წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

„მიჰბაძეთ მათ რწმენას“

 თავი 4

„სადაც შენ წახვალ, მეც იქ წამოვალ“

„სადაც შენ წახვალ, მეც იქ წამოვალ“

1, 2. ა) აღწერეთ, როგორ მიუყვებიან რუთი და ნაომი ისრაელისკენ მიმავალ გზას და რა კაეშანი აწევთ გულზე. ბ) რით განსხვავდებოდა რუთის მდგომარეობა ნაომის მდგომარეობისგან?

რუთი და ნაომი მიუყვებიან გზას, რომელიც მოაბის ტრამალებზე მიიკლაკნება, სადაც გამუდმებით დათარეშობს ქარი. ამ უკიდეგანო მინდვრებში ისინი წერტილებივით მოჩანან. მზე ჩასვლას აპირებს. რუთი შეჰყურებს დედამთილს და ფიქრობს, რომ, ალბათ, უკვე დროა, ღამის გასათევი ადგილი ეძებონ. მას ძალიან უყვარს ნაომი და სურს, მასზე იზრუნოს.

2 ორივე ქალი გულმოკლულია. უკვე კარგა ხანია, რაც ნაომის ქმარი მოუკვდა. თითქოს ეს არ კმაროდა, ახლა შვილებიც, ქილიონი და მახლონიც, გამოეცალნენ ხელიდან. რუთიც დარდსა და კაეშანს ატარებს გულით, რადგან თავის ქმარს, მახლონს დასტირის. ახლა ისინი ისრაელისკენ, ბეთლემისკენ მიმავალ გზას ადგანან. ნაომიმ კი იცის, რომ სამშობლოში მიდის, მაგრამ რუთმა, რომელმაც მშობლიური მხარე, ოჯახი და თავისი ღმერთები დატოვა, არ იცის, წინ რა ელის (წაიკითხეთ რუთის 1:3—6 ).

3. რომელ კითხვებზე პასუხის გაგება დაგვეხმარება, მივბაძოთ რუთს?

3 რატომ მიიღო ამ ახალგაზრდა ქალმა ასეთი გადაწყვეტილება? როგორ შეეგუება რუთი სრულიად ახალ გარემოს და როგორ შეძლებს ნაომიზე ზრუნვას? ამ კითხვებზე პასუხის გაგება უკეთ დაგვანახებს, როგორი ძლიერი რწმენა ჰქონდა მოაბელ რუთს და როგორ შეგვიძლია მივბაძოთ მას (იხილეთ აგრეთვე ჩარჩო „ მინიატურული შედევრი“). თავდაპირველად გავიგოთ, რატომ დაადგა ეს ორი ქალი ბეთლემისკენ მიმავალ გზას.

დაქვრივებული ქალები

4, 5. ა) რატომ გადაიხიზნენ ნაომი და მისი ოჯახის წევრები მოაბში? ბ) რა სირთულეების წინაშე აღმოჩნდა ნაომი მოაბში?

4 რუთი მკვდარი ზღვის აღმოსავლეთით მდებარე პატარა ქვეყანაში, მოაბში გაიზარდა. ეს მხარე, ძირითადად, მთაგორიანი, მეჩხერი ტყეებით დაფარული და ხევ-ხუვებით დასერილია. მოაბის მიწა ხშირად უხვ ნაყოფს იძლეოდა. კარგი მოსავალი იქ მაშინაც მოვიდა,  როცა ისრაელში შიმშილობა მძვინვარებდა. სწორედ ამ დროს გაიცნო რუთმა მახლონი და მისი ოჯახის წევრები (რუთ. 1:1).

5 როგორც ჩანს, ისრაელში ჩამოვარდნილი შიმშილობის გამო წაიყვანა ნაომის ქმარმა, ელიმელექმა, ცოლ-შვილი მოაბის ქვეყანაში. სხვა ქვეყანაში გადახიზვნა უსათუოდ შეუქმნიდა პრობლემებს ოჯახის თითოეულ წევრს, რადგან ისრაელებს მოეთხოვებოდათ, იეჰოვასთვის წმინდა ადგილზე ეცათ თაყვანი (კან. 16:16, 17). ნაომის არ დაუკარგავს რწმენა. სწორედ რწმენამ გადაატანინა ქმრის სიკვდილი (რუთ. 1:2, 3).

6, 7. ა) რატომ შეიძლებოდა ნაომის განეცადა, როცა მისმა ვაჟებმა მოაბელი ქალები მოიყვანეს ცოლად? ბ) როგორ ექცეოდა ნაომი რძლებს და რატომ არის შესაქები მისი საქციელი?

6 ნაომი, ალბათ, მაშინაც ინერვიულებდა, როცა მისმა ვაჟებმა მოაბელი ქალები მოიყვანეს ცოლად (რუთ. 1:4). მას ეცოდინებოდა, რომ მისმა დიდმა წინაპარმა, აბრაამმა შორიდან, თავისი ხალხიდან, მოაყვანინა ისაკს ცოლად იეჰოვას თაყვანისმცემელი ქალი (დაბ. 24:3, 4). მოგვიანებით, მოსეს კანონი აფრთხილებდა ისრაელებს, რომ არ მიეთხოვებინათ თავიანთი ასულები უცხოტომელებისთვის და არც მათ ვაჟებს მოეყვანათ მათგან ცოლები, რადგან ისინი ღვთის ხალხს კერპთაყვანისმცემლობაში ჩაითრევდნენ (კან. 7:3, 4).

7 მიუხედავად ამისა, მახლონმა და ქილიონმა მოაბელი ქალები მოიყვანეს ცოლად. რაც არ უნდა გულდაწყვეტილი ყოფილიყო ნაომი ამის გამო, მან გადაწყვიტა, თავის რძლებს, რუთსა და ორფას, კარგად მოქცეოდა. ალბათ, ის იმედოვნებდა, რომ ერთ დღესაც ისინი იეჰოვას თაყვანისმცემლები გახდებოდნენ. როგორც არ უნდა ყოფილიყო, რუთსაც და ორფასაც შეუყვარდათ დედამთილი. სწორედ ასეთი თბილი ურთიერთობა დაეხმარა მათ მაშინ, როცა ოჯახში ტრაგედია დატრიალდა. თუმცა, ორივე ისე დაქვრივდა, რომ შვილები არ ჰყოლიათ (რუთ. 1:5).

8. რამ შეიძლება შეაყვარა რუთს იეჰოვა?

8 დაეხმარა რუთს თავისი რელიგია ამ ტრაგედიის გადატანაში? როგორც ჩანს, არა. მოაბელები უამრავ ღვთაებას ეთაყვანებოდნენ, რომელთა შორის მთავარი იყო ქემოში (რიცხ. 21:29). მოაბელების რელიგიისთვის უცხო არ იყო სისასტიკე, მათ შორის ბავშვების მსხვერპლად შეწირვა. ალბათ, რუთი ძალიან დიდ სხვაობას დაინახავდა თავის ღვთაებებსა და მოსიყვარულე და მოწყალე ისრაელის ღმერთ იეჰოვას შორის, რომლის შესახებაც არაერთხელ სმენოდა მახლონისგან ან ნაომისგან. იეჰოვა შიშის ზარს კი არ სცემდა თავის ხალხს, არამედ სიყვარულით ეპყრობოდა (წაიკითხეთ კანონის 6:5). დაქვრივებული და სასოწარკვეთილი რუთი შეიძლება კიდევ უფრო მიეჯაჭვა ნაომის და, ალბათ, მთელი გულისყურით უსმენდა ამ ხანდაზმულ ქალს,  როდესაც ის ყოვლისშემძლე ღვთის, იეჰოვას, საოცარ საქმეებზე, იმ დიდ სიყვარულსა და წყალობაზე ესაუბრებოდა, რომელსაც ღმერთი თავისი ხალხის მიმართ ავლენდა.

რუთმა მგლოვიარე დედამთილი გასაჭირში არ მიატოვა

9—11. ა) რა გადაწყვეტილება მიიღეს ნაომიმ, რუთმა და ორფამ? ბ) რა შეიძლება ვისწავლოთ იქიდან, რაც ნაომის, რუთსა და ორფას შეემთხვათ?

9 ნაომის ძალიან სურდა, რაიმე ცნობა მიეღო სამშობლოდან. ერთხელაც მან, როგორც ჩანს, ვაჭრებისგან შეიტყო, რომ ისრაელში შიმშილობა აღარ იყო. იეჰოვას კვლავ მოწყალების თვალით გადმოეხედა თავისი ხალხისთვის. ბეთლემი, რომელიც „პურის სახლს“ ნიშნავს, ისევ ამართლებდა თავისი სახელის მნიშვნელობას. ნაომიმ სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა (რუთ. 1:6).

10 როგორ მოიქცეოდნენ რუთი და ორფა? (რუთ. 1:7). საერთო საწუხარმა რძლები დედამთილთან კიდევ უფრო დააახლოვა. როგორც ჩანს, განსაკუთრებით რუთი მოიხიბლა ნაომის სიკეთითა და იეჰოვას მიმართ გამოვლენილი ძლიერი რწმენით. სამი ქვრივი იუდასკენ მიმავალ გზას დაადგა.

11 წიგნი „რუთი“ შეგვახსენებს, რომ ტრაგედიისგან არც კეთილი ადამიანები არიან დაზღვეული (ეკლ. 9:2, 11). ამ შემთხვევიდან ვხედავთ, რომ მაშინაც კი, როცა ენით აუწერელი უბედურება გვატყდება თავს, კარგია, თუ განსაკუთრებით მათგან მივიღებთ ნუგეშს, ვისთვისაც თავშესაფარი იეჰოვა ღმერთია, რომელსაც ნაომი სცემდა თაყვანს (იგავ. 17:17).

ერთგული და მოსიყვარულე რძალი

12, 13. რატომ უნდოდა ნაომის, რომ რუთი და ორფა სახლში დაბრუნებულიყვნენ, და თავიდან რა რეაქცია ჰქონდათ ამ ახალგაზრდა ქალებს?

12 იუდასკენ მიმავალ ნაომის კიდევ ერთი საფიქრალი გაუჩნდა. ის წუხდა ორ ახალგაზრდა ქალზე, რომლებიც მის გვერდით მიაბიჯებდნენ და ასეთ დიდ სიყვარულს ავლენდნენ მისი და მისი ვაჟების მიმართ. ნაომის არ უნდოდა, ისედაც სულგამწარებული ქალების ცხოვრება კიდევ უფრო დაემძიმებინა. თუ ისინი თავიანთ ქვეყანას დატოვებდნენ და ნაომისთან ერთად წავიდოდნენ, რის გაკეთებას შეძლებდა დედამთილი მათთვის ბეთლემში?

 13 ბოლოს ნაომიმ უთხრა მათ: „წადით, დაბრუნდით თქვენს დედებთან, სახლში. იეჰოვამ გამოავლინოს სიკეთე თქვენ მიმართ, როგორც თქვენ გამოავლინეთ გარდაცვლილებისა და ჩემ მიმართ“. მან აგრეთვე დააიმედა, რომ იეჰოვას წყალობით ისინი კვლავ გათხოვდებოდნენ. ბიბლიაში ვკითხულობთ: „შემდეგ აკოცა მათ, ისინი კი ხმამაღლა ატირდნენ“. გასაკვირი არ არის, რატომ უყვარდათ ასე ძალიან ეს გულკეთილი და უანგარო ქალი რუთსა და ორფას. ორივე დაჟინებით ემუდარებოდა მას: „არა, შენ წამოგყვებით შენს ხალხთან“ (რუთ. 1:8—10).

14, 15. ა) რა გადაწყვეტილება მიიღო ორფამ? ბ) როგორ ცდილობდა ნაომი რუთის დარწმუნებას, რომ დაეტოვებინა ის?

14 თუმცა, ადვილი არ იყო ნაომის გადარწმუნება. იგი არწმუნებდა რძლებს, რომ ისრაელში ვერაფრით დაეხმარებოდა, რადგან აღარ ჰყავდა ქმარი და აღარც ვაჟები ეყოლებოდა, რომლებსაც მისთხოვდებოდნენ, და არც არაფერი ებადა. მას არ უნდოდა, რძლებს ტვირთად დასწოლოდა. ორფას ჭკუაში დაუჯდა ნაომის სიტყვები. მას მოაბში ჰყავდა დედა, რომელიც ელოდებოდა. მისთვის, ალბათ, უფრო მოსახერხებელი იყო, მოაბში დარჩენილიყო. ორფა დამწუხრებული ეამბორა ნაომის, დაემშვიდობა და უკან გაბრუნდა (რუთ. 1:11—14).

15 როგორ მოიქცა რუთი? ნაომი მასაც იმავეს ეუბნებოდა, მაგრამ ნახეთ, რას ვკითხულობთ ბიბლიაში: „რუთი ჩაეკრა მას“. ალბათ, ნაომი კვლავ გაუდგა გზას, მაგრამ შეამჩნევდა, რომ რუთი უკან მიჰყვებოდა. მან უთხრა: „ნახე, დაუბრუნდა შენი ქვრივი რძალი თავის ხალხსა და ღმერთებს! შენც დაბრუნდი შენს ქვრივ რძალთან ერთად“ (რუთ. 1:15).  მკითხველისთვის ნაომის ეს სიტყვები განსაკუთრებით საყურადღებოა. როგორც ნაომის სიტყვებიდან ჩანს, ორფა არა მხოლოდ თავის ხალხს, არამედ თავის ღმერთებსაც დაუბრუნდა. ის თანახმა იყო, კვლავ ეცა თაყვანი ქემოშისა და სხვა ცრუ ღვთაებებისთვის. რუთიც ასე ფიქრობდა?

16—18. ა) როგორ გამოავლინა რუთმა ნამდვილი სიყვარული? ბ) რას ვსწავლობთ რუთის მაგალითიდან? (იხილეთ ამ ორი ქალის სურათი).

16 რუთს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, ნაომის გაჰყოლოდა. მას მთელი გულით უყვარდა ნაომი და მისი ღმერთი. ამიტომ ასეთი რამ უთხრა: „ნუ მეხვეწები, მიგატოვო და წავიდე შენგან. სადაც შენ წახვალ, მეც იქ წამოვალ. სადაც შენ გაათევ ღამეს, მეც იქ გავათევ. შენი ხალხი ჩემი ხალხი იქნება და შენი ღმერთი — ჩემი ღმერთი. სადაც შენ მოკვდები, მეც იქ მოვკვდები და დავიმარხები. ასე და ასე, და კიდევ უარესიც მიყოს იეჰოვამ, თუ სიკვდილის გარდა სხვა რამემ დაგვაშოროს“ (რუთ. 1:16, 17).

„შენი ხალხი ჩემი ხალხი იქნება და შენი ღმერთი — ჩემი ღმერთი“

17 რუთის სიტყვები იმდენად შთამბეჭდავია, რომ 3 000 წლის გასვლის შემდეგაც კი აღფრთოვანებაში მოჰყავს მკითხველი! მისი სიტყვებიდან ჩანს, რაოდენ დიდი სიყვარული და ერთგულება გამოავლინა ამ ქალმა. ისე ძლიერ უყვარდა რუთს ნაომი და იმდენად ერთგული იყო მისი, რომ მზად იყო, ყველგან გაჰყოლოდა. მათ მხოლოდ სიკვდილი თუ დააშორებდა. ნაომის ხალხი მისი ხალხი გახდებოდა, რადგან რუთი მზად იყო, დაეტოვებინა ყველაფერი, რაც კი მოაბთან აკავშირებდა, მათ შორის მოაბელთა ღვთაებები. ორფასგან განსხვავებით, რუთს მთელი გულით სურდა, ნაომის ღმერთი, იეჰოვა, მისი ღმერთიც გამხდარიყო. *

18 ახლა ორნიღა მიუყვებოდნენ ბეთლემისკენ მიმავალ გზას. სავარაუდოდ, მათ ერთი კვირა მაინც დასჭირდებოდათ, იქამდე რომ მიეღწიათ. რასაკვირველია, ისინი გზაში ერთმანეთს ანუგეშებდნენ.

19. როგორ შეგვიძლია ისეთივე თვისება გამოვავლინოთ ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან და კრების წევრებთან ურთიერთობისას, როგორსაც რუთი ავლენდა?

19 დღეს ბევრს ატყდება თავს უბედურება. ამ „მძიმე, ძნელად ასატან დროში“ თითოეულ ჩვენგანს შეიძლება ხელიდან გამოეცალოს საყვარელი ადამიანი (2 ტიმ. 3:1). ამიტომ, დღეს, ისე როგორც არასდროს, ძალიან მნიშვნელოვანია ისეთივე თვისებას ვავლენდეთ, როგორსაც რუთი ავლენდა. ურყევი სიყვარული — გრძნობა, რომელიც ერთ ადამიანს მეორეს მიაჯაჭვებს — ამ ბნელით მოცულ ქვეყნიერებაში სიკეთის კეთებისკენ აღმძვრელი ძლიერი ძალაა. ასეთი სიყვარული  უნდა გამოვავლინოთ მეუღლის, ოჯახის სხვა წევრების, მეგობრებისა თუ თანამორწმუნეების მიმართ (წაიკითხეთ 1 იოანეს 4:7, 8, 20). როდესაც ასეთ სიყვარულს ვავლენთ, რუთს ვბაძავთ.

ცხოვრება ბეთლემში

20—22. ა) რა კვალი დააჩნია ნაომის მოაბში გატარებულმა წლებმა? ბ) ვის ადანაშაულებდა ნაომი თავის უბედურებაში? (წაიკითხეთ აგრეთვე იაკობის 1:13).

20 ერთია, თქვა, რომ გიყვარს და ერთგული ხარ, და მეორეა, ეს საქმით დაამტკიცო. რუთს შესაძლებლობა მიეცა, ურყევი სიყვარული გამოევლინა არა მხოლოდ ნაომის, არამედ იეჰოვა ღმერთის მიმართაც, რომელსაც თავისი ღმერთი უწოდა.

21 რძალ-დედამთილმა, როგორც იქნა, მიაღწია სოფელ ბეთლემამდე, რომელიც იერუსალიმის სამხრეთით დაახლოებით 10 კილომეტრში მდებარეობდა. როგორც ჩანს, ნაომისა და მის ოჯახს სოფელში კარგად იცნობდნენ, რადგან ყველა მის დაბრუნებაზე ლაპარაკობდა. ერთმა ქალმა ნაომიზე თქვა: „ეს ნაომია?“ მოაბში გატარებულმა წლებმა მასზე თავისი კვალი დააჩნია. მას სახეზე აღბეჭდვოდა ჭირ-ვარამი, რომელიც მოაბში გამოევლო (რუთ. 1:19).

22 ნაომიმ ნათესავებსა და მეზობლებს მოუყვა, რამხელა სიმწარე ნახა. მან ისიც კი უთხრა მათ, რომ ნაომი („ჩემი სიამოვნება“) კი არა, მარა („მწარე“) დაეძახათ მისთვის. ამ საცოდავ ქალს, იობის მსგავსად, ეგონა, რომ იეჰოვა ღმერთმა დაატეხა თავს უბედურება (რუთ. 1:20, 21; იობ. 2:10; 13:24—26).

23. რაზე დაიწყო რუთმა ფიქრი და რას ითვალისწინებდა მოსეს კანონი ღარიბებისთვის? (იხილეთ აგრეთვე სქოლიო)

23 როდესაც ისინი ბეთლემში დასახლდნენ, რუთმა იმაზე ფიქრი დაიწყო, თუ რით უნდა ერჩინა საკუთარი თავი და დედამთილი. მან გაიგო, რომ კანონის თანახმად, იეჰოვას ხალხს უნდა ეზრუნა ღატაკებზე. ღარიბებს უფლება ჰქონდათ, მკის დროს ყანებში წასულიყვნენ, მომკელებს ფეხდაფეხ მიჰყოლოდნენ, დაცვენილი აეკრიფათ და ყანების ნაპირებში დარჩენილი მოსავალიც მოემკათ (ლევ. 19:9, 10; კან. 24:19—21). *

24, 25. როგორ მოიქცა რუთი, როცა ბოაზის ყანას მიადგა და როგორ ხდებოდა დაცვენილი თავთავების აკრეფა?

 24 როცა ქერის მკის დრო დადგა, რომელიც დღევანდელი კალენდრის მიხედვით, აპრილის თვეში უნდა ყოფილიყო, რუთი ყანაში წავიდა იმის გასაგებად, თუ ვინ მისცემდა ყანაში დაცვენილის აკრეფის უფლებას. ის მიადგა ერთი მდიდარი მიწათმფლობელის, ბოაზის, ყანას, რომელიც ნაომის ქმრის, ელიმელექის, ნათესავი იყო. მართალია, კანონი აძლევდა მას დაცვენილის აკრეფის უფლებას, მაგრამ ყანაში მომუშავე ერთ ახალგაზრდა კაცს ნებართვა მაინც სთხოვა. მან ამის ნება დართო რუთს და ისიც საქმეს შეუდგა (რუთ. 1:22—2:3, 7).

25 წარმოიდგინეთ, როგორ მიჰყვება რუთი მომკელებს. როცა ისინი ქერს ნამგლით მკიან, ის ჩერდება და დაცვენილ თავთავებს კრეფს. როდესაც მომკელები თავთავებს ძნებად კრავენ და კალოზე გასალეწად მიაქვთ, რუთს იქიდანაც შეუძლია მარცვლის აკრეფა. ეს ძალიან დამქანცველი საქმე იყო, რადგან მკა დილაუთენია იწყებოდა. მაგრამ რუთი მუხლჩაუხრელად მუშაობდა; ის მხოლოდ მაშინ ჩერდებოდა, როდესაც შუბლიდან ოფლს იწმენდდა და მუშებისთვის გაკეთებულ საჩრდილობელში წაიხემსებდა ხოლმე.

რუთი მზად იყო, მძიმედ ეშრომა, საკუთარი თავი და დედამთილი რომ ერჩინა

26, 27. როგორი პიროვნება იყო ბოაზი და როგორ მოექცა ის რუთს?

26 რუთს არ ეგონა, რომ ვინმე მიაქცევდა ყურადღებას, მაგრამ ის შეუმჩნეველი არ დარჩენია ბოაზს, ძლიერი რწმენის მქონე კაცს. მან დაინახა ეს ახალგაზრდა ქალი და იკითხა, ვინ იყო. ბოაზი მიესალმა თავის მუშებს, რომელთა შორის ზოგი უცხოტომელიც იყო. მან ასეთი სიტყვებით მიმართა მათ: „იეჰოვა შეგეწიოთ“. მათაც იგივე მიუგეს ბოაზს. ამ ღვთისმოშიშმა მამაკაცმა მამობრივი მზრუნველობა გამოიჩინა რუთის მიმართ (რუთ. 2:4—7).

 27 ბოაზმა, რომელმაც რუთს შვილოთი მიმართა, ურჩია, რომ ყოველთვის მის ყანაში მისულიყო მარცვლის ასაკრეფად და ახლოს ყოფილიყო მოსამსახურე ქალებთან, რათა ახალგაზრდა კაცებს თავი არ მოებეზრებინათ მისთვის. მან იმაზეც იზრუნა, რომ რუთს სადილიც ჰქონოდა (წაიკითხეთ რუთის 2:8, 9, 14 ). უფრო მეტიც, იგი აქებდა რუთს და ამხნევებდა.

28, 29. ა) როგორი სახელი ჰქონდა რუთს? ბ) როგორ შეგიძლიათ რუთივით იეჰოვასთან პოვოთ თავშესაფარი?

28 როდესაც რუთმა ბოაზს ჰკითხა, რით დაიმსახურა უცხოტომელმა ქალმა მისი სიკეთე, მან მიუგო, რომ გაგონილი ჰქონდა, რა გააკეთა რუთმა თავისი დედამთილისთვის, ნაომისთვის. როგორც ჩანს, ნაომი თავის საყვარელ რძალს ბეთლემელ ქალებთან აქებდა და ამას ბოაზის ყურამდეც მიეღწია. ბოაზს ისიც გაგებული ჰქონდა, რომ რუთი იეჰოვას სცემდა თაყვანს, რადგან ასეთი სიტყვები უთხრა: „იეჰოვამ გადაგიხადოს შენი საქმისამებრ და სრული საზღაური მოგეგოს ისრაელის ღვთისგან, იეჰოვასგან, რომლის ფრთებქვეშაც მოიძიე თავშესაფარი“ (რუთ. 2:12).

29 როგორ გაამხნევებდა ეს სიტყვები რუთს! მას ხომ გადაწყვეტილი ჰქონდა, იეჰოვასთვის შეეფარებინა თავი ისევე, როგორც პაწაწინა ბარტყი პოულობს თავშესაფარს მშობლების ფრთებქვეშ. რუთმა მადლობა გადაუხადა ბოაზს ასეთი კარგი სიტყვებისთვის და საღამომდე განაგრძო მუშაობა (რუთ. 2:13, 17).

30, 31. რის სწავლა შეგვიძლია მოსიყვარულე, მუყაითი და მადლიერი რუთისგან?

30 რუთი, რომელმაც საქმეებით აჩვენა, რაოდენ დიდი რწმენა ჰქონდა, დღეს კარგ მაგალითს აძლევს მათ, ვისაც ეკონომიკურად უჭირს. რუთი არ თვლიდა, რომ ვინმე ვალდებული იყო, დახმარებოდა; ამიტომ, ყველაფერს მადლიერებით იღებდა. საყვარელი ადამიანი რომ ერჩინა, მას არ რცხვენოდა, დიდხანს და მძიმედ ემუშავა მიუხედავად იმისა, რომ საქმე, რომელსაც ის ასრულებდა, დამამცირებლად ითვლებოდა. მან მადლიერებით მიიღო და გაითვალისწინა გონივრული რჩევა, ვის გვერდით უნდა ემუშავა, უსაფრთხოდ რომ ყოფილიყო. რაც ყველაზე მთავარია, მას არასდროს რჩებოდა მხედველობიდან ის, რომ მისი მფარველი, პირველ რიგში, ზეციერი მამა, იეჰოვა იყო.

31 თუ ჩვენც რუთივით ურყევ სიყვარულს გამოვავლენთ და მასსავით თავმდაბლები, მუყაითები და მადლიერები ვიქნებით, სხვებს კარგ მაგალითს მივცემთ. როგორ იზრუნა იეჰოვამ რუთსა და ნაომიზე? ამის შესახებ შემდეგ თავში ვისაუბრებთ.

^ აბზ. 17 აღსანიშნავია, რომ რუთი, სხვა უცხოტომელების მსგავსად, მხოლოდ ტიტულით კი არა, პირადი სახელით, იეჰოვათიც, მოიხსენიებდა ღმერთს. ერთ ცნობარში ვკითხულობთ: «ამგვარად, წიგნ „რუთის“ დამწერი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ეს უცხოტომელი ჭეშმარიტი ღვთის მიმდევარი იყო».

^ აბზ. 23 ასეთი კანონი რუთისთვის ძალიან უცხო იყო, რადგან თავის ქვეყანაში მსგავსი კანონი არ არსებობდა. ძველად ახლო აღმოსავლეთში ქვრივებს ძალიან ცუდად ეპყრობოდნენ. ერთ ნაშრომში ვკითხულობთ: „როდესაც ქალს ქმარი მოუკვდებოდა, მასზე ვაჟებს უნდა ეზრუნათ. მაგრამ თუ არ ჰყავდა ვაჟები, მონად უნდა გაეყიდა თავი ან მეძაობა დაეწყო, თუ არადა, მოკვდებოდა“.