არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?

 თავი 11

რატომ უშვებს ღმერთი ადამიანთა ტანჯვას?

რატომ უშვებს ღმერთი ადამიანთა ტანჯვას?
  • ღმერთია დამნაშავე, მსოფლიოში ამდენი უბედურება რომ ხდება?

  • რა საკამათო საკითხი წამოიჭრა ედემის ბაღში?

  • როგორ წაშლის ღმერთი ადამიანთა ტანჯვის ყოველგვარ კვალს?

1, 2. რა არის დღეს ხალხის ტანჯვის მიზეზი და რა კითხვები ებადება ბევრს?

ომის ქარცეცხლში გახვეულ ერთ ქვეყანაში საჰაერო თავდასხმას ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის — ძირითადად, ქალებისა და ბავშვების — სიცოცხლე შეეწირა. მათთვის საერთო სამარე გათხარეს და ყველა ერთად დამარხეს, გარშემო კი ჯვრები შემოავლეს, რომლებზეც ეწერა: „რატომ?“. ზოგჯერ ეს ერთი სიტყვა ენით გამოუთქმელი ტკივილის გამომხატველია. სასოწარკვეთილებაში მყოფი ხალხი სწორედ ამ კითხვას სვამს, როცა ომის, სტიქიური უბედურების, ავადმყოფობის ან დამნაშავეობის გამო საყვარელი ადამიანები ხელიდან ეცლებათ, სახლები ენგრევათ ან სრულიად გამოუვალ მდგომარეობაში ვარდებიან. მათ სურთ, პასუხი მიიღონ კითხვაზე, თუ რატომ ატყდებათ თავს ამდენი უბედურება.

2 რატომ უშვებს ღმერთი ადამიანთა ტანჯვას? იეჰოვა ღმერთი ხომ ყოვლისშემძლე, მოსიყვარულე, ბრძენი და სამართლიანია? მაშ, რატომღა არის მსოფლიოში ამდენი უსამართლობა და სიძულვილი? დაფიქრებულხარ ოდესმე ამაზე?

3, 4. ა) საიდან ჩანს, რომ არაფერია იმაში ცუდი, გვაინტერესებდეს, რატომ უშვებს ღმერთი ადამიანთა ტანჯვას? ბ) როგორ უყურებს იეჰოვა ბოროტებას და ხალხის ტანჯვას?

3 იქნებ, არასწორად ვიქცევით, როცა ვსვამთ კითხვას, თუ რატომ უშვებს ღმერთი ადამიანთა ტანჯვას? ზოგი შიშობს, რომ  ამით ღვთისადმი უპატივცემულობას ან რწმენის ნაკლებობას გამოავლენს. მაგრამ ბიბლიის კითხვის დროს დაინახავ, რომ ერთგულ და ღვთისმოშიშ ადამიანებსაც ებადებოდათ მსგავსი კითხვები. მაგალითად, წინასწარმეტყველმა აბაკუმმა იეჰოვა ღმერთს ჰკითხა: „რატომ მაყურებინებ სიავეს და რატომ უყურებ ბოროტებას? რატომ ხდება ძარცვა და ძალადობა ჩემ თვალწინ? რატომ ჩხუბობენ და რატომ დავობენ?“ (აბაკუმი 1:3).

იეჰოვა ბოლოს მოუღებს ყოველგვარ ტანჯვას

4 გაკიცხა იეჰოვამ ერთგული წინასწარმეტყველი, ასეთი კითხვები რომ დასვა? არა. პირიქით, აბაკუმის გულწრფელი სიტყვები ღვთის შთაგონებით ბიბლიაში ჩაიწერა. გარდა ამისა, ღმერთმა აბაკუმისთვის ბევრ რამეს მოჰფინა ნათელი და რწმენა განუმტკიცა. იეჰოვას სურს, შენც დაგეხმაროს. გაიხსენე, რას ამბობს ბიბლია: „ის [ღმერთი] ზრუნავს თქვენზე“ (1 პეტრე 5:7). ღმერთს სძულს ბოროტება და ნებისმიერ ადამიანზე გაცილებით მეტად განიცდის იმას, რომ ბოროტების შედეგად ხალხი იტანჯება (ესაია 55:8, 9). მაშ, რატომ ხდება მსოფლიოში ამდენი უბედურება?

რატომ ხდება ამდენი უბედურება?

5. ზოგჯერ რა მიზეზებით ხსნიან იმას, თუ რატომ იტანჯებიან ადამიანები, მაგრამ რას გვასწავლის ბიბლია?

5 სხვადასხვა რწმენის მქონე ადამიანები ზოგჯერ თავიანთ სულიერ მოძღვრებს ეკითხებიან, თუ რატომ ხდება ამდენი უბედურება. ხშირად ისინი პასუხობენ, რომ ეს ღვთის ნებაა და რომ მის მიერ  წინასწარ იყო განსაზღვრული ყველაფერი, რაც კი მსოფლიოში ხდება, მათ შორის ტრაგიკული მოვლენები. ბევრს ეუბნებიან, რომ ღვთის გზები საიდუმლოებითაა მოცული და მისი ნებით კვდებიან ადამიანები, თვით პატარებიც კი, რათა ღმერთთან წავიდნენ ზეცაში. მაგრამ, როგორც ვიცით, იეჰოვა ღმერთისგან არასოდეს მომდინარეობს ბოროტება. ბიბლიაში ნათქვამია: „შორს არის ღვთისგან ბოროტება და ყოვლისშემძლისგან — უსამართლობა!“ (იობი 34:10).

6. რატომ ფიქრობს ბევრი, რომ ღვთის ნებით ხდება მსოფლიოში ყოველგვარი უბედურება?

6 იცი, რატომ ადანაშაულებს ხალხი ღმერთს სრულიად უსაფუძვლოდ, რომ თითქოს მისი ნებით ხდება მსოფლიოში ყოველგვარი უბედურება? ხშირ შემთხვევაში მიზეზი ის არის, რომ ღმერთს თვლიან ამ ქვეყნიერების მმართველად. მათ არ იციან ერთი მარტივი, მაგრამ მნიშვნელოვანი ჭეშმარიტება, რომელსაც ბიბლია გვასწავლის. როგორც ამ წიგნის მე-3 თავიდან დავინახეთ, ამ ქვეყნიერების მმართველი სინამდვილეში სატანა ეშმაკია.

7, 8. ა) რატომ შეიძლება იმის თქმა, რომ ქვეყნიერება თავისი მმართველის მსგავს თვისებებს ავლენს? ბ) რატომ ხდება უბედურების მიზეზი ადამიანთა არასრულყოფილება და „დრო და შემთხვევა“?

7 ბიბლიაში არაორაზროვნადაა ნათქვამი: „მთელი ქვეყნიერება ბოროტის ხელშია“ (1 იოანე 5:19). თუ დაფიქრდები, განა იმ დასკვნამდე არ მიხვალ, რომ სიმართლეს შეესაბამება ეს სიტყვები? ქვეყნიერებაში ხალხი სწორედ რომ იმ სულიერი ქმნილების მსგავს თვისებებს ავლენს, რომელსაც „შეცდომაში შეჰყავს მთელი მსოფლიო“ (გამოცხადება 12:9). სატანა ბოროტი, მატყუარა და დაუნდობელია. შედეგად, ქვეყნიერებაც, რომელზეც ის ახდენს ზეგავლენას, სიძულვილით, სიცრუითა და სისასტიკით არის სავსე. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ხდება ამდენი უბედურება.

8 მეორე მიზეზი ის არის, რომ, როგორც მე-3 თავში განვიხილეთ, ადამიანები არასრულყოფილები და ცოდვილები გახდნენ მას შემდეგ, რაც ადამი და ევა ედემის ბაღში ღმერთს ეურჩნენ. ცოდვილი ადამიანები ძალაუფლებისკენ ისწრაფვიან, რასაც ომები, ხალხის ჩაგვრა და ტანჯვა მოჰყვება (ეკლესიასტე 4:1; 8:9). მესამე მიზეზი კი „დრო და შემთხვევაა“ (წაიკითხეთ ეკლესიასტეს 9:11). ქვეყნიერებაში, რომლის მმართველიც იეჰოვა ღმერთი არ არის, ადამიანი  შეიძლება სადმე ცუდ დროს აღმოჩნდეს და შემთხვევითობამ იმსხვერპლოს.

9. რატომ ვართ დარწმუნებული, რომ იეჰოვას აქვს საფუძვლიანი მიზეზი, რის გამოც უშვებს ადამიანთა ტანჯვას?

9 მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ უბედურებები ღვთის მიზეზით არ არის გამოწვეული. ღმერთის ბრალი ნამდვილად არ არის ის, რომ დღეს ომები, დამნაშავეობა, ხალხის ჩაგვრა და თუნდაც სტიქიური უბედურებები ხდება, რაც ადამიანთა ტანჯვას იწვევს. და მაინც, საჭიროა, პასუხი მივიღოთ შემდეგ კითხვაზე: რატომ უშვებს იეჰოვა ამ ყოველივეს? ის ხომ ყოვლისშემძლეა და შეუძლია ადამიანთა ტანჯვას ბოლო მოუღოს?! მაშინ, რატომ არ აკეთებს ამას? ღმერთს, რომელიც უსაზღვროდ მოსიყვარულეა, ნამდვილად უნდა ჰქონდეს საფუძვლიანი მიზეზი, რის გამოც უშვებს ბოროტებას (1 იოანე 4:8).

მნიშვნელოვანი საკამათო საკითხი

10. რა დააყენა სატანამ ეჭვქვეშ და როგორ?

10 იმის გასაგებად, თუ რატომ უშვებს ღმერთი ამდენ უბედურებას, გავიხსენოთ, საიდან იღებს სათავეს ბოროტება. როდესაც სატანამ ადამი და ევა იეჰოვას აუმხედრა, მნიშვნელოვანი საკამათო საკითხი წამოიჭრა. სატანას ეჭვქვეშ არ დაუყენებია, ფლობდა თუ არა იეჰოვა აღმატებულ ძალას. მან იცის, რომ იეჰოვას უსაზღვროდ დიდი ძალა აქვს. მან საკამათო გახადა სხვა საკითხი — ჰქონდა თუ არა იეჰოვას მმართველობის უფლება. სატანამ, შეიძლება ითქვას, ღმერთს მატყუარა უწოდა და იმაში დაადანაშაულა, რომ ის თითქოს ადამიანებს რაღაც კარგს უმალავდა. ამგვარად მან, ფაქტობრივად, ის თქვა, რომ იეჰოვა ცუდი მმართველი იყო (წაიკითხეთ დაბადების 3:2—5). მეტიც, მისი მტკიცებით, ადამიანები ღვთის მმართველობის გარეშე უკეთესად იცხოვრებდნენ. ეს აშკარად იეჰოვას უზენაესობის, მისი მმართველობის უფლების წინააღმდეგ მიმართული ქმედება იყო.

11. რატომ არ გაანადგურა იეჰოვამ მაშინვე თავისი მოწინააღმდეგეები?

11 იეჰოვას ადამი და ევაც დაუპირისპირდნენ. ფაქტობრივად, მათ თქვეს: „არ გვჭირდება, რომ იეჰოვა ჩვენი მმართველი იყოს. ჩვენ თვითონ შეგვიძლია გადავწყვიტოთ, რა არის სწორი და რა — არასწორი“. როგორ უნდა გადაეჭრა იეჰოვას ეს საკამათო საკითხი?  როგორ უნდა დაენახვებინა ყველა გონიერი ქმნილებისთვის, რომ მოწინააღმდეგეები მართლები არ იყვნენ და რომ მისი მმართველობა საუკეთესო იყო? ვინმემ შეიძლება იფიქროს, რომ ღმერთს მაშინვე უნდა გაენადგურებინა თავისი მოწინააღმდეგეები და ყველაფერი თავიდან დაეწყო. მაგრამ იეჰოვას ხომ უკვე დაწყებული ჰქონდა თავისი განზრახვის განხორციელება, რომლის თანახმადაც, დედამიწა ადამისა და ევას შთამომავლებს უნდა აევსოთ; მას სურდა, რომ მათ სამოთხეში ეცხოვრათ (დაბადება 1:28). იეჰოვა ყოველთვის ასრულებს იმას, რასაც განიზრახავს (ესაია 55:10, 11). გარდა ამისა, თუ ღმერთი მოწინააღმდეგეებს უმალვე გაანადგურებდა, ჯეროვანი პასუხი ვერ გაეცემოდა მისი მმართველობის უფლებასთან დაკავშირებით წამოჭრილ საკამათო საკითხს.

12, 13. მაგალითის საშუალებით ახსენი, თუ რატომ მისცა იეჰოვამ სატანას საშუალება, ამ ქვეყნიერების მმართველი გამხდარიყო და რატომ დართო ადამიანებს საკუთარი თავის მართვის ნება.

12 მოვიყვანოთ ასეთი მაგალითი: მასწავლებელი მოსწავლეებს უხსნის, რა გზით უნდა ამოხსნან რთული ამოცანა. ერთი მოსწავლე, რომელიც ნიჭიერია, მაგრამ მეტისმეტად კრიტიკული, ამბობს, რომ მასწავლებელი არასწორი გზით ხსნის ამოცანას. ეს მოსწავლე ეჭვქვეშ აყენებს მასწავლებლის უნარს და ჯიუტად ამტკიცებს, რომ ამოცანის ამოსახსნელად უკეთესი გზა იცის. ზოგი მოსწავლე ფიქრობს, რომ ის მართალია და ისინიც ეკამათებიან მასწავლებელს.  რა უნდა გააკეთოს მასწავლებელმა? თუ ის კლასს დაატოვებინებს მათ, რას იფიქრებენ სხვა მოსწავლეები? განა იმ დასკვნამდე არ მივლენ, რომ მათი თანაკლასელები მართლები არიან? კლასში დარჩენილმა მოსწავლეებმა შეიძლება მასწავლებლის მიმართ პატივისცემა დაკარგონ და იფიქრონ, რომ მას შეეშინდა, სიმართლე არ გამოვლენილიყო. მაგრამ წარმოვიდგინოთ, რომ მასწავლებელი საშუალებას აძლევს ამ ჯიუტ მოსწავლეს, მთელ კლასს აჩვენოს, თვითონ რა გზით ამოხსნიდა ამოცანას.

ნუთუ მოსწავლეს მასწავლებელზე მეტი ესმის?

13 იეჰოვა ასეთი მასწავლებლის მსგავსად მოიქცა. გაიხსენე, რომ ედემის ბაღში მომხდარს მილიონობით ანგელოზიც ადევნებდა თვალყურს (იობი 38:7; დანიელი 7:10). ამიტომ ამ საკამათო საკითხთან დაკავშირებით იეჰოვას მიერ მიღებული გადაწყვეტილება უდიდეს გავლენას მოახდენდა ყველა ამ ანგელოზზე და, საბოლოოდ, ყველა გონიერ ქმნილებაზე. რა გადაწყვეტილება მიიღო იეჰოვამ? მან საშუალება მისცა სატანას, ეჩვენებინა, თვითონ როგორი მმართველი იქნებოდა. ღმერთმა ადამიანებსაც დართო ნება, რომ საკუთარი თავი თავად ემართათ სატანის ხელმძღვანელობით.

14. რა მხრივ არის სასიკეთო ის, რომ იეჰოვამ ადამიანებს საკუთარი თავის მართვის ნება დართო?

14 ჩვენ მიერ მოყვანილ მაგალითში მასწავლებელს ესმის, რომ მოსწავლეები, რომლებიც მას ეკამათებიან, არ არიან მართლები. მაგრამ მას ისიც ესმის, რომ, თუ მათ თავიანთი მოსაზრების დამტკიცების საშუალებას მისცემს, ეს მთელი კლასისთვის იქნება სასარგებლო. მას შემდეგ, რაც ეს კრიტიკულად განწყობილი მოსწავლეები ვერ შეძლებენ საფუძვლიანი მტკიცებულებების მოყვანას, გულწრფელად დაინტერესებული ყველა მოსწავლე დაინახავს, რომ სინამდვილეში მხოლოდ მასწავლებელს შეუძლია მათი კლასის სათანადოდ ხელმძღვანელობა. ამის შემდეგ მათთვის სავსებით გასაგები იქნება, თუ რატომ დაატოვებინებს მასწავლებელი კლასს ამ ურჩ მოსწავლეებს. მსგავსად ამისა, იეჰოვამ იცის, რომ ყველა გულწრფელი ადამიანისთვის და ანგელოზისთვის სასიკეთო იქნება სატანისა და მისი მომხრეების წარუმატებლობის დანახვა და იმაში დარწმუნება, რომ ადამიანებს არ შეუძლიათ საკუთარი თავის მართვა. ისინი დარწმუნდებიან ძველ დროში მცხოვრებ წინასწარმეტყველ იერემიას პირით წარმოთქმული სიტყვების უტყუარობაში:  „ვიცი, იეჰოვა, რომ ადამიანის ნებაზე არ არის მისი გზა; მიმავალი კაცი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს“ (იერემია 10:23).

რატომ ასე დიდხანს?

15, 16. ა) რატომ დაუშვა იეჰოვამ, რომ ასე დიდხანს გაგრძელებულიყო ადამიანთა ტანჯვა? ბ) რატომ არ იღებს იეჰოვა ზომებს ბოროტებისა და შემზარავი დამნაშავეობის აღმოსაფხვრელად?

15 რატომ დაუშვა იეჰოვამ, რომ ადამიანთა ტანჯვა ასე დიდხანს გაგრძელებულიყო? რატომ არ იღებს ზომებს ბოროტების აღმოსაფხვრელად? დავფიქრდეთ, თუ რა არ გააკეთა მასწავლებელმა ზემოთ მოყვანილ მაგალითში. პირველი, მან არ შეაჩერა მოსწავლე ამოცანის ამოხსნის დროს. მეორე, მას არც ამოხსნაში დაეხმარა. ანალოგიურად მოიქცა იეჰოვაც. აი, რა არ გააკეთა მან: პირველი, მას ხელი არ შეუშლია სატანისა და მისი მომხრეებისთვის, თავიანთი სიმართლე დაემტკიცებინათ. ამისთვის დროც კი გამოუყო. ათასწლეულების განმავლობაში ადამიანებს საშუალება ჰქონდათ, მმართველობის ყველანაირი ფორმა მოესინჯათ. ადამიანები მეცნიერებასა თუ სხვა დარგებში დიდ პროგრესს აღწევენ, მაგრამ უსამართლობის, სიღარიბის, დამნაშავეობისა და ომების თავიდან არიდება არ შეუძლიათ. ამ მხრივ მსოფლიოში მდგომარეობა სულ უფრო და უფრო უარესდება. ამიტომ, დღეს უკვე აშკარაა, რომ ადამიანთა მმართველობამ მარცხი განიცადა.

16 მეორე: იეჰოვა არ დახმარებია სატანას ამ ქვეყნიერების მართვაში. ღმერთს რომ ზომები მიეღო ბოროტებისა და შემზარავი დამნაშავეობის აღმოსაფხვრელად, განა ამით თავისი მოწინააღმდეგეების წისქვილზე არ დაასხამდა წყალს? განა ხალხს არ მისცემდა საბაბს, დაესკვნათ, რომ ადამიანებს შეუძლიათ წარმატებით მართონ საკუთარი თავი ყოველგვარი დამღუპველი შედეგების გარეშე? იეჰოვა ასე რომ მოქცეულიყო, სიცრუის მონაწილე გამოვიდოდა. მაგრამ ბიბლია ამბობს, რომ „შეუძლებელია ღმერთმა იცრუოს“ (ებრაელები 6:18).

17, 18. როგორ აღმოფხვრის იეჰოვა სატანისა და ადამიანთა მმართველობის სავალალო შედეგებს?

17 რა შეიძლება ითქვას იმ სავალალო შედეგებზე, რაც სატანის ხანგრძლივ მმართველობას მოჰყვა? ნუ დაგვავიწყდება, რომ იეჰოვა ყოვლისშემძლეა. ღმერთს შესწევს ძალა, ადამიანთა ტანჯვის ყოველგვარი კვალი წაშალოს და უკიდურესად მძიმე მდგომარეობაც  კი გამოასწოროს. ის ამას აუცილებლად გააკეთებს. როგორც უკვე გავიგეთ, ჩვენი პლანეტის გაპარტახებას ბოლო მოეღება და დედამიწა სამოთხედ გადაიქცევა. იესო ქრისტეს მსხვერპლისადმი რწმენის საფუძველზე ხალხი ცოდვის მარწუხებისგან გათავისუფლდება, მიცვალებულთა მკვდრეთით აღდგომის შედეგად კი საბოლოოდ მოეღება ბოლო სიკვდილს. ამგვარად, ღმერთი იესოს მეშვეობით „ეშმაკის საქმეებს“ დაამსხვრევს (1 იოანე 3:8). ამ ყოველივეს იეჰოვა თავის დროზე გააკეთებს. ჩვენ მადლიერნი ვართ, რომ იეჰოვა არ ჩქარობს; სწორედ მის მოთმინებას უნდა ვუმადლოდეთ, რომ გავიგეთ ჭეშმარიტება და მისი მსახურების შესაძლებლობა მოგვეცა (წაიკითხეთ 2 პეტრეს 3:9, 10). ვიდრე აღსასრული დადგება, ღმერთი ერთგულ თაყვანისმცემლებს კრებს და ეხმარება, აიტანონ ნებისმიერი სირთულე, რომლის წინაშეც შეიძლება ამ ბოროტ ქვეყნიერებაში აღმოჩნდნენ (იოანე 4:23; 1 კორინთელები 10:13).

18 ზოგმა შეიძლება იფიქროს: „მსოფლიოში ხომ არ მოხდებოდა ამდენი უბედურება, ღმერთს რომ ადამი და ევა ისე შეექმნა, რომ არასდროს გასჩენოდათ მის წინააღმდეგ წასვლის სურვილი?“. ამ საკითხს ნათელი მოეფინება, თუ გავიხსენებთ, რა შესანიშნავი ძღვენი გვიბოძა იეჰოვამ.

როგორ გამოიყენებ ღვთისგან ბოძებულ ძღვენს?

იეჰოვა დაგეხმარება სირთულეების ატანაში

19. რა ძვირფასი ძღვენი გვიბოძა იეჰოვამ და რატომ უნდა ვაფასებდეთ მას?

19 მე-5 თავში უკვე აღვნიშნეთ, რომ ღმერთმა ადამიანებს ნების თავისუფლება მისცა. აფასებ ამ ძვირფას ძღვენს? ღმერთმა შექმნა უამრავი ცხოველი, რომელთაც, ძირითადად, ინსტინქტი მართავთ (იგავები 30:24). ადამიანებმა გამოიგონეს რობოტი, რომელიც შესაძლებელია დაპროგრამდეს ნებისმიერი ბრძანების შესასრულებლად. ვიქნებოდით ბედნიერნი, ჩვენც ასე რომ ვყოფილიყავით შექმნილი? რა თქმა უნდა, არა.  გვიხარია, რომ თავად შეგვიძლია გადავწყვიტოთ, როგორი პიროვნებები ვიყოთ, როგორი ცხოვრების წესი ავირჩიოთ, ვისთან ვიმეგობროთ და ასე შემდეგ. ასეთი თავისუფლება სიამოვნებას გვანიჭებს და ღმერთსაც სწორედ ეს სურს ჩვენთვის.

20, 21. როგორ შეგვიძლია ნების თავისუფლების საუკეთესოდ გამოყენება და რატომ უნდა მოვიქცეთ ასე?

20 იეჰოვას არ სურს, რომ იძულებით ვემსახუროთ (2 კორინთელები 9:7). მაგალითად, როდის უფრო ბედნიერია მშობელი — როცა შვილი გულწრფელად, მთელი გულით გამოხატავს მისადმი სიყვარულს თუ მაშინ, როცა ვინმეს კარნახით აკეთებს ამას? ასე რომ, საჭიროა დაფიქრდე, შენ როგორ გამოიყენებ იეჰოვასგან ბოძებულ ნების თავისუფლებას. სატანამ და ადამმა და ევამ ნების თავისუფლება ბოროტად გამოიყენეს. მათ უარყვეს იეჰოვა ღმერთი. შენ როგორ მოიქცევი?

21 შენ გაქვს შესაძლებლობა, საუკეთესოდ გამოიყენო ეს შესანიშნავი ძღვენი, ნების თავისუფლება. შენ შეგიძლია შეუერთდე მილიონობით ადამიანს, რომლებმაც იეჰოვას მხარე დაიკავეს. ისინი გულს უხარებენ ღმერთს, რადგან ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ გამოააშკარაონ სატანის სიცრუე და ის, რომ მისი მმართველობა სრულ კრახს განიცდის (იგავები 27:11). ამის გაკეთება შენც შეგიძლია, თუ სწორ გზას აირჩევ ცხოვრებაში. ამის შესახებ მომდევნო თავში გვექნება საუბარი.

გაიგეთ მეტი

ბიბლიის შესწავლის პროგრამა

რატომ ვსწავლობთ ბიბლიას?

ბიბლია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან კითხვებზე მილიონობით ადამიანს სცემს პასუხს მთელ მსოფლიოში. თქვენც ისურვებთ ამ კითხვებზე პასუხების მიღებას?