წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

„მიჰბაძეთ მათ რწმენას“

 თავი 19

ღირსეული, მზრუნველი და თავგანწირული მამა

ღირსეული, მზრუნველი და თავგანწირული მამა

1, 2. ა) რა ცვლილებები მოხდებოდა იოსებისა და მარიამის ცხოვრებაში? ბ) რა ამბავი უნდა შეეტყობინებინა იოსებს თავისი ცოლისთვის?

იოსებმა ეს-ესაა ბოლო ტვირთი გადაჰკიდა თავის ვირს. წარმოიდგინეთ, როგორ მიმოავლებდა იგი თვალს წყვდიადში ჩაფლულ ბეთლემს და როგორ გადაუსვამდა გავაზე ხელს საპალნით დამძიმებულ პირუტყვს. უეჭველია, ის ფიქრობდა, თუ რამხელა გზა ჰქონდა გასავლელი, სანამ ეგვიპტემდე ჩააღწევდა. ალბათ, ისიც ადარდებდა, როგორ შეეგუებოდა მისი ოჯახი ასეთ დიდ ცვლილებას; მათ ხომ სრულიად უცხო ხალხში მოუწევდათ ცხოვრება, ახალი ენის სწავლა და ახალ კულტურასთან შეგუება?!

2 იოსებისთვის ადვილი არ იყო, თავისი საყვარელი მეუღლისთვის, მარიამისთვის, ცუდი ამბავი შეეტყობინებინა. მაგრამ მან თავი ხელში აიყვანა და მარიამს მოუყვა, რა უთხრა ღვთის ანგელოზმა სიზმარში: მეფე ჰეროდე მათი პატარა ვაჟის მოკვლას აპირებდა. ამიტომ, ისინი იქაურობას უნდა გასცლოდნენ (წაიკითხეთ მათეს 2:13, 14). ამ ამბავმა მარიამს თავზარი დასცა. მას ვერ წარმოედგინა, ვის უნდა ნდომებოდა მისი უდანაშაულო, თოთო ბავშვის სიკვდილი. ვერც მარიამი და ვერც იოსები ვერ ხვდებოდნენ ბოლომდე, რა ხდებოდა. მაგრამ მიენდნენ იეჰოვას და გამგზავრებისთვის მზადებას შეუდგნენ.

3. როდის დატოვეს იოსებმა და მარიამმა ბეთლემი? (იხილეთ ეს სურათი).

3 ბეთლემს ღრმა ძილით ეძინა. სოფელში ვერავინ წარმოიდგენდა, რა საშინელი ტრაგედია დატრიალდებოდა მათ თავს. იოსებმა, მარიამმა და იესომ კი ამ დროს ზურგს უკან მოიტოვეს ღამის წყვდიადში გახვეული ბეთლემი. ისინი სამხრეთისკენ მიმავალ გზას დაადგნენ. მალე აღმოსავლეთით ცამაც ინათა. ალბათ, იოსებს მოსვენებას უკარგავდა იმაზე ფიქრი, თუ რა ელოდათ წინ. იგი იმაზეც წუხდა, როგორ დაიცავდა უბრალო დურგალი ძლიერი მტრისგან თავის ოჯახს. შეძლებდა ის საკუთარი ძალით მათ რჩენას? ღირსეულად შეასრულებდა ის ღვთისგან დაკისრებულ უდიდეს პასუხისმგებლობას, ეზრუნა ამ არაჩვეულებრივ ბავშვზე და აღეზარდა ის? იოსები დიდი სირთულეების წინაშე აღმოჩნდა. თუ განვიხილავთ, როგორ გაუმკლავდა ის თითოეულ ამ სირთულეს, დავინახავთ, რატომ უნდა გამოავლინონ მამებმა, და არა მარტო მათ, იოსების მსგავსი რწმენა.

 ოჯახის უსაფრთხოების სადარაჯოზე

4, 5. ა) როგორ შეიცვალა ძირფესვიანად იოსების ცხოვრება? ბ) რა უთხრა ანგელოზმა იოსებს ისეთი, რაც მას დაკისრებული რთული დავალების შესრულებაში დაეხმარა?

4 თვეებით ადრე, იოსები ჯერ კიდევ მშობლიურ ქალაქ ნაზარეთში ცხოვრობდა, როცა ელის ქალიშვილზე დაინიშნა. იმ დროს მისი ცხოვრება ძირფესვიანად შეიცვალა. იოსებმა იცოდა, რომ მარიამი უმწიკვლო და ღვთისმოშიში ქალი იყო. მაგრამ მოგვიანებით შეიტყო, რომ ის ფეხმძიმედ იყო. მან გადაწყვიტა, ფარულად გაყროდა მარიამს და არ გაეხმაურებინა ეს ამბავი. * მას ანგელოზი გამოეცხადა სიზმარში და უთხრა, რომ მარიამი იეჰოვას წმინდა სულით იყო ფეხმძიმედ. ანგელოზმა ისიც დასძინა, რომ მარიამი ვაჟს გააჩენდა, რომელიც დაიხსნიდა „თავის ხალხს მათი ცოდვებისგან“. ანგელოზმა დაარწმუნა იოსები: „ნუ გეშინია მარიამის, შენი ცოლის სახლში მიყვანის“ (მათ. 1:18—21).

5 იოსები მართალი და ღვთის მორჩილი კაცი იყო. ამიტომ, ყველაფერი ზუსტად ისე გააკეთა, როგორც ანგელოზმა უთხრა. იგი მზად იყო, შეესრულებინა საკმაოდ რთული დავალება: აღეზარდა ვაჟი, რომელიც არ იყო მისი სისხლი და ხორცი, მაგრამ ღვთისთვის ყველაზე ძვირფასი იყო. მოგვიანებით, იოსები დაემორჩილა კეისრის ბრძანებას და თავის ფეხმძიმე ცოლთან ერთად ჩავიდა ბეთლემში აღსაწერად. სწორედ იქ დაიბადა იესო.

6—8. ა) რამ განაპირობა კიდევ ერთი ცვლილება იოსებისა და მარიამის ცხოვრებაში? ბ) რატომ ვასკვნით, რომ „ვარსკვლავი“ სატანამ გააგზავნა? (იხილეთ სქოლიო).

6 იოსები თავის ოჯახთან ერთად ნაზარეთში აღარ დაბრუნებულა. ის დასახლდა ბეთლემში, რომელიც იერუსალიმიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობდა. ისინი ხელმოკლედ ცხოვრობდნენ, მაგრამ იოსები ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ცოლ-შვილი არც სიდუხჭირეში ჰყოლოდა და მათ უსაფრთხოებაზეც ეზრუნა. მოგვიანებით, მათ უბრალო სახლში დაიდეს ბინა. ამ დროისთვის იესო ერთ წელზე მეტი ხნის იყო. მაშინ მათ ცხოვრებაში კიდევ ერთი მოულოდნელი ცვლილება მოხდა.

7 მათ ესტუმრნენ ასტროლოგები აღმოსავლეთიდან, შესაძლოა შორეული ბაბილონიდან. ასტროლოგებს წინ მიუძღოდათ ვარსკვლავი, რომელმაც იოსებისა და მარიამის სახლამდე მიიყვანა. ისინი ეძებდნენ ბავშვს, რომელიც იუდეველთა მეფე უნდა გამხდარიყო. ამ მამაკაცებმა დიდი პატივისცემა გამოავლინეს იესოსა და დედამისის მიმართ.

8 ნებით თუ უნებლიეთ, მათ პატარა იესოს სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდეს. ვარსკვლავმა ასტროლოგები თავდაპირველად ბეთლემში კი არა, იერუსალიმში მიიყვანა. * იქ მათ ბოროტ მეფე ჰეროდეს უთხრეს, რომ ეძებდნენ ბავშვს, რომელიც იუდეველთა მეფე უნდა გამხდარიყო, რამაც მეფე აღაშფოთა.

9—11. ა) ვინ ჩაერია საქმეში, ვინც სატანასა და ჰეროდეზე გაცილებით ძლიერი იყო? ბ) როგორ არის აღწერილი იოსების ოჯახის ეგვიპტეში გამგზავრება აპოკრიფულ მითებში, და რატომ არ შეესაბამება ეს სინამდვილეს?

 9 საბედნიეროდ, საქმეში ჰეროდეზე გაცილებით ძლიერი პიროვნება ჩაერია. სტუმრებმა იოსების ოჯახს მიართვეს საჩუქრები, სამაგიეროდ კი არაფერი უთხოვიათ. როგორ გააოცებდა იოსებსა და მარიამს, რომ ასე მოულოდნელად ამხელა სიმდიდრის, „ოქროს, გუნდრუკისა და სმირნის“, მფლობელები გახდნენ! ასტროლოგები მეფე ჰეროდეს დაჰპირდნენ, რომ როგორც კი ბავშვს იპოვიდნენ, შეატყობინებდნენ მის ადგილსამყოფელს. მაგრამ ამ დროს საქმეში იეჰოვა ჩაერია და სიზმარში ასტროლოგები გააფრთხილა, სახლში სხვა გზით დაბრუნებულიყვნენ (წაიკითხეთ მათეს 2:1—12).

10 მანამდე ცოტა ხნით ადრე, სანამ ასტროლოგები იოსების ოჯახს დაემშვიდობებოდნენ, იეჰოვას ანგელოზმა იოსები გააფრთხილა: „ადექი, წაიყვანე ბავშვი და დედამისი, გაიქეცი ეგვიპტეში და იყავი იქ, სანამ რამეს გეტყოდე, რადგან ჰეროდე ბავშვის მოძებნასა და მოკვლას აპირებს“ (მათ. 2:13). როგორც დასაწყისში მოვიხსენიეთ, იოსები უმალვე დაემორჩილა ღმერთს. მან თავისი შვილის უსაფრთხოება ყველაფერზე წინ დააყენა და ოჯახი ეგვიპტეში წაიყვანა. ვინაიდან ასტროლოგებმა იოსების ოჯახს ძვირფასი საჩუქრები მიართვეს, მათ საკმარისი სახსრები ექნებოდათ, რაც მგზავრობისას და ეგვიპტეში ცხოვრების პირველ ხანებში წაადგებოდათ.

იოსებმა შვილის დასაცავად უკან არაფერზე დაიხია

11 მოგვიანებით დაწერილ აპოკრიფულ მითებსა და ლეგენდებში მათი მგზავრობა ისეა აღწერილი, რაც სინამდვილისგან შორს არის. მაგალითად, ამ მითებში ნათქვამია, რომ პატარა იესომ სასწაული მოახდინა და გზა შეამოკლა, ყაჩაღები გააკეთილშობილა და ფინიკის პალმებს ტოტები დაბლა დაახრევინა, დედამისს რომ ნაყოფი მოეკრიფა. * სინამდვილეში კი მათ გრძელი, დამქანცველი გზის გავლა მოუწიათ, რომელსაც ბოლო არ უჩანდა.

ოჯახი საფრთხისგან რომ დაეცვა, იოსებმა უარი თქვა საკუთარ კეთილდღეობაზე

12. რის სწავლა შეუძლიათ იოსებისგან მშობლებს, რომლებიც დღეს შვილებს სახიფათო გარემოში ზრდიან?

12 დღეს მშობლებს იოსების მაგალითიდან ბევრი რამის სწავლა შეუძლიათ. ოჯახი საფრთხისგან რომ დაეცვა, იოსებმა სამუშაო მიატოვა და უარი თქვა საკუთარ კეთილდღეობაზე. ცხადია, ის თავის ოჯახზე ზრუნვას წმინდა მოვალეობად და იეჰოვას დავალებად მიიჩნევდა. დღეს მშობლებს შვილების აღზრდა საშიშ გარემოში უწევთ. ქვეყნიერება საფრთხეს უქმნის, რყვნის და ღუპავს ახალგაზრდებს. მისასალმებელია, რომ დღეს არსებობენ ისეთი მშობლები, რომლებიც იოსებივით თავიანთ შვილებს ცუდი გავლენისგან იცავენ.

 ოჯახის მარჩენალი

13, 14. რატომ დაბრუნდნენ იოსები და მარიამი ნაზარეთში, სადაც თავიანთი შვილები გაზარდეს?

13 როგორც ჩანს, იოსები და მისი ოჯახი დიდხანს არ დარჩენილან ეგვიპტეში, რადგან ანგელოზმა შეატყობინა იოსებს, რომ ჰეროდე მოკვდა. იოსები ოჯახთან ერთად სამშობლოში დაბრუნდა. როგორც ძველ დროში მცხოვრებმა წინასწარმეტყველმა დაწერა, იეჰოვა ეგვიპტიდან მოუხმობდა თავის ძეს (მათ. 2:15). იოსებმა ამ წინასწარმეტყველების შესრულებაში დიდი წვლილი შეიტანა. მაგრამ სად დასახლდებოდნენ ამჯერად ისინი?

14 იოსები სიფრთხილეს იჩენდა, რადგან ჰეროდეს მემკვიდრე, არქელაე თავისი წინამორბედის მსგავსად, ბოროტი და სისხლისმღვრელი მეფე იყო. ანგელოზმა უთხრა იოსებს, რომ ოჯახი ჩრდილოეთით, თავის მშობლიურ ქალაქ ნაზარეთში (გალილეა) წაეყვანა, სადაც შორს იქნებოდა იერუსალიმისა და იქ გამეფებული ქაოსისგან. სწორედ ნაზარეთში გაზარდეს მან და მარიამმა თავიანთი შვილები (წაიკითხეთ მათეს 2:19—23).

15, 16. რას საქმიანობდა იოსები და რომელ ხელსაწყოებს იყენებდა?

15 ისინი უბრალოდ ცხოვრობდნენ. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მათი ცხოვრების გზა ია-ვარდით არ ყოფილა მოფენილი. როგორც ბიბლიაში ვკითხულობთ, იოსები დურგალი იყო. ის ხეზე მუშაობდა: ჭრიდა ხეებს, მიჰქონდა სახლში და ამუშავებდა, რათა გამოეყენებინა სახლების, ნავებისა და პატარა ხიდების ასაგებად, და, ამასთანავე, ურმების, ურმის თვლების, უღლებისა და სხვა სამეურნეო იარაღების გასაკეთებლად (მათ. 13:55). ეს ძალიან მძიმე საქმე იყო. ბიბლიურ დროში დურგლები ხშირად მუშაობდნენ თავიანთი ეზოს ჭიშკრებთან ან სახელოსნოებში, რომლებიც სახლის გვერდით ჰქონდათ.

16 იოსები სხვადასხვა სახის სამუშაო იარაღებს იყენებდა, რომელთაგანაც ზოგი შესაძლოა მამამისმა დაუტოვა მემკვიდრეობით. ის შეიძლება იყენებდა გონიოს, შვეულს, მოსანიშნ ცარციან ძაფს, წალდს, ხერხს, ხელეჩოს, ჩაქუჩს, ხის ჩაქუჩს, სხვადასხვა ზომის სატეხებს, ბურღს, ათასგვარ წებოსა თუ ლურსმნებს, თუმცა ეს უკანასკნელი საკმაოდ ძვირი ღირდა.

17, 18. ა) რა ისწავლა იესომ თავისი მამობილისგან? ბ) რატომ შეიძლება ითქვას, რომ იოსების საქმე მეტად შრომატევადი იყო?

17 წარმოიდგინეთ, რა გაფაციცებით უყურებდა პატარა იესო თავის მამობილს მუშაობის დროს. ალბათ, მის ფართოდ გახელილ თვალებს იოსების არც ერთი მოძრაობა არ რჩებოდა შეუმჩნეველი. უეჭველია, ის ამაყობდა  თავისი მამით, რომელსაც ფართო მხარ-ბეჭი და ძლიერი, დაკუნთული მკლავები ჰქონდა. იგი აღტაცებაში მოჰყავდა ამ დახელოვნებული ოსტატის მარჯვე ხელებსა და გაწაფულ თვალს. ალბათ, იოსები აჩვენებდა პატარა იესოს, როგორ გაეპრიალებინა ხის ხაოიანი ზედაპირი თევზის გამხმარი კანით. ის იმასაც აუხსნიდა იესოს, როგორ უნდა დაემუშავებინა სიკომოროს, მუხისა და ზეთისხილის ხეები.

იოსებმა თავის ვაჟს დურგლობა ასწავლა

18 იესო იმასაც ხედავდა, როგორ ჭრიდა მამამისი თავისი ძლიერი ხელებით ხეებს, როგორ ამუშავებდა ხის უზარმაზარ ძელებს და როგორ ამაგრებდა ერთმანეთში ხის დიდ კოჭებს და ამავე ძლიერი ხელებით, რა სათუთად ეფერებოდა მეუღლეს, იესოსა და მის და-ძმებს. იოსებსა და მარიამს იესოს გარდა, სულ მცირე, კიდევ ექვსი შვილი ჰყავდათ (მათ. 13:55, 56). იოსებს მძიმედ შრომა უწევდა, რომ ერჩინა თავისი დიდი ოჯახი.

იოსებს კარგად ესმოდა, რაოდენ მნიშვნელოვანი იყო ოჯახის სულიერობაზე ზრუნვა

19. როგორ ზრუნავდა იოსები თავისი ოჯახის სულიერ მოთხოვნილებებზე?

19 მაგრამ იოსებს ისიც კარგად ესმოდა, რაოდენ მნიშვნელოვანი იყო ოჯახის სულიერობაზე ზრუნვა. ამიტომ, დროს ნახულობდა იმისათვის, რომ ბავშვებისთვის მეტი ესწავლებინა იეჰოვა ღმერთისა და მისი კანონების შესახებ. მას და მარიამს ხშირად დაჰყავდათ შვილები სინაგოგაში, სადაც კანონს ხმამაღლა კითხულობდნენ და ხსნიდნენ. ალბათ, იესოს ბევრი კითხვა უჩნდებოდა და იოსებს დიდი ძალისხმევა სჭირდებოდა, რომ რამენაირად დაეკმაყოფილებინა ბავშვის სულიერი წყურვილი. იოსებს თავისი ოჯახი რელიგიურ დღესასწაულებზეც მიჰყავდა იერუსალიმში. წელიწადში ერთხელ, პასექი რომ აღენიშნათ, იერუსალიმში ჩასასვლელად და უკან დასაბრუნებლად იოსების ოჯახს დაახლოებით 75 კილომეტრის გავლა უწევდა, რასაც ორ კვირას ანდომებდნენ.

იოსებს ყოველთვის მიჰყავდა ოჯახი იერუსალიმის ტაძარში თაყვანსაცემად

20. როგორ ჰბაძავენ ქრისტიანი ოჯახისთავები იოსებს?

20 დღეს ქრისტიანი ოჯახისთავები იოსებს ჰბაძავენ. ისინი შვილებს დროს უთმობენ და ყველაფერზე წინ, რაშიც უზრუნველი ცხოვრების მოწყობაც შედის, შვილების სულიერ აღზრდას აყენებენ. ისინიც ყველანაირად ცდილობენ, რომ ბავშვებთან ერთად ქრისტიანულ კრების შეხვედრებსა თუ კონგრესებს დაესწრონ და ყოველთვის ჩაატარონ ოჯახური თაყვანისცემის საღამო. იოსების მსგავსად, მათ იციან, რომ უმჯობესია, მთელი თავიანთი დრო, უნარი და სახსრები შვილების აღზრდას მოახმარონ, ვიდრე სხვა რამეს.

„გულშემოყრილები დაგეძებთ“

21. სად აღნიშნავდა იოსების ოჯახი პასექს და როდის შეამჩნიეს, ერთ-ერთი ასეთი პასექის შემდეგ, რომ იესო გვერდით არ ჰყავდათ?

21 იესო 12 წლის იყო, როცა იოსებმა თავისი ოჯახი, ჩვეულებისამებრ, პასექის აღსანიშნავად იერუსალიმში წაიყვანა. იდგა გაზაფხული. იუდეველები თავიანთი დიდი ოჯახებით იერუსალიმისკენ მიმავალ გზას ყვავილებით  გადაპენტილ ხეებს შორის ქარავნებით მიუყვებოდნენ. როგორც კი მაღლობზე გაშენებულ ქალაქს მიუახლოვდნენ, ბუნების ლამაზი პეიზაჟი ერთფეროვანმა ხედმა შეცვალა. ალბათ, ბევრი იუდეველი ქალაქის დანახვაზე აღსავალი ფსალმუნების მღერას წამოიწყებდა (ფსალმ. 120—134). ქალაქში ასობით ათასი ადამიანი ირეოდა. დღესასწაულის დამთავრების შემდეგ ოჯახები ქარავნებით შინისკენ გაემართნენ. იოსები და მარიამი, რომლებიც ათასგვარი საქმით იყვნენ დაკავებული, ფიქრობდნენ, რომ იესო ოჯახის სხვა წევრებთან ერთად ბრუნდებოდა სახლში. როცა იერუსალიმი ერთი დღის სავალზე ჩამოიტოვეს, მაშინღა შეამჩნიეს, რომ იესო გვერდით არ ჰყავდათ და თავზარი დაეცათ (ლუკ. 2:41—44).

22, 23. როგორ მოიქცნენ იოსები და მარიამი, როცა შენიშნეს, რომ ვაჟი გვერდით არ ჰყავდათ, და რა უთხრა მარიამმა იესოს, როცა იპოვეს?

22 ისინი გულგახეთქილები დაბრუნდნენ იერუსალიმში და ყველგან ეძებდნენ პატარა იესოს. წარმოიდგინეთ, როგორი დაცარიელებული მოეჩვენებოდათ  ქალაქის ქუჩები, როცა სასოწარკვეთილნი თავიანთ ვაჟს დაეძებდნენ და სახელით უხმობდნენ! სად შეიძლებოდა ამ დროს იესო ყოფილიყო? სამი დღის უშედეგო ძებნის შემდეგ ხომ არ იფიქრებდა იოსები, რომ იეჰოვას ნდობა ვერ გაამართლა და წმინდა დავალება ვერ შეასრულა? ბოლოს ისინი ტაძარში მივიდნენ და იქ ეძებდნენ ბავშვს მანამ, სანამ არ იპოვეს ერთ-ერთ ოთახში, სადაც სწავლულები და კანონის მცოდნე მამაკაცები იყვნენ თავმოყრილი. წარმოიდგინეთ, რამხელა შვებას იგრძნობდნენ იოსები და მარიამი! (ლუკა 2:45, 46).

23 იესო უსმენდა კანონის მცოდნე მამაკაცებს და კითხვას კითხვაზე უსვამდა. ისინი გაოცებული იყვნენ მისი წვდომის უნარითა და პასუხებით. მარიამი და იოსები ამის დანახვაზე განცვიფრდნენ. ბიბლიაში არაფერია ნათქვამი, უთხრა თუ არა იოსებმა რამე პატარა იესოს. მაგრამ, როგორც ჩანს, ორივეს სათქმელი მარიამმა თქვა: „შვილო, ეს რა გვიყავი? მე და მამაშენი გულშემოყრილები დაგეძებთ“ (ლუკ. 2:47, 48).

24. როგორ გვიჩვენებს ეს ბიბლიური ეპიზოდი, სინამდვილეში რას ნიშნავს, იყო მშობელი?

 24 ბიბლიის ამ მცირე ეპიზოდიდან კარგად ჩანს, სინამდვილეში რას ნიშნავს, იყო მშობელი. როგორც დავინახეთ, არ არის ადვილი, შეასრულო მშობლის მოვალეობა მაშინაც კი, როცა სრულყოფილი შვილი გყავს. დღევანდელ საშიშ ქვეყნიერებაში მშობლებმა შეიძლება ენით აუწერელი ემოციური ტკივილი იგრძნონ, მაგრამ ღვთის სიტყვამ გაამხნეოს ისინი, რადგან მასში ნათქვამია, რომ არ არის ადვილი, იყო მშობელი.

25, 26. რა უპასუხა იესომ მშობლებს ისეთი, რაც იოსებს კიდევ არაერთხელ გაახსენდებოდა?

25 საბედნიეროდ, იესო სწორედ იქ დარჩა, სადაც ყველაზე მეტ სიახლოვეს გრძნობდა თავის ზეციერ მამასთან, იეჰოვასთან. ის გაფაციცებით ისმენდა ყველაფერს, რომ არც ერთი სიტყვა არ გამორჩენოდა. ამიტომ, მან ბავშვური გულწრფელობით მიუგო მშობლებს: „რატომ მეძებდით? ნუთუ არ იცოდით, რომ მამაჩემის სახლში უნდა ვყოფილიყავი?“ (ლუკ. 2:49).

26 იოსებს კიდევ არაერთხელ გაახსენდებოდა იესოს სიტყვები. ის, ალბათ, ამაყობდა კიდეც ამით. მან ხომ მთელი თავისი ძალ-ღონე შეალია იმას, რომ თავის შვილობილს ასეთი სიახლოვე ეგრძნო იეჰოვა ღმერთთან. იესო ბავშვობიდანვე განსაკუთრებული სითბოთი წარმოთქვამდა სიტყვა „მამას“, რაშიც დიდი წვლილი სწორედ იოსებს მიუძღოდა.

27. რა პასუხისმგებლობა გაკისრიათ, როგორც მამას, და რატომ უნდა მიჰბაძოთ იოსებს?

27 თუ მამა ხართ, გააზრებული გაქვთ, რამხელა პასუხისმგებლობა გაკისრიათ შვილების წინაშე? თქვენ ხომ მათ უნდა ასწავლოთ, რას ნიშნავს, იყო მოსიყვარულე მამა, რომელიც ყოველთვის ოჯახის უსაფრთხოების სადარაჯოზე დგას?! თუ გყავთ გერები ან ნაშვილები ბავშვები, გახსოვდეთ იოსები და თბილად მოეპყარით თითოეულს; არასდროს გამოარჩიოთ ერთმანეთისგან. დაეხმარეთ, რომ უფრო დაუახლოვდნენ ზეციერ მამას, იეჰოვას (წაიკითხეთ ეფესოელების 6:4).

 ღირსეული მამა

28, 29. ა) რას ვიგებთ იოსების შესახებ ლუკას 2:51,  52-ში ჩაწერილი სიტყვებიდან? ბ) როგორ დაეხმარა იოსები იესოს სიბრძნის შეძენაში?

28 მართალია, ბიბლიაში იოსები მხოლოდ რამდენჯერმეა მოხსენიებული, მაგრამ ნამდვილად ღირს ამ ეპიზოდების განხილვა. ღვთის სიტყვიდან ვიგებთ, რომ იესო „კვლავაც ემორჩილებოდა“ თავის მშობლებს. აგრეთვე იმასაც ვკითხულობთ, რომ „ემატებოდა იესოს სიბრძნე, იზრდებოდა და უფრო მეტ კეთილგანწყობილებას იხვეჭდა ღვთისა და ადამიანთა თვალში“ (წაიკითხეთ ლუკას 2:51, 52). რას ვიგებთ ამ მუხლებიდან იოსებზე? იოსები კვლავ ღირსეულად ასრულებდა ოჯახისთავის მოვალეობას, რადგან მისი სრულყოფილი ვაჟი პატივს სცემდა მამას, როგორც ოჯახის მეთაურს და ემორჩილებოდა მას.

29 ჩვენ აგრეთვე ვიგებთ, რომ იესოს დღითი დღე ემატებოდა სიბრძნე. რასაკვირველია, ამაში იოსებს დიდი წვლილი მიუძღოდა. იმ დროს იუდეველებს შორის ერთი ცნობილი იგავი იყო გავრცელებული. ამ იგავის თანახმად, მხოლოდ მოცლილი ხალხი შეიძლებოდა დაბრძენებულიყო, დურგლებს, მიწათმოქმედებსა და მჭედლებს კი „არ შეეძლოთ მართებულად განსჯა და ლოგიკური მსჯელობა, რის გამოც მათი პირიდან ვერასდროს გაიგებდით ბრძნულ იგავებს“. მოგვიანებით, იესომ დაამტკიცა, რომ ეს იგავი სინამდვილისგან შორს იყო. ალბათ, ბავშვობაში იესო არაერთხელ მოისმენდა თავისი მამობილისგან, უბრალო დურგლისგან, იეჰოვას „სამართლიანობისა და განსჯის უნარის შესახებ“.

30. რა მაგალითი დაუტოვა იოსებმა ოჯახისთავებს?

30 თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ იოსებმა ბავშვის ფიზიკურ განვითარებაზეც იზრუნა, რომ ის ჯანმრთელი და ძლიერი მამაკაცი ყოფილიყო. გარდა ამისა, იოსებმა იესოს თავისი ხელობაც ასწავლა. მას არა მარტო დურგლის ვაჟად, არამედ დურგლადაც იცნობდნენ (მარ. 6:3). ასე რომ, იოსების შრომას ფუჭად არ ჩაუვლია. ოჯახისთავები ბრძნულად იქცევიან, თუ იოსებს ჰბაძავენ, ზრუნავენ შვილების კეთილდღეობაზე და საკუთარი თავის რჩენას ასწავლიან.

31. ა) როდის მოკვდა იოსები? (იხილეთ ჩარჩო) ბ) რა მხრივ შეგვიძლია მივბაძოთ იოსებს?

31 როდესაც ბიბლიაში იმ მონაკვეთს ვკითხულობთ, როცა 30 წლის იესო ინათლება, იოსები აღარსად ფიგურირებს. ღვთის სიტყვიდან ჩანს, რომ იმ დროისთვის, როცა იესო მსახურებას შეუდგა, მარიამი ქვრივი იყო (იხილეთ ჩარჩო  „როდის მოკვდა იოსები?“). იოსებმა ბოლომდე ერთგულად შეასრულა მამის მოვალეობა. ის მართლაც ღირსეული, მზრუნველი და თავგანწირული მამა იყო! კარგი იქნება, თუ ყველა, მამა თუ ნებისმიერი სხვა ქრისტიანი, იოსებივით ძლიერ რწმენას გამოავლენს!

^ აბზ. 4 იმ დროს ნიშნობა თითქმის დაქორწინების ტოლფასი იყო.

^ აბზ. 8 ეს „ვარსკვლავი“ არ იყო ბუნებრივი ციური სხეული და არც ღმერთს გამოუგზავნია. ნათელია, „ვარსკვლავი“ სატანამ გამოიყენა, რათა თავისი მზაკვრული განზრახვა სისრულეში მოეყვანა და იესო მოეკლა.

^ აბზ. 11 ბიბლიიდან ნათლად ჩანს, რომ იესომ პირველი სასწაული მონათვლის შემდეგ მოახდინა (იოან. 2:1—11).