არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

„მიჰბაძეთ მათ რწმენას“

შესავალი

შესავალი

„მიჰბაძეთ მათ, რომლებიც რწმენითა და მოთმინებით იმკვიდრებენ ყველა დანაპირებს“ (ებრაელები 6:12).

1, 2. რა გრძნობები აკავშირებდა ერთ მიმომსვლელ ზედამხედველს ღვთის ერთგულ ბიბლიურ პერსონაჟებთან, და რატომ შეიძლება ისინი შენთვისაც საუკეთესო მეგობრები იყვნენ?

„იგი ბიბლიურ პერსონაჟებზე ისე საუბრობს, თითქოს მათთან დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს“. ეს სიტყვები თქვა ერთმა დამ მას შემდეგ, რაც ერთი ხანდაზმული მიმომსვლელი ზედამხედველის მოხსენება მოისმინა. ეს და მართალს ამბობდა. ეს მიმომსვლელი ზედამხედველი წლების მანძილზე იმდენად ღრმად იკვლევდა ბიბლიას, რომ როცა ბიბლიის რომელიმე პერსონაჟზე ლაპარაკობდა, ისეთი წარმოდგენა იქმნებოდა, თითქოს საკუთარ მეგობრებზე საუბრობდა, რომლებსაც მთელი ცხოვრება იცნობდა.

2 კარგი იქნება, თუ ჩვენთვისაც ბიბლიური პერსონაჟები მეგობრებივით იქნებიან. არიან ისინი შენთვის ისეთივე რეალურები, როგორიც ამ ძმისთვის? წარმოიდგინე, თითქოს ისეთ ერთგულ მამაკაცებთან და ქალებთან ერთად დადიხარ და საუბრობ, როგორიცაა ნოე, აბრაამი, რუთი, ელია და ესთერი, და უკეთ ეცნობი მათ. დაფიქრდი, რა დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლიათ შენზე; მათ ხომ შენთვის საუკეთესო რჩევების მოცემა და შენი გამხნევება შეუძლიათ! (წაიკითხეთ იგავების 13:20).

3. ა) რის სწავლა შეგვიძლია ძველ დროში მცხოვრები ძლიერი რწმენის მქონე მამაკაცებისა და ქალების მაგალითიდან? ბ) რა კითხვებზე ვიმსჯელებთ?

3 იმ დროს, როცა მართლები „მკვდრეთით აღდგებიან“, პირადად შეხვდები მათ და მათთან ურთიერთობით დატკბები (საქ. 24:15). თუმცა, დღესაც შეგიძლია ბიბლიური პერსონაჟებისგან, ძლიერი რწმენის მქონე მამაკაცებისა და ქალებისგან ბევრი რამის სწავლა. პავლე მოციქული გვიხსნის, როგორაა ეს შესაძლებელი: „მიჰბაძეთ მათ, რომლებიც რწმენითა და მოთმინებით იმკვიდრებენ ყველა დანაპირებს“ (ებრ. 6:12). როდესაც ღვთის ამ ერთგული მამაკაცებისა და ქალების ძლიერი რწმენის მაგალითზე დავფიქრდებით, ვიმსჯელებთ რამდენიმე კითხვაზე, რაც პავლე მოციქულის ზემოხსენებულ სიტყვებს უკავშირდება: რა არის რწმენა და რატომ არის ის აუცილებელი? როგორ შეგვიძლია მივბაძოთ ძველ დროში მცხოვრებ ღვთის ერთგულ მსახურებს?

რა არის რწმენა და რატომ არის ის აუცილებელი?

4. რას ნიშნავს ზოგის აზრით რწმენა, და რატომ ცდებიან ისინი?

4 რწმენა ღვთის სულის ნაყოფია. მას ძალიან აფასებდნენ ერთგული მამაკაცები და ქალები, რომელთა შესახებაც ამ წიგნშია მოთხრობილი. ბევრმა დღეს არც კი იცის, რა არის ნამდვილი რწმენა; მათი აზრით, რწმენის ქონა ნიშნავს, დაიჯერო რამე ყოველგვარი მტკიცებულებებისა თუ ფაქტების გარეშე, მაგრამ ისინი ცდებიან. ნამდვილი რწმენა რაიმეს ბრმად დაჯერება არ არის; ის არც მხოლოდ ემოციაა; უფრო მეტია, ვიდრე რაღაცის დაჯერება. საფუძველს მოკლებული რწმენის ქონა საშიშია. ემოციაც მალე ქრება. არც მხოლოდ რაიმეს დაჯერებაა საკმარისი, რადგან ღმერთი „დემონებსაც სწამთ და კანკალებენ“ (იაკ. 2:19).

5, 6. ა) რაზეა დაფუძნებული ჩვენი რწმენა? ბ) როგორი საფუძველი უნდა ჰქონდეს ჩვენს რწმენას? მოიყვანე მაგალითი.

 5 ნამდვილი რწმენა გაცილებით მეტია, ვიდრე რაღაცის ბრმად დაჯერება. ვნახოთ, როგორ განმარტავს ბიბლია, რა არის ნამდვილი რწმენა (წაიკითხეთ ებრაელების 11:1). პავლემ ახსნა, რომ რწმენა ორ ისეთ რამეს ეფუძნება, რასაც ვერ ვხედავთ. ერთი ისაა, რომ რწმენა დაფუძნებულია დღევანდელ სინამდვილეზე, რომელიც თვალით „უხილავია“. შეუძლებელია დავინახოთ ის „სინამდვილე“, რაც ზეცაშია; მაგალითად, იეჰოვა ღმერთი, მისი ძე ან სამეფო, რომელიც მმართველობს ზეცაში. მეორე ის არის, რომ რწმენა ეფუძნება იმას, „რასაც ვიმედოვნებთ“ — მოვლენებს, რომლებიც ჯერ არ მომხდარა. ამჟამად ჩვენ ვერ ვხედავთ ახალ ქვეყნიერებას, რომელსაც მალე ღვთის სამეფო დედამიწაზე დაამყარებს. ნიშნავს ეს იმას, რომ ჩვენი რწმენა „უხილავი სინამდვილისადმი“ და ჩვენი მოლოდინი უსაფუძვლოა?

6 რასაკვირველია, არა! პავლემ ახსნა, რომ ნამდვილ რწმენას მტკიცე საფუძველი გააჩნია. როცა პავლემ რწმენას უწოდა „აშკარა მტკიცება“, ამ დროს გამოიყენა გამოთქმა, რომელიც შეიძლება ნიშნავდეს „ქონების ფლობის დამადასტურებელ საბუთს“. ვთქვათ, ვინმემ ანდერძით დაგიტოვა სახლი. მან შეიძლება დაგიდოს საბუთი და გითხრას: აი, შენი ახალი სახლი“. რა თქმა უნდა, ამით იმას არ გეუბნება, რომ პირდაპირი გაგებით ამ ქაღალდის ფურცელზე იცხოვრებ; ის გულისხმობს, რომ ამ საბუთს კანონიერი ძალა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნამდვილად შენ ხარ ამ სახლის მფლობელი. მსგავსად ამისა, რწმენის დამადასტურებელი მტკიცებულებები იმდენად დამაჯერებელი და სარწმუნოა, რომ ნამდვილად არსებობს რწმენის საფუძველი.

7. რას გულისხმობს ნამდვილი რწმენა?

7 ნამდვილი რწმენა გულისხმობს იეჰოვა ღმერთისადმი ნდობასაც, რასაც სარწმუნო მტკიცებულებები და ზუსტი ცოდნა უდევს საფუძვლად. რწმენა იმის საფუძველს გვაძლევს, რომ იეჰოვა ჩვენს მოსიყვარულე მამად მივიჩნიოთ და ვენდოთ მის ყველა დანაპირებს, რომლებიც მალე რეალობად იქცევა. მაგრამ ნამდვილი რწმენა უფრო მეტს მოიცავს. როგორც ცოცხალ არსებებს გამუდმებით სჭირდებათ კვება, ისე ჩვენც გვჭირდება სულიერი კვება, რათა რწმენა არ დავკარგოთ. რწმენა საქმეებით უნდა დავამტკიცოთ; წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ცოცხალი ვერ იქნება (იაკ. 2:26).

8. რატომ არის რწმენა ასე მნიშვნელოვანი?

8 რატომ არის რწმენა ასე მნიშვნელოვანი? პავლე ამ კითხვაზე ამომწურავ პასუხს გვცემს (წაიკითხეთ ებრაელების 11:6). თუ რწმენა არ გვექნება, იეჰოვას ვერც ლოცვით მივმართავთ და ვერც ვასიამოვნებთ. ამიტომ, რწმენა უაღრესად მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ დავუახლოვდეთ ჩვენს ზეციერ მამას, იეჰოვას, და განვადიდოთ. ეს კი ყველაზე ღირებული მიზანია, რისი დასახვაც გონიერ ქმნილებას შეუძლია.

9. რატომ შეგვიძლია იმის თქმა, რომ იეჰოვას ესმის, რაოდენ აუცილებელია, გვქონდეს რწმენა?

9 იეჰოვამ იცის, რაოდენ აუცილებელია ჩვენთვის რწმენა. ამიტომ თავისი ერთგული მსახურების მაგალითებით გვეხმარება, განვივითაროთ და განვიმტკიცოთ რწმენა. ღვთის წყალობით, ქრისტიანულ კრებაში არიან სამაგალითო ძმები, რომლებიც სამწყსოს ხელმძღვანელობენ. ბიბლიაში ვკითხულობთ: „მათ მიჰბაძეთ რწმენაში“ (ებრ. 13:7). იეჰოვას კიდევ ბევრი ერთგული მსახური ჰყავდა, რომლებმაც კარგი მაგალითი მოგვცეს. პავლემ დაწერა „მოწმეთა დიდ ღრუბელზე“, ძველ დროში  მცხოვრებ კაცებსა და ქალებზე, რომლებმაც ძლიერი რწმენის შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვეს (ებრ. 12:1). ებრაელების მე-11 თავში პავლემ მოიხსენია ღვთის ამ ერთგული მსახურების სახელები, მაგრამ ეს არ არის სრული ნუსხა. ბიბლიის ფურცლებზე ღვთის უამრავი ერთგული კაცისა და ქალის, ახალგაზრდისა თუ ხანდაზმულის, ისტორიაა მოთხრობილი, რომლებსაც განსხვავებულ ვითარებაში უწევდათ ცხოვრება და რომლებმაც ბოლომდე შეინარჩუნეს რწმენა. მათგან მართლაც ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია დღეს, როდესაც ხალხს ასე გაუნელდა რწმენა.

როგორ შეგვიძლია მივბაძოთ ძლიერი რწმენის მქონე ღვთის მსახურებს?

10. როგორ დაგვეხმარება პირადი შესწავლა, მივბაძოთ ბიბლიაში მოხსენიებულ ღვთის ერთგულ მამაკაცებსა და ქალებს?

10 ვერ მიჰბაძავ ვერავის, თუ თავდაპირველად კარგად არ დააკვირდები. თუ გულისყურით წაიკითხავ ამ წიგნს, შენიშნავ, რომ ძმებმა დიდი შრომა გასწიეს და ბევრი რამ გამოიკვლიეს იმისთვის, რომ უკეთ გაგეცნო ღვთის ეს ერთგული კაცები და ქალები. კარგი იქნება, თუ პირადად მოიძიებ ღვთის ამ ერთგულ მსახურებზე მეტ ინფორმაციას და უკეთ გაეცნობი მათ. პირადი შესწავლის დროს ღრმად გამოიკვლიე ბიბლია სხვა დამხმარე სახელმძღვანელოების დახმარებით. როდესაც წაკითხულზე ფიქრობ, შეეცადე წარმოიდგინო, სად და რა ვითარებაში ხდება მოქმედება. წარმოიდგინე, რომ შენც იქ ხარ, საკუთარი თვალით ხედავ ყველაფერს, გესმის ხმები და შეიგრძნობ სურნელს. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ბოლომდე ჩასწვდე ბიბლიური პერსონაჟების გრძნობებს. თუ იმასვე იგრძნობ, რასაც ღვთის ეს ერთგული კაცები და ქალები გრძნობდნენ, ისინი შენთვის უფრო რეალური და ახლობელი ადამიანები გახდებიან; ზოგიერთი შეიძლება შენთვის დიდი ხნის მეგობარივით ძვირფასიც კი გახდეს.

11, 12. ა) როგორ შეგიძლია უკეთ გაეცნო აბრაამსა და სარას? ბ) რის სწავლა შეგიძლია ხანას, ელიასა და სამუელისგან?

11 თუ უკეთ გაიცნობ ღვთის ამ ერთგულ მსახურებს, მათი მიბაძვის სურვილი გაგიჩნდება. მაგალითად, შეიძლება ელი ახალ დავალებას. იეჰოვას ორგანიზაციაში მსახურების გაფართოების მიზნით რაღაც კონკრეტულ დავალებას გაძლევენ. მაგალითად, გთხოვენ, რომ გადახვიდე ისეთ ტერიტორიაზე, სადაც მქადაგებლებზე დიდი მოთხოვნილებაა; ან შეიძლება გირჩიეს, ქადაგების ისეთი ფორმა აირჩიო, რომელიც შენთვის უცხოა ან მოუხერხებელი. როგორ დაგეხმარება აბრაამის მაგალითი, თუ გაფიქრებს ეს დავალება და ლოცულობ კიდეც ამაზე? მან და სარამ უყოყმანოდ დატოვეს კომფორტული ცხოვრება ურში და შედეგად დიდი კურთხევები მიიღეს. თუ აბრაამსა და სარას მიჰბაძავ, უკეთ გაიცნობ მათ.

12 როგორ მოიქცევი, თუ მეგობარი განზრახ გტკენს გულს და თავს იმდენად განადგურებულად გრძნობ, რომ კრების შეხვედრაზეც აღარ გინდა წასვლა? თუ დაფიქრდები ხანას მაგალითზე და იმაზე, თუ როგორ რეაგირებდა, როცა ფენინა განზრახ სტკენდა გულს, ეს დაგეხმარება სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. ხანა შეიძლება შენთვის ახლო მეგობარი გახდეს. თუ თავს უღირსად თვლი, იმაზე დაფიქრება, თუ რა გასაჭირი გამოიარა ელიამ და როგორ ანუგეშა იეჰოვამ, უფრო დაგაახლოებს ელიასთან. ახალგაზრდებს კი, რომლებსაც უზნეო თანაკლასელები ავიწროებენ და ცდილობენ, თავიანთ გავლენაში მოაქციონ, სამუელის მაგალითზე  დაფიქრება დაეხმარებათ. თუ ისინი დაფიქრდებიან, როგორ რეაგირებდა სამუელი ელის გარყვნილი ვაჟების საქციელზე, რომლებიც კარავში მსახურობდნენ, სამუელი მათთვის მეგობარივით გახდება.

13. ფასს ხომ არ კარგავ ღვთის თვალში, თუ ბიბლიურ დროში მცხოვრებ მის ერთგულ მსახურებს ჰბაძავ?

13 თუ ძლიერი რწმენის მქონე ღვთის მსახურებს ჰბაძავ, ნიშნავს ეს იმას, რომ თავად არ გაქვს ძლიერი რწმენა და მხოლოდ ჰბაძავ მათ? ამის გამო ფასს ხომ არ კარგავ იეჰოვას თვალში? რა თქმა უნდა, არა. გახსოვდეს, იეჰოვა თავის სიტყვაში მოგვიწოდებს, რომ მივბაძოთ ძლიერი რწმენის მქონე მის მსახურებს (1 კორ. 4:16; 11:1; 2 თეს. 3:7, 9). უფრო მეტიც, მათგან ზოგი, ვის მაგალითზეც ჩვენ ბევრ რამეს ვსწავლობთ, თავად ჰბაძავდა იმ ერთგულ მსახურებს, რომლებიც მათზე ადრე ცხოვრობდნენ. მაგალითად, ამ წიგნის მე-17 თავში მოთხრობილია მარიამის შესახებ, რომელიც, როგორც ჩანს, ხანას სიტყვებს ციტირებდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ხანა მარიამისთვის სამაგალითო იყო. ნუთუ ამის გამო მარიამი ღვთის თვალში ნაკლებად ერთგული ჩანდა? სრულებითაც არა. პირიქით, ხანას მაგალითი მარიამს დაეხმარა, ისეთი რწმენა განევითარებინა, რომლის წყალობითაც კარგი სახელი მოიპოვა იეჰოვა ღმერთის თვალში.

14, 15. რა არის ამ წიგნის ზოგი თავისებურება, და როგორ შეგიძლია მათი გამოყენება?

14 ამ წიგნის გამოცემის მიზანი ისაა, რომ რწმენის განმტკიცებაში დაგეხმაროს. წიგნში მოცემულია ის ბიბლიური ისტორიები, რომლებიც დაიბეჭდა 2008—2013 წლის „საგუშაგო კოშკის“ სტატიებში რუბრიკიდან „მიჰბაძეთ მათ რწმენას“. თუმცა, ზოგი რამ დამატებულია. მაგალითად, თითოეულ თავს აქვს განსახილველი კითხვები, რაც დაგვეხმარება ვიმსჯელოთ წაკითხულ მასალაზე და გამოვიყენოთ. ბევრი ფერადი, ბიბლიური სცენების ამსახველი ილუსტრაცია სპეციალურად ამ წიგნისთვის მომზადდა, ხოლო რაც მანამდე არსებობდა, დაიხვეწა. წიგნში აგრეთვე მოცემულია სხვა დამხმარე საშუალებებიც, მაგალითად დროის დიაგრამა და რუკები. წიგნი „მიჰბაძეთ მათ რწმენას“ იმ მიზნით გამოიცა, რომ გამოვიყენოთ პირადი თუ ოჯახური შესწავლისა და კრების შეხვედრებზე წიგნის შესწავლის დროს. ზოგი ოჯახისთვის შეიძლება პრაქტიკული იყოს ამ სახელმძღვანელოში მოცემული ბიბლიური ისტორიების ერთად, ხმამაღლა, წაკითხვა.

15 ამ წიგნის დახმარებით უეჭველად ბევრ რამეს ისწავლი ძველ დროში მცხოვრებ იეჰოვას ერთგულ მსახურთა რწმენის შესანიშნავ მაგალითზე. გისურვებთ, რომ ამ წიგნის საშუალებით განიმტკიცო რწმენა და კიდევ უფრო დაუახლოვდე შენს ზეციერ მამა იეჰოვას!