წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?

 თავი 12

ღვთისმოსაწონი ცხოვრება

ღვთისმოსაწონი ცხოვრება
  • როგორ შეგიძლია ღვთის მეგობარი გახდე?

  • როგორ გეხება პირადად შენ საკამათო საკითხი, რომელიც სატანამ წამოჭრა?

  • რას არ იწონებს იეჰოვა?

  • როგორ შეგიძლია იცხოვრო ღვთისმოსაწონად?

1, 2. დაასახელე რამდენიმე ადამიანი, რომლებიც ღმერთმა თავის მეგობრებად აირჩია.

როგორ ადამიანთან ისურვებდი მეგობრობას? ალბათ, მეგობრად აირჩევდი მას, ვინც შენს შეხედულებებს, ინტერესებსა და ფასეულობებს იზიარებს და სასიამოვნო თვისებებს ავლენს, მაგალითად გულწრფელი და კეთილია.

2 საუკუნეების მანძილზე იყვნენ ადამიანები, რომლებიც ღმერთმა თავის მეგობრებად აირჩია. მაგალითად, იეჰოვამ აბრაამს უწოდა მეგობარი (წაიკითხეთ ესაიას 41:8 და იაკობის 2:23). დავითი ღმერთმა „გულით სასურველ კაცად“ მოიხსენია, რადგან ის მისთვის მოსაწონი იყო (საქმეები 13:22). წინასწარმეტყველი დანიელი კი იეჰოვასთვის „ძალიან ძვირფასი“ იყო (დანიელი 9:23).

3. რატომ მიიჩნევდა ზოგ ადამიანს იეჰოვა თავის მეგობრად?

3 რატომ მიიჩნევდა იეჰოვა აბრაამს, დავითსა და დანიელს თავის მეგობრებად? მან აბრაამს უთხრა: „შენ მოისმინე ჩემი ხმა“ (დაბადება 22:18). აქედან ჩანს, რომ იეჰოვა მათ უახლოვდება, ვინც თავმდაბლურად ასრულებს მის სიტყვებს. „დაემორჩილეთ ჩემს ხმას, — უთხრა მან ისრაელებს. — და ვიქნები თქვენი ღმერთი, თქვენ კი იქნებით ჩემი ხალხი“ (იერემია 7:23). იეჰოვა შენც აგირჩევს თავის მეგობრად, თუ დაემორჩილები მას.

 იეჰოვა მხარს უჭერს თავის მეგობრებს

4, 5. როგორ უჭერს იეჰოვა მხარს თავის მსახურებს?

4 დაფიქრდი, რას ნიშნავს ღმერთთან მეგობრობა. როგორც ბიბლიაშია ნათქვამი, იეჰოვა ეძებს შესაძლებლობებს, „რომ თავისი ძალით დაეხმაროს მათ, ვინც მთელი გულით არის მასთან“ (2 მატიანე 16:9). როგორ შეუძლია იეჰოვას შენი მხარდაჭერა? ფსალმუნის 32:8-ში ვკითხულობთ: „წვდომის უნარს მოგცემ და გასწავლი გზას, რომლითაც უნდა იარო; რჩევას მოგცემ და თვალი მეჭირება შენზე“.

5 მართლაც რამხელა სითბო ჩანს იეჰოვას მზრუნველობის გამომხატველ ამ სიტყვებში! იგი არა მხოლოდ სწორი გზით სიარულს გასწავლის, არამედ წაგიძღვება კიდეც ამ გზაზე, თუ მისი მორჩილი იქნები. ღმერთს სურს, გვერდში დაგიდგეს, რათა გაუმკლავდე სირთულეებსა თუ განსაცდელებს (წაიკითხეთ ფსალმუნის 55:22). ასე რომ, თუ მთელი გულით ემსახურები იეჰოვას, შეგიძლია დარწმუნებული იყო მის მხარდაჭერაში იმ ფსალმუნმომღერლის მსგავსად, რომელმაც თქვა: „ყოველთვის თვალწინ მიდგას იეჰოვა. არ წავბორძიკდები, რადგან ის ჩემ მარჯვნივ არის“ (ფსალმუნი 16:8; 63:8). დიახ, იეჰოვა დაგეხმარება, რომ მის მოსაწონად იცხოვრო. მაგრამ შენთვის ცნობილია, რომ ღმერთს ჰყავს მტერი, რომელსაც შენთვის ხელის შეშლა სურს.

სატანას ეჭვი შეაქვს ადამიანთა მოტივებში

6. რაში დასდო ბრალი სატანამ ადამიანებს?

6 ამ წიგნის მე-11 თავში ახსნილი იყო, თუ როგორ დააყენა სატანა ეშმაკმა ეჭვქვეშ იეჰოვას უზენაესობა. მან ღმერთს სიცრუეში დასდო ბრალი. ფაქტობრივად, სატანამ თქვა, რომ იეჰოვა უსამართლოდ ექცეოდა ადამსა და ევას და საშუალებას არ აძლევდა, თვითონ გადაეწყვიტათ, რა იყო სწორი და რა — არასწორი. მას შემდეგ, რაც ადამმა და ევამ შესცოდეს და დედამიწაზე მათი შთამომავლობა გამრავლდა, სატანამ ეჭვი შეიტანა თითოეული ადამიანის მოტივებში. სატანამ, შეიძლება ითქვას, ასეთი ბრალდება წაუყენა ადამიანებს: „ისინი სიყვარულით არ ემსახურებიან იეჰოვას. მე შემიძლია ღმერთს ნებისმიერი ადამიანი ავუმხედრო“. ღვთის ერთი მსახურის, იობის, შემთხვევიდან კარგად გამოჩნდა,  რომ სატანას მართლაც სურდა ამის დამტკიცება. ვინ იყო იობი და როგორ შეიტანა სატანამ ეჭვი მის მოტივებში?

7, 8. ა) რით გამოირჩეოდა იობი იმ დროს მცხოვრები ადამიანებისგან? ბ) როგორ დააყენა სატანამ ეჭვქვეშ იობის მოტივები?

7 იობი ცხოვრობდა დაახლოებით 3 600 წლის წინათ. ის ღვთის გამორჩეული მსახური იყო. იეჰოვამ მის შესახებ თქვა: „არავინაა მისი მსგავსი დედამიწაზე, უმწიკვლო, მართალი, ღვთისმოშიში კაცია და ბოროტებისგან შორს დგას“ (იობი 1:8). იობი ღვთის ერთგული იყო და მის მოსაწონად ცხოვრობდა.

8 სატანამ ეჭვქვეშ დააყენა იობის ერთგულება. მან იეჰოვას უთხრა: „შენ არ მფარველობ მას [იობს], მის სახლს და ყველაფერს, რაც აქვს? შენ აკურთხე მისი ხელის ნამოქმედარი და გაამრავლე მისი საქონელი მთელ მიწაზე. აბა, გაიწოდე ხელი და შეახე მის ქონებას; ნახე, თუ პირში არ დაგიწყოს გმობა“ (იობი 1:10, 11).

9. რა რეაგირება მოახდინა იეჰოვამ სატანის სიტყვებზე, და რატომ?

9 ამგვარად, სატანა აცხადებდა, რომ იობი ღმერთს ანგარების გამო ემსახურებოდა. ეშმაკი იმასაც ამბობდა, რომ იობი განსაცდელის წინაშე თუ აღმოჩნდებოდა, ღმერთს დაუპირისპირდებოდა. რა რეაგირება მოახდინა იეჰოვამ სატანის სიტყვებზე? ვინაიდან სატანამ ეჭვი შეიტანა იობის მოტივებში, იეჰოვამ სატანას მისი გამოცდის ნება დართო. შედეგად, ყველასათვის ცხადი გახდებოდა, ნამდვილად უყვარდა თუ არა იობს ღმერთი.

იობის გამოცდა

10. რა განსაცდელების წინაშე აღმოჩნდა იობი და რა რეაქცია ჰქონდა მას?

10 მალე სატანამ იობი მრავალი სახით გამოსცადა. იობს უამრავი საქონელი ჰყავდა, რომელთაგან ნაწილი დაეხოცა, ნაწილი კი მოჰპარეს. მას მსახურთა უმრავლესობაც დაუხოცეს. ამით დიდი ზარალი მიადგა იობს და ყველაფერი დაკარგა, რაც ებადა. შემდეგ მის ცხოვრებაში საშინელი ტრაგედია დატრიალდა — ქარიშხლის ამოვარდნის შედეგად იობს ათივე შვილი დაეღუპა. ყველაფრის მიუხედავად, „არ შეუცოდავს იობს და ცუდი არაფერი დაუბრალებია ღვთისთვის“ (იობი 1:22).

11. ა) კიდევ რაში დაადანაშაულა სატანამ იობი და როგორ მოიქცა იეჰოვა საპასუხოდ? ბ) როგორ მოიქცა იობი, როცა საშინელი დაავადება შეეყარა?

11 სატანა ამას არ შეუჩერებია. მართალია, იობის რწმენა არ  შერყეულა ქონების, მსახურების და შვილების დაკარგვის გამო, მაგრამ, როგორც ჩანს, სატანა ფიქრობდა, რომ თუკი თავად მას შეეხებოდა და მტანჯველ დაავადებას შეჰყრიდა, ის აუცილებლად დაუპირისპირდებოდა ღმერთს. იეჰოვამ ნება მისცა სატანას, ამ მხრივაც გამოეცადა იობი; სატანამ მას საშინელი სენი შეჰყარა, მაგრამ იობს ვერც ამან დააკარგვინა ღვთისადმი რწმენა. პირიქით, მან სწორედ ამის შემდეგ თქვა: „სანამ ცოცხალი ვარ, არ დავთმობ უმწიკვლობას!“ (იობი 27:5).

იობი ღმერთმა ერთგულებისთვის აკურთხა

12. როგორ დაამტკიცა იობმა თავისი ერთგულებით ეშმაკის ბრალდებების სიცრუე?

12 იობმა არ იცოდა, რომ ეს უბედურებები სატანამ დაატეხა თავს. მისთვის უცნობი იყო იეჰოვას უზენაესობასთან დაკავშირებით ეშმაკის მიერ წამოჭრილი საკითხი და ფიქრობდა, რომ ღმერთი აგდებდა მას განსაცდელში (იობი 6:4; 16:11—14). მიუხედავად ამისა, იობი ბოლომდე იეჰოვას ერთგული დარჩა. თავისი ერთგულებით იობმა დაამტკიცა, რომ ღმერთს უანგაროდ ემსახურებოდა და გამოააშკარავა სატანის სიტყვების სიცრუე!

13. რა გახდა შესაძლებელი იმის წყალობით, რომ იობი ბოლომდე ღვთის ერთგული დარჩა?

13 იობის ერთგულება საკმარისი საფუძველი აღმოჩნდა იმისთვის, რომ იეჰოვას სატანისთვის სათანადო პასუხი გაეცა შეურაცხმყოფელ ბრალდებებზე. იობი ნამდვილად იეჰოვას მეგობარი იყო და იეჰოვამ აკურთხა ის ერთგულებისთვის (იობი 42:12—17).

შენ როგორ გეხება ეს საკითხი?

14, 15. რატომ შეიძლება იმის თქმა, რომ სატანის ბრალდებები არა მარტო იობს, არამედ ყველა ადამიანს ეხება?

14 ღვთის ერთგულებასთან დაკავშირებული საკითხი, რომელიც სატანამ წამოჭრა, მხოლოდ იობს როდი ეხებოდა. ის შენც გეხება. ეს კარგად ჩანს იგავების 27:11-დან, სადაც იეჰოვა ამბობს: „შვილო, იყავი ბრძენი და გული გამიხარე, რომ პასუხი გავცე ჩემს დამცინავს“. ეს სიტყვები, რომლებიც იობის სიკვდილიდან საუკუნეების გასვლის შემდეგ დაიწერა, იმაზე მეტყველებს, რომ სატანა კვლავაც დასცინის ღმერთს და ბრალს სდებს მის მსახურებს.  ამიტომაც, როცა ღვთისმოსაწონად ვცხოვრობთ, ვაბათილებთ სატანის ბრალდებებს და გულს ვუხარებთ იეჰოვას. ალბათ, ამის გააზრება შენში სასიამოვნო გრძნობებს აღძრავს. განა არ ღირს, გამოააშკარავო ეშმაკის სიცრუე, თუნდაც ამისთვის ცხოვრებაში ცვლილებების მოხდენა დაგჭირდეს?

15 ყურადღება მიაქციე სატანის სიტყვებს: „სიცოცხლის სანაცვლოდ ყველაფერს გაიღებს კაცი“ (იობი 2:4). სიტყვა „კაცი“ იმაზე მიუთითებს, რომ სატანის ბრალდება ეხებოდა არა მარტო იობს, არამედ ყველა ადამიანს. ეს მართლაც საყურადღებო აზრია. სატანამ ეჭვქვეშ დააყენა ღვთისადმი შენი ერთგულებაც. ეშმაკს უნდა, რომ ღვთის მიმართ დაუმორჩილებლობა გამოავლინო და როგორც კი სირთულეები შეგექმნება, მიატოვო სიმართლის გზით სიარული. როგორ ცდილობს სატანა ამ მიზნის მიღწევას?

16. ა) რა მეთოდებით ცდილობს სატანა ღვთისგან ხალხის ჩამოშორებას? ბ) როგორ შეუძლია ეშმაკს ამ მეთოდების გამოყენება შენ წინააღმდეგ?

16 როგორც მე-10 თავში იყო განხილული, სატანა სხვადასხვა მეთოდით ცდილობს ღვთისგან ხალხის ჩამოშორებას. ზოგჯერ ის აშკარად უტევს ადამიანებს „როგორც მბრდღვინავი ლომი და ეძებს, ვინ გადაყლაპოს“ (1 პეტრე 5:8). ეს განსაკუთრებით მაშინ იგრძნობა, როდესაც მეგობრები, ნათესავები თუ სხვები გეწინააღმდეგებიან და ყველანაირად ცდილობენ, ხელი შეგიშალონ ბიბლიის შესწავლასა და ნასწავლის გამოყენებაში (იოანე 15:19, 20). * ზოგჯერ სატანა „სინათლის ანგელოზის სახეს იღებს“ (2 კორინთელები 11:14). ეშმაკს შეუძლია შეუმჩნევლად მოახდინოს შენზე გავლენა, რათა ღმერთს ჩამოგაშოროს. მას შეუძლია გულგატეხილობამდე მიგიყვანოს, მაგალითად, ღვთის მსახურებისთვის თავი უღირსად გაგრძნობინოს (იგავები 24:10). ნებისმიერ შემთხვევაში — „მბრდღვინავი ლომივით“ მოქმედებს თუ „სინათლის ანგელოზის სახეს იღებს“ — სატანა ცდილობს, დაამტკიცოს, რომ განსაცდელებისა და სირთულეების დროს შენ ზურგს შეაქცევ  ღმერთს. როგორ შეგიძლია გააბათილო სატანის ბრალდება და დაამტკიცო, რომ იობის მსგავსად შენც ღვთის ერთგული ხარ?

იეჰოვას მცნებების დაცვა

17. რა უნდა აღგვძრავდეს უმთავრესად ღვთის მცნებების დაცვისკენ?

17 სატანის ბრალდებას იმ შემთხვევაში გასცემ პასუხს, თუ ღვთისმოსაწონად იცხოვრებ. რა არის ამისთვის საჭირო? ბიბლია მოგვიწოდებს: „გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულითა და მთელი ძალით“ (კანონი 6:5). რაც უფრო მეტად შეიყვარებ ღმერთს, მით უფრო გაგიძლიერდება მისი ნების შესრულების სურვილი. მოციქულმა იოანემ დაწერა: „ღვთის სიყვარული ის არის, რომ ვიცავდეთ მის მცნებებს“. თუ მთელი გულით გეყვარება იეჰოვა, დაინახავ, რომ „მისი მცნებები დამამძიმებელი არ არის“ (1 იოანე 5:3).

18, 19. ა) რა მოთხოვნები აქვს იეჰოვას? (იხილეთ ჩარჩო „ მოერიდე იმას, რაც იეჰოვას სძულს“). ბ) საიდან ვიცით, რომ იეჰოვა ჩვენგან იმაზე მეტს არ ითხოვს, ვიდრე შეგვიძლია?

18 რა მოთხოვნები აქვს იეჰოვას? ზოგი მოთხოვნა იმას ეხება, თუ რას უნდა მოვერიდოთ. მაგალითად, ყურადღება მიაქციე ჩარჩოს „ მოერიდე იმას, რაც იეჰოვას სძულს“. აქ ჩამოთვლილია, თუ რას გმობს ბიბლია. ერთი შეხედვით, ჩამონათვალში ზოგი რამ შეიძლება სულაც არ მოგეჩვენოს საგანგაშოდ, მაგრამ თუ მითითებულ ბიბლიურ მუხლებზე დაფიქრდები, დაინახავ, რომ იეჰოვას მოთხოვნები ნამდვილად გონივრულია. ცხოვრებაში ცვლილებების მოხდენა შეიძლება საკმაოდ რთული იყოს, მაგრამ ღვთისმოსაწონად ცხოვრებას უდიდესი კმაყოფილება და ბედნიერება მოაქვს (ესაია 48:17, 18). შენ ნამდვილად შეგიძლია ღვთისმოსაწონად იცხოვრო. რის საფუძველზე შეგვიძლია ამის თქმა?

19 იეჰოვა არასდროს ითხოვს ჩვენგან იმაზე მეტს, ვიდრე შეგვიძლია (წაიკითხეთ კანონის 30:11—14). მან ჩვენზე უკეთ იცის, რა შეგვიძლია სინამდვილეში და რა — არა (ფსალმუნი 103:14). იეჰოვა თავად დაგვეხმარება, რომ მისი მოთხოვნები შევასრულოთ. მოციქულმა პავლემ დაწერა: „ღმერთი ერთგულია და არ დაუშვებს ისეთ ცდუნებას, რომელიც თქვენს შესაძლებლობას აღემატება,  და გამოსავალსაც მოგცემთ, რომ მოითმინოთ“ (1 კორინთელები 10:13). აგრეთვე იეჰოვას შეუძლია მოგცეს „ძალა, რომელიც ჩვეულებრივს აღემატება“ (2 კორინთელები 4:7). მრავალი განსაცდელის გადატანის შემდეგ მოციქულმა პავლემ თქვა: „ყველაფრის ძალა შემწევს ჩემი გამაძლიერებლის დახმარებით“ (ფილიპელები 4:13).

ღვთისმოსაწონი თვისებების გამომუშავება

20. რა თვისებები უნდა გამოიმუშავო, და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

20 ღვთისმოსაწონად რომ იცხოვრო, საკმარისი არ არის, მოერიდო  იმას, რაც იეჰოვას სძულს. შენ აგრეთვე უნდა შეიყვარო ის, რაც მას უყვარს (რომაელები 12:9). ალბათ, გიზიდავს ისეთი ადამიანები, რომლებიც შენს შეხედულებებს, ინტერესებსა და ფასეულობებს იზიარებენ. იმავეს თქმა შეიძლება იეჰოვაზეც. თუ გსურს, იეჰოვამ თავის მეგობრად გიგულოს, შეიყვარე ის, რაც მისთვისაა ძვირფასი. ამის შესახებ მე-15 ფსალმუნშია საუბარი. ამ ფსალმუნიდან ვიგებთ, რას აფასებს იეჰოვა და ვის თვლის თავის მეგობრად (წაიკითხეთ ფსალმუნის 15:1—5). იეჰოვას მეგობრები, ბიბლიური ენით თუ ვიტყვით, „სულის ნაყოფს“ ავლენენ. ის მოიცავს ისეთ თვისებებს, როგორიცაა „სიყვარული, სიხარული, მშვიდობა,  სულგრძელობა, სიკეთე, ყოველივე კარგი, რწმენა, რბილი ხასიათი, თავშეკავება“ (გალატელები 5:22, 23).

21. რა დაგეხმარება ღვთისმოსაწონი თვისებების განვითარებაში?

21 ღვთისმოსაწონი თვისებების გამომუშავებაში დაგეხმარება ბიბლიის რეგულარული კითხვა და შესწავლა. ღვთის მოთხოვნების შესახებ მეტის გაგება დაგანახვებს, როგორ უყურებს იეჰოვა ამა თუ იმ საკითხს და დაგეხმარება, საკუთარ აზროვნებაში საჭირო ცვლილებები მოახდინო (ესაია 30:20, 21). რაც უფრო გაგიძლიერდება იეჰოვასადმი სიყვარული, მით უფრო ძლიერი სურვილი გაგიჩნდება, ღვთისმოსაწონად იცხოვრო.

22. რას მიაღწევ, თუ ღვთისმოსაწონად იცხოვრებ?

22 იეჰოვას მოსაწონად ცხოვრება ძალისხმევას მოითხოვს. ბიბლიაში ხატოვანი ენითაა ნათქვამი, თუ რა არის საჭირო ცხოვრებაში ცვლილებების მოსახდენად: „გაიხადეთ ძველი პიროვნება . . . და შეიმოსეთ ახალი პიროვნებით“ (კოლოსელები 3:9, 10). იეჰოვას მცნებების დაცვასთან დაკავშირებით ფსალმუნმომღერალმა დაწერა: „დიდია ჯილდო მათი დაცვისათვის“ (ფსალმუნი 19:11). ღვთისმოსაწონად თუ იცხოვრებ, შენც დარწმუნდები ამ სიტყვების უტყუარობაში და, რაც მთავარია, გააბათილებ სატანის ბრალდებას და გულს გაუხარებ იეჰოვას!

^ აბზ. 16 ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ, ვინც გეწინააღმდეგება, უშუალოდ სატანა მართავს. მაგრამ სატანა ამ ქვეყნიერების ღმერთია და მთელი ქვეყნიერება მის ძალაუფლებაშია (2 კორინთელები 4:4; 1 იოანე 5:19). აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ თუ ღვთის ნორმების თანახმად იცხოვრებ, ეს ბევრს არ მოეწონება და ზოგი წინააღმდეგობას გაგიწევს.