წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?

 თავი 14

რის გაკეთება შეგიძლია შენი ოჯახის ბედნიერებისთვის

რის გაკეთება შეგიძლია შენი ოჯახის ბედნიერებისთვის
  • რა თვისებებს უნდა ავლენდეს ქმარი?

  • როგორ შეუძლია ცოლს ოჯახში თავისი როლის შესრულება?

  • რას უნდა აკეთებდნენ მზრუნველი მშობლები შვილებისთვის?

  • როგორ შეუძლიათ ბავშვებს ხელი შეუწყონ ოჯახის ბედნიერებას?

1. რა არის საჭირო იმისთვის, რომ ბედნიერი ოჯახი გვქონდეს?

იეჰოვა ღმერთს სურს, რომ ბედნიერი ოჯახი გქონდეს. მის სიტყვაში, ბიბლიაში, მოცემულია რჩევები ოჯახის თითოეული წევრისთვის და ნათქვამია, თუ რას მოითხოვს ღმერთი მათგან. ოჯახში ღვთის რჩევების გათვალისწინებას დადებითი შედეგები მოჰყვება. იესომ თქვა: „ბედნიერი ის არის, ვინც ისმენს ღვთის სიტყვას და იცავს მას!“ (ლუკა 11:28).

2. რა უნდა გვესმოდეს იმისათვის, რომ ბედნიერი ოჯახი გვქონდეს?

2 ბედნიერი ოჯახი რომ გვქონდეს, მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ ოჯახურ ცხოვრებას დასაბამი იეჰოვა ღმერთმა მისცა. როგორც იესომ აღნიშნა, ის „ჩვენი ზეციერი მამაა“ (მათე 6:9). დედამიწაზე ოჯახის ინსტიტუტს იეჰოვამ ჩაუყარა საფუძველი, ამიტომ მან ზუსტად იცის, რაზეა დამოკიდებული ოჯახის ბედნიერება (ეფესოელები 3:14, 15). ბიბლიის თანახმად, რა როლი აკისრია ოჯახის თითოეულ წევრს?

ღმერთი დასაბამს აძლევს ოჯახურ ცხოვრებას

3. ბიბლიის თანახმად, როგორ მიეცა დასაბამი ოჯახურ ცხოვრებას და საიდან ვიცით, რომ ეს სიმართლეა?

3 იეჰოვა ღმერთმა შექმნა პირველი ადამიანები, ადამი და ევა, და  მანვე შეაუღლა ისინი. პირველი წყვილი ღმერთმა მიწიერ სამოთხეში, ედემის ბაღში, დაასახლა. ღვთის ნების თანახმად, ადამსა და ევას შვილები უნდა ჰყოლოდათ. იეჰოვამ უთხრა მათ: „ინაყოფიერეთ, გამრავლდით, აავსეთ დედამიწა, დაეპატრონეთ მას“ (დაბადება 1:26—28; 2:18, 21—24). ეს არ არის მითი ან ხალხის მიერ მოგონილი ამბავი. იესოს სიტყვებიდან ჩანს, რომ სიმართლეს შეესაბამება ის, რასაც „დაბადება“ მოგვითხრობს ოჯახური ცხოვრების დასაბამის შესახებ (მათე 19:4, 5). მიუხედავად იმისა, რომ დღეს მრავალ პრობლემას ვხვდებით და ცხოვრება არ არის ისეთი, როგორიც ღვთის განზრახვის თანახმად უნდა ყოფილიყო, სავსებით რეალურია, რომ ბედნიერი ოჯახი გვქონდეს. ვნახოთ, თუ რა არის საჭირო ამისათვის.

4. ა) როგორ შეუძლია ოჯახის თითოეულ წევრს ხელი შეუწყოს ოჯახის ბედნიერებას? ბ) რატომაა ოჯახის ბედნიერებისთვის მნიშვნელოვანი, რომ მეტი გავიგოთ იესოს ცხოვრების შესახებ?

4 ოჯახის თითოეული წევრი შეძლებს, ხელი შეუწყოს ოჯახის ბედნიერებას, თუ ისინი ღმერთს მიჰბაძავენ სიყვარულის გამოვლენაში (ეფესოელები 5:1, 2). მაგრამ როგორ უნდა მივბაძოთ ღმერთს, ჩვენ ხომ ვერც კი ვხედავთ მას?! იეჰოვამ ზეციდან დედამიწაზე თავისი ძე გამოგზავნა; ეს კი შესაძლებლობას გვაძლევს, მეტი გავიგოთ იმის შესახებ, თუ როგორ ავლენს ღმერთი სიყვარულს (იოანე 1:14, 18). დედამიწაზე ყოფნისას იესო ქრისტე სრულყოფილად ჰბაძავდა ზეციერ მამას. ამიტომ ვინც იესოს ხედავდა და უსმენდა, შეიძლება ითქვას, რომ თვითონ იეჰოვას ხედავდა და მის სიტყვებს ისმენდა (იოანე 14:9). აქედან გამომდინარე, ხელი რომ შევუწყოთ ოჯახის ბედნიერებას, საჭიროა ყურადღება მივაქციოთ იმას, თუ როგორ ავლენდა იესო სიყვარულს და მის მაგალითს მივყვეთ.

მაგალითი ქმრებისთვის

5, 6. ა) რა მხრივ არის ქმრებისთვის სამაგალითო კრებისადმი იესოს დამოკიდებულება? ბ) რის გაკეთებაა აუცილებელი იმისათვის, რომ ცოდვები მოგვეტევოს?

5 ბიბლია ამბობს, რომ ქმრები ისე უნდა მოეპყრონ ცოლებს, როგორც იესო ეპყრობა თავის მოწაფეებს. ბიბლია ქმრებს მიმართავს: „ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, როგორც ქრისტემ შეიყვარა კრება და თავი გასწირა მისთვის . . . ქმრებსაც ისე უნდა უყვარდეთ ცოლები, როგორც საკუთარი სხეულები. ვისაც ცოლი უყვარს, მას  საკუთარი თავი უყვარს, რადგან არავის არასოდეს მოსძულებია თავისი ხორცი, არამედ კვებავს მას და ზრუნვას არ აკლებს, როგორც ქრისტე კრებას“ (ეფესოელები 5:23, 25—29).

6 თავისი მოწაფეების მიმართ იესოს სიყვარული ქმრებისთვის საუკეთესო მაგალითია. იესოს „ბოლომდე უყვარდა ისინი“ და სიცოცხლე გაიღო მათთვის, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ შორს იყვნენ სრულყოფილებისგან (იოანე 13:1; 15:13). ბიბლია ქმრებს მოუწოდებს: „გიყვარდეთ ცოლები და ნუ იქნებით სასტიკნი მათ მიმართ“ (კოლოსელები 3:19). რა დაეხმარება ქმარს ამ მითითების თანახმად მოქმედებაში, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მისი მეუღლე ზოგჯერ არასწორად იქცევა? ქმარს უნდა ახსოვდეს, რომ შეცდომებს თვითონაც უშვებს და ღვთისგან მიტევების მისაღებად აუცილებელია, მანაც აპატიოს შეცდომები სხვებს, მათ შორის მეუღლეს. რა თქმა უნდა, ცოლმაც იგივე უნდა გააკეთოს (წაიკითხეთ მათეს 6:12, 14, 15). დიახ, მეუღლეები ბედნიერნი არიან, როდესაც მათ შეუძლიათ ერთმანეთისთვის შეცდომების პატიება.

7. რას იღებდა მხედველობაში იესო და რა მხრივ არის ეს ქმრებისთვის სამაგალითო?

7 ქმრებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ იესო ყოველთვის ყურადღებიანი იყო თავისი მოწაფეების მიმართ. ის მხედველობაში იღებდა მათ შესაძლებლობებს და საჭიროებებს. ერთხელ, როცა მოწაფეები დაღლილები იყვნენ, იესომ უთხრა მათ: „მოდი სადმე წავიდეთ, რომ განვმარტოვდეთ და ცოტა დავისვენოთ“ (მარკოზი 6:30—32). ცოლებიც იმსახურებენ ყურადღებას. ბიბლია ცოლებს „შედარებით სუსტ ჭურჭელს“ უწოდებს და ქმრებს ეუბნება, რომ მათ მიმართ პატივისცემა გამოავლინონ. რატომ? იმიტომ რომ „სიცოცხლის დაუმსახურებელ საჩუქარს“ ქმარიც და ცოლიც ერთნაირად იღებენ (1 პეტრე 3:7). ქმრებს უნდა ახსოვდეთ, რომ ადამიანი ერთგულების, და არა სქესის გამო, ხდება ღვთის თვალში ძვირფასი (ფსალმუნი 101:6).

8. ა) რატომ შეიძლება ითქვას, რომ „ვისაც ცოლი უყვარს, მას საკუთარი თავი უყვარს“? ბ) რას ნიშნავს ქმრისთვის და ცოლისთვის „ერთ ხორცად“ ყოფნა?

8 ბიბლიაში ნათქვამია, რომ „ვისაც ცოლი უყვარს, მას საკუთარი თავი უყვარს“. იესომ აღნიშნა, თუ რატომ არის ეს ასე: ცოლ-ქმარი „ორნი კი აღარ არიან, არამედ ერთი ხორცი“ (მათე 19:6). აქედან  გამომდინარე, მათ სქესობრივი ურთიერთობა არ უნდა ჰქონდეთ სხვასთან (იგავები 5:15—21; ებრაელები 13:4). ისინი ამას არ დაუშვებენ, თუ უანგაროდ იზრუნებენ ერთმანეთის მოთხოვნილებებზე (1 კორინთელები 7:3—5). საყურადღებოა შემდეგი სიტყვები: „არავის არასოდეს მოსძულებია თავისი ხორცი, არამედ კვებავს მას და ზრუნვას არ აკლებს“. ქმრებს ცოლები საკუთარი თავივით უნდა უყვარდეთ და ყოველთვის უნდა ახსოვდეთ, რომ პასუხს აგებენ იესო ქრისტეს წინაშე (ეფესოელები 5:29; 1 კორინთელები 11:3).

9. რა არის ნათქვამი იესოს შესახებ ფილიპელების 1:8-ში და რატომ უნდა ავლენდნენ სათუთ გრძნობებს ქმრები ცოლების მიმართ?

9 მოციქულმა პავლემ აღნიშნა, რომ იესო ქრისტე „სათუთ გრძნობებს“ ავლენდა (ფილიპელები 1:8). ამას აფასებდნენ იესოს მოწაფეები, მათ შორის ქალები (იოანე 20:1, 11—13, 16). ცოლები საჭიროებენ ქმრების მხრიდან სათუთი გრძნობების გამოვლენას.

მაგალითი ცოლებისთვის

10. რა მაგალითს აძლევს იესო ცოლებს?

10 ოჯახში რომ ყველაფერი შეთანხმებულად ხდებოდეს და არ იყოს გაუგებრობა, ოჯახს ხელმძღვანელი უნდა ჰყავდეს. იესოსაც კი ჰყავს ხელმძღვანელი, რომელსაც ემორჩილება. „ქრისტეს თავი . . . ღმერთია“, ხოლო „ქალის თავი კაცია“ (1 კორინთელები 11:3). ღვთისადმი იესოს მორჩილება ჩვენთვის კარგი მაგალითია, ვინაიდან ყველას გვყავს ხელმძღვანელი, რომელსაც უნდა დავემორჩილოთ.

11. როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს ცოლს ქმრის მეთაურობისადმი, და რა შეიძლება მოჰყვეს შედეგად მის მორჩილებას?

11 რამდენადაც ყველა მამაკაცი არასრულყოფილია, ისინი ზოგჯერ შეცდომებს უშვებენ და იდეალურად ვერ ასრულებენ ოჯახისთავის მოვალეობას. როგორ უნდა იქცეოდეს ცოლი ასეთ შემთხვევაში? მან არ უნდა დაამციროს ქმარი და არ უნდა შეეცადოს ხელმძღვანელობის საკუთარ თავზე აღებას. მნიშვნელოვანია, მან არ დაივიწყოს, რომ სიმშვიდე და რბილი ხასიათი „ღვთის თვალში ძალიან ძვირფასია“ (1 პეტრე 3:4). ასეთი დამოკიდებულება მას დაეხმარება, რომ ღვთისმოსაწონი მორჩილება გამოავლინოს, მაშინაც კი, როცა ეს არც ისე ადვილია. ბიბლიაში ნათქვამია: „ცოლი . . . დიდ პატივს უნდა სცემდეს ქმარს“ (ეფესოელები 5:33).  რა შეიძლება ითქვას იმ შემთხვევაზე, როდესაც ქმარი თავის ხელმძღვანელად არ აღიარებს ქრისტეს? ბიბლია ცოლებს მოუწოდებს: „დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, რათა ისინი, ვინც სიტყვას არ ემორჩილებიან, უსიტყვოდ იქნენ მოპოვებულნი ცოლების საქციელით, როცა დაინახავენ, რომ სუფთად იქცევით და დიდ პატივისცემას ავლენთ“ (1 პეტრე 3:1, 2).

12. რატომ არ იქნება ცოლის მხრიდან უპატივცემულობის გამოვლენა, თუ ის თავის აზრს ტაქტიანად გამოხატავს?

12 იმისდა მიუხედავად, იზიარებს თუ არა ქმარი თავისი მეუღლის რწმენას, ცოლის მხრიდან უპატივცემულობის გამოვლენა არ იქნება, თუ ის ქმრის შეხედულებისგან განსხვავებულ თვალსაზრისს ტაქტიანად გამოხატავს. ცოლის აზრი შეიძლება სწორი იყოს და მისი სიტყვების გათვალისწინება შესაძლოა მთელ ოჯახს სასიკეთოდ წაადგეს. როდესაც აბრაამი არ დაეთანხმა თავისი ცოლის, სარას, რჩევას ოჯახში წამოჭრილი ერთ-ერთი პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით, ღმერთმა უთხრა: „მოუსმინე მას [სარას]“ (წაიკითხეთ დაბადების 21:9—12). ცხადია, როცა ქმარი საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს, რომელიც ღვთის კანონებს არ ეწინააღმდეგება, ცოლი მორჩილებას ავლენს და მხარს უჭერს მას (საქმეები 5:29; ეფესოელები 5:24).

რა მაგალითი დაუტოვა სარამ ცოლებს?

13. ა) რისკენ მოუწოდებს გათხოვილ ქალებს ტიტეს 2:4, 5? ბ) რას ამბობს ბიბლია ცალ-ცალკე ცხოვრებისა და გაყრის შესახებ?

13 თავისი მოვალეობის შესრულებით ცოლს ოჯახისთვის ბევრი რამის გაკეთება შეუძლია. მაგალითად, გათხოვილი ქალების შესახებ ბიბლია ამბობს, რომ უნდა „უყვარდეთ ქმრები, უყვარდეთ შვილები, იყვნენ საღად მოაზროვნეები, სუფთები, მეოჯახეები, კარგები, ქმრების მორჩილები“ (ტიტე 2:4, 5). ქალი, რომელიც მეუღლისა და დედის მოვალეობას ასე ღირსეულად ასრულებს, ოჯახის წევრების სიყვარულსა და პატივისცემას დაიმსახურებს (წაიკითხეთ იგავების 31:10, 28). რადგანაც ორი არასრულყოფილი ადამიანის ქორწინება სრულყოფილი ვერ იქნება, ზოგჯერ შეიძლება მეუღლეებს შორის ურთიერთობა გამწვავდეს და ამის გამო მათ ცალ-ცალკე ცხოვრება ან გაყრა გადაწყვიტონ. ბიბლიის თანახმად, განსაკუთრებულ შემთხვევებში დასაშვებია ცალ-ცალკე ცხოვრება. მაგრამ ამ საკითხს არასერიოზულად არავინ უნდა მოეკიდოს, რადგან ბიბლიაში ნათქვამია: „ცოლი არ გაშორდეს ქმარს . . . ნურც  ქმარი მიატოვებს ცოლს“ (1 კორინთელები 7:10, 11). ბიბლიის თანახმად, გაყრის საფუძვლიან მიზეზად მეუღლის მხრიდან უზნეობის ჩადენა ითვლება (მათე 19:9).

მაგალითი მშობლებისთვის

14. როგორ ეპყრობოდა იესო ბავშვებს და რას საჭიროებენ ბავშვები მშობლებისგან?

14 იესომ მშობლებს საუკეთესო მაგალითი დაუტოვა, თუ როგორ უნდა მოეპყრონ ისინი შვილებს. ერთხელ, როდესაც მოწაფეები არ უშვებდნენ ბავშვებს იესოსთან, მან თქვა: „მოუშვით ბავშვები ჩემთან, ნუ აკავებთ“. ბიბლია მოგვითხრობს, რომ შემდეგ ის „მოეხვია ბავშვებს, ხელებს ადებდა და აკურთხებდა“ (მარკოზი 10:13—16). თუ იესო ნახულობდა დროს ბავშვებისთვის, განა თქვენც არ უნდა გამონახოთ დრო თქვენი შვილებისთვის? მათთვის საკმაოდ დიდი დროის გამოყოფაა საჭირო და არა დროდადრო მხოლოდ მცირე ხნით ყურადღების მიქცევა. თქვენ უნდა დაუთმოთ დრო მათ სწავლებას. იეჰოვა სწორედ ამისკენ მოუწოდებს მშობლებს (წაიკითხეთ კანონის 6:4—9).

15. რის გაკეთება შეუძლიათ მშობლებს შვილების დასაცავად?

15 მსოფლიოში სულ უფრო მეტად ეცემა ზნეობა. ამიტომ ბავშვებს ისე, როგორც არასდროს ესაჭიროებათ მზრუნველი მშობლები, რომლებიც დაიცავენ უზნეო ადამიანებისგან, განსაკუთრებით  კი მათგან, ვისაც ბავშვების გახრწნის სურვილი ამოძრავებს. ყურადღება მიაქციეთ, თუ როგორ დაიცვა იესომ თავისი მოწაფეები, რომლებსაც ერთხელ სიყვარულით „შვილები“ უწოდა. როცა იესო დააპატიმრეს, რათა სიკვდილით დაესაჯათ, მან იზრუნა იმაზე, რომ მოწაფეები გაეშვათ (იოანე 13:33; 18:7—9). მშობლებო, თქვენ დიდი ყურადღების გამოვლენა გმართებთ, რადგან ეშმაკი ცდილობს, ზიანი მიაყენოს თქვენს შვილებს. მათ უნდა ესაუბროთ სხვადასხვა საშიშროებებზე * (1 პეტრე 5:8). დღეს ისინი უდიდესი ფიზიკური, სულიერი და ზნეობრივი საფრთხის წინაშე დგანან.

რის სწავლა შეუძლიათ მშობლებს ბავშვებისადმი იესოს დამოკიდებულებიდან?

16. როგორ რეაგირებდა იესო მოწაფეების შეცდომებზე, და რის სწავლა შეუძლიათ მშობლებს მისი მაგალითიდან?

 16 იესოს სიკვდილის წინა დღეს მისი მოწაფეები დავობდნენ იმაზე, თუ ვინ იყო მათ შორის უდიდესი. იესო არ განრისხებულა. ნაცვლად ამისა, მან სიყვარულით კიდევ ერთხელ დაარიგა ისინი და პირადი მაგალითით აჩვენა, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ (ლუკა 22:24—27; იოანე 13:3—8). მშობლებო, ხედავთ, თუ რა მხრივ შეგიძლიათ მიჰბაძოთ იესოს, როცა თქვენს შვილებს დარიგება სჭირდებათ? მართალია, დროდადრო საჭიროა დასჯაც, მაგრამ ამ დროს მშობლებს ზომიერება და რისხვისგან თავის შეკავება მართებთ. ისინი უნდა მოერიდონ დაუფიქრებელ სიტყვებს, რომლებიც „მახვილივით ჭრის“ (იერემია 30:11; იგავები 12:18). მშობლებმა ისე უნდა იმოქმედონ, რომ მოგვიანებით ბავშვმა დაინახოს, თუ რატომ იყო საჭირო აღმზრდელობითი ზომები (ეფესოელები 6:4; ებრაელები 12:9—11).

მაგალითი ბავშვებისთვის

17. რა მხრივ დაუტოვა იესომ ბავშვებს საუკეთესო მაგალითი?

17 ბავშვებისთვისაც არის იესო მაგალითი? დიახ. ბავშვებს იესოსგან შეუძლიათ ისწავლონ, თუ როგორ უნდა დაემორჩილონ მშობლებს. მან თქვა: „როგორც მამამ მასწავლა, ისე ვლაპარაკობ . . . ყოველთვის იმას ვაკეთებ, რაც მას მოსწონს“ (იოანე 8:28, 29). იესო ემორჩილებოდა თავის ზეციერ მამას და, ბიბლიის თანახმად, ბავშვებიც უნდა დაემორჩილონ თავიანთ მშობლებს (წაიკითხეთ ეფესოელების 6:1—3). მიუხედავად იმისა, რომ იესო სრულყოფილი ბავშვი იყო, ის ემორჩილებოდა თავის მიწიერ მშობლებს, იოსებსა და მარიამს, რომლებიც არასრულყოფილები იყვნენ. ეს კი ხელს უწყობდა იესოს ოჯახის თითოეული წევრის ბედნიერებას (ლუკა 2:4, 5, 51, 52).

18. რატომ ემორჩილებოდა იესო ზეციერ მამას ყოველთვის, და ვის ახარებს ბავშვების მორჩილება?

18 ბავშვები უნდა ცდილობდნენ, მიჰბაძონ იესოს, რათა გაახარონ მშობლები. მართალია, მათთვის ხანდახან ადვილი არაა მორჩილების გამოვლენა, მაგრამ ღმერთი სწორედ ამას მოელის ბავშვებისგან (იგავები 1:8; 6:20). იესო ზეციერ მამას ყოველთვის, რთულ მდგომარეობაშიც კი ემორჩილებოდა. ერთხელ, ღვთის ნების თანახმად,  იესოს უნდა გაეკეთებინა ის, რაც მისთვის ძალიან ძნელი იყო. ასეთ მდგომარეობაში მან ღმერთს უთხრა: „ამაცილე ეს სასმისი [მოვალეობა]“. მიუხედავად ამისა, ის ღვთის ნების შესაბამისად მოიქცა. იესოს ესმოდა, რომ ზეციერმა მამამ უკეთესად იცოდა, თუ რის გაკეთება იყო საჭირო (ლუკა 22:42). ბავშვებმა უნდა ისწავლონ მორჩილების გამოვლენა. ეს არა მარტო მშობლებს გაახარებს, არამედ — ზეციერ მამასაც (იგავები 23:22—25). *

რაზე უნდა დაფიქრდნენ ბავშვები, როდესაც ცდუნების წინაშე დგებიან?

19. ა) როგორ ცდილობს სატანა ბავშვების შეცდენას? ბ) რა გავლენა შეიძლება მოახდინოს მშობლებზე ბავშვების ცუდმა საქციელმა?

19 ეშმაკი იესოს შეცდენასაც კი ცდილობდა და, ცხადია, მას სურს, რომ ბავშვებიც შეიყვანოს შეცდომაში (მათე 4:1—10). მათ წინააღმდეგ სატანა ეშმაკი იყენებს თანატოლების ზეგავლენას, რაც ადვილი დასაძლევი ნამდვილად არ არის. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ბავშვები არ იყვნენ იმ თანატოლების წრეში, რომელთაც მათზე უარყოფითი გავლენის მოხდენა შეუძლიათ! (1 კორინთელები 15:33). იაკობის ქალიშვილი, დინა, მეგობრობდა მათთან, ვინც თაყვანს არ სცემდა იეჰოვას. ამას კი სერიოზული პრობლემები მოჰყვა (დაბადება 34:1, 2). დაფიქრდი, რამხელა ტკივილი შეიძლება მიაყენოს ადამიანმა ოჯახის წევრებს, თუ უზნეობა ჩაიდინა! (იგავები 17:21, 25).

 ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია

20. რას უნდა აკეთებდეს ოჯახის ბედნიერებისთვის მისი თითოეული წევრი?

20 ოჯახში წამოჭრილ პრობლემებს უფრო ადვილად გავუმკლავდებით, თუ ბიბლიის რჩევებს გამოვიყენებთ. დიახ, ოჯახის ბედნიერება ბიბლიის რჩევების გამოყენებაზეა დამოკიდებული. ქმრებო, გიყვარდეთ ცოლები და ისე მოექეცით მათ, როგორც ქრისტე ეპყრობა თავის კრებას. ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს და მიჰყევით იგავების 31:10—31-ში აღწერილი „მარჯვე ცოლის“ მაგალითს. მშობლებო, აღზარდეთ შვილები ღვთის სიტყვით (იგავები 22:6). მამებო, იყავით ოჯახის კარგი გამგებლები (1 ტიმოთე 3:4, 5; 5:8). ბავშვებო, დაემორჩილეთ მშობლებს (კოლოსელები 3:20). ოჯახის არც ერთი წევრი არაა სრულყოფილი და შეცდომებს ყველა უშვებს. ამიტომ იყავით თავმდაბლები და ითხოვეთ პატიება, როცა შეცდომას უშვებთ.

21. რა მომავალი ელით იეჰოვას თაყვანისმცემლებს, და როგორ შეგვიძლია დღესვე გვქონდეს ბედნიერი ოჯახი?

21 დიახ, ოჯახურ ცხოვრებასთან დაკავშირებით ბიბლიაში მრავალი ფასდაუდებელი რჩევა და მითითებაა მოცემული. გარდა ამისა, ის გვასწავლის, რომ ახალ ქვეყნიერებაში ღვთის თაყვანისმცემლები სამოთხისებურ პირობებში იცხოვრებენ და ბედნიერები იქნებიან (გამოცხადება 21:3, 4). იეჰოვას თაყვანისმცემლებს მართლაც რომ შესანიშნავი მომავალი ელით! ჩვენ დღესვე ბედნიერი ოჯახი გვექნება, თუ გავითვალისწინებთ ღვთის მითითებებს, რომლებსაც ის თავისი სიტყვის, ბიბლიის, მეშვეობით გვაძლევს.

^ აბზ. 15 ბავშვების დაცვასთან დაკავშირებით სასარგებლო რჩევები მოცემულია წიგნში „ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან“, 32-ე თავი. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

^ აბზ. 18 დაუმორჩილებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება გამართლებული, თუ მშობელი ბავშვისგან ღვთის კანონის დარღვევას მოითხოვს (საქმეები 5:29).

გაიგეთ მეტი

რა არის ოჯახური თაყვანისცემა?

გაიგე, როგორ ეხმარება ოჯახური თაყვანისცემა ოჯახებს ღმერთთან დაახლოებაში და ოჯახური კვანძების განმტკიცებაში.