წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?

 დანართი

რას ნიშნავს სიტყვა „სული“?

რას ნიშნავს სიტყვა „სული“?

როგორ ახსნიდი, რა არის სული? ბევრს სჯერა, რომ სული არის ადამიანში არსებული რაღაც უხილავი და უკვდავი ძალა. მათი აზრით, სიკვდილის დროს ის ტოვებს სხეულს და განაგრძობს არსებობას. ასეთი შეხედულება საკმაოდ გავრცელებულია. ამიტომ ბევრს უკვირს, როცა იგებს, რომ ეს სრულიად განსხვავდება ბიბლიის სწავლებისგან. მაშ, რა არის სული და რა მნიშვნელობით არის ეს სიტყვა გამოყენებული ბიბლიაში?

ალბათ, გახსოვს, რომ ბიბლია ძირითადად ებრაულ და ბერძნულ ენებზე დაიწერა. ქართულ ენაზე „სულად“ ნათარგმნია ორი ებრაული („ნეფეშ“ და „რუახ“) და ორი ბერძნული („ფსიქე“ და „პნევმა“) სიტყვა. აქედან „ნეფეშ“ და „ფსიქე“ ერთი და იმავე მნიშვნელობით გამოიყენება, ხოლო სიტყვებს „რუახ“ და „პნევმა“ ბიბლია სხვა მნიშვნელობას ანიჭებს.

თავდაპირველად განვიხილოთ, თუ რა იგულისხმება „ნეფეშსა“ და „ფსიქეში“. ეს ორი სიტყვა ბიბლიაში 800-ზე მეტჯერ გვხვდება. თუ დავუკვირდებით, როგორ არის ეს სიტყვები ბიბლიურ მუხლებში გამოყენებული, დავინახავთ, რომ ძირითადად მათში იგულისხმება 1) ადამიანები, 2) ცხოველები ან 3) ადამიანის  ან ცხოველის სიცოცხლე. განვიხილოთ რამდენიმე ბიბლიური მუხლი, სადაც „ნეფეშ“ და „ფსიქე“ ამ სამი მნიშვნელობით არის გამოყენებული.

ადამიანები. „ნოეს დროს . . . რამდენიმე ადამიანი, სულ რვა სული, გადაურჩა წყალს“ (1 პეტრე 3:20). აშკარაა, რომ აქ სიტყვა „სულში“ იგულისხმებიან ადამიანები — ნოე, მისი ცოლი, სამი ვაჟი და მათი ცოლები. გამოსვლის 16:16-ში მოხსენიებულია ისრაელებისთვის მიცემული მითითება, თუ როგორ უნდა შეეგროვებინათ მანანა. ღმერთმა უთხრა მათ: „აკრიფეთ თითოეულმა . . . იმ სულთა რაოდენობის მიხედვით, რამდენიც კარავში გყავთ“. როგორც ვხედავთ, მანანის რაოდენობას, რაც თითოეულ ოჯახს უნდა შეეგროვებინა, ის განსაზღვრავდა, თუ რამდენი წევრი იყო ოჯახში. სიტყვა „სული“ ადამიანის მნიშვნელობით გამოყენებულია სხვა ბიბლიურ მუხლებშიც, მაგალითად დაბადების 46:18-ში, იესო ნავეს ძის 11:11-ში, საქმეების 27:37-სა და რომაელების 13:1-ში.

ცხოველები. ბიბლიაში შემოქმედების შესახებ ვკითხულობთ: «შემდეგ თქვა ღმერთმა: „აფუთფუთდნენ წყალში ცოცხალი სულები და მიწის ზევით, ცის სივრცეში იფრინონ ფრინველებმა“ . . . შემდეგ თქვა ღმერთმა: „წარმოშვას მიწამ ცოცხალი სულები მათი გვარისდა მიხედვით, შინაური ცხოველები, ქვეწარმავლები და გარეული ცხოველები მათი გვარისდა მიხედვით“. და ასეც მოხდა» (დაბადება 1:20, 24). ამ მუხლებში თევზები და შინაური თუ გარეული ცხოველები „სულებად“ არიან მოხსენიებულნი. ცხოველებს, აგრეთვე ფრინველებს, სულები ეწოდებათ შემდეგ მუხლებშიც: დაბადება 9:10; ლევიანები 11:46; რიცხვები 31:28.

ადამიანის სიცოცხლე. ზოგჯერ სიტყვა „სული“ ნიშნავს სიცოცხლეს, რომელსაც ადამიანი ფლობს. იეჰოვამ უთხრა მოსეს: „ვინც შენ გეძებდა [შენს სულს ეძებდა, სქოლიო] ყველა მკვდარია“ (გამოსვლა 4:19). რას „ეძებდნენ“ მოსეს მტრები? მის სიცოცხლეს. ამ მოვლენიდან დიდი ხნით ადრე, როცა ბენიამინი იბადებოდა, რახელს „სული ამოსდიოდა (კვდებოდა)“ (დაბადება 35:16—19). ამ დროს რახელი მოკვდა. ყურადღება მივაქციოთ აგრეთვე იესოს სიტყვებს: „მე კარგი მწყემსი ვარ, კარგი მწყემსი  თავის სულს სწირავს ცხვრისთვის“ (იოანე 10:11). იესომ თავისი სული ანუ სიცოცხლე გასწირა კაცობრიობისთვის. ბიბლიის ამ მუხლებში სიტყვა „სული“ აშკარად ეხება ადამიანის სიცოცხლეს. სიტყვა „სული“ ამავე მნიშვნელობით არის გამოყენებული შემდეგ მუხლებშიც: 1 მეფეები 17:17—23; მათე 10:39; იოანე 15:13; საქმეები 20:10.

ღვთის სიტყვის შესწავლისას დაინახავ, რომ ბიბლიაში სიტყვები „უკვდავი“ და „მარადიული“ არსად არ არის დაკავშირებული სიტყვა „სულთან“. პირიქით, მასში ნათქვამია, რომ სული კვდება (ეზეკიელი 18:4, 20). ამიტომაც ბიბლიაში გარდაცვლილი „მკვდარ სულად“ არის მოხსენიებული (ლევიანები 21:11, იხ. სქოლიო).

ახლა კი განვიხილოთ, თუ რა მნიშვნელობით გამოიყენება ბიბლიაში სიტყვები „რუახ“ და „პნევმა“. მაგალითად, ფსალმუნის 104:29-ში ნათქვამია: „სულს [რუახ] თუ წაართმევ, დაიხოცებიან და მტვერს დაუბრუნდებიან“. ხოლო იაკობის 2:26-ში აღნიშნულია, რომ „სხეული მკვდარია სულის [პნევმა] გარეშე“. როგორც ვხედავთ, ამ ბიბლიურ მუხლებში სიტყვა „სულში“ იგულისხმება ის, რაც სხეულს სიცოცხლეს აძლევს. სულის გარეშე სხეული მკვდარია. ამიტომაც ბიბლიაში სიტყვა „რუახ“ ნათარგმნია არა მარტო „სულად“, არამედ „მაცოცხლებელ ძალადაც“. მაგალითად, ნოეს დღეებში მომხდარი წარღვნის შესახებ ბიბლიაში ნათქვამია: „მოვავლენ წარღვნას დედამიწაზე, რომ მოვსპო ცისქვეშეთში ყოველი ხორციელი, რომელშიც სასიცოცხლო ძალაა [რუახ]“ (დაბადება 6:17; 7:15). ამრიგად, „სული“ ყოველი ცოცხალი არსების უხილავი მაცოცხლებელი ძალაც არის.

ეს ძალა ანუ სული სხეულის ფუნქციონირებისთვის ისევეა საჭირო, როგორც რადიოსთვის ელექტროენერგია. წარმოიდგინე პატარა რადიო, რომელიც ელემენტებზე მუშაობს. ასეთი რადიო მუშაობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ მასში ელემენტებს ჩადებ და ჩართავ. ელემენტების გარეშე რადიო არ იმუშავებს. ელექტროენერგიის გარეშე ვერც სხვა სახის რადიო იმუშავებს, თუ ის შტეფსელიდან გამორთული იქნება. მსგავსად ამისა, ჩვენს სხეულს ფუნქციონირების საშუალებას აძლევს  სული ანუ მაცოცხლებელი ძალა. ელექტროენერგიის მსგავსად, არც სულს შეუძლია რაიმეს გრძნობა და ფიქრი. ის მხოლოდ ძალაა. მაგრამ ეს მაცოცხლებელი ძალა თუ წაერთმევათ, როგორც ფსალმუნმომღერალმა დაწერა, ადამიანები „დაიხოცებიან და მტვერს დაუბრუნდებიან“.

ადამიანის სიკვდილის შესახებ ეკლესიასტეს 12:7 ამბობს: „[მისი სხეულის] მტვერი დაუბრუნდება მიწას, სადაც მანამდე იყო, სული კი — ჭეშმარიტ ღმერთს, მის მომცემს“. როდესაც სული ანუ მაცოცხლებელი ძალა სხეულს ტოვებს, სხეული კვდება და უბრუნდება მიწას. ასევე, მაცოცხლებელი ძალაც უკანვე უბრუნდება ღმერთს (იობი 34:14, 15; ფსალმუნი 36:9). ეს არ ნიშნავს იმას, რომ მაცოცხლებელი ძალა პირდაპირი გაგებით ზეცაში მიდის. ამაში იგულისხმება ის, რომ, როდესაც ადამიანი კვდება, იეჰოვა ღმერთზეა დამოკიდებული, ექნება თუ არა მას მომავალში სიცოცხლის შესაძლებლობა. მისი სიცოცხლე, ასე ვთქვათ, ღვთის ხელშია. მხოლოდ ღვთის ძალით არის შესაძლებელი, რომ ადამიანს მაცოცხლებელი ძალა დაუბრუნდეს და კვლავ იცოცხლოს.

მანუგეშებელია ის, რომ ღმერთი სწორედ ამას გააკეთებს მათთვის, „ვინც სამარხებში არიან“ (იოანე 5:28, 29). აღდგომის დროს იეჰოვა გარდაცვლილ ადამიანს ახალ სხეულს მისცემს და მაცოცხლებელ ძალას დაუბრუნებს. ეს დრო მართლაც რომ დიდ სიხარულს მოუტანს ადამიანებს!

მეტი ინფორმაციის მისაღებად იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ არის სიტყვა „სული“ გამოყენებული ბიბლიაში, იხილეთ ბროშურა „რა ხდება სიკვდილის შემდეგ?“ და წიგნი „მსჯელობა წმინდა წერილების საფუძველზე“, გვერდები 336—343. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.