წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

„მიჰბაძეთ მათ რწმენას“

 თავი 1

„თუმცა მოკვდა, კვლავაც მეტყველებს“

„თუმცა მოკვდა, კვლავაც მეტყველებს“

1. რატომ არ შეეძლოთ ადამს, ევასა და მათი ოჯახის წევრებს ედემის ბაღში შესვლა, და რა სანუკვარი ოცნება ჰქონდა აბელს?

აბელი ფერდობზე საბალახოდ შეფენილ ცხვარს ადევნებს თვალს. შემდეგ თვალს წყვეტს მათ და შორეულ სივრცეში ერთ წერტილს მიაჩერდება, საიდანაც სინათლე გამოკრთის. მან უწყის, რომ ამ სინათლეს ცეცხლოვანი მახვილი ასხივებს, რომელიც გამუდმებით ბრუნავს და ედემის ბაღში არავის უშვებს. მისი მშობლები ერთ დროს ამ ბაღში ცხოვრობდნენ, ახლა კი არც მათ და არც მათ შვილებს არ შეუძლიათ იქ შესვლა. წარმოიდგინეთ, როგორ უწეწავს აბელს თმას საღამოს ნიავი, რომელიც ზეცას შესცქერის და თავის შემოქმედზე ფიქრობს. ნუთუ გამრთელდებოდა ოდესმე კაცსა და ღმერთს შორის ჩატეხილი ხიდი? აბელის სანუკვარი ოცნება სწორედ ეს იყო.

2—4. როგორ გველაპარაკება დღეს აბელი?

2 დღეს აბელი თქვენ გესაუბრებათ. გესმით მისი ხმა? შეიძლება თქვათ, რომ ასეთი რამ წარმოუდგენელია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, აბელი ხომ დაახლოებით 6 ათასი წლის წინათ მოკვდა და მისი ძვლებიც კი აღარსადაა. მკვდრების შესახებ ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ მათ „არაფერი იციან“ (ეკლ. 9:5, 10). უფრო მეტიც, აბელის მიერ სიცოცხლეში წარმოთქმული ერთი სიტყვაც კი არაა ჩაწერილი ბიბლიაში. მაშ, როგორღა გველაპარაკება?

3 პავლე მოციქულმა ღვთის შთაგონებით აბელზე თქვა: „თუმცა მოკვდა, კვლავაც მეტყველებს“ (წაიკითხეთ ებრაელების 11:4). როგორ მეტყველებს ის? რწმენის მეშვეობით. აბელი პირველი ადამიანი იყო, რომელმაც განივითარა რწმენა, რაც მეტად მნიშვნელოვანი იყო. ის იმდენად ძლიერ რწმენას ავლენდა, რომ დღეს ჩვენთვის ცოცხალი მაგალითია. თუ ვბაძავთ აბელს და მის მსგავს რწმენას ვავლენთ, შეიძლება ითქვას, რომ აბელი პირადად გველაპარაკება.

4 და მაინც, რა შეგვიძლია ვისწავლოთ აბელისგან მაშინ, როდესაც ბიბლია მის შესახებ მეტად მწირ ცნობებს გვაწვდის?

კაცობრიობის ისტორიის გარიჟრაჟზე

5. რას გულისხმობდა იესო, როცა აბელზე თქვა, რომ „ქვეყნიერების შექმნიდან“ ცხოვრობდა? (იხილეთ აგრეთვე სქოლიო).

5 აბელი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც ქვეყანას მოევლინა.  მოგვიანებით, იესომ აბელზე თქვა, რომ ის „ქვეყნიერების შექმნიდან“ ცხოვრობდა (წაიკითხეთ ლუკას 11:50, 51 ). როგორც ჩანს, იესო ქვეყნიერებაში გულისხმობდა იმ ადამიანებს, რომლებზეც შესაძლებელი იყო, გავრცელებულიყო გამოსასყიდი. მართალია, აბელი მეოთხე ადამიანი იყო, რომელიც ქვეყანას მოევლინა, მაგრამ ღვთის თვალში პირველი, რომელიც ცოდვისგან გამოსყიდვას იმსახურებდა. * ერთი რამ ნათელია, აბელი ვერ გაიზრდებოდა ისეთ ოჯახში, რომელიც მასზე სასიკეთო გავლენას მოახდენდა.

6. როგორი მშობლები ჰყავდა აბელს?

6 მართალია, ქვეყნიერება ჯერ კიდევ არ იყო დიდი ხნის შექმნილი, მაგრამ ადამიანები უკვე იმკიდნენ თავიანთი არასწორი საქციელის შედეგებს. აბელის მშობლები, ადამი და ევა, ლამაზი და ჯან-ღონით სავსენი იყვნენ, მაგრამ მათ დიდი შეცდომა დაუშვეს და ეს თავადაც კარგად იცოდნენ. ერთ დროს ისინი სრულყოფილი ადამიანები იყვნენ და დედამიწაზე მარადიულად უნდა ეცხოვრათ. სამწუხაროდ, არ დაემორჩილნენ იეჰოვა ღმერთს და მან ისინი სამოთხიდან, ედემის ბაღიდან, გამოაძევა. ადამმა და ევამ ყველაზე და ყველაფერზე წინ, მათ შორის საკუთარი შთამომავლების კეთილდღეობაზე წინ, თავიანთი ეგოისტური სურვილები დააყენეს; ამიტომ, სრულყოფილება და მარადიული სიცოცხლე დაკარგეს (დაბ. 2:15—3:24).

7, 8. რა თქვა ევამ, როცა კაენი შეეძინა, და რა შეიძლება ეგულისხმა?

7 ედემის ბაღიდან გამოძევებულ ადამსა და ევას ძალიან გაუჭირდათ. როდესაც პირველი ვაჟი შეეძინათ, მას კაენი დაარქვეს, რაც „წარმოშობილს“, „გაჩენილს“ ნიშნავს. მასზე ევამ თქვა: „ვაჟი გავაჩინე იეჰოვას შეწევნით“.  შესაძლოა მან ეს იმიტომ თქვა, რომ ახსოვდა იეჰოვას სიტყვები, რომელიც ედემის ბაღში წარმოთქვა ქალზე. ქალის „შთამომავალი“ ერთ მშვენიერ დღეს გაანადგურებდა ბოროტ ქმნილებას, რომელმაც შეცდომაში შეიყვანა ადამი და ევა (დაბ. 3:15; 4:1). ხომ არ ფიქრობდა ევა, რომ ის იყო ნაწინასწარმეტყველები ქალი, კაენი კი — აღთქმული შთამომავალი?

8 თუ ევა ამგვარად ფიქრობდა, მწარედ ცდებოდა. თუ ის და ადამი ასეთ რამეს ჩააგონებდნენ თავიანთ არასრულყოფილ ვაჟს, ეს მას უდავოდ გააამაყებდა. მოგვიანებით, ევას მეორე ვაჟიც ეყოლა, მაგრამ მისთვის ასეთი მრავლისმთქმელი სახელი აღარ დაურქმევიათ. მათ მეორე ვაჟს მეტად უბრალო სახელი, „აბელი“ უწოდეს, რაც შესაძლოა ნიშნავს „ამონასუნთქს“, „ამაოებას“ (დაბ. 4:2). ასეთი სახელი იმიტომ ხომ არ შეურჩიეს აბელს, რომ კაენისგან უფრო მეტს მოელოდნენ, ვიდრე მისგან? ეს შესაძლოა ასეც ყოფილიყო, მაგრამ ამის გადაჭრით თქმა არ შეგვიძლია.

9. რის სწავლა შეუძლიათ დღეს მშობლებს პირველი წყვილის შეცდომებზე?

9 დღეს მშობლებს პირველი წყვილის შეცდომებზე ბევრი რამის სწავლა შეუძლიათ. თქვენი საუბრებითა თუ საქციელით ხომ არ ასწავლით შვილებს, რომ ამაყები, პატივმოყვარენი და ეგოისტები იყვნენ? თუ იეჰოვა ღმერთის სიყვარულს უნერგავთ და ასწავლით, რომ დაუმეგობრდნენ მას? სამწუხაროდ, პირველმა წყვილმა თავი ვერ გაართვა მათზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას. თუმცა, მათი შთამომავლები ღმერთს უიმედოდ არ დაუტოვებია.

როგორ განივითარა აბელმა მტკიცე რწმენა?

10, 11. რა საქმიანობას მიჰყვეს ხელი კაენმა და აბელმა, და როგორი რწმენა განივითარა აბელმა?

10 უდავოა, ადამი თავის ვაჟებს ასწავლიდა, როგორ ერჩინათ ოჯახი. კაენმა მიწათმოქმედებას მიჰყო ხელი, აბელმა კი — მეცხვარეობას.

11 თუმცა, აბელის გონება სხვა, რაღაც უფრო ფასეულითაც იყო დაკავებული. წლების მანძილზე მან განივითარა რწმენა, რომელზეც პავლე მოციქული პირველ საუკუნეში წერდა. დაფიქრდით: აბელის გვერდით არ იყო ადამიანი, რომელსაც მიჰბაძავდა. მაშ, როგორ განივითარა მან იეჰოვა ღმერთისადმი ასეთი მტკიცე რწმენა? მოდი, ახლა იმაზე ვისაუბროთ, თუ რის საფუძველზე შეიძლებოდა განევითარებინა მას ასეთი მტკიცე რწმენა.

12, 13. როგორ დაეხმარებოდა იეჰოვას შემოქმედებაზე დაკვირვება აბელს რწმენის განმტკიცებაში?

12 იეჰოვას შემოქმედებაზე დაკვირვებით. მართალია, იეჰოვამ დაწყევლა მიწა, რომ ამ უკანასკნელს ნარ-ეკალი აღმოეცენებინა, რაც მიწათმოქმედს მის დამუშავებას კიდევ უფრო გაურთულებდა, მაგრამ ის მაინც იძლეოდა ნაყოფს, რომლითაც აბელის ოჯახს თავი გაჰქონდა. ამასთანავე, იეჰოვას არ დაუწყევლია ცხოველები, ფრინველები, თევზები, მთები, ტბები, მდინარეები, ზღვები, ცა, ღრუბლები, მზე, მთვარე და ვარსკვლავები. საითაც არ უნდა გაეხედა აბელს, იეჰოვა ღმერთის, ყოველივეს შემოქმედის, სიყვარულის, სიბრძნისა და სიკეთის მტკიცებულებებს ხედავდა  (წაიკითხეთ რომაელების 1:20). აბელი ფიქრობდა ამაზე, ღვთის მადლიერი იყო და სწორედ ამგვარად შეიძინა მტკიცე რწმენა.

ქმნილებებზე დაკვირვებით აბელი მოსიყვარულე შემოქმედის მიმართ რწმენას იღრმავებდა

13 აბელი ხშირად ფიქრობდა იეჰოვაზე. წარმოიდგინეთ, როგორ მწყემსავდა ის თავის ცხვარს. მწყემსს, როგორც წესი, დიდი მანძილის გავლა უწევდა. მწყემსი ამ უმწეო ცხოველებს მთასა თუ ბარში დაატარებდა, რათა მათთვის საუკეთესო საძოვარი და მოსასვენებელი ადგილი ეპოვა. ღვთის ყველა სხვა ქმნილებას შორის ცხვარი ყველაზე დაუცველი ჩანდა, თითქოსდა იმიტომ იყვნენ გაჩენილნი ამქვეყნად, რომ მათზე ადამიანს ეზრუნა და ეპატრონა. ხვდებოდა აბელი, რომ თავადაც საჭიროებდა ვინმეს, ადამიანზე გაცილებით ბრძენსა და ძლიერს, ვინც იზრუნებდა მასზე, უხელმძღვანელებდა და დაიცავდა? უდავოა, ამ ყველაფერზე ის ღმერთს ლოცვაში ესაუბრებოდა, რის შედეგადაც მისი რწმენა სულ უფრო და უფრო მტკიცდებოდა.

14, 15. რაში დაარწმუნებდა აბელს იეჰოვას წინასწარმეტყველებებზე ფიქრი?

14 იეჰოვას წინასწარმეტყველებებზე დაფიქრებით. ადამი და ევა, ალბათ, მოუყვებოდნენ თავიანთ ვაჟებს, თუ რის გამო გამოაძევა ღმერთმა ისინი ედემის ბაღიდან. ამგვარად, საფიქრალი აბელს მართლაც ბევრი ექნებოდა.

15 იეჰოვამ დაწყევლა მიწა და აბელი თვალნათლივ ხედავდა, როგორ ედებოდა არემარეს ნარ-ეკალი. იეჰოვამ ისიც იწინასწარმეტყველა, რომ ევას გაურთულდებოდა ორსულობა და მშობიარობის დროს გაუძლიერდებოდა ტკივილები. ესეც საკუთარი თვალით იხილა აბელმა მაშინ, როცა მისი უმცროსი და-ძმები მოევლინენ ქვეყანას. იეჰოვამ განჭვრიტა, რომ ევას ქმრისადმი ექნებოდა ლტოლვა, ქმარი კი იბატონებდა მასზე. ეს მოვლენები აბელის თვალწინ განვითარდა. როგორც ჩანს, აბელი არაერთხელ დარწმუნდებოდა, რომ იეჰოვას სიტყვები სანდო და უტყუარი იყო. ამგვარად, ის სრულიად დარწმუნებული იქნებოდა, რომ ღმერთი „შთამომავალთან“ დაკავშირებულ წინასწარმეტყველებასაც შეასრულებდა ანუ ერთ მშვენიერ დღეს კაცობრიობას ცოდვისა და არასრულყოფილების მონობისგან დაიხსნიდა (დაბ. 3:15—19).

16, 17. რას ისწავლიდა აბელი იეჰოვას მსახურებისგან, ქერუბიმებისგან?

16 იეჰოვას მსახურებზე დაკვირვებით. მართალია, ადამიანებს შორის არავინ იყო ისეთი, ვინც აბელს კარგ მაგალითს მისცემდა, მაგრამ ადამიანი  არ იყო ერთადერთი გონიერი ქმნილება იმ დროს დედამიწაზე. როდესაც ადამი და ევა იეჰოვამ ედემის ბაღიდან გამოაძევა, ვერც ისინი და ვერც მათი შთამომავლები ვეღარ შევიდოდნენ ედემის ბაღში. ამიტომ, იეჰოვა ბაღის შესასვლელს ცეცხლოვანი მბრუნავი მახვილით იცავდა და იქვე, ქერუბიმები, უმაღლესი წოდების ანგელოზებიც, დააყენა (წაიკითხეთ დაბადების 3:24 ).

17 წარმოიდგინეთ აბელი, რომელიც ბავშვობაში აკვირდებოდა ამ ქერუბიმებს. რადგანაც მათ ადამიანის მსგავსი სხეული ჰქონდათ, აბელი დაინახავდა, რაოდენ ძლიერები იყვნენ ისინი; „მბრუნავი, ცეცხლოვანი მახვილი“ კი მოწიწების გრძნობას ჩაუნერგავდა მას. აბელი იმასაც დაინახავდა, რომ ქერუბიმები წუთითაც არ ტოვებდნენ თავიანთ საგუშაგოს; დღითა თუ ღამით, არაერთი წლისა თუ ათწლეულის მანძილზე, ეს გონიერი და ძლევამოსილი ქმნილებები ერთგულად იდგნენ სადარაჯოზე. აბელი მათ მაგალითზე ისწავლიდა, რომ იეჰოვას ჰყავდა მართალი და მტკიცე რწმენის მქონე მსახურები. აბელი ხედავდა, რომ მისი ოჯახის წევრებისგან განსხვავებით, ეს ქერუბიმები ერთგულად ემსახურებოდნენ იეჰოვას და ემორჩილებოდნენ მას. მათ მაგალითზე დაკვირვება მართლაც განუმტკიცებდა რწმენას აბელს.

მთელი სიცოცხლის მანძილზე აბელი, ალბათ, ხედავდა, როგორ ერთგულებასა და მორჩილებას ავლენდნენ იეჰოვას მსახურები, ქერუბიმები

18. რა გვეხმარება რწმენის განმტკიცებაში დღეს?

18 ყოველივე იმაზე ფიქრი, რაც იეჰოვამ საკუთარი თავის შესახებ გაუმჟღავნა აბელს თავისი შემოქმედების, წინასწარმეტყველებებისა და თავისი მსახურების მეშვეობით, მას კიდევ უფრო განუმტკიცებდა რწმენას. კიდევ ვიტყვით, რომ აბელს არაფრის თქმა შეუძლია ჩვენთვის? დღეს ახალგაზრდებს შეუძლიათ მიჰბაძონ აბელს და განივითარონ იეჰოვას  მიმართ მტკიცე რწმენა იმის მიუხედავად, ემსახურებიან თუ არა მათი ოჯახის წევრები იეჰოვას. ჩვენ ირგვლივ არსებული ღვთის საოცარი ქმნილებები, მთელი ბიბლია და რწმენის ცოცხალი მაგალითები რწმენის განმტკიცებაში გვეხმარება.

რით იყო უკეთესი აბელის მსხვერპლი?

19. რას ჩასწვდა აბელი დროთა განმავლობაში?

19 რადგან აბელს იეჰოვასადმი რწმენა უღრმავდებოდა, სურდა, თავისი რწმენა საქმით დაემტკიცებინა. მაგრამ რის გაკეთება შეეძლო უბრალო მოკვდავს სამყაროს შემოქმედისთვის? რა თქმა უნდა, ღმერთი არ საჭიროებს ადამიანისგან დახმარებას და არც არანაირ ძღვენს ელის. დროთა განმავლობაში აბელი ჩასწვდა ჭეშმარიტებას: თუ იგი სწორი მოტივებით შესწირავდა იმას, რაც მისთვის ძალიან ძვირფასი იყო, იეჰოვას, მოსიყვარულე ზეციერ მამას, ასიამოვნებდა.

აბელმა ღვთისადმი შესაწირი რწმენით აღავლინა, კაენმა კი — არა

20, 21. რა შესწირეს კაენმა და აბელმა იეჰოვას, და როგორ მიიღო მან მათი შესაწირავი?

20 აბელმა შესაწირი თავისი ფარიდან შეარჩია. მან ამოირჩია საუკეთესო, პირველმოგებული კრავი და შესწირა ცხოველის ის ნაწილი, რომელსაც საუკეთესო შესაწირავად თვლიდა. კაენსაც სურდა ღვთისგან კურთხევის მიღება და მისი კეთილგანწყობის დამსახურება. ამიტომ, მოამზადა მარცვლეული შესაწირავი თავისი მოსავლიდან. მაგრამ მისი მოტივები აბელის მოტივებისგან განსხვავდებოდა. ეს მაშინ გამოაშკარავდა, როცა ორივე ძმამ შესაწირავი იეჰოვას წინაშე აღავლინა.

21 ადამის ორივე ვაჟმა შესაძლოა თავ-თავიანთი შესაწირავი სამსხვერპლოზე აღავლინა. ალბათ, მათ ამისთვის ისეთი ადგილი შეარჩიეს, რომ ქერუბიმებს დაენახათ, რადგან იმ დროს იეჰოვას ხილული წარმომადგენლები დედამიწაზე ისინი იყვნენ. იეჰოვას ეს შეუმჩნეველი არ დარჩენია. ბიბლიაში ვკითხულობთ: „იეჰოვამ მოიწონა აბელი და მისი შესაწირავი“ (დაბ. 4:4). ბიბლია არაფერს ამბობს იმის შესახებ, თუ როგორ გამოხატა იეჰოვამ თავისი მოწონება.

22, 23. რატომ მოიწონა იეჰოვამ აბელის შესაწირავი?

22 რატომ მოიწონა ღმერთმა მაინცდამაინც აბელის მსხვერპლი? თავად შესაწირი მოეწონა იეჰოვას? აბელმა მას ცოცხალი ქმნილება შესწირა, რომლის სისხლიც მიწაზე დაღვარა. ხვდებოდა აბელი, რამდენად ძვირფასი იქნებოდა იეჰოვასთვის ასეთი შესაწირი? მრავალი საუკუნის შემდეგ ღმერთმა თავისი სრულყოფილი ძე „ღვთის კრავს“, საღ ცხვარს, შეადარა, რომლის უდანაშაულო სისხლიც უნდა დაღვრილიყო (იოან. 1:29; გამ. 12:5—7). მართალია, აბელმა ამდენი არ იცოდა, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ სწორედ კრავი შეარჩია შესაწირად.

23 ერთი რამ დანამდვილებით ვიცით: აბელმა თავისი ქონებიდან საუკეთესო შესწირა იეჰოვას. იეჰოვამ მოიწონა არა მხოლოდ მისი შესაწირი, არამედ თავად აბელიც, რადგან აბელს იეჰოვასადმი დიდი სიყვარული ამოძრავებდა და მის მიმართ დიდ რწმენას ავლენდა.

24. ა) რატომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ კაენის შესაწირავი ცუდი არ იყო? ბ) რით ჰგავს კაენი დღეს მცხოვრებ ბევრ ადამიანს?

 24 სულ სხვაგვარად იყო საქმე კაენის შემთხვევაში. იეჰოვამ „კაენი და მისი შესაწირავი არ მოიწონა“ (დაბ. 4:5). მაგრამ იმიტომ არა, რომ კაენის შესაწირავი ცუდი იყო. მოგვიანებით, ღვთის კანონის თანახმად შესაძლებელი გახდა მარცვლეული შესაწირავის ღვთისთვის აღვლენა (ლევ. 6:14, 15). ბიბლია კაენზე ამბობს, რომ „მისი საქმეები ბოროტი იყო“ (წაიკითხეთ 1 იოანეს 3:12). დღეს მცხოვრები ბევრი ადამიანის მსგავსად, შეიძლება კაენიც ფიქრობდა, რომ ღვთის ერთგულად თავის მოჩვენება საკმარისი იყო. ის რომ მას არ უყვარდა იეჰოვა და არ სწამდა მისი, მალე მისი საქმეებიდან გახდა ცხადი.

25, 26. რა გაფრთხილება მისცა იეჰოვამ კაენს, მაგრამ როგორ მოიქცა ის?

25 სცადა კაენმა, მიებაძა აბელისთვის, როცა დაინახა, რომ იეჰოვამ მოიწონა ის? არა. იგი რისხვით აენთო თავისი ძმის მიმართ. იეჰოვამ დაინახა, რა ხდებოდა მის გულში და შეაგონა. მან გააფრთხილა კაენი, რომ თუ აზროვნებას არ შეიცვლიდა, ცოდვას ჩაიდენდა. შემდეგ კი დაჰპირდა, რომ თუ შეიცვლებოდა, „მიიღებდა“ მას (დაბ. 4:6, 7).

26 კაენმა ყურად არ იღო ღვთის გაფრთხილება. მან თავის უმცროს, მიმნდობ ძმას სთხოვა, მინდორში ერთად გასულიყვნენ. იქ კაენი თავს დაესხა აბელს და მოკლა (დაბ. 4:8). ამგვარად, აბელი რწმენის გამო დევნილი პირველი ადამიანი ანუ წამებული გახდა. ის მოკვდა, მაგრამ მისი სახელი დღემდე ცოცხლობს.

27. ა) რატომ შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული, რომ აბელი მკვდრეთით აღდგება? ბ) რა შემთხვევაში შევხვდებით აბელს?

27 აბელის სისხლი, ასე ვთქვათ, მიწიდან შეღაღადებდა იეჰოვა ღმერთს და შურისძიებასა და სამართლიანობის აღდგენას ითხოვდა. იეჰოვა სამართლიანად მოიქცა, მან დასაჯა კაენი ჩადენილი ბოროტმოქმედების გამო (დაბ. 4:9—12). უფრო მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ აბელი, როგორც ძლიერი რწმენის კაცი, ბიბლიის ფურცლებიდან გვესაუბრება. მართალია, აბელმა, სულ რაღაც, ერთი საუკუნე იცოცხლა, რაც იმ დროისთვის ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობასთან შედარებით მეტად მოკლე პერიოდი იყო, მაგრამ ეს წლები ბრძნულად გამოიყენა. აბელი დარწმუნებული იყო, რომ ზეციერ მამას, იეჰოვას უყვარდა და იწონებდა (ებრ. 11:4). დარწმუნებული ვართ, რომ იგი იეჰოვას უსაზღვრო მეხსიერებაშია და დადგება დრო, როცა ღმერთი მკვდრეთით აღადგენს სამოთხეში დედამიწაზე (იოან. 5:28, 29). შეხვდებით აბელს სამოთხეში? რა თქმა უნდა, თუ გადაწყვეტილი გაქვთ, მოუსმინოთ მის ხმას და მასსავით რწმენით იმოქმედოთ!

^ აბზ. 5 სიტყვები „ქვეყნიერების შექმნიდან“ შთამომავლობის წარმოშობას უკავშირდება და მიუთითებს ადამისა და ევას პირველ შვილებზე. მაშ, რატომ თქვა ეს სიტყვები იესომ აბელის და არა კაენის მისამართით, რომელიც სინამდვილეში იყო პირმშო? კაენის გადაწყვეტილებებიდან და მოქმედებებიდან გამოჩნდა, რომ ის თავნება იყო და ეურჩა იეჰოვა ღმერთს. მისი მშობლების მსგავსად, არც ის იმსახურებდა გამოსყიდვასა და მკვდრეთით აღდგომას.