წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ღვთის სამეფო მმართველობს!

 თავი 19

სამშენებლო საქმიანობა, რომელიც განადიდებს იეჰოვას

სამშენებლო საქმიანობა, რომელიც განადიდებს იეჰოვას

ამ თავიდან შევიტყობთ:

მსოფლიო მასშტაბით მიმდინარე სამშენებლო საქმიანობა სამეფოს ინტერესებს ემსახურება

1, 2. ა) რას აკეთებენ იეჰოვას მსახურები ოდითგანვე სიხარულით? ბ) რას აფასებს იეჰოვა?

იეჰოვას ერთგული მსახურები ოდითგანვე დიდი სიხარულით აგებდნენ შენობებს, რომლებიც ღვთის სახელს განადიდებდა. მაგალითად, ისრაელებმა ენთუზიაზმით მიიღეს მონაწილეობა კარვის აგებაში და გულუხვად გაიღეს მის ასაგებად საჭირო მასალა (გამ. 35:30—35; 36:1, 4—7).

2 თუმცა იეჰოვა სამშენებლო მასალას არც ყველაზე ძვირფას რამედ მიიჩნევს და არც მის უმთავრეს განმადიდებელ საშუალებად (მათ. 23:16, 17). მისთვის ძვირფასია ის ძღვენი, რომელიც მას ყველაზე მეტად განადიდებს — მისი მსახურების თაყვანისცემა, მზადყოფნა და გულმოდგინე შრომა (გამ. 35:21; მარ. 12:41—44; 1 ტიმ. 6:17—19). ეს არცთუ უმნიშვნელო ფაქტია, რადგან შენობები მუდმივი არ არის. მაგალითად, კარავი და ტაძარი დღეს აღარ არსებობს, მაგრამ იეჰოვას არასოდეს დაავიწყდება მათ ასაგებად მისი ერთგული მსახურების მიერ გაწეული გულუხვობა და შრომა (წაიკითხეთ 1 კორინთელების 15:58; ებრაელების 6:10).

3. რას შევიხსენებთ ამ თავში?

3 იეჰოვას მსახურები დღესაც მძიმედ შრომობენ თაყვანისმცემლობის ადგილების ასაგებად. გასაოცარია, რამდენს მივაღწიეთ ჩვენი მეფის, იესო ქრისტეს ხელმძღვანელობით! აშკარაა, რომ იეჰოვამ აკურთხა ჩვენი ძალისხმევა (ფსალმ. 127:1). ამ თავში შევიხსენებთ ჩვენ მიერ შესრულებულ ზოგიერთ საქმეს და გავიგებთ, როგორ განდიდდა ამ დროს იეჰოვას სახელი. აგრეთვე წავიკითხავთ ზოგიერთი და-ძმის კომენტარს, რომლებმაც სამშენებლო პროექტებში მიიღეს მონაწილეობა.

სამეფო დარბაზების მშენებლობა

4. ა) რატომ გვჭირდება უფრო მეტი თაყვანისმცემლობის ადგილი? ბ) რატომ გაერთიანდა სხვადასხვა ფილიალი? (იხ. ჩარჩო „ ფილიალების მშენებლობა — ცვლილებების მიხედვით მოქმედება“).

4 როგორც მე-16 თავიდან გავიგეთ, იეჰოვა მოითხოვს, რომ თაყვანისმცემლობისთვის ერთად შევიკრიბოთ (ებრ. 10:25). შეხვედრები არა მხოლოდ რწმენას გვიძლიერებს, არამედ ქადაგების ხალისს გვმატებს. რაც უფრო იწურება ბოლო დღეები, იეჰოვა მით მეტად აჩქარებს სამქადაგებლო საქმეს. შედეგად, ორგანიზაციას ყოველ წელს ასიათასობით ადამიანი ემატება (ეს. 60:22). სამეფოს ქვეშევრდომების ზრდასთან ერთად იზრდება სტამბების საჭიროება ბიბლიაზე დაფუძნებული ლიტერატურის  გამოსაცემად. აგრეთვე გვჭირდება უფრო მეტი სამეფო თუ საკონგრესო დარბაზი.

5. რატომ შეეფერება სახელი „სამეფო დარბაზი“ ჩვენს შესაკრებელ ადგილებს? (იხ. აგრეთვე ჩარჩო „ ახალი სინათლის ეკლესია“).

5 იეჰოვას ხალხის თანამედროვე ისტორიის ადრეულ ეტაპზე ბიბლიის მკვლევრებმა დაინახეს, რომ თაყვანისცემისთვის საკუთარი შესაკრებელი ადგილები სჭირდებოდათ. ამ მიზნით ერთ-ერთი პირველი ნაგებობა, როგორც ჩანს, 1890 წელს აშენდა დასავლეთ ვირჯინიაში (აშშ). 1930-იანი წლებისთვის იეჰოვას ხალხს უკვე აგებული ან გადაკეთებული ჰქონდა არაერთი დარბაზი, თუმცა ამ შესაკრებელ ადგილებს განსხვავებული სახელი არ ერქვა. 1935 წელს ძმა რუტერფორდი ესტუმრა ჰავაის, სადაც ასეთი დარბაზი ახალ ფილიალთან ერთად აშენდა. როცა ჰკითხეს, რა დაერქმიათ ამ ახალი შენობისთვის, ძმა რუტერფორდმა მიუგო: «„სამეფო დარბაზი“ ხომ არ დაგვერქმია? ჩვენი ძირითადი საქმიანობა ხომ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგებაა?!» (მათ. 24:14). ეს შესაფერისი სახელი მალე არა მხოლოდ ამ კონკრეტულ დარბაზს ეწოდა, არამედ შესაკრებელ  ადგილთაგან უმეტესობას, რომელთაც იეჰოვას ხალხი მთელი მსოფლიოს მასშტაბით იყენებდა.

6, 7. რა შედეგი მოჰყვა სამეფო დარბაზების სწრაფი მეთოდით შენებას?

6 სამეფო დარბაზების აშენების საჭიროება განსაკუთრებით 1970-იან წლებში გაჩნდა. ამიტომ ძმებმა შეერთებულ შტატებში შეიმუშავეს სპეციალური სამშენებლო პროგრამა, რომლის მეშვეობითაც სულ რამდენიმე დღეში შესაძლებელი გახდა ისეთი სამეფო დარბაზის აშენება, რომელიც ლამაზიც იქნებოდა და თავის დანიშნულებასაც კარგად შეასრულებდა. 1983 წლისთვის შეერთებულ შტატებსა და კანადაში დაახლოებით 200 ასეთი სამეფო დარბაზი აშენდა. საქმის შესასრულებლად ძმებმა ჩამოაყალიბეს რეგიონალური სამშენებლო კომიტეტები. შენების ასეთმა მეთოდმა გაამართლა, ამიტომ 1986 წელს ხელმძღვანელმა საბჭომ ამ ღონისძიებას ოფიციალური სახე მისცა და უკვე 1987 წლისთვის შეერთებულ შტატებში 60 რეგიონალური სამშენებლო კომიტეტი არსებობდა. * 1992 წლისთვის ასეთი კომიტეტები ჩამოყალიბდა ავსტრალიაში, არგენტინაში, გერმანიაში, ესპანეთში, იაპონიაში, მექსიკაში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასა და საფრანგეთში. სამეფო და საკონგრესო დარბაზების მშენებლობაზე მძიმედ მშრომელი ძმები ნამდვილად იმსახურებენ ჩვენს მხარდაჭერას, რადგან მათ მიერ შესრულებული საქმე წმინდა მსახურების ნაწილია.

7 იმ ტერიტორიებზე, სადაც სამეფო დარბაზები ამ მეთოდით აშენდა, მოსახლეობამ კარგი დამოწმება მიიღო. ესპანეთში გამომავალ ერთ-ერთ გაზეთში დაიბეჭდა სტატია სათაურით „რწმენამ გადადგა მთები“. სტატიაში საუბარი იყო ქალაქ მარტოსში  ასეთი სამეფო დარბაზის მშენებლობის შესახებ და დასმული იყო კითხვა: „როგორ მოხდა, რომ ეგოიზმით გაჟღენთილ მსოფლიოში [ესპანეთის] სხვადასხვა კუთხიდან ქალაქ მარტოსში შენობის ასაგებად ჩავიდნენ უანგარო მოხალისეები, რომელთაც სისწრაფის, ხარისხისა და ორგანიზებულობის რეკორდი მოხსნეს?“. იქვე კითხვის პასუხად მოყვანილი იყო ერთ-ერთი მოხალისის სიტყვები: „საქმე ისაა, რომ ჩვენ იეჰოვასგან განსწავლული ხალხი ვართ“.

მშენებლობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქვეყნებში

8. რომელი ახალი პროგრამა მოიწონა ხელმძღვანელმა საბჭომ 1999 წელს და რატომ?

8 მეოცე საუკუნის დასასრულისთვის იეჰოვას ორგანიზაციას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქვეყნებში უამრავი ადამიანი შეემატა. ადგილობრივი კრებები დარბაზების ასაშენებლად შეძლებისდაგვარად ყველაფერს აკეთებდნენ. მაგრამ ზოგიერთ ქვეყანაში და-ძმებს დასცინოდნენ და მათზე ცუდი წარმოდგენა ჰქონდათ შექმნილი, რადგან სამეფო დარბაზები სხვა თაყვანისმცემლობის შენობებთან შედარებით ძალიან პრიმიტიული იყო. 1999 წელს ხელმძღვანელმა საბჭომ მოიწონა პროგრამა, რომლის მეშვეობითაც დაჩქარდებოდა განვითარებად ქვეყნებში სამეფო დარბაზების მშენებლობა. ასეთი ქვეყნებისთვის ხელმისაწვდომი გახდა შედარებით მდიდარი ქვეყნების შესაწირავები, რათა თანასწორობა ყოფილიყო (წაიკითხეთ 2 კორინთელების 8:13—15). აგრეთვე მათთან სამშენებლო სამუშაოებში დასახმარებლად სხვადასხვა ქვეყნიდან მოხალისე და-ძმები ჩავიდნენ.

9. რის გაკეთება ჩანდა არარეალური, მაგრამ რას მივაღწიეთ?

 9 თავიდან საქმის შესრულება არარეალური ჩანდა. 2001 წლის ანგარიშიდან გამოჩნდა, რომ 88 განვითარებად ქვეყანაში 18 300-ზე მეტი სამეფო დარბაზის აშენება იყო საჭირო. მაგრამ ღვთის სულისა და ჩვენი მეფის, იესო ქრისტეს დახმარებით შეუძლებელი არაფერია (მათ. 19:26). დაახლოებით 15 წლის განმავლობაში, 1999 წლიდან 2013 წლამდე, ღვთის ხალხმა ამ პროგრამის ფარგლებში 26 849 სამეფო დარბაზი ააგო. * იეჰოვა კვლავაც აკურთხებს სამქადაგებლო საქმიანობას. ასეთ ქვეყნებში 2013 წლის მონაცემებით კიდევ საჭიროა დაახლოებით 6 500 სამეფო დარბაზის აშენება, ყოველწლიურად კი ამ რიცხვს ასეულები ემატება.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქვეყნებში სამეფო დარბაზების მშენებლობას თავისებური სირთულეები სდევს

10—12. როგორ განადიდა იეჰოვას სახელი სამეფო დარბაზების მშენებლობამ?

10 როგორ განადიდა იეჰოვას სახელი ამ ახალი სამეფო დარბაზების მშენებლობამ? ზიმბაბვეს ფილიალის ანგარიშში ნათქვამი იყო: „სამეფო დარბაზის აშენებიდან ერთ თვეში კრების შეხვედრებზე დამსწრეთა რიცხვი ორმაგდება“. როგორც ჩანს, მრავალ ქვეყანაში ხალხი ჩვენთან ურთიერთობას ერიდება, ვიდრე თაყვანისმცემლობისთვის შესაფერისი ნაგებობები არ აშენდება. სამეფო დარბაზის აშენებისთანავე ახალი დარბაზის აშენება ხდება საჭირო. მაგრამ ხალხს მხოლოდ ლამაზი შენობები არ იზიდავს იეჰოვასთან. დარბაზების მშენებლების მიერ გამოვლენილი ნამდვილი ქრისტიანული სიყვარული ხალხს დამოკიდებულებას უცვლის ღვთის ორგანიზაციის მიმართ. განვიხილოთ რამდენიმე შემთხვევა.

11 ინდონეზია. ერთმა კაცმა, რომელიც სამეფო დარბაზის მშენებლობას აკვირდებოდა, გაიგო, რომ მშენებლები მოხალისეები იყვნენ. მან თქვა: „საოცარი ხალხი ხართ! ვხედავ, როგორ გულმოდგინედ და სიხარულით მუშაობთ ყველანი იმის მიუხედავად, რომ არაფერს გიხდიან. ვფიქრობ, თქვენნაირი ორგანიზაცია მეორე არ არის“.

12 უკრაინა. ერთი ქალი, რომელსაც ყოველდღე უწევდა სამეფო დარბაზის მშენებლობის ადგილზე გავლა, მიხვდა, რომ მუშები იეჰოვას მოწმეები იყვნენ და იქ სამეფო დარბაზი შენდებოდა. მან თქვა: „იეჰოვას მოწმეების შესახებ ჩემი დისგან მქონდა გაგონილი, რომელიც თავადაც მოწმე გახდა. ამ მშენებლობის შემხედვარემ გადავწყვიტე, რომ მეც ამ სულიერი ოჯახის წევრი გავმხდარიყავი. სწორედ აქ ვნახე ნამდვილი სიყვარული“. ამ ქალბატონმა ბიბლიის შესწავლა დაიწყო და 2010 წელს მოინათლა.

13, 14. ა) რისკენ აღძრა ერთი წყვილი სამეფო დარბაზის მშენებლობაზე დაკვირვებამ და რა ისწავლეთ ამ შემთხვევიდან? ბ) რის გაკეთება შეგიძლია იმისთვის, რომ ადგილობრივმა სამეფო დარბაზმა იეჰოვას სახელი განადიდოს?

13 არგენტინა. ერთი დაქორწინებული წყვილი მივიდა ძმასთან, რომელიც სამეფო დარბაზის მშენებლობას ხელმძღვანელობდა. ქმარმა უთხრა ძმას: „თვალ-ყურს ვადევნებდით თქვენს მშენებლობას და . . . იმ დასკვნამდე მივედით, რომ სწორედ აქ გვინდა ვისწავლოთ ღვთის შესახებ . . . რა უნდა გავაკეთოთ, რომ აქ შეხვედრებზე დასწრება შეგვეძლოს?“. წყვილმა იმ პირობით განაცხადა თანხმობა ბიბლიის შესწავლაზე, თუ მთელ ოჯახს  ერთად შეასწავლიდნენ. ძმები სიამოვნებით დაეთანხმნენ პირობას.

14 შეიძლება იმ სამეფო დარბაზის მშენებლობაში ვერ მიიღე მონაწილეობა, სადაც კრების შეხვედრებს ესწრები, თუმცა შეგიძლია ახლა შეიტანო შენი წვლილი იმაში, რომ ამ თაყვანისმცემლობის ადგილმა იეჰოვას სახელი განადიდოს. მაგალითად, სამეფო დარბაზში კრების შეხვედრებზე შეგიძლია გულითადად დაპატიჟო ისინი, ვისაც ბიბლიას ასწავლი ან განმეორებით ინახულებ, აგრეთვე სხვებიც. შეგიძლია მის მოვლა-დასუფთავებაშიც მიიღო მონაწილეობა. თუ კარგად დაგეგმავ, შესაწირავის გაღებასაც შეძლებ ადგილობრივი სამეფო დარბაზის ხარჯების დასაფარავად ან სხვა ქვეყნებში ასეთივე სამეფო დარბაზების ასაშენებლად (წაიკითხეთ 1 კორინთელების 16:2). ასეთი საქმეები ხოტბას ასხამს იეჰოვას სახელს.

მუშები, რომლებიც მზადყოფნას ავლენენ

15—17. ა) ვინ ასრულებს მშენებლობის დროს საქმის დიდ ნაწილს? ბ) რა ისწავლეთ საერთაშორისო სამშენებლო პროექტებში მონაწილე წყვილების კომენტარებიდან?

15 სამეფო და საკონგრესო დარბაზების, აგრეთვე ფილიალების მშენებლობის დროს საქმის დიდ ნაწილს ადგილობრივი და-ძმები ასრულებენ. თუმცა მათ ხშირად სხვა ქვეყნებიდან ჩასული გამოცდილი მშენებლები ეხმარებიან. ამ მოხალისეთაგან ზოგმა ისე დაგეგმა თავისი საქმეები, რომ საერთაშორისო პროექტებზე რამდენიმე კვირა ემუშავათ, სხვები კი მრავალი წლის მანძილზე მსახურობენ და ერთი პროექტიდან მეორეზე გადადიან.

ტიმო და ლინა ლაპალაინენები (იხ. აბზაცი 16)

16 საერთაშორისო მშენებლობას თავისებური სირთულეები სდევს, თუმცა კურთხევებიც არ აკლია. მაგალითად, ტიმო და ლინა სამეფო და საკონგრესო დარბაზებისა და ფილიალების მშენებლობაში მონაწილეობდნენ აზიაში, ევროპასა და სამხრეთ ამერიკაში. ტიმო ამბობს: „ბოლო 30 წელია, ყოველ ორ  წელიწადში ერთხელ ახალ პროექტზე ვიწყებ მუშაობას“. ლინა, რომელიც 25 წელიწადია ტიმოს ცოლია, ამბობს: „ტიმოსთან ერთად ათ ქვეყანაში ვიმსახურე. დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს ახალ საკვებთან, კლიმატთან, ენასა და სამქადაგებლო ტერიტორიასთან შეგუება და ახალი მეგობრების გაჩენა“. * ღირდა კი ეს ძალისხმევად? ლინა ამბობს: „სირთულეების დაძლევას უდიდესი კურთხევები მოჰყვა. გამოვცადეთ ქრისტიანული სიყვარული და სტუმართმოყვარეობა და ვიგრძენით, რომ იეჰოვა სიყვარულით ზრუნავდა ჩვენზე. ჩვენი თვალით ვიხილეთ იესოს მიერ მარკოზის 10:29, 30-ში მოხსენიებული დაპირების შესრულება. ასმაგად მივიღეთ სულიერი და-ძმები და დედები“. ტიმო ამბობს: „ღრმა კმაყოფილების გრძნობას იწვევს ყველაზე აღმატებულ საქმეში, მეფის საკუთრების გაფართოებაში მონაწილეობა და საკუთარი უნარის გამოყენება“.

17 დარენი და სარა, რომლებიც სამშენებლო პროექტებზე აფრიკაში, აზიაში, ცენტრალურ ამერიკაში, ევროპაში, სამხრეთ ამერიკასა და წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში მსახურობდნენ, ფიქრობენ, რომ იმაზე მეტი მიიღეს, ვიდრე გასცეს. დარენი ამბობს, რომ მიუხედავად სირთულეებისა, „დიდი პატივია დედამიწის სხვადასხვა ნაწილში ძმებთან თანამშრომლობა“. ის დასძენს: „დავინახე, რომ ყველას იეჰოვას სიყვარული გვაერთიანებს“. სარა ამბობს: „ძალიან ბევრი რამე ვისწავლე სხვადასხვა კულტურის და-ძმებისგან. იეჰოვასადმი მსახურებაში მათ მიერ გაღებული მსხვერპლი აღმძრავს, კვლავაც საუკეთესო გავიღო მისთვის“.

18. როგორ სრულდება ფსალმუნის 110:1—3-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება?

18 მეფე დავითმა იწინასწარმეტყველა, რომ ღვთის სამეფოს ქვეშევრდომები სირთულეების მიუხედავად მზადყოფნით დაუჭერდნენ მხარს სამეფოს ინტერესებს (წაიკითხეთ ფსალმუნის 110:1—3). ყველა, ვინც მხარს უჭერს სამეფოს საქმეს, მონაწილეობს ამ წინასწარმეტყველური სიტყვების შესრულებაში (1 კორ. 3:9). მთელ მსოფლიოში არსებული ათობით ფილიალი, ასობით საკონგრესო დარბაზი და ათიათასობით სამეფო დარბაზი იმის აშკარა დადასტურებაა, რომ ღვთის სამეფო რეალურია და მმართველობს. რამხელა პატივია, ვემსახუროთ მეფე იესო ქრისტეს და შევასრულოთ საქმე, რომელიც იეჰოვას განადიდებს!

^ აბზ. 6 2013 წელს 230 000-ზე მეტ მოხალისეს შეეძლო შეერთებულ შტატებში 132 რეგიონალურ სამშენებლო კომიტეტთან თანამშრომლობა. ყოველწლიურად ამ ქვეყანაში ეს კომიტეტები ხელმძღვანელობენ დაახლოებით 75 ახალი სამეფო დარბაზის მშენებლობას და 900-მდე დარბაზის გადაკეთება-გარემონტებაში ეხმარებიან კრებებს.

^ აბზ. 9 ამ რიცხვში არ შედის იმ ქვეყნებში აშენებული სამეფო დარბაზები, სადაც ეს პროგრამა არ მოქმედებს.

^ აბზ. 16 საერთაშორისო მსახურები და მოხალისეები თავიანთი დროის დიდ ნაწილს სამშენებლო ტერიტორიაზე ატარებენ, შაბათ-კვირასა და საღამოობით კი ადგილობრივ კრებებთან ერთად ქადაგებენ.

გაიგეთ მეტი

მშენებლობა საზღვრების გარეშე

იეჰოვას ხალხს შორის არ არსებობს ეროვნული, კულტურული თუ ენობრივი ბარიერები. ისინი სამეფო დარბაზებსა თუ ფილიალებს იეჰოვას განსადიდებლად აშენებენ.