წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?

 თავი 2

ბიბლია წიგნი ღვთისგან

ბიბლია წიგნი ღვთისგან
  • რა მხრივ განსხვავდება ბიბლია ნებისმიერი სხვა წიგნისგან?

  • როგორ დაგეხმარება ბიბლია პრობლემებთან გამკლავებაში?

  • რატომ შეგიძლია ენდო ბიბლიაში ჩაწერილ წინასწარმეტყველებებს?

1, 2. რა მხრივ არის ბიბლია ღვთისგან ბოძებული შესანიშნავი საჩუქარი?

შეგიძლია გაიხსენო შემთხვევა, როდესაც ახლო მეგობრისგან განსაკუთრებული საჩუქარი მიიღე? ალბათ, ეს შენთვის არა მარტო სასიამოვნო სიურპრიზი იყო, არამედ გაცილებით მეტს ნიშნავდა. მეგობრისგან მიღებული საჩუქარი ხომ იმაზე მეტყველებს, რომ ის აფასებს შენთან ურთიერთობას. უეჭველია, ძალიან მადლიერი იყავი, რომ მეგობარმა იფიქრა შენზე.

2 ბიბლია ღვთისგან ბოძებული საჩუქარია, რომლისთვისაც ნამდვილად მადლიერნი უნდა ვიყოთ. ამ განსაკუთრებული წიგნიდან იმას ვიგებთ, რასაც მის გარეშე ვერასოდეს გავიგებდით. მაგალითად, ბიბლია მოგვითხრობს ცის, დედამიწის და პირველი მამაკაცისა და ქალის შექმნის შესახებ. ბიბლიაში მოცემულია საიმედო პრინციპები, რომელთა დახმარებითაც შეგვიძლია გავუმკლავდეთ ცხოვრებისეულ საზრუნავსა და პრობლემებს. ის გვიხსნის, როგორ განახორციელებს ღმერთი თავის განზრახვას და როგორ შეგვიქმნის დედამიწაზე საუკეთესო პირობებს. ბიბლია მართლაც შესანიშნავი საჩუქარია.

3. რას გვეუბნება იეჰოვას შესახებ ის ფაქტი, რომ მან ბიბლია გვაჩუქა და რატომ ნიშნავს ეს ჩვენთვის ბევრს?

3 ბიბლია, ეს ფასდაუდებელი საჩუქარი, გულს გვითბობს და ბევრ რამეს გვიმჟღავნებს მის ავტორზე, იეჰოვა ღმერთზე. ის ფაქტი,  რომ თავად იეჰოვამ გვიბოძა ეს საჩუქარი, იმაზე მეტყველებს, რომ მას სურს, კარგად გავიცნოთ იგი. დიახ, ბიბლია ნამდვილად დაგეხმარება იეჰოვასთან დაახლოებაში!

4. რამდენად ფართოდაა ბიბლია გავრცელებული?

4 თუ გაქვს ბიბლია, ამ მხრივ გამონაკლისს ნამდვილად არ წარმოადგენ. მთლიანად ან ნაწილობრივ ბიბლია გამოცემულია დაახლოებით 2 600-ზე მეტ ენაზე და ხელმისაწვდომია მსოფლიოს მოსახლეობის 90-ზე მეტი პროცენტისთვის. კვირაში, საშუალოდ, ბიბლიის მილიონზე მეტი ეგზემპლარი ვრცელდება. დღეისთვის მთლიანი ბიბლიის ან მისი რომელიმე ნაწილის მილიარდობით ეგზემპლარია დაბეჭდილი. როგორც ვხედავთ, ბიბლიას ვერც ერთი წიგნი ვერ შეედრება.

ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ მრავალ ენაზეა გამოცემული

5. რატომ შეიძლება ითქვას, რომ ბიბლია ღვთისგან არის შთაგონებული? ახსენი.

5 გარდა ამისა, ბიბლია „ღვთისგან არის შთაგონებული“ (წაიკითხეთ 2 ტიმოთეს 3:16). რას ნიშნავს ეს? ბიბლია თვითონვე გვპასუხობს: „ადამიანებს, წმინდა სულით აღძრულებს, ღმერთი ალაპარაკებდა“ (2 პეტრე 1:21). მოვიყვანოთ მაგალითი: დავუშვათ, ბიზნესმენმა მდივანს წერილი დააწერინა. მართალია, წერილი მდივანმა დაწერა, მაგრამ მასში მოცემულია ბიზნესმენის აზრები. ცხადია, ეს სინამდვილეში მისი წერილია და არა მდივნის. იმავეს  თქმა შეიძლება ბიბლიაზეც. თუმცა ადამიანებმა დაწერეს, მასში გადმოცემულია ის, რაც ღმერთს სურდა, რომ ჩვენთვის ეთქვა. ასე რომ, მთელი ბიბლია ჭეშმარიტად „ღვთის სიტყვაა“ (1 თესალონიკელები 2:13).

ურთიერთშეთანხმებული და ზუსტი

6, 7. რატომ არის შთამბეჭდავი ის, რომ ბიბლიის წიგნები ურთიერთშეთანხმებულია?

6 ბიბლია იწერებოდა 1 600-ზე მეტი წლის განმავლობაში. მამაკაცები, რომლებიც მას წერდნენ, სხვადასხვა დროს ცხოვრობდნენ და მდგომარეობითა თუ წარმომავლობით ერთმანეთისგან განსხვავდებოდნენ. ზოგი მიწათმოქმედი, მეთევზე და მწყემსი იყო; სხვები წინასწარმეტყველები, მსაჯულები და მეფეები იყვნენ. ლუკა, რომელმაც ერთ-ერთი სახარება დაწერა, ექიმი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ბიბლიის დამწერები ერთმანეთისგან ასე განსხვავდებოდნენ, ბიბლიის წიგნები ურთიერთშეთანხმებულია. *

7 ბიბლიის პირველი წიგნი მოგვითხრობს, თუ რამ გამოიწვია კაცობრიობის პრობლემები, ბოლო წიგნში კი ნათქვამია, რომ მთელი დედამიწა სამოთხედ გადაიქცევა. მთლიანი ბიბლია ათასწლეულების ისტორიას მოიცავს და მისი თითოეული ნაწილი გვეხმარება, უფრო მეტი გავიგოთ ღვთის განზრახვისა და მისი შესრულების შესახებ. ბიბლიის ურთიერთშეთანხმებულობა მართლაც რომ შთამბეჭდავია, მაგრამ ეს ხომ ასეც უნდა იყოს, რადგან მისი ავტორი თავად ღმერთია.

8. მოიყვანე მაგალითები იმის საჩვენებლად, რომ ბიბლია მეცნიერულად ზუსტია.

8 ბიბლია მეცნიერულად ზუსტია. მასში ისეთი საკითხებია განხილული, რომლებიც არ იყო საყოველთაოდ ცნობილი იმ დროს, როცა ღვთის სიტყვა იწერებოდა. მაგალითად, წიგნ „ლევიანებში“ ძველი ისრაელისთვის ჩაწერილი იყო ჰიგიენასთან და კარანტინთან დაკავშირებული კანონები, მაშინ როცა გარშემო მცხოვრებმა  ერებმა არაფერი იცოდნენ მსგავს საკითხებზე. იმ დროს, როდესაც დედამიწის ფორმის შესახებ არასწორი შეხედულებები იყო გავრცელებული, ბიბლია დედამიწას აღწერდა როგორც წრეს ანუ სფეროს (ესაია 40:22). ბიბლიაში აგრეთვე ნათქვამი იყო, რომ დედამიწა „არაფერზე“ ეკიდა (იობი 26:7). რა თქმა უნდა, ბიბლია არაა სამეცნიერო სახელმძღვანელო, მაგრამ მეცნიერულ საკითხებთან დაკავშირებით ზუსტია. განა ამას არ უნდა მოველოდეთ წიგნისგან, რომელიც ღმერთმა გვაჩუქა?

9. ა) რა მეტყველებს იმაზე, რომ ბიბლია ისტორიულად ზუსტი და სანდოა? ბ) რას ამტკიცებს ბიბლიის დამწერთა გულწრფელობა?

9 ბიბლია ისტორიულადაც ზუსტი და სანდოა. მასში მოცემული ინფორმაცია კონკრეტულია. ბიბლია არა მხოლოდ სახელებით იხსენიებს ცალკეულ პირებს, არამედ მათ წარმომავლობასაც გვატყობინებს. * მემატიანეებისგან განსხვავებით, რომლებიც ხშირად არაფერს ამბობდნენ თავიანთი ხალხის წარუმატებლობის შესახებ, ბიბლიის დამწერები გულწრფელად აღწერდნენ როგორც საკუთარ, ისე ერის შეცდომებს. მაგალითად, ბიბლიის ერთ-ერთ წიგნ „რიცხვებში“ მოსე მოიხსენიებს, თუ რა სერიოზული შეცდომა დაუშვა და როგორ დაისაჯა ამისთვის (რიცხვები 20:2—12). ასეთი გულწრფელობა იშვიათია ისტორიულ ცნობებში, თუმცა ბიბლიისთვის დამახასიათებელია, რადგან ის ღვთისგან არის შთაგონებული.

სიბრძნის წიგნი

10. რატომ არაა გასაკვირი ის, რომ ბიბლია პრაქტიკული წიგნია?

10 ბიბლია ღვთისგან არის შთაგონებული, ამიტომ ის „სასარგებლოა სასწავლებლად, შესაგონებლად, გამოსასწორებლად“ (2 ტიმოთე 3:16). დიახ, ბიბლია პრაქტიკული წიგნია. მასში ჩანს, რაოდენ კარგად იცნობს ღმერთი ადამიანის ბუნებას. და ეს არცაა გასაკვირი, რადგანაც მისი ავტორი, იეჰოვა ღმერთი, ჩვენი შემოქმედია! მას ჩვენზე გაცილებით უკეთ ესმის ჩვენი გრძნობები და აზრები. გარდა ამისა, იეჰოვამ იცის, თუ რა გვესაჭიროება იმისთვის, რომ ბედნიერები ვიყოთ. მან ისიც იცის, თუ რას უნდა მოვერიდოთ ცხოვრებაში.

11, 12. ა) რა საკითხებს შეეხო იესო „მთაზე ქადაგებისას“? ბ) რომელ სხვა პრაქტიკულ საკითხებს ეხება ბიბლია და რატომ არის მისი რჩევები ყოველთვის დროული?

 11 ყურადღება მივაქციოთ მათეს 5—7 თავებში მოცემულ იესოს ქადაგებას, რომელიც მთაზე ქადაგების სახელითაა ცნობილი. ამ გასაოცარი ქადაგებისას იესო არაერთ საკითხს შეეხო, მათ შორის იმას, თუ რა გვესაჭიროება ბედნიერებისთვის, როგორ მოვაგვაროთ უთანხმოებები, როგორ ვილოცოთ და რა თვალსაზრისი უნდა გვქონდეს მატერიალურ კეთილდღეობაზე. იესოს  სიტყვებს დღემდე არ დაუკარგავს ძალა და პრაქტიკული მნიშვნელობა.

12 ბიბლიაში მოცემული ზოგიერთი პრინციპი ეხება ოჯახურ ცხოვრებას, შრომას, სხვებთან ურთიერთობას. ბიბლიის პრინციპები ყველა ადამიანისთვისაა ყურადსაღები და მასში ჩაწერილი რჩევები ყოველთვის სასარგებლოა. ბიბლია სიბრძნის წყაროა. აი, რას ამბობს თავად ღმერთი წინასწარმეტყველ ესაიას მეშვეობით: „მე, იეჰოვა, შენი ღმერთი ვარ, რომელიც გასწავლი შენ სასიკეთოდ“ (ესაია 48:17).

წინასწარმეტყველური წიგნი

ბიბლიის ერთ-ერთმა დამწერმა, ესაიამ, ბაბილონის დაცემა იწინასწარმეტყველა

13. რა იწინასწარმეტყველა ღვთის შთაგონებით ესაიამ ბაბილონის შესახებ?

13 ბიბლიაში ჩაწერილია მრავალი წინასწარმეტყველება, რომელთაგან ბევრი უკვე შესრულდა. მაგალითად, ესაია წინასწარმეტყველის მეშვეობით, რომელიც ძვ. წ. VIII საუკუნეში ცხოვრობდა, იეჰოვამ ქალაქ ბაბილონის განადგურება იწინასწარმეტყველა (ესაია 13:19; 14:22, 23). წინასწარმეტყველებაში დაწვრილებით იყო აღწერილი, თუ როგორ მოხდებოდა ეს. დამპყრობლები მდინარეს დააშრობდნენ და ბაბილონში უბრძოლველად შევიდოდნენ. ესაიას წინასწარმეტყველებაში იმ მეფის სახელიც კი იყო მოხსენიებული, რომელიც ბაბილონს დაიპყრობდა — ეს გახლდათ კიროსი (წაიკითხეთ ესაიას 44:27—45:2).

14, 15. როგორ შესრულდა ესაიას წინასწარმეტყველება ბაბილონის დაცემასთან დაკავშირებით?

14 დაახლოებით 200 წლის შემდეგ — ძვ. წ. 539 წლის 5-6 ოქტომბრის ღამეს — ქალაქ ბაბილონთან ახლოს დამპყრობელთა ჯარი დაბანაკდა. ვინ მეთაურობდა მათ? სპარსეთის მეფე, კიროსი. ამგვარად, ყველა პირობა არსებობდა იმისთვის, რომ გასაოცარი წინასწარმეტყველება შესრულებულიყო. მაგრამ აიღებდა კიროსის ჯარი ბაბილონს ბრძოლის გარეშე, როგორც ეს ნაწინასწარმეტყველები იყო?

15 იმ ღამეს ბაბილონელებს დიდი წვეულება ჰქონდათ და ქალაქის გამაგრებული კედლების მიღმა თავს უსაფრთხოდ გრძნობდნენ. კიროსმა მიმართულება შეუცვალა მდინარეს, რომელიც ქალაქში მიედინებოდა. მალე წყალმა იმდენად დაიკლო, რომ მისმა მებრძოლებმა მდინარის კალაპოტი გადაკვეთეს და ქალაქის  კედლებს მიადგნენ. როგორ შეაღწევდნენ ისინი ქალაქში? იმ ღამეს ქალაქის კარიბჭეები რატომღაც ღია იყო დარჩენილი.

16. ა) რა დაემართებოდა საბოლოოდ ბაბილონს ესაიას წინასწარმეტყველების თანახმად? ბ) როგორ შესრულდა ესაიას წინასწარმეტყველება ბაბილონის გაუკაცრიელების შესახებ?

16 ბაბილონის შესახებ ნაწინასწარმეტყველები იყო: „არასოდეს დასახლდება, თაობიდან თაობაში აღარსად დამკვიდრდება. არ გაშლის იქ არაბი თავის კარავს და არც მწყემსები დაასვენებენ იქ თავიანთ ფარებს“ (ესაია 13:20). ამ სიტყვებით ქალაქის დაცემაზე მეტი იყო ნაწინასწარმეტყველები. ბაბილონი სამუდამოდ გაუკაცრიელდებოდა. დღეს აშკარად შეგვიძლია დავინახოთ, რომ ეს სიტყვები ნამდვილად შესრულდა. ბაღდადის (ერაყი) სამხრეთით, დაახლოებით 80 კილომეტრში არსებული უკაცრიელი მხარე, სადაც ძველი ბაბილონი მდებარეობდა, ადასტურებს, რომ შესრულდა ის, რაც იეჰოვამ ესაიას მეშვეობით იწინასწარმეტყველა: „მოსპობის ცოცხით გავხვეტ“ (ესაია 14:22, 23). *

ბაბილონის ნანგრევები

17. რატომაა რწმენის განმამტკიცებელი ის, რომ ბიბლიური წინასწარმეტყველებები სრულდება?

17 განა რწმენის განმამტკიცებელი არაა იმის დანახვა, რომ ბიბლიური  წინასწარმეტყველებები ზედმიწევნით სრულდება? ვინაიდან იეჰოვა ღმერთი წარსულში ასრულებდა დაპირებებს, ყოველგვარი საფუძველი გვაქვს, გვწამდეს, რომ მომავალშიც შეასრულებს თავის დაპირებას და დედამიწას სამოთხედ გადააქცევს (წაიკითხეთ რიცხვების 23:19). ჩვენ გვაქვს „მარადიული სიცოცხლის იმედი“, რადგან ამას დაგვპირდა ღმერთი, „რომელმაც შეუძლებელია, იცრუოს“ (ტიტე 1:2). *

„ღვთის სიტყვა არის ცოცხალი“

18. რას ამბობს მოციქული პავლე „ღვთის სიტყვის“ შესახებ?

18 ყოველივე აქ განხილულიდან აშკარად ჩანს, რომ ბიბლია ნამდვილად განსაკუთრებული წიგნია. მაგრამ ბიბლიის ფასეულობას  მხოლოდ ის არ განსაზღვრავს, რომ მისი წიგნები ერთმანეთთან შეთანხმებულია, მეცნიერულად და ისტორიულად ზუსტია და რომ მათში დიდი სიბრძნე და სანდო წინასწარმეტყველებებია მოცემული. მოციქულმა პავლემ დაწერა: „ღვთის სიტყვა არის ცოცხალი, მოქმედი, ნებისმიერ ორლესულ მახვილზე ბასრი და აღწევს ხორცისა და სულის, სახსრებისა და ძვლის ტვინის გაყოფის ადგილამდე და არკვევს გულის აზრებსა და ზრახვებს“ (ებრაელები 4:12).

19, 20. ა) როგორ დაგეხმარება ბიბლია საკუთარი თავის გამოკვლევაში? ბ) როგორ შეგიძლია მადლიერების გამოვლენა ბიბლიისთვის — ღვთისგან ბოძებული განსაკუთრებული საჩუქრისთვის?

19 „ღვთის სიტყვას“ ანუ ბიბლიას შეუძლია გავლენა მოახდინოს ჩვენს ცხოვრებაზე. ის დაგვეხმარება საკუთარი თავის გამოკვლევაში. შეიძლება ვამბობთ, რომ გვიყვარს ღმერთი, მაგრამ ის, თუ როგორ ვრეაგირებთ მის სიტყვაში, ბიბლიაში ჩაწერილ აზრებზე, ააშკარავებს ჩვენს მოტივებსა და გულის ზრახვებს.

20 ბიბლია ნამდვილად ღვთისგან ბოძებული წიგნია. ეს არის წიგნი, რომელსაც უნდა ვკითხულობდეთ, ვსწავლობდეთ და ვაფასებდეთ. ღვთისგან ბოძებული ამ საჩუქრისთვის მადლიერების გამოსავლენად განაგრძე მისი გამოკვლევა. ამის საშუალებით დაინახავ, თუ რა აქვს ღმერთს განზრახული კაცობრიობისთვის. მომდევნო თავში საუბარი იქნება სწორედ ამ განზრახვაზე და იმაზე, თუ როგორ განხორციელდება ის.

^ აბზ. 6 ზოგის აზრით, ბიბლიის ზოგიერთი მონაკვეთი სხვა მონაკვეთებს ეწინააღმდეგება, მაგრამ ეს თვალსაზრისი საფუძველს მოკლებულია. იხილეთ წიგნი „ბიბლია — ღვთის სიტყვაა თუ ადამიანის?“, თავი 7 (რუს.), გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

^ აბზ. 9 მაგალითად, ლუკას 3:23—38-ში იხილეთ იესოს საგვარეულო ნუსხა.

^ აბზ. 16 ბიბლიურ წინასწარმეტყველებებთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ბროშურა „წიგნი ყველასთვის“, გვერდები 27—29, გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

^ აბზ. 17 წინასწარმეტყველება ბაბილონის განადგურების შესახებ ერთ-ერთია იმ არაერთი ბიბლიური წინასწარმეტყველებიდან, რომლებიც შესრულდა. ბიბლიაში ტვიროსისა და ნინევეს განადგურების შესახებაც იყო ნაწინასწარმეტყველები (ეზეკიელი 26:1—5; სოფონია 2:13—15). გარდა ამისა, დანიელმა იწინასწარმეტყველა, თუ რომელი ქვეყნები გახდებოდნენ მსოფლიო მპყრობელები ბაბილონის დაცემის შემდეგ და რა თანამიმდევრობით შეცვლიდნენ ისინი ერთმანეთს. მათ შორის იყო მიდია-სპარსეთი და საბერძნეთი (დანიელი 8:5—7, 20—22). აგრეთვე იხილეთ დანართი „იესო ქრისტე — აღთქმული მესია“, სადაც განხილულია მესიასთან დაკავშირებული წინასწარმეტყველებები, რომლებიც იესო ქრისტეზე შესრულდა.

გაიგეთ მეტი

რატომ ვსწავლობთ ბიბლიას?

ბიბლია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან კითხვებზე მილიონობით ადამიანს სცემს პასუხს მთელ მსოფლიოში. თქვენც ისურვებთ ამ კითხვებზე პასუხების მიღებას?