არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

სასიხარულო ცნობა ღვთისგან

 გაკვეთილი 4

ვინ არის იესო ქრისტე?

ვინ არის იესო ქრისტე?

იესოს რომელი თვისებები იზიდავდა ხალხს? (მათე 11:29; მარკოზი 10:13-16)

1. როგორ გაჩნდა იესო?

დედამიწაზე მოსვლამდე იესო ზეცაში ცხოვრობდა, როგორც ანგელოზი (იოანე 8:23). ის ღვთის პირველი ქმნილებაა. იესო მამას ყველაფრის შექმნაში ეხმარებოდა. იგი ერთადერთი ქმნილებაა, რომლის შექმნაშიც მხოლოდ და მხოლოდ იეჰოვამ მიიღო მონაწილეობა; ამიტომ სათანადოდ ეწოდება მას ღვთის „მხოლოდშობილი ძე“ (იოანე 1:14). იესოს „სიტყვაც“ ეწოდება, რადგან ის მსახურობდა, როგორც ღვთის წარმომადგენელი. წაიკითხეთ იგავების 8:22, 23, 30; კოლოსელების 1:15, 16.

2. რატომ მოვიდა იესო დედამიწაზე?

ღმერთმა თავისი ძე გამოგზავნა დედამიწაზე. ამისათვის მან მისი სიცოცხლე ებრაელი ქალწულის, მარიამის საშვილოსნოში გადაიტანა. ასე რომ, იესოს არ ჰყოლია მიწიერი მამა (ლუკა 1:30—35). იესო დედამიწაზე იმიტომ მოვიდა, რომ 1) ხალხისთვის ღვთის შესახებ ჭეშმარიტება ესწავლებინა, 2) საკუთარი მაგალითით ეჩვენებინა, თუ როგორ უნდა შეინარჩუნოს ადამიანმა ერთგულება გასაჭირისა და სირთულეების მიუხედავად და 3) თავისი სრულყოფილი სიცოცხლე „მრავალთა გამოსასყიდად“ გაეღო. წაიკითხეთ მათეს 20:28.

3. რატომ გვჭირდება გამოსასყიდი?

გამოსასყიდი არის ადამიანის სიკვდილისგან დასახსნელად გაღებული საფასური (გამოსვლა 21:29, 30). სიკვდილი და სიბერე არ შედიოდა ღვთის თავდაპირველ განზრახვაში. საიდან ვიცით ეს? ღმერთმა უთხრა პირველ მამაკაცს, ადამს, რომ თუ ის ჩაიდენდა იმას, რასაც ბიბლია ცოდვას უწოდებს, აუცილებლად მოკვდებოდა. ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ ადამი არ შესცოდავდა, არასდროს მოკვდებოდა (დაბადება 2:16, 17; 5:5). ბიბლიის თანახმად, სიკვდილი კაცთა მოდგმაში ადამის მეშვეობით შემოვიდა. აქედან გამომდინარე, ადამმა თავის ყველა შთამომავალს ცოდვა და სიკვდილი უსახსოვრა. სწორედ ამიტომ გვჭირდება  გამოსასყიდი, რომელიც დაგვიხსნის ამ საშინელი მემკვიდრეობისგან. წაიკითხეთ რომაელების 5:12; 6:23.

ვის შეეძლო ამ გამოსასყიდის გაღება? ადამიანი როცა კვდება, ის მხოლოდ საკუთარი ცოდვების საზღაურს იხდის. არც ერთ არასრულყოფილ ადამიანს არ შეუძლია გაიღოს სხვისი ცოდვების გამოსასყიდი საფასური. წაიკითხეთ ფსალმუნის 49:7—9.

4. რატომ მოკვდა იესო?

ჩვენგან განსხვავებით იესო სრულყოფილი იყო. ამიტომ მას არ ესაჭიროებოდა საკუთარი ცოდვების გამოსასყიდად სიკვდილი. მას ცოდვა არასოდეს ჩაუდენია. ის სხვების ცოდვებისთვის მოკვდა. ღმერთმა უსაზღვროდ დიდი სიყვარული გამოავლინა კაცობრიობის მიმართ, როცა თავისი ძე გამოგზავნა. იესოს სიყვარული ჩვენდამი კი იქიდან გამოჩნდა, რომ დაემორჩილა მამას და უარი არ თქვა, ჩვენი ცოდვებისთვის შეწირულიყო. წაიკითხეთ იოანეს 3:16; რომაელების 5:18, 19.

5. რას აკეთებს იესო ახლა?

დედამიწაზე ყოფნისას იესო ავადმყოფებს კურნავდა, მკვდრებს აცოცხლებდა და ზოგჯერ ხალხს საშიშროებისგანაც იცავდა. ამით მან აჩვენა, რომ იმავეს გააკეთებდა მომავალშიც მორჩილი კაცობრიობისთვის (მათე 15:30, 31; იოანე 5:28). სიკვდილის შემდეგ ღმერთმა ის სულიერ სხეულში აღადგინა (1 პეტრე 3:18). მას შემდეგ იესო ღვთის მარჯვნივ დაჯდა და იცდიდა, როდის დაუმორჩილებდა ღმერთი ყველაფერს დედამიწაზე მას, როგორც მეფეს (ებრაელები 10:12, 13). ახლა იესო მეფეა ზეცაში და მისი მიმდევრები მთელ დედამიწაზე აცხადებენ სასიხარულო ცნობას. წაიკითხეთ დანიელის 7:13, 14; მათეს 24:14.

მალე იესო გამოიყენებს თავის ძალაუფლებას და ბოლოს მოუღებს ყოველგვარ ტანჯვას. ის გაანადგურებს ყველას, ვინც იწვევს ამ ტანჯვას. ყველა, ვინც რწმენას გამოავლენს იესოს მიმართ იმით, რომ დაემორჩილება მის მითითებებს, ექნება შესაძლებლობა, იცხოვროს სამოთხეში დედამიწაზე. წაიკითხეთ ფსალმუნის 37:9—11.

გაიგეთ მეტი

რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?

გამოსასყიდი ღვთის უძვირფასესი საჩუქარი

რა არის გამოსასყიდი? როგორ ემსახურება ის შენს კეთილდღეობას?