წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?

 თავი 7

რეალური იმედი გარდაცვლილთათვის

რეალური იმედი გარდაცვლილთათვის
  • საიდან ვიცით, რომ მკვდრეთით აღდგომა ნამდვილად იქნება?

  • რა იმედი არსებობს გარდაცვლილთათვის?

  • ვინ აღდგება?

1—3. როგორი მტერი გვყავს თითოეულ ჩვენგანს და რატომ არის მანუგეშებელი ის, რასაც ბიბლია გვასწავლის?

წარმოიდგინე, რომ მტერს გაურბიხარ. ის შენზე ძლიერი და სწრაფია. შენ იცი, რომ ის დაუნდობელია, რადგან საკუთარი თვალით იხილე, როგორ დახოცა შენი მეგობრები. მნიშვნელობა არა აქვს, რამდენად სწრაფად გარბიხარ, ის მაინც გეწევა. თავის დაღწევის იმედი აღარ გაქვს, მაგრამ უეცრად ვიღაც გეხმარება. ის შენს მტერზე ბევრად ძლიერია და შეუძლია მისგან დაგიცვას. მართლაც რომ შვებით ამოისუნთქავდი!

2 შეიძლება ითქვას, რომ შენ ნამდვილად მოგდევს ასეთი მტერი და არა მარტო შენ, არამედ ყველას. როგორც წინა თავიდან გავიგეთ, ბიბლია სიკვდილს მტერს უწოდებს. ამ მტერს ვერავინ გავექცევით და ვერავინ მოვიგერიებთ. უმრავლესობას საკუთარი თვალით გვაქვს ნანახი, როგორ დარია სიკვდილმა მსახვრალი ხელი ჩვენთვის ძვირფას ადამიანებს. მაგრამ იეჰოვა სიკვდილზე ბევრად ძლიერია. ის არის მხსნელი, რომელმაც უკვე ცხადყო, რომ შეუძლია ამ ულმობელი მტრის დამარცხება. ის გვპირდება, რომ ერთხელ და სამუდამოდ მოსპობს სიკვდილს. ბიბლიაში ვკითხულობთ: „უკანასკნელი მტერი, რომელსაც ბოლო მოეღება, სიკვდილია“ (1 კორინთელები 15:26). ეს ნამდვილად სასიხარულო ცნობაა!

3 პირველ რიგში, დავფიქრდეთ, რა გრძნობები გვეუფლება,  როცა საყვარელი ადამიანები ხელიდან გვეცლება. ეს დაგვეხმარება, უკეთ ჩავწვდეთ იმის მნიშვნელობას, რაც წინ გველოდება და რაც ნამდვილად დიდ სიხარულს მოგვანიჭებს. იეჰოვა გვპირდება, რომ გარდაცვლილები მკვდრეთით აღდგებიან (ესაია 26:19). ისინი სიცოცხლეს დაუბრუნდებიან. მკვდრეთით აღდგომის იმედი ნამდვილად რეალურია!

როცა საყვარელი ადამიანი კვდება

4. ა) რატომ შეიძლება ითქვას, რომ იეჰოვასაც ისეთივე გრძნობა დაეუფლებოდა, როგორიც იესოს, როცა საყვარელი ადამიანის სიკვდილის შესახებ გაიგო? ბ) როგორი ურთიერთობა ჰქონდა იესოს ლაზარესთან და მის დებთან?

4 შენც გყავს დაღუპული ახლობელი? საყვარელი ადამიანის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი აუტანელია და ასეთ დროს თავს სრულიად უმწეოდ ვგრძნობთ. ამიტომ საჭიროა, ნუგეში ღვთის სიტყვაში ვპოვოთ (წაიკითხეთ 2 კორინთელების 1:3, 4). ბიბლიიდან ვიგებთ, თუ რას გრძნობენ იეჰოვა და იესო, როდესაც ადამიანები კვდებიან. იესოს, რომელიც მამის სრულყოფილი ანარეკლი იყო, ესმოდა, თუ რამდენად მტკივნეულია საყვარელი ადამიანის სიკვდილი (იოანე 14:9). როდესაც იერუსალიმში ჩადიოდა, ის ხშირად ინახულებდა ლაზარესა და მის დებს, მარიამს და მართას, რომლებიც იქვე ახლოს მდებარე პატარა ქალაქ ბეთანიაში ცხოვრობდნენ. ისინი ახლო მეგობრები გახდნენ. ბიბლია ამბობს: „იესოს მართაც უყვარდა, მისი დაც და ლაზარეც“ (იოანე 11:5). როგორც წინა თავიდან გავიგეთ, ლაზარე მოკვდა.

5, 6. ა) რა იგრძნო იესომ, როცა ლაზარეს მგლოვიარე ოჯახის წევრები და ახლობლები დაინახა? ბ) რატომ არის ჩვენთვის გამამხნევებელი ის, რომ იესო მეგობრის სიკვდილმა დაამწუხრა?

5 რა იგრძნო იესომ, როცა მეგობრის სიკვდილის შესახებ შეიტყო? როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, იესო ლაზარეს მგლოვიარე ნათესავებისა და ახლობლების მოსანახულებლად წავიდა. მათმა დანახვამ ის იმდენად შეძრა, რომ „სულით ამოიოხრა და აფორიაქდა“. შემდეგ კი, როგორც ამ მონათხრობიდან ვხედავთ, „იესო აცრემლდა“ (იოანე 11:33, 35). ნიშნავდა ეს იმას, რომ იესოს გადაწურული ჰქონდა იმედი? სრულიადაც არა. მან იცოდა, რომ სასწაულებრივი რამ მოხდებოდა (იოანე 11:3, 4). მიუხედავად ამისა, ის საყვარელი ადამიანის სიკვდილით გამოწვეულ ტკივილს გრძნობდა.

 6 ეს ჩვენთვის გამამხნევებელია. აქედან ვიგებთ, რომ იესოს და მის ზეციერ მამას, იეჰოვას, სძულთ სიკვდილი. იეჰოვა ღმერთს შეუძლია ამ მტრის ძლევა! ვნახოთ, რის გაკეთების ძალა მისცა მან იესოს.

„ლაზარე, გამოდი!“

7, 8. ადამიანური გადასახედიდან რატომ იყო ლაზარეს მდგომარეობა სრულიად უიმედო, მაგრამ რა გააკეთა იესომ?

7 ლაზარე გამოქვაბულში იყო დაკრძალული; იესომ ითხოვა, რომ შესასვლელიდან ლოდი მოეშორებინათ. მართა ამის წინააღმდეგი იყო; ის ფიქრობდა, რომ ლაზარეს სხეული უკვე იხრწნებოდა, რადგან მისი სიკვდილიდან ოთხი დღე იყო გასული (იოანე 11:39). ადამიანური გადასახედიდან მდგომარეობა სრულიად უიმედო ჩანდა.

ლაზარეს მკვდრეთით აღდგომამ ხალხი აღტაცებაში მოიყვანა (იოანე 11:38—44)

8 ლოდი გადააგორეს და იესომ დაიძახა: „ლაზარე, გამოდი!“. რა მოხდა ამ დროს? „კაცი, რომელიც მკვდარი იყო . . . გამოვიდა“ (იოანე 11:43, 44). შეგიძლია წარმოიდგინო იქ მყოფი ხალხის აღტაცება? ვინც უნდა ყოფილიყო მათთვის ლაზარე — ძმა, ნათესავი, ახლობელი თუ მეზობელი — მათ იცოდნენ, რომ ის მოკვდა; ახლა კი ლაზარე კვლავ მათ გვერდით იყო. ისინი, ალბათ, თვალებს არ უჯერებდნენ. უეჭველია, ბევრი სიხარულით ჩაიკრავდა ლაზარეს გულში. ეს მართლაც სიკვდილზე გამარჯვება იყო!

ელიამ აღადგინა ქვრივის ვაჟი (1 მეფეები 17:17—24)

9, 10. ა) როგორ ცხადყო იესომ, თუ ვისგან ჰქონდა მიცემული მკვდრეთით აღდგენის ძალა? ბ) რა მხრივ გვეხმარება ბიბლიაში აღწერილი მკვდრეთით აღდგომის შემთხვევები?

9 იესოს არ შეუქმნია ისეთი შთაბეჭდილება, რომ სასწაული საკუთარი ძალით მოახდინა. ვიდრე ლაზარეს დაუძახებდა, მან ლოცვის დროს ცხადყო, რომ მკვდრეთით აღდგენის ძალას იეჰოვა აძლევდა (წაიკითხეთ იოანეს 11:41, 42). ეს ერთადერთი შემთხვევა არ იყო, როცა იეჰოვამ თავისი ძალა ასეთი სახით გამოიყენა. ლაზარეს მკვდრეთით აღდგომა ერთ-ერთია ღვთის სიტყვაში ჩაწერილი იმ ცხრა სასწაულიდან, რომლებიც მკვდრეთით აღდგომას ეხება. *  ამ სასწაულების შესახებ ბიბლიიდან მეტის გაგება მართლაც რომ ძალიან გამამხნევებელია! ამ შემთხვევებიდან ვხედავთ, რომ ღმერთი მიუკერძოებელია, რადგან მკვდრეთით აღდგენილებს შორის იყვნენ ახალგაზრდა და ხანდაზმული, მამაკაცი და ქალი, ისრაელი და არაისრაელი. ამ მონათხრობებში გადმოცემულია ის ენით აუწერელი სიხარული, რომელიც მკდრეთით აღდგომის თვითმხილველებს ეუფლებოდათ. მაგალითად, როცა იესომ პატარა გოგონა აღადგინა, მისი მშობლების „აღტაცებას საზღვარი არ ჰქონდა“ (მარკოზი 5:42). დიახ, იეჰოვას ძალით მომხდარმა ამ სასწაულმა მათ წარმოუდგენლად დიდი სიხარული მიანიჭა.

მოციქულმა პეტრემ აღადგინა ქურციკი (საქმეები 9:36—42)

10 ცხადია, იესოს მიერ აღდგენილი ადამიანები საბოლოოდ ისევ დაიხოცნენ. ნიშნავს ეს იმას, რომ აზრი არ ჰქონდა მათ აღდგენას? სრულიადაც არა. ბიბლიაში აღწერილი ეს შემთხვევები ადასტურებს უმნიშვნელოვანეს ჭეშმარიტებას და იმედს გვინერგავს.

რას გვასწავლის მკვდრეთით აღდგომის შემთხვევები?

11. როგორ ადასტურებს ლაზარეს აღდგომის შემთხვევა ეკლესიასტეს 9:5-ში ჩაწერილი სიტყვების უტყუარობას?

11 ბიბლია გვასწავლის, რომ „მკვდრებმა არაფერი იციან“ (ეკლესიასტე 9:5). ისინი ვერაფერს გრძნობენ და არსად არ განაგრძობენ არსებობას. ლაზარეს აღდგომის შემთხვევა ადასტურებს ამას. მას შემდეგ, რაც ლაზარე სიცოცხლეს დაუბრუნდა, მოჰყვა ის ზეციერი ცხოვრების შესახებ განსაცვიფრებელ ამბებს? ან იქნებ საშინელებები უამბო მათ ცეცხლოვანი ჯოჯოხეთის შესახებ? არა, ბიბლიის თანახმად, ლაზარეს მსგავსი არაფერი უთქვამს. ოთხი დღის განმავლობაში ის ვერაფერს გრძნობდა; ლაზარემ „დაიძინა“ — ის მკვდარი იყო (იოანე 11:11).

12. რატომ შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული, რომ ლაზარე ნამდვილად აღდგა?

12 ლაზარეს აღდგომის შემთხვევა იმასაც გვასწავლის, რომ აღდგომა რეალობაა და არა ფანტაზიის ნაყოფი. იესომ ლაზარე ხალხის თვალწინ აღადგინა. ამ სასწაულს ის სასულიერო პირებიც კი არ უარყოფდნენ, რომელთაც სძულდათ იესო. პირიქით, ისინი ამბობდნენ: „რა ვქნათ, ეს კაცი [იესო] რომ ბევრ ნიშანს ახდენს?“ (იოანე 11:47). მკვდრეთით აღმდგარი ლაზარეს სანახავად  ბევრი ადამიანი მიდიოდა. შედეგად, მრავალი იესოს მიმართ რწმენას ავლენდა. ლაზარეს ნახვა მათ არწმუნებდა, რომ იესო ღვთისგან იყო გამოგზავნილი. ეს იმდენად უტყუარი მტკიცებულება იყო, რომ ზოგიერთმა გულქვა იუდეველმა სასულიერო წინამძღოლმა იესოსა და ლაზარეს მოკვლა განიზრახა (იოანე 11:53; 12:9—11).

13. რის საფუძველზე შეგვიძლია გვჯეროდეს, რომ იეჰოვას ნამდვილად შესწევს გარდაცვლილთა აღდგენის ძალა?

13 უსაფუძვლო ხომ არ არის, გვჯეროდეს მკვდრეთით აღდგომის? რასაკვირველია, არა. იესომ თქვა, რომ დადგება დრო, როცა აღდგებიან „ყველანი, ვინც სამარხებში არიან“ (იოანე 5:28). ყოველგვარ სიცოცხლეს იეჰოვამ მისცა დასაბამი. განა მას გაუჭირდება ადამიანებისთვის სიცოცხლის დაბრუნება? ბევრი რამ იეჰოვას მეხსიერებაზეა დამოკიდებული. გაიხსენებს ის ჩვენს საყვარელ მიცვალებულებს? სამყაროში უთვალავი ვარსკვლავია, მაგრამ ღმერთი თითოეულს „სახელით მოუხმობს“! (ესაია 40:26). ასე რომ, იეჰოვა ღმერთს შეუძლია გარდაცვლილების შესახებ ყოველი წვრილმანი გაიხსენოს და მათ სიცოცხლე დაუბრუნოს.

14, 15. რას ვიგებთ იეჰოვას შესახებ იობის სიტყვებიდან?

14 სურს იეჰოვას, მკვდრეთით აღადგინოს გარდაცვლილები? ბიბლია გვასწავლის, რომ მას ეს ძალიან სურს. ღვთის ერთგულმა მსახურმა, იობმა, ასეთი კითხვა დასვა: „როცა მოკვდება კაცი, განა გაცოცხლდება?“. იობმა იცოდა, რომ, ასე ვთქვათ, საფლავში ლოდინი მოუწევდა მანამ, სანამ ღმერთი გაიხსენებდა. მან იეჰოვას უთხრა: „დამიძახებ და მე პასუხს გაგცემ, ვინაიდან მოგენატრება შენი ხელის ქმნილება“ (იობი 14:13—15).

15 იეჰოვა მოუთმენლად ელის იმ დროს, როცა მიცვალებულებს მკვდრეთით აღადგენს! განა მადლიერნი არა ვართ ამისთვის? რა შეიძლება ითქვას მომავალი აღდგომის შესახებ? ვინ აღდგება და სად?

„ყველანი, ვინც სამარხებში არიან“

16. რა პირობებში იცხოვრებენ მკვდრეთით აღდგენილნი?

16 ბიბლიაში ჩაწერილი მკვდრეთით აღდგომის შემთხვევებიდან ბევრ რამეს ვიგებთ მომავალი აღდგომის შესახებ. ბიბლიურ  დროში მკვდრეთით აღმდგარი ადამიანები სწორედ აქ, დედამიწაზე დაუბრუნდნენ თავიანთ ახლობლებს. მომავალი აღდგომის დროსაც იგივე მოხდება, მაგრამ ეს აღდგომა ბევრად უკეთესი იქნება. როგორც მე-3 თავიდან გავიგეთ, ღმერთს სურს, რომ მთელი დედამიწა სამოთხედ გადაიქცეს. ასე რომ, გარდაცვლილები ისეთ ქვეყნიერებაში როდი აღდგებიან, სადაც კვლავ იქნება ომები, დამნაშავეობა და დაავადებები. მათ მიეცემათ შესაძლებლობა, დედამიწაზე მშვიდობიან პირობებში მარადიულად და ბედნიერად იცხოვრონ.

17. ვინ აღდგება მკვდრეთით?

17 ვინ აღდგება? იესომ თქვა, რომ „ყველანი, ვინც სამარხებში არიან, მის [იესოს] ხმას მოისმენენ და გამოვლენ“ (იოანე 5:28, 29). მსგავსად ამისა, გამოცხადების 20:13-ში ნათქვამია: „ზღვამ მისცა მასში მყოფი მკვდრები, სიკვდილმა და სამარემაც მისცეს მათში მყოფი მკვდრები“ (იხილეთ დანართი, «რა არის „შეოლი“ და „ჰადესი“?»). ეს საერთო საკაცობრიო სამარე დაცარიელდება. მილიარდობით ადამიანი სიცოცხლეს დაუბრუნდება. მოციქულმა პავლემ თქვა: „იქნება მკვდრეთით აღდგომა, მართლებისაც და უმართლოებისაც“ (საქმეები 24:15). რა იგულისხმება ამ სიტყვებში?

სამოთხეში გარდაცვლილები აღდგებიან და ოჯახის წევრებსა და მეგობრებს დაუბრუნდებიან

18. ვინ იქნებიან „მართლებს“ შორის, რომელთაც ღმერთი აღადგენს და რა გავლენას ახდენს შენზე მკვდრეთით აღდგომის იმედი?

18 „მართლებს“ შორის იქნებიან ბიბლიაში მოხსენიებული ღვთისმოშიში ადამიანები, რომლებიც იესოს დედამიწაზე მოსვლამდე ცხოვრობდნენ. შეიძლება გაგახსენდა ნოე, აბრაამი, სარა, მოსე, რუთი, ესთერი და ღვთის სხვა მსახურები. ზოგი მათგანის შესახებ ებრაელების მე-11 თავში ვკითხულობთ. „მართლებს“ შორის ჩვენს დროში გარდაცვლილი იეჰოვას მსახურებიც იქნებიან. მკვდრეთით აღდგომის იმედი იეჰოვას მსახურებს ათავისუფლებს სიკვდილის შიშისგან (ებრაელები 2:15).

19. ვინ არიან „უმართლოები“ და რა შესაძლებლობას აძლევს იეჰოვა მათ?

19 რა შეიძლება ითქვას იმ ადამიანებზე, რომლებიც არ ემსახურებოდნენ ან არ ემორჩილებოდნენ იეჰოვას, რადგან არ იცნობდნენ მას? ღმერთი არ დაივიწყებს მილიარდობით ასეთ ადამიანს, რომლებიც ბიბლიაში „უმართლოებად“ არიან მოხსენიებულნი. ისინიც აღდგებიან მკვდრეთით. მათ მიეცემათ დრო, რომ ჭეშმარიტი  ღმერთი გაიცნონ და ემსახურონ მას. გარდაცვლილები აღდგებიან ათასწლიანი პერიოდის განმავლობაში და მათ ექნებათ შესაძლებლობა, რომ დედამიწაზე ერთგულ ადამიანებთან ერთად იეჰოვას ემსახურონ. ეს მართლაც შესანიშნავი დრო იქნება. ამ პერიოდს ბიბლიაში „სასამართლოს დღე * ეწოდება.

20. რა არის „გეენა“ და ვინ მიდის იქ?

20 ნიშნავს ეს იმას, რომ აღდგება ყველა, ვისაც კი ოდესმე უცხოვრია? არა. ბიბლიაში ნათქვამია, რომ ზოგი გარდაცვლილი „გეენაშია“ (ლუკა 12:5). „გეენას“ ეძახდნენ ნაგავსაყრელს, რომელიც ძველი იერუსალიმის გარეთ იყო. იქ მკვდარ ცხოველებს, ადამიანთა გვამებსა და ნაგავს წვავდნენ. გარდაცვლილ ადამიანებს, რომლებსაც ამ ადგილზე ყრიდნენ, ებრაელები დამარხვისა და აღდგომის ღირსად არ მიიჩნევდნენ. ამიტომაც „გეენა“ მარადიული განადგურების სათანადო სიმბოლოა. მართალია, ცოცხლებისა და მკვდრების მოსამართლედ იესოა დანიშნული, მაგრამ საბოლოო განაჩენი იეჰოვას გამოაქვს (საქმეები 10:42). იგი არასოდეს აღადგენს მათ, ვისაც, როგორც ბოროტ და გამოუსწორებელ ადამიანებს, გამოუტანა განაჩენი.

ზეციერი აღდგომა

21, 22. ა) კიდევ რა სახის აღდგომაზეა ბიბლიაში საუბარი? ბ) ვინ იყო პირველი, ვინც ზეციერი ცხოვრებისთვის აღდგა?

21 ბიბლიაში მოხსენიებულია სხვა სახის აღდგომაც, რომლის დროსაც ხდება ზეცაში სულიერი ცხოვრებისთვის აღდგომა. იესო ქრისტეს აღდგომა ასეთი აღდგომის ერთადერთი მაგალითია, რომელიც ბიბლიაშია ჩაწერილი.

22 დედამიწაზე იესო მოკლეს, მაგრამ იეჰოვამ არ დატოვა ის სამარეში (ფსალმუნი 16:10; საქმეები 13:34, 35). ღმერთმა აღადგინა თავისი ერთგული ძე, თუმცა ის აღდგომის შემდეგ ხორციელი ადამიანი აღარ ყოფილა. მოციქული პეტრე გვიხსნის, რომ ქრისტე „მოკლულ იქნა ხორცში, მაგრამ გაცოცხლდა სულში“ (1 პეტრე 3:18). ეს ნამდვილად დიდი სასწაული იყო. იესო აღდგა, როგორც ძლიერი  სულიერი პიროვნება! (წაიკითხეთ 1 კორინთელების 15:3—6). იესო პირველი იყო, ვინც ასეთი დიდებული სახით იქნა აღდგენილი, მაგრამ არა ერთადერთი (იოანე 3:13).

23, 24. ვინ შედის იესოს „მცირე სამწყსოში“ და რამდენს შეადგენს მათი რიცხვი?

23 იესომ იცოდა, რომ მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ზეცაში დაბრუნდებოდა. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მან თავის ერთგულ მიმდევრებს უთხრა: „მივდივარ, რომ ადგილი მოგიმზადოთ“ (იოანე 14:2). იესომ ისინი, ვინც მასთან ერთად ზეცაში უნდა ყოფილიყო, „მცირე სამწყსოდ“ მოიხსენია (ლუკა 12:32). რამდენს შეადგენს მათი რიცხვი, ვინც ერთგულ ქრისტიანთა შედარებით ამ პატარა ჯგუფში შედის? გამოცხადების 14:1-ში მოციქული იოანე ამბობს: „გავიხედე და აი, კრავი [იესო ქრისტე] დგას სიონის მთაზე და მასთან ას ორმოცდაოთხი ათასი, რომლებსაც შუბლებზე აწერიათ მისი სახელი და მისი მამის სახელი“.

24 ეს ქრისტიანები, რომელთა რიცხვიც 144 000-ს შეადგენს, ზეციერი ცხოვრებისთვის აღდგებიან. ამ ჯგუფში შედიან იესოს ერთგული მოციქულებიც. როდის უნდა მომხდარიყო ამ ქრისტიანთა აღდგომა? მოციქულმა პავლემ დაწერა, რომ ეს მაშინ მოხდებოდა, როცა ქრისტე მოსული იქნებოდა (1 კორინთელები 15:23). მე-9 თავში განვიხილავთ, რომ ჩვენ სწორედ ამ პერიოდში ვცხოვრობთ. როცა ჩვენს დროში ერთგულ ცხებულ ქრისტიანთა დედამიწაზე დარჩენილი მცირერიცხოვანი ნაწილიდან ვინმე კვდება, მისი აღდგენა ზეციერი ცხოვრებისთვის დაუყოვნებლივ ხდება (1 კორინთელები 15:51—55). ადამიანთა უმრავლესობა კი მკვდრეთით აღდგება მომავალში დედამიწაზე სამოთხეში საცხოვრებლად.

25. რას განვიხილავთ მომდევნო თავში?

25 დიახ, იეჰოვა ნამდვილად დაამარცხებს ჩვენს მტერს, სიკვდილს, და სამუდამოდ მოუღებს ბოლოს! (წაიკითხეთ ესაიას 25:8). შეიძლება დაგებადოს კითხვა: „რა მიზნით აღადგენს ღმერთი ზოგ ადამიანს ზეციერი ცხოვრებისთვის?“. ისინი გახდებიან ღვთის ზეციერი სამეფოს მმართველები. მომდევნო თავში უფრო მეტს გავიგებთ ამ სამეფოს შესახებ.

^ აბზ. 19 იხილეთ დანართი „რა არის სასამართლოს დღე?“, სადაც მოცემულია მეტი ინფორმაცია სასამართლოს დღესთან და იმასთან დაკავშირებით, თუ რის საფუძველზე მოხდება გასამართლება.