წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ღვთის სამეფო მმართველობს!

 თავი 11

ზნეობრივი განწმენდა როგორ აირეკლა იეჰოვას ხალხმა იეჰოვას სიწმინდე

ზნეობრივი განწმენდა როგორ აირეკლა იეჰოვას ხალხმა იეჰოვას სიწმინდე

ამ თავიდან შევიტყობთ:

როგორ ასწავლა მეფემ თავის ქვეშევრდომებს ღვთის ზნეობრივი ნორმების დაცვა

წარმოიდგინეთ, რომ იეჰოვას დიდი სულიერი ტაძრის გარეთა ეზოს წინკარში შედიხართ

1. რა შთამბეჭდავი ხილვა ნახა ეზეკიელმა?

წარმოიდგინეთ თავი ძვ. წ. მე-6 საუკუნეში წინასწარმეტყველ ეზეკიელის ადგილას. თქვენ უახლოვდებით უზარმაზარ, მოელვარე ტაძარს. იქვე ძლევამოსილი ანგელოზი დგას, რომელმაც ეს შთამბეჭდავი ადგილი უნდა დაგათვალიერებინოთ. სამი გარე კარიბჭიდან ერთ-ერთის შვიდ საფეხურზე ადიხართ. 30 მეტრ სიმაღლეზე აზიდული წინკარი მოწიწებას აღგიძრავთ. შიგნით სადარაჯო ოთახებსა და სვეტებს ხედავთ, რომლებზეც ლამაზი პალმის ხეებია გამოსახული (ეზეკ. 40:1—4, 10, 14, 16, 22; 41:20).

2. ა) რას განასახიერებს წინასწარმეტყველური სულიერი ტაძარი? (იხ. აგრეთვე სქოლიო). ბ) რა მნიშვნელობა აქვს ტაძრის შესასვლელის თითოეულ დეტალს?

2 ეზეკიელმა წინასწარმეტყველური მნიშვნელობის სულიერი ტაძარი ნახა. იგი მას ისე დაწვრილებით აღწერს, რომ მის წინასწარმეტყველურ წიგნში ტაძრის აღწერილობას 40—48 თავები ეთმობა. ეს ტაძარი წმინდა თაყვანისმცემლობისთვის განკუთვნილ ღონისძიებებს განასახიერებს. ტაძრის შესასვლელის თითოეულ დეტალს თავისი მნიშვნელობა აქვს და ბოლო დღეებში მცხოვრებ ღვთის მსახურთა თაყვანისცემას ეხება. * რაზე მიანიშნებს მაღალი კარიბჭეები? იმაზე, რომ ვინც იეჰოვას სულიერ ტაძარში შედის, მაღალზნეობრივი ნორმებით უნდა ცხოვრობდეს. ამაზე მიუთითებს პალმის ხეების გამოსახულებებიც, რადგან პალმა ბიბლიაში სიმართლის სიმბოლოდ არის გამოყენებული (ფსალმ. 92:12). რაზე მიანიშნებს სადარაჯო ოთახები? იმაზე, რომ ვინც ღვთის ნორმებს არ იცავს, ამ მშვენიერ, მაცოცხლებელ სულიერ ტაძარში ვერ შევა (ეზეკ. 44:9).

3. რატომ არ უნდა წყდებოდეს ქრისტეს მიმდევრების განწმენდა?

3 როგორ შესრულდა ეზეკიელის ხილვა? როგორც მე-2 თავიდან გავიგეთ, იეჰოვამ თავისი ხალხი იესოს მეშვეობით 1914—1919 წლებში სულიერად განწმინდა, მაგრამ მათი განწმენდის პროცესი მაშინ არ დამთავრებულა. გასული საუკუნის განმავლობაში ქრისტე კვლავაც ეხმარებოდა ღვთის ხალხს იეჰოვას მაღალზნეობრივი ნორმების დაცვაში. მისი მიმდევრების განწმენდა არ უნდა წყდებოდეს. რატომ? ჯერ ერთი, რომ ქრისტეს ისინი ზნეობრივად გახრწნილი ქვეყნიერებიდან გამოჰყავს და მეორეც, სატანა სულ იმას ცდილობს, ისინი უზნეობის ჭაობში დააბრუნოს (წაიკითხეთ 2 პეტრეს 2:20—22). მოდი განვიხილოთ ის სამი მხარე, რაშიც ჭეშმარიტი ქრისტიანები განიწმინდნენ. ჯერ  ვისაუბროთ ზნეობრივ განწმენდაზე, შემდეგ კრებაში სიწმინდის შენარჩუნებაზე, დაბოლოს ოჯახურ ცხოვრებაზე.

როგორ მიმდინარეობდა ზნეობრივი განწმენდა წლების მანძილზე

4, 5. რა ტაქტიკას იყენებდა და იყენებს სატანა და რა შედეგით?

4 იეჰოვას ხალხისთვის მაღალზნეობრივი ნორმებით ცხოვრება უმნიშვნელო არასდროს ყოფილა. აქედან გამომდინარე, დროის სვლასთან ერთად ზნეობრივ საკითხებზე ისინი უფრო მკაფიო მითითებებს იღებდნენ. განვიხილოთ ამის რამდენიმე მაგალითი.

5 სექსუალური უზნეობა. იეჰოვას განზრახვით, ცოლ-ქმარს შორის სქესობრივი ურთიერთობა სიამოვნების მომგვრელი, თანაც წმინდა უნდა ყოფილიყო. სატანას სურს, რომ ღვთისგან ბოძებული ეს ძღვენი შერყვნას, ღვთის ხალხის საცდუნებლად გამოიყენოს და ამგვარად, ისინი ღმერთს ჩამოაშოროს. ღვთის ხალხის დასაღუპავად სატანამ ეს ტაქტიკა წარმატებით გამოიყენა ბალაამის დროს. ამ ბოლო დღეებში კი მას კიდევ უფრო დიდი წარმატებით იყენებს (რიცხ. 25:1—3, 9; გამოცხ. 2:14).

6. რა აღთქმა დაიბეჭდა „საგუშაგო კოშკში“, რა მიზნით, და რატომ გაუქმდა ის? (იხ. აგრეთვე სქოლიო).

6 სატანის მცდელობისთვის ხელის შესაშლელად 1908 წლის 15 ივნისის „საგუშაგო კოშკში“ დაიბეჭდა აღთქმა, რომელიც შემდეგ პირობას შეიცავდა: „საპირისპირო სქესის წარმომადგენელს ერთი ერთზე ყოფნისას ყველგან და ყოველთვის ისე მოვექცევი, როგორც სხვისი თანდასწრებით მოვექცეოდი“. * მართალია, აღთქმის დადება სავალდებულო არ იყო, მაგრამ მას ბევრი დებდა და მათი სახელები „სიონის საგუშაგო კოშკში“ ქვეყნდებოდა. ეს აღთქმა თავის დროზე ბევრს დაეხმარა, მაგრამ დროთა განმავლობაში ის რიტუალად იქცა, რის გამოც მისი დადება შეწყვიტეს. თუმცა მასში ჩადებულ პრინციპებს ღვთის ხალხი კვლავაც იცავდა.

7. რა პრობლემა დასახელდა 1935 წლის „საგუშაგო კოშკში“ და რაზე გამახვილდა მასში ყურადღება?

7 სატანა თავისას არ იშლიდა. 1935 წლის 1 მარტის „საგუშაგო კოშკში“ დასახელდა ის პრობლემა, რომელმაც ღვთის ხალხს შორის იჩინა თავი. ზოგს, როგორც ჩანს, ეგონა, რომ მსახურებაში მონაწილეობა გარკვეულწილად ათავისუფლებდა პირად ცხოვრებაში იეჰოვას მაღალზნეობრივი ნორმების დაცვის პასუხისმგებლობისგან. „საგუშაგო კოშკში“ პირდაპირ იყო ნათქვამი: „უნდა გვახსოვდეს, რომ ქადაგების გარდა სხვა რამეც მოგვეთხოვება. იეჰოვას მოწმეები იეჰოვას წარმომადგენლები არიან, ამიტომ სათანადოდ უნდა წარადგენდნენ მას და მის სამეფოს“. ჟურნალში მოცემული იყო პირდაპირი რჩევები ქორწინებასა და ზნეობრივ ნორმებთან დაკავშირებით, რასაც ღვთის ხალხი სიძვის ჩადენისგან უნდა დაეცვა (1 კორ. 6:18).

8. რატომ აიხსნა არაერთხელ „საგუშაგო კოშკში“ საფუძვლიანად სექსუალური უზნეობის აღმნიშვნელი ბერძნული სიტყვის მნიშვნელობა?

8 ბოლო ათწლეულებში „საგუშაგო კოშკში“ არაერთხელ აიხსნა საფუძვლიანად ბერძნულ წერილებში სექსუალური უზნეობის აღსანიშნავად გამოყენებული სიტყვა პორნეას მნიშვნელობა. ეს სიტყვა გულისხმობს არა მარტო სქესობრივ კავშირს, არამედ მრავალგვარ უწმინდურებას, რაც საროსკიპოებში ხდება. ამგვარად, ქრისტეს მიმდევრები დაცულნი არიან სექსუალური უზნეობისგან,  რაც დღეს ასე ფართოდაა გავრცელებული მთელ მსოფლიოში (წაიკითხეთ ეფესოელების 4:17—19).

9, 10. ა) რომელ ზნეობრივ საკითხს განიხილავდა 1935 წლის „საგუშაგო კოშკი“? ბ) როგორია ბიბლიის გაწონასწორებული დამოკიდებულება ალკოჰოლისადმი?

9 ალკოჰოლის უმართებულოდ მიღება. 1935 წლის 1 მარტის „საგუშაგო კოშკში“ კიდევ ერთი ზნეობრივი საკითხი განიხილებოდა: „შეინიშნება, რომ სამქადაგებლო თუ სხვა ორგანიზაციულ მოვალეობებს ზოგი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ასრულებს. რა შემთხვევებში ამართლებს წმინდა წერილები ღვინის დალევას? რამდენად გამართლებულია ღვინის დალევა, თუკი ეს უფლის ორგანიზაციაში ქრისტიანის მსახურებაზე უარყოფითად იმოქმედებს?“.

10 სტატია ღვთის სიტყვის საფუძველზე განიხილავდა ალკოჰოლური სასმელებისადმი გაწონასწორებულ დამოკიდებულებას. ბიბლია არ კრძალავს ღვინის ან სხვა მათრობელი სასმლის ზომიერ მიღებას, თუმცა გმობს ლოთობას (ფსალმ. 104:14, 15; 1 კორ. 6:9, 10). ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ წმინდა მსახურებაში მონაწილეობასთან დაკავშირებით გონიერი მონა ღვთის მსახურებს დიდი ხნის მანძილზე შეახსენებდა, რომ ღმერთმა აარონის ძეები უკანონოდ შეწირული ცეცხლის გამო დახოცა. როგორც ჩანს, მათი დანაშაულის მიზეზი სასმელი გახდა, რადგან მათი დასჯის შემდეგ ღმერთმა მღვდლებს ნასვამ მდგომარეობაში წმინდა მსახურების შესრულება აუკრძალა (ლევ. 10:1, 2, 8—11). ამ პრინციპიდან გამომდინარე, დღეს ქრისტეს მიმდევრები წმინდა მსახურებაში მონაწილეობის დროს არ უნდა იმყოფებოდნენ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ.

11. რაში დაეხმარა ღვთის ხალხს ალკოჰოლიზმის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება?

11 ბოლო ათწლეულების მანძილზე ქრისტეს მიმდევრებმა მეტი გაიგეს ალკოჰოლიზმზე, კერძოდ, სპირტიანი სასმელების ხშირად და ჭარბად სმაზე. დროულად მიღებული სულიერი საზრდოს დახმარებით ბევრმა თავი დააღწია ამ ჩვევას და ცხოვრება მოიწესრიგა. ბევრმაც საერთოდ აარიდა თავი ამ პრობლემას. ფაქტია, ალკოჰოლის გამო არ ღირს საკუთარი ღირსების, ოჯახის, და რაც ყველაზე მთავარია, წმინდა მსახურების შესაძლებლობის დაკარგვა.

„წარმოგიდგენიათ, რომ ჩვენს უფალს თამბაქოს სუნი ასდიოდეს ან პირში რაიმე სიბილწეს იდებდეს?!“ (ჩ. ტ. რასელი)

12. როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ ქრისტეს მსახურებს თამბაქოს მიმართ ბოლო დღეების დადგომამდე?

12 თამბაქოს ბოროტად გამოყენება. ქრისტეს მსახურებს ჯერ კიდევ ბოლო დღეების დადგომამდე ჰქონდათ უარყოფითი დამოკიდებულება თამბაქოს მიმართ. წლების წინ ხანდაზმული ძმა, ჩარლზ კაპენი იხსენებდა მე-19 საუკუნის ბოლოს რასელთან თავის პირველ შეხვედრას. კაპენი მაშინ 13 წლისა ყოფილა და თავის სამ ღვიძლ ძმასთან ერთად „ბიბლიის სახლის“ (ალეგანი, პენსილვანია) კიბეზე მდგარა. ამ დროს რასელს გამოუვლია და მათთვის უკითხავს: „ბიჭებო ეწევით? თამბაქოს სუნი მცემს“. ბიჭებმა იუარეს. რა თქმა უნდა, ახალგაზრდებს შეუმჩნეველი არ დარჩებოდათ რასელის უარყოფითი დამოკიდებულება თამბაქოსადმი. 1895 წლის 1 აგვისტოს „საგუშაგო კოშკში“ 2 კორინთელების 7:1-ის შესახებ ძმა რასელი შემდეგ კომენტარს აკეთებდა: „ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება თამბაქოს ამა თუ იმ  სახით მოხმარება ღვთის განდიდებას ან ქრისტიანის კეთილდღეობას მოემსახუროს . . . წარმოგიდგენიათ, რომ ჩვენს უფალს თამბაქოს სუნი ასდიოდეს ან პირში რაიმე სიბილწეს იდებდეს?!“.

13. ზნეობრივი სიწმინდის დაცვასთან დაკავშირებული რა დამატებითი მითითება მიიღეს მოწმეებმა 1973 წელს?

13 „საგუშაგო კოშკის“ 1935 წლის ნომერში თამბაქო „ბინძურ სარეველად“ მოიხსენიებოდა. ვინც მას მოსწევდა ან დაღეჭავდა, ბეთელის ოჯახის წევრი ვეღარ იქნებოდა; გარდა ამისა, ვეღარ იმსახურებდა იეჰოვას ორგანიზაციის წარმომადგენლად — პიონერად თუ მიმომსვლელ მსახურად. 1973 წელს მოწმეებმა ზნეობრივი სიწმინდის დაცვის შესახებ დამატებითი მითითება მიიღეს. იმავე წლის 1 ივნისის „საგუშაგო კოშკში“ აღნიშნული იყო, რომ ნებისმიერი იეჰოვას მოწმე, ვინც თამბაქოთი თავს წაიბილწავდა და ამით საკუთარ თავსაც ავნებდა და სხვებსაც, კრებაში კარგი რეპუტაციით ვერ ისარგებლებდა, ხოლო ვინც თამბაქოს ბოროტად გამოყენებას არ შეწყვეტდა, კრებიდან გაირიცხებოდა. * როგორც ვხედავთ, ქრისტემ თავისი მიმდევრების განსაწმენდად კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა.

14. რა ნორმა დაადგინა ღმერთმა სისხლთან დაკავშირებით და როგორ იქცა სისხლის გადასხმა მთელ მსოფლიოში გავრცელებულ პროცედურად?

14 სისხლის გამოყენება. სისხლის საკვებად გამოყენება ღმერთმა ადამიანებს ჯერ კიდევ ნოეს დროს აუკრძალა. იმავე აკრძალვას ვხვდებით ისრაელი ერისთვის მიცემულ კანონსა და ქრისტიანებისთვის მიცემულ მითითებაში: „მოერიდონ . . . სისხლს“ (საქ. 15:20, 29; დაბ. 9:4; ლევ. 7:26). რა გასაკვირია, რომ სატანამ თანამედროვე დროში გამონახა ის საშუალება, რითაც ხალხს ამ ღვთიურ ნორმას დაარღვევინებდა. მე-19 საუკუნეში ექიმებმა სისხლის გადასხმაზე ცდების ჩატარება დაიწყეს, ხოლო სისხლის ჯგუფების აღმოჩენის შემდეგ სისხლის გადასხმის პროცედურა დაინერგა. 1937 წლიდან დაიწყეს სისხლის შეგროვება, გაჩნდა სისხლის ბანკები, მეორე მსოფლიო ომმა კი სისხლის მასობრივად გამოყენებას მისცა ბიძგი. მალე სისხლის გადასხმა მთელ მსოფლიოში გავრცელებულ სამედიცინო პროცედურად იქცა.

15, 16. ა) რა პოზიციას იკავებდნენ იეჰოვას მოწმეები სისხლის გადასხმასთან დაკავშირებით? ბ) რა მხარდაჭერა აღმოუჩინა ქრისტემ თავის მიმდევრებს და რა იყო ამის შედეგი?

15 ჯერ კიდევ 1944 წელს „საგუშაგო კოშკი“ იტყობინებოდა, რომ სისხლის გადასხმა მისი ჭამის ტოლფასი იყო. მომდევნო წელს ეს ბიბლიური პოზიცია უფრო გამყარდა და დაზუსტდა. 1951 წელს „საგუშაგო კოშკში“ დაიბეჭდა კითხვა-პასუხების ნუსხა მედპერსონალთან სამსჯელოდ. მთელ მსოფლიოში ქრისტეს ერთგული მიმდევრები დევნისა თუ მტრული დამოკიდებულების მიუხედავად გაბედულად იცავდნენ თავიანთ პოზიციას. ქრისტე კვლავაც ერთგულად ედგა მხარში თავის ორგანიზაციას. შედეგად, გამოიცა ბროშურები და დაიბეჭდა სტატიები, რომლებშიც სისხლთან დაკავშირებული საკითხები საფუძვლიანად და დაწვრილებით განიხილებოდა.

16 უხუცესებმა 1979 წელს საავადმყოფოებთან თანამშრომლობა დაიწყეს, რათა ექიმებისთვის ჩვენი პოზიცია, სისხლზე უარის თქმის ბიბლიური საფუძვლები და უსისხლო მკურნალობის გზები გაეცნოთ. 1980 წელს შეერთებული შტატების 39 ქალაქიდან ჩამოსულმა ძმებმა სპეციალური მომზადების კურსი გაიარეს. დროთა  განმავლობაში ხელმძღვანელი საბჭოს გადაწყვეტილებით სხვადასხვა ქვეყანაში იქმნებოდა საავადმყოფოებთან თანამშრომლობის კომიტეტები. რა შედეგი გამოიღო წლების მანძილზე მათმა საქმიანობამ? დღეს ათასობით ექიმი, ქირურგი და ანესთეზიოლოგი თანამშრომლობს იეჰოვას მოწმე პაციენტებთან. ისინი პატივისცემით ეკიდებიან ჩვენს არჩევანს და უსისხლოდ გვმკურნალობენ. რაც დრო გადის, სულ უფრო მეტი საავადმყოფო მიმართავს უსისხლო მკურნალობას და ზოგი ექიმი მას მკურნალობის საუკეთესო მეთოდადაც კი აღიარებს. განა გასაოცარი არ არის, როგორ იცავს იესო თავის მიმდევრებს სატანის წამბილწველი ხრიკებისგან?! (წაიკითხეთ ეფესოელების 5:25—27).

რაც დრო გადის, სულ უფრო მეტი საავადმყოფო მიმართავს უსისხლო მკურნალობას და ზოგი ექიმი მას მკურნალობის საუკეთესო მეთოდადაც კი აღიარებს

17. რით შეგვიძლია ცხადვყოთ, რომ ვაფასებთ იმ საშუალებებს, რომლებითაც ქრისტე თავის მიმდევრებს ზნეობრივად გვწმენდს?

17 კარგს ვიზამთ, თუ საკუთარ თავს ვკითხავთ: ვაფასებ იმ საშუალებებს, რომლითაც ქრისტე თავის მიმდევრებს ზნეობრივად გვწმენდს და გვასწავლის იეჰოვას მაღალზნეობრივი ნორმების დაცვას? თუ ვაფასებთ, მაშინ გვახსოვდეს, რომ სატანა დღემდე ეძებს საშუალებებს, რომ იეჰოვასა და იესოსგან გაგვაუცხოოს და ღვთის ზნეობრივ ნორმებს ჩვენს თვალში ფასი დაუკარგოს. ამისგან რომ დაგვიცვას, იეჰოვას ორგანიზაცია მუდამ შეგვახსენებს და რბილად გვაფრთხილებს, არ მოვექცეთ ამ ზნედაცემული  ქვეყნიერების გავლენის ქვეშ. ამიტომ გავუგონოთ იეჰოვას და გავითვალისწინოთ მისი ფასდაუდებელი რჩევები! (იგავ. 19:20).

კრების სიწმინდის დაცვა

18. რა მინიშნებას შეიცავს ეზეკიელის ხილვა იეჰოვას ნორმების შეგნებულად დამრღვევებთან დაკავშირებით?

18 ღვთის ხალხის ზნეობრივ განწმენდას კრების სიწმინდის დასაცავად გათვალისწინებული ზომებიც ემსახურება. ყველა, ვინც იეჰოვას ნორმებს აღიარებს და თავს უძღვნის ღმერთს, სამწუხაროდ, თავისი გადაწყვეტილების ერთგული ბოლომდე არ რჩება. ზოგს გული უბოროტდება და შეგნებულად არღვევს იეჰოვას ნორმებს. რა უნდა გაკეთდეს ასეთ დროს? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ამ თავის დასაწყისში ნახსენები სულიერი ტაძრის ერთი დეტალი გამოგვადგება. გაიხსენეთ დიდებული კარიბჭეები! ყოველ შესასვლელს თავ-თავისი სადარაჯო ოთახები ჰქონდა. დარაჯები ტაძარს, როგორც ჩანს, იმ მიზნით იცავდნენ, რომ „გულით . . . წინადაუცვეთელები“ შიგნით არ შესულიყვნენ (ეზეკ. 44:9). ეს დეტალი იმაზე მიგვანიშნებს, რომ წმინდა თაყვანისმცემლობაში მონაწილეობის პატივი მხოლოდ იეჰოვას წმინდა ნორმების დამცველებს აქვთ; შესაბამისად, თანამორწმუნეებთან ერთად თაყვანისმცემლობაში მონაწილეობის პატივი ყველას არ ეძლევა.

19, 20. ა) როგორ ეხმარებოდა ქრისტე თავის მიმდევრებს სამართლებრივი საქმეების უკეთესად განხილვაში? ბ) რომელი სამი მიზეზის გამო ირიცხება კრებიდან მოუნანიებელი შემცოდველი?

19 ჯერ კიდევ 1892 წლის „საგუშაგო კოშკში“ აღნიშნული იყო: „ჩვენი მოვალეობა იმ ქრისტიანების გარიცხვაა, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად უარყოფენ ქრისტეს მიერ ყველასთვის გაღებულ გამოსასყიდს [შესაბამის საფასურს]“ (წაიკითხეთ 2 იოანეს 10). 1904 წელს გამოცემულ წიგნ „ახალ ქმნილებაში“ ეწერა, რომ ისინი, ვინც არ იშლიან ცუდის კეთებას, კრებას ზნეობრივად გახრწნის სერიოზულ საფრთხეს უქმნიან. იმ დროს კრებაში სერიოზული ცოდვის განსახილველად ეწყობოდა ეგრეთ წოდებული საეკლესიო სასამართლოები, რომლებშიც მონაწილეობას მთელი კრება იღებდა, თუმცა ამის ერთეული შემთხვევები იყო. 1944 წლის „საგუშაგო კოშკი“ იტყობინებოდა, რომ ამგვარი საქმეები მხოლოდ პასუხისმგებელ ძმებს უნდა განეხილათ. 1952 წლის „საგუშაგო კოშკში“ დაიბეჭდა სტატია, რომელშიც განხილული იყო, თუ როგორ უნდა წარმართულიყო ბიბლიურად სამართლებრივი საქმის განხილვა. სტატიაში ხაზგასმული იყო, რომ მოუნანიებელთა გარიცხვის მთავარი მიზეზი კრების სიწმინდის დაცვა იყო.

20 ათწლეულების განმავლობაში ქრისტე უფრო ნათელ მითითებებს აძლევდა თავის მიმდევრებს, რათა მათ სამართლებრივი საქმეები უკეთესად განეხილათ. დღეს ქრისტიანი უხუცესები კარგად არიან მომზადებული, რომ სამართლებრივი საკითხები იეჰოვას მოსაწონად გადაწყვიტონ. ისინი ჰბაძავენ იეჰოვას, რომელიც სამართლიანობასაც და გულმოწყალებასაც თანაზომიერად ავლენს. დღეს ჩვენთვის ცნობილია მოუნანიებელი შემცოდველის კრებიდან გარიცხვის, სულ მცირე, სამი მიზეზი: 1) იეჰოვას სახელის დაცვა შებღალვისგან, 2) კრების დაცვა შემცოდველის გამხრწნელი ზეგავლენისგან და 3) შემცოდველის მონანიებისკენ აღძვრა.

21. როგორ ემსახურება გარიცხვის ღონისძიება ქრისტეს მიმდევართა სულიერ კეთილდღეობას?

 21 გარიცხვის ღონისძიება მართლაც რომ ქრისტეს მიმდევართა სულიერ კეთილდღეობას ემსახურება. ძველად ისრაელში შემცოდველები ხშირად გამხრწნელ გავლენას ახდენდნენ მთელ ერზე, და ზოგჯერ რიცხობრივადაც აღემატებოდნენ იეჰოვას მოყვარულებსა და კანონის დამცველებს. ამგვარად, მთელი ერი ბღალავდა ღვთის სახელს და მის წყალობას კარგავდა (იერ. 7:23—28). დღეს იეჰოვას არ ჰყავს ამორჩეული რომელიმე კონკრეტული ერი. მას თაყვანს სცემენ სულიერად მოწიფული ადამიანები ყველა ერიდან. როცა მოუნანიებელი შემცოდველები კრებიდან ირიცხებიან, ეშმაკი ვეღარ იყენებს მათ თავის იარაღად, კერძოდ კრებისთვის ზიანის მისაყენებლად და მისი სიწმინდის შესაბღალავად. მათი საზიანო გავლენა მინიმუმამდეა დაყვანილი. შედეგად, როგორც ჯგუფი, ჩვენ იეჰოვას კეთილგანწყობას არ ვკარგავთ. გახსოვდეთ იეჰოვას დაპირება: „არც ერთ იარაღს, რომელიც შენ წინააღმდეგ შეიქმნება, არ ექნება წარმატება“! (ეს. 54:17). მთელი გულით ვუჭერთ მხარს უხუცესებს, რომლებსაც სამართლებრივი საქმეების განხილვის სერიოზული პასუხისმგებლობა აკისრიათ?

ღვთის განდიდება, რომელსაც ყოველი ოჯახი უნდა უმადლოდეს თავისი სახელისთვის

22, 23. რატომ ვართ მადლიერნი მე-20 საუკუნის დასაწყისში მოღვაწე ჩვენი თანამორწმუნეების, და საიდან ჩანს, რომ მათი მიდგომა მთლად გაწონასწორებული არ იყო?

22 მესამე სფერო, რაშიც ქრისტემ თავისი მიმდევრები განწმინდა, ქორწინება და ოჯახური ცხოვრებაა. რა ცვლილება განიცადა ჩვენმა შეხედულებამ ოჯახური ცხოვრების შესახებ? როცა მე-20 საუკუნის დასაწყისში მოღვაწე ღვთის მსახურთა ისტორიებს ვეცნობით, გაოცებული ვრჩებით მათი თავგანწირვის სულისკვეთებით. ნამდვილად მადლიერნი ვართ მათი, ვინც თავიანთ ცხოვრებაში ყველაფერზე წინ წმინდა მსახურება დააყენა. თუმცა დღევანდელი გადასახედიდან თუ ვიმსჯელებთ, ასეთი მიდგომა მთლად გაწონასწორებული არ იყო. რატომ?

23 იმ დროს უჩვეულო არაფერი იყო იმაში, რომ ძმებს ქადაგების ან მიმოსვლითი მსახურების გამო თვეობით ჰყოლოდათ ოჯახები დატოვებული. მაშინ პუბლიკაციებში უფრო დიდი აქცენტი კეთდებოდა დაუქორწინებლობაზე, ვიდრე ამის საფუძველს ბიბლია იძლეოდა, ხოლო ქორწინების განმტკიცებაზე ბევრი არაფერი იწერებოდა. დღესაც იგივე დამოკიდებულება აქვთ ქრისტეს მიმდევრებს?

ქრისტეს მიმდევრები თვლიან, რომ თეოკრატიული დავალებები ოჯახური მოვალეობების ხარჯზე არ უნდა სრულდებოდეს

24. როგორ დაეხმარა ქრისტე თავის მიმდევრებს, რომ ქორწინებასა და ოჯახზე გაწონასწორებული შეხედულება ჰქონოდათ?

24 დღესდღეობით ქრისტეს მიმდევრები თვლიან, რომ თეოკრატიული დავალებები ოჯახური მოვალეობების ხარჯზე არ უნდა სრულდებოდეს (წაიკითხეთ 1 ტიმოთეს 5:8). ქრისტემ იზრუნა იმაზე, რომ მის ერთგულ მიმდევრებს უწყვეტად მიეღოთ სასარგებლო და გონივრული ბიბლიური რჩევები ქორწინებასა და ოჯახზე (ეფეს. 3:14, 15). მაგალითად, 1978 წელს გამოიცა წიგნი „მოაწყვე ბედნიერი ოჯახური ცხოვრება“, 18 წლის შემდეგ კი — „ოჯახური ბედნიერების საიდუმლო“. გარდა ამისა, „საგუშაგო კოშკში“ დღემდე იბეჭდება სტატიები, რომლებიც შეიცავს ბიბლიურ პრინციპებს დაქორწინებული წყვილებისთვის.

25—27. როგორ ეთმობოდა სულ უფრო მეტი ყურადღება ბავშვებისა და ახალგაზრდების მოთხოვნილებებს?

 25 ქრისტეს არც ბავშვები და ახალგაზრდები დაუტოვებია უყურადღებოდ. მათ მოთხოვნილებებს წლების მანძილზე სულ უფრო მეტი ყურადღება ეთმობოდა. იეჰოვას ორგანიზაცია ოდითგანვე ზრუნავდა ბავშვებსა და ახალგაზრდებზე, თუმცა ის, რაც ადრე კეთდებოდა, ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც ბოლო წლებში გაკეთდა. მაგალითად, 1919—1921 წლებში ჟურნალ „ოქროს ხანაში“ იბეჭდებოდა რუბრიკა „ნორჩი ბიბლიის მკვლევრები“. 1920 წელს გამოიცა ბროშურა „ოქროს ხანის ანბანი“, ხოლო 1941 წელს — წიგნი „ბავშვები“. 1970-იან წლებში გამოიცა წიგნები „უსმინეთ დიდებულ მასწავლებელს“, „საუკეთესოდ გამოიყენე ახალგაზრდობის წლები“ და „ბიბლიური მოთხრობები“. 1982 წლიდან „გამოიღვიძეთში“ გამოჩნდა რუბრიკა „ახალგაზრდების შეკითხვები“. მოგვიანებით, 1989 წელს ამ რუბრიკის სტატიები გამოიცა წიგნად „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“.

გერმანიაში ჩატარებულ კონგრესზე ბავშვები გაახარა ახალმა ბროშურამ „ჩემი ბიბლიური გაკვეთილები“

26 დღეისათვის უკვე გამოცემულია წიგნ „ახალგაზრდების შეკითხვების“ განახლებული ორტომეული, ხოლო ამავე სახელწოდების რუბრიკის ახალი სტატიები თავსდება ჩვენს ვებ-გვერდზე jw.org. გარდა ამისა, გამოსულია წიგნი „ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან“.  ჩვენს ვებ-გვერდზე ბევრი საბავშვო მასალაა განთავსებული, მათ შორის ბიბლიური ბარათები და სავარჯიშოები როგორც მცირეწლოვანთათვის, ისე მოზარდებისთვის, აგრეთვე თავსატეხები, ვიდეორგოლები, დასურათებული ბიბლიური ისტორიები და ბიბლიური გაკვეთილები სამ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. უდავოა, ქრისტესთვის ბავშვები დღესაც ისეთივე ძვირფასნი არიან, როგორც პირველ საუკუნეში იყვნენ (მარ. 10:13—16). მას სურს, რომ ბავშვებმაც და ახალგაზრდებმაც არასოდეს იგრძნონ სიყვარულისა და ნოყიერი სულიერი საზრდოს ნაკლებობა.

27 იესო ბავშვების დაცვაზეც ზრუნავს. ეს ქვეყნიერება უზნეობის ჭაობში იძირება, რის გამოც ბავშვებზე სექსუალური ძალადობის შემთხვევები გახშირებულია. ამიტომ ჩვენს პუბლიკაციებში მშობლებისთვის იბეჭდება რჩევები, თუ როგორ დაიცვან შვილები გახრწნილი ადამიანებისგან. *

28. ა) ეზეკიელის ხილვის თანახმად, რა მოგვეთხოვება წმინდა თაყვანისმცემლობაში მონაწილეობისთვის? ბ) რის გაკეთება გვმართებს?

28 განა გამამხნევებელი არ არის ის, რომ ქრისტე განაგრძობს თავისი მიმდევრების განწმენდას და ასწავლის მათ იეჰოვას მაღალზნეობრივი ნორმებით ცხოვრებას?! გავიხსენოთ ეზეკიელის მიერ ხილვაში ნანახი ტაძარი და მისი მაღალი წინკარები. აღიქვამთ ამ უხილავ ტაძარს რეალურად? მასში „შესასვლელად“ მხოლოდ სამეფო დარბაზში სიარული, ბიბლიის გადაშლა და მსახურებისას კარზე დაკაკუნება არ კმარა, რადგან ეს ყოველივე ხილულია. ამის გაკეთება ხომ თვალთმაქცსაც შეუძლია, თუმცა ის იეჰოვას ტაძარში ვერ შევა. მაგრამ თუ ამ ყველაფერთან ერთად იეჰოვას მაღალზნეობრივი ნორმებით ვცხოვრობთ და სწორი მოტივებით ვმონაწილეობთ წმინდა თაყვანისმცემლობაში, შეიძლება ითქვას, რომ შესულები ვართ ამ წმინდა ადგილას და იქ ვმსახურობთ. მუდამ გვახსოვდეს, რომ ეს ჩვენთვის უდიდესი პატივია. მოდი, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ვიცხოვროთ იეჰოვას მაღალზნეობრივი ნორმებით და მისი სიწმინდე ავირეკლოთ!

^ აბზ. 2 წიგნ „გამართლების“ მე-2 ტომში (1932 წ.) პირველად იყო ახსნილი, რომ ის ბიბლიური წინასწარმეტყველებები, რომლებიც ღვთის ხალხის სამშობლოში დაბრუნებას ეხებოდა, თანამედროვე დროში შესრულდა არა ებრაელ ერზე, არამედ სულიერ ისრაელზე. ეს წინასწარმეტყველებები წმინდა თაყვანისმცემლობის აღდგენას ეხება. 1999 წლის 1 მარტის „საგუშაგო კოშკში“ ახსნილი იყო, რომ ეზეკიელის მიერ ხილვაში ნანახი ტაძარიც აღდგენილ წმინდა თაყვანისმცემლობას განასახიერებდა. შესაბამისად, ეს ხილვა ბოლო დღეებში სრულდება.

^ აბზ. 6 ამ აღთქმის თანახმად, კაცსა და ქალს ერთ ოთახში მარტო ყოფნისას კარი ფართოდ გაღებული უნდა დაეტოვებინათ. ეს წესი არ ვრცელდებოდა ცოლ-ქმარზე და ახლო ნათესავებზე. აღთქმა ბეთელში დილის თაყვანისცემის დროს იკითხებოდა.

^ აბზ. 13 თამბაქოს ბოროტად გამოყენებაში იგულისხმება მისი მოწევა, დაღეჭვა და მოყვანა.

^ აბზ. 27 იხილეთ წიგნი „ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან“, თავი 32, აგრეთვე სტატიათა სერია „ , აგრეთვე სტატიათა სერია „ , აგრეთვე სტატიათა სერია „დაიცავით შვილები საფრთხისგან!“, რომელიც დაიბეჭდა 2007 წლის ოქტომბრის „გამოიღვიძეთ!“-ში.

გაიგეთ მეტი

რატომ უნდა ვიყოთ წმინდები?

ხომ არ გიჭირდათ ადრე წიგნ „ლევიანებში“ მოცემული აზრების გაგება და მოსაწყენად ხომ არ თვლიდით ბიბლიის ამ წიგნს? წიგნ „ლევიანებში“ გაბნეული „მარგალიტები“ დაგეხმარებათ, რომ წმინდად სცეთ იეჰოვას თაყვანი.