არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?

 თავი 13

ღვთის თვალსაზრისი სიცოცხლეზე

ღვთის თვალსაზრისი სიცოცხლეზე
  • როგორია ღვთის თვალსაზრისი სიცოცხლეზე?

  • რა თვალსაზრისი აქვს ღმერთს აბორტზე?

  • როგორ ვაჩვენებთ, რომ ვაფასებთ სიცოცხლეს?

1. ვინ მისცა დასაბამი ყოველ ცოცხალ არსებას?

„იეჰოვა კი ჭეშმარიტად ღმერთია! ისაა ცოცხალი ღმერთი“, — თქვა იერემია წინასწარმეტყველმა (იერემია 10:10). უფრო მეტიც, იეჰოვა ღმერთმა ყოველ ცოცხალ არსებას მისცა დასაბამი. ზეციერი ქმნილებები მას ასეთი სიტყვებით განადიდებენ: „ყველაფერი შენ შექმენი, შენი ნებით არსებობს და შეიქმნა“ (გამოცხადება 4:11). ღვთის განმადიდებელ სიმღერაში მეფე დავითმა თქვა: „შენთან არის სიცოცხლის წყარო“ (ფსალმუნი 36:9). დიახ, სიცოცხლე ღვთის საჩუქარია.

2. რას აკეთებს ღმერთი იმისათვის, რომ ვიცოცხლოთ?

2 იეჰოვამ არა მხოლოდ შეგვქმნა, არამედ იმაზეც იზრუნა, რომ ვიცოცხლოთ (საქმეები 17:28). ის გვაძლევს ყოველივეს, რაც სიცოცხლისთვის არის აუცილებელი — საკვებს, წყალს, ჰაერს; მან დედამიწა იმ მიზნით შექმნა, რომ მასზე გვეცხოვრა (წაიკითხეთ საქმეების 14:15—17). აღსანიშნავია ისიც, რომ იეჰოვა ყველა პირობას გვიქმნის იმისთვის, რომ სიცოცხლით დავტკბეთ. მაგრამ ნამდვილი ბედნიერებისთვის საჭიროა, გავეცნოთ ღვთის კანონებს და დავიცვათ ისინი (ესაია 48:17, 18).

სიცოცხლის დაფასება

3. რას ფიქრობდა ღმერთი კაენის მიერ ჩადენილ მკვლელობაზე?

3 ღმერთს სურს, რომ ვაფასებდეთ როგორც საკუთარ, ისე სხვების სიცოცხლეს. ეს კარგად ჩანს, მაგალითად, ადამისა და ევას ვაჟის, კაენის, შემთხვევიდან. ერთხელ ის განრისხდა თავის უმცროს ძმაზე, აბელზე. იეჰოვამ გააფრთხილა კაენი, რომ ასეთი რისხვა  სერიოზულ ცოდვამდე მიიყვანდა. კაენმა ყურად არ იღო ღვთის გაფრთხილება. ბიბლიაში ვკითხულობთ: „დაჰკრა კაენმა აბელს და მოკლა“ (დაბადება 4:3—8). ძმის მკვლელობისთვის იეჰოვამ კაენი დასაჯა (დაბადება 4:9—11).

4. როგორი თვალსაზრისი უნდა ჰქონოდა ღვთის ხალხს სიცოცხლეზე მოსეს კანონის თანახმად?

4 ათასობით წლის გასვლის შემდეგ იეჰოვამ კანონები მისცა ისრაელს, რათა მათი მსახურება მისაღები ყოფილიყო მისთვის. ვინაიდან ეს კანონები ისრაელებს მოსემ გადასცა, ზოგჯერ მათ „მოსეს კანონი“ ეწოდება. კანონში ნათქვამი იყო: „არ მოკლა“ (კანონი 5:17). აქედან ისრაელები ხედავდნენ, რომ ღვთისთვის ძვირფასი იყო ადამიანთა სიცოცხლე და ადამიანებსაც უნდა დაეფასებინათ ერთმანეთის სიცოცხლე.

5. რა თვალსაზრისი უნდა გვქონდეს აბორტზე?

5 რა შეიძლება ითქვას ჯერ არდაბადებული ბავშვის სიცოცხლეზე? მოსეს კანონის თანახმად, დამნაშავედ ითვლებოდა ადამიანი, რომლის გამოც ორსულ ქალს მუცელი მოსწყდებოდა. იეჰოვასთვის დედის მუცელში მყოფი ბავშვის სიცოცხლეც ძვირფასია (წაიკითხეთ გამოსვლის 21:22, 23 და ფსალმუნის 127:3). ეს იმას ნიშნავს, რომ აბორტი ღვთისთვის სრულიად მიუღებელია.

6. რატომ არ უნდა გვქონდეს გულში სიძულვილი?

6 ის, თუ რამდენად ვაფასებთ სიცოცხლეს, სხვებისადმი ჩვენს დამოკიდებულებაშიც ვლინდება. ბიბლიაში ნათქვამია: „ვისაც თავისი ძმა სძულს, მკვლელია; თქვენ კი იცით, რომ არც ერთ მკვლელში არ რჩება მარადიული სიცოცხლე“ (1 იოანე 3:15). თუ გვსურს მარადიულად ცხოვრება, ასე ვთქვათ, ჩვენი გულიდან უნდა ამოვძირკვოთ ნებისმიერი სახის სიძულვილი, რადგან, ძირითადად, სწორედ სიძულვილის ნიადაგზე ხდება ყოველგვარი ძალადობა (1 იოანე 3:11, 12). აუცილებელია, ვისწავლოთ ერთმანეთის სიყვარული.

7. რომელი ჩვევები მეტყველებს იმაზე, რომ ადამიანი სათანადოდ არ აფასებს სიცოცხლეს?

7 ახლა შევეხოთ საკუთარი სიცოცხლის დაფასების საკითხს. ჩვეულებრივ, არავის სურს სიკვდილი, მაგრამ სიამოვნებისთვის ბევრი საფრთხეს უქმნის საკუთარ სიცოცხლეს. მაგალითად, ბევრი ეწევა სიგარეტს ან იყენებს ნარკოტიკებს. ეს ორგანიზმისთვის საზიანოა და ხშირად სიკვდილის მიზეზიც კი ხდება. ორგანიზმისთვის საზიანო  ნივთიერებების გამოყენება იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანი სიცოცხლეს წმინდად არ მიიჩნევს. ასეთი ჩვევები ღვთის თვალში მიუღებელია (წაიკითხეთ რომაელების 6:19; 12:1 და 2 კორინთელების 7:1). ჩვენი მსახურება მისაღები რომ იყოს ღვთისთვის, უნდა მივატოვოთ ეს ჩვევები. ამის გაკეთება შეიძლება საკმაოდ რთული იყოს, მაგრამ იეჰოვას შეუძლია დაგვეხმაროს. მას ნამდვილად არ რჩება შეუმჩნეველი, როცა ყველანაირად ვცდილობთ, გავუფრთხილდეთ მისგან მიღებულ ძვირფას საჩუქარს — საკუთარ სიცოცხლეს.

8. რატომ უნდა ვიზრუნოთ ყოველთვის საკუთარ თუ სხვების უსაფრთხოებაზე?

8 თუ ვაფასებთ სიცოცხლეს, ყოველთვის ვიზრუნებთ საკუთარ თუ სხვების უსაფრთხოებაზე; არ ვიქნებით დაუდევრები და სიამოვნების ან მძაფრი შეგრძნებების განსაცდელად საფრთხეში არ ჩავიგდებთ საკუთარ სიცოცხლეს; მოვერიდებით მანქანის დაუდევრად მართვას და სპორტის ძალმომრეობით და სახიფათო სახეობებს (ფსალმუნი 11:5). კანონში, რომელიც ღმერთმა ისრაელს მისცა, ნათქვამი იყო: „როცა სახლს აიშენებ, ბანს მოაჯირიც გაუკეთე, რომ არავინ გადმოვარდეს და შენს სახლს სისხლი არ მოეკითხოს“ (კანონი 22:8). მხედველობაში მიიღე პრინციპი, რომელსაც ეს კანონი ეფუძნება და ყურადღება მიაქციე, რომ სახლში ყოველთვის კარგ მდგომარეობაში გქონდეს, მაგალითად კიბეები, სადაც შეიძლება ვინმე წაიქცეს და დაშავდეს. თუ მანქანა გყავს, დარწმუნდი, რომ ის მწყობრშია, რათა მგზავრობა ყოველთვის უსაფრთხო იყოს. შენს სახლში თუ მანქანაში საფრთხე არ უნდა ემუქრებოდეს არც შენს და არც სხვების სიცოცხლეს.

9. როგორ მოვეპყრობით ცხოველებს, თუ ვაფასებთ სიცოცხლეს?

9 რა შეიძლება ითქვას ცხოველების სიცოცხლეზე? შემოქმედისთვის მათი სიცოცხლეც წმინდაა. ღმერთი ადამიანებს რთავს ცხოველების დახოცვის ნებას, რათა საკვებითა და ტანსაცმლით უზრუნველყონ საკუთარი თავი ან საფრთხე აირიდონ თავიდან (დაბადება 3:21; 9:3; გამოსვლა 21:28). მაგრამ ცხოველებისადმი სისასტიკის გამოვლენა ან უბრალოდ გართობის მიზნით მათი დახოცვა არასწორია და იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანი სიცოცხლეს არ აფასებს და მის სიწმინდეს უგულებელყოფს (იგავები 12:10).

 სათანადო თვალსაზრისი სისხლთან დაკავშირებით

10. როგორ ცხადყო ღმერთმა, რომ სიცოცხლესა და სისხლს შორის მჭიდრო კავშირია?

10 აბელის მკვლელობის შემდეგ იეჰოვამ კაენს უთხრა: „შენი ძმის სისხლი მიწიდან შემომღაღადებს“ (დაბადება 4:10). როდესაც ღმერთმა აბელის სისხლი მოიხსენია, ის აბელის სიცოცხლეზე ლაპარაკობდა. ძმის სიცოცხლის ხელყოფისთვის კაენი უნდა დასჯილიყო. აბელის სისხლი ანუ სიცოცხლე, ასე ვთქვათ, იეჰოვას შეჰღაღადებდა და სამართლის აღსრულებას სთხოვდა. ის, თუ რამდენად მჭიდრო კავშირია სიცოცხლესა და სისხლს შორის, კიდევ ერთხელ გამოჩნდა ნოეს დროს მომხდარი წარღვნის შემდეგ. წარღვნამდე ადამიანები საკვებად მხოლოდ ხილს, ბოსტნეულსა და მარცვლეულს იყენებდნენ. წარღვნის შემდეგ კი იეჰოვამ ნოესა და მის ვაჟებს უთხრა: „საჭმელად გქონდეთ ყველა ცოცხალი ცხოველი“. მაგრამ ღმერთმა მათ შემდეგი მითითებაც მისცა: „ოღონდ ხორცი მის სულთან — სისხლთან — ერთად არ ჭამოთ“ (დაბადება 1:29; 9:3, 4). ამგვარად იეჰოვამ ცხადყო, რომ სიცოცხლესა და სისხლს შორის მჭიდრო კავშირი იყო.

11. სისხლის რა სახით გამოყენება იყო აკრძალული ღვთის თაყვანისმცემლებისთვის ნოეს დროიდან მოყოლებული?

11 სისხლისადმი პატივისცემას გამოვავლენთ, თუ მას საკვებად არ გამოვიყენებთ. იეჰოვამ ისრაელებს ერთ-ერთ კანონში მიუთითა: „თუ ვინმე . . . ნადირობისას დაიჭერს მხეცს ან ფრინველს, რომელიც იჭმება, გამოადინოს სისხლი და მტვრით დაფაროს . . . ვუთხარი ისრაელის ძეებს: არ ჭამოთ ხორციელის სისხლი“ (ლევიანები 17:13, 14). ამგვარად, დაახლოებით 800 წლის გასვლის შემდეგ კვლავ ძალაში იყო ნოესთვის მიცემული მითითება, რომლის მიხედვითაც არ შეიძლებოდა ცხოველის სისხლის საკვებად გამოყენება. იეჰოვას თვალსაზრისი ნათელი იყო: მის მსახურებს შეეძლოთ ეჭამათ ცხოველის ხორცი, ოღონდ სისხლის გარეშე. მათ სისხლი მიწაზე უნდა დაეღვარათ, რათა ქმნილების სიცოცხლე, ასე ვთქვათ, ისევ ღმერთს დაბრუნებოდა.

12. რა მითითება მიეცათ წმინდა სულით პირველი საუკუნის ქრისტიანებს სისხლთან დაკავშირებით, რომელიც დღემდე ძალაშია?

12 მსგავსი მითითება ქრისტიანებსაც მიეცათ. პირველ საუკუნეში მოციქულები და სხვა მამაკაცები, რომლებიც ხელმძღვანელობას  უწევდნენ იესოს მიმდევრებს, შეიკრიბნენ იმის გადასაწყვეტად, თუ რომელ მითითებებს უნდა დამორჩილებოდა ქრისტიანული კრების ყველა წევრი. ისინი ასეთ დასკვნამდე მივიდნენ: „წმინდა სულმა და ჩვენ მართებულად მივიჩნიეთ, მეტი აღარაფერი დაგვეკისრებინა თქვენთვის ამ აუცილებლის გარდა, რომ მოერიდოთ კერპთშენაწირს, სისხლს, დამხრჩვალსა [ხორცს, რომლიდანაც სისხლი არაა გამოშვებული] და სიძვას“ (საქმეები 15:28, 29; 21:25). ამ მუხლებიდან გამომდინარე, უნდა მოვერიდოთ სისხლს. ღვთის თვალში ამის გაკეთება ისევე მნიშვნელოვანია, როგორც კერპთაყვანისმცემლობისა და სექსუალური უზნეობისგან თავის არიდება.

თუ ექიმი აგიკრძალავს ალკოჰოლური სასმელების მიღებას, განა სასმელს ორგანიზმში ვენიდან შეიყვან?!

13. მაგალითის დახმარებით ახსენი, თუ რატომ ნიშნავს სისხლისგან თავის შეკავება იმას, რომ სისხლის გადასხმისგანაც შევიკავოთ თავი.

13 ნიშნავს სისხლისგან თავის შეკავება იმას, რომ მოვერიდოთ სისხლის გადასხმასაც? რასაკვირველია. მოვიყვანოთ ასეთი მაგალითი: ვთქვათ, ექიმმა გითხრა, რომ უნდა მოერიდო ალკოჰოლურ სასმელებს. ნიშნავს ეს იმას, რომ მხოლოდ დალევა გეკრძალება, ორგანიზმში სასმლის ვენიდან შეყვანა კი შეგიძლია? რა თქმა უნდა, არა. მსგავსად ამისა, სისხლისგან თავის შეკავება ნიშნავს, რომ ის არანაირი გზით არ უნდა მოხვდეს ჩვენს ორგანიზმში. ასე რომ, მითითება, რომელიც სისხლისგან თავის შეკავებას ეხება, სისხლის გადასხმაზე უარის თქმასაც გულისხმობს.

14, 15. როგორ მოიქცევა ქრისტიანი, თუ ექიმები მისგან სისხლის გადასხმას მოითხოვენ, და რატომ?

14 როგორ მოიქცევა ქრისტიანი, თუ სერიოზულად დაშავდა ან რთულ ოპერაციას საჭიროებს? დავუშვათ, ექიმები ამბობენ, რომ, თუ ის სისხლს არ გადაისხამს, დაიღუპება. ცხადია, ქრისტიანს არ სურს სიკვდილი. ღვთისგან ბოძებული სიცოცხლე რომ შეინარჩუნოს, ის თანხმობას განაცხადებს მკურნალობის ისეთ მეთოდებზე, რომლებიც სისხლის გამოყენებას არ საჭიროებს. ის სწორედ ასეთი სამედიცინო დახმარების მიღებას შეეცდება, თუკი ეს შესაძლებელი იქნება, და თანხმობას განაცხადებს სისხლის შემცვლელების გამოყენებაზე.

15 დაარღვევს ქრისტიანი ღვთის კანონს მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ქვეყნიერებაში გაიხანგრძლივოს სიცოცხლე? იესომ თქვა: „ვისაც სურს თავისი სულის [ანუ სიცოცხლის] ხსნა, დაკარგავს მას, ხოლო ვინც ჩემი გულისთვის დაკარგავს სულს, იპოვის მას“  (მათე 16:25). ჩვენ არ გვსურს სიკვდილი, მაგრამ თუ ღვთის კანონის უგულებელყოფით შევეცდებით სიცოცხლის ხსნას, მარადიული სიცოცხლის დაკარგვის საფრთხის წინაშე აღმოვჩნდებით. ამიტომ გონივრულია, ვენდოთ ღვთის კანონს და გვჯეროდეს, რომ სიკვდილის შემთხვევაში ჩვენი შემოქმედი, რომელმაც სიცოცხლე გვაჩუქა, გაგვიხსენებს მკვდრეთით აღდგენისას და დაგვიბრუნებს სიცოცხლეს (იოანე 5:28, 29; ებრაელები 11:6).

16. რა აქვთ ღვთის მსახურებს მტკიცედ გადაწყვეტილი სისხლთან დაკავშირებით?

16 დღეს ღვთის ერთგულ მსახურებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, დაიცვან მისი მითითება სისხლთან დაკავშირებით. მათ არ სურთ სისხლის გამოყენება საკვებად, რა სახითაც არ უნდა იყოს ის, და არც მკურნალობის მიზნით. * ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ღმერთმა, რომელმაც ყველაფერი შექმნა, მათ შორის სისხლი, იცის, თუ რა არის მათთვის უმჯობესი. შენც გჯერა, რომ ეს ასეა?

სისხლის მართებული სახით გამოყენება

17. სისხლის მხოლოდ რა მიზნით გამოყენება იყო მისაღები იეჰოვა ღმერთისთვის ძველ ისრაელში?

17 მოსეს კანონში ყურადღება მახვილდებოდა სისხლის მართებული სახით გამოყენების ერთადერთ შესაძლებლობაზე. იეჰოვამ ისრაელებს უთხრა: „ხორციელის სული [ანუ სიცოცხლე] მის სისხლშია; მე ის სამსხვერპლოსთვის დაგიწესეთ, რათა შესრულდეს  გამოსყიდვის წესი თქვენი სულებისთვის, რადგან სისხლს შეუძლია გამოსყიდვა“ (ლევიანები 17:11). ცოდვების მისატევებლად ისრაელებისთვის საჭირო იყო, რომ მსხვერპლად შეეწირათ ცხოველი. შეწირვის დროს კარავთან ან, მოგვიანებით, ღვთის ტაძართან არსებულ სამსხვერპლოზე შეწირული ცხოველის სისხლი იღვრებოდა. სისხლის მართებულად გამოყენება მხოლოდ ასეთი სახით ხდებოდა.

18. რის შესაძლებლობა გვეძლევა იესოს მიერ დაღვრილი სისხლის საფუძველზე?

18 ქრისტიანებს მოსეს კანონის დაცვა არ მოეთხოვებათ. ამიტომ ისინი არ სწირავენ მსხვერპლად ცხოველებს და არ ღვრიან სისხლს სამსხვერპლოზე (ებრაელები 10:1). მაგრამ ასეთი სახით სისხლის გამოყენება იმაზე მიანიშნებდა, რომ ღვთის ძე, იესო ქრისტე გაცილებით ძვირფას შესაწირავს გაიღებდა. როგორც ამ წიგნის მე-5 თავიდან გავიგეთ, იესომ ჩვენ სახსნელად საკუთარი სიცოცხლე გაიღო, ჩვენთვის სისხლი დაღვარა. შემდეგ ის ზეცად ამაღლდა და „მხოლოდ ერთხელ შევიდა წმინდა ადგილას“ და თავისი  დაღვრილი სისხლის ფასი ღმერთს წარუდგინა (ებრაელები 9:11, 12). სწორედ ამის საფუძველზე ღმერთი გვპატიობს ცოდვებს და მარადიულად ცხოვრების შესაძლებლობას გვაძლევს (მათე 20:28; იოანე 3:16). მართლაც რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა ამგვარად დაღვრილ სისხლს! (1 პეტრე 1:18, 19). ხსნას მხოლოდ იმ შემთხვევაში მოვიპოვებთ, თუ იესოს დაღვრილი სისხლისადმი რწმენას გამოვავლენთ.

როგორ შეგიძლია სიცოცხლისა და სისხლის სათანადოდ დაფასება?

19. რის გაკეთებაა აუცილებელი იმისათვის, რომ სუფთა ვიყოთ „ყველას სისხლისაგან“?

19 ჩვენ ძალიან მადლიერნი უნდა ვიყოთ, რომ იეჰოვა ღმერთმა ასეთი სიყვარული გამოავლინა და სიცოცხლე გვაჩუქა! განა არ აღგვძრავს ეს, სხვებსაც გავაგებინოთ, რომ იესოს მსხვერპლის საფუძველზე მარადიული სიცოცხლის მიღების შესაძლებლობა გვეძლევა? თუ ღვთის მსგავსად ვართ დაინტერესებულნი ადამიანთა გადარჩენით, ამას მთელი მონდომებით გავაკეთებთ (წაიკითხეთ ეზეკიელის 3:17—21). თუ ამაში მთელ ჩვენს გულსა და სულს ჩავდებთ, თამამად შევძლებთ პავლე მოციქულის სიტყვების გამეორებას: „სუფთა ვარ ყველას სისხლისაგან, რადგან თავი არ დამიზოგავს თქვენთვის, ღვთის ყველა განზრახვაზე გელაპარაკებოდით“ (საქმეები 20:26, 27). ხალხთან ღვთისა და მისი განზრახვის შესახებ საუბარი შესანიშნავი საშუალებაა იმის საჩვენებლად, რომ სიცოცხლესა და სისხლს სათანადოდ ვაფასებთ.

^ აბზ. 16 სისხლის გადასხმის ალტერნატიული საშუალებების შესახებ ინფორმაციის მისაღებად იხილეთ სტატია „სისხლის გადასხმის ეფექტური ალტერნატივები“ ბროშურაში „როგორ შეუძლია სისხლს სიცოცხლის ხსნა?“. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.