წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

„მიჰბაძეთ მათ რწმენას“

 თავი 15

მან დაიცვა ღვთის ხალხი

მან დაიცვა ღვთის ხალხი

1—3. ა) რატომ შეეშინდებოდა ესთერს ქმრის წინაშე წარდგომის? ბ) რა კითხვებს გავცემთ პასუხს?

ესთერი ცდილობდა, სიმშვიდე შეენარჩუნებინა, როდესაც შუშანის სასახლის შიდა ეზოს უახლოვდებოდა. ამის გაკეთება მისთვის ადვილი არ იყო. ზაგროსის დათოვლილი მთის ტერასებზე წამომართული უზარმაზარი სასახლე, რომელიც ქოასპესის კამკამა მდინარეს გადაჰყურებდა, თავისი შთამბეჭდავი ქანდაკებებით, კანელურებიანი ქვის კოლონებით, ასევე ულამაზესი კედლებით, რომლებსაც ფრთოსანი ხარების, მშვილდოსნებისა და ლომების რელიეფური გამოსახულებები ამშვენებდა და სხვადასხვა ფერის მომინანქრებული ზედაპირის მქონე აგურის ფილებით იყო მოპირკეთებული, მნახველებს შეახსენებდა, რაოდენ დიდ ძალას ფლობდა კაცი, ვის სანახავადაც ესთერი მიდიოდა; კაცი, რომელიც საკუთარ თავს „დიდ მეფეს“ უწოდებდა და რომელიც ესთერის ქმარი იყო.

2 ალბათ, როგორ განსხვავდებოდა ახაშვეროში ისეთი მამაკაცისგან, რომლის ცოლობასაც ერთგული იუდეველი ქალი მოისურვებდა?! * ის საერთოდ არ ჰგავდა აბრაამს, რომელმაც თავმდაბლურად მიიღო ღვთის მითითება და მოუსმინა თავის ცოლს, სარას (დაბ. 21:12). მეფემ თითქმის არაფერი იცოდა ესთერის ღვთის, იეჰოვასა და მისი კანონების შესახებ. სამაგიეროდ, კარგად იცოდა სპარსეთის კანონები, მათ შორის ის კანონიც, რომლის დარღვევის შემთხვევაში ესთერის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრებოდა. ამ კანონის თანახმად, სპარსეთის მეფეს სიკვდილით უნდა დაესაჯა ნებისმიერი, ვინც მის წინაშე მოხმობის გარეშე წარდგებოდა. მეფეს ესთერისთვის არ მოუხმია, მაგრამ დედოფალმა მაინც გადაწყვიტა მის წინაშე წარდგომა. როდესაც ესთერი შიდა ეზოში შეაბიჯებდა, სადაც ტახტზე მჯდომი მეფე ადვილად დაინახავდა, ალბათ, ისეთი გრძნობა დაეუფლებოდა, რომ სიკვდილს ჩახედა თვალებში (წაიკითხეთ ესთერის 4:11; 5:1 ).

3 რატომ ჩაიგდო ესთერმა თავი საფრთხეში? რა შეგვიძლია ვისწავლოთ ამ ქალისგან, რომელსაც არაჩვეულებრივი რწმენა ჰქონდა?  თავდაპირველად გავიგოთ, როგორ გახდა ესთერი სპარსეთის დედოფალი.

ესთერის ყმაწვილქალობა

4. რა ვიცით ესთერის მშობლებზე, და რატომ გაზარდა ის ბიძაშვილმა, მორდოქაიმ?

4 ესთერი ობოლი იყო. მისი მშობლების შესახებ ძალიან ცოტა რამ ვიცით. სწორედ მათ დაარქვეს ესთერს ებრაული სახელი „ჰადასა“, რაც „მირტს“ ნიშნავს. მირტი ლამაზი, თეთრი ყვავილებით გადაპენტილი ბუჩქოვანი მცენარეა. როდესაც ესთერის მშობლები დაიხოცნენ, იგი მისმა ერთმა ნათესავმა, კეთილმა კაცმა, მორდოქაიმ შეიკედლა. ეს კაცი, მასზე გაცილებით უფროსი, მისი ბიძაშვილი იყო. მან ესთერი სახლში წაიყვანა და როგორც საკუთარ ქალიშვილს, ისე ზრდიდა (ესთ. 2:5—7, 15).

მორდოქაის მართლაც ჰქონდა მიზეზი, თავისი შვილობილით ეამაყა

5, 6. ა) როგორ გაზარდა მორდოქაიმ ესთერი? ბ) აღწერეთ მორდოქაისა და ესთერის ცხოვრება შუშანში.

5 მორდოქაი და ესთერი ცხოვრობდნენ გადასახლებულ იუდეველთა შორის სპარსეთის დედაქალაქში. ალბათ, იქ ხალხი მათ ზიზღით უყურებდა, რადგან ისინი თავიანთი რწმენისა და კანონების თანახმად ცხოვრებას ცდილობდნენ. მორდოქაი ხშირად ესაუბრებოდა ესთერს იეჰოვას შესახებ, რაც კიდევ უფრო დააახლოებდა მათ ერთმანეთთან. მორდოქაი ასწავლიდა ესთერს, როგორი მწყალობელი იყო იეჰოვა, როგორ იხსნა არაერთხელ თავისი ხალხი გასაჭირისგან და კვლავაც როგორ იხსნიდა (ლევ. 26:44, 45). რასაკვირველია, ესთერსა და მორდოქაის თბილი და ახლო ურთიერთობა ექნებოდათ ერთმანეთთან.

6 როგორც ჩანს, მორდოქაის შუშანის სამეფო კარზე რაღაც თანამდებობა ეკავა; ის მეფის სხვა მსახურებთან ერთად სასახლის კარიბჭესთან იჯდა (ესთ. 2:19, 21; 3:3). ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რით იყო დაკავებული ესთერი ყმაწვილქალობაში. მაგრამ არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ ის ზრუნავდა თავის უფროს ბიძაშვილსა და მის სახლზე, რომელიც შესაძლოა სასახლის მოპირდაპირე მხარეს, მდინარის გადაღმა, ღარიბ უბანში მდებარეობდა. ალბათ, ესთერს უყვარდა შუშანის ბაზარში სიარული, სადაც ოქრომჭედლებსა თუ სხვა ვაჭრებს თავიანთი ძვირფასი საქონელი ჰქონდათ გამოფენილი. ესთერს იმ დროს ფიქრადაც არ მოუვიდოდა, რომ ასეთი ფუფუნება ცოტა ხანში მისთვის ჩვეულებრივი რამ გახდებოდა; იგი ვერც კი წარმოიდგენდა, რას უმზადებდა მომავალი.

 „ლამაზი შესახედავი“

7. რატომ დაკარგა ვაშთიმ დედოფლობა და როგორ განვითარდა მოვლენები მას შემდეგ?

7 ერთხელ სასახლის კარზე ხმა გავრცელდა, რომ მეფის წინააღმდეგ შეთქმულება მზადდებოდა. ნადიმზე, რომელიც ახაშვეროშმა თავის მთავრებს გაუმართა, უხვად იყო საჭმელ-სასმელი. მეფემ გადაწყვიტა, ამ ნადიმზე მოეწვია მშვენიერი დედოფალი, ვაშთი, რომელსაც ქალებისთვის ცალკე გაემართა ნადიმი. მაგრამ ვაშთიმ უარი შეუთვალა მეფეს. დამცირებულმა და გაბრაზებულმა მეფემ თავის მრჩევლებს ჰკითხა, როგორ დაესაჯა ვაშთი. მათი რჩევისამებრ, მეფემ გადაწყვიტა, რომ ვაშთი აღარ იქნებოდა დედოფალი. მისმა მსახურებმა მთელ სამეფოში დაიწყეს ლამაზი ახალგაზრდა ქალწულების ძებნა. სწორედ მათგან უნდა ამოერჩია მეფეს ახალი დედოფალი (ესთ. 1:1—2:4).

8. ა) რას გრძნობდა მორდოქაი ესთერის მიმართ და რას განიცდიდა? ბ) თქვენი აზრით, როგორი გაწონასწორებული შეხედულება უნდა გვქონდეს სილამაზეზე? (იხილეთ იგავების 31:30).

8 მორდოქაი, ალბათ, დროდადრო სიყვარულით შესცქეროდა ესთერს; ის ხედავდა, როგორ იზრდებოდა ესთერი თვალსა და ხელს შუა და ამაყობდა, რომ მისი პატარა ბიძაშვილი ლამაზ ქალად იქცა. თუმცა, განიცდიდა კიდეც, რომ ესთერს ცუდი არაფერი მოსვლოდა. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ახალგაზრდა ქალი ტანადი და ლამაზი შესახედავი იყო“ (ესთ. 2:7). სილამაზე კარგია, როცა თან ახლავს სიბრძნე და თავმდაბლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ლამაზი ადამიანი გაყოყოჩდეს და მის გულში სხვა მანკიერებებმაც გაიდგას ფესვი (წაიკითხეთ იგავების 11:22). თქვენც ხომ დარწმუნებულხართ ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში?! რა შეგვიძლია ვთქვათ ესთერზე — დიდი წარმოდგენა ხომ არ შეექმნებოდა მას საკუთარ თავზე თუ პირიქით, თავმდაბალი დარჩებოდა? ამას დრო გამოაჩენდა.

9. ა) რა მოხდა, როცა მეფის მსახურებმა შეამჩნიეს ესთერი, და რატომ იქნებოდა ესთერისთვის მორდოქაისთან დაშორება რთული? ბ) რატომ დართო მორდოქაიმ ესთერს ნება, გაჰყოლოდა უცხოტომელს? (იხილეთ ჩარჩო).

9 მეფის მსახურებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ ესთერი. მათ ის მორდოქაის სახლიდან წაიყვანეს და მდინარის გადაღმა, სასახლეში მიიყვანეს (ესთ. 2:8). მორდოქაისა და ესთერს ერთმანეთთან განშორება ძალიან გაუჭირდებოდათ, რადგან მამა-შვილივით უყვარდათ ერთმანეთი. მორდოქაის არ უნდოდა, რომ თავისი შვილობილი არაიუდეველზე გათხოვილიყო, თუნდაც ეს მეფე ყოფილიყო, მაგრამ ის ვერაფერს შეცვლიდა. * ალბათ, ესთერი გაფაციცებით უსმენდა მორდოქაის თითოეულ რჩევას, სანამ სასახლეში წაიყვანდნენ. გზად, ალბათ, არაერთი კითხვა უტრიალებდა თავში. რა ელოდა ესთერს მეფის კარზე?

 მას „ყველა კარგი თვალით უყურებდა“

10, 11. ა) რატომ შეიძლებოდა, რომ ახალ გარემოს ესთერზე ადვილად მოეხდინა გავლენა? ბ) როგორ შესტკიოდა გული მორდოქაის ესთერზე?

10 ესთერი მისთვის სრულიად ახალ და უცხო სამყაროში აღმოჩნდა. ის იყო „ბევრ ახალგაზრდა ქალს“ შორის, რომლებიც მთელი სპარსეთის იმპერიიდან იყვნენ სასახლეში მიყვანილი. მათი წეს-ჩვეულებები, ენა და ჩვევები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებოდა. ყმაწვილქალები ჩააბარეს ერთ-ერთ მთავარს, ჰეგაის. მათთვის ერთი წლის მანძილზე დადგენილი წესისამებრ უნდა მოევლოთ, რაშიც სურნელოვანი ზეთით სხეულის დაზელაც შედიოდა (ესთ. 2:8, 12). ასეთ გარემოში ყმაწვილქალებს შეიძლება საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა შექმნოდათ, ერთმანეთის შეშურებოდათ და მხოლოდ საკუთარ გარეგნობაზე ეფიქრათ. როგორ იმოქმედებდა ეს გარემო ესთერზე?

 11 ესთერზე ყველაზე მეტად მორდოქაის შესტკიოდა გული. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ მორდოქაი ყოველდღე მიდიოდა ქალთა სახლთან ახლოს და ცდილობდა, რაღაც გაეგო მის შესახებ (ესთ. 2:11). ალბათ, მას სიამაყით ევსებოდა გული, როცა მასთან დაახლოებული მეფის მსახურებისგან ცოტას, მაგრამ კარგს იგებდა ესთერის შესახებ.

12, 13. ა) როგორი შთაბეჭდილება მოახდინა ესთერმა გარშემომყოფებზე? ბ) რატომ ესიამოვნებოდა მორდოქაის იმის გაგება, რომ ესთერმა არ გაამხილა თავისი წარმომავლობა?

12 ესთერმა იმდენად კარგი შთაბეჭდილება მოახდინა ჰეგაიზე, რომ კეთილად განეწყო მის მიმართ, შვიდი მსახური ქალი მიუჩინა და ქალთა სახლის საუკეთესო ნაწილში გადაიყვანა. ბიბლიაში წერია: „მთელი ამ ხნის განმავლობაში ესთერს ყველა კარგი თვალით უყურებდა“ (ესთ. 2:9, 15). ნუთუ მხოლოდ ესთერის სილამაზით მოიხიბლნენ იქ მყოფნი? რასაკვირველია, არა.

ესთერმა იცოდა, რომ თავმდაბლობა და სიბრძნე სილამაზეზე გაცილებით მნიშვნელოვანი იყო

 13 ბიბლიაში ვკითხულობთ: „ესთერს არ გაუმჟღავნებია თავისი ხალხისა და ნათესავების ვინაობა, რადგან მორდოქაის ჰქონდა ნაბრძანები მისთვის, რომ არ ეთქვა“ (ესთ. 2:10). მორდოქაიმ დაარიგა შვილობილი, არ გაემჟღავნებინა თავისი წარმომავლობა, რადგან იცოდა, რომ სპარსეთის სამეფო კარზე ბევრი კარგი თვალით არ უყურებდა მის ხალხს. როგორ ესიამოვნებოდა მორდოქაის იმის გაგება, რომ ესთერი, რომელიც მისგან შორს იყო, კვლავაც სიბრძნესა და მორჩილებას ავლენდა.

14. როგორ შეუძლიათ დღეს ახალგაზრდებს, მიჰბაძონ ესთერს?

14 ახალგაზრდები დღესაც უხარებენ თავიანთ მშობლებსა თუ გამზრდელებს გულს. მაგალითად, როდესაც ისინი მშობლების გვერდით არ არიან ან არასერიოზული, უზნეო და ბოროტი ხალხის გარემოცვაში ხვდებიან, არ ექცევიან უარყოფით გავლენაში და სწორი პრინციპებით განაგრძობენ ცხოვრებას. ამგვარად, ესთერის მსგავსად, გულს უხარებენ თავიანთ ზეციერ მამას (წაიკითხეთ იგავების 27:11).

15, 16. ა) როგორ მოიგო მეფის გული ესთერმა? ბ) რატომ არ იქნებოდა ესთერისთვის ადვილი ამხელა ცვლილებასთან შეგუება?

15 როდესაც მეფის წინაშე წარდგენის დრო დადგა, ესთერს უფლება მისცეს, თავად აერჩია ნებისმიერი რამ, რაც მას კიდევ უფრო დაამშვენებდა. მას არაფერი უთხოვია გარდა იმისა, რაც ქალთა მცველმა, ჰეგაის, ურჩია (ესთ. 2:15). როგორც ჩანს, ესთერს კარგად ესმოდა, რომ მეფის გულს მხოლოდ სილამაზით ვერ მოიგებდა, არამედ თავისი მოკრძალებითა და თავმდაბლობით, რაც იშვიათობა იყო მეფის კარზე.

16 ბიბლიაში ნათქვამია: „მეფეს სხვა ქალებზე მეტად შეუყვარდა ესთერი, მან სხვა ქალწულებზე მეტად დაიმსახურა კეთილგანწყობა და მეტი სიკეთე პოვა მის წინაშე. მეფემ სამეფო თავსაბურავი დაახურა მას თავზე და ვაშთის მაგივრად დასვა დედოფლად“ (ესთ. 2:17). ალბათ, ადვილი არ იქნებოდა ამ თავმდაბალი იუდეველი გოგონასთვის ამხელა ცვლილებასთან შეგუება — ახლა ის იყო დედოფალი, იმდროინდელი მსოფლიოს ყველაზე ძლევამოსილი მონარქის ცოლი! ამის გამო დიდი წარმოდგენა ხომ არ შეექმნა ესთერს საკუთარ თავზე? არავითარ შემთხვევაში!

17. ა) როგორ ემორჩილებოდა ესთერი თავის მამობილს? ბ) რატომ უნდა მივბაძოთ ესთერს?

17 ესთერი თავისი მამობილის, მორდოქაის, მორჩილი დარჩა. მას იუდეველ ხალხთან ფარულად ჰქონდა კავშირი. მოგვიანებით, როცა მორდოქაიმ შეიტყო, რომ მეფე ახაშვეროშზე ხელის აღმართვას აპირებდნენ, ესთერმა მორჩილად გადასცა მორდოქაის სიტყვები მეფეს და შეთქმულები დასაჯეს (ესთ. 2:20—23). თავმდაბალი და მორჩილი ესთერი კვლავაც ავლენდა თავისი ღვთის მიმართ რწმენას. დღევანდელ ქვეყნიერებაში ხალხს უჭირს მორჩილება; დაუმორჩილებლობა და დაპირისპირება ჩვეულებრივი რამაა. მაგრამ ვისაც ნამდვილი რწმენა აქვს, ესთერის მსგავსად აფასებს მორჩილებას.

 ესთერის რწმენა გამოიცადა

18. ა) რატომ თქვა მორდოქაიმ უარი, თაყვანი ეცა ჰამანისთვის? (იხილეთ სქოლიო) ბ) როგორ ჰბაძავენ დღეს ღვთის ერთგული მამაკაცები და ქალები მორდოქაის?

18 ერთმა მამაკაცმა, სახელად ჰამანმა ახაშვეროშის სამეფო კარზე მაღალი მდგომარეობა დაიკავა. მეფემ ის თავის ყველა მთავარზე მეტად აღაზევა; ჰამანი იყო მეფის მთავარი მრჩეველი და მეორე კაცი მის სამეფოში. მეფემ ბრძანებაც კი გამოსცა, რომ ყველას, ვინც დაინახავდა ჰამანს, მდაბლად თაყვანი ეცა მისთვის (ესთ. 3:1—4). ამ ბრძანებას მორდოქაი ვერ დაემორჩილებოდა, რის გამოც არაერთ სირთულეს შეხვდებოდა. მან იცოდა, რომ უნდა დამორჩილებოდა მეფეს, მაგრამ, ამავდროულად, არ უნდა დაერღვია ღვთის კანონი. როგორც ცნობილია, ჰამანი იყო აგაგელი. ის, როგორც ჩანს, აგაგის, ამალეკელი მეფის, შთამომავალი იყო, რომელიც ღვთის წინასწარმეტყველმა სამუელმა სიცოცხლეს გამოასალმა (1 სამ. 15:33). ამალეკელები იმდენად ბოროტები იყვნენ, რომ იეჰოვასა და ისრაელს გადაემტერნენ. ღმერთმა ამის გამო მსჯავრი დასდო ამალეკელებს (კან. 25:19). * როგორ შეეძლო ღვთის ერთგულ იუდეველ მსახურს თაყვანი ეცა ამალეკელი მმართველისთვის? მორდოქაი ამას არასდროს გააკეთებდა. დღესაც ღვთის ერთგული მსახურები საკუთარ სიცოცხლესაც კი იგდებენ საფრთხეში, რათა უერთგულონ ბიბლიურ პრინციპს: „ჩვენ ადამიანებზე მეტად ღმერთს უნდა დავემორჩილოთ, როგორც მმართველს“ (საქ. 5:29).

19. რის გაკეთება სურდა ჰამანს, და როგორ დაარწმუნა მეფე?

19 ჰამანი გაცოფებული იყო. მას არა მარტო მორდოქაის სისხლი სწყუროდა, არამედ მისი ხალხის მთლიანად განადგურება სურდა. ჰამანი დაელაპარაკა მეფეს და იუდეველები ავისმზრახველ ხალხად დაუხასიათა. მას კონკრეტული სახელები არ დაუსახელებია, მაგრამ მეფეს უთხრა, რომ ისინი გაფანტული იყვნენ ხალხებში. უფრო უარესიც, როგორც მან თქვა, იუდეველები არ ემორჩილებოდნენ მეფის კანონებს და საშიშროებას უქმნიდნენ სამეფო კარს. ის მეფე ახაშვეროშს შეჰპირდა, რომ მის საგანძურში მიიტანდა დიდ თანხას, რომელიც საჭირო იქნებოდა მთელ იმპერიაში იუდეველების გასანადგურებლად. * ახაშვეროშმა ხელიდან წაიძრო ბეჭედი და მისცა ჰამანს, რათა ამ უკანასკნელს ყველა იმ ბრძანებისთვის დაესვა ბეჭედი, რომლის გამოცემასაც მოისურვებდა (ესთ. 3:5—10).

20, 21. ა) როგორ იმოქმედა სპარსეთის იმპერიის ტერიტორიაზე მცხოვრებ იუდეველებზე ჰამანის მიერ გავრცელებულმა ცნობამ? ბ) რა დაავალა მორდოქაიმ ესთერს?

20 მალე ცხენზე ამხედრებულმა შიკრიკებმა უზარმაზარი იმპერიის  ყველა კუთხე-კუნჭულში ელვის სისწრაფით გაავრცელეს ცნობა იუდეველთა წინააღმდეგ გამოტანილი სასიკვდილო განაჩენის შესახებ. წარმოიდგინეთ, რა თავზარდამცემი იქნებოდა ეს ცნობა ბაბილონის ტყვეობიდან იერუსალიმში დაბრუნებული იუდეველებისთვის, რომლებსაც ჯერ კიდევ არ ჰქონდათ დამთავრებული ქალაქის გალავნის აგება. როდესაც ეს საშინელი ამბავი მორდოქაის ყურს მისწვდა, ალბათ, ის წუხდა როგორც იერუსალიმში მყოფ იუდეველებზე, ისე შუშანში მცხოვრებ ნათესავებსა და მეგობრებზე. სასოწარკვეთილმა ტანსაცმელი შემოიხია, ჯვალო ჩაიცვა და ნაცარი დაიყარა თავზე. გავიდა შუაგულ ქალაქში და მწარედ მოთქვამდა. ჰამანი კი ამ დროს მეფესთან ერთად სვამდა და სრულიად არ აღელვებდა, რა გაუსაძლის ტკივილს გრძნობდნენ იუდეველები და მათი მეგობრები შუშანში (წაიკითხეთ ესთერის 3:12—4:1).

21 მორდოქაიმ იცოდა, რომ უნდა ემოქმედა. მაგრამ რისი გაკეთება შეეძლო? ესთერმა გაიგო, როგორ გლოვობდა მორდოქაი და ტანსაცმელი გაუგზავნა, მაგრამ მან ნუგეშისცემა არ ისურვა. შესაძლოა ის ფიქრობდა, რატომ დაუშვა იეჰოვამ, რომ მისი საყვარელი ესთერი მისგან წაეყვანათ და წარმართი მმართველის ცოლი გამხდარიყო. როგორც ჩანს, მორდოქაი ამის მიზეზს ვერ ხსნიდა. მან დედოფალს შეუთვალა, რომ მეფის წინაშე წარმდგარიყო და „თავისი ხალხი“ დაეცვა (ესთ. 4:4—8).

22. რატომ ეშინოდა ესთერს თავის ქმრის, მეფის, წინაშე წარდგომა? (იხილეთ სქოლიო)

 22 ესთერს ძალიან ააფორიაქებდა ამ ამბის გაგება. ახლა, ისე როგორც არასდროს, მისი რწმენა უნდა გამოცდილიყო. ესთერს ეშინოდა, რაც აშკარად გამოჩნდა იმ სიტყვებში, რომელიც მორდოქაის შეუთვალა. მან შეახსენა ბიძაშვილს მეფის კანონი. მეფის წინაშე წარდგომა მისი მოხმობის გარეშე ადამიანს სიკვდილს უქადდა. მხოლოდ იმ შემთხვევაში გადარჩებოდა დაუპატიჟებლად მისული, თუ მეფე მისკენ ოქროს კვერთხს გაიშვერდა. განა შეიძლებოდა ესთერს ჰქონოდა იმის იმედი, რომ მეფე შეიწყალებდა, განსაკუთრებით, თუ გაითვალისწინებდა ვაშთის შემთხვევას? მან მორდოქაის შეუთვალა, რომ უკვე 30 დღე იყო, რაც მეფეს არ მოეხმო მისთვის. აქედან გამომდინარე, ესთერს ყველანაირი მიზეზი ჰქონდა, დაეჭვებულიყო, რომ მეფის კეთილგანწყობა დაკარგა, მეფისა, რომელიც საკმაოდ ფიცხი იყო (ესთ. 4:9—11). *

23. ა) რა უთხრა მორდოქაიმ ესთერს, რამაც მისი რწმენა განამტკიცა? ბ) რატომ არის მორდოქაი მიბაძვის ღირსი?

23 მორდოქაიმ ესთერს პასუხად ისეთი რამ შეუთვალა, რასაც მისი რწმენა უნდა განემტკიცებინა. ის არწმუნებდა დედოფალს, რომ თუ არ იმოქმედებდა, იუდეველთათვის ხსნა სხვა მხრიდან მოვიდოდა. მაგრამ რისი იმედი შეიძლება ჰქონოდა ესთერს, როცა იუდეველთა განადგურებას დაიწყებდნენ? მორდოქაიმ ძლიერი რწმენა გამოავლინა იეჰოვას მიმართ. მას მტკიცედ სჯეროდა, რომ ღმერთი არასოდეს დაუშვებდა თავისი ხალხის განადგურებას და ყოველთვის შეასრულებდა თავის დანაპირებს (იეს. 23:14). ბოლოს მორდოქაიმ უთხრა ესთერს: „ვინ იცის, იქნებ სწორედ ამ დროისთვის მოიპოვე სამეფო ღირსება?!“ (ესთ. 4:12—14). მორდოქაი ბოლომდე იყო მინდობილი თავის ღმერთზე, იეჰოვაზე. ჩვენც ასევე ვენდობით მას? (იგავ. 3:5, 6).

 ძლიერმა რწმენამ სიკვდილის შიში დააძლევინა

24. როგორ გამოავლინა ესთერმა რწმენა და სიმამაცე?

24 დადგა დრო, როცა ესთერს გადაწყვეტილება უნდა მიეღო. მან შეუთვალა მორდოქაის, იუდეველებისთვის ეთხოვა, სამი დღე ემარხულათ მისთვის. ბოლოს კი თქვა: „თუ დავიღუპები, დავიღუპო!“. ეს სიტყვები საუკუნეების მანძილზე რწმენისა და გაბედულების ეტალონად იქცა (ესთ. 4:15—17). ალბათ, ამ სამი დღის განმავლობაში იგი ისე მხურვალედ ლოცულობდა, როგორც არასდროს. ბოლოს დადგა გადამწყვეტი დღე. ესთერი გამოეწყო საუკეთესო სამოსელში და ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მეფეს თვალში მოსვლოდა. შემდეგ კი სასახლისკენ გაემართა.

ესთერმა ღვთის ხალხის დასაცავად საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდო

25. მოყევით, რა მოხდა, როდესაც ესთერი მეფის წინაშე წარდგა.

25 როგორც ამ თავის დასაწყისში მოვიხსენიეთ, ესთერმა მეფის სასახლეს მიაშურა. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ წარმოვიდგინოთ, რა გამალებით უძგერდა გული და რა მხურვალედ ლოცულობდა. როგორც კი შიდა ეზოში შეაბიჯებდა, ესთერი ტახტზე მჯდომ ახაშვეროშს დაინახავდა. ის, ალბათ, შეეცდებოდა, მეფის ფიქრები მის სახეზე ამოეკითხა — სახეზე, რომელსაც კულულები და კარგად მოვლილი წვერი თითქმის უფარავდა. თუ ეზოში მოცდა მოუწევდა, წუთები საუკუნეებად მოეჩვენებოდა. მაგრამ მეფემ, მისმა ქმარმა, მაშინვე შეამჩნია ის. მეფეს თავიდან გაუკვირდა მისი დანახვა; მაგრამ მალე სახის გამომეტყველება შეეცვალა და ესთერისკენ ოქროს კვერთხი გაიშვირა (ესთ. 5:1, 2).

26. რატომ სჭირდებათ ჭეშმარიტ ქრისტიანებს ესთერის მსგავსი გაბედულება, და რატომ ჰქონდა ესთერს ჯერ კიდევ ბევრი რამ გასაკეთებელი?

26 ესთერმა მიზანს მიაღწია — მეფემ მოუსმინა მას. ესთერი მტკიცედ დადგა თავისი ღვთისა და ხალხის გვერდით, რითაც რწმენის საუკეთესო მაგალითი დაუტოვა ღვთის ყველა მსახურს. იესომ თქვა, რომ მის ჭეშმარიტ მიმდევრებს სიყვარულით ამოიცნობდნენ (წაიკითხეთ იოანეს 13:34, 35). ასეთი სიყვარულის გამოვლენა ხშირად ისეთივე სიმამაცეს მოითხოვს, როგორიც ესთერმა გამოავლინა. მართალია, ესთერი იმ დღეს მეფის წინაშე ღვთის ხალხის დასაცავად წარდგა, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო — მას ჯერ კიდევ ბევრი რამ ჰქონდა გასაკეთებელი. როგორ შეძლებდა ესთერი მეფის დარწმუნებას, რომ მისი საუკეთესო მრჩეველი, ჰამანი, ბოროტი და ცილისმწამებელი იყო? როგორ გადაარჩენდა თავის ხალხს? ამ კითხვებზე პასუხს მომდევნო თავიდან გავიგებთ.

^ აბზ. 2 ბევრის აზრით, ახაშვეროში არის ქსერქსე I, რომელიც სპარსეთის იმპერიას მართავდა ძვ. წ. V საუკუნის დასაწყისში.

^ აბზ. 9 იხილეთ ჩარჩო „კითხვები“ მე-16 თავში.

^ აბზ. 18 ჰამანი შეიძლება ერთ-ერთი უკანასკნელი ამალეკელი იყო, რადგან მათი „დარჩენილი ნაწილი“ მეფე ხიზკიას დროს განადგურდა (1 მატ. 4:43).

^ აბზ. 19 ჰამანმა მეფეს შესთავაზა 10 000 ვერცხლის ტალანტი, რომელიც დღეს ასობით მილიონი დოლარის ეკვივალენტია. თუ ახაშვეროში ქსერქსე I იყო, ჰამანის მიერ შეთავაზებული წინადადება მიმზიდველი იქნებოდა მისთვის. ქსერქსემ, როგორც ჩანს, ესთერზე დაქორწინებამდე დიდი სიმდიდრე დაკარგა ბერძნებთან დაუნდობელი ბრძოლის დროს.

^ აბზ. 22 როგორც ცნობილია, ქსერქსე I ფიცხი, მრისხანე და სასტიკი მეფე იყო. ბერძენმა ისტორიკოსმა ჰეროდოტემ ქსერქსეს ბერძნებთან ბრძოლის რამდენიმე შემთხვევა მოიხსენია. ერთხელ მეფემ ბრძანა, რომ ჰელესპონტის სრუტეში აეგოთ პონტონის ხიდი (ერთმანეთზე გადაბმული ხომალდებისგან გაკეთებული მოტივტივე ხიდი). როდესაც ქარიშხალმა ეს ხიდი დაამსხვრია, ქსერქსემ თავის მსახურებს უბრძანა, ხიდის მშენებლებისთვის თავი მოეკვეთათ და ჰელესპონტის წყლები „დაესაჯათ“ ანუ წყლისთვის მანამ ერტყათ მათრახი, სანამ შეურაცხმყოფელი განაჩენი ხმამაღლა იკითხებოდა. ამავე ლაშქრობის დროს, როდესაც ერთმა მდიდარმა კაცმა სთხოვა მეფეს, მისი ვაჟი ლაშქარში არ წაეყვანათ, ქსერქსემ მისი შვილი შუაზე გააკვეთინა და მისი სხეული ყველას დასაშინებლად გამოაფენინა.