წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?

 თავი 5

გამოსასყიდი ღვთის უძვირფასესი საჩუქარი

გამოსასყიდი ღვთის უძვირფასესი საჩუქარი
  • რა არის გამოსასყიდი?

  • როგორ მოხდა გამოსყიდვა?

  • რას შეიძლება ნიშნავდეს ეს შენთვის?

  • როგორ შეგიძლია აჩვენო, რომ მადლიერი ხარ გამოსასყიდისთვის?

1, 2. ა) როდის არის შენთვის საჩუქარი ძალიან ძვირფასი? ბ) რატომ შეიძლება ითქვას, რომ გამოსასყიდი უძვირფასესი საჩუქარია?

რა უჩუქებიათ შენთვის, რასაც საუკეთესო საჩუქარს უწოდებდი? აუცილებელი არაა, რომ კარგი საჩუქარი ძვირადღირებული იყოს. საჩუქრის ღირებულება ხომ მაინცდამაინც ფასით არ განისაზღვრება. როცა გვჩუქნიან იმას, რაც სიხარულს გვანიჭებს ან ნამდვილად გვჭირდება, საჩუქარს ჩვენთვის დიდი ფასი აქვს.

2 მაგრამ არსებობს საჩუქარი, რომელსაც ვერაფერი შეედრება. ეს არის საჩუქარი თავად იეჰოვა ღმერთისგან. იეჰოვამ ბევრი რამ გვიბოძა, მაგრამ ყველაზე ძვირფასი საჩუქარი, რაც მან ჩვენთვის გაიღო, არის გამოსასყიდი — მისი ძის, იესო ქრისტეს მსხვერპლად გაღებული სიცოცხლე (წაიკითხეთ მათეს 20:28). ამ თავიდან დაინახავ, რომ გამოსასყიდი მართლაც უძვირფასესი საჩუქარია, რადგან მას შეუძლია ნამდვილი ბედნიერება მოგიტანოს და მოგცეს ის, რაც ყველაზე მეტად გჭირდება. გამოსასყიდით იეჰოვამ შენდამი უდიდესი სიყვარული გამოავლინა.

რა არის გამოსასყიდი?

3. რა არის გამოსასყიდი და რა შემთხვევაში დავინახავთ, რომ ეს მართლაც უძვირფასესი საჩუქარია?

3 მარტივად რომ ვთქვათ, გამოსასყიდი არის საშუალება, რომლის  წყალობითაც იეჰოვამ კაცობრიობა ცოდვისა და სიკვდილის მონობისგან დაიხსნა (ეფესოელები 1:7). ბიბლიის ამ სწავლებაში რომ გავერკვეთ, გავიხსენოთ, რა მოხდა ედემის ბაღში. საჭიროა, გვესმოდეს, თუ რა დაკარგა ადამმა, როცა შესცოდა. მხოლოდ ამ შემთხვევაში დავინახავთ, რატომაა გამოსასყიდი უძვირფასესი საჩუქარი.

4. რას ნიშნავდა ადამისთვის სრულყოფილი სიცოცხლე?

4 როცა იეჰოვამ ადამი შექმნა, უძვირფასესი საჩუქრით — სრულყოფილი სიცოცხლით — დააჯილდოვა. დაფიქრდი, რას ნიშნავდა ეს ადამისთვის. ვინაიდან ფიზიკურად და გონებრივად სრულყოფილი იყო, ადამი არასდროს გახდებოდა ავად, არასდროს დაბერდებოდა და მოკვდებოდა. ადამს, როგორც სრულყოფილ ადამიანს, იეჰოვასთან განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა. ბიბლიაში ნათქვამია, რომ ადამი „ღვთის ძე“ იყო (ლუკა 3:38). ასე რომ, ადამი იეჰოვა ღმერთთან ისევე ახლოს იყო, როგორც შვილი მამასთან. იეჰოვა ესაუბრებოდა თავის მიწიერ ძეს, სასიამოვნო დავალებებს აძლევდა და უხსნიდა, რას მოელოდა მისგან (დაბადება 1:28—30; 2:16, 17).

5. რა გაგებით არის ბიბლიაში ნათქვამი, რომ ღმერთმა ადამი „თავის ანარეკლად“ შექმნა?

5 ადამი ღმერთმა შექმნა „თავის ანარეკლად“ (დაბადება 1:27). ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამი ღმერთს გარეგნულად ჰგავდა. როგორც ამ წიგნის პირველი თავიდან გავიგეთ, იეჰოვა უხილავია (იოანე 4:24). იეჰოვას არა აქვს ფიზიკური სხეული. ადამი ღვთის „ანარეკლად“ იმ გაგებით იყო შექმნილი, რომ მას ისეთივე თვისებები ჰქონდა, როგორიც ღმერთს — მაგალითად, სიყვარული, სიბრძნე, სამართლიანობა და ძლიერება. ადამი სხვა მხრივაც ჰგავდა თავის მამას — მას ჰქონდა ნების თავისუფლება. ადამი არ ყოფილა დაპროგრამებული რობოტი. მას შეეძლო მიეღო გადაწყვეტილებები და სწორსა და არასწორს შორის არჩევანი გაეკეთებინა. ადამი რომ ღვთის მორჩილი დარჩენილიყო, მარადიულად იცხოვრებდა დედამიწაზე სამოთხეში.

6. რა დაკარგა ადამმა თავისი დაუმორჩილებლობით და რა გავლენა იქონია ამან მის შთამომავლებზე?

6 დაუმორჩილებლობა ადამს საკმაოდ ძვირად დაუჯდა —  მან სიკვდილი დაიმსახურა. ცოდვის გამო მან დაკარგა სრულყოფილი სიცოცხლე და ყველა ის კურთხევა, რაც მას სდევს თან (დაბადება 3:17—19). სამწუხაროდ, ადამმა თავის შთამომავლებსაც წაართვა შესაძლებლობა, სრულყოფილი სიცოცხლე ჰქონოდათ. ღვთის სიტყვა ამბობს: „ერთი ადამიანის [ადამის] მეშვეობით შემოვიდა ცოდვა ქვეყნიერებაში და ცოდვის მეშვეობით — სიკვდილი, ამგვარად სიკვდილი გავრცელდა ყველა ადამიანზე, რადგან ყველამ შესცოდა“ (რომაელები 5:12). დიახ, ადამისგან მემკვიდრეობით ყველამ მივიღეთ ცოდვა. ამიტომაც ბიბლია ამბობს, რომ ადამმა საკუთარი თავიც და თავისი შთამომავლებიც, ასე ვთქვათ, ცოდვასა და სიკვდილს მიჰყიდა და დაუმონა (რომაელები 7:14). ვინაიდან ადამმა და ევამ შეგნებულად თქვეს უარი ღვთის მორჩილებაზე, სამუდამოდ დაკარგეს მომავლის იმედი. მაგრამ რის თქმა შეიძლება ადამისა და ევას შთამომავლებზე, მათ შორის ჩვენზე?

7, 8. ძირითადად, რა ორი მნიშვნელობით გამოიყენება სიტყვა „გამოსასყიდი“?

7 იეჰოვამ კაცობრიობა გამოსასყიდის საშუალებით დაიხსნა. ჩვეულებრივ, რას გულისხმობენ „გამოსასყიდში“? ეს სიტყვა, ძირითადად, ორი მნიშვნელობით გამოიყენება. პირველი: გამოსასყიდი არის საფასური, რომლითაც გამოიხსნიან ან უკან იბრუნებენ ვინმეს ან რამეს. მაგალითად, საფასური შეიძლება ტყვეების გასათავისუფლებლად გადაიხადონ. მეორე: გამოსასყიდი არის საფასური, რომლითაც ფარავენ ან ანაზღაურებენ რამის ღირებულებას. ასეთი საფასური შეიძლება გადაიხადონ მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად. მაგალითად, თუ ვინმეს მიზეზით სხვები ზარალდებიან, მან სრულად უნდა აანაზღაუროს მიყენებული ზარალი.

8 როგორ იქნებოდა შესაძლებელი იმ ყველაფრის სრულად ანაზღაურება, რაც ადამის შეცოდების გამო თითოეულმა ჩვენგანმა დავკარგეთ? როგორ შეიძლებოდა ცოდვისა და სიკვდილის მონობიდან ჩვენი დახსნა? განვიხილოთ, რა გააკეთა იეჰოვამ ჩვენ გამოსასყიდად და რას შეიძლება ნიშნავდეს ეს შენთვის.

 რა გააკეთა იეჰოვამ ჩვენ გამოსასყიდად?

9. როგორი გამოსასყიდის გაღება იყო საჭირო?

9 ადამმა სრულყოფილი სიცოცხლე დაკარგა. ამიტომ ამ დანაკარგს ვერც ერთი არასრულყოფილი ადამიანის სიცოცხლე ვერ აანაზღაურებდა (ფსალმუნი 49:7, 8). საჭირო იყო ისეთი გამოსასყიდის გაღება, რომელიც სრულად დაფარავდა იმის ღირებულებას, რაც დაიკარგა. ეს შეესაბამება სრულყოფილი სამართლიანობის პრინციპს, რომელიც ღვთის სიტყვაშია ჩაწერილი: „სულის სანაცვლოდ სული“ (კანონი 19:21). რა დაფარავდა ადამის მიერ დაკარგული სრულყოფილი სიცოცხლის ღირებულებას? სხვა სრულყოფილი სიცოცხლე — „შესაბამისი გამოსასყიდი“ (1 ტიმოთე 2:6).

10. როგორ გაიღო იეჰოვამ გამოსასყიდი?

10 როგორ გაიღო იეჰოვამ გამოსასყიდი? მან დედამიწაზე გამოგზავნა ერთ-ერთი სრულყოფილი სულიერი ძე. იეჰოვამ თავისი არჩევანი უბრალოდ ნებისმიერ სულიერ ქმნილებაზე როდი შეაჩერა. მან ყველაზე საყვარელი, მხოლოდშობილი ძე გამოგზავნა (წაიკითხეთ 1 იოანეს 4:9, 10). თავის მხრივ, ძემ ნებაყოფლობით დატოვა ზეცა (ფილიპელები 2:7). როგორც წინა თავიდან გავიგეთ, იეჰოვამ სასწაული მოახდინა და თავისი ძის სიცოცხლე მარიამის საშვილოსნოში გადაიტანა. ღვთის წმინდა სულის მოქმედების შედეგად, იესო სრულყოფილ და უცოდველ ადამიანად დაიბადა (ლუკა 1:35).

იეჰოვამ ჩვენ გამოსასყიდად თავისი მხოლოდშობილი ძე გაიღო მსხვერპლად

11. როგორ შეეძლო ერთ ადამიანს მილიონობით ადამიანის გამოსყიდვა?

11 როგორ შეეძლო ერთ ადამიანს მილიონობით ადამიანის გამოსყიდვა? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად დავფიქრდეთ, თუ როგორ აღმოჩნდა მილიონობით ადამიანი ცოდვის მონობაში. გაიხსენე, რომ როცა ადამმა ცოდვა ჩაიდინა, სრულყოფილი სიცოცხლე დაკარგა. ასე რომ, ის სრულყოფილებას ვეღარ გადასცემდა თავის შთამომავლებს. მას მხოლოდ ცოდვისა და სიკვდილის გადაცემა შეეძლო. ბიბლია იესოს „უკანასკნელ ადამს“ უწოდებს. მას სრულყოფილი სიცოცხლე ჰქონდა და არასოდეს  შეუცოდავს (1 კორინთელები 15:45). იესომ ჩვენი ხსნის მიზნით, ასე ვთქვათ, ადამის ადგილი დაიკავა. მან ნებაყოფლობით გაიღო საკუთარი სრულყოფილი სიცოცხლე და ღვთისადმი უპირობო მორჩილება გამოავლინა, რის წყალობითაც კაცობრიობა ადამისგან მემკვიდრეობით მიღებული ცოდვისგან გამოისყიდა. ამგვარად, იესომ ადამის შთამომავლები უიმედო მდგომარეობიდან დაიხსნა (რომაელები 5:19; 1 კორინთელები 15:21, 22).

12. რა დაამტკიცა იესომ უკიდურესად მძიმე განსაცდელის დროს?

12 ბიბლიაში დაწვრილებით არის აღწერილი, თუ რა გადაიტანა იესომ სიკვდილის წინ — უმოწყალო გაშოლტვა, ძელზე გაკვრა და წამება (იოანე 19:1, 16—18, 30; დანართი „რატომ არ იყენებენ ჭეშმარიტი ქრისტიანები ჯვარს თაყვანისცემის დროს?“). აუცილებელი იყო, რომ იესო ასე დატანჯულიყო? ამ წიგნის ერთ-ერთი მომდევნო თავიდან გავიგებთ, რომ სატანამ ეჭვქვეშ დააყენა ადამიანთა ერთგულება; მისი მტკიცებით, განსაცდელების დროს ღვთის მსახურები უღალატებდნენ იეჰოვას. უდიდესი ტანჯვის მიუხედავად, იესომ ერთგულება შეინარჩუნა და ამგვარად საუკეთესოდ უპასუხა სატანის გამოწვევას. იესომ დაამტკიცა, რომ, რა მზაკვრული ხერხისთვისაც არ უნდა მიემართა ეშმაკს, ნების თავისუფლებით დაჯილდოებულ სრულყოფილ ადამიანს შეეძლო ღვთისადმი სრულყოფილი ერთგულების შენარჩუნება. უეჭველია, იეჰოვა ძალიან გაახარა საყვარელი ძის ერთგულებამ! (იგავები 27:11).

13. როგორ მოხდა გამოსასყიდის გადახდა?

13 როგორ მოხდა გამოსასყიდის გადახდა? იეჰოვამ დაუშვა, რომ ახ. წ. 33 წელს, ებრაული კალენდრის მიხედვით, 14 ნისანს, მისი სრულყოფილი და უცოდველი ძე მომკვდარიყო. ამგვარად, იესომ „მხოლოდ ერთხელ“ გაიღო მსხვერპლად თავისი სრულყოფილი სიცოცხლე (ებრაელები 10:10). სიკვდილიდან მესამე დღეს იეჰოვამ მკვდრეთით აღადგინა იესო, როგორც სულიერი ქმნილება. ზეცაში იესომ ღმერთს წარუდგინა მსხვერპლად შეწირული სრულყოფილი სიცოცხლის საფასური, რომელიც მან ადამის შთამომავლობის გამოსასყიდად გაიღო (ებრაელები 9:24). იეჰოვამ მიიღო იესოს მსხვერპლის საფასური,  როგორც ცოდვისა და სიკვდილის მონობიდან კაცობრიობის დასახსნელად გაღებული გამოსასყიდი (წაიკითხეთ რომაელების 3:23, 24).

რას შეიძლება ნიშნავდეს გამოსასყიდი შენთვის?

14, 15. რა უნდა გავაკეთოთ, ცოდვები რომ მოგვეტევოს?

14 მიუხედავად იმისა, რომ ცოდვილები ვართ, გამოსასყიდის წყალობით ენით აუწერელი კურთხევების მიღება შეგვიძლია. განვიხილოთ, რის მოცემა შეუძლია ჩვენთვის ამ უძვირფასეს საჩუქარს ახლაც და მომავალშიც.

15 ცოდვების მიტევება. მემკვიდრეობით მიღებული არასრულყოფილების გამო ჩვენთვის ნამდვილად არ არის ადვილი იმის კეთება, რაც სწორია. სიტყვით თუ საქმით ყველა ვცოდავთ. მაგრამ იესოს მიერ გადახდილი გამოსასყიდის საფუძველზე „მოგვეტევა ჩვენი ცოდვები“ (კოლოსელები 1:13, 14). ღმერთმა რომ გვაპატიოს ცოდვები, აუცილებელია, გულწრფელად მოვინანიოთ. გარდა ამისა, იეჰოვას თავმდაბლურად უნდა ვთხოვოთ ცოდვების პატიება მისი ძის მიერ გადახდილი გამოსასყიდისადმი ჩვენი რწმენის საფუძველზე (წაიკითხეთ 1 იოანეს 1:8, 9).

16. რა გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ღმერთს სუფთა სინდისით ვცეთ თაყვანი, და რატომ არის მნიშვნელოვანი სუფთა სინდისი?

16 სუფთა სინდისი ღვთის წინაშე. სინდისის ქენჯნის გამო შეიძლება გულგატეხილობა დაგვეუფლოს და თავი უღირსად ვიგრძნოთ. მაგრამ იეჰოვა ღმერთი გამოსასყიდის საფუძველზე გვპატიობს ცოდვებს, რითაც ჩვენდამი სიკეთეს ავლენს და შესაძლებლობას გვაძლევს, არასრულყოფილების მიუხედავად, სუფთა სინდისით ვცეთ თაყვანი (ებრაელები 9:13, 14). ამის წყალობით შეგვიძლია იეჰოვასთან „სიტყვაში სითამამე“ გვქონდეს და თავისუფლად მივუახლოვდეთ მას ლოცვის მეშვეობით (ებრაელები 4:14—16). სუფთა სინდისი სულის სიმშვიდეს გვაძლევს, პირადი ღირსების გრძნობის შენარჩუნებაში გვეხმარება და ბედნიერებას გვანიჭებს.

17. რა კურთხევების მიღების შესაძლებლობას გვაძლევს ის, რომ იესო ჩვენთვის მოკვდა?

 17 დედამიწაზე სამოთხეში მარადიულად ცხოვრების იმედი. „ცოდვის საზღაური სიკვდილია“, — ნათქვამია რომაელების 6:23-ში. ამავე მუხლში ვკითხულობთ: „ხოლო ძღვენი, რომელსაც ღმერთი გვაძლევს — მარადიული სიცოცხლე ჩვენი უფლის ქრისტე იესოს მეშვეობით“. ამ წიგნის მე-3 თავში განვიხილეთ, თუ როგორი ცხოვრება იქნება დედამიწაზე სამოთხეში (გამოცხადება 21:3, 4). მარადიული სიცოცხლის, სრულყოფილი ჯანმრთელობისა და სხვა კურთხევების მიღება იმის წყალობითაა შესაძლებელი, რომ იესო მოკვდა ჩვენთვის. ამ ყველაფრის მისაღებად ჩვენი მხრიდან აუცილებელია, მადლიერება გამოვავლინოთ გამოსასყიდისთვის.

როგორ შეგიძლია მადლიერების გამოვლენა?

18. რატომ უნდა ვიყოთ იეჰოვას მადლიერნი გამოსასყიდისთვის?

18 რატომ უნდა ვიყოთ იეჰოვას მადლიერნი გამოსასყიდისთვის? ვინმესგან საჩუქრის მიღება განსაკუთრებით სასიამოვნოა, როცა იცი, რომ ამისთვის მას საკმაო დრო, ძალისხმევა ან თანხა დასჭირდა. საჩუქარი კიდევ უფრო ძვირფასი ხდება, როცა ხედავ, რომ ის სიყვარულით გაჩუქეს. გამოსასყიდი ყველაზე ძვირფასი საჩუქარია, რადგან იეჰოვამ ამისთვის უდიდესი  მსხვერპლი გაიღო. „ღმერთმა ქვეყნიერება ისე შეიყვარა, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა“, — ნათქვამია იოანეს 3:16-ში. გამოსასყიდი ყველაზე ძლიერი მტკიცებაა იმისა, რომ იეჰოვას ძალიან ვუყვარვართ. გამოსასყიდი იესოს სიყვარულზეც მეტყველებს, რადგან მან ჩვენთვის ნებაყოფლობით გასწირა სიცოცხლე (წაიკითხეთ იოანეს 15:13). დიახ, გამოსასყიდმა უნდა დაგვარწმუნოს, რომ იეჰოვას და მის ძეს თითოეული ჩვენგანი ვუყვარვართ (გალატელები 2:20).

თუ იეჰოვას შესახებ მეტს გაიგებ, მადლიერებას გამოავლენ მის მიერ გაღებული გამოსასყიდისთვის

19, 20. როგორ შეგიძლია აჩვენო, რომ მადლიერი ხარ გამოსასყიდისთვის?

19 მაშ, როგორ შეგიძლია იმის ჩვენება, რომ მადლიერი ხარ ღვთის ამ საჩუქრისთვის, გამოსასყიდისთვის? უპირველესად, უფრო მეტი გაიგე იეჰოვას შესახებ, ვისგანაც ეს საჩუქარი მივიღეთ (იოანე 17:3). თუ ამ სახელმძღვანელოს საშუალებით შეისწავლი ბიბლიას, უკეთ გაიცნობ იეჰოვას. რაც უფრო მეტს გაიგებ იეჰოვას შესახებ, მით უფრო მეტად შეიყვარებ მას. ასეთი სიყვარული კი მისი ნების შესრულების სურვილს აღგიძრავს (1 იოანე 5:3).

20 გამოავლინე რწმენა იესოს გამომსყიდველური მსხვერპლის მიმართ. იესოს შესახებ ნათქვამია: „ვისაც ძე სწამს, მარადიული სიცოცხლე აქვს“ (იოანე 3:36). რა იქნება იმის მაჩვენებელი, რომ გვწამს იესო? რწმენა მხოლოდ სიტყვებში არ ვლინდება. იაკობის 2:26-ში ნათქვამია, რომ რწმენა „მკვდარია საქმეების გარეშე“. დიახ, ნამდვილი რწმენა „საქმეებით“ უნდა დამტკიცდეს. იესოსადმი რწმენის გამოვლენის ერთ-ერთი საშუალებაა, ყოველმხრივ შევეცადოთ, მივბაძოთ მას არა მარტო სიტყვით, არამედ საქმითაც (იოანე 13:15).

21, 22. ა) რატომ უნდა დავესწროთ უფლის გახსენების საღამოს, რომელიც ყოველწლიურად აღინიშნება? ბ) რა საკითხს შევეხებით მე-6 და მე-7 თავებში?

21 დაესწარი უფლის გახსენების საღამოს, რომელიც ყოველწლიურად აღინიშნება. ეს დღე იესომ ახ. წ. 33 წლის 14 ნისანს, საღამოს, დააწესა და ის ბიბლიაში „უფლის ვახშმად“ არის მოხსენიებული (1 კორინთელები 11:20; მათე 26:26—28). მას ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოც ეწოდება. ეს საღამო  იესომ იმიტომ დააწესა, რომ მოციქულებს და ყველა ჭეშმარიტ ქრისტიანს ხსომებოდათ, რომ მან თავისი სრულყოფილი სიცოცხლე გამოსასყიდად გაიღო. ამ განსაკუთრებული დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით იესომ თქვა: „ეს აკეთეთ ჩემ გასახსენებლად“ (ლუკა 22:19). როდესაც გახსენების საღამოს აღვნიშნავთ, საკუთარ თავს შევახსენებთ, რომ იეჰოვა ღმერთმა და იესო ქრისტემ უდიდესი სიყვარული გამოავლინეს ჩვენ მიმართ. თუ ყოველწლიურად დავესწრებით გახსენების საღამოს, მადლიერებას გამოვავლენთ გამოსასყიდისთვის. *

22 გამოსასყიდი ნამდვილად საუკეთესო საჩუქარია იეჰოვასგან (2 კორინთელები 9:14, 15). ამ უძვირფასეს ძღვენს სიკეთის მოტანა გარდაცვლილთათვისაც კი შეუძლია. მე-6 და მე-7 თავებში ამ საკითხს შევეხებით.

^ აბზ. 21 უფლის გახსენების საღამოსთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ დანართი „უფლის გახსენების საღამო — მისი აღნიშვნა პატივს მიაგებს ღმერთს“.