წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ღვთის სამეფო მმართველობს!

 თავი 12

ორგანიზებულად ვასრულებთ „მშვიდობის ღმერთის“ ნებას

ორგანიზებულად ვასრულებთ „მშვიდობის ღმერთის“ ნებას

ამ თავიდან შევიტყობთ:

როგორ უწევდა იეჰოვა ორგანიზებას თავის ხალხს

1, 2. რა ცვლილება განიცადა 1895 წლის იანვრის „სიონის საგუშაგო კოშკმა“ და რა გამოხმაურება მოჰყვა ამ სიახლეს?

როცა გულმოდგინე ბიბლიის მკვლევარმა ჯონ ბონემ 1895 წლის იანვრის „სიონის საგუშაგო კოშკი“ მიიღო, აღფრთოვანებული დარჩა. ჟურნალის გარეკანზე მკვეთრად იყო გამოსახული შუქურა, რომელიც მღელვარე ზღვას გადაჰყურებდა, მისგან გამომავალი სინათლის სხივები კი ბნელ ცას აშუქებდა. ამ სიახლის შესახებ ამავე ნომერში დაბეჭდილი იყო განცხადება სათაურით „ახლებური გაფორმება“.

2 ჯონ ბონემ მაშინვე მისწერა წერილი ძმა რასელს. „გარეკანზე კოშკი ლამაზად და შთამბეჭდავად გამოიყურება“, — წერდა ის. ახალი გაფორმების შესახებ კომენტარი ბიბლიის მკვლევარმა, ჯონ ბრაუნმაც გააკეთა: „ძალიან თვალში საცემი გარეკანი აქვს. რა მყარად დგას კოშკი აბობოქრებულ ზღვაში?! აქეთ-იქიდან ტალღები ეხეთქება, მაგრამ ვერაფერს აკლებს!“. ჟურნალის გარეკანი არ იყო ერთადერთი სიახლე. იმავე წლის ნოემბერში და-ძმებმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი შეიტყვეს, რასაც საძმო მომავალი სიძნელეების დროს უნდა დაეცვა.

3, 4. რა პრობლემას მოიხსენიებდა 1895 წლის 15 ნოემბრის „საგუშაგო კოშკის“ ერთ-ერთი სტატია და რა სერიოზული ცვლილების შესახებ იუწყებოდა ის?

3 „საგუშაგო კოშკის“ 1895 წლის 15 ნოემბრის ნომერში დაბეჭდილი ვრცელი სტატია ფარდას ხდიდა ორგანიზაციაში არსებულ პრობლემას, რომელიც ბობოქარი ზღვის ტალღებივით ეხეთქებოდა ღვთის ორგანიზაციას და ბიბლიის მკვლევართა შორის მშვიდობას არღვევდა. საქმე ის იყო, რომ კრებაში ძმები ხშირად კამათობდნენ იმაზე, თუ ვინ უნდა ყოფილიყო მათ შორის ხელმძღვანელი. სტატიაში, რომელიც მიზნად ისახავდა კრებაში მეტოქეობის აღმოფხვრას, ორგანიზაცია ხომალდთან იყო შედარებული და გულწრფელად იყო ნათქვამი, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა თანამორწმუნეები განსაცდელებისთვის ვერ მოამზადეს. როგორ უნდა მოგვარებულიყო ეს პრობლემა?

4 სტატიაში აღნიშნული იყო, რომ კარგ კაპიტანს ხომალდზე უნდა ჰქონდეს საშველი აღჭურვილობა და მისი ეკიპაჟი მომზადებული უნდა იყოს შტორმისთვის. მსგავსად ამისა, ორგანიზაციის ხელმძღვანელებს ყველაფერი უნდა გაეკეთებინათ,  რომ კრებები სიძნელეებს მომზადებული შეხვედროდნენ, ამისთვის კი საჭირო იყო სერიოზული ცვლილების მოხდენა. სტატიაში მოცემული მითითებისამებრ, ყოველ კრებაში სამწყსოს საზედამხედველოდ დაუყოვნებლივ უნდა აერჩიათ უხუცესები (საქ. 20:28).

5. ა) რატომ იყო უხუცესების არჩევის პირველი ღონისძიება წინ გადადგმული ნაბიჯი? ბ) რა საკითხებს განვიხილავთ?

5 უხუცესების არჩევის ეს პირველი ღონისძიება ძლიერი კრების ჩამოსაყალიბებლად წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. მისი დახმარებით ძმებმა პირველი მსოფლიო ომის მძვინვარე ტალღები გააპეს. მომდევნო ათწლეულებში მომხდარი სხვა ორგანიზაციული ცვლილებები ღვთის ხალხს იეჰოვას ნების უკეთ შესრულებაში დაეხმარა. რომელი ბიბლიური წინასწარმეტყველება ეხებოდა ამ ცვლილებებს? თქვენ რომელი ცვლილების მომსწრე გახდით? რა დადებითი ნაყოფი გამოიღო ამ ცვლილებებმა?

„მშვიდობას დაგიყენებ ზედამხედველად“

6, 7. ა) როგორ უნდა გავიგოთ ესაიას 60:17-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება? ბ) რაზე მიუთითებს სიტყვები „ზედამხედველი“ და „სამუშაოს გამნაწილებელი“?

6 როგორც მე-9 თავში განვიხილეთ, იეჰოვას ესაიას პირით ნაწინასწარმეტყველები ჰქონდა, რომ თავის ხალხს აკურთხებდა და რიცხობრივად გაზრდიდა (ეს. 60:22). თუმცაღა იეჰოვა ამაზე მეტსაც გააკეთებდა. მან თქვა: „სპილენძის ნაცვლად ოქროს შემოვიტან, რკინის ნაცვლად — ვერცხლს, ხის ნაცვლად — სპილენძს და ქვების ნაცვლად — რკინას. მშვიდობას დაგიყენებ ზედამხედველად და სიმართლეს — სამუშაოს გამნაწილებლად“ (ეს. 60:17). როგორ უნდა გავიგოთ ეს წინასწარმეტყველება და ჩვენ როგორ გვეხება ის დღეს?

ცუდი კარგით კი არ უნდა შეცვლილიყო, არამედ კარგი — უკეთესით

7 ამ წინასწარმეტყველების თანახმად, ერთი მასალა მეორით შეიცვლებოდა. აღსანიშნავია, რომ ცუდი კარგით კი არ უნდა შეცვლილიყო, არამედ კარგი — უკეთესით. სპილენძის ოქროთი შეცვლა გაუმჯობესების ნიშანია; იმავეს თქმა შეიძლება წინასწარმეტყველებაში ნახსენებ სხვა მასალებზეც. იეჰოვამ ფიგურალური ენით იწინასწარმეტყველა თავისი ხალხის ეტაპობრივი წინსვლა. რა სახის წინსვლაზეა საუბარი? იეჰოვამ „ზედამხედველი“ და „სამუშაოს გამნაწილებელი“ მოიხსენია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ღვთის ხალხს უკეთესად გაეწეოდა მზრუნველობა და ორგანიზება.

8. ა) ვისი დამსახურებაა ესაიას წინასწარმეტყველებაში აღწერილი ცვლილებები? ბ) რა შედეგები მოაქვს ამ ცვლილებებს? (იხ. აგრეთვე ჩარჩო „ მან თავმდაბლად მიიღო შენიშვნა“).

8 ვისი დამსახურებაა ორგანიზაციული წინსვლა? იეჰოვა ამბობს: „ოქროს შემოვიტან . . . მშვიდობას დაგიყენებ“. აქედან გამომდინარე, ორგანიზაციული წინსვლა ადამიანის ძალისხმევით კი არა, იეჰოვას ჩარევით მოხდებოდა. იესოს გამეფების შემდეგ იეჰოვა ცვლილებებს თავისი ძის მეშვეობით ახორციელებს. რა შედეგები მოაქვს ამას? იმავე მუხლში ნათქვამია, რომ წინსვლას მშვიდობა და სიმართლე მოჰყვებოდა. როცა მივყვებით ღვთის ხელმძღვანელობას და სათანადო ცვლილებებს ვახდენთ, ჩვენ შორის მშვიდობა ისადგურებს, სიმართლის სიყვარული  კი აღგვძრავს, ვემსახუროთ იეჰოვას, რომელსაც მოციქულმა პავლემ „მშვიდობის ღმერთი“ უწოდა (ფილ. 4:9).

9. რა განაპირობებს კრებებში არსებულ წესრიგსა და ერთიანობას და რატომ?

9 იეჰოვას შესახებ პავლე აგრეთვე წერდა: „ღმერთი უწესრიგობის კი არა, მშვიდობის ღმერთია“ (1 კორ. 14:33). აღსანიშნავია, რომ პავლე უწესრიგობას წესრიგს კი არ უპირისპირებს, არამედ მშვიდობას. რატომ? წესრიგი ავტომატურად არ განაპირობებს მშვიდობას. მაგალითად, ჯარისკაცები ბრძოლის ველისკენ მწყობრად მიემართებიან, მაგრამ მათი მოწესრიგებული გადაადგილება ომისკენაა მიმართული და არა მშვიდობისკენ. ქრისტიანებს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ წესრიგი, რომელსაც საფუძვლად მშვიდობა არ უდევს, ადრე თუ გვიან დაირღვევა, ხოლო წესრიგი, რომელსაც საფუძვლად ღვთის მშვიდობა უდევს, ურღვევი იქნება. რაოდენ მადლიერნი ვართ, რომ ჩვენს ორგანიზაციას „მშვიდობის მომცემი ღმერთი“ ხელმძღვანელობს და ხვეწს! (რომ. 15:33). ღვთის მშვიდობა სასიკეთო წესრიგსა და ნამდვილ ერთიანობას განაპირობებს, რაც ყველა კრებაში ასე ძლიერ იგრძნობა (ფსალმ. 29:11).

10. ა) რა ცვლილებები მოხდა ჩვენს ორგანიზაციაში მისი არსებობის პირველ ათწლეულებში? (იხ. ჩარჩო „ როგორ უმჯობესდებოდა კრების ზედამხედველობა“). ბ) რომელ კითხვებს გაეცემა პასუხი?

10 ჩარჩოში „ როგორ უმჯობესდებოდა კრების ზედამხედველობა“ ჩამოთვლილია ის თანმიმდევრული და სასიკეთო ცვლილებები, რომლებიც ჩვენი ორგანიზაციის არსებობის პირველ რამდენიმე ათწლეულში მოხდა. მაგრამ ბოლო ათწლეულებში როგორ შეცვალა იეჰოვამ ჩვენი მეფის მეშვეობით „სპილენძი ოქროდ“? როგორ შეუწყო ხელი ზედამხედველობის გაუმჯობესებამ კრებებში მშვიდობასა და ერთობას? თქვენ, როგორც „მშვიდობის ღმერთის“ მსახურს, როგორ გეხმარებათ ეს ცვლილებები?

როგორ ხელმძღვანელობს ქრისტე კრებას?

11. ა) რა გაიგო ხელმძღვანელმა საბჭომ ბიბლიური საკითხების საფუძვლიანი გამოკვლევის შედეგად? ბ) რისთვის იყო მზად ხელმძღვანელი საბჭო?

11 ხელმძღვანელი საბჭოს გადაწყვეტილებით ძმებმა ხელი მოჰკიდეს ბიბლიის კვლევით პროექტს, რომელიც 1964—1971 წლებში მიმდინარეობდა. საკვლევ საკითხთა შორის იყო პირველი საუკუნის ქრისტიანული კრების ფუნქციონირება. * როგორც აღმოჩნდა, პირველ საუკუნეში კრებას ზედამხედველობას უხუცესთა საბჭო უწევდა და არა ერთი რომელიმე უხუცესი (წაიკითხეთ ფილიპელების 1:1; 1 ტიმოთეს 4:14). ამ საკითხის გამოკვლევის შედეგად ხელმძღვანელი საბჭოს წევრები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ მათ მეფე იესო ორგანიზაციული ცვლილებების მოხდენისკენ უბიძგებდა. ხელმძღვანელი საბჭო მზად იყო, მეფის კურსს მიჰყოლოდა. მათ მაშინვე მოახდინეს ცვლილებები და კრების ზედამხედველობის სისტემა მაქსიმალურად მიუსადაგეს ბიბლიურ ნიმუშს. რა ცვლილებები მოახდინეს მათ 1970-იანი წლების დასაწყისში?

12. ა) რა ცვლილება მოხდა ხელმძღვანელ საბჭოში? ბ) ახსენით, როგორ ფუნქციონირებს ხელმძღვანელი საბჭო (იხ. ჩარჩო „ როგორ იცავს ხელმძღვანელი საბჭო სამეფოს ინტერესებს?“).

12 პირველი ცვლილება თავად ხელმძღვანელ საბჭოს შეეხო. მანამდე ის შედგებოდა „პენსილვანიის საგუშაგო კოშკის,  ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოების“ დირექტორთა საბჭოს შვიდი ცხებული წევრისგან. თუმცა 1971 წლიდან ხელმძღვანელი საბჭო, რომლის წევრთა რიცხვიც შვიდიდან თერთმეტამდე გაიზარდა, დირექტორთა საბჭოსგან გაიმიჯნა. გარდა ამისა, ხელმძღვანელი საბჭოს წევრები უკვე უფლებრივი თანასწორობით სარგებლობდნენ და თითოეულს თავმჯდომარედ გვარების ანბანური თანმიმდევრობით წელიწადში ერთხელ ირჩევდნენ.

13. ა) კრების ხელმძღვანელობის როგორი სისტემა არსებობდა 1932—1972 წლებში? ბ) რა გააკეთა ხელმძღვანელმა საბჭომ 1972 წელს?

13 მომდევნო ცვლილება ყველა კრებას შეეხო. 1932—1972 წლებში კრებას, ძირითადად, თეოკრატიულად დანიშნული ერთი ძმა ზედამხედველობდა. 1936 წლამდე მას სამსახურებრივი ხელმძღვანელი ერქვა. იმავე წელს მას ჯგუფის მსახური დაერქვა, მოგვიანებით — კრების მსახური და ბოლოს — კრების ზედამხედველი. ეს ძმები თავდაუზოგავად ზრუნავდნენ სამწყსოს სულიერ კეთილდღეობაზე. კრების ზედამხედველი, როგორც წესი, გადაწყვეტილებებს კრების სხვა ძმებთან მოუთათბირებლად იღებდა. მაგრამ 1972 წელს ხელმძღვანელმა საბჭომ ისტორიული მნიშვნელობის ცვლილება მოახდინა. რა ცვლილება იყო ეს?

14. ა) რა ღონისძიება შევიდა ძალაში 1972 წლის 1-ლ ოქტომბერს? ბ) როგორ იყენებენ უხუცესთა საბჭოების კოორდინატორები ფილიპელების 2:3-ში ჩაწერილ რჩევას?

14 კრებას მეტად აღარ ეყოლებოდა ერთი ზედამხედველი. თეოკრატიულად ის ძმებიც დაინიშნებოდნენ უხუცესებად, რომლებიც  ბიბლიურ მოთხოვნებს დააკმაყოფილებდნენ. ამგვარად, კრების საზედამხედველოდ უხუცესთა საბჭო ჩამოყალიბდებოდა. ეს ახალი ღონისძიება ძალაში 1972 წლის 1-ლ ოქტომბერს შევიდა. დღეს უხუცესთა საბჭოს ჰყავს კოორდინატორი, რომელიც თავს მიიჩნევს არა სხვებზე აღმატებულად, არამედ უმცირესად (ლუკ. 9:48). ასეთი თავმდაბალი ძმები მსოფლიო საძმოსთვის ნამდვილი კურთხევა არიან (ფილ. 2:3).

აშკარაა, რომ ჩვენმა შორსმჭვრეტელმა მეფემ თავის მიმდევრებს დროულად დაუნიშნა მწყემსები

15. ა) რა დადებითი შედეგები მოჰყვა კრებებში უხუცესთა საბჭოების ჩამოყალიბებას? ბ) რა მეტყველებს ჩვენი მეფის შორსმჭვრეტელობაზე?

15 კრებებში უხუცესთა საბჭოების ჩამოყალიბებამ დიდად შეუწყო ხელი თეოკრატიულ წინსვლას. განვიხილოთ ამ ცვლილების სამი დადებითი შედეგი. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ეს ცვლილება ნებისმიერ უხუცესს, რა პასუხისმგებლობაც უნდა ჰქონდეს, იმის გაცნობიერებაში ეხმარება, რომ კრების თავი ქრისტეა (ეფეს. 5:23). მეორე, იგავების 15:22-ში ნათქვამია: „სადაც მრავალი მრჩეველია, იქ მიზანიც მიიღწევა“. როცა უხუცესები ერთმანეთთან თათბირობენ ისეთ საკითხებზე, რომლებიც კრების სულიერ კეთილდღეობას ეხება, და ერთმანეთის წინადადებებს ითვალისწინებენ, ბიბლიურ პრინციპებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს იღებენ (იგავ. 27:17). იეჰოვას კურთხევით მათი გადაწყვეტილებები მიზანს აღწევს. მესამე, უხუცესების რიცხვის ზრდის შედეგად მზარდ კრებებს  სათანადოდ ეწევა ზედამხედველობა და სამწყემსო საქმეც არ ზარალდება (ეს. 60:3—5). მაგალითად, 1971 წელს მთელ მსოფლიოში 27 000-ზე მეტი კრება იყო, 2013 წელს კი მათმა რიცხვმა 113 000-ს გადააჭარბა. აშკარაა, რომ ჩვენმა შორსმჭვრეტელმა მეფემ თავის მიმდევრებს დროულად დაუნიშნა მწყემსები (მიქ. 5:5).

„მაგალითი იყავით სამწყსოსთვის“

16. ა) რა პასუხისმგებლობა აკისრიათ უხუცესებს? ბ) როგორ უყურებდნენ ბიბლიის მკვლევრები იესოს მოწოდებას ბატკნების დამწყემსვის შესახებ?

16 კრების უხუცესებს იმთავითვე ესმოდათ თავიანთი მოვალეობა — ისინი თანამორწმუნეებს ღვთისადმი ბოლომდე ერთგულად მსახურებაში უნდა დახმარებოდნენ (წაიკითხეთ გალატელების 6:10). 1908 წლის „საგუშაგო კოშკის“ ერთ-ერთ სტატიაში განხილული იყო იესოს მოწოდება: „დამწყემსე ჩემი ბატკნები“ (იოან. 21:15—17). აი, რას მოუწოდებდა სტატია უხუცესებს: „უფლის მიერ მობარებულ სამწყსოზე ზრუნვის პასუხისმგებლობის შესრულება ჩვენთვის უმთავრესი საქმე უნდა იყოს და უფლის მიმდევრების გამოკვება და მოვლა დიდ პატივად უნდა მივიჩნიოთ“. 1925 წლის „საგუშაგო კოშკში“ კიდევ ერთხელ გამახვილდა ყურადღება უხუცესების, როგორც მწყემსების, პასუხისმგებლობაზე: „ეკლესია ღვთის საკუთრებაა . . . და ღმერთი [უხუცესებს] აკისრებს თავიანთ ძმებზე ზრუნვის პასუხისმგებლობას“.

17. როგორ დაიხვეწნენ ზედამხედველები როგორც მწყემსები?

17 როგორ მოამზადა იეჰოვას ორგანიზაციამ უხუცესები სამწყემსო საქმის უკეთ შესასრულებლად? 1959 წელს კრების ზედამხედველებისთვის პირველად ჩატარდა სამეფო მსახურების სკოლა. ერთ-ერთი გაკვეთილის თემა იყო: „ყურადღება გამოიჩინე კრების თითოეული წევრისადმი!“. ძმებს მიეცათ რჩევა, შეედგინათ მაუწყებლების სახლებში მონახულების გეგმა. გაკვეთილზე  ისიც იყო განხილული, ასეთი მონახულებების დროს როგორ უნდა გაემხნევებინათ მათ მაუწყებლები. 1966 წლიდან დაიწყო სამეფო მსახურების სკოლის ჩატარება განახლებული პროგრამით. ერთ-ერთი გაკვეთილი დაეთმო თემას „სამწყემსო საქმის აუცილებლობა“. ამ გაკვეთილის მთავარი აზრი ის იყო, რომ პასუხისმგებელი ძმები „სიყვარულით უნდა ზრუნავდნენ ღვთის სამწყსოზე, ოღონდ ისე, რომ არც მათი ოჯახები დაზარალდეს და არც სამქადაგებლო მსახურება“. ბოლო წლებში უხუცესებისთვის ეს სკოლები არაერთხელ ჩატარდა. რა შედეგი მოაქვს ამ სასწავლო კურსებს? დღესდღეობით ქრისტიანულ კრებებში ათასობით კარგად მომზადებული სულიერი მწყემსი მსახურობს.

სამეფო მსახურების სკოლა (ფილიპინები, 1966 წ.)

18. ა) რა საპასუხისმგებლო საქმე აკისრიათ უხუცესებს? ბ) რის გამო აფასებენ იეჰოვა და იესო გამრჯე უხუცესებს?

18 ქრისტიან უხუცესებს იეჰოვამ ჩვენი მეფის, იესოს მეშვეობით მეტად საპასუხისმგებლო საქმე დააკისრა. ისინი ღვთის ცხვარს კაცობრიობის ისტორიის უმძიმეს პერიოდში მიუძღვიან (ეფეს. 4:11, 12; 2 ტიმ. 3:1). იეჰოვა და იესო ძალიან აფასებენ გამრჯე უხუცესებს, რომლებიც შემდეგ ბიბლიურ მითითებას ემორჩილებიან: „მწყემსეთ თქვენთვის მობარებული ღვთის სამწყსო . . . ხალისით . . . გულმოდგინებით . . . მაგალითი იყავით სამწყსოსთვის“ (1 პეტ. 5:2, 3). ქრისტიანი მწყემსები მრავალმხრივ არიან სამაგალითონი სამწყსოსთვის და დიდად უწყობენ ხელს კრებაში მშვიდობისა და სიხარულის შენარჩუნებას. განვიხილოთ ორი მხარე.

როგორ მწყემსავენ დღეს უხუცესები ღვთის სამწყსოს?

19. როგორ დაახასიათებდით იმ უხუცესებს, რომლებიც ჩვენ მხარდამხარ მსახურობენ?

19 პირველი, უხუცესები კრების წევრებთან თანამშრომლობენ. ლუკამ თავის სახარებაში იესოს შესახებ დაწერა: „ის დადიოდა ქალაქიდან ქალაქში, სოფლიდან სოფელში, ქადაგებდა და  სასიხარულო ცნობას ამცნობდა ღვთის სამეფოს შესახებ. მას თან ახლდა თორმეტიც“ (ლუკ. 8:1). როგორც იესო მსახურობდა თავისი მოციქულების მხარდამხარ, ისე სამაგალითო უხუცესები დღეს თანამორწმუნეთა მხარდამხარ ქადაგებენ. მათ ესმით, რომ ამგვარად კრებაში ჯანსაღ გარემოს ქმნიან. როგორ ახასიათებენ კრების წევრები ასეთ უხუცესებს? 90 წელს მიღწეული ერთი და ჟანინი ამბობს: „უხუცესთან ერთად მსახურება მასთან საუბრისა და მისი უკეთ გაცნობის საშუალებას მაძლევს“. 30 წელს გადაცილებული ძმა სტეივენი აღნიშნავს: „როცა უხუცესი ჩემთან ერთად კარდაკარ მსახურობს, ვგრძნობ, რომ მას ჩემი დახმარების სურვილი აქვს, რაც ბევრს ნიშნავს ჩემთვის“.

დაკარგული ცხვრის მაძიებელი მწყემსის მსგავსად, უხუცესებიც „ეძებენ“ მათ, ვინც კრებასთან ურთიერთობა გაწყვიტა

20, 21. როგორ ჰბაძავენ უხუცესები იესოს იგავში მოხსენიებულ მწყემსს? მოიყვანეთ მაგალითი (იხ. აგრეთვე ჩარჩო „ ყოველკვირეული ნაყოფიერი მონახულებები“).

20 მეორე, იეჰოვას ორგანიზაციამ უხუცესებს სულიერად მოსუსტებულ და კრებას ჩამოშორებულ და-ძმებზე ზრუნვა ასწავლა (ებრ. 12:12). რატომ უნდა დაეხმარონ უხუცესები მათ და როგორ უნდა გააკეთონ ეს? პასუხს გვცემს იესოს იგავი მწყემსისა და დაკარგული ცხვრის შესახებ (წაიკითხეთ ლუკას 15:4—7). როდესაც მწყემსი ცხვარს მოისაკლისებს, ის ისე უწყებს მას ძებნას, თითქოს მის გარდა სხვა ცხვარი არ ჰყავდეს. როგორ ჰბაძავენ უხუცესები მას? როგორც მწყემსისთვის არის ძვირფასი დაკარგული ცხვარი, ისე უხუცესებისთვის არიან ძვირფასნი ის და-ძმები, რომლებმაც ღვთის ხალხთან ურთიერთობა გაწყვიტეს. უხუცესები სულიერად მოსუსტებულს დაკარგულ ცხვრად მიიჩნევენ და მათ ძებნას დროის კარგვად არ თვლიან. მეტიც, როგორც მწყემსი მიდის და ეძებს „დაკარგულს, სანამ არ იპოვის“, ისე უხუცესები ეძებენ და ეხმარებიან სულიერად მოსუსტებულებს.

21 რას აკეთებს მწყემსი, როცა დაკარგულ ცხვარს პოულობს? მას ფრთხილად აჰყავს ის ხელში, მხრებზე ისვამს და ფარაში მიჰყავს. მსგავსად ამისა, უხუცესს თავისი მზრუნველობით შეუძლია ფრთხილად წამოაყენოს სულიერად მოსუსტებული და კრებაში დააბრუნოს. სწორედ ასე მოხდა ერთი აფრიკელი ძმის, ვიქტორის შემთხვევაში, რომელსაც კრებასთან ურთიერთობა დიდი ხნის გაწყვეტილი ჰქონდა. ის იხსენებს: „რვა წელი არააქტიური ვიყავი, მაგრამ უხუცესებს ჩემზე ხელი არ ჩაუქნევიათ“. განსაკუთრებით რამ იმოქმედა მასზე? აი, რას ამბობს ვიქტორი: „ერთ მშვენიერ დღეს ჩვენმა უხუცესმა, ჯონმა, ვისთან ერთადაც პიონერული მსახურების სკოლა მქონდა გავლილი, შემომიარა და სკოლაში ერთად სწავლის დროს გადაღებული სურათები მაჩვენა. სურათებმა ჩემში ტკბილი მოგონებები გააღვიძა და ის სიხარული მომანატრა, რომელსაც ერთ დროს იეჰოვას მსახურება მგვრიდა“. ჯონის მონახულებიდან მალევე ვიქტორი კრებას დაუბრუნდა. დღეს ის ისევ პიონერად მსახურობს. მართლაც, მზრუნველი უხუცესების დახმარებით სიხარულს არ ვკარგავთ! (2 კორ. 1:24). *

 გაუმჯობესებული ზედამხედველობა ხელს უწყობს ღვთის ხალხის ერთიანობას

22. როგორ უწყობს ხელს სიმართლე და მშვიდობა ქრისტიანული კრების ერთიანობას? (იხ. აგრეთვე ჩარჩო „ განცვიფრებულნი ვიყავით!“).

22 როგორც უკვე აღვნიშნეთ, იეჰოვას ნაწინასწარმეტყველები ჰქონდა, რომ სიმართლე და მშვიდობა მყარად მოიკიდებდა ფეხს ღვთის ხალხს შორის (ეს. 60:17). სიმართლეცა და მშვიდობაც ხელს უწყობს კრების ერთიანობას. სიმართლის ნორმებს იეჰოვა ადგენს, იეჰოვა კი ერთია (კან. 6:4). შესაბამისად, მთელი მსოფლიოს „წმინდათა ყველა კრებაში“ სიმართლის ნორმებიც ერთია (1 კორ. 14:33). აქედან გამომდინარე, კრება კურთხეული მხოლოდ ღვთის ნორმების დაცვის შემთხვევაში იქნება. რაც შეეხება მშვიდობას, ჩვენს მეფეს უნდა, რომ არა მხოლოდ კრებაში გვქონდეს მშვიდობა, არამედ თავადაც მშვიდობისმყოფელნი ვიყოთ (მათ. 5:9). მაშ, იმისკენ ვისწრაფოთ, „რაც მშვიდობას . . . ემსახურება“! როცა ჩვენ შორის გაუგებრობა იჩენს თავს, მშვიდობის აღსადგენად პირველ ნაბიჯს ვდგამთ (რომ. 14:19), და ამგვარად ჩვენი წვლილი შეგვაქვს კრების მშვიდობასა და ერთიანობაში (ეს. 60:18).

23. რით ვხარობთ დღეს იეჰოვას მსახურები?

23 როცა 1895 წლის ნოემბრის „საგუშაგო კოშკის“ სტატიაში უხუცესების არჩევის ახალი ღონისძიების შესახებ დაიბეჭდა, პასუხისმგებელი ძმები სთხოვდნენ იეჰოვას, რომ ამ ორგანიზაციული სიახლის დახმარებით ღვთის ხალხს „მალე მიეღწია რწმენის ერთიანობისთვის“. ახლა, როცა წარსულს ვაანალიზებთ, მადლიერნი ვართ იეჰოვასი, რომელმაც ჩვენი მეფის მეშვეობით ეტაპობრივად გააუმჯობესა კრების ზედამხედველობა და განამტკიცა ჩვენი ერთიანობა (ფსალმ. 99:4). ამ ყოველივეს შედეგი ისაა, რომ დღეს იეჰოვას ხალხი მთელ მსოფლიოში დავდივართ ერთი და იმავე სულით და ერთსა და იმავე ნაკვალევზე, და მხარდამხარ ვემსახურებით „მშვიდობის ღმერთს“ (2 კორ. 12:18; წაიკითხეთ სოფონიას 3:9).

^ აბზ. 11 კვლევითი პროექტის შედეგები გამოქვეყნდა ნაშრომში სახელწოდებით „ბიბლიის საკვლევი სახელმძღვანელო“.

^ აბზ. 21 იხ. 2013 წლის 15 იანვრის „საგუშაგო კოშკის“ სტატია „ქრისტიანი უხუცესები გვეხმარებიან, რომ სიხარული გვქონდეს“.

გაიგეთ მეტი

იეჰოვა წესრიგის ღმერთია

რა ადასტურებს ძველი ისრაელისა და ადრინდელი ქრისტიანული კრების ისტორიიდან იმას, რომ იეჰოვას მიწიერი მსახურები დღესაც ორგანიზებულნი უნდა იყვნენ?

დაემორჩილეთ იეჰოვას მწყემსებს

ზედამხედველები წმინდა სულით ინიშნებიან, რათა დამწყემსონ ღვთის კრება. როგორ მწყემსავენ უხუცესები ღვთის „ცხვარს“? რატომ უნდა მოუსმინოთ „ცხვარმა“ მათ?

ერთად გადავიტანოთ ამ დრომოჭმული ქვეყნიერების აღსასრული!

ოთხი ბიბლიური მაგალითიდან ვხედავთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ერთობის შენარჩუნება დღეს და რატომ იქნება ის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მომავალში.