წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ღვთის სამეფო მმართველობს!

 თავი 20

გაჭირვებაში მყოფთა დახმარება ჩვენი მსახურების ნაწილია

გაჭირვებაში მყოფთა დახმარება ჩვენი მსახურების ნაწილია

ამ თავიდან შევიტყობთ:

როგორ ვლინდება ქრისტიანული სიყვარული გასაჭირის დროს

1, 2. ა) რა მდგომარეობაში აღმოჩნდნენ იუდეაში მცხოვრები ქრისტიანები? ბ) როგორ გამოავლინეს ანტიოქიელმა ძმებმა მათდამი სიყვარული?

იდგა დაახლოებით ახ. წ. 46 წელი. იუდეაში შიმშილობა ჩამოვარდა. მარცვლეულის მარაგი იმდენად მცირე იყო და ფასები იმდენად მაღალი, რომ იქაურ ქრისტიანებს ძალიან გაუჭირდათ. ისინი პირდაპირი გაგებით შიმშილობდნენ. თუმცა ისინი მალე გამოსცდიდნენ იეჰოვას მფარველ ხელს ისე, როგორც ქრისტეს არც ერთ მოწაფეს არ გამოუცდია მანამდე. როგორ მოხდებოდა ეს?

2 იერუსალიმსა და იუდეაში მცხოვრები ქრისტიანების გაჭირვებამ სირიის ანტიოქიაში მცხოვრები იუდეველი და უცხოტომელი ქრისტიანები აღძრა, დახმარება შეეგროვებინათ და თანამორწმუნეებისთვის გაეგზავნათ. მათ კრებიდან ორი პასუხისმგებელი ძმა, ბარნაბა და სავლე აირჩიეს, რომ დახმარება იერუსალიმში კრების უხუცესებისთვის ჩაეტანათ (წაიკითხეთ საქმეების 11:27—30; 12:25). წარმოიდგინეთ, როგორ აუჩუყებდა გულს იუდეაში მცხოვრებ გაჭირვებულ ძმებს ანტიოქიელი ძმების სიყვარული!

3. ა) დღეს როგორ ჰბაძავს ღვთის ხალხი ანტიოქიელ ქრისტიანებს? მოიყვანეთ მაგალითი (იხ. აგრეთვე ჩარჩო „ იეჰოვას მოწმეთა მიერ გაწეული პირველი ფართომასშტაბიანი ჰუმანიტარული დახმარება“). ბ) რა საკითხებს განვიხილავთ ამ თავში?

3 ცნობების თანახმად, ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ერთი ქვეყნიდან ქრისტიანებმა მეორე ქვეყანაში დახმარება გაუგზავნეს თანაქრისტიანებს. ჩვენც ვბაძავთ ანტიოქიელ ქრისტიანებს და ვეხმარებით სხვა ქვეყნებში სტიქიური უბედურების დროს დაზარალებულ ან სხვა გასაჭირში ჩაცვენილ თანაქრისტიანებს. * უკეთ რომ გავიგოთ, როგორ უკავშირდება გაჭირვებაში მყოფთა დახმარება ჩვენს მსახურებას, განვიხილოთ სამი საკითხი: რატომ მივიჩნევთ დაზარალებულთა დახმარებას მსახურებად? რა მიზნებს ემსახურება ის? რა სასიკეთო გავლენას ახდენს ჩვენზე ასეთი მსახურება?

რატომ არის დაზარალებულთა დახმარება „წმინდა მსახურება“?

4. რა უთხრა პავლემ კორინთელებს ქრისტიანული მსახურების შესახებ?

4 კორინთელებისთვის მიწერილ მეორე წერილში პავლე ხსნის, რომ ქრისტიანთა მსახურება ორგვარია. თუმცა პავლეს წერილი ცხებული ქრისტიანებისთვის იყო განკუთვნილი, მისი სიტყვები დღეს ქრისტეს „სხვა ცხვარსაც“ ეხება (იოან. 10:16).  პირველი ისაა, რომ ჩვენ „შერიგების მსახურებას“ ვეწევით, რაც ქადაგებასა და სწავლებას გულისხმობს (2 კორ. 5:18—20; 1 ტიმ. 2:3—6), მეორე კი — თანამორწმუნეებს ვეხმარებით. პავლემ კონკრეტულად მოიხსენია თანაქრისტიანების „მომსახურება“ (2 კორ. 8:4). ორივე შემთხვევაში „მსახურებად“ და „მომსახურებად“ ითარგმნა ბერძნული სიტყვა დიაკონიას ერთ-ერთი ფორმა. რატომ არის ეს საყურადღებო?

5. რატომ არის საყურადღებო, რომ პავლემ გაჭირვებაში მყოფთა დახმარებას მსახურება უწოდა?

5 პავლემ ეს ბერძნული სიტყვა ორივე საქმიანობასთან გამოიყენა, რითაც გაჭირვებაში მყოფთა დახმარება ქრისტიანული მსახურების სხვა სფეროებთან გააერთიანა. უფრო ადრე მან კორინთელებს მისწერა: „მსახურებაც სხვადასხვაგვარია, მაგრამ უფალი იგივეა. მოქმედებაც სხვადასხვაგვარია . . . [მაგრამ] ამ ყველაფერს ერთი და იგივე სული აკეთებს“ (1 კორ. 12:4—6, 11). პავლემ კრებაში შესრულებული სხვადასხვა მსახურება „წმინდა მსახურებას“ დაუკავშირა * (რომ. 12:1, 6—8). ამიტომ გასაკვირი არ არის, რატომ მიიჩნევდა ის მიზანშეწონილად, დრო წმინდების მომსახურებისთვისაც გამოეყო (რომ. 15:25, 26).

6. ა) პავლეს სიტყვების თანახმად, რატომ არის გაჭირვებაში მყოფთა დახმარება ჩვენი თაყვანისმცემლობის ნაწილი? ბ) აღწერეთ, როგორ ვეხმარებით დაზარალებულებს მსოფლიო მასშტაბით (იხ. ჩარჩო „ უბედურების დროს“).

6 პავლემ კორინთელებს დაანახვა, თუ რატომ შედიოდა თანაქრისტიანების დახმარება იეჰოვასადმი მსახურებასა და თაყვანისცემაში. ის ასე მსჯელობდა: ქრისტიანები გაჭირვებაში მყოფ თანამორწმუნეებს იმიტომ ეხმარებიან, რომ „ქრისტეს შესახებ სასიხარულო ცნობას“ ემორჩილებიან (2 კორ. 9:13), ანუ თანაქრისტიანების დასახმარებლად მათ ქრისტეს სწავლებების გათვალისწინების სურვილი აღძრავთ. პავლეს სიტყვების თანახმად, და-ძმებისთვის გაკეთებული სიკეთე სხვა არაფერია თუ არა „ღვთის მრავალმხრივი . . . წყალობის“ გამოვლინება (2 კორ. 9:14; 1 პეტ. 4:10). გაჭირვებაში მყოფი ძმების დახმარებასთან დაკავშირებით 1975 წლის 1 დეკემბრის „საგუშაგო კოშკში“ სწორად იყო შენიშნული: „არასდროს უნდა შეგვეპაროს ეჭვი, რომ იეჰოვა ღმერთისა და მისი ძე იესო ქრისტესთვის ასეთი მსახურება მნიშვნელოვანია“. მართლაც, დაზარალებულთა დახმარება წმინდა მსახურების ერთ-ერთი ძვირფასი მხარეა (რომ. 12:1, 7; 2 კორ. 8:7; ებრ. 13:16).

დაზარალებულთა დახმარება კონკრეტულ მიზნებს ემსახურება

7, 8. რა არის გაჭირვებაში მყოფთა დახმარების პირველი მიზანი? ახსენით.

7 რა მიზნებს ემსახურება გაჭირვებაში მყოფი და-ძმების დახმარება? პავლემ ამ საკითხზე ისაუბრა კორინთელებისთვის მიწერილ მეორე წერილში (წაიკითხეთ 2 კორინთელების 9:11—15). ამ მუხლებში პავლე მოიხსენიებს სამ ძირითად მიზანს, რომლებსაც ხალხის მომსახურების ანუ დაზარალებულთა დახმარების დროს ვაღწევთ. განვიხილოთ თითოეული მათგანი.

8 პირველი: გაჭირვებაში მყოფთა დახმარება განადიდებს იეჰოვას. ალბათ, შენიშნეთ, რომ ზემოხსენებულ ხუთ მუხლში პავლემ არაერთხელ გაამახვილა ძმების ყურადღება იეჰოვა ღმერთზე. მაგალითად, მან მოიხსენია ღვთისადმი მადლიერება (მუხლები 11, 12) და აღნიშნა, რომ გასაჭირში მყოფთა დახმარება  ქრისტიანებს აღძრავდა, ღვთისა და მისი აღმატებული წყალობისთვის ხოტბა შეესხათ (მუხლები 13, 14). პავლე ამ საკითხზე მსჯელობის დასასრულ ამბობს: „მადლობა ღმერთს“ (მუხლი 15; 1 პეტ. 4:11).

9. რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს დაზარალებულთა დახმარებას? მოიყვანეთ მაგალითი.

9 პავლეს მსგავსად დღეს ღვთის მსახურები თვლიან, რომ დაზარალებულთა დახმარება იეჰოვას განდიდებისა და მისი სწავლების შემკობის შესაძლებლობას იძლევა (1 კორ. 10:31; ტიტ. 2:10). ხშირ შემთხვევაში ამ საქმეს დიდი წვლილი მიუძღვის იეჰოვასა და მისი მსახურების მიმართ წინასწარშექმნილი აზრის გაქარწყლებაში. მაგალითად, ერთ ქალბატონს, რომელიც ქარიშხლით დაზარალებულ ტერიტორიაზე ცხოვრობდა, კარზე გაკეთებული ჰქონდა წარწერა: „იეჰოვას მოწმეებო, ნუ შემაწუხებთ!“. ერთ დღესაც მან დაინახა, რომ მოხალისეები მისი მეზობლის სახლის აღდგენაზე მუშაობდნენ. ის რამდენიმე დღის მანძილზე აკვირდებოდა კეთილგანწყობილ მუშებს. შემდეგ გადაწყვიტა, მათთან მისულიყო და გაეცნო. ქალი გაოცდა, როცა გაიგო, რომ ისინი იეჰოვას მოწმეები იყვნენ, და უთხრა: „თქვენზე არასწორი წარმოდგენა მქონია“. ამის შემდეგ მან კარიდან წარწერა ჩამოხსნა.

10, 11. ა) მოიყვანეთ მაგალითები, რომლებიც ცხადყოფს, რომ დაზარალებულთა დახმარების დროს ვაღწევთ მეორე მიზანს. ბ) რომელი ბროშურა ეხმარება იმ ძმებს, რომლებიც დაზარალებულებს ეხმარებიან? (იხ. ჩარჩო „ ახალი ბროშურა დაზარალებულთა დასახმარებლად“).

10 მეორე: ვაკმაყოფილებთ თანამორწმუნეების საჭიროებებს (2 კორ. 9:12ა). მთელი გულით გვსურს, დავაკმაყოფილოთ ჩვენი და-ძმების პირველადი მოთხოვნილებები და გასაჭირი შევუმსუბუქოთ. ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ ქრისტიანული კრების წევრები ერთ სხეულს წარმოვადგენთ და, როცა „სხეულის ერთი ნაწილი იტანჯება, მასთან ერთად იტანჯება ყველა“ (1 კორ. 12:20, 26). შედეგად, ძმათმოყვარეობა და თანაგრძნობა აღძრავს უამრავ და-ძმას, უცბად შეცვალონ თავიანთი გეგმები, შეაგროვონ სამუშაო იარაღები და გაეშურონ სტიქიური უბედურების ზონაში მცხოვრები თანამორწმუნეების დასახმარებლად (იაკ. 2:15, 16). მაგალითად, იაპონიაში 2011 წელს მომხდარი ცუნამის შემდეგ შეერთებული შტატების ფილიალმა ადგილობრივ რეგიონალურ სამშენებლო კომიტეტებს სთხოვა, რომ იაპონიაში „რამდენიმე გამოცდილი ძმა“ გაეგზავნათ სამეფო დარბაზების აღსადგენად. როგორ გამოეხმაურნენ ძმები ამ თხოვნას? რამდენიმე კვირაში 600-მდე მოხალისემ გამოთქვა დახმარების სურვილი. ისინი მზად იყვნენ, საკუთარი ხარჯებით წასულიყვნენ იაპონიაში! შეერთებული შტატების ფილიალი წერდა, რომ გაოგნებული იყო ასეთი გამოხმაურებით. როცა იაპონიაში ჩასულ ერთ მოხალისე ძმას ჰკითხეს, რატომ გადაწყვიტა იქ ჩასვლა, მან უპასუხა: «იაპონელი ძმები „ჩვენი სხეულის“ ნაწილი არიან. ჩვენც განვიცდით მათ ტკივილსა და ტანჯვას». ზოგჯერ თავგანწირული სიყვარულით აღძრულმა მოხალისეებმა თანამორწმუნეების დასახმარებლად საკუთარი სიცოცხლეც კი ჩაიგდეს საფრთხეში * (1 იოან. 3:16).

11 და-ძმების გარდა, სხვებიც აფასებენ ჩვენ მიერ გაწეულ დახმარებას. მაგალითად, 2013 წელს არკანზასის შტატში (აშშ) მომხდარი სტიქიური უბედურების შემდეგ ერთ გაზეთში იეჰოვას  მოწმე მოხალისეთა სწრაფ გამოხმაურებაზე ნათქვამი იყო: „იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციას სტიქიური უბედურების დროს მოხალისეთა ორგანიზება ხელოვნების დონეზე აქვს აყვანილი“. ნამდვილად, როგორც მოციქულმა პავლემ თქვა, ჩვენ ვზრუნავთ გაჭირვებაში მყოფ ძმებზე.

12—14. ა) რატომ არის მნიშვნელოვანი დაზარალებულთა დახმარებისას მესამე მიზნის მიღწევა? ბ) როგორ ცხადყოფს სულიერი საქმიანობის განახლების მნიშვნელოვნებას დაზარალებულთა კომენტარები?

12 მესამე: დაზარალებულებს ვეხმარებით, უწინდებურად დაკავდნენ სულიერი საქმეებით. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? როგორც ბიბლიის ზოგიერთი თარგმანიდან ჩანს, დახმარება მრავალს, განსაკუთრებით დაზარალებულებს, „ღვთისადმი მადლიერების“ გამოხატვისკენ აღძრავს (2 კორ. 9:12ბ; შდრ. სსგ). რა იქნებოდა დაზარალებულების მხრიდან იეჰოვასადმი მადლიერების საუკეთესო გამოვლინება, თუ არა ის, რომ შეძლებისდაგვარად მალე დაკავდნენ სულიერი საქმეებით?! (ფილ. 1:10). 1945 წლის „საგუშაგო კოშკში“ ეწერა: „პავლემ მოიწონა . . . შესაწირავების შეგროვება, რადგან ეს . . . გაჭირვებული ქრისტიანი ძმების მატერიალურ მდგომარეობას გააუმჯობესებდა და შესაძლებლობას მისცემდა, რომ უფრო თავისუფლად და შემართებით ჩაბმულიყვნენ იეჰოვას შესახებ დამოწმების საქმეში“. დღესაც იგივე მიზანი გვაქვს. როცა ძმები სამქადაგებლო საქმეს უბრუნდებიან, ისინი არა მხოლოდ გასაჭირში ჩავარდნილ მოყვასს ეხმარებიან, არამედ საკუთარ თავსაც განამტკიცებენ (წაიკითხეთ 2 კორინთელების 1:3, 4).

13 ვნახოთ, რას ამბობს ზოგი, ვინც ასეთი დახმარება მიიღო, კვლავ დაიწყო ქადაგება და გაძლიერდა. „ჩვენი ოჯახისთვის კურთხევა იყო მსახურებაში გასვლა, — აღნიშნა ერთმა ძმამ. — სხვების ნუგეშისცემამ ცოტა ხნით შეგვიმსუბუქა წუხილი“. ერთმა დამ თქვა: „სულიერ საქმიანობაზე კონცენტრირებამ გარშემო არსებული მძიმე მდგომარეობიდან ყურადღება გადამატანინა. თავს დაცულად ვგრძნობდი“. სხვა დამ კი აღნიშნა: „თუმცა ბევრი რამის შეცვლა არ შეგვეძლო, მსახურება მთელ ოჯახს დაბნეულობის დაძლევაში დაგვეხმარა. ახალი ქვეყნიერების შესახებ სხვებთან საუბარმა განგვიმტკიცა რწმენა, რომ ღმერთი ყველაფერს ახალს შექმნიდა“.

14 აგრეთვე, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა დაზარალებულმა თანამორწმუნეებმა განაახლონ კრების შეხვედრებზე სიარული. აი, რა შეემთხვა 50 წელს გადაცილებულ და კიოკოს, რომელსაც ცუნამის დროს მხოლოდ ის შერჩა, რაც ტანზე ეცვა. კიოკომ არ იცოდა, რით ეარსება. ის შეხვდა კრების უხუცესს, რომელმაც თავის მანქანაში კრების შეხვედრაზე მიიწვია. კიოკო იხსენებს: „მანქანაში მე, უხუცესი, მისი ცოლი და კიდევ ერთი და ვისხედით. შეხვედრა ძალიან უბრალო იყო, თუმცა სასწაულებრივად გადამავიწყა ცუნამის მოგონებები. შინაგანი სიმშვიდე დამეუფლა. ამ შეხვედრამ ქრისტიანული ურთიერთობის სიძლიერე დამანახვა“. სხვა დამ კი თქვა, რომ სტიქიური უბედურების შემდეგ ჩატარებული შეხვედრები მისთვის მაშველი რგოლივით იყო (რომ. 1:11, 12; 12:12).

 გაჭირვებაში მყოფთა დახმარებას დიდი სიკეთე მოაქვს

15, 16. ა) რა სიკეთეს მოუტანდა გაჭირვებულთა დახმარება კორინთელ თუ სხვა ქრისტიანებს, რომლებიც ამ საქმეში მონაწილეობდნენ? ბ) რა სიკეთე მოაქვს ჩვენთვის დღეს დაზარალებულთა დახმარებას?

15 გაჭირვებაში მყოფთა დახმარებაზე საუბრისას პავლემ კორინთელებს აუხსნა, რა სიკეთეს მოუტანდა ეს მათაც და სხვა ქრისტიანებსაც, რომლებიც ამ საქმეში მონაწილეობდნენ. მან თქვა: „ისინი [იერუსალიმში დახმარების მიმღები იუდეველი ქრისტიანები] თქვენთვის ლოცულობენ და შემოგნატრიან ღვთის აღმატებული წყალობის გამო, რომელიც თქვენზეა“ (2 კორ. 9:14). კორინთელი ქრისტიანების ხელგაშლილობა განამტკიცებდა მათდამი იუდეველი ქრისტიანების სიყვარულს და აღძრავდა, ელოცათ კორინთელი ძმებისთვის, მათ შორის იქ მცხოვრები უცხოტომელი ქრისტიანებისთვის.

16 პავლეს ზემოხსენებულ სიტყვებზე, რომლებიც დაზარალებულთა დახმარების სასიკეთო შედეგებს ეხებოდა, 1945 წლის 1 დეკემბრის „საგუშაგო კოშკში“ ნათქვამი იყო: „წარმოიდგინეთ, როცა ღვთის მიძღვნილი ხალხის ერთი ნაწილი ზრუნავს მეორე ნაწილის საჭიროებებზე, როგორ აერთიანებს ეს მათ!“. სწორედ ამას გრძნობენ ისინი, ვინც დაზარალებულებს ეხმარებიან. ერთმა უხუცესმა, რომელიც წყალდიდობით დაზარალებულ თანაქრისტიანებს ეხმარებოდა, თქვა: „ამ საქმეში მონაწილეობამ ისე დამაახლოვა ძმებთან, როგორც არასდროს“. ეს აზრი ერთმა დამ, რომელმაც თანაქრისტიანებისგან დახმარება მიიღო, შემდეგნაირად გამოხატა: „დღეს დედამიწაზე სამოთხეს ყველაზე მეტად ჩვენი საძმო გვახსენებს“ (წაიკითხეთ იგავების 17:17).

17. ა) როგორ ეხება ესაიას 41:13-ში ჩაწერილი სიტყვები დაზარალებულთა დახმარებას? ბ) მოიყვანეთ მაგალითები, როგორ განადიდებს დაზარალებულთა დახმარება იეჰოვას და როგორ განამტკიცებს ჩვენს ერთობას (იხ. აგრეთვე ჩარჩო „ მოხალისეები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ეხმარებიან დაზარალებულებს“).

 17 როცა ძმები სტიქიური უბედურების ზონაში ჩადიან, დაზარალებულ და-ძმებზე განსაკუთრებული სახით სრულდება ღვთის დანაპირები: „მე, იეჰოვას, შენს ღმერთს, მიჭირავს შენი მარჯვენა და გეუბნები: ნუ გეშინია, მე დაგეხმარები“ (ეს. 41:13). სტიქიურ უბედურებას გადარჩენილმა დამ თქვა: „როცა ვნახე, რომ ყველაფერი გაპარტახებული იყო, უიმედობამ შემიპყრო, მაგრამ იეჰოვამ დახმარების ხელი გამომიწოდა. სიტყვებით ვერ გადმოვცემ, რამხელა დახმარება მივიღე ძმებისგან“. სტიქიური უბედურების შემდეგ ორმა უხუცესმა თავიანთი კრებების სახელით დაწერეს: „მიწისძვრამ დიდი ტკივილი მოგვაყენა, მაგრამ იეჰოვა ძმების მეშვეობით დაგვეხმარა. დაზარალებულთა დახმარების შესახებ მხოლოდ წაკითხული გვქონდა, ახლა კი საკუთარი თვალით ვნახეთ, როგორ ხდებოდა ეს“.

შეგიძლიათ თქვენი წვლილი შეიტანოთ?

18. რა უნდა გააკეთოთ, თუ გინდათ, დაზარალებულთა დასახმარებლად თქვენი წვლილი შეიტანოთ? (იხ. აგრეთვე ჩარჩო „ მისი ცხოვრება შეიცვალა“).

18 თქვენც გინდათ განიცადოთ დაზარალებულთა დახმარებით გამოწვეული სიხარული? გახსოვდეთ, რომ ხშირად დაზარალებულთა დასახმარებლად სამეფო დარბაზების მშენებლობაზე მომუშავე მოხალისეებს ირჩევენ. სთხოვეთ უხუცესებს, მოგცენ შესაბამისი ბლანკი შესავსებად. ერთ-ერთი უხუცესი, რომელსაც დაზარალებულთა დახმარების დიდი გამოცდილება აქვს, ასეთ რამეს გვირჩევს: „სტიქიური უბედურების ზონაში არ ჩახვიდე, ვიდრე სტიქიური უბედურებებით დაზარალებულთა დახმარების კომიტეტისგან ოფიციალურ ნებართვას არ მიიღებ“. ამგვარად, დაზარალებულთა დახმარება ორგანიზებულად მოხდება.

19. როგორ ადასტურებენ მოხალისე და-ძმები თავიანთი საქმიანობით, რომ იეჰოვას მოწმეები ნამდვილად ქრისტეს მოწაფეები არიან?

19 დაზარალებულთა დახმარება ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, შევასრულოთ ქრისტეს მითითება, რომ გვიყვარდეს ერთმანეთი. ასეთი სიყვარული აშკარად ადასტურებს, რომ ჩვენ ნამდვილად ქრისტეს მოწაფეები ვართ (იოან. 13:34, 35). რა დიდი კურთხევაა ჩვენთვის, რომ ამდენი მოხალისე და-ძმა განადიდებს იეჰოვას და ეხმარება დაზარალებულ თანაქრისტიანებს, რომლებიც ღვთის სამეფოს ერთგულად უჭერენ მხარს!

^ აბზ. 3 ამ თავში განხილულია, როგორ ვეხმარებით დაზარალებულ თანაქრისტიანებს. თუმცა ხშირად ვეხმარებით მათაც, ვინც იეჰოვას მოწმეები არ არიან (გალ. 6:10).

^ აბზ. 5 პავლემ კრების მომსახურეებზე საუბრისას ბერძნული სიტყვა დიაკონოს (მსახური) მრავლობით რიცხვში გამოიყენა (1 ტიმ. 3:8).

^ აბზ. 10 იხ. 1994 წლის 1 ნოემბრის „საგუშაგო კოშკი“, გვ. 23—27 (რუს.).