არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ღვთის სამეფო მმართველობს!

 თავი 10

მეფე სულიერად წმენდს თავის ხალხს

მეფე სულიერად წმენდს თავის ხალხს

ამ თავიდან შევიტყობთ:

რატომ და როგორ განწმინდა იესომ თავისი მიმდევრები სულიერად

1—3. რა გააკეთა იესომ, როცა ტაძარი შებღალული დახვდა?

იესოსთვის იერუსალიმის ტაძარი, ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის ცენტრი დედამიწაზე, ძალიან ძვირფასი იყო. ვინაიდან ტაძარში წმინდა ღმერთს, იეჰოვას სცემდნენ თაყვანს, შესაბამისად, თაყვანისცემაც წმინდა და შეუბღალავი უნდა ყოფილიყო. წარმოიდგინეთ, რას იგრძნობდა იესო, როცა ახ. წ. 33 წლის 10 ნისანს ტაძარში მისულს იქაურობა შებღალული დახვდებოდა. საინტერესოა, რა ხდებოდა იქ (წაიკითხეთ მათეს 21:12, 13).

2 უცხოტომელთა ეზოში ხარბი ვაჭრები და ფულის გადამცვლელები ტაძარში იეჰოვასთვის მიტანილი შესაწირავების ხარჯზე მდიდრდებოდნენ. * იესომ „გარეთ გაყარა ყველა, ვინც ტაძარში ყიდდა და ყიდულობდა, ფულის გადამცვლელებს მაგიდები გადაუყირავა“ (შეადარეთ ნეემიას 13:7—9). მან ბრალი დასდო ამ ხარბ ვაჭრებს მამამისის სახლის „ყაჩაღების ბუნაგად“ ქცევაში. ამ შემთხვევიდან გამოჩნდა იესოს მოწიწება ტაძრისა და წმინდა თაყვანისმცემლობის მიმართ. დიახ, მამის თაყვანისცემა შეურყვნელი უნდა ყოფილიყო!

3 საუკუნეების შემდეგ, როცა იესო მესიანური მეფე გახდა, მან კვლავ განწმინდა ტაძარი, რომელიც იმ ხალხს აერთიანებს, ვისაც სურს, იეჰოვას მის მოსაწონად სცეს თაყვანი. იბადება კითხვა: რომელი ტაძარი განწმინდა იესომ?

„ლევის ძეების“ განწმენდა

4, 5. ა) როგორ განიწმინდნენ იესოს ცხებული მიმდევრები 1914—1919 წლებში? ბ) დასრულდა თუ არა ამით ღვთის ხალხის განწმენდა? ახსენით.

4 როგორც მე-2 თავიდან გავიგეთ, 1914 წელს ტახტზე ასვლის შემდეგ იესო მამასთან ერთად სულიერი ტაძრის (წმინდა თაყვანისმცემლობის ღონისძიებათა ერთობლიობა) შესამოწმებლად მოვიდა. * შემოწმების შედეგად მეფემ დაინახა, რომ ცხებულები ანუ „ლევის ძეები“ განწმენდას საჭიროებდნენ (მალ. 3:1—3). 1914—1919 წლებში იეჰოვამ, როგორც განმწმენდელმა, თავისი ხალხი განსაცდელების მეშვეობით განწმინდა. საბედნიეროდ, ცხებულებმა გაუძლეს ცეცხლოვან განსაცდელებს და სულიერად უფრო განწმენდილები მზად იყვნენ მესიანური მეფის მხარდასაჭერად.

 5 მაგრამ ღვთის ხალხის განწმენდა ამით არ დამთავრებულა. ბოლო დღეების განმავლობაში იეჰოვა მესიანური მეფის მეშვეობით მის მიმდევრებს სიწმინდის შენარჩუნებაში ეხმარება, რაც მათ სულიერ ტაძარში დარჩენის საშუალებას აძლევს. მომდევნო ორ თავში განვიხილავთ, როგორ განწმინდა მან ისინი ზნეობრივი და ორგანიზაციული კუთხით. ამ თავში კი ვიმსჯელებთ მათ სულიერ განწმენდაზე. რწმენას განგვიმტკიცებს იმის განხილვა, თუ რა გააკეთა იესომ, როგორც ხილულად, ისე უხილავად, თავისი მიმდევრების განსაწმენდად.

„სუფთები იყავით“

6. რას ვიგებთ სულიერი სიწმინდის შესახებ იეჰოვას მიერ იუდეველი ტყვეებისთვის მიცემული ბრძანებიდან?

6 რა არის სულიერი სიწმინდე? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად გავიგოთ, რა უთხრა ძვ. წ. მე-6 საუკუნეში იეჰოვამ იუდეველ ტყვეებს, რომლებსაც ის-ის იყო ბაბილონი უნდა დაეტოვებინათ (წაიკითხეთ ესაიას 52:11). იერუსალიმში მათი დაბრუნების მთავარი მიზანი ტაძრისა და წმინდა თაყვანისმცემლობის აღდგენა იყო (ეზრ. 1:2—4). იეჰოვას სურდა, რომ თავის ხალხს ბაბილონური რელიგიის ყოველგვარი სიბილწე ჩამოეშორებინა. „უწმინდურს ნუ მიეკარებით!“, „გამოდით მისგან!“, „სუფთები იყავით!“ — მოუწოდა მათ იეჰოვამ. მისი წმინდა თაყვანისმცემლობა ცრუთაყვანისმცემლობით არ უნდა წაბილწულიყო. მაშასადამე, სულიერი სიწმინდე ცრუ რელიგიური სწავლებებითა და წეს-ჩვეულებებით წაუბილწველობას გულისხმობს.

7. რომელი არხის მეშვეობით ეხმარებოდა იესო თავის მიმდევრებს სულიერი სიწმინდის შენარჩუნებაში?

7 გამეფებიდან მალევე, 1919 წელს იესომ დანიშნა ერთგული და გონიერი მონა — ხილული არხი, რომლის მეშვეობითაც ის თავის მიმდევრებს სულიერი სიწმინდის დაცვაში დაეხმარებოდა (მათ. 24:45). იმ დროისთვის ბიბლიის მკვლევრები უკვე ბევრი ცრურელიგიური სწავლებისგან იყვნენ გათავისუფლებული, მაგრამ სულიერი განწმენდა მაინც ესაჭიროებოდათ. ერთგული მონის მეშვეობით ქრისტემ თავის მიმდევრებს ეტაპობრივად გააგებინა, რომელი დღესასწაულები და წეს-ჩვეულებები უნდა მიეტოვებინათ (იგავ. 4:18). განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი.

უნდა ზეიმობდნენ ქრისტიანები შობას?

8. რას აღიარებდნენ ბიბლიის მკვლევრები, მაგრამ რის აუცილებლობას ვერ ხედავდნენ?

8 ბიბლიის მკვლევრები აღიარებდნენ, რომ შობას წარმართული ფესვები ჰქონდა და რომ იესო 25 დეკემბერს არ დაბადებულა. 1881 წლის დეკემბრის „სიონის საგუშაგო კოშკში“ ეწერა: „მილიონები ეკლესიებში წარმართობიდან მოვიდნენ. სახელის გარდა მათ არაფერი შეუცვლიათ. ქურუმები ქრისტიანი მღვდლები გახდნენ, წარმართულ დღესასწაულებს კი ქრისტიანული სახელები დაერქვა. შობა ერთ-ერთი ასეთი დღესასწაულია“. 1883 წლის „საგუშაგო კოშკში“ დაიბეჭდა სტატია სათაურით „როდის დაიბადა იესო?“. სტატიაში ეწერა, რომ იესო დაახლოებით ოქტომბრის დასაწყისში დაიბადა. * ამის მიუხედავად, იმ დროს ბიბლიის მკვლევრები შობის აღნიშვნის შეწყვეტის  აუცილებლობას ვერ ხედავდნენ. შობას ბრუკლინის ოჯახის წევრებიც კი ზეიმობდნენ. თუმცა 1926 წლიდან ბევრი რამ შეიცვალა. გავიგოთ, რატომ.

9. რა დასკვნამდე მივიდნენ შობასთან დაკავშირებით ბიბლიის მკვლევრები?

9 ბიბლიის მკვლევრებმა საფუძვლიანად გამოიკვლიეს შობის დღესასწაული და იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ შობის საწყისები და ტრადიციები ღმერთს შეურაცხყოფს. 1927 წლის 14 დეკემბრის „ოქროს ხანაში“ დაიბეჭდა სტატია „შობის წარმოშობა“, რომელშიც აღინიშნა, რომ შობა დროსტარებაზე გათვლილი და კერპთაყვანისმცემლობაზე აგებული წარმართული დღესასწაული იყო. მასში გასაგებად ეწერა, რომ ქრისტეს თავისი მიმდევრებისთვის შობის აღნიშვნა არ დაუბარებია. სტატია მწვავე შენიშვნით მთავრდებოდა: „ის ფაქტი, რომ ქვეყნიერების, ხორცისა და თვით ეშმაკის სურვილი ამ დღესასწაულის აღნიშვნა და მისი უკვდავყოფაა . . . საკმარისი მიზეზია საიმისოდ, რომ იეჰოვას მიძღვნილმა მსახურებმა ის აღარ აღნიშნონ“. გასაკვირი არ არის, რომ იმ წლის დეკემბრიდან ბეთელის ოჯახს შობა აღარ უზეიმია.

10. ა) რა დამატებითი მამხილებელი ფაქტები გახდა ცნობილი ბიბლიის მკვლევრებისთვის 1928 წლის დეკემბერში? (იხ. აგრეთვე ჩარჩო „ შობა, მისი დასაბამი და მიზანი“). ბ) რა გაიგო ღვთის ხალხმა სხვა მიუღებელი დღესასწაულების შესახებ? (იხ. ჩარჩო „ მხილებულია სხვა დღესასწაულები“).

10 მომდევნო წელს ბიბლიის მკვლევრებისთვის შობის სხვა მამხილებელი ფაქტებიც გახდა ცნობილი. 1928 წლის 12 დეკემბერს რადიოთი გადაიცა მთავარი სამმართველოს ერთ-ერთი თანამშრომლის, რიჩარდ ბარბერის მოხსენება შობის დღესასწაულის წარმართულ დასაბამზე. როგორ გამოეხმაურა ღვთის ხალხი მთავარი სამმართველოდან მიღებულ ამ მკაფიო მითითებას? ჩარლზ ბრანდლინი, რომელმაც შობის აღნიშვნა ოჯახთან ერთად შეწყვიტა, იხსენებდა: „წარმართული ტრადიციების  მიტოვება საერთოდ არ გაგვჭირვებია . . . ეს ისე იყო, თითქოს ჭუჭყიანი ტანსაცმელი გაგვეძროს და გადაგვეგდოს“. მსგავსი დამოკიდებულება ჰქონდა ჰენრი კანტუელს, რომელიც მოგვიანებით მიმომსვლელ ზედამხედველად მსახურობდა. ის იხსენებდა: „გვიხაროდა, რომ ჩვენი სიყვარული იეჰოვას რაღაცის დათმობის ხარჯზე დავუმტკიცეთ“. ქრისტეს ერთგული მიმდევრები მზად იყვნენ, შეეცვალათ შეხედულებები და უარი ეთქვათ იმ დღესასწაულზე, რომელიც სათავეს უწმინდური თაყვანისმცემლობიდან იღებს * (იოან. 15:19; 17:14).

11. რა იქნება იმის ნიშანი, რომ მხარს ვუჭერთ მესიანურ მეფეს?

11 რა შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვეს ამ ერთგულმა ბიბლიის მკვლევრებმა! მათმა მაგალითმა უნდა დაგვაფიქროს შემდეგ კითხვებზე: როგორი განწყობით ვხვდები ერთგული მონის მითითებებს? მადლიერებით ვიღებ მის ხელმძღვანელობას? ჩვენი მორჩილება იმის ნიშანი იქნება, რომ მხარს ვუჭერთ მესიანურ მეფეს, რომელიც ერთგული მონის მეშვეობით სულიერი საზრდოთი უზრუნველგვყოფს (საქ. 16:4, 5).

უნდა იყენებდნენ ქრისტიანები ჯვარს?

ჯვარ-გვირგვინის სიმბოლო (იხ. აბზაცები 12, 13)

12. რა შეხედულება ჰქონდათ ბიბლიის მკვლევრებს ჯვარზე წლების განმავლობაში?

12 მრავალი წლის განმავლობაში ბიბლიის მკვლევრებისთვის ჯვარი ქრისტიანობის სიმბოლო იყო, თუმცა არა სათაყვანებელი, რადგან ნებისმიერ კერპთაყვანისმცემლობას ისინი მიუღებლად თვლიდნენ (1 კორ. 10:14; 1 იოან. 5:21). ჯერ კიდევ 1883 წლის „საგუშაგო კოშკში“ პირდაპირ ეწერა: „ნებისმიერი სახის კერპთაყვანისმცემლობა ღვთისთვის სისაძაგლეა“. თუმცა თავიდან  ბიბლიის მკვლევრები ჯვრის სიმბოლოს გამოყენებაში ცუდს ვერაფერს ხედავდნენ. მაგალითად, მათ ეამაყებოდათ მკერდზე მიბნეული ჯვარ-გვირგვინის სიმბოლოს ტარება, რომელიც მათი განმასხვავებელი ნიშანი იყო. ამ სიმბოლოს ისინი სიცოცხლის გვირგვინთან აიგივებდნენ, რომელსაც იმ შემთხვევაში მიიღებდნენ, თუ სიკვდილამდე ერთგულები დარჩებოდნენ. 1891 წლიდან ამ სიმბოლოს ნახვა „საგუშაგო კოშკის“ ყდაზეც შეიძლებოდა.

13. რა გაიგეს ქრისტეს მიმდევრებმა ჯვრის გამოყენების შესახებ? (იხ. აგრეთვე ჩარჩო „ ჯვრის საკითხს თანდათანობით ნათელი ეფინება“).

13 როგორც აღვნიშნეთ, ბიბლიის მკვლევრები ჯვარ-გვირგვინის სიმბოლოს ძალიან აფასებდნენ, მაგრამ 1920-იანი წლების მეორე ნახევარში ჯვრის გამოყენების საკითხს მეტი ნათელი მოეფინა. გრანტ სუიტერი, რომელიც მოგვიანებით ხელმძღვანელი საბჭოს წევრი გახდა, ერთ-ერთი მათგანი იყო, ვინც 1928 წელს დეტროიტში (მიჩიგანი, აშშ) გამართულ კონგრესს ესწრებოდა. ამ კონგრესს ის ასე იხსენებდა: „კონგრესზე გასაგებად ითქვა, რომ ჯვარ-გვირგვინის სიმბოლოს გამოყენება არ არის არჩევანის საქმე, ის ყოვლად მიუღებელია“. მომდევნო წლებში სულ უფრო ცხადი ხდებოდა, რომ წმინდა თაყვანისმცემლობაში ჯვრის ადგილი არ იყო.

14. როგორ გამოეხმაურა ღვთის ხალხი თანდათანობით გამჟღავნებულ ჭეშმარიტებას ჯვრის შესახებ?

14 როგორ გამოეხმაურა ღვთის ხალხი თანდათანობით გამჟღავნებულ ჭეშმარიტებას ჯვრის შესახებ? როგორ შეელივნენ ისინი ჯვარ-გვირგვინის სიმბოლოს? „როცა გავიგეთ, სინამდვილეში რას წარმოადგენდა ჯვარი, მაშინვე ვთქვით მასზე უარი“, — იხსენებდა ლელა რობერტსი, იეჰოვას დიდი ხნის მსახური. კიდევ ერთმა ღვთის ერთგულმა მსახურმა, ურსულა სერენკომ როგორც თავისი, ისე სხვების განწყობა შემდეგნაირად გამოხატა: „ჩვენ მივხვდით, რომ ის, რასაც ერთ დროს ვაფასებდით და ჩვენი უფლის სიკვდილისა და ქრისტიანული ერთგულების სიმბოლოდ მივიჩნევდით, წარმართული ყოფილა. ღმერთს ვემადლიერებოდით იმისათვის, რომ იგავების 4:18-ის თანახმად ჩვენი ბილიკი უფრო კაშკაშა ხდებოდა“. ქრისტეს ერთგულ მიმდევრებს არასგზით არ სურდათ უწმინდურ ცრურელიგიურ ტრადიციებში მონაწილეობა.

15, 16. რით შეგვიძლია დავამტკიცოთ, რომ იეჰოვას სულიერი ტაძრის მიწიერ ეზოებში სიწმინდის დაცვა გვაქვს განზრახული?

15 დღეს ჩვენც ვიზიარებთ ბიბლიის მკვლევრების განწყობას. ვაღიარებთ, რომ ქრისტე ხილული არხის, ერთგული და გონიერი მონის მეშვეობით ეხმარება თავის მიმდევრებს სულიერი სიწმინდის დაცვაში. ამიტომ, როცა პუბლიკაციებში ვკითხულობთ, რომ ესა თუ ის წეს-ჩვეულება ან დღესასწაული ცრუ რელიგიიდან იღებს სათავეს, ჩვენ მყისვე ვრეაგირებთ და ვემორჩილებით მიღებულ მითითებებს. იმ და-ძმების მსგავსად, რომლებიც ქრისტეს მოსვლის პერიოდის დასაწყისში ცხოვრობდნენ, ჩვენც განზრახული გვაქვს, რომ იეჰოვას სულიერი ტაძრის მიწიერ ეზოებში სიწმინდე დავიცვათ.

16 ბოლო დღეებში ქრისტე იცავს იეჰოვას ხალხს იმ ადამიანებისგან, რომლებსაც კრებების სულიერად წაბილწვა შეუძლიათ. ვნახოთ, როგორ აკეთებს ის ამას.

 „ბოროტები მართლებისგან“ ცალკევდებიან

17, 18. რას ნიშნავს: ა) ზღვაში მოსროლილი ბადე, ბ) ყველანაირი ჯიშის თევზის დაჭერა, გ) კარგი თევზის ჭურჭელში შეგროვება, დ) ცუდი თევზის გადაყრა?

17 მეფე იესო ქრისტეს ღვთის ხალხის კრებებზე ფხიზელი თვალი უჭირავს. ქრისტე ანგელოზებთან ერთად „ბოროტებს მართლებისგან“ აცალკევებს, თუმცა ბოლომდე ვერ ვწვდებით, როგორ. იესომ ეს საქმე ბადის მაგალითით აღწერა (წაიკითხეთ მათეს 13:47—50).

ბადე განასახიერებს სამეფოს შესახებ ცნობის ქადაგებას ზღვა ხალხში (იხ. აბზაცი 18)

18 ზღვაში მოსროლილი ბადე განასახიერებს სამეფოს შესახებ ცნობის ქადაგებას ზღვა ხალხში. ყველანაირი ჯიშის თევზის დაჭერა ნიშნავს იმას, რომ სასიხარულო ცნობა ყველანაირ ადამიანს იზიდავს: მათ, ვინც სათანადო ნაბიჯებს დგამს და ჭეშმარიტი ქრისტიანი ხდება და მათაც, ვინც თავიდან ინტერესდება, მაგრამ წმინდა თაყვანისმცემლობის მხარეს არ იკავებს. * კარგი თევზის ჭურჭელში შეგროვება გულისხმობს სუფთა გულის ადამიანების შეგროვებას კრებებში, სადაც ისინი იეჰოვას წმინდა მსახურებას უსრულებენ, ცუდი თევზის გადაყრა კი — ბოლო დღეებში ქრისტესა და ანგელოზების მიერ „ბოროტების მართლებისგან“ გამოცალკევებას. * შედეგად, ვინც არ არის მარადიული სიცოცხლისთვის განწყობილი — ვისაც შესაძლოა არ სურს ცრურელიგიური შეხედულებებისა და წეს-ჩვეულებების მიტოვება — ვერ გახდება კრების წევრი, რათა კრება არ წაიბილწოს. *

19. რა განცდა გეუფლებათ, როცა ფიქრობთ იმაზე, რომ ქრისტე ღვთის ხალხის სულიერი სიწმინდისა და წმინდა თაყვანისმცემლობის სადარაჯოზე დგას?

19 განა დაცულად არ ვგრძნობთ თავს ჩვენი მზრუნველი მეფის, იესო ქრისტეს მფარველობის ქვეშ? ჩვენ მშვიდად ვართ, რადგან ვიცით, რომ იესო წმინდა თაყვანისმცემლობისადმი დღესაც ისეთივე მოშურნეა, როგორიც I საუკუნეში იყო, როცა ტაძარი განწმინდა. ჩვენ მადლიერნი ვართ, რომ ქრისტე ღვთის ხალხის სულიერი სიწმინდისა და წმინდა თაყვანისმცემლობის სადარაჯოზე დგას. თუ ცრუ რელიგიისგან ყოველმხრივ შორს დავიჭერთ თავს, ჩვენი მეფისა და მისი სამეფოს მხარდამჭერები ვიქნებით.

^ აბზ. 2 იერუსალიმში ჩასულ იუდეველებს ტაძრის ყოველწლიური გადასახადის გადასახდელად თავიანთი ფული ადგილობრივ ფულზე უნდა გადაეცვალათ. ფულის გადამცვლელები ამ მომსახურებისთვის გარკვეულ საფასურს იღებდნენ. იერუსალიმში ჩასულ იუდეველებს ადგილობრივი ფული შესაწირი ცხოველების საყიდლადაც სჭირდებოდათ. იესომ ვაჭრებსა და ფულის გადამცვლელებს ყაჩაღები, სავარაუდოდ, იმიტომ უწოდა, რომ ისინი ხალხს ყვლეფდნენ.

^ აბზ. 4 იეჰოვას ხალხი დიდებული სულიერი ტაძრის მიწიერ ეზოებში სცემს ღმერთს თაყვანს.

^ აბზ. 8 ამ სტატიაში ნათქვამი იყო, რომ იესო ზამთარში ვერ დაიბადებოდა, რადგან იმ დროს მწყემსები ფარასთან ერთად ველად იყვნენ (ლუკ. 2:8).

^ აბზ. 10 1927 წლის 14 ნოემბრით დათარიღებულ ერთ-ერთ წერილში ძმა ფრედერიკ ფრენცი წერდა: „წელს შობას აღარ ვიზეიმებთ. ბეთელის ოჯახმა შობის აღნიშვნის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო“. რამდენიმე თვის შემდეგ ძმა ფრენცი 1928 წლის 6 თებერვლით დათარიღებულ წერილში წერდა: „უფალი თანდათანობით გვწმენდს ეშმაკის ბაბილონური ორგანიზაციის გადმონაშთებისგან“.

^ აბზ. 18 2013 წელს მაუწყებელთა უმაღლესი რიცხვი 7 965 954 იყო, ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოზე დამსწრეთა რიცხვი კი —19 241 252.

^ აბზ. 18 კარგი თევზის გამოცალკევება ცუდისგან და ცხვრების გამოცალკევება თხებისგან სხვადასხვა მოვლენაზე მიუთითებს (მათ. 25:31—46). ცხვრების გამოცალკევება თხებისგან, ანუ საბოლოო გასამართლება დიდ გასაჭირში მოხდება. იქამდე კი მათ, ვინც „ცუდ თევზს“ განასახიერებს, შეიძლება იეჰოვასთან დაახლოება მოინდომონ და კრების წევრები გახდნენ (მალ. 3:7).

^ აბზ. 18 საბოლოოდ, „ცუდი თევზები“ ჩაიყრებიან სიმბოლურ „გავარვარებულ ღუმელში“, რაც მათ განადგურებას ნიშნავს.