წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

„მიჰბაძეთ მათ რწმენას“

 თავი 5

„ღირსეული ქალი“

„ღირსეული ქალი“

1, 2. ა) რა სამუშაოს ასრულებდა რუთი? ბ) რატომ მოეწონა რუთს ღვთის კანონი და მისი ხალხი?

რუთი ქერის დახვავებულ თავთავებთან ჩამუხლულა. მან ის მთელი დღე აგროვა. უკვე მწუხრი ჩამოწვა და ბეთლემის ირგვლივ მინდვრებიდან მუშები მთის ქედზე გაშენებულ პატარა ქალაქის კარიბჭისკენ მიმავალ გზას მიუყვებიან. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორი ქანცგაწყვეტილია რუთი; ის ხომ მთელი დღე მუხლჩაუხრელად მუშაობდა. მიუხედავად ამისა, რუთი კვლავ აგრძელებს მუშაობას და გამეტებით ურტყამს ჯოხს ქერის თავთავებს, რომ მარცვლეული გაცეხვოს. მთლიანობაში დღემ კარგად ჩაიარა, იმდენად კარგად, რომ რუთი ვერც კი ინატრებდა უკეთესს.

2 იქნებ ახლა მაინც გაუღიმოს ბედმა ამ ახალგაზრდა ქვრივს? როგორც წინა თავიდან გავიგეთ, მას არ მიუტოვებია თავისი დედამთილი, ნაომი. მან ნაომის ისიც შეჰპირდა, რომ არასდროს მოშორდებოდა გვერდიდან და ნაომის ღმერთი, იეჰოვა, მისი ღმერთიც იქნებოდა. ეს ორი გულდამძიმებული ქვრივი მოაბიდან ბეთლემში ჩავიდა. ამ მოაბელმა ქალმა, ალბათ, მალე დაინახა, რომ იეჰოვას კანონი როგორც ღარიბ ისრაელებზე, ისე ღარიბ უცხოტომელებზე ზრუნვას ითვალისწინებდა. ახლა ისიც საკუთარი თვალით იხილა, რომ იეჰოვას ხალხიდან ზოგი, ვისაც ღვთის კანონი უყვარდა და მის თანახმად ცხოვრობდა, დიდად სწყალობდა მას, რაც მალამოსავით ედებოდა მის დაკოდილ გულს.

3, 4. ა) როგორ გაამხნევა ბოაზმა რუთი? ბ) როგორ გვეხმარება რუთის მაგალითი დღეს, ეკონომიკური სიდუხჭირის დროს?

3 ერთ-ერთი ასეთი კეთილი ადამიანი იყო მდიდარი ასაკოვანი მამაკაცი, ბოაზი, რომლის ყანაშიც რუთი დაცვენილი თავთავების ასაკრეფად მივიდა. სწორედ ამ დღეს მიაქცია ბოაზმა რუთს ყურადღება და მამასავით მოექცა. მთელი ამ დღის მანძილზე რუთს, ალბათ, სახეზე არაერთხელ გადაურბენდა ღიმილი, როცა ბოაზის სიტყვები მოაგონდებოდა. მან ხომ შეაქო რუთი იმის გამო, რომ ნაომიზე ზრუნავდა და თავშესაფარი ჭეშმარიტი ღვთის, იეჰოვას, ფრთებქვეშ პოვა (წაიკითხეთ რუთის 2:11—14 ).

 4 მიუხედავად ამისა, რუთი შეიძლება მაინც შიშით უყურებდა მომავალს. ის ხომ უქონელი უცხოტომელი იყო. მას არც ქმარი ჰყავდა და არც შვილი. რით ირჩენდა თავს და რით შეინახავდა დედამთილს? როდემდე გაიტანდნენ თავს ყანაში აკრეფილი მორჩენილი მარცვლეულით? ან ვინ იზრუნებდა თავად მასზე, როცა ხანში შევიდოდა? სავსებით შესაძლებელია, რომ ასეთ კითხვებს აეფორიაქებინა ის. დღესაც ბევრი წუხს ეკონომიკური სიდუხჭირის გამო. ამ მორწმუნე ქალის მაგალითი მსგავსი სირთულეების დაძლევაში ჩვენც დაგვეხმარება.

სრულფასოვანი ოჯახი

5, 6. ა) როგორ ჩაიარა ყანაში მუშაობის პირველმა დღემ? ბ) რატომ გაოცდებოდა ნაომი რძლის დანახვაზე?

5 რუთი მარცვლეულის გაცეხვას მორჩა და გაოცდა, რომ მთელი ეფა (დაახლოებით 22 ლიტრი) ქერი შეეგროვებინა! მას საკმაოდ მძიმე ტვირთის წაღება მოუწევდა სახლში. რუთმა, ალბათ, მარცვლეულის ფუთა თავზე დაიდო და ბინდბუნდში ბეთლემისკენ მიმავალ გზას გაუყვა (რუთ. 2:17).

6 ნაომის ძლიერ გაახარებდა საყვარელი რძლის დანახვა და გააოცებდა უხვად მოგროვილი ქერის ხილვა. რუთმა სახლში ის საკვებიც მიიტანა, რომელიც ბოაზის მუშებთან ერთად ჭამის დროს მორჩა და რძალ-დედამთილი ერთად შეექცა მოკრძალებულ ვახშამს. ნაომიმ რუთს ჰკითხა: „სად აკრიფე თავთავები, სად იმუშავე? კურთხეული იყოს, ვინც მოგხედა“ (რუთ. 2:19). ნაომის მხედველობიდან არ გამორჩენია, რომ რუთს ვიღაცამ ხელი გაუმართა, რადგან ახალგაზრდა ქვრივი სახლში მძიმე ტვირთით დაბრუნდა.

7, 8. ა) ნაომის აზრით, ვინ აღძრა ბოაზი სიკეთის გაკეთებისკენ, და რატომ? ბ) კიდევ რით გამოავლინა რუთმა დედამთილისადმი ერთგულება და სიყვარული?

7 მათ ერთმანეთს განვლილი დღის ამბები გამოჰკითხეს. რუთმა მოუყვა, რამხელა სიკეთე გამოავლინა მის მიმართ ბოაზმა. გახარებულმა ნაომიმ წამოიძახა: „აკურთხოს იგი იეჰოვამ, რომელიც არ აკლებს სიკეთეს არც ცოცხლებსა და არც მკვდრებს“ (რუთ. 2:20). მან ამაში იეჰოვას ხელი დაინახა, რომელიც თავის მსახურებს აღძრავს გულუხვობისკენ და ჰპირდება, რომ გამოვლენილი სიკეთის სანაცვლოდ კურთხევას არ მოაკლებს (წაიკითხეთ იგავების 19:17 ). *

8 ნაომიმ ურჩია რუთს, ბოაზის სიტყვისამებრ, მისივე ყანაში აეკრიფა მორჩენილი თავთავები მოახლეებთან ერთად, რათა მომკელებს არ შეეწუხებინათ იგი. რუთმა გაითვალისწინა რჩევა. ის ბოაზის მოახლეების  გვერდით კრეფდა თავთავებს და „თავის დედამთილთან ცხოვრობდა“ (რუთ. 2:22, 23). აქედან კიდევ ერთხელ გამოჩნდა რუთის ერთგულება და სიყვარული. მისმა მაგალითმა უნდა დაგვაფიქროს იმაზე, თუ რამდენად ვაფასებთ ოჯახის წევრებს, ვზრუნავთ თუ არა ჩვენს ახლობლებზე და ვეხმარებით თუ არა მათ. იეჰოვას არასდროს დარჩება შეუმჩნეველი ერთგული სიყვარული, რომელსაც სხვების მიმართ გამოვავლენთ.

რუთისა და ნაომის მაგალითიდან ვსწავლობთ, დავაფასოთ ჩვენი ოჯახი

9. როგორი ოჯახი ჰქონდათ რუთსა და ნაომის, და რას ვსწავლობთ მათგან?

9 შეიძლება იმის თქმა, რომ რუთსა და ნაომის სრულფასოვანი ოჯახი ჰქონდათ? ზოგიერთ კულტურაში ოჯახი სრულფასოვნად მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვლება, თუ ოჯახში არის მამა, დედა, შვილები თუ პაპა-ბებია. მაგრამ რუთისა და ნაომის მაგალითი გვიჩვენებს, რომ რაც არ უნდა პატარა იყოს ოჯახი და აკლდეს რომელიმე წევრი, თუ ეს ოჯახი იეჰოვას ემსახურება, მათ არ გაუჭირდებათ ოჯახური კვანძების განმტკიცება, მყუდრო და თბილი გარემოს შექმნა და ერთმანეთის მიმართ სიკეთისა და სიყვარულის გამოვლენა. აფასებ შენს ოჯახს? იესო თავის მიმდევრებს არწმუნებდა, რომ ქრისტიანული კრება ოჯახივით გახდებოდა მათთვის, ვინც მოკლებული იყო ოჯახურ სითბოს (მარ. 10:29, 30).

რუთი და ნაომი ერთმანეთს გვერდში ედგნენ და ამხნევებდნენ

„ეგ კაცი ჩვენი ერთ-ერთი გამომსყიდველია“

10. რა სურდა ნაომის რუთისთვის?

10 ქერის მკიდან ანუ აპრილის თვიდან მოყოლებული ხორბლის მოსავლის აღებამდე, ანუ ივნისის თვის ბოლომდე, რუთი ბოაზის ყანაში აგროვებდა დაცვენილ თავთავებს. კვირა კვირას მისდევდა და, ალბათ, ნაომი ბევრს ფიქრობდა იმაზე, თუ რის გაკეთება შეეძლო საყვარელი რძლისთვის. ჯერ კიდევ მოაბში ყოფნის დროს ნაომიმ რუთს უთხრა, რომ ვერაფრით დაეხმარებოდა, თუ გათხოვებას მოინდომებდა (რუთ. 1:11—13). ახლა კი სულ სხვაგვარად ფიქრობს ნაომი და რუთს ეუბნება: „შვილო, თავშესაფარი უნდა მოგიძებნო, რომ კარგად იგრძნო თავი“ (რუთ. 3:1). იმ დროს ჩვეულებრივი მოვლენა იყო, მშობელს აერჩია შვილისთვის მეუღლე. რადგან ნაომის რუთი საკუთარი შვილივით უყვარდა, სურდა, რუთისთვის ეპოვა „თავშესაფარი“ ანუ ქმარი, რომელიც მის უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე იზრუნებდა. რის გაკეთებას აპირებდა ნაომი?

11, 12. ა) ღვთის რომელ კანონს გულისხმობდა ნაომი, როცა ბოაზი „გამომსყიდველად“ მოიხსენია? ბ) როგორ მიიღო რუთმა დედამთილის რჩევა?

11 როდესაც რუთმა პირველად ახსენა ბოაზი, ნაომიმ უთხრა: „ჩვენი  ნათესავია ეგ კაცი, ჩვენი ერთ-ერთი გამომსყიდველი“ (რუთ. 2:20). რას ნიშნავდა ეს სიტყვები? ღვთის მიერ ისრაელისთვის მიცემული კანონი ითვალისწინებდა იმ ოჯახების დაცვას, რომლებიც სიღარიბის ან უბედური შემთხვევის გამო გაჭირვებაში აღმოჩნდებოდნენ. თუ ქალი ისე დაქვრივდებოდა, რომ შვილი არ ეყოლებოდა, მისი მდგომარეობა მეტად სავალალო იყო. მისი ქმრის სახელი საბოლოოდ დავიწყებას ეძლეოდა, რადგან შთამომავალი არ ეყოლებოდა. ღვთის კანონი უფლებას აძლევდა დაქვრივებული ქალის მაზლს, რძალზე დაქორწინებულიყო, ხოლო დაბადებული ბავშვი გარდაცვლილი ძმის შვილად ჩათვლილიყო და მისი ქონება განეკარგა (კან. 25:5—7). *

12 ნაომიმ სამოქმედო გეგმა შეიმუშავა. ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, თუ როგორ გაუფართოვდებოდა გაკვირვებისგან რუთს თვალები, როცა დედამთილი თავის ჩანაფიქრს გაანდობდა. როგორც ჩანს, ისრაელი ერისთვის მიცემული ღვთის ბევრი კანონი რუთისთვის ჯერ კიდევ ახალი იყო და უცნაურად ეჩვენებოდა. მიუხედავად ამისა, რადგანაც ნაომის დიდ პატივს სცემდა, მთელი ყურადღებით უსმენდა. ის, რის გაკეთებაც ნაომიმ ურჩია რუთს, შესაძლოა მისთვის უხერხული და დამამცირებელიც კი იყო, მაგრამ რუთი დასთანხმდა და მორჩილად მიუგო: „ყველაფერს ისე გავაკეთებ, როგორც მეუბნები“ (რუთ. 3:5).

13. რას ვსწავლობთ რუთისგან, რომელმაც უფროსი ადამიანის რჩევა გაითვალისწინა? (იხილეთ აგრეთვე იობის 12:12).

13 ზოგჯერ ახალგაზრდებს უჭირთ, მოუსმინონ მათ, რომლებიც  მათზე უფროსები და უფრო გამოცდილები არიან. მათ ჰგონიათ, რომ უფროსებს არ ესმით, რა სირთულეებთან უწევთ ჭიდილი ახალგაზრდებს. რუთის მაგალითი შეგვახსენებს, რომ ყოველთვის ბრძნულია, თავმდაბლურად მოვუსმინოთ უფროსებს, რომელთაც ვუყვარვართ და ჩვენი კეთილდღეობით არიან დაინტერესებული (წაიკითხეთ ფსალმუნის 71:17, 18 ). მაგრამ მოდი, ვნახოთ, რა ურჩია ნაომიმ რუთს და როგორ აკურთხა იეჰოვამ რუთი.

რუთი კალოზე

14. რა იყო კალო და რისთვის იყენებდნენ მას?

14 ერთ საღამოს რუთი ავიდა კალოზე — ბრტყელ და დატკეპნილ მომრგვალებულ ადგილზე, სადაც გლეხებს ძნები გასალეწად და გასანიავებლად მიჰქონდათ. კალოსთვის ადგილს, ძირითადად, გორაკზე ირჩევდნენ, რომელსაც ნაშუადღევსა და საღამოს პირზე ნიავი კარგად უვლიდა. მარცვლის გამოსარჩევად გლეხი ფიწლით ანიავებდა ბზეს, მარცვალი მიწაზე რჩებოდა, ბზე კი ნიავს მიჰქონდა.

15, 16. ა) აღწერეთ კალოზე განვითარებული მოვლენები. ბ) როგორ გაიგო ბოაზმა, რომ ფეხებთან ქალი ეწვა?

15 თვალში რომ არავის მოხვედროდა, რუთი გვიანობამდე უჩუმრად აკვირდებოდა კალოზე გაჩაღებულ მუშაობას, ბოაზი კი თვალყურს ადევნებდა თავის მუშებს, რომლებიც გალეწილ ძნებს ანიავებდნენ და მარცვალს ერთ ადგილზე ახვავებდნენ. კარგად რომ დანაყრდა, ბოაზი მარცვლეულის ხვავის პირას მიწვა. როგორც ჩანს, ყანის მეპატრონეები ასე იმიტომ იქცეოდნენ, რომ მოწეული მარცვლეული არავის მოეპარა. რუთმა დაინახა, რომ ბოაზი დასაძინებლად ემზადებოდა. ახლა უკვე დადგა დრო, რომ რუთი ნაომის რჩევისამებრ მოქცეულიყო.

16 რუთი ბოაზთან მიჩოჩდა; გული გამალებით უცემდა. მიხვდა,  რომ ბოაზს უკვე ღრმად ეძინა. ასე რომ, ნაომის რჩევისამებრ მოიქცა — ფეხაკრეფით მივიდა, გადახადა ფეხებზე, მიუწვა და იყუჩა. დრო ნელა მიიზლაზნებოდა და, ალბათ, რუთს ეს დრო საუკუნედ ეჩვენებოდა. შუაღამისას ბოაზს შესცივდა და კანკალი დაიწყო. წამოიწია, რომ დაეფარებინა და „რას ხედავს! ქალი უწევს ფეხებთან“ (რუთ. 3:8).

17. რა ორი მნიშვნელოვანი გარემოება რჩებათ მათ მხედველობიდან, ვინც ფიქრობს, რომ რუთი შეუფერებლად მოიქცა?

17 „ვინა ხარ?“ — ჰკითხა ქალს ბოაზმა. რუთმა აკანკალებული ხმით მიუგო: „რუთი ვარ, შენი მხევალი. გადმოაფარე შენს მხევალს შენი მოსასხამის კალთა, რადგან შენა ხარ გამომსყიდველი“ (რუთ. 3:9). დღეს ზოგი ბიბლეისტი ფიქრობს, რომ რუთი ასეთი საქციელითა და სიტყვებით ბოაზის შეცდენას ცდილობდა, მაგრამ მათ ორი მნიშვნელოვანი გარემოება რჩებათ მხედველობიდან. პირველი ის, რომ რუთი იმდროინდელი წეს-ჩვეულების თანახმად მოქმედებდა, რაც შეიძლება დღეს ჩვენთვის გაუგებარი და მიუღებელიც იყოს. ასე რომ, არასწორი იქნება, თუ რუთს დღევანდელი გარყვნილი ქვეყნიერების გადასახედიდან განვსჯით. მეორე, ბოაზის პასუხიდან ჩანს, რომ რუთს სამარცხვინო არაფერი ჩაუდენია. პირიქით, ის უმწიკვლო ქალი იყო და ქებაც დაიმსახურა.

რუთი ბოაზთან კალოზე არც უზნეობის ჩადენის და არც პირადი გამორჩენის მიზნით ასულა

18. როგორ დაამშვიდა ბოაზმა რუთი, და მის მიერ გამოვლენილ რომელ სიკეთეზე საუბრობდა ბოაზი?

18 ბოაზმა რუთს უთხრა: „იეჰოვამ გაკურთხოს, შვილო. ახლა უფრო მეტი სიკეთე გამოავლინე, ვიდრე პირველად, რომ ახალგაზრდებიდან არავის გაჰყევი, არც მდიდარს და არც ღარიბს“ (რუთ. 3:10). უდავოა, ბოაზის ხმაში ზრუნვა და მამობრივი სითბო გამოსჭვიოდა, რამაც რუთი დაამშვიდა. რუთმა პირველად მაშინ გამოავლინა სიყვარული და ერთგულება, როცა ნაომის ისრაელში გაჰყვა და ზრუნვას არ აკლებდა. ახლა კი დედამთილის რჩევა გაითვალისწინა. ბოაზმა ისიც აღნიშნა, რომ რუთისნაირ ახალგაზრდა ქალს თავისუფლად შეეძლო, გაცილებით ახალგაზრდა მამაკაცს, ღარიბს ან თუნდაც მასზე მდიდარს, მისთხოვებოდა. უფრო მეტიც, ის არა მარტო ნაომიზე ზრუნავდა, არამედ გარდაცვლილი მამამთილის სახელზეც, რომ ის დავიწყებას არ მისცემოდა. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რატომ მოხიბლა ამ ახალგაზრდა ქალის უანგარო სიყვარულმა ბოაზი.

19, 20. ა) რატომ არ დაქორწინდა ბოაზი რუთზე დაუყოვნებლივ? ბ) როგორ გამოავლინა ბოაზმა რუთის მიმართ სიკეთე და როგორ გაუფრთხილდა მის სახელს?

19 შემდეგ ბოაზმა დასძინა: „ნუ გეშინია შვილო. რაც მთხოვე, ყველაფერს შეგისრულებ, რადგან ჩემი ხალხის ქალაქში ყველამ იცის,  რომ ღირსეული ქალი ხარ“ (რუთ. 3:11). როგორც ჩანს, ბოაზსაც სურდა რუთის შერთვა და არც გაჰკვირვებია, როცა რუთმა გამომსყიდველის მოვალეობის შესრულება სთხოვა. მიუხედავად ამისა, ბოაზი სამართლიანი კაცი იყო და შექმნილი მდგომარეობით ბოროტად არ უსარგებლია. მან რუთს უთხრა, რომ კიდევ იყო ერთი კაცი, რომელიც უფრო ახლო ნათესავად ეკუთვნოდა მის ქმარს. ამიტომ, ბოაზს ჯერ მისთვის უნდა შეეთავაზებინა რუთის ცოლად მოყვანა.

რუთი სიკეთეს ავლენდა და პატივისცემით ეპყრობოდა ყველას და ამიტომ მოიპოვა კარგი სახელი

20 ბოაზმა უთხრა რუთს, რომ დილამდე დარჩენილიყო მასთან, გამთენიისას კი შეუმჩნევლად დაეტოვებინა კალო. ის უფრთხილდებოდა როგორც თავის, ისე მის სახელს, რადგან შეიძლება ვინმეს მათთვის უზნეობაში დაედო ბრალი. რუთი ისევ ფეხებთან მიუწვა კაცს და ბოაზის პასუხით გულდამშვიდებული ელოდა გარიჟრაჟს. ჯერ კიდევ ბნელოდა, როცა ბოაზმა რუთს მოსასხამის კალთაში დიდი რაოდენობით ქერი ჩაუყარა და მანაც ბეთლემს მიაშურა (წაიკითხეთ რუთის 3:13—15 ).

21. როგორ მოიპოვა რუთმა „ღირსეული ქალის“ სახელი და როგორ შეგვიძლია მივბაძოთ მას?

21 როგორ ესიამოვნებოდა რუთს ბოაზისგან იმის მოსმენა, რომ ხალხი მას ღირსეულ ქალად იცნობდა. უეჭველია, მას ასეთი კარგი სახელი იმიტომ ჰქონდა, რომ ძალ-ღონეს არ იშურებდა, გაეცნო იეჰოვა და ემსახურა მისთვის. მან აგრეთვე დიდი სიყვარული გამოავლინა ნაომისა და მისი ხალხის მიმართ და მორჩილად შეისისხლხორცა იუდაური წეს-ჩვეულებები, რომლებიც მისთვის უცხო იყო. თუ რუთს მივბაძავთ და მასსავით ძლიერ რწმენას გამოვავლენთ, პატივისცემით მოვეკიდებით როგორც ცალკეულ ადამიანებს, ისე მათ წეს-ჩვეულებებს. თუ ასე მოვიქცევით, რუთის მსგავსად ღირსეულ სახელს შევიძენთ.

რუთის თავშესაფარი

22, 23. ა) რა საჩუქარი გაუგზავნა ბოაზმა ნაომის? (იხილეთ სქოლიო) ბ) რა ურჩია ნაომიმ რუთს?

22 „ვინა ხარ, შვილო?“ — იკითხა ნაომიმ, როცა რუთი სახლში შევიდა. ჯერ კიდევ არ გათენებულიყო და, ალბათ, ნაომიმ სიბნელეში ვერ გაარჩია, ვინ შევიდა სახლში. თუმცა, შესაძლოა ნაომიმ ეს კითხვა იმიტომ დასვა, რომ უნდოდა გაეგო, რუთი ისევ მიუსაფარი ქვრივი იყო თუ სასურველი საპატარძლო. რუთმაც სულმოუთქმელად მოუყვა დედამთილს მომხდარი. გარდა ამისა, რუთმა მას ბოაზისგან მისთვის საჩუქრად გაგზავნილი მარცვლეული უჩვენა (რუთ. 3:16, 17). *

23 ნაომიმ ურჩია რუთს, რომ იმ დღეს სახლში დარჩენილიყო და  ყანაში თავთავების ასაკრეფად აღარ წასულიყო. მან რძალი დაარწმუნა: „არ მოისვენებს ის კაცი, თუ დღესვე ბოლომდე არ მიიყვანს საქმეს“ (რუთ. 3:18).

24, 25. ა) როგორ ცხადყო ბოაზმა, რომ პატიოსანი და უანგარო ადამიანი იყო? ბ) რა კურთხევები მიიღო რუთმა?

24 ნაომი არ შემცდარა. ბოაზი დაუყოვნებლივ გაეშურა ქალაქის კარიბჭისკენ, სადაც უხუცესები იკრიბებოდნენ და იმ კაცის გამოჩენას დაელოდა, რომელიც ნაომის ოჯახს უფრო ახლო ნათესავად ერგებოდა. ბოაზმა მას მოწმეების წინაშე შესთავაზა, რომ შეერთო რუთი და ამგვარად გამომსყიდველის მოვალეობა შეესრულებინა. მამაკაცმა მოვალეობის შესრულებაზე უარი თქვა, რადგან ფიქრობდა, რომ თუ ასე მოიქცეოდა, საკუთარ მემკვიდრეობას შეუქმნიდა საფრთხეს. მაშინ ბოაზმა მოწმეების წინაშე თქვა, რომ თავად იყიდიდა ნაომის მკვდარი ქმრის, ელიმელექის, მემკვიდრეობას და დაქორწინდებოდა რუთზე, რომელიც ელიმელექის ვაჟის, მახლონის, ქვრივი იყო. ბოაზმა ყველას წინაშე განაცხადა, რომ გამოსყიდვის შემთხვევაში „გარდაცვლილის მემკვიდრეობა კვლავ მისი სახელით იწოდებოდა“ (რუთ. 4:1—10). ბოაზმა საქმით დაამტკიცა, რომ პატიოსანი და უანგარო ადამიანი იყო.

25 ბოაზმა ცოლად შეირთო რუთი. ბიბლიაში ვკითხულობთ: „აკურთხა იგი იეჰოვამ, დაორსულდა და გააჩინა ვაჟი“. ბეთლემელი ქალები ლოცავდნენ ნაომის და აქებდნენ რუთს, რომელიც ნაომის შვიდ ძეს ერჩივნა. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ მოგვიანებით რუთის შვილთაშვილი მეფე დავითი გახდა (რუთ. 4:11—22). დავითი კი იესო ქრისტეს წინაპარი იყო (მათ. 1:1). *

იეჰოვამ აკურთხა რუთი და ის მესიის წინაპარი გახდა

26. რას შეგვახსენებს რუთისა და ნაომის მაგალითი?

26 იეჰოვამ ნამდვილად აკურთხა რუთი და ნაომი, რომელიც რუთის ვაჟს საკუთარი შვილივით ზრდიდა. ამ ორი ქალის ცხოვრება იმის ცოცხალი მაგალითია, რომ იეჰოვას შეუმჩნეველი არ რჩება ის ადამიანები, რომლებიც ლუკმაპურის პატიოსანი გზით საშოვნელად მუხლჩაუხრელად შრომობენ და მის რჩეულ ხალხთან ერთად ერთგულად ემსახურებიან მას. იეჰოვა კურთხევას არ აკლებს ისეთ ერთგულ ადამიანებს, როგორებიც იყვნენ ბოაზი, ნაომი და რუთი.

^ აბზ. 7 ნაომის სიტყვებიდან ვიგებთ, რომ იეჰოვა არა მხოლოდ ცოცხლების მიმართ ავლენს წყალობას, არამედ მკვდრების მიმართაც. ნაომის მეუღლე და ორი ვაჟი მკვდარი ჰყავდა. რუთიც ქვრივი იყო. უდავოა, რომ ეს სამი მამაკაცი მეტად ძვირფასი იქნებოდა ამ ქალებისთვის. როდესაც ნაომისა და რუთს ვინმე სიკეთეს უკეთებდა, ეს, ფაქტობრივად, მათი მეუღლეების მისამართით გამოვლენილი სიკეთე იყო, რადგან ცოცხლები რომ ყოფილიყვნენ, ამ ქალების კეთილდღეობაზე სწორედ ეს მამაკაცები იზრუნებდნენ.

^ აბზ. 11 ძმის ქვრივის შერთვა მაზლის უშუალო მოვალეობა იყო. თუ გარდაცვლილს არ ჰყავდა ძმა, ქვრივი უახლოეს ნათესავს უნდა შეერთო, რომელიც იმავე საგვარეულოს ეკუთვნოდა (რიცხ. 27:5—11).

^ აბზ. 22 ბოაზმა რუთს ექვსი საწყაო ქერი მისცა, რომლის ზუსტი რაოდენობის დადგენაც ჩვენთვის შეუძლებელია. შეიძლება ეს იმას ნიშნავდა, რომ რადგანაც ექვს სამუშაო დღეს შაბათის დასვენება მოსდევდა, ეს ქვრივი ქალიც „ექვსდღიანი შრომის“ შემდეგ ქმრის სახლში იპოვიდა თავშესაფარს ანუ მოსასვენებელ ადგილს. მეორე მხრივ, ექვსი საწყაო შეიძლება ექვს ნიჩაბ ქერს ნიშნავდეს, რამდენის ტარებასაც რუთი შეძლებდა.

^ აბზ. 25 რუთი ერთ-ერთია იმ ხუთი ქალიდან, რომელიც ბიბლიაში იესოს წინაპრადაა მოხსენიებული. კიდევ სხვა ქალი, რომლის შთამომავალიც იყო იესო, ბოაზის დედა, რახაბია (მათ. 1:3, 5, 6, 16). რუთის მსგავსად, არც ის იყო ისრაელი.