წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ღვთის სამეფო მმართველობს!

 თავი 15

ბრძოლა თაყვანისცემის თავისუფლებისთვის

ბრძოლა თაყვანისცემის თავისუფლებისთვის

ამ თავიდან შევიტყობთ:

როგორ ეხმარება ქრისტე თავის მიმდევრებს, მოიპოვონ კანონით აღიარება და ღვთის კანონების მორჩილების უფლება

1, 2. ა) რა ადასტურებს, რომ ღვთის სამეფოს მოქალაქე ხართ? ბ) რატომ უწევთ ზოგჯერ იეჰოვას მოწმეებს რელიგიური თავისუფლებისთვის ბრძოლა?

ხართ ღვთის სამეფოს მოქალაქე? თუ იეჰოვას მოწმე ხართ, მაშასადამე, ღვთის სამეფოს მოქალაქე ხართ. რა ადასტურებს თქვენს მოქალაქეობას — პასპორტი თუ სხვა ოფიციალური საბუთი? ამას იეჰოვა ღმერთისადმი თქვენი თაყვანისმცემლობა ადასტურებს. ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში მრწამსზე მეტი იგულისხმება. ამაში შედის თქვენი საქციელი, ანუ ღვთის სამეფოს კანონების მორჩილება. თაყვანისმცემლობა ცხოვრების ყველა სფეროს მოიცავს, მათ შორის შვილების აღზრდასა და მკურნალობასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას.

2 მაგრამ ქვეყნიერება, რომელშიც ვცხოვრობთ, ხშირად პატივს არ სცემს ჩვენთვის უძვირფასეს მოქალაქეობასა თუ ამ მოქალაქეობის მოთხოვნებს. ზოგიერთი მთავრობა ცდილობს ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის შეზღუდვასა და მოსპობასაც კი. ზოგჯერ ქრისტეს ქვეშევრდომებს მესიანური სამეფოს კანონების დასაცავად ბრძოლა უწევთ. ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან ბიბლიურ დროშიც იეჰოვას ხალხი ხშირად იბრძოდა იეჰოვასადმი თაყვანისცემის თავისუფლებისთვის.

3. რისთვის იბრძოდა ღვთის ხალხი დედოფალი ესთერის დროს?

3 მაგალითად, დედოფალი ესთერის დროს ღვთის ხალხს არსებობისთვის ბრძოლა მოუწია. მიზეზი ის იყო, რომ სპარსეთის ბოროტმა სახელმწიფო მოხელემ ჰამანმა მეფე ახაშვეროშს მთელ სამეფოში ებრაელების დახოცვა ურჩია, რადგან „მათი კანონები ყველა სხვა ხალხის კანონებისგან“ განსხვავდებოდა (ესთ. 3:8, 9, 13). მაგრამ იეჰოვამ არ მიატოვა თავისი მსახურები და აკურთხა ესთერისა და მორდოქაის ძალისხმევა, რომლებმაც სპარსეთის მეფეს ღვთის ხალხის დაცვა სთხოვეს (ესთ. 9:20—22).

4. რას განვიხილავთ ამ თავში?

4 რის თქმა შეიძლება ჩვენს დროზე? როგორც წინა თავიდან დავინახეთ, ზოგჯერ ხელისუფლებები იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ გამოდიან. ამ თავში განვიხილავთ ჩვენი თაყვანისმცემლობის შესაზღუდავად მთავრობების მიერ გამოყენებულ რამდენიმე ხერხს და შევეხებით ჩვენი უფლებებიდან ზოგიერთს: 1) ვიარსებოთ როგორც ორგანიზაციამ და ჩვენ მიერ არჩეული სახით ვცეთ ღმერთს თაყვანი; 2) ავირჩიოთ ბიბლიური პრინციპების შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა და 3) როგორც მშობლებმა, შვილები იეჰოვას ნორმების თანახმად აღვზარდოთ. ამ საკითხების განხილვისას დავინახავთ, როგორ  ცდილობენ მესიანური სამეფოს ერთგული მოქალაქეები თავიანთი ძვირფასი მოქალაქეობის დაცვას და როგორ აკურთხებს ღმერთი მათ მცდელობას.

ბრძოლა კანონით აღიარებისა და ძირითადი თავისუფლებებისთვის

5. რას აადვილებს კანონით აღიარება?

5 გვჭირდება იეჰოვას თაყვანსაცემად მთავრობებისგან კანონით აღიარება? რა თქმა უნდა, არა. მაგრამ კანონით აღიარება გვიადვილებს თაყვანისმცემლობასთან დაკავშირებულ საქმიანობას, მაგალითად, სამეფო და საკონგრესო დარბაზებში თავისუფლად შეკრებას, ბიბლიური ლიტერატურის ბეჭდვასა და იმპორტს და მოყვასთან სასიხარულო ცნობის შეუფერხებლად და ღიად ქადაგებას. მრავალ ქვეყანაში იეჰოვას მოწმეები კანონიერად არიან რეგისტრირებული და თაყვანისცემის იმავე თავისუფლებით სარგებლობენ, რომლითაც კანონით აღიარებული სხვა რელიგიური მიმდინარეობების წევრები. მაგრამ, რა ხდება, როცა მთავრობა უარს ამბობს ჩვენი ორგანიზაციის კანონით აღიარებაზე ან ცდილობს ჩვენი ძირითადი თავისუფლებების შეზღუდვას?

6. რა სირთულეები შეხვდათ 1940-იანი წლების დასაწყისში იეჰოვას მოწმეებს ავსტრალიაში?

6 ავსტრალია. 1940-იანი წლების დასაწყისში ავსტრალიის გენერალ-გუბერნატორმა მიიჩნია, რომ ჩვენი სწავლებები უარყოფითად მოქმედებდა ომის მხარდამჭერ საქმიანობაზე. ამიტომ ჩვენი საქმიანობა აიკრძალა. მოწმეები ვეღარ იკრიბებოდნენ და ვეღარ ქადაგებდნენ თავისუფლად, ბეთელი დაიხურა და სამეფო დარბაზები სხვის საკუთრებაში გადავიდა. ბიბლიური ლიტერატურის ქონაც კი იკრძალებოდა. რამდენიმეწლიანი იატაკქვეშა საქმიანობის შემდეგ, ავსტრალიელი მოწმეების მდგომარეობა შემსუბუქდა. 1943 წლის 14 ივნისს ავსტრალიის უმაღლესმა სასამართლომ აკრძალვა გააუქმა.

7, 8. აღწერეთ, როგორ იბრძოდნენ წლების მანძილზე რუსი ძმები თაყვანისცემის თავისუფლებისთვის.

7 რუსეთი. კომუნისტური რეჟიმის დროს იეჰოვას მოწმეების საქმიანობა ათეულობით წლის მანძილზე აკრძალული იყო და რეგისტრაციაში მხოლოდ 1991 წელს გატარდა. ყოფილი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთის ფედერაციაში 1992 წელს კანონით აღიარება მოვიპოვეთ. თუმცა მალევე ჩვენმა რიცხობრივად სწრაფმა ზრდამ ზოგიერთი მოწინააღმდეგე შეაშფოთა, რომლებიც ძირითადად მართლმადიდებელი ეკლესიის მხარდამჭერები იყვნენ. 1995—1998 წლებში იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღსაძრავად მათ 5 საჩივარი შეიტანეს. ხუთივე შემთხვევაში პროკურატურამ ვერ იპოვა კანონდარღვევის დამადასტურებელი მტკიცებები. 1998 წელს მოწინააღმდეგეებმა ახლა უკვე სამოქალაქო საჩივარი შეიტანეს სასამართლოში. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან საქმე მოწმეების სასარგებლოდ წარიმართა, მოწინააღმდეგეებმა გაასაჩივრეს გადაწყვეტილება და 2001 წლის მაისში სასამართლომ გადაწყვეტილება იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ გამოიტანა. იმავე წლის ოქტომბერში დაიწყო საქმის ხელახლა განხილვა, რის შედეგადაც 2004 წელს სასამართლომ მოახდინა მოსკოვში იეჰოვას მოწმეთა იურიდიული პირის ლიკვიდაცია და მისი საქმიანობა აკრძალა.

8 ამ გადაწყვეტილებას და-ძმების დევნა მოჰყვა (წაიკითხეთ 2 ტიმოთეს 3:12). მოწმეებს ფიზიკურ თუ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.  ართმევდნენ რელიგიურ ლიტერატურას, ზღუდავდნენ თაყვანისცემისთვის შენობების დაქირავებასა და აშენებას. წარმოიდგინეთ, რას განიცდიდნენ ჩვენი და-ძმები ამ დროს! 2001 წელს მოწმეებმა საჩივარი შეიტანეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, 2004 წელს კი სასამართლოს ამ საქმის გარშემო დამატებითი ინფორმაცია მიაწოდეს. 2010 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა. მისთვის ნათელი იყო, რომ რუსეთში ამ აკრძალვის უკან რელიგიური შეუწყნარებლობა იდგა. სასამართლომ დაადგინა, რომ ქვემდგომი სასამართლოების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების ძალაში დასატოვებლად არავითარი საფუძველი არ არსებობდა, რადგან არ მოიპოვებოდა იეჰოვას მოწმეების მხრიდან კანონის დარღვევის დამადასტურებელი მტკიცებები. მას მიაჩნდა, რომ აკრძალვის მიზანი იეჰოვას მოწმეებისთვის კანონიერი უფლებების ჩამორთმევა იყო. სასამართლო გადაწყვეტილებამ დაამტკიცა, რომ მოწმეებს რელიგიის თავისუფლების უფლება ჰქონდათ. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა არ გაითვალისწინეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, ამ და სხვა გამარჯვებებმა რუსეთში მცხოვრებ იეჰოვას მოწმეებს მხნეობა შემატა.

ტიტოს მანუსაკისი (იხ. აბზაცი 9)

9—11. როგორ იბრძოდა იეჰოვას ხალხი საბერძნეთში ერთად შეკრების თავისუფლებისთვის და რა იყო ამ ბრძოლის შედეგი?

9 საბერძნეთი. 1983 წელს კუნძულ კრეტაზე მდებარე ქალაქ ირაკლიონში ტიტოს მანუსაკისმა იეჰოვას მოწმეების პატარა ჯგუფის შესაკრებად ოთახი დაიქირავა (ებრ. 10:24, 25). მაგრამ მალე მართლმადიდებელმა მღვდელმა პოლიციაში იჩივლა, რომ იეჰოვას მოწმეები ნაქირავებ ოთახში თაყვანისმცემლობისთვის იკრიბებოდნენ. მისი საჩივრის ერთადერთი მიზეზი ის იყო, რომ მოწმეთა შეხედულებები მართლმადიდებელი ეკლესიის მრწამსისგან განსხვავდებოდა. პროკურატურამ ტიტოს მანუსაკისისა და კიდევ სამი ადგილობრივი იეჰოვას მოწმის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ისინი დააჯარიმეს და ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ღვთის სამეფოს ამ ერთგულმა მოქალაქეებმა სასამართლოს გადაწყვეტილება თაყვანისცემის თავისუფლების ხელყოფად მიიჩნიეს, საქმე ქვეყნის ყველა სასამართლო ინსტანციაში გაასაჩივრეს და ბოლოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართეს.

10 ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 1996 წელს წმინდა თაყვანისმცემლობის მოწინააღმდეგეთათვის სრულიად მოულოდნელი გადაწყვეტილება გამოიტანა. სასამართლომ დაადგინა, რომ «იეჰოვას მოწმეები საბერძნეთის კანონმდებლობის თანახმად „ცნობილ რელიგიას“ მიეკუთვნებიან» და ქვემდგომი სასამართლოების გადაწყვეტილებებმა „მოსარჩელეების რელიგიურ თავისუფლებაზე პირდაპირი გავლენა მოახდინა“. მან აგრეთვე დაადგინა, რომ საბერძნეთის ხელისუფლების საქმე არ იყო „რელიგიური შეხედულებებისა და მათი გამოხატვის საშუალებების ლეგიტიმურობის განსაზღვრა“. იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ გამოტანილი ყველა განაჩენი გაუქმდა და დამტკიცდა მათი თაყვანისცემის თავისუფლება.

11 დასრულდა ამ გამარჯვებით საბერძნეთში იეჰოვას მოწმეების იურიდიული ბრძოლა? სამწუხაროდ, არა. 2012 წელს კასანდრიაში მსგავსი საქმე თითქმის 12-წლიანი ბრძოლის შემდეგ გადაწყდა. ამ  შემთხვევაში წინააღმდეგობის მოთავე მართლმადიდებელი ეპისკოპოსი იყო. საბერძნეთის უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ ანუ სახელმწიფო საბჭომ საქმე ღვთის ხალხის სასარგებლოდ გადაწყვიტა. ეს გადაწყვეტილება ეყრდნობოდა საბერძნეთის კონსტიტუციით გარანტირებულ რელიგიის თავისუფლების უფლებას და გააბათილა არაერთხელ გამეორებული განაცხადი, თითქოს იეჰოვას მოწმეები არ წარმოადგენენ ცნობილ რელიგიას. სასამართლომ დაადგინა: „იეჰოვას მოწმეთა მოძღვრებები გასაიდუმლოებული არ არის, შესაბამისად, ისინი ცნობილ რელიგიას წარმოადგენენ“. კასანდრიის კრების წევრებს უხარიათ, რომ ახლა შეუძლიათ საკუთარ სამეფო დარბაზში შეიკრიბონ თაყვანისმცემლობისთვის.

12, 13. როგორ ცდილობდნენ საფრანგეთში მოწინააღმდეგეები დადგენილებით სირთულეების შექმნას და რა იყო შედეგი?

12 საფრანგეთში ღვთის ხალხის ზოგი მოწინააღმდეგე სირთულეებს ქმნიდა დადგენილებით (წაიკითხეთ ფსალმუნის 94:20). მაგალითად, 1990-იანი წლების შუა ხანებში საგადასახადო სამსახურმა საფრანგეთში იეჰოვას მოწმეთა ერთ-ერთი იურიდიული პირის (Association Les Témoins de Jéhovah) ფინანსების შემოწმება დაიწყო. ბიუჯეტის მინისტრმა აუდიტის ნამდვილი მიზეზი დაასახელა: „აუდიტს შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი ლიკვიდაცია ან სისხლის სამართლის საქმის აღძვრა . . . რაც სავარაუდოდ გაართულებს ასოციაციის ფუნქციონირებას ან აიძულებს მას, ჩვენს ტერიტორიაზე თავისი საქმიანობა შეაჩეროს“. მიუხედავად იმისა, რომ შემოწმებას არავითარი დარღვევა არ გამოუვლენია, საგადასახადო სამსახურმა იეჰოვას მოწმეების ასოციაციას წარმოუდგენლად დიდი გადასახადი დააკისრა. მათი განზრახვის წარმატებით შესრულების შემთხვევაში ძმები იძულებულები გახდებოდნენ, უზარმაზარი თანხის გადასახდელად დაეხურათ ფილიალი და შენობები გაეყიდათ. ამ დიდი დარტყმის მიუხედავად, ღვთის ხალხი არ დანებდა. უსამართლობის გასაპროტესტებლად მოწმეებმა ძალ-ღონე არ დაიშურეს და საბოლოოდ, 2005 წელს, საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრეს.

13 განაჩენი გამოტანილ იქნა 2011 წლის 30 ივნისს. სასამართლომ მიიჩნია, რომ რელიგიის თავისუფლების უფლებიდან გამომდინარე, იშვიათი გამონაკლისების გარდა, სახელმწიფოს არ უნდა მიეცეს რელიგიური შეხედულებებისა და მათი გამოხატვის საშუალებების ლეგიტიმურობის შეფასების უფლება. სასამართლომ აგრეთვე დაადგინა: „გადასახადმა . . . ასოციაციას არსებობისთვის აუცილებელი რესურსები წაართვა და შედეგად თავისი მიმდევრებისთვის თავისუფლად თაყვანისცემის უზრუნველყოფის საშუალება არ მისცა“. სასამართლომ ერთსულოვნად მიიღო გადაწყვეტილება იეჰოვას მოწმეების სასარგებლოდ. იეჰოვას ხალხი ხარობს, რადგან საფრანგეთის მთავრობამ სარგებლით დააბრუნა ასოციაციისთვის დაკისრებული გადასახადი და სასამართლოს დადგენილების შესაბამისად ფილიალის საკუთრებაზე დადებული ყადაღა მოხსნა.

გამუდმებით ილოცეთ იმ და-ძმებისთვის, რომლებიც დღეს უსამართლობის მსხვერპლი ხდებიან

14. როგორ შეგიძლიათ თაყვანისცემის თავისუფლებისთვის ბრძოლაში მონაწილეობის მიღება?

14 ძველ დროში მცხოვრები ესთერისა და მორდოქაის მსგავსად, დღეს იეჰოვას ხალხი იბრძვის, რომ თავისუფლად და იეჰოვას მოთხოვნების შესაბამისად სცეს მას თაყვანი (ესთ. 4:13—16). ამ ბრძოლაში თქვენც შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა! გამუდმებით ილოცეთ  იმ და-ძმებისთვის, რომლებიც დღეს უსამართლობის მსხვერპლი ხდებიან. ლოცვებს დიდი ძალა აქვს და შეუძლია შეამსუბუქოს დევნილი და განსაცდელში მყოფი და-ძმების მდგომარეობა (წაიკითხეთ იაკობის 5:16). ისმენს იეჰოვა ასეთ ლოცვებს? სასამართლო გამარჯვებები მოწმობს, რომ ნამდვილად ისმენს! (ებრ. 13:18, 19).

ჩვენი შეხედულებების შესაბამისი მკურნალობის არჩევის თავისუფლება

15. რა უნდა გაითვალისწინოს ღვთის ხალხმა სისხლთან დაკავშირებით?

15 როგორც მე-11 თავში აღვნიშნეთ, ღვთის სამეფოს მოქალაქეებს აქვთ ნათელი ბიბლიური მითითება, მოერიდონ სისხლის არასწორად გამოყენებას, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ეს ჩვეულებრივი რამ არის (დაბ. 9:5, 6; ლევ. 17:11; წაიკითხეთ საქმეების 15:28, 29). ჩვენ უარს ვამბობთ სისხლის გადასხმაზე, მაგრამ ღვთის კანონების ფარგლებში საუკეთესო სამედიცინო მკურნალობა გვსურს ჩვენთვის და ჩვენი ოჯახის წევრებისთვის. ბევრ ქვეყანაში სასამართლოებმა აღიარეს სინდისისა და რელიგიური შეხედულებების საფუძველზე მკურნალობის ამა თუ იმ მეთოდის არჩევის ან მასზე უარის თქმის უფლება. თუმცა ზოგ ქვეყანაში ამ საკითხთან დაკავშირებით ღვთის ხალხს ძლიერი წინააღმდეგობები შეხვდა. განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი.

16, 17. რა თავზარდამცემ ფაქტს ჰქონდა ადგილი იაპონელი დის მკურნალობის დროს და როგორ უპასუხა იეჰოვამ მის ლოცვებს?

16 იაპონია. 63 წლის დიასახლისს, მისაე ტაკედას, სერიოზული ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა. როგორც ღვთის სამეფოს ერთგულმა მოქალაქემ, მან ნათლად აუხსნა ექიმს, რომ უსისხლო მკურნალობა სურდა. მიუხედავად ამისა, რამდენიმე თვის შემდეგ თავზარდამცემი ამბავი შეიტყო. თურმე ოპერაციის დროს მას სისხლი გადაუსხეს. ის თავს მოტყუებულად და ძალადობის მსხვერპლად მიიჩნევდა, ამიტომ 1993 წლის ივნისში მან ექიმებისა და საავადმყოფოს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. ამ მოკრძალებულმა და რბილად მოსაუბრე ქალბატონმა ურყევი რწმენა გამოავლინა. სუსტი ჯანმრთელობის მიუხედავად, ის ერთ საათზე მეტხანს იდგა სასამართლოში მოწმის ტრიბუნაზე და სავსე დარბაზის წინაშე გაბედულად იძლეოდა ჩვენებას. სიკვდილამდე ერთი თვით ადრე ის უკანასკნელად წარდგა სასამართლოს წინაშე. მისი რწმენა და გაბედულება აღფრთოვანებას იწვევს. და ტაკედამ თქვა, რომ გამუდმებით სთხოვდა იეჰოვას ამ ბრძოლაში დახმარებას. ის დარწმუნებული იყო, რომ მისი ლოცვები უპასუხოდ არ დარჩებოდა. შეისმინა იეჰოვამ მისი ლოცვები?

17 და ტაკედას სიკვდილიდან სამი წლის შემდეგ იაპონიის უზენაესმა სასამართლომ საქმე მის სასარგებლოდ გადაწყვიტა და მიიჩნია, რომ მისი კონკრეტული სურვილის წინააღმდეგ წასვლა და სისხლის გადასხმა არასწორი იყო. 2000 წლის 29 თებერვალს მიღებულ გადაწყვეტილებაში ეწერა, რომ ასეთ შემთხვევაში „გადაწყვეტილების მიღების უფლება . . . პირად უფლებად უნდა იქნას მიჩნეული“. ბიბლიით განსწავლული სინდისის შესაბამისი მკურნალობის არჩევის თავისუფლებისთვის მისაე ტაკედას შეუპოვარი ბრძოლის შედეგად იაპონელ მოწმეებს სისხლის გადასხმის საშიშროების გარეშე შეუძლიათ იმკურნალონ.

პაბლო ალბარასინი (იხ. აბზაცები 18—20)

18—20. ა) როგორ დაამტკიცა არგენტინაში სააპელაციო სასამართლომ, რომ ადამიანს უფლება აქვს, სამედიცინო განკარგულების მეშვეობით უარი თქვას სისხლის გადასხმაზე? ბ) როგორ შეგვიძლია დავემორჩილოთ ქრისტეს ხელმძღვანელობას სისხლთან დაკავშირებულ საკითხებში?

18 არგენტინა. როგორ უნდა მოემზადონ სამეფოს მოქალაქეები იმ შემთხვევებისთვის, როცა უგრძნობ მდგომარეობაში არიან და  საჭიროა სამედიცინო გადაწყვეტილების მიღება? სასურველია, თან ვიქონიოთ იურიდიული დოკუმენტი, რომელიც ჩვენს პოზიციას დააფიქსირებს. სწორედ ასე მოიქცა პაბლო ალბარასინი. 2012 წლის მაისში ის შეესწრო შეიარაღებულ დაყაჩაღებას და რამდენიმე ადგილას დაიჭრა. პაბლო უგრძნობ მდგომარეობაში მიიყვანეს საავადმყოფოში, რის გამოც ვერ შეძლო სისხლის გადასხმასთან დაკავშირებული პოზიციის ახსნა. თუმცა თან ჰქონდა სამედიცინო განკარგულება, რომელიც ოთხ წელზე მეტი ხნით ადრე სათანადოდ ჰქონდა შევსებული. მიუხედავად იმისა, რომ მისი მდგომარეობა მძიმე იყო და ზოგი ექიმის აზრით, მის გადასარჩენად სისხლის გადასხმა იყო აუცილებელი, სამედიცინო პერსონალი მზად იყო, პატივი ეცა მისი სურვილისთვის. მაგრამ პაბლოს მამამ, რომელიც იეჰოვას მოწმე არ იყო, სასამართლოსგან მიიღო განკარგულება, რომელიც შვილის სურვილის წინააღმდეგ წასვლის უფლებას იძლეოდა.

19 პაბლოს მეუღლის ადვოკატმა ეს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გაასაჩივრა. რამდენიმე საათში სააპელაციო სასამართლომ ქვემდგომი სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა და დაადგინა, რომ სამედიცინო განკარგულებით გამოხატული პაციენტის სურვილი უნდა დაკმაყოფილებულიყო. პაბლოს მამამ ეს გადაწყვეტილება არგენტინის უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. მაგრამ უზენაესმა სასამართლომ ვერ ნახა „ეჭვის მიზეზი, რომ [პაბლოს მიერ სისხლის გადასხმაზე სამედიცინო განკარგულებით გამოხატული უარი] გაუთვითცნობიერებელი და ძალდატანებითი იყო“. სასამართლომ დაადგინა: „ყველა ქმედუნარიან სრულწლოვან ადამიანს შეუძლია წინასწარ გასცეს განკარგულებები [თავის] ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და დათანხმდეს ან უარი თქვას ამა თუ იმ მკურნალობაზე . . . მკურნალმა ექიმმა უნდა გაითვალისწინოს ეს განკარგულებები“.

შევსებული გაქვს შენი სამედიცინო განკარგულება?

20 ამ შემთხვევის შემდეგ ძმა ალბარასინი სრულად გამოჯანმრთელდა. ის და მისი მეუღლე ბედნიერები არიან, რომ შევსებული ჰქონდათ სამედიცინო განკარგულება. ამ მარტივი, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯით მან მორჩილება გამოავლინა ღვთის სამეფოს მეფის, ქრისტეს მმართველობის მიმართ. უკვე მიიღეთ ზომები თქვენ და თქვენმა ოჯახმა მსგავსი გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის?

ეიპრილ კადორე (იხ. აბზაცები 21—24)

21—24. ა) რა უძღოდა წინ კანადის უზენაესი სასამართლოს მიერ მოზარდებთან და სისხლის გადასხმასთან დაკავშირებით გამოტანილ გადაწყვეტილებას? ბ) როგორ შეიძლება გაამხნეოს ამ შემთხვევამ იეჰოვას ახალგაზრდა მსახურები?

21 კანადა. სასამართლოები, ძირითადად, აღიარებენ მშობლების უფლებას, განსაზღვრონ, თუ რომელია მათი შვილებისთვის საუკეთესო მკურნალობა. იყო შემთხვევები, როცა სასამართლოებმა დაადგინეს, რომ მკურნალობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების დროს ქმედუნარიანი მოზარდის შეხედულებებისთვის პატივი უნდა ეცათ. სწორედ ეს მოხდა ეიპრილ კადორეს შემთხვევაში. ეიპრილი 14 წლისა იყო, როცა საავადმყოფოში ძლიერი ფარული სისხლდენით მიიყვანეს. რამდენიმე თვით ადრე მან შეავსო სამედიცინო განკარგულება, რომელშიც ეწერა, რომ გადაუდებელ სიტუაციაშიც კი მისთვის სისხლი არ უნდა გადაესხათ. მკურნალმა ექიმმა გადაწყვიტა, ეიპრილის ნათლად გამოხატული სურვილის წინააღმდეგ წასულიყო და სასამართლოსგან სისხლის გადასასხმელად განკარგულება მიიღო. ეიპრილს სამი ერთეული ერითროციტების მასა ძალით  გადაუსხეს. მოგვიანებით ეიპრილმა ექიმების ქმედება გაუპატიურებას შეადარა.

22 სამართლის აღსადგენად ეიპრილმა და მისმა მშობლებმა სასამართლოებს მიმართეს. ორი წლის შემდეგ მისი საქმე კანადის უზენაესმა სასამართლომ მოისმინა. მიუხედავად იმისა, რომ ეიპრილმა საქმე ფორმალურად წააგო, სასამართლომ ის ხარჯებისგან გაათავისუფლა და გადაწყვეტილება გამოიტანა მისი და სხვა ქმედუნარიანი მოზარდების სასარგებლოდ, რომელთაც საკუთარ მკურნალობასთან დაკავშირებით სურთ გადაწყვეტილებების მიღება. სასამართლომ დაადგინა: „რაც შეეხება სამედიცინო მკურნალობას, 16 წლამდე მოზარდებს უნდა მიეცეთ უფლება, დაამტკიცონ, რომ კონკრეტულ სამედიცინო მკურნალობასთან დაკავშირებით მათი შეხედულებები საკმარისად ცხადყოფს მათ დამოუკიდებელ აზროვნებასა და მოწიფულობას“.

23 ეს საქმე მნიშვნელოვანია, რადგან უზენაესმა სასამართლომ ქმედუნარიანი მოზარდების კონსტიტუციური უფლებები განიხილა. ამ გადაწყვეტილების მიღებამდე კანადაში სასამართლოებს შეეძლოთ 16 წლამდე ასაკის მოზარდისთვის მკურნალობის განკარგულების გაცემა, თუ ამას მოზარდის ინტერესებიდან გამომდინარე საჭიროდ  ჩათვლიდა. მაგრამ ამ გადაწყვეტილების შემდეგ სასამართლოებს აღარ გააჩნიათ ასეთი განკარგულების გაცემის უფლება 16 წლამდე მოზარდის ნებართვის გარეშე, თუ მისთვის ჯერ არ მიუციათ იმის დამტკიცების შესაძლებლობა, რომ გადაწყვეტილების მიღების უნარი აქვს.

„დიდ სიხარულს მანიჭებს იმის ცოდნა, რომ პატარა წვლილი შევიტანე ღვთის სახელის განდიდებასა და იმის დამტკიცებაში, რომ სატანა მატყუარაა“

24 ღირდა სამწლიანი ბრძოლა ძალისხმევად? ეიპრილის აზრით, ნამდვილად ღირდა. ახლა ის კარგად გრძნობს თავს და პიონერად მსახურობს. ეიპრილი ამბობს: „დიდ სიხარულს მანიჭებს იმის ცოდნა, რომ პატარა წვლილი შევიტანე ღვთის სახელის განდიდებასა და იმის დამტკიცებაში, რომ სატანა მატყუარაა“. მისი შემთხვევიდან ჩანს, რომ ახალგაზრდებსაც შეუძლიათ მტკიცე პოზიციის დაკავება და იმის დამტკიცება, რომ ღვთის სამეფოს ნამდვილი მოქალაქეები არიან (მათ. 21:16).

იეჰოვას ნორმების თანახმად შვილების აღზრდის უფლება

25, 26. ზოგჯერ რა პრობლემა იჩენს თავს განქორწინების შემდეგ?

25 იეჰოვამ მშობლებს მიანდო პასუხისმგებლობა, რომ შვილები მისი ნორმების თანახმად აღზარდონ (კან. 6:6—8; ეფეს. 6:4). ამ პასუხისმგებლობის შესრულება ადვილი არ არის, მაგრამ განქორწინების შემთხვევაში ის შეიძლება გაცილებით რთული იყოს. შესაძლოა, მშობლებს ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული შეხედულებები აქვთ შვილების აღზრდაზე. მაგალითად, იეჰოვას მოწმე მშობელს ძალიან სურს, შვილი ქრისტიანული ნორმების თანახმად აღზარდოს, რასაც მეორე მშობელი შეიძლება არ ეთანხმებოდეს, რადგან მის მრწამსს არ იზიარებს. რა თქმა უნდა, იეჰოვას მოწმე მშობელი პატივისცემით უნდა მოეკიდოს იმ ფაქტს, რომ განქორწინების დროს ცოლ-ქმარს შორის გაწყვეტილი კავშირის მიუხედავად მშობელსა და შვილს შორის კავშირი უცვლელი რჩება.

26 მშობელმა, რომელიც იეჰოვას მოწმე არ არის, შეიძლება სასამართლოს მიმართოს შვილზე ან შვილებზე მეურვეობის ასაღებად, რათა თავად იყოს პასუხისმგებელი მათ რელიგიურ აღზრდაზე. ზოგის აზრით, იეჰოვას მოწმედ აღზრდა ბავშვისთვის საზიანოა. შეიძლება ისინი ამტკიცებენ, რომ ასეთი ბავშვი მოკლებული იქნება დაბადების დღეებისა და სხვა დღესასწაულების აღნიშვნას და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აუცილებლობის შემთხვევაში „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი“ სისხლის გადასხმის გარეშე დარჩება. საბედნიეროდ, სასამართლოების უმეტესობა წინა პლანზე ბავშვის ინტერესებს აყენებს და არა იმას, რამდენად საზიანოდ მიაჩნიათ მშობლის რელიგია. განვიხილოთ ზოგიერთი მაგალითი.

27, 28. როგორი იყო ოჰაიოს უზენაესი სასამართლოს პასუხი ბრალდებაზე, რომ იეჰოვას მოწმედ აღზრდა საზიანო იყო ბავშვისთვის?

27 შეერთებული შტატები. 1992 წელს ოჰაიოს შტატის უზენაესმა სასამართლომ განიხილა მამაკაცის საქმე, რომელიც იეჰოვას მოწმე არ იყო და აცხადებდა, რომ იეჰოვას მოწმედ აღზრდა საზიანო იქნებოდა მისი მცირეწლოვანი ვაჟისთვის. პირველი ინსტანციის სასამართლომ დააკმაყოფილა მამის მოთხოვნა და ბავშვის მეურვედ ის დანიშნა. დედას, ჯენიფერ პატერს, შვილის მონახულების უფლება ჰქონდა, მაგრამ ეკრძალებოდა „იეჰოვას მოწმეთა შეხედულებების რაიმე ფორმით სწავლება ან გაცნობა“. ეს გადაწყვეტილება ძალიან ზოგადი იყო, რადგან შეიძლებოდა ისეც გაგებულიყო, რომ და პატერს თავის შვილთან, ბობისთან, ბიბლიაზე ან ბიბლიის ზნეობრივ  ნორმებზე საუბარიც კი ეკრძალებოდა. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ და პატერის განცდები? თუმცა ჯენიფერი განადგურებული იყო, მან მოთმინება და იეჰოვაზე მინდობა ისწავლა. ის ამბობს: „იეჰოვა ყოველთვის ჩემ გვერდით იყო“. ჯენიფერის ადვოკატმა იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციის დახმარებით მისი საქმე ოჰაიოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა.

28 სასამართლო არ დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და განაცხადა, რომ „მშობლების ძირითადი უფლებაა, ასწავლონ შვილებს, რაც მათთვის ზნეობრივი და რელიგიური ფასეულობების ჩანერგვასაც გულისხმობს“. სასამართლოს განცხადებით, თუ არ დამტკიცდებოდა, რომ იეჰოვას მოწმეთა რელიგიური ფასეულობები ბავშვს ფიზიკურ ან ფსიქიკურ ზიანს აყენებდა, სასამართლოს უფლება არ ექნებოდა, რელიგიის საფუძველზე შეეზღუდა მეურვეობის უფლება. სასამართლომ ვერ აღმოაჩინა იმის დამადასტურებელი ფაქტები, რომ იეჰოვას მოწმეთა რელიგიური შეხედულებები უარყოფით გავლენას ახდენდა ბავშვის ფსიქიკურ თუ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე.

ბევრმა სასამართლომ ქრისტიანი მშობლების სასარგებლოდ გადაჭრა ბავშვზე მეურვეობის საკითხი

29—31. რატომ დაკარგა დანიელმა დამ შვილზე მეურვეობის უფლება და რა გადაწყვეტილება მიიღო დანიის უზენაესმა სასამართლომ?

29 დანია. მსგავს მდგომარეობაში აღმოჩნდა ანიტა ჰანსენი, რომლის ყოფილმა ქმარმაც სასამართლოს მიმართა მათი შვიდი წლის გოგონაზე, ამანდაზე მეურვეობის მისაღებად. თუმცა 2000 წელს საოლქო სასამართლომ და ჰანსენს მიანიჭა მეურვეობის უფლება, ამანდას მამამ გადაწყვეტილება უმაღლეს სასამართლოში გაასაჩივრა, რომელმაც გააუქმა საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება  და მეურვეობის უფლება მამას გადასცა. უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვინაიდან მშობლებს რელიგიური შეხედულებების გამო ურთიერთსაპირისპირო წარმოდგენა ჰქონდათ ცხოვრებაზე, მამა უკეთ შეძლებდა შედეგად წამოჭრილი პრობლემების მოგვარებას. გადაწყვეტილებიდან ისე ჩანდა, რომ მეურვეობის დაკარგვის ძირითადი მიზეზი და ჰანსენის რელიგია იყო!

30 ამ მძიმე განსაცდელის დროს და ჰანსენი ზოგჯერ ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ არ იცოდა, რაზე ელოცა. ის იხსენებს: „ძალიან მანუგეშებდა რომაელების 8:26-ე და 27-ე მუხლებში ჩაწერილი აზრები. ყოველთვის ვგრძნობდი, რომ იეჰოვას ესმოდა, რისი თქმა მინდოდა. მას თვალი ეჭირა ჩემზე და ყოველთვის ჩემთან იყო“ (წაიკითხეთ ფსალმუნის 32:8; ესაიას 41:10).

31 და ჰანსენმა საქმე დანიის უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამი იყო: „მეურვეობის საკითხი გადაწყდება იმის გათვალისწინებით, თუ რა იქნება ბავშვისთვის საუკეთესო“. სასამართლომ აგრეთვე მიიჩნია, რომ მეურვეობის საკითხი გადაწყდებოდა იმის საფუძველზე, თუ როგორ აგვარებდა თითოეული მშობელი საწინააღმდეგო აზრებით გამოწვეულ პრობლემებს და არა იეჰოვას მოწმეების „სწავლებებისა და შეხედულებების“ საფუძველზე. და ჰანსენის სასიხარულოდ, სასამართლომ აღიარა, რომ ის შეძლებდა ბავშვზე სათანადოდ ზრუნვას და მას ამანდაზე მეურვეობის უფლება დაუბრუნა.

32. როგორ დაიცვა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ იეჰოვას მოწმე მშობლები დისკრიმინაციისგან?

32 ევროპის სხვა ქვეყნები. ზოგ შემთხვევაში ბავშვზე მეურვეობასთან დაკავშირებული სასამართლო დავა ქვეყნის უმაღლესი სასამართლო ინსტანციებიდან ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლომდე მივიდა. ორ შემთხვევაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ცნო, რომ ქვემდგომი ეროვნული სასამართლოები მხოლოდ რელიგიური შეხედულებების საფუძველზე სხვადასხვანაირად მოეპყრნენ მოწმე და არამოწმე მშობლებს. სასამართლომ ასეთ მოპყრობას დისკრიმინაცია უწოდა და დაადგინა, რომ „მხოლოდ განსხვავებული რელიგიური შეხედულებების საფუძველზე ადამიანთა დაყოფა მიუღებელია“. ერთმა დამ, რომლის საქმეც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მის სასარგებლოდ გადაწყდა, თქვა: „ძალიან მტკენდა გულს, რომ შვილებისთვის ზიანის მიყენებაში მადანაშაულებდნენ, მაშინ როცა მათთვის საუკეთესო მსურდა — მინდოდა ისინი ქრისტიანებად აღმეზარდა“.

33. როგორ შეუძლიათ იეჰოვას მოწმე მშობლებს ფილიპელების 4:5-ში ჩაწერილი პრინციპის გათვალისწინება?

33 იეჰოვას მოწმე მშობლები კეთილგონიერებას ავლენენ, როცა მათ შვილების გულებში ბიბლიური ნორმების ჩანერგვის უფლებას ედავებიან (წაიკითხეთ ფილიპელების 4:5). მათ ესმით, რომ, როგორც თავად აქვთ უფლება, შვილები ღვთის გზებით აღზარდონ, ისე მეორე მშობელსაც სურვილის შემთხვევაში აქვს უფლება, შვილების აღზრდაში თავისი წვლილი შეიტანოს. რამდენად სერიოზულად ეკიდებიან იეჰოვას მოწმეები შვილების აღზრდის პასუხისმგებლობას?

34. რის სწავლა შეუძლიათ ქრისტიან მშობლებს ნეემიას დროს მცხოვრები იუდეველების მაგალითიდან?

34 ამას ცხადყოფს ნეემიას დროს მომხდარი შემთხვევა. იუდეველები მძიმედ შრომობდნენ, რომ იერუსალიმის გალავანი შეეკეთებინათ და აღედგინათ. მათ კარგად ესმოდათ, რომ ეს დაიცავდა მათ და მათ ოჯახებს გარშემო მცხოვრები მტრულად განწყობილი ერებისგან.  ამიტომ ნეემია მათ მოუწოდებდა: „იბრძოლეთ თქვენი ძმებისთვის, თქვენი ვაჟებისა და თქვენი ასულებისთვის, თქვენი ცოლებისა და თქვენი სახლებისთვის!“ (ნეემ. 4:14). მათი ბრძოლა ღირდა ძალისხმევად. დღესაც იეჰოვას მოწმე მშობლები ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ თავიანთი შვილები ჭეშმარიტებით აღზარდონ. მათ იციან, რომ სკოლასა თუ სამეზობლოში მათი შვილებისთვის მუდმივად არაჯანსაღი გარემოა. მასმედიის მეშვეობით ისინი სახლშიც შეიძლება მოექცნენ ცუდ გავლენაში. მშობლებო, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ნებისმიერ ძალისხმევად ღირს თქვენი ვაჟებისა და ასულებისთვის უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად ბრძოლა, სადაც ისინი სულიერად გაიზრდებიან და გაძლიერდებიან.

დარწმუნებული იყავით, იეჰოვა მხარს დაუჭერს ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას

35, 36. რა დადებითი შედეგები მოჰყვა ჩვენი უფლებებისთვის ბრძოლას და რა გაქვთ გადაწყვეტილი?

35 იეჰოვამ მართლაც აკურთხა ძალისხმევა, რომ მის ორგანიზაციას თავისუფლად თაყვანისცემის უფლება მოეპოვებინა. ასეთი იურიდიული ბრძოლების დროს ღვთის ხალხმა კარგად დაუმოწმა მოსამართლეებსა თუ ფართო საზოგადოებას (რომ. 1:8). ამ გამარჯვებების კიდევ ერთი დადებითი მხარე ის იყო, რომ მათ განამტკიცეს იმ ადამიანთა მოქალაქეობრივი უფლებები, რომლებიც იეჰოვას მოწმეები არ არიან. თუმცა, როგორც ღვთის ხალხი, ჩვენ არ ვახდენთ სოციალურ რეფორმებს და არც საკუთარი თავის გამართლებისთვის ვიბრძვით. იეჰოვას მოწმეები სასამართლოებში იმიტომ იცავენ თავიანთ უფლებებს, რომ განამტკიცონ წმინდა თაყვანისმცემლობა და ხელი შეუწყონ მის წინსვლას (წაიკითხეთ ფილიპელების 1:7).

36 არასდროს ჩავთვალოთ უმნიშვნელოდ რწმენის ის მაგალითები, რომლებიც იეჰოვას თაყვანისცემის თავისუფლებისთვის მებრძოლმა და-ძმებმა დაგვიტოვეს! ჩვენც შევინარჩუნოთ ერთგულება და დარწმუნებულები ვიყოთ, რომ იეჰოვა მხარს უჭერს ჩვენს საქმიანობას და კვლავაც გვაძლიერებს მისი ნების შესასრულებლად! (ეს. 54:17).