წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

„მიჰბაძეთ მათ რწმენას“

დასკვნა

დასკვნა

„მიჰბაძეთ მათ, რომლებიც რწმენითა და მოთმინებით იმკვიდრებენ ყველა დანაპირებს“ (ებრაელები 6:12).

1, 2. რატომ არის დღეს აუცილებელი რწმენის განვითარება? მოიყვანეთ მაგალითი.

რწმენა სულის ნაყოფია. ამ სიტყვას დიდი მნიშვნელობა აქვს. როდესაც ეს სიტყვა გვესმის, კარგია, გაგვახსენდეს მეორე, არანაკლები მნიშვნელობის სიტყვა „აუცილებელი“; თუ არ გვაქვს რწმენა, აუცილებლად უნდა განვივითაროთ. და თუ გვაქვს, აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ და გავიძლიეროთ. რატომ უნდა მოვიქცეთ ასე?

2 წარმოიდგინე, რომ უდაბნოში ხარ და ძალიან გწყურია. თუ წყაროს იპოვი და ჭურჭელს წყლით აავსებ, მზის სხივებისგან უნდა დაიცვა, რომ არ აორთქლდეს. თუმცა, სანამ დანიშნულების ადგილამდე მიხვალ, კიდევ არაერთხელ დაგჭირდება წყლის მარაგის შევსება. დღეს ჩვენ სულიერ უდაბნოში ვცხოვრობთ, სადაც ნამდვილი რწმენა, ისევე როგორც უდაბნოში წყალი, იშვიათობაა. ის შეიძლება მალე „აორთქლდეს“, თუ სათანადოდ არ დავიცავთ და არ „შევავსებთ მარაგს“. როგორც უწყლოდ ვერ ვიცოცხლებთ, ისე რწმენის გარეშე ვერ დავრჩებით სულიერად ცოცხლები (რომ. 1:17).

3. როგორ გვეხმარება იეჰოვა რწმენის განმტკიცებაში და რა უნდა გვახსოვდეს ყოველთვის?

3 იეჰოვამ იცის, თუ რამდენად აუცილებელია ჩვენთვის რწმენა. მას ისიც კარგად ესმის, რაოდენ რთულია დღეს რწმენის განვითარება და შენარჩუნება. სწორედ ამიტომ იზრუნა იმაზე, რომ ბიბლიაში ჩაწერილიყო მისი მსახურების მაგალითები, რათა მიგვებაძა მათთვის. იეჰოვას შთაგონებით პავლე მოციქულმა დაწერა: „მიჰბაძეთ მათ, რომლებიც რწმენითა და მოთმინებით იმკვიდრებენ ყველა დანაპირებს“ (ებრ. 6:12). იეჰოვას ორგანიზაცია სწორედ ამიტომ მოგვიწოდებს, ყველანაირად ვეცადოთ, მივბაძოთ იმ ერთგულ მამაკაცებსა და ქალებს, რომელთა ისტორიებსაც ამ წიგნის ფურცლებიდან გავეცანით. რისი გაკეთება გვმართებს ახლა? ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ორი რამ: 1) განვიმტკიცოთ რწმენა; 2) გონებაში ჩავიბეჭდოთ მომავლის იმედი.

4. რატომ შეიძლება ითქვას, რომ სატანას სურს ჩვენი რწმენის დანგრევა, მაგრამ რატომ არ უნდა გაგვიტყდეს გული?

4 განიმტკიცე რწმენა. ჩვენს რწმენას დიდ საფრთხეს უქმნის დაუძინებელი მტერი — სატანა. მან, როგორც მსოფლიოს მმართველმა, დღევანდელი ქვეყნიერება ერთგვარ უდაბნოდ აქცია, სადაც რწმენის შენარჩუნება ძალზედ რთულია. სატანა ჩვენზე ბევრად ძლიერია. ნიშნავს ეს იმას, რომ ვერ შევძლებთ რწმენის განვითარებასა და განმტკიცებას? რასაკვირველია, არა! იეჰოვა ყველას მხარში უდგას, ვისაც სურს, ნამდვილი რწმენა განივითაროს. ის გვარწმუნებს, რომ მისი დახმარებით შევძლებთ, წინააღმდეგობა გავუწიოთ ეშმაკს და ისიც გაიქცევა ჩვენგან (იაკ. 4:7). ჩვენ შევეწინააღმდეგებით სატანას, თუკი ყოველდღე განვიმტკიცებთ რწმენას.

5. როგორ განივითარეს რწმენა ღვთის მსახურებმა, რომელთა შესახებაც ბიბლიაში ვკითხულობთ? ახსენი.

 5 როგორც განხილულმა მაგალითებმა დაგვანახვა, ღვთის ამ ერთგულ მამაკაცებსა და ქალებს რწმენა დაბადებიდანვე არ დაჰყოლიათ. მთელი მათი ცხოვრება იმაზე მოწმობს, რომ მათ ჰქონდათ რწმენა, რომელიც ღვთის წმინდა სულის ნაყოფია (გალ. 5:22, 23). ისინი დახმარებისთვის ღმერთს მიმართავდნენ და იეჰოვაც ეხმარებოდათ რწმენის განმტკიცებაში. მოდი, ჩვენც მათ მსგავსად ვიმოქმედოთ! არასდროს დაგვავიწყდეს, რომ იეჰოვა გულუხვად აძლევს თავის წმინდა სულს ყველას, ვინც ითხოვს და ლოცვების შესაბამისად იქცევა (ლუკ. 11:13). კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია?

6. როგორ უნდა გამოვიკვლიოთ ბიბლია, რწმენა რომ განვიმტკიცოთ?

6 ამ წიგნში ღვთის მხოლოდ ზოგიერთ ერთგულ მსახურზე ვისაუბრეთ, რომელთაც სამაგალითო რწმენა ჰქონდათ. თუმცა, ბიბლიაში კიდევ ბევრი ასეთი მსახურია მოხსენიებული (წაიკითხეთ ებრაელების 11:32). შეგიძლია გაეცნო ღვთის თითოეული მსახურის ცხოვრებას და დაინახავ, რომ მართლაც ზღვა მასალა გაქვს ხელთ ბიბლიის გულმოდგინე შესწავლისთვის! თუ ბიბლიის კითხვის დროს მხოლოდ ზედაპირულად ვეცნობით მათ მიერ განვლილ ცხოვრების გზას, ასე ვერ განვიმტკიცებთ რწმენას. წაკითხულიდან მეტი რომ გავიგოთ, უნდა დავუკვირდეთ კონტექსტს და იმას, თუ რა გარემოში ვითარდება მოვლენები. თუ ყოველთვის გვემახსოვრება, რომ ღვთის ამ არასრულყოფილ მსახურებს „ჩვენნაირი გრძნობები“ ჰქონდათ, ისინი უფრო რეალურები გახდებიან ჩვენთვის (იაკ. 5:17). ამგვარად, უკეთ დავინახავთ, რა გრძნობები ეუფლებოდათ, როდესაც ისეთ პრობლემებთან უხდებოდათ ჭიდილი, როგორსაც დღეს ჩვენ ვხვდებით.

7—9. ა) როგორ მოიქცეოდნენ ძველ დროში მცხოვრები ღვთის ერთგული მსახურები, თუ იეჰოვა მათ იმის გაკეთებას დაავალებდა, რასაც დღეს ჩვენ გვავალებს? ბ) კიდევ როგორ შეგვიძლია განვიმტკიცოთ რწმენა?

7 თუ სწორ გადაწყვეტილებებს მივიღებთ და მათ შესაბამისად მოვიქცევით, ჩვენი რწმენა განმტკიცდება. ბიბლიაში ვკითხულობთ: „რწმენა მკვდარია საქმეების გარეშე“ (იაკ. 2:26). წარმოიდგინეთ, როგორ გაიხარებდნენ ძველ დროში მცხოვრები ღვთის ერთგული მამაკაცები და ქალები, თუ იეჰოვა იმის გაკეთებას დაავალებდა, რასაც დღეს ჩვენ გვავალებს!

8 მაგალითად, რა რეაქცია ექნებოდა აბრაამს, თუ ეტყოდნენ, რომ იეჰოვასთვის თაყვანი უდაბნოში ქვის ლოდებით აგებულ სამსხვერპლოსთან კი არ უნდა ეცა, არამედ საკონგრესო და სამეფო დარბაზებში შეკრებილ თანამორწმუნეებთან ერთად, სადაც დღეს დაწვრილებით ირჩევა ის დაპირებები, რომელთაც იგი მხოლოდ „შორიდან ხედავდა“? (წაიკითხე ებრაელების 11:13). წარმოიდგინე, როგორ მოიქცეოდა ელია, თუ ეტყოდნენ, რომ იუდაში განდგომილი და ბოროტი მეფის მმართველობის დროს კი არ უნდა ემსახურა და ბაალის წინასწარმეტყველები დაეხოცა, არამედ ხალხისთვის მანუგეშებელი და იმედის მომცემი ცნობა გადაეცა! უდავოა, რომ ისინი ჩვენსავით სიხარულით მიიღებდნენ და შეასრულებდნენ ამ დავალებას.

9 მოდი, კვლავ საქმეებით ვაჩვენოთ ჩვენი რწმენა და ამგვარად განვიმტკიცოთ ის. თუ ასე მოვიქცევით, მივბაძავთ ღვთის იმ ერთგულ  მსახურებს, რომელთა შესახებაც ღვთის სიტყვაში ვკითხულობთ. როგორც ამ წიგნის შესავალში იყო აღნიშნული, მათ უფრო ახლოს გავეცნობით და დავუახლოვდებით. მალე მათ პირისპირაც შეხვდები და დაუმეგობრდები კიდეც!

10. რა სიხარული მოგველის სამოთხეში?

10 გონებაში ჩაიბეჭდე მომავლის იმედი. ღვთის ერთგულ მამაკაცებსა და ქალებს ყოველთვის ძალას მატებდა მომავლის იმედი, რომელიც ღვთისგან ჰქონდათ. შენს შემთხვევაშიც ასეა? წარმოიდგინე, რამხელა სიხარულს მოგგვრის ღვთის იმ ერთგულ მსახურებთან შეხვედრა, რომელთაც ღმერთი სიცოცხლეს დაუბრუნებს მართლების მკვდრეთით აღდგომის დროს (წაიკითხეთ საქმეების 24:15). რას ჰკითხავდი მათ?

11, 12. რა კითხვებს დაუსვამ ახალ ქვეყნიერებაში: ა) აბელს? ბ) ნოეს? გ) აბრაამს? დ) რუთს? ე) აბიგაილს? ვ) ესთერს?

11 როდესაც აბელს შეხვდები, ალბათ, დაინტერესდები, როგორები იყვნენ მისი მშობლები. შესაძლოა ჰკითხო: „გამოლაპარაკებიხარ ქერუბიმებს, რომლებიც ედემის ბაღის შესასვლელს იცავდნენ? უთქვამთ მათ შენთვის რამე?“. მკვდრეთით აღმდგარ ნოეს ალბათ ჰკითხავ, ეშინოდა თუ არა ნეფილიმების ან როგორ ზრუნავდა ცხოველებზე, რომლებიც მთელი წლის მანძილზე კიდობანში ჰყავდა. აბრაამსაც დაუსვამ კითხვებს: „მართლა იცნობდი სემს? ვინ გაგაგებინა, რომ იეჰოვაა ჭეშმარიტი ღმერთი? გაგიძნელდათ ურის დატოვება?“.

12 ეჭვგარეშეა, მკვდრეთით აღდგენილ ღვთის ერთგულ ქალებსაც შეეკითხები: „რუთ, რატომ გადაწყვიტე, იეჰოვას თაყვანისმცემელი გამხდარიყავი?“. „აბიგაილ, გეშინოდა გაგემხილა შენი ქმრისთვის, ნაბალისთვის, რომ დავითს დახმარების ხელი გაუწოდე?“. „ესთერ, როგორ წარიმართა შენი და მორდოქაის ცხოვრება მას შემდეგ, რაც ბიბლიაში თქვენი ისტორიის თხრობა წყდება?“.

13. ა) რა შეიძლება გკითხონ მკვდრეთით აღმდგარმა ღვთის მსახურებმა? ბ) რა გრძნობა გეუფლება, როცა ძველ დროში მცხოვრებ ღვთის ერთგულ მამაკაცებთან და ქალებთან შეხვედრაზე ფიქრობ?

13 უეჭველია, ღვთის ამ ერთგულ მსახურებსაც არაერთი კითხვა ექნებათ შენთან. რა ამაღელვებელი იქნება მათთვის იმ მოვლენების მოსმენა, რომლებიც ბოლო დღეების მიწურულს ხდებოდა და ის, თუ როგორ ედგა იეჰოვა მხარში თავის ხალხს ძნელბედობის ჟამს! მათ ნამდვილად აღაფრთოვანებს იმის გაგება, რომ იეჰოვამ ყველა თავისი დანაპირები შეასრულა. მაშინ აღარ დაგვჭირდება იმის წარმოდგენა, თუ როგორები იყვნენ ბიბლიურ დროში მცხოვრები ღვთის ერთგული მსახურები, რადგან ისინი ჩვენ გვერდით იქნებიან სამოთხეში! ასე რომ, ყველაფერი გააკეთე იმისათვის, რომ ღვთის ეს ერთგული მსახურები დღესვე იქცნენ შენთვის რეალურ პიროვნებებად. მიჰბაძე მათ რწმენას, დაუმეგობრდი და მათთან ერთად მარადიულად ემსახურე იეჰოვას სიხარულით!