არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

„მიჰბაძეთ მათ რწმენას“

 თავი 13

მან საკუთარ შეცდომებზე ისწავლა

მან საკუთარ შეცდომებზე ისწავლა

1, 2. ა) რა მდგომარეობაში აღმოჩნდა იონა და რა დღეში აღმოჩნდნენ მის გამო მეზღვაურები? ბ) რას ვსწავლობთ მისი შემთხვევიდან?

იონას საშინელი ხმები მოსვენებას არ აძლევდა. ეს არ იყო მხოლოდ ძლიერი ქარის ხმა, რომელიც აქანავებდა ხომალდის ბაგირს, და არც მხოლოდ ფიცრების ჭრიალის ხმა, რასაც ხომალდზე ტალღების შეხეთქება იწვევს. იონაზე ყველაზე მეტად ხომალდის მეთაურისა და მეზღვაურების ყვირილი მოქმედებდა, რომლებიც ხომალდის გადარჩენას ლამობდნენ. იონამ იცოდა, რომ ისინი ვერ გადარჩებოდნენ და ეს მისი ბრალი იქნებოდა.

2 რატომ აღმოჩნდა იონა ასეთ რთულ მდგომარეობაში? ამის მიზეზი ისაა, რომ იეჰოვას არ დაუჯერა. რა დააშავა იონამ? გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა მან? ამ კითხვებზე გაცემული პასუხებიდან ბევრ რამეს ვისწავლით. მაგალითად, იონას შემთხვევიდან დავინახავთ, რომ მათაც კი, ვისაც ნამდვილი რწმენა აქვთ, შეიძლება შეცდომები დაუშვან; აგრეთვე გავიგებთ, როგორ შეუძლიათ მათ ამ შეცდომების გამოსწორება.

წინასწარმეტყველი გალილეიდან

3—5. ა) რა ახსენდება ხშირად ბევრს, როდესაც იონას სახელი ესმით? ბ) რა ვიცით იონას წარმომავლობაზე? (იხილეთ სქოლიო) გ) რატომ არ იყო იონასთვის წინასწარმეტყველად მსახურება იოლი და სასიამოვნო?

3 იონას ხსენებაზე ბევრს, ძირითადად, მისი უარყოფითი მხარეები, ურჩობა და სიჯიუტე ახსენდება. მაგრამ მხოლოდ ასეთი წარმოდგენა უნდა გვქონდეს მასზე? გაიხსენეთ, იეჰოვა ღმერთმა იონა თავის წინასწარმეტყველად აირჩია. იეჰოვა ასეთ სერიოზულ პასუხისმგებლობას ორგულ და უმართლო ადამიანს არ დააკისრებდა.

როდესაც იონაზე ვსაუბრობთ, მხოლოდ მისი შეცდომები არ უნდა გაგვახსენდეს

4 ბიბლია გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის იონას წარმომავლობაზე  (წაიკითხეთ 2 მეფეების 14:25). ის იყო გათ-ჰეფერიდან, რომელიც 4 კილომეტრით იყო დაშორებული ნაზარეთიდან — იმ ქალაქიდან, სადაც დაახლოებით რვა საუკუნის შემდეგ იესო ქრისტე გაიზარდა. * იონა წინასწარმეტყველად იმ პერიოდში მსახურობდა, როცა იერობოამ II ისრაელის ათი ტომისგან შემდგარ სამეფოზე მეფობდა. იმ დროისთვის ელია უკვე დიდი ხნის მკვდარი იყო, მისი საქმის გამგრძელებელი ელისე კი იერობოამის მამის მეფობის დროს გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვამ ეს წინასწარმეტყველები ბაალის თაყვანისმცემლობის აღმოსაფხვრელად გამოიყენა, ისრაელები კვლავაც ეწინააღმდეგებოდნენ ჭეშმარიტ ღმერთს. ქვეყანას განაგებდა მეფე, რომელიც „ბოროტებას სჩადიოდა იეჰოვას თვალში“ (2 მეფ. 14:24). ასე რომ, იონას მსახურება იოლი და სასიამოვნო საქმე არ იქნებოდა. მიუხედავად ამისა, ის ერთგულად ასრულებდა თავის პასუხისმგებლობას.

5 ერთ დღეს იონა სერიოზული არჩევნის წინაშე დადგა. მან იეჰოვასგან დავალება მიიღო, რომელიც ძალიან რთული მოეჩვენა. რისი გაკეთება დაავალა მას იეჰოვამ?

„ადექი, წადი . . . ნინევეში“

6. რა დაავალა იეჰოვამ იონას, და რატომ იყო ეს დავალება, ერთი შეხედვით, საშიში?

6 იეჰოვამ იონას უთხრა: „ადექი, წადი დიდ ქალაქ ნინევეში და გამოუცხადე მას, რომ ჩემამდე მოაღწია მისმა ბოროტებამ“ (იონ. 1:2). ძნელი წარმოსადგენი არაა, რატომ შეიძლებოდა ამ დავალების შესრულება, ერთი შეხედვით, საშიში ყოფილიყო. ნინევეში ჩასასვლელად იონას დაახლოებით 800 კილომეტრი უნდა გაევლო აღმოსავლეთისკენ, რასაც საშუალოდ ერთი თვე დასჭირდებოდა. თუმცა მგზავრობასთან დაკავშირებული სირთულეები არაფერი იყო იმასთან შედარებით, რაც იონას ნინევეში უნდა გაეკეთებინა. მას ნინევეში იეჰოვას განაჩენი უნდა გაეცხადებინა. იქ მცხოვრები ასურელები სასტიკები და დაუნდობლები იყვნენ. რისი მოლოდინი უნდა ჰქონოდა იონას ამ წარმართი ხალხისგან იმ დროს, როცა ღვთის ხალხშიც კი ძალიან ცოტა ეხმაურებოდა მის ქადაგებას? როგორ გაართმევდა თავს ღვთის ეს ერთადერთი წინასწარმეტყველი ამ საქმეს დიდ ქალაქ ნინევეში, რომელსაც „სისხლისმღვრელი ქალაქი“ ეწოდა? (ნაუმ. 3:1, 7).

7, 8. ა) რატომ გაიქცა იონა? ბ) რატომ არ უნდა დავასკვნათ, რომ იონა მშიშარა იყო?

7 ჩვენ ზუსტად არ ვიცით, მაგრამ შესაძლოა იონას თავში მსგავსი აზრები უტრიალებდა. როგორც უნდა ყოფილიყო, ერთი რამ მაინც ცხადია — ის გაიქცა. იეჰოვას მითითებით, იონა აღმოსავლეთისკენ  უნდა წასულიყო, ის კი პირიქით, რაც შეიძლება შორს, დასავლეთისკენ წავიდა. იონა ჩავიდა საპორტო ქალაქ იოპეში და თარშიშში მიმავალ ხომალდზე ავიდა. ზოგი მკვლევრის აზრით, თარშიში ესპანეთში მდებარეობდა. თუ ეს ასეა, გამოდის, რომ იონამ ნინევედან დაახლოებით 3 500 კილომეტრით დაშორებული ადგილისკენ აიღო გეზი. მას მოუწევდა დიდი ზღვის (ასე ერქვა იმ დროს ხმელთაშუა ზღვას) გადაკვეთა, რასაც შეიძლებოდა ერთი წელი დასჭირვებოდა. იეჰოვას დავალებისთვის რომ თავი აერიდებინა, იონა მზად იყო, ამხელა მანძილი გაევლო (წაიკითხეთ იონას 1:3).

8 ხომ არ ფიქრობთ, რომ იონა მშიშარა იყო? კარგი იქნება, თუ ნაჩქარევ დასკვნას არ გავაკეთებთ. განხილვიდან დავინახავთ, რომ მას საკმაო გაბედულება ჰქონდა. თუმცა, ჩვენ მსგავსად, ისიც არასრულყოფილი იყო და მრავალ სისუსტესთან უწევდა ბრძოლა (ფსალმ. 51:5). დაფიქრდით, რომელ ჩვენგანს არ დაუფლებია შიში?

9. რატომ შეიძლება ზოგჯერ გვაშინებდეს იეჰოვას დავალება და რა არ უნდა დაგვავიწყდეს ასეთ დროს?

9 ხანდახან შეიძლება იეჰოვას დავალების შესრულება ძალიან რთული ან შეუძლებელიც კი გვგონია. შესაძლოა ჩვენც გვაშინებს იმ საქმის შესრულება, რომელიც ქრისტიანებს ევალებათ — ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგება (მათ. 24:14). ძალიან ადვილია, დაგვავიწყდეს იესოს სიტყვები: „ღვთისთვის ყველაფერი შესაძლებელია“ (მარ. 10:27). თუ დროდადრო მხედველობიდან გვრჩება ეს სიტყვები, ალბათ, უკეთ გავუგებთ იონას. ვნახოთ, როგორ განვითარდა მოვლენები იონას გაქცევის შემდეგ.

იეჰოვამ ჭკუა ასწავლა ურჩ წინასწარმეტყველს

10, 11. ა) რას იმედოვნებდა იონა, როდესაც ხომალდმა ნაპირი დატოვა? ბ) რა საფრთხე დაემუქრა ხომალდსა და მასზე მყოფ ხალხს?

10 იონა, როგორც ჩანს, ფინიკიელთა სავაჭრო ხომალდზე ავიდა. ის თვალს ადევნებდა ხომალდის მეთაურსა და მეზღვაურებს, რომლებიც ზღვაში გასასვლელად ემზადებოდნენ. სანაპირო ზოლი თანდათანობით თვალს მიეფარა და იონამ შესაძლოა იფიქრა, რომ თავი დააღწია საფრთხეს. მაგრამ მოულოდნელად ამინდი აირია.

11 ძლიერმა ქარმა ზღვა ისე ააბობოქრა, რომ მის ზვირთებში თანამედროვე გემებიც კი შესაძლოა ასანთის კოლოფისხელა გამოჩენილიყვნენ. როდემდე გაუძლებდა მომცრო ზომის ხის ხომალდი აზვირთებულ ტალღებს, რომლებიც მას ხის ნაფოტივით ათამაშებდა? მოგვიანებით, იონამ დაწერა, რომ „ზღვაზე ძლიერი ქარი იეჰოვამ ამოაგდო“. მაგრამ იცოდა იონამ იმ წუთში ამის შესახებ? დანამდვილებით ვერაფერს ვიტყვით. ის ხედავდა, როგორ უხმობდნენ მეზღვაურები საშველად თავიანთ ღმერთებს, თუმცა იცოდა, რომ ისინი ვერ დაეხმარებოდნენ (ლევ. 19:4). იონას წიგნში ვკითხულობთ: „ცოტაც და დაიმსხვრეოდა  ხომალდი“ (იონ. 1:4). როგორ უნდა მოეხმო იონას ღვთისთვის, რომელსაც გაურბოდა?

12. ა) რატომ არ უნდა განვსაჯოთ ნაჩქარევად იონა იმის გამო, რომ ქარიშხლის დროს ჩაეძინა? (იხილეთ სქოლიო) ბ) როგორ გაამჟღავნა იეჰოვამ სიმართლე?

12 იონამ იცოდა, რომ მათ ვერ დაეხმარებოდა, ამიტომ, გემბანის ქვეშ ჩავიდა, დაწვა და ღრმად ჩაეძინა. * ხომალდის მეთაურმა გააღვიძა იონა და სთხოვა, რომ სხვების მსგავსად, მასაც მოეხმო თავისი ღმერთისთვის. ხომალდზე მყოფნი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ქარიშხალი ზებუნებრივი ძალით იყო გამოწვეული, ამიტომ, მათ კენჭი ყარეს, რომ გაეგოთ, ვის გამო ხდებოდა ეს საშინელება. იონას, ალბათ, გული გამალებით უცემდა, როცა ხედავდა, რომ სხვები თანდათან ეთიშებოდნენ კენჭისყრას, რაც მათ უდანაშაულობაზე მიუთითებდა. იეჰოვამ გაამჟღავნა სიმართლე. კენჭი მას ერგო, ვის გამოც ქარიშხალი ამოვარდა. ეს კაცი იონა იყო (წაიკითხეთ იონას 1:5—7).

13. ა) რაში გამოუტყდა მეზღვაურებს იონა? ბ) რა შესთავაზა მეზღვაურებს იონამ, და რატომ?

13 იონამ ყველაფერი უამბო მეზღვაურებს. მან უთხრა, რომ ყოვლისშემძლე ღვთის, იეჰოვას მსახური იყო და მას გაურბოდა. წინასწარმეტყველმა მათ არც ის დაუმალა, რომ ასეთ საშინელ მდგომარეობაში იმის გამო ჩაცვივდნენ, რომ თავის ღმერთს აწყენინა. ხომალდზე მყოფთ თავზარი დაეცათ. იონამ დაინახა, რომ ისინი შიშმა შეიპყრო. მათ ჰკითხეს იონას, რა უნდა გაეკეთებინათ, რომ არც ხომალდი ჩაძირულიყო და თავადაც ცოცხლები დარჩენილიყვნენ. რა უპასუხა მათ წინასწარმეტყველმა? იონას, ალბათ, იმის გაფიქრებაც კი ზარავდა, რომ შეიძლებოდა ცივ, ბობოქარ ზღვაში აღმოჩენილიყო. მაგრამ განა გაიმეტებდა ასეთი სიკვდილისთვის ყველა იქ მყოფს, როცა მათი ხსნა შეეძლო?! ამიტომაც მიუგო მათ: „ამიყვანეთ, ზღვაში გადამაგდეთ და დაგიწყნარდებათ ზღვა, რადგან ვიცი, რომ ჩემ გამო დაგატყდათ ეს დიდი ქარიშხალი“ (იონ. 1:12).

14, 15. ა) როგორ შეგვიძლია მივბაძოთ იონას და მისი მსგავსი რწმენა გამოვავლინოთ? ბ) როგორ მოიქცნენ მეზღვაურები?

14 იტყოდა ამ სიტყვებს მხდალი ადამიანი? იეჰოვას უთუოდ გაახარებდა ამ მძიმე წუთებში იონას მიერ გამოვლენილი სიმამაცე და თავგანწირვის სული. ამ შემთხვევიდან კარგად ჩანს, რომ იონას ძლიერი რწმენა ჰქონდა. შეგვიძლია მივბაძოთ მას და სხვების ინტერესები საკუთარზე წინ დავაყენოთ (იოან. 13:34, 35). როდესაც ვხედავთ, რომ ვინმეს ფიზიკური, ემოციური თუ სულიერი მხარდაჭერა სჭირდება, მზად ვართ მის დასახმარებლად? თუ ასე ვიქცევით, იეჰოვას გულს ვუხარებთ.

 15 ხომალდზე მყოფთ თავიდან არ უნდოდათ იონას წყალში გადაგდება, რადგან, შესაძლოა, მათზე ძალიან იმოქმედა იონას სიტყვებმა. ისინი ამაოდ ცდილობდნენ, გზა გაეკვლიათ აბობოქრებულ ზღვაში. ქარიშხალი უფრო და უფრო ძლიერდებოდა. როცა დაინახეს, რომ სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ, იონას ღმერთს, იეჰოვას მოუხმეს და მას წყალობა შესთხოვეს. ამის შემდეგ აიყვანეს იონა და ზღვაში გადააგდეს (იონ. 1:13—15).

იონამ დაარწმუნა ხომალდზე მყოფნი, რომ ის ზღვაში გადაეგდოთ

იონამ წყალობა პოვა ღვთის თვალში და გადარჩა

16, 17. რა დაემართა იონას, როდესაც ხომალდიდან გადააგდეს? (იხილეთ სურათები).

16 იონა აზვირთებულ ზღვაში აღმოჩნდა. თავიდან, ალბათ, ყველანაირად ეცდებოდა, რომ არ ჩაძირულიყო. იონა დაინახავდა, როგორ მიაპობდა ხომალდი აღელვებულ ტალღებს. ბოლოს უზარმაზარმა ტალღამ გადაუარა და ჩაიძირა. იონა ფსკერისკენ ნელ-ნელა ეშვებოდა. მას, ალბათ, უკვე ყველა იმედი გადაეწურა.

17 მოგვიანებით იონამ აღწერა, რას გრძნობდა ამ მძიმე წუთებში. წამიერად მას უამრავი აზრი გაუელვებდა გონებაში. დამწუხრებული გაიფიქრებდა, რომ ვეღარასოდეს იხილავდა იერუსალიმის მშვენიერ ტაძარს. იონა გრძნობდა, როგორ ეშვებოდა ზღვის სიღრმეში, მთების  საძირკვლებამდე, სადაც „წყალმცენარეები შემოეწნა“. ისე ჩანდა, რომ მისი სიცოცხლე აქ დამთავრდებოდა (წაიკითხეთ იონას 2:2—6).

18, 19. რა მოხდა, როდესაც იონა ზღვის ფსკერზე აღმოჩნდა, რა არსება შენიშნა მან, და ვისი ხელი ერია ამ ყველაფერში? (იხილეთ სქოლიო).

18 უცებ იონამ შენიშნა, რომ მისკენ უზარმაზარი არსება მიცურავდა. ის მიუახლოვდა იონას, გააღო უშველებელი პირი და გადაყლაპა.

იეჰოვამ „დიდ თევზს ჩააყლაპვინა იონა“

19 იონას სიცოცხლე აქ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ საოცარი რამ მოხდა. არც მისი ძვლები გადამტვრეულა, არც გაგუდულა და ამ არსებას არც მისი მონელება დაუწყია. წესით, მისი მუცელი იონასთვის სამარედ უნდა ქცეულიყო, მაგრამ ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. თანდათანობით იონას შიში დაეუფლა. აშკარა იყო, რომ ამ ყველაფერში მისი ღმერთის, იეჰოვას, ხელი ერია და სწორედ მან „ჩააყლაპვინა დიდ თევზს იონა“ (იონ. 1:17). *

20. რაზე ილოცა იონამ თევზის მუცელში და რას ვიგებთ მისი სიტყვებიდან?

20 იონას, ალბათ, წუთები საათებად მოეჩვენა. იქ, სიბნელეში, მას დრო ჰქონდა, ეფიქრა და იეჰოვასთვის ლოცვით მიემართა. მისი ლოცვა სრულადაა ჩაწერილი „იონას“ მეორე თავში. ეს ლოცვა გვიჩვენებს, რომ იონამ კარგად იცოდა წმინდა წერილები, რადგან ის „ფსალმუნებიდან“ ციტირებდა. იონას ლოცვიდან ისიც ჩანს, რომ ის შესანიშნავ თვისებას, მადლიერებას, ავლენდა. იონა ასე ამთავრებს ლოცვას: „მე სამადლობელს გეტყვი და მსხვერპლს შემოგწირავ. რაც აღმითქვამს, შევასრულებ. ხსნა იეჰოვასგანაა“ (იონ. 2:9).

21. რას მიხვდა იონა და რას ვსწავლობთ აქედან?

21 იონა მიხვდა, რომ იეჰოვას ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ დროს შეუძლია თავისი მსახურების ხსნა. ღმერთმა „თევზის მუცელშიც“ კი დაინახა გასაჭირში მყოფი თავისი მსახური და გადაარჩინა (იონ. 1:17). მხოლოდ იეჰოვას შეეძლო, სიცოცხლე შეენარჩუნებინა იონასთვის დიდი თევზის მუცელში სამ დღესა და სამ ღამეს. კარგია, გვახსოვდეს, რომ იეჰოვა ღმერთის „ხელთაა ჩვენი სუნთქვა“  (დან. 5:23). ჩვენი არსებობა, ჩვენი ყოველი ამოსუნთქვა, მასზეა დამოკიდებული. ვართ ამისთვის მადლიერნი? განა მადლიერებას მორჩილებით არ უნდა ვავლენდეთ?!

22, 23. ა) რისი შესაძლებლობა მიეცა იონას? ბ) რა შეგვიძლია ვისწავლოთ იონასგან, როცა შეცდომას ვუშვებთ?

22 რა შეიძლება ითქვას იონაზე? მან ისწავლა, რომ მადლიერება ღვთისადმი მორჩილებით უნდა დაემტკიცებინა. სამი დღე-ღამის შემდეგ თევზმა იონა „ხმელეთზე ამოანთხია“ (იონ. 2:10). წარმოიდგინეთ, იონას ნაპირამდე გაცურვაც კი არ დასჭირვებია! თუმცა სამშვიდობოზე გასულ იონას გზის გაკვლევა მაინც მოუწევდა. ცოტა ხანში მას შესაძლებლობა მიეცა, ღვთისადმი მადლიერება საქმით დაემტკიცებინა. იონას 3:1, 2-ში ნათქვამია: «მაშინ მეორედ გამოეცხადა იონას იეჰოვას სიტყვა: „ადექი, წადი დიდ ქალაქ ნინევეში და გამოუცხადე ის, რასაც გეუბნები“». როგორ მოიქცეოდა იონა?

23 ამჯერად, იონას აღარ უყოყმანია. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ადგა იონა და, იეჰოვას სიტყვისამებრ, ნინევეში წავიდა“ (იონ. 3:3). ის დაემორჩილა იეჰოვას. აშკარაა, რომ მან საკუთარ შეცდომებზე ისწავლა. ჩვენ ამ მხრივაც უნდა მივბაძოთ იონას. ყველანი ცოდვილები ვართ და ყველანი ვუშვებთ შეცდომებს (რომ. 3:23). მაგრამ დავუშვებთ, რომ ამ დროს გული გაგვიტყდეს? თუ ვისწავლით ჩვენს შეცდომებზე და მორჩილად განვაგრძობთ იეჰოვას მსახურებას?

24, 25. ა) კიდევ რა პატივი ხვდა წილად იონას? ბ) რა კურთხევებს მიიღებს იონა მომავალში?

24 იეჰოვამ აკურთხა იონა მორჩილებისთვის. მან, როგორც ჩანს, გაიგო, რომ ხომალდზე მყოფნი გადარჩნენ. მას შემდეგ, რაც იონამ თავგანწირვის სული გამოავლინა, ქარიშხალი მაშინვე ჩადგა. ხომალდზე მყოფებს „ძლიერ შეეშინდათ . . . იეჰოვასი“; ამიტომ, შესაწირავი მას შესწირეს და არა თავიანთ ცრუ ღმერთებს (იონ. 1:15, 16).

25 იონას მორჩილების გამო უფრო დიდი პატივი ხვდა წილად! იესომ დიდი თევზის მუცელში იონას ყოფნის პერიოდი წინასწარმეტყველურად შეადარა იმ პერიოდს, რომელსაც იგი თავად დაყოფდა სამარეში ანუ შეოლში (წაიკითხეთ მათეს 12:38—40). წარმოიდგინეთ, როგორ გაიხარებს იონა, როცა ამის შესახებ მკვდრეთით აღდგომის შემდეგ გაიგებს! (იოან. 5:28, 29). იეჰოვას სურს, რომ თქვენც გაკურთხოთ. ისწავლით იონას მსგავსად საკუთარ შეცდომებზე და გამოავლენთ მორჩილებასა და თავგანწირვის სულს?

^ აბზ. 4 იონა გალილეის ქალაქიდან იყო, რაც ნამდვილად საყურადღებოა, რადგან ფარისევლებმა იესოს შესახებ ქედმაღლურად თქვეს: „გამოიკვლიე და დაინახავ, რომ გალილეიდან არც ერთი წინასწარმეტყველი არ მოვა“ (იოან. 7:52). მრავალი მთარგმნელისა და მკვლევრის აზრით, ფარისევლები ირწმუნებოდნენ, რომ არც ერთი წინასწარმეტყველი არ მოსულა და არც მოვიდოდა გალილეიდან. ისინი ამით არა მხოლოდ ისტორიას უარყოფდნენ, არამედ წინასწარმეტყველებასაც (ეს. 9:1, 2).

^ აბზ. 12 იმის ხაზგასასმელად, რომ იონას ღრმად ეძინა, სეპტუაგინტაში ნათქვამია, რომ ის ხვრინავდა. თუმცა არ უნდა დავასკვნათ, რომ იონასთვის სულერთი იყო, რაც ხდებოდა. ზოგჯერ ღრმად სწორედ მათ სძინავთ, ვინც ძალიანაა დამწუხრებული. როცა იესო სიკვდილის წინა ღამეს გეთსემანეს ბაღში იყო, პეტრეს, იაკობსა და იოანეს „მწუხარებისგან ჩასძინებოდათ“ (ლუკა 22:45).

^ აბზ. 19 ბერძნულ თარგმანში სიტყვა „თევზი“ გადმოტანილია, როგორც „ზღვის ურჩხული“ ან „უშველებელი თევზი“. მართალია, ზუსტად არაა ცნობილი, თუ რა სახეობის ზღვის ბინადარი იგულისხმება ამაში, მაგრამ ერთი რამ ცხადია, რომ ხმელთაშუა ზღვაში მართლაც არიან ისეთი ზომის ზვიგენები, რომელთაც თავისუფლად შეუძლიათ ადამიანის გადაყლაპვა. სხვა ადგილებში უფრო დიდი ზვიგენებიც ბინადრობენ. მაგალითად, ვეშაპისებრი ზვიგენი შესაძლოა სიგრძეში 15 მეტრს და მეტსაც აღწევდეს.