წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?

 თავი 9

ნამდვილად „ბოლო დღეებში“ ვცხოვრობთ?

ნამდვილად „ბოლო დღეებში“ ვცხოვრობთ?
  • რა მოვლენებია ნაწინასწარმეტყველები ბიბლიაში „ბოლო დღეებთან“ დაკავშირებით?

  • რას ამბობს ღვთის სიტყვა „ბოლო დღეებში“ მცხოვრები ხალხის შესახებ?

  • რა გამამხნევებელი წინასწარმეტყველებებია ჩაწერილი ბიბლიაში „ბოლო დღეების“ შესახებ?

1. საიდან შეგვიძლია გავიგოთ, რა მოხდება მომავალში?

გქონია შემთხვევა, როცა ახალი ამბების მოსმენის შემდეგ შეშფოთებულს გიფიქრია: „რა ელის მსოფლიოს?“. უბედურებები იმდენად მოულოდნელად ატყდებათ ადამიანებს თავს, რომ ვერავინ იტყვის, რას მოგვიტანს ხვალინდელი დღე (იაკობი 4:14). მაგრამ იეჰოვა ღმერთმა იცის, თუ რა მოხდება მომავალში (ესაია 46:10). საუკუნეების წინათ თავის სიტყვაში, ბიბლიაში, მან იწინასწარმეტყველა არა მარტო იმ უბედურებების შესახებ, რომლებიც ჩვენს დღეებში ხდება, არამედ იმ ენით აუწერელი კურთხევების შესახებაც, რომლებიც ახლო მომავალში გველოდება.

2, 3. რა კითხვა დაუსვეს მოწაფეებმა იესოს და რა უპასუხა მან?

2 იესო ქრისტე ქადაგებდა ღვთის სამეფოს შესახებ, რომელიც ბოლოს მოუღებს ბოროტებას და დედამიწას სამოთხედ გადააქცევს (ლუკა 4:43). ხალხს აინტერესებდა, როდის მოვიდოდა ღვთის სამეფო. ერთხელ მოწაფეებმა იესოს ჰკითხეს: „რა იქნება შენი მოსვლისა და ქვეყნიერების აღსასრულის ნიშანი?“ (მათე 24:3). იესომ მათ უპასუხა, რომ მხოლოდ იეჰოვა ღმერთმა იცოდა ზუსტი დრო, თუ როდის მოეღებოდა ბოლო ამ ქვეყნიერებას (მათე 24:36). მიუხედავად ამისა, მან იწინასწარმეტყველა,  რა უნდა მომხდარიყო მანამდე, სანამ ღვთის სამეფო ხალხს ნამდვილ მშვიდობასა და უსაფრთხოებას მოუტანდა. მის მიერ ნაწინასწარმეტყველები მოვლენები ჩვენს დროში სრულდება!

3 სანამ ვიმსჯელებთ იმაზე, რომ „ქვეყნიერების აღსასრულის“ წინა პერიოდში ვცხოვრობთ, მოკლედ ვისაუბროთ ომზე, რომელიც არც ერთ ადამიანს არ უნახავს. ეს ომი ზეცაში მოხდა და მისმა შედეგებმა გავლენა იქონია ჩვენზე.

ომი ზეცაში

4, 5. ა) რა მოხდა ზეცაში იესოს გამეფების შემდეგ? ბ) გამოცხადების 12:12-ის თანახმად, რა მოჰყვა შედეგად ზეცაში მომხდარ ომს?

4 ამ წიგნის წინა თავიდან გავიგეთ, რომ 1914 წელს იესო ქრისტე ზეცაში გამეფდა (წაიკითხეთ დანიელის 7:13, 14). ძალაუფლების მიღების შემდეგ ის მალე მოქმედებას შეუდგა. ბიბლია ამბობს: „ატყდა ზეცაში ომი. მიქაელი * [იესოს სხვა სახელი] და მისი ანგელოზები ებრძოდნენ დრაკონს. იბრძოდნენ დრაკონი [სატანა ეშმაკი] და მისი ანგელოზები“. სატანა და მისი ბოროტი ანგელოზები, ანუ დემონები, დამარცხდნენ ამ ომში და ზეციდან დედამიწაზე იქნენ გადმოყრილნი. ამ მოვლენამ ღვთის ერთგულ სულიერ ქმნილებებს დიდი სიხარული მოუტანა. მაგრამ ასეთი სიხარულის მიზეზი ადამიანებს არ ექნებოდათ. ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველები იყო: „ვაი მიწას . . . ვინაიდან თქვენთან ჩამოვიდა ეშმაკი, დიდად განრისხებული, რადგან იცის, რომ დრო ცოტაღა დარჩა“ (გამოცხადება 12:7, 9, 12).

5 ყურადღება მიაქციე, რა უნდა მოჰყოლოდა ზეცაში მომხდარ ომს. განრისხებული სატანა ხალხს დედამიწაზე „ვაის“ ანუ უბედურებებს მოუტანდა. ამ თავიდან დაინახავ, რომ ჩვენ სწორედ ამ დროში ვცხოვრობთ. მაგრამ ეს პერიოდი შედარებით ხანმოკლე იქნება. ზეციდან ჩამოგდების შემდეგ სატანას „დრო ცოტაღა დარჩა“ და ეს მან თვითონაც კარგად იცის. დროის ამ მონაკვეთს ბიბლია „ბოლო დღეებს“ უწოდებს (2 ტიმოთე 3:1). ნამდვილად სასიხარულოა, რომ დედამიწაზე ღმერთი მალე  სატანის ზეგავლენის ყოველგვარ კვალს წაშლის! ახლა კი შევეხოთ ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველებ მოვლენებს, რომლებიც ჩვენს დროში ხდება. ეს დაგვანახვებს, რომ ბოლო დღეებში ვცხოვრობთ და ღვთის სამეფო მალე მარადიულ ბედნიერებას მოუტანს მათ, ვისაც უყვარს იეჰოვა. უპირველესად განვიხილოთ ოთხი თავისებურება, რომლებიც, იესოს მიერ ნაწინასწარმეტყველები ნიშნის თანახმად, ჩვენი დროისთვის უნდა ყოფილიყო დამახასიათებელი.

ბოლო დღეებისთვის დამახასიათებელი მოვლენები

6, 7. როგორ სრულდება იესოს სიტყვები ომებისა და საკვების უკმარისობის შესახებ?

6 „ერი ერის წინააღმდეგ აღსდგება და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ“ (მათე 24:7). გასულ საუკუნეში მომხდარმა ომებმა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ერთმა ბრიტანელმა ისტორიკოსმა დაწერა: „ისტორიის განმავლობაში XX საუკუნე ყველაზე სისხლიანი საუკუნე იყო . . . ეს იყო საუკუნე, როდესაც ომები თითქმის არ შეწყვეტილა, მხოლოდ რამდენიმე ხანმოკლე პერიოდი იყო, როცა შეიარაღებული დაპირისპირებები არ მომხდარა“. ერთ-ერთი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მონაცემების მიხედვით, „XX საუკუნის ომებში ადამიანთა მსხვერპლი სამჯერ უფრო მეტი იყო, ვიდრე I საუკუნიდან 1899 წლის ჩათვლით მომხდარ ყველა ომში“ (Worldwatch  Institute). 1914 წლიდან დაწყებული ომებმა 100 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საკუთარი გამოცდილებიდან ვიცით, რას ნიშნავს საყვარელი ადამიანის ომში დაკარგვა, ბოლომდე მაინც ვერ წარმოვიდგენთ ტკივილს, რაც მილიონობით ადამიანმა გამოსცადა.

7 „იქნება საკვების უკმარისობა“ (მათე 24:7). სპეციალისტები ამბობენ, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში საკვები პროდუქტების წარმოება საკმაოდ გაიზარდა. მიუხედავად ამისა, მრავალ ადამიანს არა აქვს საკმარისი საკვები. მათ არა აქვთ ფული, რომ იყიდონ საკვები ან მიწა, სადაც მოსავალს მოიყვანდნენ. განვითარებად ქვეყნებში მილიარდზე მეტი ადამიანის შემოსავალი დღეში ერთი დოლარი ან უფრო ნაკლებია. მათი უმრავლესობა, შეიძლება ითქვას, გამუდმებით შიმშილობს. „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის“ მონაცემების თანახმად, ცუდი კვება ყოველწლიურად 5 მილიონზე მეტი ბავშვის სიკვდილის მიზეზი ხდება.

8, 9. რა აჩვენებს, რომ სრულდება იესოს წინასწარმეტყველება მიწისძვრებისა და ეპიდემიების შესახებ?

8 „იქნება დიდი მიწისძვრები“ (ლუკა 21:11). შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის მიერ მოწოდებული ცნობების თანახმად, ყოველწლიურად საშუალოდ 19 ძლიერი მიწისძვრა ხდება. ეს მიწისძვრები იმდენად ძლიერია, რომ ზიანდება შენობები და სკდება მიწა. გარდა ამისა, თითქმის ყოველ წელს ხდება ისეთი  მიწისძვრები, რომლებიც მთლიანად ანგრევს შენობებს. დღეს არსებული მონაცემებით, 1900 წლიდან მოყოლებული მიწისძვრების შედეგად 2 მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ერთი წყაროს თანახმად, „ტექნიკის განვითარებამ ოდნავ თუ შეამცირა სიკვდილიანობა“.

9 „იქნება . . . ეპიდემიები“ (ლუკა 21:11). მედიცინის წინსვლის მიუხედავად, კაცობრიობა თავს ვერ აღწევს ძველ თუ ახალ დაავადებებს. ერთ ანგარიშში ნათქვამია, რომ 20 ცნობილი დაავადება, მათ შორის ტუბერკულოზი, მალარია და ქოლერა, ბოლო ათწლეულების განმავლობაში უფრო მეტად გავრცელდა და ამ დაავადებათაგან ზოგის განკურნება უფრო და უფრო რთულდება მედიკამენტების საშუალებით. ამასთანავე, გავრცელდა, სულ მცირე, 30 ახალი დაავადება. მათგან ზოგი დღესდღეობით განუკურნებელი და სასიკვდილოა.

ბოლო დღეებში მცხოვრები ხალხი

10. რა თვისებებს ავლენენ დღეს ადამიანები, როგორც ამის შესახებ 2 ტიმოთეს 3:1—5-შია ნაწინასწარმეტყველები?

10 ზემოთ განხილული ზოგიერთი მოვლენის გარდა, ბიბლიაში ისიც იყო ნაწინასწარმეტყველები, რომ ბოლო დღეებში ხალხი შეიცვლებოდა. მოციქულმა პავლემ აღწერა, თუ როგორი იქნებოდა ხალხი მთლიანობაში. ღვთის სიტყვაში ნათქვამია: „ბოლო დღეებში მძიმე, ძნელად ასატანი დრო დადგება“ (წაიკითხეთ  2 ტიმოთეს 3:1—5). პავლემ თქვა, რომ ადამიანები იქნებოდნენ:

  • საკუთარი თავის მოყვარულები

  • ფულის მოყვარულები

  • მშობლების ურჩები

  • ორგულები

  • თბილ გრძნობებს მოკლებულები

  • თავშეუკავებლები

  • სასტიკები

  • უფრო სიამოვნებათა მოყვარულები, ვიდრე ღვთისა

  • გარეგნულად ღვთის ერთგულები, სინამდვილეში კი ღვთისადმი ერთგულება გავლენას არ მოახდენდა მათზე

11. როგორაა ფსალმუნებში აღწერილი ის, თუ რა დაემართებათ ბოროტებს?

11 ასეთია ხალხი იქ, სადაც შენ ცხოვრობ? დიდი ალბათობაა, რომ ეს ასეა. ცუდი თვისებების მქონე ადამიანები ყველგან არიან. ღმერთი მალე ზომებს მიიღებს მათ წინააღმდეგ. ბიბლია ამბობს: „როცა ბალახივით აღმოცენდებიან ბოროტნი და სიავის მქნელნი გაიფურჩქნებიან, სამუდამოდ მოისპობიან ისინი“ (ფსალმუნი 92:7).

სასიხარულო მოვლენები

12, 13. როგორ იმატა ცოდნამ „უკანასკნელ დროში“?

12 ბოლო დღეებში მართლაც უამრავი უბედურება ხდება, როგორც ეს ბიბლიაშია  ნაწინასწარმეტყველები. მაგრამ ამ უკიდურესად მძიმე დროშიც კი მათ, ვინც იეჰოვას სცემს თაყვანს, ნამდვილად აქვთ სიხარულის არაერთი მიზეზი.

13 „გამრავლდება ჭეშმარიტი ცოდნა“, — ეს ნაწინასწარმეტყველები იყო ბიბლიის წიგნ „დანიელში“. როდის მოხდებოდა ეს? „უკანასკნელ დროში“ (დანიელი 12:4). განსაკუთრებით 1914 წლიდან იეჰოვა ბიბლიის უკეთ გაგებაში ეხმარება მათ, ვისაც გულწრფელად სურს, ემსახუროს მას. შედეგად, მათ გაიგეს ჭეშმარიტება ღვთის სახელის და მისი განზრახვის, იესო ქრისტეს მიერ გაღებული მსხვერპლის, მკვდრების მდგომარეობისა და მკვდრეთით აღდგომის შესახებ. იეჰოვას თაყვანისმცემლებმა ისწავლეს, თუ როგორ უნდა იცხოვრონ ღვთის მოსაწონად, რათა თავადაც ბედნიერნი იყვნენ და ღმერთიც განადიდონ. აგრეთვე, მათ უკეთ გაიგეს, რა როლს ასრულებს ღვთის სამეფო და როგორ გამოასწორებს დედამიწაზე არსებულ მდგომარეობას. რისკენ აღძრავს მათ ეს ცოდნა? ამ კითხვასთან დაკავშირებულია კიდევ ერთი წინასწარმეტყველება, რომელიც ბოლო დღეებში სრულდება.

„ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად“ (მათე 24:14)

14. რამდენად ფართოდ ვრცელდება ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა და ვინ ავრცელებს ამ ცნობას?

14 „ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში“, — თქვა იესო ქრისტემ თავის წინასწარმეტყველებაში, რომელიც „ქვეყნიერების აღსასრულს“ ეხებოდა (წაიკითხეთ მათეს 24:3, 14). დღეს ღვთის სამეფოს შესახებ ქადაგება 230-ზე მეტ ქვეყანაში თუ ტერიტორიაზე ასობით ენაზე მიმდინარეობს. მილიონობით იეჰოვას მოწმე გულმოდგინედ აუწყებს ხალხს, თუ რა არის ღვთის სამეფო, რას გააკეთებს ის და რა მოგვეთხოვება იმისათვის, რომ მისი საშუალებით ღმერთმა ჩვენც გვაკურთხოს. ამ სასიხარულო ცნობის მქადაგებლები „ყველა ერიდან და ტომიდან, ხალხიდან და ენიდან“ არიან (გამოცხადება 7:9). ისინი უფასოდ ასწავლიან ბიბლიას მილიონობით ადამიანს, რომელთაც სურთ, გაეცნონ ბიბლიურ ჭეშმარიტებას. მართლაც შთამბეჭდავია ქადაგებასთან დაკავშირებული ბიბლიური წინასწარმეტყველების შესრულება, მით უმეტეს, თუ მხედველობაში მივიღებთ იესოს წინასწარმეტყველებას, რომ ჭეშმარიტ ქრისტიანებს ყველა შეიძულებდა! (ლუკა 21:17).

 რას გააკეთებ?

15. ა) გჯერა, რომ ნამდვილად ბოლო დღეებში ვცხოვრობთ? ახსენი. ბ) რას ნიშნავს „აღსასრული“ ღვთის მოწინააღმდეგეთათვის და მათთვის, ვინც ემორჩილება ღვთის სამეფოს მმართველობას?

15 განა არ ეთანხმები იმას, რომ ნამდვილად ბოლო დღეებში ვცხოვრობთ? ჩვენ თვალწინ ხომ ამდენი ბიბლიური წინასწარმეტყველება სრულდება?! როცა სასიხარულო ცნობის ქადაგება იეჰოვასთვის სასურველ მასშტაბებს მიაღწევს, აღსასრულიც დადგება (მათე 24:14). სიტყვა „აღსასრულში“ იგულისხმება ის დრო, როდესაც ღმერთი დედამიწაზე ყოველგვარ ბოროტებას მოსპობს. იეჰოვა ღმერთი იესო ქრისტესა და ძლევამოსილი ანგელოზების მეშვეობით გაანადგურებს ყველას, ვინც მას შეგნებულად ეწინააღმდეგება (2 თესალონიკელები 1:6—9). სატანასა და მის დემონებს აღარ ექნებათ ხალხის შეცდომაში შეყვანის შესაძლებლობა. შემდეგ კი ღვთის სამეფო უხვად აკურთხებს მათ, ვინც ემორჩილება მის სამართლიან მმართველობას (გამოცხადება 20:1—3; 21:3—5).

16. რის გაკეთება იქნება შენი მხრიდან გონივრული?

16 სატანის ქვეყნიერების აღსასრული ახლოვდება. ამიტომ თითოეულს გვმართებს, ვკითხოთ საკუთარ თავს: „რის გაკეთება მმართებს?“. გონივრული იქნება, უფრო მეტი გავიგოთ იეჰოვასა და მისი მოთხოვნების შესახებ (იოანე 17:3). სერიოზულად მოეკიდე ბიბლიის შესწავლას. ურთიერთობა იქონიე მათთან, ვინც ცდილობს, იეჰოვას ნების თანახმად იცხოვროს (წაიკითხეთ ებრაელების 10:24, 25). მიიღე ცოდნა იეჰოვა ღმერთის შესახებ, რაშიც მისი სიტყვის შესწავლა დაგეხმარება, და საჭირო ცვლილებები მოახდინე ცხოვრებაში, რათა ღვთის კეთილგანწყობილება მოიპოვო (იაკობი 4:8).

17. რატომ იქნება ბოროტების განადგურება უმრავლესობისთვის მოულოდნელი?

17 იესოს წინასწარმეტყველების თანახმად, ადამიანთა უმრავლესობა, მრავალი მტკიცებულების მიუხედავად, არ დაიჯერებდა, რომ ბოლო დღეებში ვცხოვრობთ. ბოროტების აღსასრულის დრო უეცრად დადგება. უმრავლესობისთვის ეს მოვლენა ისეთივე მოულოდნელი იქნება, როგორც ღამით ქურდის მოსვლა  (წაიკითხეთ 1 თესალონიკელების 5:2). იესომ გაგვაფრთხილა: „როგორც ნოეს დროს იყო, ისევე იქნება მაშინ, როცა კაცის ძე მოსული იქნება. როგორც წარღვნის წინა პერიოდში ჭამდნენ, სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ იმ დღემდე, ვიდრე ნოე კიდობანში შევიდოდა და არაფერი ანაღვლებდათ, სანამ წარღვნა არ მოვიდა და ყველა არ წალეკა, ასევე იქნება მაშინ, როცა კაცის ძე მოსული იქნება“ (მათე 24:37—39).

18. იესოს რომელი გაფრთხილება უნდა გავითვალისწინოთ?

18 იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „დაუკვირდით საკუთარ თავს, რომ გული არ დაგიმძიმდეთ გადამეტებული ჭამა-სმითა და ცხოვრებისეული საზრუნავით და მოულოდნელად არ დაგატყდეთ ის დღე როგორც მახე, რადგან ის დედამიწის ყველა მცხოვრებს დაატყდება. მაშ, იფხიზლეთ და მუდამ იმის ვედრებაში იყავით, რომ თავი დააღწიოთ მოსახდენს და [ღირსეულად] წარსდგეთ კაცის ძის წინაშე“ (ლუკა 21:34—36). გონივრულია, ყურად ვიღოთ იესოს სიტყვები. რატომ? ის ადამიანები, რომლებიც მოიპოვებენ იეჰოვა ღმერთისა და „კაცის ძის“ ანუ იესო ქრისტეს კეთილგანწყობილებას, გადაიტანენ ქვეყნიერების აღსასრულს და მარადიულად იცხოვრებენ ახალ ქვეყნიერებაში. ეს დრო კი ნამდვილად ახლოსაა! (იოანე 3:16; 2 პეტრე 3:13).

^ აბზ. 4 იხილეთ დანართი „ვინ არის მთავარანგელოზი მიქაელი?“, სადაც მოცემულია იმის დამადასტურებელი მასალა, რომ მიქაელი იესო ქრისტეს სხვა სახელია, გვერდები 218, 219.

გაიგეთ მეტი

რატომ ვსწავლობთ ბიბლიას?

ბიბლია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან კითხვებზე მილიონობით ადამიანს სცემს პასუხს მთელ მსოფლიოში. თქვენც ისურვებთ ამ კითხვებზე პასუხების მიღებას?