არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

„მიჰბაძეთ მათ რწმენას“

 პროლოგი

წერილი ხელმძღვანელი საბჭოსგან

წერილი ხელმძღვანელი საბჭოსგან

ძვირფასო და-ძმებო!

ფართო მკითხველისთვის განკუთვნილ ჟურნალ „საგუშაგო კოშკის“ პირველივე გამოცემაში, 2008 წლის 1-ლი იანვრის ნომერში, გამოჩნდა ძალიან საინტერესო რუბრიკა „მიჰბაძეთ მათ რწმენას“. მას შემდეგ ამ რუბრიკაში ყოველ სამ თვეში ერთხელ ქვეყნდება ახალი სტატია, რომელიც ნამდვილად არ გვტოვებს გულგრილს.

როგორ მიიღო მკითხველმა ეს რუბრიკა? აი, რა მოგვწერა ერთმა მკითხველმა მას შემდეგ, რაც წაიკითხა სტატია მართაზე: „როცა ამ სტატიას ვკითხულობდი, მეცინებოდა, რადგან ჩემი თავი მახსენდებოდა. ყოველთვის ვცდილობ, კარგი მასპინძელი ვიყო; როცა მეგობრებს ვეპატიჟები, სულ ვფუსფუსებ და ზოგჯერ მავიწყდება, რაოდენ მნიშვნელოვანია, დავჯდე და მათთან ვისაუბრო“. ერთმა 15 წლის გოგონამ კი ესთერის ისტორიის წაკითხვის შემდეგ ასეთი დასკვნა გააკეთა: „შეიძლება გვიზიდავდეს ლამაზი და მოდური სამოსი, და თავსაც ვუვლიდეთ, მაგრამ უკიდურესობაში არ უნდა გადავვარდეთ“. შემდეგ დასძენს: „იეჰოვას ჩვენს გარეგნობაზე მეტად ჩვენი შინაგანი პიროვნება აინტერესებს“. ერთმა ქრისტიანმა დამ პეტრეს შესახებ სტატიის წაკითხვის შემდეგ აღტაცებულმა მოგვწერა: „ამ სტატიამ ძალიან მომხიბლა. იმდენად ცოცხლად იყო ყველაფერი გადმოცემული, რომ თავი მოქმედი პირების ადგილას წარმოვიდგინე. ვცდილობდი, დეტალებსაც კი ღრმად ჩავწდომოდი“.

ამ და სხვა უამრავი მკითხველის სამადლობელი წერილი ადასტურებს პავლე მოციქულის მიერ დიდი ხნის წინათ დაწერილი სიტყვების ჭეშმარიტებას: „ყველაფერი, რაც წინათ დაიწერა, ჩვენ სასწავლებლად დაიწერა“ (რომ. 15:4). იეჰოვამ ეს ისტორიები იმიტომ აქცია თავისი სიტყვის ნაწილად, რომ ჩვენთვის ბევრი რამ ესწავლებინა. არა აქვს მნიშვნელობა, რამდენი წელია, ვიცით ჭეშმარიტება, თითოეულ ჩვენგანს, ამ ისტორიებიდან მართლაც ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია.

გულთბილად მოგიწოდებთ, რაც შეიძლება მალე წაიკითხოთ ეს წიგნი. თუ ოჯახთან ერთად თაყვანისცემის საღამოს დროს განიხილავთ სტატიებს ამ წიგნიდან, თქვენი შვილები შეიყვარებენ მას! როცა კრების ბიბლიის შესწავლის დროს ამ წიგნის განხილვას შევუდგებით, არ გააცდინოთ არც ერთი შეხვედრა! გულდასმით წაიკითხეთ თითოეული სტატია და ჩაუღრმავდით! გამოიყენეთ თქვენი წარმოსახვის უნარი და გონებაში გააცოცხლეთ წაკითხული. წარმოიდგინეთ თქვენი თავი მოქმედ პირთა ადგილას და შეეცადეთ იგრძნოთ ის, რასაც ისინი გრძნობდნენ და დაინახოთ ის, რასაც ისინი ხედავდნენ. დაფიქრდით, როგორ რეაგირებდნენ ისინი ამა თუ იმ სიტუაციაში და თქვენ რა რეაქცია გექნებოდათ მსგავს სიტუაციაში.

ძალიან გვიხარია, რომ ეს წიგნი გამოიცა. იმედი გვაქვს, რომ ამ წიგნიდან თქვენ და თქვენი ოჯახი ბევრ რამეს ისწავლით. დიდი სიყვარულითა და კეთილი სურვილებით

იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭო