ-ერთი მიზეზი? (იხ. აგრეთვე ჩარჩო „ როგორ დაიპყრო ორმა ბუკლეტმა ორი ამაზონელის გული“).

16 ალბათ გახსოვთ, რა უთხრა იესომ თავის მოციქულებს: „მომკელი . . . აგროვებს ნაყოფს მარადიული სიცოცხლისთვის, რათა მთესველმა და მომკელმა ერთად გაიხარონ“ (იოან. 4:36). რატომ გვახარებს მსოფლიო მკაში ერთობლივი მონაწილეობა? ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს. განვიხილოთ სამი მათგანი.

17 პირველი მიზეზი ისაა, რომ ამ საქმეში იეჰოვას ხელს ვხედავთ. როცა სამეფოს შესახებ ვქადაგებთ, ვთესავთ თესლს (მათ. 13:18, 19). როცა ვინმეს ქრისტეს მოწაფედ გახდომაში ვეხმარებით, ვიმკით ნაყოფს. და როცა ვაკვირდებით, როგორ აღმოაცენებს და ზრდის იეჰოვა სამეფოს თესლს, ყველანი უსაზღვროდ ვხარობთ (მარ. 4:27, 28). ჩვენ მიერ მიმობნეულმა თესლმა შეიძლება მოგვიანებით გამოიღოს ნაყოფი და ის სხვამ მომკას. შესაძლოა თქვენც გქონიათ ისეთი შემთხვევა, როგორიც ერთ ბრიტანელ ქრისტიანს, ჯოანს ჰქონდა, რომელიც 60 წლის წინ მოინათლა. ის ამბობს: „ყოფილა შემთხვევები, ჩემთან მოსულან და უთქვამთ, რომ წლების წინ ვუქადაგე და მათ გულებში ჭეშმარიტების თესლი ჩავთესე. მოგვიანებით მათთან ბიბლიის შესწავლა დაუწყიათ მოწმეებს და დახმარებიან, რომ იეჰოვას მსახურები გამხდარიყვნენ. მიხარია, რომ ჩემი ჩათესილი თესლი აღმოცენდა და ნაყოფი გამოიღო“ (წაიკითხეთ 1 კორინთელების 3:6, 7).

18. სიხარულის რა მიზეზია ნახსენები 1 კორინთელების 3:8-ში?

18 სიხარულის მეორე მიზეზს პავლე მოციქული ასახელებს: „თითოეული თავისი შრომის მიხედვით მიიღებს საზღაურს“ (1 კორ. 3:8). საზღაურს ყველა მიიღებს შრომისთვის და არა შრომის შედეგებისთვის. როგორ გაამხნევებს ეს მათ, ვინც იქ მსახურობს, სადაც გამოხმაურება ნაკლებია. ჭეშმარიტების თესლის მთელი გულით მთესველ თითოეულ მოწმეს ღვთის თვალში „ბევრი ნაყოფი“ გამოაქვს და სასიხარულო სწორედ ეს არის (იოან. 15:8; მათ. 13:23).

19. ა) სიხარულის რა მიზეზს გვაძლევს მათეს 24:14-ში ჩაწერილი იესოს წინასწარმეტყველება? ბ) რა უნდა გვახსოვდეს, რომც ვერავინ მოვიმოწაფოთ?

19 სიხარულის მესამე მიზეზი ისაა, რომ ჩვენი საქმე წინასწარმეტყველების შესრულებას ემსახურება. გავიხსენოთ, რა უპასუხა  იესომ მოციქულებს კითხვაზე: „გვითხარი, როდის მოხდება ეს, რა იქნება შენი მოსვლისა და ქვეყნიერების აღსასრულის ნიშანი?“. მან თქვა, რომ ნიშნის ერთ-ერთი თავისებურება მთელ მსოფლიოში ქადაგება იქნებოდა. იესო ამაში მოწაფეების მომზადებას არ გულისხმობდა. მან თქვა: „ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად“ (მათ. 24:3, 14). ასე რომ, ნიშნის ერთ-ერთი თავისებურება სამეფოს შესახებ ცნობის ქადაგება, იგივე ჭეშმარიტების თესლის თესვაა. ამიტომ გვახსოვდეს: რომც ვერავინ მოვიმოწაფოთ, დამოწმებით მაინც დავამოწმებთ. * იმის მიუხედავად, გვეხმაურება თუ არა ხალხი, ჩვენ ჩვენი წვლილი შეგვაქვს იესოს წინასწარმეტყველების შესრულებაში და პატივი გვაქვს, „ღვთის თანამშრომელნი“ ვიყოთ (1 კორ. 3:9). ესეც ხომ სიხარულის მიზეზია!

„მზის ამოსავლიდან მზის ჩასავლამდე“

20, 21. ა) როგორ სრულდება მალაქიას 1:11-ში ჩაწერილი სიტყვები? ბ) როგორც მკაში მონაწილეებს, რა გაქვთ გადაწყვეტილი და რატომ?

20 პირველ საუკუნეში იესო თავის მოციქულებს სულიერი მკის გადაუდებლობის გაცნობიერებაში დაეხმარა. 1919 წლიდან მოყოლებული იესო თავის თანამედროვე მსახურებსაც ეხმარება ამის გაცნობიერებაში. შედეგად, სამქადაგებლო საქმე აქტიურად მიმდინარეობს. ფაქტები ცხადყოფს, რომ მკა არ შეწყვეტილა. მალაქიას წინასწარმეტყველებისამებრ ქადაგება დღეს „მზის ამოსავლიდან მზის ჩასავლამდე“ მიმდინარეობს (მალ. 1:11). მართლაც, მთესველები და მომკელები ყველგან — მზის ამოსავლიდან მზის ჩასავლამდე, აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე — ერთად ირჯებიან და ხარობენ. ეს საქმე დილიდან საღამომდე გადაუდებლად სრულდება.

21 როცა განვლილი 100 წლის მოვლენებს ვაანალიზებთ და ვხედავთ, როგორ იქცა ღვთის მსახურთა პატარა ჯგუფი „ძლიერ ხალხად“, გული სიხარულით გვევსება (ეს. 60:5, 22). დაე, ამ სიხარულითა და „სამკლის ბატონის“, იეჰოვას სიყვარულით, კვლავაც განვაგრძოთ მკაში მონაწილეობა და ეს უდიდესი მასშტაბის საქმე ბოლომდე მივიყვანოთ! (ლუკ. 10:2).

^ აბზ. 3 იესომ „გადათეთრებული ყანები“ შესაძლოა იმიტომ ახსენა, რომ მისკენ მიმავალი, სავარაუდოდ, თეთრებში ჩაცმული სამარიელები დაინახა.

^ აბზ. 9 1919—1992 წლებში მიმდინარე მკასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ წაიკითხოთ წიგნში „იეჰოვას მოწმეები — ღვთის სამეფოს მაუწყებლები“, გვ. 425—520.

^ აბზ. 15 დამატებითი ინფორმაცია ამ წინასწარმეტყველების შესახებ იხილეთ წიგნში „ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II“, გვ. 303—320.

^ აბზ. 19 ამ შეხედულებას ჯერ კიდევ ბიბლიის პირველი მკვლევრები იზიარებდნენ. 1895 წლის 15 ნოემბრის „სიონის საგუშაგო კოშკში“ ნათქვამი იყო: „ხორბალი ბევრი რომც ვერ მოვაგროვოთ, ბევრს მაინც დავამოწმებთ ჭეშმარიტების შესახებ . . . სახარების ქადაგება ყველას შეუძლია“.