წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?

 თავი 17

დაუახლოვდი ღმერთს ლოცვის მეშვეობით

დაუახლოვდი ღმერთს ლოცვის მეშვეობით
  • რატომ უნდა მივმართოთ ღმერთს ლოცვით?

  • რა არის აუცილებელი იმისათვის, რომ ღმერთმა მოგვისმინოს?

  • როგორ გვპასუხობს ღმერთი ლოცვებზე?

„ზეცისა და დედამიწის შემოქმედი“ მზადაა ჩვენი ლოცვების მოსასმენად

1, 2. რატომ არის უდიდესი პატივი, რომ გვაქვს ლოცვის შესაძლებლობა, და რატომ არის მნიშვნელოვანი ლოცვის შესახებ ბიბლიის თვალსაზრისის გაგება?

უკიდეგანო სამყაროში დედამიწა მხოლოდ ერთი პატარა პლანეტაა. „ზეცისა და დედამიწის“ შემოქმედისთვის, იეჰოვა ღმერთისთვის, „ხალხები სათლიდან გადმოვარდნილ წყლის ერთ წვეთს ჰგვანან“ (ფსალმუნი 115:15; ესაია 40:15). მიუხედავად ამისა, ბიბლიაში ნათქვამია: „იეჰოვა ახლოს არის ყველასთან, ვინც მას მოუხმობს, ყველასთან, ვინც ჭეშმარიტებით მოუხმობს მას. თავის მოშიშთა სურვილს შეასრულებს, მოისმენს მათ ღაღადს“ (ფსალმუნი 145:18, 19). დაფიქრდი ამ სიტყვების მნიშვნელობაზე! ყოვლისშემძლე შემოქმედი ახლოს არის ჩვენთან და მოგვისმენს, თუ მოვუხმობთ მას „ჭეშმარიტებით“. მართლაც უდიდესი პატივია, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ლოცვით მივმართოთ ღმერთს!

2 თუ გვსურს, რომ იეჰოვამ მოისმინოს ჩვენი ლოცვები, ისე უნდა ვილოცოთ, როგორც მისთვის არის მისაღები. მაგრამ განა შევძლებთ ამას, თუ არ გვეცოდინება, რას ამბობს ბიბლია ლოცვის შესახებ? ვინაიდან ლოცვა იეჰოვასთან დაახლოებაში გვეხმარება, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ლოცვის შესახებ ბიბლიის თვალსაზრისი.

 რატომ არის საჭირო, რომ ლოცვით მივმართოთ იეჰოვას?

3. რა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი, რის გამოც იეჰოვას ლოცვით უნდა მივმართოთ?

3 ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი ის არის, რომ იეჰოვა თავად მოგვიწოდებს, ლოცვით მივმართოთ მას. ღვთის სიტყვაში ნათქვამია: „ნურაფერზე დაიწყებთ წუხილს, არამედ ლოცვით, ვედრებითა და მადლიერებით აცნობეთ ყველა თქვენი სათხოვარი ღმერთს და ღვთის მშვიდობა, რომელიც ნებისმიერ აზრს აღემატება, დაიცავს თქვენს გულებსა და გონებას ქრისტე იესოს მეშვეობით“ (ფილიპელები 4:6, 7). ჩვენ არ უნდა უგულებელვყოთ ეს შესანიშნავი შესაძლებლობა, რომელსაც სამყაროს უზენაესი ხელისუფალი გვაძლევს!

4. როგორ განამტკიცებს იეჰოვასთან ჩვენს ურთიერთობას რეგულარული ლოცვა?

4 კიდევ ერთი მიზეზი ის არის, რომ რეგულარული ლოცვა იეჰოვასთან ურთიერთობის განმტკიცების საშუალებაა. კარგ მეგობრებს მხოლოდ მაშინ არ ახსენდებათ ერთმანეთი, როცა რამე სჭირდებათ. ისინი ერთმანეთს უზიარებენ საკუთარ აზრებს, გრძნობებსა და სატკივარს, რის შედეგადაც მათი მეგობრობა სულ უფრო მტკიცდება. იმავეს თქმა შეგვიძლია იეჰოვა  ღმერთთან ჩვენს ურთიერთობაზეც. ამ წიგნის დახმარებით შენ უკვე გაიგე, თუ რას გვასწავლის ბიბლია იეჰოვას — მისი თვისებებისა და განზრახვების — შესახებ. შენთვის ის ახლა რეალური პიროვნებაა. ლოცვა გაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ზეციერ მამას გაუზიარო საკუთარი აზრები და გრძნობები. ამგვარად, კიდევ უფრო დაუახლოვდები მას (იაკობი 4:8).

რა მოთხოვნებს უნდა ვაკმაყოფილებდეთ?

5. საიდან ჩანს, რომ იეჰოვა ყველა ლოცვას არ ისმენს?

5 ყველა ლოცვას ისმენს იეჰოვა? ყურადღება მიაქციე, ესაია წინასწარმეტყველის დროს რა უთხრა ღმერთმა ისრაელებს, რომლებიც მისი ნების თანახმად არ იქცეოდნენ: „თუმცა ბევრს ლოცულობთ, არ გისმენთ; ხელები სისხლით გაქვთ სავსე“ (ესაია 1:15). აქედან გამომდინარე, ესა თუ ის საქციელი შეიძლება გახდეს იმის მიზეზი, რომ ღმერთმა არ მოისმინოს ჩვენი ლოცვები. ღვთისთვის ჩვენი ლოცვები მისაღები რომ იყოს, უნდა ვაკმაყოფილებდეთ რამდენიმე ძირითად მოთხოვნას.

6. რა არის უმთავრესი მოთხოვნა იმისათვის, რომ ღმერთმა მოისმინოს ჩვენი ლოცვები, და რით უნდა ცხადვყოთ, რომ ვაკმაყოფილებთ ამ მოთხოვნას?

6 უმთავრესი მოთხოვნა რწმენის გამოვლენაა (წაიკითხეთ მარკოზის 11:24). მოციქულმა პავლემ დაწერა: „რწმენის გარეშე შეუძლებელია ასიამოვნო ღმერთს, რადგან ვინც ღმერთთან მიდის, უნდა სწამდეს, რომ ის არსებობს და აჯილდოებს თავის გულმოდგინედ მძებნელს“ (ებრაელები 11:6). ნამდვილი რწმენის გამოვლენა იმის ცოდნაზე მეტს მოიცავს, რომ ღმერთი არსებობს და რომ ის ისმენს და პასუხობს ლოცვებს. რწმენა საქმეებით უნდა დავამტკიცოთ. ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება უნდა იყოს იმის მაჩვენებელი, რომ რწმენა გვაქვს (იაკობი 2:26).

7. ა) რატომ უნდა გამოვავლინოთ პატივისცემა, როდესაც იეჰოვას მივმართავთ ლოცვით? ბ) როგორ შეგვიძლია ლოცვის დროს თავმდაბლობისა და გულწრფელობის გამოვლენა?

7 იეჰოვა ასევე მოითხოვს, რომ ლოცვის დროს თავმდაბლები და გულწრფელები ვიყოთ. განა არ გვაქვს იმის მიზეზი, რომ თავმდაბლობა გამოვავლინოთ, როცა იეჰოვას მივმართავთ? როცა  ადამიანებს პრეზიდენტთან ან სხვა მაღალი თანამდებობის მქონე პირთან შეხვედრის შესაძლებლობა ეძლევათ, ჩვეულებრივ, ისინი მათ პატივისცემით ელაპარაკებიან. ცხადია, უფრო მეტად უნდა გამოვავლინოთ პატივისცემა, როდესაც იეჰოვას მივმართავთ! (ფსალმუნი 138:6). ის ხომ „ყოვლისშემძლე ღმერთია“ (დაბადება 17:1). ლოცვის დროს უნდა ვაჩვენებდეთ, რომ თავმდაბლურად ვაღიარებთ მის წინაშე ჩვენს მდგომარეობას. თავმდაბლობა კი იმისკენ აღგვძრავს, რომ ლოცვისას გულწრფელები ვიყოთ და მოვერიდოთ გაზეპირებული ფრაზების გამეორებას (მათე 6:7, 8).

8. როგორ შეგვიძლია ლოცვის შესაბამისად მოქმედება?

8 ღმერთმა რომ მოგვისმინოს, კიდევ ერთ მოთხოვნას უნდა ვაკმაყოფილებდეთ: ჩვენი ლოცვების შესაბამისად უნდა ვმოქმედებდეთ. როცა რამეს ვთხოვთ იეჰოვას ლოცვაში, ის მოელის, რომ ჩვენი მხრივ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც კი შეგვიძლია. მაგალითად, თუ ვლოცულობთ „მოგვეცი დღეისთვის სამყოფი პური“, შრომისმოყვარეები უნდა ვიყოთ, იმისდა მიუხედავად, თუ როგორი სამუშაოს შოვნა შეგვიძლია (მათე 6:11; 2 თესალონიკელები 3:10). თუ ღმერთს ვთხოვთ, რომ დაგვეხმაროს ხორციელი სისუსტის დაძლევაში, უნდა მოვერიდოთ ისეთ სიტუაციებს, რომლებიც ცდუნების წინაშე დაგვაყენებდა (კოლოსელები 3:5). ზემოთ განხილული ძირითადი მოთხოვნების გარდა, საჭიროა ვიცოდეთ პასუხები ლოცვასთან დაკავშირებულ რამდენიმე კითხვაზე.

პასუხები ლოცვასთან დაკავშირებულ კითხვებზე

9. ვის უნდა მივმართოთ ლოცვით და ვისი მეშვეობით?

9 ვის უნდა მივმართოთ ლოცვით? იესომ თავის მიმდევრებს ასწავლა, რომ ლოცვით „ზეციერი მამისთვის“ მიემართათ (მათე 6:9). მაშასადამე, ლოცვისას მხოლოდ იეჰოვა ღმერთს უნდა მივმართოთ. მაგრამ იეჰოვა მოითხოვს, რომ ვაღიაროთ მისი მხოლოდშობილი ძის, იესო ქრისტეს, როლი. როგორც მე-5 თავიდან გავიგეთ, ღმერთმა იესო დედამიწაზე გამოგზავნა, რათა ცოდვისა და სიკვდილის მონობისგან დავეხსენით (იოანე 3:16; რომაელები 5:12). იეჰოვამ ის მღვდელმთავრად და მოსამართლედ დანიშნა  (იოანე 5:22; ებრაელები 6:20). ამიტომ ბიბლია გვასწავლის, რომ ღმერთს ლოცვისას იესოს სახელით მივმართოთ. იესომ თვითონვე თქვა: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მამასთან ჩემ გარეშე ვერავინ მივა“ (იოანე 14:6). დიახ, აუცილებელია, რომ იეჰოვა ღმერთს მივმართოთ მისი ძის მეშვეობით.

10. რატომ არაა საჭირო, ლოცვის დროს განსაზღვრულ მდგომარეობაში ყოფნა?

10 აუცილებელია, ლოცვის დროს განსაზღვრულ მდგომარეობაში ყოფნა? არა. იეჰოვა არ მოითხოვს, რომ ხელები ან მთელი სხეული რაიმე კონკრეტულ მდგომარეობაში გვქონდეს. ბიბლია გვასწავლის, რომ ლოცვის დროს შეიძლება სხვადასხვა მდგომარეობაში ყოფნა. ლოცვისას ადამიანი შეიძლება იჯდეს, იდგეს, თავდახრილი ან დაჩოქილი იყოს (1 მატიანე 17:16; ნეემია 8:6; დანიელი 6:10; მარკოზი 11:25). შინაგანი განწყობაა მნიშვნელოვანი და არა ის, თუ ლოცვის დროს რა მდგომარეობაში ვართ. ყოველდღიური საქმეების დროს ან მაშინ, როცა მოულოდნელი სიტუაციების წინაშე ვდგებით, შეგვიძლია გულში ვილოცოთ იმისდა მიუხედავად, თუ სად ვიმყოფებით. შეიძლება ვერავინ შენიშნოს, რომ ლოცულობ, მაგრამ იეჰოვა ისმენს ასეთ ლოცვებს (ნეემია 2:1—6).

11. რის შესახებ შეგვიძლია ვილოცოთ?

11 რის შესახებ შეგვიძლია ვილოცოთ? ბიბლიაში ნათქვამია: „რაც უნდა ვთხოვოთ მისი ნებისამებრ, ის [იეჰოვა] გვისმენს“ (1 იოანე 5:14). ასე რომ, შეგვიძლია ვილოცოთ ყველაფერზე, რაც ღვთის ნებასთან არის შეთანხმებული. იქნება ღვთის ნებასთან შეთანხმებული, თუ იმაზე ვილოცებთ, რაც პირადად გვაწუხებს? რა თქმა უნდა! იეჰოვასადმი ლოცვა შეიძლება ახლო მეგობართან საუბარს შევადაროთ. შეგვიძლია გულახდილად ველაპარაკოთ ღმერთს და გული გადავუშალოთ მას (ფსალმუნი 62:8). მართებული იქნება, თუ ლოცვისას ღმერთს წმინდა სულს ვთხოვთ, რადგან მისი სულის დახმარებით შევძლებთ იმის კეთებას, რაც სწორია (ლუკა 11:13). ასევე შეგვიძლია ვთხოვოთ მას, გონივრული გადაწყვეტილებების მიღებაში დაგვეხმაროს და საიმისო ძალა მოგვცეს, რომ სირთულეებს გავუმკლავდეთ (იაკობი 1:5). თუ ცოდვას ჩავიდენთ, ქრისტეს მსხვერპლის საფუძველზე  პატიება უნდა ვითხოვოთ (ეფესოელები 1:3, 7). ცხადია, მხოლოდ პირად საკითხებზე ლოცვით არ უნდა შემოვიფარგლოთ. საჭიროა სხვებზეც — ოჯახის წევრებსა და თანამორწმუნეებზეც — ვილოცოთ (საქმეები 12:5; კოლოსელები 4:12).

12. როგორ შეგვიძლია ლოცვის დროს ყველაზე დიდი მნიშვნელობა იმ საკითხებს მივანიჭოთ, რაც უშუალოდ ჩვენს ზეციერ მამას ეხება?

12 ყველაზე დიდ მნიშვნელობას უნდა ვანიჭებდეთ იმ საკითხებზე ლოცვას, რომლებიც უშუალოდ იეჰოვა ღმერთს ეხება. იეჰოვას მიერ გამოვლენილი ყოველგვარი სიკეთე ნამდვილად გვაძლევს იმის საფუძველს, რომ მას მადლიერების გამომხატველი და განმადიდებელი სიტყვებით მივმართოთ (1 მატიანე 29:10—13). როგორც მათეს სახარებაში ჩაწერილი ლოცვის ნიმუშიდან ვხედავთ, საჭიროა, ვილოცოთ ღვთის სახელის განწმენდის შესახებ (წაიკითხეთ მათეს 6:9—13). გარდა ამისა, იესომ გვასწავლა, რომ ვილოცოთ ღვთის სამეფოს მოსვლაზე და როგორც ცაში, ისე დედამიწაზე ღვთის ნების შესრულებაზე. ლოცვის ნიმუშში იესომ მხოლოდ ამის შემდეგ გაამახვილა ყურადღება პირად საკითხებზე. თუ ჩვენც უპირველესად იმაზე ვილოცებთ, რაც უშუალოდ ღმერთს უკავშირდება, ამით ცხადვყოფთ, რომ მხოლოდ პირადი კეთილდღეობით არ ვართ დაინტერესებულნი.

13. ბიბლიიდან გამომდინარე, რა ხანგრძლივობის შეიძლება იყოს ლოცვა?

13 რა ხანგრძლივობის უნდა იყოს ჩვენი ლოცვები? ბიბლია წესებს არ ადგენს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხანგრძლივობის უნდა იყოს პირადი თუ სხვების წინაშე წარმოთქმული ლოცვები. შეგვიძლია ჭამის წინ მოკლედ ვილოცოთ, პირად ლოცვებს კი, როცა გულს ვუშლით იეჰოვას, მეტი დრო დავუთმოთ (1 სამუელი 1:12, 15). იესო არ იწონებდა იმ თვითკმაყოფილ ადამიანთა მოქმედებას, რომლებიც სხვების დასანახად ხანგრძლივად ლოცულობდნენ (ლუკა 20:46, 47). ასეთი ლოცვებით იეჰოვაზე შთაბეჭდილებას ვერ მოვახდენთ. მთავარი ის არის, რომ გულწრფელად ვლოცულობდეთ. მაშასადამე, ლოცვები, რომლებიც ღვთისთვის მისაღები იქნება, შეიძლება სხვადასხვა ხანგრძლივობის იყოს, კონკრეტული საჭიროებიდან და ვითარებიდან გამომდინარე.

ღმერთი ნებისმიერ ვითარებაში წარმოთქმულ ლოცვებს ისმენს

14. რატომ უნდა ვილოცოთ განუწყვეტლივ, როგორც ამისკენ ბიბლია მოგვიწოდებს, და რატომ უნდა ვიყოთ მადლიერნი?

 14 რამდენად ხშირად უნდა ვილოცოთ? ბიბლია მოგვიწოდებს, რომ ვილოცოთ „განუწყვეტლივ“ და „გამუდმებით“ (მათე 26:41; რომაელები 12:12; 1 თესალონიკელები 5:17). ცხადია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ დღის განმავლობაში სულ უნდა ვლოცულობდეთ. ბიბლია გვეუბნება, რომ ვილოცოთ რეგულარულად, ყოველთვის გამოვხატოთ მადლიერება იეჰოვას მიმართ ჩვენდამი გამოვლენილი სიკეთისთვის და ვთხოვოთ, გვიხელმძღვანელოს, გვანუგეშოს და განგვამტკიცოს. განა მადლიერნი არა ვართ, რომ იეჰოვა წესებს არ ადგენს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხანგრძლივობის უნდა იყოს ჩვენი ლოცვები ან რამდენად ხშირად უნდა მივმართოთ ღმერთს ლოცვით? თუ ვაფასებთ ლოცვის შესაძლებლობას, ყოველთვის გამოვნახავთ დროს იმისათვის, რომ ზეციერ მამას მივმართოთ.

15. რატომ უნდა ვთქვათ „ამინ“ პირადი თუ სხვების მიერ წარმოთქმული ლოცვების ბოლოს?

15 რატომ უნდა ვთქვათ „ამინ“ ლოცვის ბოლოს? სიტყვა „ამინ“ ნიშნავს: „ჭეშმარიტად“, „დაე იყოს ასე“. როგორც ბიბლიური მაგალითებიდან ჩანს, პირადი თუ სხვების წინაშე წარმოთქმული ლოცვების ბოლოს მართებულია, ვთქვათ „ამინ“ (1 მატიანე 16:36; ფსალმუნი 41:13). როცა ჩვენ მიერ წარმოთქმული ლოცვის ბოლოს ვამბობთ „ამინ“, ამით ვადასტურებთ, რომ ლოცვაში ყველაფერი გულწრფელად ვთქვით. ხოლო როცა სხვის მიერ წარმოთქმული ლოცვის შემდეგ გულში ან ხმამაღლა ვამბობთ „ამინ“, ამით გამოვხატავთ, რომ ვეთანხმებით იმას, რაც ლოცვაში ითქვა (1 კორინთელები 14:16).

როგორ გვპასუხობს ღმერთი ლოცვებზე?

16. რაში შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებულნი?

16 პასუხობს იეჰოვა ლოცვებს? დიახ. ჩვენ ნამდვილად გვაქვს საფუძველი, გვჯეროდეს, რომ „ლოცვების მომსმენი“ მილიონობით ადამიანის გულწრფელ ლოცვებს ისმენს (ფსალმუნი 65:2). იეჰოვამ ლოცვებზე შეიძლება სხვადასხვა გზით გვიპასუხოს.

17. რის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზოგჯერ ღმერთი ანგელოზებისა და თავისი მიწიერი მსახურების მეშვეობით პასუხობს ლოცვებს?

 17 იეჰოვა ზოგჯერ ანგელოზებისა და თავისი მიწიერი მსახურების მეშვეობით პასუხობს ლოცვებს (ებრაელები 1:13, 14). საკმაოდ ხშირია შემთხვევები, როცა ვინმე ღმერთს სთხოვს ბიბლიის გაგებაში დახმარებას და მალე მას იეჰოვას მსახურებთან შეხვედრის შესაძლებლობა ეძლევა. ასეთი შემთხვევები იმაზე მოწმობს, რომ ანგელოზები მონაწილეობას იღებენ სამეფოს შესახებ ქადაგების საქმეში (გამოცხადება 14:6). იეჰოვამ ზოგჯერ შეიძლება თავისი რომელიმე მსახური აღძრას ჩვენ დასახმარებლად,  როცა რთულ მდგომარეობაში ვართ და ამგვარად გვიპასუხოს ლოცვაზე (იგავები 12:25; იაკობი 2:16).

იეჰოვამ შეიძლება რომელიმე ქრისტიანი აღძრას ჩვენ დასახმარებლად და ამგვარად გვიპასუხოს ლოცვაზე

18. როგორ პასუხობს იეჰოვა თავის მსახურთა ლოცვებს წმინდა სულისა და ბიბლიის მეშვეობით?

18 თავის მიწიერ მსახურთა ლოცვებს იეჰოვა ასევე წმინდა სულისა და ბიბლიის მეშვეობით პასუხობს. მაგალითად, ღმერთმა შეიძლება წმინდა სულის მეშვეობით გვიხელმძღვანელოს და განგვამტკიცოს, როცა განსაცდელთან გასამკლავებლად დახმარებას ვთხოვთ (2 კორინთელები 4:7). ხშირად ლოცვებზე პასუხს ვიღებთ ბიბლიიდან, რომლის მეშვეობითაც იეჰოვა ხელმძღვანელობას გვიწევს და სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში გვეხმარება. დამხმარე ბიბლიური მუხლები შეიძლება შეგვხვდეს ბიბლიის პირადი შესწავლის დროს ან ისეთი ბიბლიური პუბლიკაციების კითხვისას, როგორიც ეს წიგნია. საჭირო ბიბლიური აზრები შეიძლება მოვისმინოთ ქრისტიანულ შეხვედრებზე თანაქრისტიანებისგან და კრების უხუცესებისგან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ჩვენი კეთილდღეობით (გალატელები 6:1).

19. რა უნდა გვახსოვდეს, თუ ხანდახან გვეჩვენება, რომ ღმერთი ლოცვებზე არ გვპასუხობს?

19 თუ იეჰოვა, ერთი შეხედვით, აყოვნებს ჩვენს ლოცვებზე პასუხის გაცემას, ეს იმიტომ არ ხდება, რომ მას არ შეუძლია, გვიპასუხოს. უნდა გვახსოვდეს, რომ იეჰოვა ლოცვებს თავის დროზე პასუხობს და ისე, რომ პასუხი მის ნებასთან იყოს შეთანხმებული. იეჰოვას ესმის, თუ რა გვჭირდება და მან ჩვენზე უკეთესად იცის, როგორ შეიძლება ჩვენი საჭიროებების დაკმაყოფილება.  ხშირად ის საშუალებას გვაძლევს, საკუთარი მოქმედებით ვაჩვენოთ, რომ ვითვალისწინებთ ბიბლიის რჩევას: „ითხოვეთ . . . ეძებეთ . . . აკაკუნეთ“ (ლუკა 11:5—10). ამით ცხადვყოფთ, რომ ჩვენი სურვილი და რწმენა ზედაპირული არაა. გარდა ამისა, ლოცვებზე იეჰოვას პასუხი შეიძლება აშკარად შესამჩნევი არ იყოს. მაგალითად, როცა განსაცდელთან დაკავშირებით ვლოცულობთ, მან შეიძლება პრობლემის გადაჭრით კი არ გვიპასუხოს, არამედ ძალა მოგვცეს მის ასატანად (წაიკითხეთ ფილიპელების 4:13).

20. რატომ უნდა გამოვიყენოთ მაქსიმალურად ლოცვის შესაძლებლობა?

20 რაოდენ მადლიერნი ვართ, რომ ჩვენი უკიდეგანო სამყაროს შემოქმედი ახლოსაა „ყველასთან, ვინც ჭეშმარიტებით მოუხმობს მას“ ლოცვების მეშვეობით! (წაიკითხეთ ფსალმუნის 145:18). მოდი მაქსიმალურად გამოვიყენოთ ლოცვის შესაძლებლობა და უფრო და უფრო დავუახლოვდეთ ლოცვების მომსმენს — იეჰოვა ღმერთს.

გაიგეთ მეტი

შესაძლებელია ღმერთთან დაახლოება?

ცისა და დედამიწის შემქმნელი, იეჰოვა ღმერთი, გვიწვევს, რომ დავუახლოვდეთ მას და გვპირდება, რომ ისიც დაგვიახლოვდება.