წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

„მიჰბაძეთ მათ რწმენას“

 თავი 14

გულმოწყალების მაგალითი

გულმოწყალების მაგალითი

1. რა გზა უნდა გაევლო იონას, და რას ფიქრობდა ქალაქზე, სადაც იეჰოვამ გაგზავნა?

იონას ფიქრისთვის საკმარისი დრო ჰქონდა. დანიშნულების ადგილამდე რომ მისულიყო, მას 800 კილომეტრზე მეტი უნდა გაევლო, რასაც დაახლოებით ერთი თვე ან მეტი დასჭირდებოდა. მას არჩევანი უნდა გაეკეთებინა — ან მოკლე გზით უნდა წასულიყო, ან შორი და უსაფრთხო გზით შემოევლო. იონას არაერთი დღე მოუწევდა სიარული მთასა თუ ბარში. მას აგრეთვე მოუწევდა არაბეთის უდაბნოზე გავლა და წყალუხვი მდინარეების, მაგალითად ევფრატის, გადაკვეთა. იონას ღამის გასათევი უნდა მოეძებნა სირიის, შუამდინარეთისა და ასურეთის ქალაქებსა თუ სოფლებში. ხანგრძლივი მგზავრობის დროს იონას მშფოთვარე ფიქრები არ ასვენებდა. ის ფიქრობდა ქალაქ ნინევეზე, რომლისთვისაც ამხელა გზა გამოიარა, და რომელსაც ის-ის იყო მიადგებოდა.

2. რას მიხვდა იონა?

2 იონამ ერთი რამ კარგად იცოდა — მას პირნათლად უნდა შეესრულებინა დავალება, რომლის თავიდან არიდებაც ერთხელ უკვე სცადა. როგორც წინა თავიდან დავინახეთ, იეჰოვამ ძლიერი ქარიშხალი ამოაგდო ზღვაზე, იონა დიდ თევზს ჩააყლაპვინა და ამგვარად სიკვდილისგან იხსნა. სამი დღის შემდეგ თევზმა იონა ნაპირზე ამოანთხია. ამ შემთხვევამ მას მორჩილება ასწავლა (იონა, თავები 1, 2).

3. როგორ მოექცა იეჰოვა იონას, მაგრამ რა კითხვები წამოიჭრება?

3 როდესაც იეჰოვამ მეორედ უთხრა იონას, ნინევეში წასულიყო, წინასწარმეტყველი  დაემორჩილა ღმერთს და აღმოსავლეთისკენ გრძელ გზას დაადგა (წაიკითხეთ იონას 3:1—3). მაგრამ შეიცვალა მან თვალსაზრისი მას შემდეგ, რაც თავს გადახდა? იეჰოვამ მის მიმართ გულმოწყალება გამოავლინა, სიკვდილისგან იხსნა, ურჩობისთვის არ დასაჯა და კიდევ ერთხელ მისცა დავალების შესრულების შესაძლებლობა. გახდა ამ ყველაფრის შემდეგ იონა გულმოწყალე? ხშირად არასრულყოფილ ადამიანებს უჭირთ გულმოწყალების გამოვლენა. ვნახოთ, რის სწავლა შეგვიძლია იონას მაგალითიდან.

განაჩენის გაცხადება და მოულოდნელი გამოხმაურება

4, 5. რატომ თვლიდა იეჰოვა ნინევეს დიდ ქალაქად, და რას ვსწავლობთ აქედან?

4 იონა იეჰოვას თვალით არ უყურებდა ნინეველებს. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ნინევე დიდი ქალაქი იყო ღვთის თვალში“ (იონ. 3:3). იონას წიგნში წერია, რომ იეჰოვამ სამჯერ უწოდა ნინევეს „დიდი ქალაქი“ (იონ. 1:2; 3:2; 4:11). რატომ იყო ეს ქალაქი დიდი ანუ მნიშვნელოვანი იეჰოვასთვის?

 5 ნინევე ერთ-ერთი უძველესი ქალაქი იყო, რომელიც ნიმროდმა წარღვნის შემდეგ დააარსა. ის იმ რეგიონში ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი იყო და შესაძლოა გარშემო რამდენიმე ქალაქი ერტყა. ნინევეს ერთი ბოლოდან მეორეში გასასვლელად ადამიანს სამი დღე სჭირდებოდა (დაბ. 10:11; იონ. 3:3). ქალაქი, როგორც ჩანს, გამოირჩეოდა დიდებული ტაძრებით, უზარმაზარი კედლებითა და სხვა შთამბეჭდავი ნაგებობებით. მაგრამ ის იეჰოვას თვალში ნაგებობების გამო კი არა, იქ მცხოვრები ხალხის გამო იყო მნიშვნელოვანი. ნინევეში იმ დროს 120 000-ზე მეტი კაცი ცხოვრობდა. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის მოსახლეობა ბოროტებას სჩადიოდა, იეჰოვას მაინც აღელვებდა მათი ბედი. ღმერთმა, ვისთვისაც ძვირფასია ადამიანთა სიცოცხლე, იცის, რომ თითოეულს შეუძლია მოინანიოს და სიკეთის კეთება ისწავლოს.

იონამ ნახა, რომ ნინევე უზარმაზარი ქალაქი იყო, სადაც ხალხი ბოროტებას სჩადიოდა

6. ა) რატომ შეეშინდებოდა იონას, როცა ნინევეში შევიდა? (იხილეთ სქოლიო) ბ) როგორ ქადაგებდა იონა და რას ვსწავლობთ აქედან?

6 ბოლოს, როცა იონა ნინევეში შევიდა, ხალხის სიმრავლემ შეიძლება ის კიდევ უფრო შეაშინა. * მან ერთი დღე იარა ქალაქში, შესაძლოა, იმ მიზნით, რომ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ისეთი ადგილი მოეძებნა, საიდანაც თავის ცნობას გააცხადებდა. რომელ ენაზე ელაპარაკა ის ხალხს? იცოდა მან ასურული ენა? იეჰოვამ მისცა ამ ენაზე ლაპარაკის უნარი? დარწმუნებით ვერაფერს ვიტყვით. შესაძლოა, იონამ მშობლიურ ებრაულზე წარმოთქვა ეს ცნობა და მთარგმნელის მეშვეობით გააგებინა ის ნინეველებს. მართალია, ცნობა მარტივი სიტყვებით იყო წარმოთქმული, მაგრამ ხალხს შიშის ზარს დასცემდა. ის ამბობდა: „ორმოცი დღეღა დარჩა ნინევეს დამხობამდე!“ (იონ. 3:4). იონა კვლავ და კვლავ გაბედულად აცხადებდა ამ სიტყვებს. მან გამოავლინა დიდი სიმამაცე და რწმენა, რაც ქრისტიანებს დღეს განსაკუთრებით სჭირდებათ.

მარტივი სიტყვებით წარმოთქმული ცნობა ნინეველებს შიშის ზარს დასცემდა

7, 8. ა) როგორ გამოეხმაურნენ ნინეველები იონას ცნობას? ბ) როგორ მოიქცა ნინეველთა მეფე?

7 ნინეველებმა მოისმინეს იონას ცნობა. ეჭვგარეშეა, იონა ფიქრობდა, რომ ისინი მტრულად განეწყობოდნენ და სასტიკად გაუსწორდებოდნენ მას, მაგრამ სრულიად საპირისპირო რამ მოხდა. იონას სიტყვები სწრაფად გავრცელდა და ხალხმა ყურად იღო მისი ნათქვამი.  მალე მთელი ქალაქი იონას წინასწარმეტყველებაზე ლაპარაკობდა. იონას წიგნში ვკითხულობთ: „ირწმუნეს ნინეველებმა ღმერთი, მარხვა გამოაცხადეს და დიდიან-პატარიანად ჯვალო ჩაიცვა ყველამ“ (წაიკითხეთ იონას 3:5). მდიდრებმა და ღარიბებმა, ძლიერებმა და სუსტებმა, ახალგაზრდებმა და მოხუცებმა — ყველამ ერთსულოვნად მოინანია. ამ ცნობამ მეფის ყურამდეც მიაღწია.

იონას რწმენა და გამბედაობა სჭირდებოდა, რომ ნინეველებისთვის ღვთის განაჩენი გაეცხადებინა

8 ნინეველთა მეფემაც კი მოინანია. ტახტიდან ჩამოვიდა, გაიხადა თავისი სამეფო სამოსელი, მოიხვია ჯვალო, რომელიც მის ხალხს ეცვა, და „ნაცარში ჩაჯდა“. მან თავის დიდებულებთან ერთად გამოაცხადა, რომ დიდიან-პატარიანად ყველას ემარხულა და ჯვალო ეტარებინა კაცსაც და შინაურ ცხოველსაც. * მან თავმდაბლად აღიარა, რომ მისი ხალხი დამნაშავე იყო ბოროტებასა და ძალადობაში. მეფეს იმედი ჰქონდა, რომ ღმერთს გულს მოულბობდნენ და შეიწყალებდა მათ. ჭეშმარიტმა ღმერთმა „იქნებ აგვარიდოს თავისი მრისხანება, რომ არ დავიღუპოთ“, — ამბობდა ის (იონ. 3:6—9).

9. რას ეჭვობენ კრიტიკოსები, მაგრამ საიდან ვიცით, რომ ისინი ცდებიან?

9 ზოგი კრიტიკოსი ეჭვქვეშ აყენებს იმ ფაქტს, რომ ნინეველები ასე ხანმოკლე დროში ვერ შეიცვლიდნენ ცხოვრების წესს. მაგრამ ბიბლიის მკვლევრები თვლიან, რომ ასეთი მყისიერი ცვლილება გასაკვირი არაა, რადგან ძველი კულტურის ხალხები ცრუმორწმუნენი და ცვალებადი ხასიათის იყვნენ. მოგვიანებით ხომ თავად იესო ქრისტემ თქვა ნინეველებზე, რომ მათ მოინანიეს (წაიკითხეთ მათეს 12:41). მან კარგად იცოდა, რასაც ამბობდა, რადგან ზეცაში იყო მაშინ, როცა ნინევეში ეს მოვლენები მოხდა, და ყველაფერი საკუთარი თვალით ნახა (იოან. 8:57, 58). ასე რომ, არასდროს უნდა დავასკვნათ, რომ ესა თუ ის ადამიანი იმდენად ცოდვილია, რომ ვერასდროს შეძლებს მონანიებას. მხოლოდ იეჰოვა ხედავს გულს.

ღვთიური გულმოწყალება და ადამიანური გულქვაობა

10, 11. ა) რატომ გადაიფიქრა იეჰოვამ ნინეველების განადგურება? ბ) რატომ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ იეჰოვას თავდაპირველი განაჩენი არასწორი არ იყო?

10 იონამ შემდეგ დაწერა: „ჭეშმარიტმა ღმერთმა დაინახა მათი  საქმეები, რომ მიატოვეს თავიანთი ბოროტი გზა. შეიწყალა ისინი ჭეშმარიტმა ღმერთმა და აღარ დაატეხა ის უბედურება, რაც ნათქვამი ჰქონდა“ (იონ. 3:10).

11 ნიშნავს ეს, რომ ნინევესთვის გამოტანილი იეჰოვას თავდაპირველი განაჩენი არასწორი იყო? ცხადია, არა. რადგან ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იეჰოვა ყოველთვის სამართლიანად განსჯის (წაიკითხეთ კანონის 32:4). იეჰოვამ აღარ დაატეხა მათ თავისი რისხვა, რომელსაც ერთ დროს სამართლიანად იმსახურებდნენ, რადგან დაინახა, რომ ხალხმა ცვლილებები მოახდინა. მან გულმოწყალება გამოავლინა.

12, 13. ა) როგორ ცხადყო იეჰოვამ, რომ გულმოწყალეა და ითვალისწინებს ადამიანის მდგომარეობას? ბ) სიცრუე ხომ არ აღმოჩნდა იონას წინასწარმეტყველება?

12 იეჰოვა არ ჰგავს მკაცრ, ცივ და უხეშ ღმერთს, როგორადაც ხშირად რელიგიური წინამძღოლები წარმოაჩენენ. პირიქით, ის გულმოწყალეა და ითვალისწინებს ადამიანების მდგომარეობას. სანამ ბოროტებს დასჯის, აფრთხილებს თავისი მსახურების მეშვეობით, რომ ნინეველების მსგავსად მოინანიონ და სწორ გზას დაადგნენ (ეზეკ. 33:11). იეჰოვამ უთხრა წინასწარმეტყველ იერემიას: „თუ ვიტყვი ხალხისა და სამეფოს წინააღმდეგ, რომ ამოვძირკვავ მას, დავანგრევ და მოვსპობ, ის ხალხი კი, რომლის წინააღმდეგაც ვლაპარაკობდი, მობრუნდება თავისი ბოროტებისგან, მაშინ მეც გადავიფიქრებ და არ დავატეხ იმ უბედურებას, რის დატეხვასაც ვუპირებდი“ (იერ. 18:7, 8).

ღმერთს სურს, რომ ნინეველების მსგავსად, ბოროტებმა მოინანიონ და სწორ გზას დაადგნენ

13 სიცრუე ხომ არ აღმოჩნდა იონას წინასწარმეტყველება? არა. ამ წინასწარმეტყველების მიზანი ბოროტი ხალხის გაფრთხილება იყო. ხალხმა გაითვალისწინა ეს გაფრთხილება და მოინანია. თუ ისინი არ მიატოვებდნენ ბოროტებას, იეჰოვას რისხვა დაატყდებოდათ. მოგვიანებით, ნინეველები ისევ დაუბრუნდნენ ბოროტ საქმეებს და სასჯელიც არ ასცდათ (სოფ. 2:13—15).

14. რა რეაქცია ჰქონდა იონას, როდესაც იეჰოვამ ნინეველთა მიმართ გულმოწყალება გამოავლინა?

14 რა რეაქცია ჰქონდა იონას, როცა მისი მოლოდინი არ გამართლდა და ნინევე არ განადგურდა? ბიბლიაში ვკითხულობთ: „ძალიან არ ესიამოვნა ეს იონას და რისხვით აენთო“ (იონ. 4:1). მან ლოცვითაც კი მიმართა ყოვლისშემძლეს, რომელშიც უკმაყოფილება გამოხატა. იონამ ლოცვისას ღმერთს უთხრა, რომ ჯობდა თავის მიწაზე დარჩენილიყო, რადგან თავიდანვე იცოდა, რომ ღმერთი უბედურებას არ დაატეხდა ნინევეს; და ამიტომაც გაიქცა თარშიშში. შემდეგ კი სთხოვა ღმერთს, მოეკლა, რადგან ასეთ სიცოცხლეს სიკვდილი ერჩივნა (წაიკითხეთ იონას 4:2, 3).

15. ა) რამ დაამწუხრა იონა? ბ) როგორ მოექცა იეჰოვა თავის წინასწარმეტყველს?

 15 რამ დაამწუხრა იონა? ჩვენ არ ვიცით, რაზე ფიქრობდა ის, მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ: მან ყველას წინაშე განაცხადა ნინევეს განაჩენი. ხალხი ერწმუნა იონას, ამიტომ იეჰოვამ არ დასაჯა ისინი. ხომ არ შეეშინდა იონას, რომ დასცინებდნენ და ცრუწინასწარმეტყველად ჩათვლიდნენ? როგორც უნდა ყოფილიყო, მას არ გაუხარდა, რომ ხალხმა მოინანია და იეჰოვამ შეიწყალა ისინი. როგორც ჩანს, მას თანდათანობით სიბრაზემ დარია ხელი, საკუთარი თავი შეებრალა და თავმოყვარეობა შეელახა. მიუხედავად ამისა, იეჰოვამ გულმოწყალება გამოავლინა მისდამი და კარგი დაინახა მასში. მიუხედავად იმისა, რომ იონამ იეჰოვას მიმართ უპატივცემულობა გამოავლინა, მან არ დასაჯა ის. პირიქით, რბილად მიუდგა და ჰკითხა: „უნდა განრისხებულიყავი?!“ (იონ. 4:4). ბიბლიაში არაფერია ნათქვამი, რა უპასუხა იონამ იეჰოვას.

16. რატომ არ არის ყოველთვის ადვილი, ბოლომდე ჩავწვდეთ ღვთის აზრებს, და რას ვსწავლობთ იონას მაგალითიდან?

16 ადვილია, განსაჯო იონა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არასრულყოფილი ადამიანისთვის ყოველთვის ადვილი არ არის, ბოლომდე ჩასწვდეს იეჰოვას აზრებს. ზოგი შეიძლება ფიქრობს, რომ იეჰოვას თავიდანვე უნდა აეცილებინა ადამიანებისთვის უბედურება და უმალვე უნდა დაესაჯა ბოროტები; მას უკვე დიდი ხანია, წერტილი უნდა დაესვა ამ ბოროტი ქვეყნიერებისთვის. იონას შემთხვევიდან ვხედავთ, რომ როცა იეჰოვას რაღაცაში არ ვეთანხმებით, ჩვენ ვსაჭიროებთ შეცვლას და არა იეჰოვა.

როგორ ასწავლა იეჰოვამ გულმოწყალება იონას?

17, 18. ა) რა გააკეთა იონამ ნინევეს დატოვების შემდეგ? ბ) როგორ იმოქმედა იონაზე იეჰოვას სასწაულმა?

17 დამწუხრებულმა წინასწარმეტყველმა დატოვა ნინევე და ნაცვლად იმისა, რომ სახლის გზას დასდგომოდა, აღმოსავლეთით, მთებისკენ წავიდა, საიდანაც ქალაქი ხელისგულივით ჩანდა. გაიკეთა პატარა საჩრდილობელი და დაჯდა, რომ ენახა, რა დაემართებოდა ნინევეს. შესაძლოა, მას კიდევ ჰქონდა იმედი, რომ ქალაქის განადგურებას იხილავდა. როგორ ასწავლა იეჰოვამ თავის ჯიუტ მსახურს გულმოწყალება?

18 ღამით იეჰოვამ აყირო აღმოაცენა. დილით, როცა იონამ გაიღვიძა, დაინახა, რომ მის თავთან ფართოფოთლიანი მცენარე ამოსულიყო, რომელიც მის გაკეთებულ საჩრდილობელზე უკეთ დაიცავდა მცხუნვარე მზისგან. „დიდად გაახარა იონა აყიროს ამოსვლამ“, რადგან სასწაულებრივად გაჩენილი მცენარე, როგორც ჩანს,  იეჰოვას მოწონებად და კურთხევად ჩათვალა. მაგრამ იეჰოვას მხოლოდ ის არ უნდოდა, რომ იონა მწველი სიცხისგან დაეცვა და მისი ბრაზი გაექარწყლებინა. მას სურდა, იონასთვის გულმოწყალება ესწავლებინა. ამიტომ, ღმერთმა აყიროს მატლი გაუჩინა და გაახმო მცენარე. შემდეგ „აღმოსავლეთის ცხელი ქარი ამოაგდო“ და სიცხისგან იონას „ლამის გული წაუვიდა“. მან ისევ სიკვდილი ინატრა (იონ. 4:6—8).

19, 20. რა უთხრა იეჰოვამ იონას აყიროზე?

19 ღმერთმა ჰკითხა იონას: „აყიროს გამო უნდა განრისხებულიყავი?!“ მონანიების მაგივრად, იონამ თავი იმართლა: „ჰო, თანაც ისე განვრისხდი, რომ სიკვდილი ვინატრე“. დადგა დრო, რომ იეჰოვას გულმოწყალება ესწავლებინა თავისი მსახურისთვის (იონ. 4:9).

ღმერთმა აყიროს მაგალითზე ასწავლა იონას გულმოწყალება

20 ღმერთმა უთხრა წინასწარმეტყველს: „შენ აყირო დაგენანა, რომლისთვისაც არ გიშრომია და რომელიც არ გაგიზრდია, რომელიც ერთ ღამეში გაიზარდა და ერთ ღამეშივე გაქრა“. შემდეგ კი დასძინა: „მე დიდი ქალაქი ნინევე არ უნდა დამნანებოდა, სადაც ას ოცი ათასზე მეტი კაცი ცხოვრობს, რომლებსაც მარჯვენა ხელი მარცხენისგან  ვერ გაურჩევიათ, და სადაც უამრავი შინაური ცხოველია?!“ (იონ. 4:10, 11). *

21. ა) რა დაანახვა იეჰოვამ ამ მაგალითით იონას? ბ) როგორ გვეხმარება იონას შემთხვევა, გულწრფელად გამოვიკვლიოთ საკუთარი გული?

21 იეჰოვამ ამ მაგალითით კარგად დაანახვა იონას, რატომ ავლენს გულმოწყალებას. იონას მცენარის გაზრდაზე საერთოდ არ უზრუნია, ნინეველებს კი სიცოცხლე იეჰოვამ უბოძა, ისევე როგორც ყველა ქმნილებას მთელ ცისქვეშეთში. განა იონას ერთ მცენარეზე მეტად 120 000 კაცი და შინაური ცხოველი არ უნდა დანანებოდა?! იმიტომ ხომ არ მოიქცა იონა ასე, რომ მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობდა? მას მცენარე მხოლოდ იმიტომ ხომ არ დაენანა, რომ სიცხისგან იცავდა? იმის გამო ხომ არ განრისხდა იონა, რომ ღირსება შეელახა? ხომ არ სურდა თავისი სიმართლე დაემტკიცებინა და მისი სიტყვები გამართლებულიყო? იონას შემთხვევა გვეხმარება, გულწრფელად გამოვიკვლიოთ საკუთარი გული. ყველას გვაქვს ეგოიზმისკენ მიდრეკილება. ჩვენ მადლიერნი ვართ იეჰოვასი, რომელიც მოთმინებით გვასწავლის, ვიყოთ უფრო თანამგრძნობნი, ლმობიერნი და ნაკლებად ვიფიქროთ საკუთარ თავზე, როგორც ეს იონას შემთხვევაში მოხდა.

22. ა) რა ისწავლა იონამ იეჰოვას გონივრული შეგონებიდან? ბ) რა უნდა ისწავლოს თითოეულმა ჩვენგანმა?

22 ეს გულმოწყალების მართლაც საუკეთესო გაკვეთილი იყო! ისწავლა იონამ აქედან რამე? წიგნი, რომელიც მისი სახელით იწოდება, იეჰოვას მიერ დასმული კითხვით მთავრდება, რომელიც უპასუხოდ დარჩა. ზოგი კრიტიკოსი შესაძლოა თვლის, რომ იონას ამ კითხვაზე პასუხი არასდროს გაუცია. მაგრამ ამ კითხვაზე პასუხი თავად წიგნია, რომელიც იონამ დაწერა. წარმოიდგინეთ წინასწარმეტყველი, რომელიც მშობლიურ მიწა-წყალზე უვნებლად დაბრუნდა და დაწვრილებით აღწერა თავსგადამხდარი მოვლენები. თვალწინ წარმოგვიდგება ხანში შესული, გონიერი და თავმდაბალი კაცი, რომელიც ნანობს, რომ ურჩობასა და გულქვაობას ავლენდა. აშკარაა, რომ იონამ ყურად იღო იეჰოვას შეგონება და გულმოწყალე გახდა. თქვენ რა ისწავლეთ ამ შემთხვევიდან? (წაიკითხეთ მათეს 5:7).

^ აბზ. 6 სავარაუდოდ, იონას დროს ისრაელის დედაქალაქ სამარიაში 20 000-დან 30 000-მდე ადამიანი ცხოვრობდა, რაც ნინევეს მოსახლეობის მეოთხედსაც არ შეადგენდა. ნინევე თავისი აღმავლობის პერიოდში შესაძლოა ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი იყო იმდროინდელ მსოფლიოში.

^ აბზ. 8 შესაძლოა, ეს წვრილმანები უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ძველად ასეთი გლოვა მიღებული იყო. ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე აღნიშნავს, რომ ძველ სპარსეთში საყოველთაო გლოვაში შინაურ ცხოველებსაც რთავდნენ.

^ აბზ. 20 ღმერთმა იმ გაგებით თქვა ხალხზე, მარცხენას მარჯვენისგან ვერ არჩევენო, რომ ისინი შეუგნებლად არღვევდნენ ღვთის ნორმებს.