წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

„მიჰბაძეთ მათ რწმენას“

 თავი 7

ის „იეჰოვასთან იზრდებოდა“

ის „იეჰოვასთან იზრდებოდა“

1, 2. რა ვითარება იყო ქვეყანაში, როცა სამუელი ისრაელს ელაპარაკებოდა, და რატომ უნდა აღეძრა ისინი მონანიებისკენ?

ღვთის ერთგული სამუელი, რომელიც ათწლეულების მანძილზე წინასწარმეტყველად და მსაჯულად მსახურობდა, ქალაქ გილგალში შეკრებილ ხალხს უყურებდა. თანამედროვე კალენდრით მაის-ივნისი იქნებოდა. მშრალი სეზონი უკვე დაწყებული იყო. მკის მოლოდინში ხორბლის ყანები ოქროსფრად ლივლივებდა. ხალხი დუმდა. გააგებინებდა სამუელი ხალხს რამეს?

2 ხალხს არ ესმოდა, რამდენად სერიოზული იყო მათი მდგომარეობა. ისინი დაჟინებით ითხოვდნენ მეფეს და ვერც კი ხვდებოდნენ, რომ ამით თავიანთ ღმერთ იეჰოვასა და მის წინასწარმეტყველს შეურაცხყოფდნენ. მათ, ფაქტობრივად, იეჰოვა უარყვეს, როგორც მეფე. როგორ უნდა აღეძრა სამუელს მათში მონანიების სურვილი?

თუ თვალს გადავავლებთ სამუელის სიყმაწვილის ხანას, დავინახავთ, როგორ შეგვიძლია განვივითაროთ იეჰოვასადმი რწმენა ცუდი გავლენის მიუხედავად

3, 4. ა) რატომ გაიხსენა სამუელმა სიყმაწვილის წლები? ბ) რას ვსწავლობთ სამუელისგან?

3 სამუელმა ხალხს ასეთი სიტყვებით მიმართა: „მე მოვხუცდი, გავჭაღარავდი“. ჭაღარა მის სიტყვებს მეტ დამაჯერებლობას მატებდა. შემდეგ დასძინა: „სიყმაწვილიდან დღემდე წინ მიგიძღოდით“ (1 სამ. 11:14, 15; 12:2). ასაკის მიუხედავად, სამუელს თავისი სიყმაწვილის წლები არ დავიწყებია. ეს მოგონებები მის მეხსიერებაში ცოცხლად იყო შემონახული. სიყმაწვილეში მიღებული გადაწყვეტილებების წყალობით, მან თავისი ღვთის, იეჰოვასადმი რწმენითა და ერთგულებით განვლო ცხოვრება.

4 სამუელს რწმენის შენარჩუნება ურწმუნო და ორგული ადამიანების გარემოცვაში უწევდა. დღესაც, ამ უღვთო და გახრწნილ  მსოფლიოში, რთულია რწმენის შენარჩუნება (წაიკითხეთ ლუკას 18:8). ვნახოთ, რისი სწავლა შეგვიძლია სამუელისგან. მოდით, ჯერ მის ბავშვობას გავეცნოთ.

„მსახურობდა ყმაწვილი სამუელი იეჰოვას წინაშე“

5, 6. რატომ ჰქონდა სამუელს უჩვეულო ბავშვობა, მაგრამ რატომ იყვნენ მისი მშობლები დარწმუნებული, რომ მას მზრუნველობა არ აკლდა?

5 სამუელს უჩვეულო ბავშვობა ჰქონდა. მას შემდეგ, რაც ძუძუს მოსწყვიტეს, დაახლოებით ოთხი წლის ასაკში, მან მსახურება იეჰოვას წმინდა კარავში, თავისი სახლიდან, რამადან 30 კილომეტრის მოშორებით მდებარე შილოში დაიწყო. მშობლებმა, ელკანამ და ხანამ, პატარა სამუელი იეჰოვას მიუძღვნეს, რათა მისთვის განსაკუთრებული მსახურება შეესრულებინა. ის მთელი ცხოვრება ნაზირი * უნდა ყოფილიყო. ნიშნავდა ეს იმას, რომ მშობლებმა სამუელზე უარი თქვეს?

6 სრულებითაც არა. მშობლებმა იცოდნენ, რომ შილოში მათ შვილზე კარგად იზრუნებდნენ. ბავშვს ყურადღებას, ალბათ, მღვდელმთავარი ელიც აქცევდა, რადგან სამუელი მას ეხმარებოდა. კარავში ქალებიც მსახურობდნენ, რომლებიც სხვადასხვა საქმეს ასრულებდნენ (გამ. 38:8; მსაჯ. 11:34—40).

7, 8. ა) როგორ ავლენდნენ ყოველ წელს სამუელის მშობლები მის მიმართ სიყვარულსა და მზრუნველობას? ბ) რის სწავლა შეუძლიათ დღეს მშობლებს სამუელის მშობლების მაგალითიდან?

7 ხანასა და ელკანას არასდროს დავიწყებიათ თავიანთი პირმშო, რომლის დაბადებაც ლოცვაზე პასუხი იყო. ხანამ ღმერთს ლოცვაში აღუთქვა, რომ თუ ვაჟი შეეძინებოდა, მას ღმერთს მიუძღვნიდა, რათა მთელი ცხოვრება მისთვის ემსახურა. ხანას ყოველ წელს მიჰქონდა სამუელისთვის მოსასხამი, რომელსაც კარავში მსახურებისთვის უმზადებდა. პატარა სამუელს მშობლების ნახვა ძალიან გაახარებდა. მშობლები სიყვარულით ასწავლიდნენ მას, რომ დაეფასებინა იეჰოვასთვის მსახურების ეს განსაკუთრებული შესაძლებლობა. სამუელიც უდავოდ გაითვალისწინებდა მათ დარიგებას.

8 ხანა და ელკანა კარგ მაგალითს აძლევენ მშობლებს. ხშირ შემთხვევაში მშობლები შვილების აღზრდისას მეტ ყურადღებას მათ ფიზიკურ მოთხოვნილებებზე ზრუნვას აქცევენ და მხედველობიდან რჩებათ მათი სულიერი მოთხოვნილებები. მაგრამ სამუელის მშობლები პირველ ადგილზე სულიერს აყენებდნენ, რამაც გადამწყვეტი როლი შეასრულა სამუელის სულიერად მოწიფულ ადამიანად ჩამოყალიბებაში (წაიკითხეთ იგავების 22:6 ).

9, 10. ა) აღწერეთ კარავი და ის, თუ რა გრძნობა ეუფლებოდა სამუელს ამ წმინდა ადგილის დანახვაზე (იხილეთ სქოლიო). ბ) რა შედიოდა სამუელის მოვალეობაში, და თქვენი აზრით, როგორ შეუძლიათ დღეს ბავშვებს, მიჰბაძონ მას?

 9 წარმოიდგინეთ, რას გრძნობდა პატარა სამუელი, როცა შილოს გორაკებზე ადიოდა და გადასცქეროდა ქალაქსა და მის ახლოს მდებარე გაშლილ ველს. მას გული, ალბათ, სიხარულითა და სიამაყით ევსებოდა, როცა ხედავდა იეჰოვას კარავს. კარავი წმინდა ადგილი იყო. * ის 400 წლით ადრე მოსეს მითითებით იყო აგებული და მაშინდელ მსოფლიოში წმინდა თაყვანისმცემლობის ერთადერთ ცენტრად ითვლებოდა.

10 სამუელმა ბავშვობიდან შეიყვარა კარავი. მოგვიანებით, ის თავად წერდა: „მსახურობდა ყმაწვილი სამუელი იეჰოვას წინაშე; სელის ეფოდი ეცვა“ (1 სამ. 2:18). სამუელს ეფოდი ეცვა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ კარავში ის მღვდლებს ეხმარებოდა. მართალია, სამუელი მღვდლების ოჯახიდან არ იყო, მაგრამ მის მოვალეობაში შედიოდა დილაობით კარვის ეზოს კარების გაღება და მოხუცებული ელის მომსახურება. ის სიხარულით ასრულებდა ამ საპასუხისმგებლო დავალებებს, მაგრამ გავიდა დრო და გულწრფელი ყმაწვილი შეაშფოთა იმან, რაც იეჰოვას სახლში ხდებოდა.

სიწმინდის შენარჩუნება გახრწნილ გარემოში

11, 12. ა) რაში მიუძღოდათ ბრალი ხოფნისა და ფინხასს? ბ) რა ბოროტებასა და სისაძაგლეს სჩადიოდნენ ხოფნი და ფინხასი კარავში? (იხილეთ სქოლიო)

11 პატარა სამუელი აშკარა ბოროტებისა და გახრწნილების მოწმე გახდა. ელის ორი ვაჟი ჰყავდა, ხოფნი და ფინხასი. მათ შესახებ სამუელი წერდა: „ელის უვარგისი ვაჟები ჰყავდა; არ ცნობდნენ იეჰოვას“ (1 სამ. 2:12). ამ მუხლში მოხსენიებული ორი აზრი ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. ხოფნი და ფინხასი უვარგისები იყვნენ, რადგან პატივს არ სცემდნენ იეჰოვას. ისინი არაფრად აგდებდნენ ღვთის სამართლიან კანონებსა და მოთხოვნებს. ეს იყო მათი ყველა ცოდვის თავიდათავი.

12 ღვთის კანონში კონკრეტულად ეწერა, რა შედიოდა მღვდლის მოვალეობაში და როგორ უნდა შეეწირა მას მსხვერპლი კარავში. ეს საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმე იყო, რადგან მსხვერპლშეწირვა აუცილებელი იყო, რომ ღმერთს ხალხისთვის ცოდვები ეპატიებინა. ეს  მათ საშუალებას აძლევდა, ღვთის თვალში სუფთები ყოფილიყვნენ და მისგან კურთხევები და ხელმძღვანელობა მიეღოთ. მაგრამ ხოფნისა და ფინხასის შემხედვარე სხვა მღვდლებიც შესაწირავებისადმი უპატივცემულობას ავლენდნენ. *

13, 14. ა) რა გავლენას ახდენდა გულწრფელ ადამიანებზე კარავში ნანახი ბოროტება? ბ) რატომ ვერ გამოდგა ელი ვერც კარგი მამა და ვერც კარგი მღვდელმთავარი?

13 წარმოიდგინეთ, როგორ გააოცებდა პატარა სამუელს იმის დანახვა, რომ ამ მღვდლებს პასუხს არავინ სთხოვდა. რამდენ გაჭირვებულ, ღარიბ და დაჩაგრულ ადამიანს ხედავდა, რომლებიც წმინდა კარავში გასამხნევებლად და ნუგეშის მისაღებად მიდიოდნენ, მაგრამ უკან გაწბილებულები, გულნატკენები და დამცირებულები ბრუნდებოდნენ. სამუელი იმასაც ხედავდა, როგორ არღვევდნენ ხოფნი და ფინხასი ღვთის ზნეობრივ ნორმებს და კარავში მომსახურე ქალებთან მრუშობდნენ (1 სამ. 2:22). შესაძლოა სამუელი ელის შეჰყურებდა იმ იმედით, რომ ის ამ უკანონობაზე თვალს არ დახუჭავდა.

ალბათ, სამუელს ძალიან უმძიმდა იმ ბოროტების ყურება, რასაც ელის ვაჟები სჩადიოდნენ

14 ამ სიტუაციის მოგვარება ყველაზე უკეთ ელის შეეძლო. მას, როგორც მღვდელმთავარს, უნდა გაეკონტროლებინა, რა ხდებოდა კარავში. ამასთანავე, მას, როგორც მამას, შვილების მხილებაც ევალებოდა, რადგან მისი ვაჟები მხოლოდ საკუთარ თავს კი არა, სხვებსაც ვნებდნენ. მაგრამ სამწუხაროდ, ელი ვერც კარგი მღვდელმთავარი გამოდგა და ვერც კარგი მამა. ის თავის ვაჟებს უბრალოდ რბილად საყვედურობდა (წაიკითხეთ 1 სამუელის 2:23—25). სინამდვილეში მას მკაცრი ზომები უნდა მიეღო, რადგან მისი შვილები სასიკვდილო ცოდვებს სჩადიოდნენ.

15. რა მკაცრი განაჩენი გამოუცხადა იეჰოვამ ელის, მაგრამ როგორ გამოეხმაურა ელი და მისი ოჯახი მას?

15 მდგომარეობა ისე გართულდა, რომ იეჰოვამ „ღვთის კაცი“, ანუ ერთ-ერთი წინასწარმეტყველი, გაგზავნა ელისთან მკაცრი განაჩენის გასაცხადებლად. აი, რა უთხრა მას იეჰოვამ: „შენ შენს ვაჟებს უფრო მეტ პატივს სცემ, ვიდრე მე“. ღვთის მიერ გამოტანილი განაჩენის თანახმად, ელის უვარგისი ვაჟები ერთ დღეს დაიღუპებოდნენ, ელის ოჯახი კი მღვდლად მსახურების პატივს დაკარგავდა. დააფიქრა ისინი ამ სიტყვებმა? როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, ამ სიტყვებს მათზე არ უმოქმედია (1 სამ. 2:27—3:1).

16. ა) რას ვიგებთ პატარა სამუელის სულიერი წინსვლის შესახებ? ბ) როგორ გამხნევებთ ბიბლიის ეს მონაკვეთი? ახსენით.

16 რა გავლენას ახდენდა ეს ყველაფერი პატარა სამუელზე?  როდესაც ბიბლიაში ღვთის ხალხის ისტორიის ამ შავბნელ მონაკვეთს ვკითხულობთ, ერთადერთი ნათელი სხივი მაშინ გამოკრთის, როცა სამუელზეა საუბარი. ყველაფრის მიუხედავად, ის სულიერად წინ მიიწევდა. 1 სამუელის 2:18-ში ვკითხულობთ, რომ ერთგულად „მსახურობდა ყმაწვილი სამუელი იეჰოვას წინაშე“. ღვთის მსახურება სამუელისთვის ბავშვობიდანვე მნიშვნელოვანი იყო. ამავე თავის 21-ე მუხლში უფრო მეტს ვიგებთ მის შესახებ: „სამუელი კი იეჰოვასთან იზრდებოდა“. რაც უფრო წლები ემატებოდა, მით უფრო უახლოვდებოდა თავის ზეციერ მამას. იეჰოვასთან ასეთი ახლო ურთიერთობა ყოველგვარი გამხრწნელი გავლენისგან იცავდა მას.

17, 18. ა) როგორ შეუძლიათ ქრისტიან ახალგაზრდებს მიჰბაძონ სამუელს, როცა მსგავს პრობლემებს ხვდებიან? ბ) საიდან ჩანს, რომ სამუელმა სწორი გზა აირჩია?

17 სამუელს შეიძლება ეფიქრა, რომ თუ მღვდელმთავარი და მისი ვაჟები სცოდავდნენ, მასაც შეეძლო ეკეთებინა ყველაფერი, რასაც მოისურვებდა. მაგრამ სხვების, თუნდაც პასუხისმგებელი პირების, ცუდი საქციელი არ ამართლებს ცოდვას. დღეს მრავალი ქრისტიანი ახალგაზრდა ჰბაძავს სამუელს და „იეჰოვასთან იზრდება“ მიუხედავად იმისა, რომ მათ გარშემო ბევრი არ არის სამაგალითო.

18 რას მიაღწია სამუელმა ამით? ბიბლიაში ვკითხულობთ: „იზრდებოდა სამუელი და უფრო და უფრო მოსაწონი ხდებოდა იეჰოვასთვისაც და ხალხისთვისაც“ (1 სამ. 2:26). სამუელმა თავისი ერთგულებით ხალხსაც შეაყვარა თავი და იეჰოვასაც. ის დარწმუნებული იყო, რომ ღმერთი ჩაერეოდა იმ უსამართლობაში, რაც შილოში ხდებოდა, მაგრამ არ იცოდა, როდის. ერთ ღამესაც სამუელის კითხვებს პასუხი გაეცა.

 „მითხარი, გისმენს შენი მსახური“

19, 20. ა) აღწერეთ, რა შეემთხვა ერთხელ სამუელს კარავში. ბ) როგორ გაიგო სამუელმა, ვინ ეძახდა, და როგორ ეპყრობოდა ის ელის?

19 გამთენიისას, როცა ჯერ კიდევ ბნელოდა კარვის დიდი ლამპარი ისევ ბჟუტავდა, სიჩუმეში სამუელმა გაიგონა, როგორ უხმობდა ვიღაც სახელით. მას ელი ეგონა, რომელიც უკვე ღრმად მოხუცებული და თითქმის ბრმა იყო. სამუელი წამოდგა და ელისთან გაიქცა. წარმოიდგინეთ პატარა ბიჭი, რომელიც ფეხშიშველი გარბის ელისთან, რომ გაიგოს, რა სჭირდება მას. აღსანიშნავია, რომ სამუელი ელის თბილად და პატივისცემით ეპყრობოდა. მიუხედავად იმისა, რომ ელი სცოდავდა, ის ჯერ კიდევ იეჰოვას მღვდელმთავრად ითვლებოდა (1 სამ. 3:2—5).

20 სამუელმა მიირბინა ელისთან და უთხრა: „აქა ვარ, რომ მეძახდი“. ელიმ უთხრა, რომ მას არ დაუძახია და დასაძინებლად გააბრუნა. მაგრამ მსგავსი რამ კიდევ ორჯერ განმეორდა. ბოლოს ელი მიხვდა, რაც ხდებოდა. იმ დროს იეჰოვას სიტყვა იშვიათად ცხადდებოდა და არც ხილვები იყო ხშირი, და არცაა გასაკვირი. მაგრამ ელი მიხვდა, რომ ამჯერად იეჰოვა სამუელს ეცხადებოდა და უთხრა, კვლავ დაწოლილიყო, თან დაარიგა, როგორ უნდა მოქცეულიყო, თუ ხმას ისევ გაიგონებდა. სამუელი ასე მოიქცა და ცოტა ხანში კვლავ შემოესმა ხმა, რომელიც ეძახდა: „სამუელ, სამუელ!“. მან მიუგო: „მითხარი, გისმენს შენი მსახური“ (1 სამ. 3:1, 5—10).

21. როგორ შეგვიძლია მოვუსმინოთ დღეს იეჰოვას და რატომ არის ამის გაკეთება გონივრული?

21 როგორც იქნა შილოში იეჰოვას კვლავ ჰყავდა მსახური, რომელიც მას უსმენდა. სამუელი მთელი ცხოვრება ასე იქცეოდა. თქვენზეც შეიძლება იმავეს თქმა? ფაქტია, რომ ღამით ზებუნებრივ ხმას ვერ გავიგებთ, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ღვთის ხმა ყოველთვის გვესმის. მისი სიტყვები ჩაწერილია ბიბლიაში. რაც უფრო მეტად ვუსმენთ ღვთის ხმას და ვემორჩილებით მას, მით უფრო გაგვიძლიერდება რწმენა, როგორც ეს სამუელის შემთხვევაში მოხდა.

მიუხედავად იმისა, რომ ეშინოდა, სამუელმა მაინც გადასცა ელის იეჰოვას განაჩენი

22, 23. ა) როგორ აღსრულდა განაჩენი, რომლის გაცხადებაც სამუელს თავდაპირველად ეშინოდა? ბ) როგორი სახელი დაიმკვიდრა სამუელმა?

22 ის ღამე სამუელის ცხოვრებაში გადამწყვეტი აღმოჩნდა, რადგან ამ დღიდან დაიწყო იეჰოვასთან მისი განსაკუთრებული ურთიერთობა. ის ღვთის წინასწარმეტყველი და მისი წარმომადგენელი გახდა. თავიდან სამუელს ეშინოდა ელისთვის იეჰოვას განაჩენის გაცხადება, რადგან ეს მისი ოჯახისთვის გამოტანილი ღვთის საბოლოო განაჩენი იყო, რომელსაც მალე სისრულეში მოიყვანდა. მაგრამ სამუელმა გამბედაობა მოიკრიბა და ელის სათქმელი გადასცა. ელიც უსიტყვოდ დაეთანხმა ღვთის ამ განაჩენს. მალე ყველაფერი, რაც იეჰოვამ თქვა, შესრულდა. ხოფნი და ფინხასი იმ დღეს დაიღუპნენ, როცა ისრაელი ფილისტიმელებთან საბრძოლველად გავიდა. თავად ელი კი მაშინ მოკვდა,  როცა იეჰოვას წმინდა კიდობნის გატაცების ამბავი გაიგო (1 სამ. 3:10—18; 4:1—18).

23 სამუელმა ერთგული წინასწარმეტყველის სახელი დაიმკვიდრა. „იეჰოვა იყო მასთან“ და როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, სამუელის პირით წარმოთქმული არც ერთი წინასწარმეტყველება არ დარჩენილა შეუსრულებელი (წაიკითხეთ 1 სამუელის 3:19 ).

„მოუხმო სამუელმა იეჰოვას“

24. რა გადაწყვიტეს ისრაელებმა და რატომ იყო ეს სერიოზული ცოდვა?

24 მიჰბაძეს ისრაელებმა სამუელს და ემსახურებოდნენ ღმერთს მასსავით ერთგულად? გავიდა დრო და მათ აღარ უნდოდათ, რომ მსაჯულად მხოლოდ წინასწარმეტყველი ჰყოლოდათ. სხვა ერების მსგავსად, მათაც მეფე მოინდომეს. იეჰოვას მითითებისამებრ, სამუელმა დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა. მაგრამ ამავე დროს მას ისრაელებისთვის უნდა დაენახვებინა მათი ცოდვის სიმძიმე. მათ თავად იეჰოვა ღმერთი უარყვეს და არა უბრალოდ ადამიანი. ამიტომაც შეკრიბა სამუელმა ხალხი გილგალში.

სამუელმა რწმენით ილოცა, იეჰოვამაც არ დააყოვნა და ჭექა-ქუხილით უპასუხა

25, 26. როგორ დაანახვა სამუელმა გილგალში ხალხს, თუ რა სერიოზული ცოდვა ჩაიდინეს იეჰოვას წინაშე?

25 მოდით წარმოვიდგინოთ, როგორ მიმართავს სამუელი გილგალში შეკრებილ ისრაელს. მან შეახსენა ხალხს, რომ მთელი ცხოვრება ერთგულად მსახურობდა. შემდეგ ვკითხულობთ, რომ „მოუხმო სამუელმა იეჰოვას“ და სთხოვა, ჭექა-ქუხილი მოევლინა (1 სამ. 12:17, 18).

26 ჭექა-ქუხილი მშრალი სეზონის დროს მართლაც უჩვეულო რამ იყო. ყველა, ვისაც სამუელის სიტყვებში ეჭვი შეეპარა, მალევე დარწმუნდა, რომ ცდებოდა. უცებ ცა მოიქუფრა და ჩამობნელდა. ქარი ამოვარდა და ხორბლის თავთავები დალეწა. ელვას გამაყრუებელი გრუხუნი მოჰყვა და წვიმაც წამოვიდა. როგორ შეხვდა ხალხი ამ მოვლენას? „ხალხს ძალიან შეეშინდა იეჰოვასი და სამუელისა“. ისინი მიხვდნენ, რამდენად სერიოზული იყო მათი ცოდვა (1 სამ. 12:18, 19).

27. რას გრძნობს იეჰოვა მათ მიმართ, ვინც სამუელის მსგავს რწმენას ავლენს?

27 ჯიუტ ხალხს ქედი იეჰოვამ მოახრევინა და არა სამუელმა. სამუელი სიკვდილამდე ღვთისადმი რწმენას ავლენდა. იეჰოვამაც დააჯილდოვა ის. იეჰოვა არ შეცვლილა და დღესაც ეხმარება მათ, ვინც სამუელის მსგავსად ავლენს რწმენას.

^ აბზ. 5 აღთქმის თანახმად ნაზირებს არც ალკოჰოლური სასმელი უნდა დაელიათ და არც თმა უნდა შეეჭრათ. უმეტესობა ნაზირობის აღთქმას მხოლოდ გარკვეული დროით დებდა, მაგრამ ერთეულები მთელი ცხოვრება ნაზირები იყვნენ, მაგალითად, სამსონი, სამუელი და იოანე ნათლისმცემელი.

^ აბზ. 9 საწმინდარს მართკუთხედის ფორმა ჰქონდა. ფაქტობრივად, ეს იყო კარავი, რომელსაც ხის საყრდენი ჰქონდა. ის ძვირფასი მასალით იყო დამზადებული — სელაპის ტყავით, ლამაზი ნაქარგებით დამშვენებული ქსოვილებითა და ოქრო-ვერცხლით მოვარაყებული ძვირფასი ხის მასალით. საწმინდარი მდებარეობდა მართკუთხა ფორმის ეზოში, სადაც დიდებული სამსხვერპლო იდგა. დროთა განმავლობაში, როგორც ჩანს, კარავს ირგვლივ სხვა ოთახებიც მიამატეს მღვდლებისთვის. სამუელს, სავარაუდოდ, ერთ-ერთ მათგანში ეძინა.

^ აბზ. 12 ბიბლიაში ამის ორი მაგალითია მოყვანილი. კანონში ეწერა, შეწირული ცხოველის რომელი ნაწილი ეკუთვნოდა მღვდელს (კან. 18:3). მაგრამ კარავში ორგული მღვდლების გამო ყველაფერი სხვაგვარად ხდებოდა. მათი დამხმარეები გრძელ ჩანგალს ყოფდნენ ქვაბში, რომელშიც ხორცი იხარშებოდა, და საუკეთესო ნაჭრები ამოჰქონდათ. გარდა ამისა, მღვდლის დამხმარეები შემწირველს მანამ ართმევდნენ უმ ხორცს, ვიდრე სამსხვერპლოზე ქონს ააბოლებდნენ იეჰოვასთვის (ლევ. 3:3—5; 1 სამ. 2:13—17).