წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

„მიჰბაძეთ მათ რწმენას“

 თავი 11

„ის ფხიზლობდა და ელოდა“

„ის ფხიზლობდა და ელოდა“

1, 2. რა არასასიამოვნო დავალების შესრულება მოუწია ელიას, და როგორ განსხვავდებოდნენ ის და ახაბი ერთმანეთისგან?

ელიას სურდა, განმარტოებულიყო და თავისი ზეციერი მამისთვის ლოცვით მიემართა. მაგრამ ირგვლივ მყოფი ხალხი სულ ახლახან გახდა იმის მოწმე, თუ როგორ ჩამოვარდა ცეცხლი ზეციდან ამ ჭეშმარიტი წინასწარმეტყველის ლოცვის შემდეგ. მრავალ მათგანს სურდა, მოეპოვებინა მისი კეთილგანწყობა. ვიდრე ქარმელის მთის წვერზე ავიდოდა და იეჰოვას ლოცვით მიმართავდა, ელიას არასასიამოვნო დავალების შესრულება მოუწია. მას მეფე ახაბთან უნდა ელაპარაკა.

2 იშვიათად თუ მოიძებნება ერთმანეთისგან ასე განსხვავებული ორი ადამიანი. მდიდრულ სამეფო ტანსაცმელში გამოწყობილი ახაბი ორგული, ხარბი და სუსტი ნებისყოფის კაცი იყო. ელია კი, რომელსაც წინასწარმეტყველის უბრალო, ცხოველის უხეში ტყავისგან შეკერილი (ან აქლემისა თუ თხის ბეწვით ნაქსოვი) სამოსი ეცვა, ძალიან გაბედული, პატიოსანი და დიდი რწმენის მქონე კაცი იყო. ამ დღის ბოლოს ბევრი რამ გახდა ცნობილი ამ ორი მამაკაცის შესახებ.

3, 4. ა) რატომ არ გაუთენდა კარგი დღე ახაბსა და ბაალის სხვა თაყვანისმცემლებს? ბ) რაზე ვისაუბრებთ?

3 ახაბსა და ბაალის სხვა თაყვანისმცემლებს ნამდვილად არ გაუთენდა კარგი დღე. წარმართულმა რელიგიამ, რომელიც ახაბმა და მისმა ცოლმა, დედოფალმა იზებელმა, ისრაელის ათტომიან სამეფოში გაავრცელეს, კრახი განიცადა. ყველასთვის ნათელი გახდა, რომ ბაალი გამოგონილი ღმერთი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ბაალის წინასწარმეტყველები დაჟინებით უხმობდნენ თავიანთ ღვთაებას, ცეკვავდნენ და სხეულს ისერავდნენ, ამ უსიცოცხლო ღმერთმა საპასუხოდ ცეცხლიც კი ვერ გაუჩაღა. ბაალმა თავისი 450 წინასწარმეტყველი ვერ იხსნა სიკვდილისგან და ისინი სამართლიანად დაისაჯნენ. საბოლოოდ, ყველა დარწმუნდებოდა, რომ ბაალი ცრუ ღვთაება იყო. სამ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ბაალის წინასწარმეტყველები თავიანთ ღმერთს შესთხოვდნენ გვალვის შეწყვეტას, მაგრამ ბაალი სრულიად უძლური აღმოჩნდა. მალე თავად იეჰოვა, რომელიც გვალვას დაასრულებდა,  ყველას დაანახვებდა, რომ მხოლოდ ის არის ჭეშმარიტი ღმერთი (1 მეფ. 16:30—17:1; 18:1—40).

4 როდის ამოქმედდებოდა იეჰოვა? როგორ მოიქცეოდა ელია? რის სწავლა შეგვიძლია ამ ერთგული კაცისგან? მოდი, ამ კითხვებზე გავიგოთ პასუხი (წაიკითხეთ 1 მეფეების 18:41—46).

ის გამუდმებით ლოცულობდა

5. რა უთხრა ელიამ ახაბს და ისწავლა რამე ახაბმა?

5 ელია ახაბთან მივიდა და უთხრა: „წადი, ჭამე და დალიე, რადგან წვიმის ხმაური ისმის“. ისწავლა რამე ამ ბოროტმა მეფემ? როგორც ჩანს, არა. ბიბლიაში არაფერია ნათქვამი, რომ მან მოინანია ან ელიას სთხოვა, ელოცა მისთვის და ღმერთთან შეერიგებინა. ახაბი, უბრალოდ, „წავიდა . . . ჭამა და დალია“ (1 მეფ. 18:41, 42). რას აკეთებდა ამ დროს ელია?

6, 7. რაზე ლოცულობდა ელია, და რატომ?

6 „ელია კი ქარმელის მთის წვერზე ავიდა, მიწაზე დაჯდა და თავი მუხლებში ჩარგო“. როცა ახაბი მუცლის ამოსავსებად წავიდა, ელიას შესაძლებლობა მიეცა, ზეციერი მამისთვის ლოცვით მიემართა. ყურადღება მიაქციეთ სურათს, რა მდგომარეობაში ლოცულობს ელია — მას იმდენად დაბლა ჰქონდა თავი დახრილი, რომ  სახით თითქმის მუხლისთავებს ეხებოდა. რაზე ლოცულობდა ელია? ბიბლია იაკობის 5:18-ში გვეუბნება, რომ ელია ლოცულობდა, გვალვა დასრულებულიყო. ეჭვგარეშეა, რომ ის ამ ლოცვას ქარმელის მთაზე წარმოთქვამდა.

ელიას ლოცვებიდან ჩანდა, რომ მას მთელი გულით ეწადა იეჰოვას ნების შესრულება

7 ადრე იეჰოვამ ელიას უთხრა: „უნდა ვაწვიმო მიწას“ (1 მეფ. 18:1). ელია ლოცულობდა, რომ იეჰოვას ნება შესრულებულიყო. დაახლოებით ათასი წლის შემდეგ სწორედ ამის შესახებ ასწავლა ლოცვა იესომ თავის მიმდევრებს (მათ. 6:9, 10).

8. როგორ ლოცულობდა ელია და რას ვსწავლობთ აქედან?

8 ელიას მაგალითიდან ვსწავლობთ, როგორ უნდა ვილოცოთ. ელიასთვის უმნიშვნელოვანესი ღვთის ნების შესრულება იყო. როდესაც ვლოცულობთ, კარგია, გვახსოვდეს: „რაც უნდა ვთხოვოთ მისი [ღვთის] ნებისამებრ, ის გვისმენს“ (1 იოან. 5:14). ამიტომ, ღვთისთვის მისაღები სახით რომ ვილოცოთ, საჭიროა, ვიცოდეთ, რა არის მისი ნება; ეს კიდევ ერთი მიზეზია იმისათვის, რომ ბიბლიის შესწავლა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად ვაქციოთ. ცხადია, ელიას გვალვის დასრულება იმიტომაც სურდა, რომ მისი ხალხის ტანჯვა დასრულებულიყო. წინასწარმეტყველს გულს მადლიერებით აუვსებდა სასწაული, რომელიც იმ დღეს იეჰოვამ მოახდინა. ჩვენც უნდა ვილოცოთ სხვების კეთილდღეობაზე და ლოცვებში გულწრფელი მადლიერება გამოვხატოთ (წაიკითხეთ 2 კორინთელების 1:11; ფილიპელების 4:6).

ის რწმენას ავლენდა და ფხიზლობდა

9. რა დაავალა ელიამ თავის მსახურს, და რას ვსწავლობთ მისი მაგალითიდან?

9 ელია დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვას ძალით გვალვა დასრულდებოდა, თუმცა არ იცოდა, როდის. რას აკეთებდა წვიმის მოლოდინში წინასწარმეტყველი? ყურადღება მიაქციეთ, რა არის ნათქვამი ბიბლიაში: «თავის მსახურს უთხრა: „წადი, ზღვისკენ გაიხედე“. ისიც წავიდა, გაიხედა და თქვა: „არაფერი მოჩანს“. მან შვიდჯერ უთხრა: „კიდევ წადი“» (1 მეფ. 18:43). ელიას მაგალითიდან, სულ მცირე, ორ რამეს ვსწავლობთ: პირველი, წინასწარმეტყველი დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვა შეასრულებდა დანაპირებს; მეორე, ის ფხიზლობდა, რაც მისაბაძი მაგალითია ჩვენთვის.

ელია ეძებდა იმის მომასწავებელ ნიშანს, რომ იეჰოვა მალე შეასრულებდა დანაპირებს

10, 11. ა) როგორ აჩვენა ელიამ, რომ სჯეროდა იეჰოვას დანაპირების? ბ) რატომ უნდა ვენდობოდეთ ჩვენც მის მსგავსად იეჰოვას?

10 ელია ეძებდა იმის მომასწავებელ ნიშანს, რომ იეჰოვა მალე შეასრულებდა  დანაპირებს; ამიტომ გაგზავნა თავისი მსახური, იქნებ ჰორიზონტზე წვიმის მომასწავებელი რაღაც ნიშანი დაენახა. მსახურმა წინასწარმეტყველს სასიამოვნო ვერაფერი უთხრა: „არაფერი მოჩანს“. ცა მოწმენდილი იყო — ღრუბლის ნასახიც კი არსად ჩანდა. თუმცა, გაიხსენეთ, ელიამ ცოტა ხნის წინ მეფე ახაბს უთხრა: „წვიმის ხმაური ისმის“. როგორ შეეძლო წინასწარმეტყველს ამ სიტყვების თქმა მაშინ, როცა ცა მოწმენდილი იყო?

11 ელიას სჯეროდა იეჰოვას დანაპირების. როგორც იეჰოვას წინასწარმეტყველი და მისი წარმომადგენელი, ის დარწმუნებული იყო, რომ ღმერთი შეასრულებდა თავის სიტყვას. წინასწარმეტყველი იმდენად იყო დარწმუნებული, რომ მას თითქოს უკვე ესმოდა წვიმის ხმა. შეიძლება გაგვახსენდა, რას ამბობდა ბიბლია მოსეზე: „ის მტკიცე იყო, თითქოს ხედავდა მას, ვინც უხილავია“. თქვენთვისაც ასეთივე რეალურია ღმერთი? ის უამრავ მიზეზს გვაძლევს იმისათვის, რომ მისდამი და მისი დაპირებებისადმი ასეთი რწმენა გვქონდეს (ებრ. 11:1, 27).

12. როგორ ფხიზლობდა ელია და როგორ მოიქცა, როცა შეატყობინეს, რომ პატარა ღრუბელი გამოჩნდა?

12 ყურადღება მიაქციეთ იმასაც, თუ როგორ ფხიზლობდა ელია. მან მსახური ერთხელ და ორჯერ კი არა, შვიდჯერ გაგზავნა! მსახური შეიძლება დაიღალა იმით, რომ ერთი და იმავე დავალების შესრულება ამდენჯერ მოუწია, მაგრამ ელია გულს არ იტეხდა და კვლავ ელოდა ნიშანს. ბოლოს, მეშვიდეჯერ რომ მივიდა, მსახურმა ელიას უთხრა: „ზღვიდან ამომავალი პატარა ღრუბელი ჩანს, ხელისგულისოდენა“. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ მსახური, რომელიც ელიას ხელის გულს აჩვენებს და ეუბნება, რომ დიდი ზღვიდან ამომავალი ღრუბელი სწორედ ხელისგულისოდენა იყო. მსახური შეიძლება ფიქრობდა, რომ ეს პაწაწინა ღრუბელი წვიმას ვერ მოიყვანდა, მაგრამ ელიასთვის ეს უკვე ბევრს ნიშნავდა. მან დაუყოვნებლივ დაავალა თავის მსახურს: „წადი და ახაბს უთხარი, მოამზადე ეტლი და წადი, რომ წვიმამ არ მოგისწროს-თქო!“ (1 მეფ. 18:44).

13, 14. ა) როგორ შეგვიძლია მივბაძოთ ელიას და სიფხიზლე გამოვავლინოთ? ბ) რა მიზეზები გვაქვს იმისთვის, რომ დაუყოვნებლივ ვიმოქმედოთ?

13 ელია კვლავ კარგ მაგალითს გვაძლევს. ჩვენც ისეთ დროში ვცხოვრობთ, როდესაც ღმერთი მალე თავის განზრახვას შეასრულებს. ელია გვალვის დასრულებას ელოდა, ჩვენ კი ამ გახრწნილი ქვეყნიერების დასასრულს ველით (1 იოან. 2:17). სანამ იეჰოვა ღმერთი თავის დანაპირებს შეასრულებს, საჭიროა, ელიასავით ვიფხიზლოთ. ღვთის ძემ, იესომ, თავის მიმდევრებს ურჩია: „ამიტომ იფხიზლეთ, რადგან არ იცით, რომელ დღეს მოვა თქვენი უფალი“ (მათ. 24:42). მაგრამ გულისხმობდა იესო, რომ მის მიმდევრებს საერთოდ არაფერი ეცოდინებოდათ იმის შესახებ, თუ რა იქნებოდა ქვეყნიერების აღსასრულის მომასწავებელი?  არა, რადგან მან დაწვრილებით აღუწერა თავის მიმდევრებს, როგორი მდგომარეობა იქნებოდა ქვეყნიერების აღსასრულის წინა პერიოდში. თითოეულ ჩვენგანს შეუძლია დააკვირდეს „ქვეყნიერების აღსასრულის ნიშანს“ (წაიკითხეთ მათეს 24:3—7).

ელიასთვის ჰორიზონტზე გამოჩენილი ერთი პატარა ღრუბელიც კი საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ემოქმედა. ბოლო დღეების ნიშანი მეტ საფუძველს გვაძლევს, რომ დაუყოვნებლივ ვიმოქმედოთ

14 ამ ნიშნის თითოეული ნაწილი იმის საფუძველს გვაძლევს, ვირწმუნოთ, რომ ნამდვილად ბოლო დღეებში ვცხოვრობთ. არის ეს მტკიცებულებები საკმარისი იმისთვის, რომ დაუყოვნებლივ ვიმოქმედოთ და იეჰოვას მთელი გულით ვემსახუროთ? ელიასთვის ჰორიზონტზე გამოჩენილი ერთი პატარა ღრუბელიც კი საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ემოქმედა. გაუცრუვდა იმედი ამ ერთგულ წინასწარმეტყველს?

იეჰოვა გვანუგეშებს და გვაჯილდოებს

15, 16. როგორ განვითარდა მოვლენები და რას იმედოვნებდა ელია?

15 ბიბლიაში ნათქვამია: „ამასობაში ცა მოიქუფრა, ქარი ამოვარდა და კოკისპირულმა წვიმამ დასცხო. ახაბი იზრეელში მიდიოდა“ (1 მეფ. 18:45). მოვლენები ძალიან სწრაფად განვითარდა. სანამ ელიას მსახური ახაბს წინასწარმეტყველის სიტყვებს გადასცემდა, პატარა ღრუბელი დიდ ღრუბლად იქცა, მთელ ცას გადაეკრა და მოიქუფრა. ძლიერმა ქარმა დაუბერა. ბოლოს და ბოლოს, სამწელიწად-ნახევრის შემდეგ, ისრაელში წვიმა წამოვიდა. გამომშრალმა მიწამ წვიმის წყალი ხარბად შეისრუტა. მალე კოკისპირულმა წვიმამ მდინარე კიშონი აადიდა და ბაალის წინასწარმეტყველთა სისხლი გადარეცხა. გზასაცდენილ ისრაელებსაც მიეცათ შესაძლებლობა, რომ ბაალის ამაზრზენი თაყვანისმცემლობის ყოველგვარი კვალი წაეშალათ.

„კოკისპირულმა წვიმამ დასცხო“

16 ელიას იმედი ჰქონდა, რომ ისრაელები გამოიყენებდნენ ამ შესაძლებლობას! მოინანიებდა ახაბი და ზურგს აქცევდა ბაალის გახრწნილ თაყვანისმცემლობას? მას ნამდვილად ჰქონდა ამის საფუძველი. ცხადია, ჩვენ არ ვიცით, რაზე ფიქრობდა ახაბი მაშინ. ბიბლიაში მხოლოდ ის არის ნათქვამი, რომ „ახაბი იზრეელში მიდიოდა“. ისწავლა მან რამე? მზად იყო, რომ ცვლილებები მოეხდინა? მისი შემდგომი საქმეებიდან გამოჩნდა, რომ ეს ასე არ მოხდა. მაგრამ ის დღე ახაბისთვის და ელიასთვის ამით არ დასრულებულა.

17, 18. ა) რა მოხდა, როცა ელია იზრეელში მიდიოდა? ბ) რატომ იყო უჩვეულო ის, რომ ელია სირბილით ჩავიდა ქარმელიდან იზრეელში? (იხილეთ სქოლიო)

 17 იეჰოვას წინასწარმეტყველი იმ გზას დაადგა, რა გზითაც ახაბი წავიდა. მას წვიმასა და სიბნელეში გრძელი გზა უნდა გაევლო. მაგრამ უჩვეულო რამ მოხდა.

18 „იეჰოვას ხელი იყო ელიასთან; მან კალთები აიკეცა, გაიქცა და ახაბზე ადრე ჩავიდა იზრეელში“ (1 მეფ. 18:46). უდავოა, „იეჰოვას ხელი“ იყო ელიაზე, რომელიც მას აღმატებულ ძალას აძლევდა. იზრეელამდე რომ ჩაეღწია, უკვე ხანში შესულ ელიას 30 კილომეტრი ფეხით უნდა გაევლო. * წარმოიდგინეთ, წინასწარმეტყველი გრძელი სამოსის კალთებს იკეცავს, სირბილში ხელი რომ არ შეუშალოს. ის დატბორილ და ატალახებულ გზაზე ისე სწრაფად გარბის, რომ სამეფო ეტლს ეწევა და უსწრებს კიდეც!

19. ა) რომელი წინასწარმეტყველებები შეიძლება გაგვახსენოს ელიას შემთხვევამ? ბ) რა იცოდა დანამდვილებით იზრეელში მიმავალმა ელიამ?

19 რა ბედნიერი იქნებოდა ელია და როგორ გაოცდებოდა, როცა ისეთ მოზღვავებულ ძალასა და ენერგიას იგრძნობდა, როგორიც შესაძლოა ახალგაზრდობის დროსაც კი არ ჰქონია! ამან შეიძლება ის წინასწარმეტყველებები გაგვახსენოს, რომელთა თანახმადაც ღვთის ერთგულები დედამიწაზე სამოთხეში ჯანმრთელები და ჯან-ღონით სავსენი იქნებიან (წაიკითხეთ ესაიას 35:6; ლუკ. 23:43). ელიამ, რომელიც დატბორილ გზაზე მთელი ძალით გარბოდა, დანამდვილებით იცოდა, რომ ზეციერი მამა, ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი, ამაყობდა მისით!

20. როგორ მივიღებთ იეჰოვას კურთხევებს?

20 იეჰოვას მთელი გულით სწადია, რომ ყველა უხვად აკურთხოს. ამ კურთხევების მისაღებად ძალ-ღონე არ უნდა დავიშუროთ. ელიას მსგავსად, ჩვენც უნდა ვიფხიზლოთ და დავფიქრდეთ იმ მტკიცებულებებზე, რომლებიც მართლაც მეტყველებს იმაზე, რომ ამ ბოლო დღეებში იეჰოვა მალე დაიწყებს მოქმედებას. ჩვენც ყოველგვარი საფუძველი გვაქვს, ბოლომდე გვჯეროდეს იეჰოვას, „ჭეშმარიტების ღმერთის“, დაპირებების (ფსალმ. 31:5).

^ აბზ. 18 ცოტა ხნის შემდეგ იეჰოვამ ელიას დაავალა, წინასწარმეტყველად მოემზადებინა ელისე, რომელიც მოგვიანებით „ელიას უსხამდა წყალს ხელზე“ (2 მეფ. 3:11). ელისე ელიას ემსახურებოდა; როგორც ჩანს, ხანდაზმულ წინასწარმეტყველს სხვადასხვა საქმეში ეხმარებოდა.