წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

„მიჰბაძეთ მათ რწმენას“

 თავი 17

„იეჰოვას მხევალი ვარ“

„იეჰოვას მხევალი ვარ“

1, 2. ა) ვინ ესტუმრა მარიამს და როგორ მიმართა? ბ) რა გადაწყვეტილება უნდა მიეღო მარიამს და როგორ შეიცვლებოდა მთელი მისი ცხოვრება?

მარიამი გაფართოებული თვალებით შესცქერის სახლში შესულ სტუმარს. ის მის მშობლებთან კი არა, პირადად მასთანაა მისული. მარიამს ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ ეს კაცი ნაზარეთელი არ არის. მის პატარა ქალაქში მაშინვე ცნობენ უცხოს, თუმცა ეს სტუმარი ნებისმიერ ქალაქში იქნებოდა თვალში მოსახვედრი. მან მარიამს უცნაურად მიმართა: „გამარჯობა, მადლით მოსილო, შენთანაა იეჰოვა“ (წაიკითხეთ ლუკას 1:26—28).

2 ასე გვაცნობს ბიბლია მარიამს, ელის ქალიშვილს, გალილეის ნაზარეთიდან. ამ დროს ის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე იდგა; დანიშნული იყო დურგალ იოსებზე — ღარიბ, მაგრამ ღვთის ერთგულ კაცზე. ამგვარად, მარიამის მომავალი თითქოს უკვე განსაზღვრული იყო — ის იოსების შემწე იქნებოდა და ერთად აღზრდიდნენ შვილებს. მაგრამ მოულოდნელად მასთან ღვთის ცნობის გადასაცემად სტუმარი მივიდა; ეს ცნობა მთელ მის ცხოვრებას შეცვლიდა.

3, 4. რაზე უნდა დავფიქრდეთ და რაზე არ ღირს ყურადღების გამახვილება, როდესაც მარიამის ცხოვრებას ვეცნობით?

3 შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ბიბლია ბევრს არაფერს გვეუბნება მარიამის შესახებ. მასში ცოტა რამ არის ნათქვამი მის წარმოშობაზე, კიდევ უფრო ცოტა მის ხასიათზე და არაფერი — მის გარეგნობაზე. მაგრამ საყურადღებოა ის, რასაც ბიბლია გვეუბნება მის შესახებ.

4 მარიამს რომ გავეცნოთ, საჭიროა არ შემოვიფარგლოთ იმ შეხედულებებით, რასაც მის შესახებ სხვადასხვა რელიგია ასწავლის. მოდი, ნურც მარიამის უამრავ სურათსა თუ გამოსახულებაზე ვისაუბრებთ და ნურც რთულ თეოლოგიურ სწავლებებსა და დოგმებზე, სადაც ეს თავმდაბალი ქალი „ღვთისმშობლად“ და „ზეცის დედოფლად“ არის მოხსენიებული. ნაცვლად ამისა, მთელი ყურადღება იმას მივაპყროთ, სინამდვილეში რას ამბობს ბიბლია მის შესახებ. ბიბლია გვიჩვენებს, როგორი რწმენა ჰქონდა მარიამს და როგორ შეგვიძლია მივბაძოთ მას.

 ანგელოზის სტუმრობა

5. ა) რა რეაქცია ჰქონდა მარიამს, როცა ანგელოზი მეტად უჩვეულოდ მიესალმა? ბ) რატომ გვაძლევს ამ მხრივ მარიამი კარგ მაგალითს?

5 ალბათ, იცით, რომ მარიამს ადამიანი არ სტუმრებია, მასთან ანგელოზი გაბრიელი მივიდა. როდესაც მან „მადლით მოსილი“ უწოდა, მარიამი „ამ სიტყვებმა შეაშფოთა“ და უჩვეულო მისალმებამ დააფიქრა (ლუკ. 1:29). ვისგან იყო მარიამი „მადლით მოსილი“? არა კაცთაგან. ანგელოზი იეჰოვა ღმერთისგან მინიჭებულ მადლზე საუბრობდა; ამას კი მარიამისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, თუმცა ამპარტავნულად არ უფიქრია, რომ ღვთის მადლი უკვე ჰქონდა. თუ ღვთის მადლის მოპოვებას ვცდილობთ, ამპარტავნულად არასდროს დავასკვნით, რომ უკვე მადლმოსილნი ვართ, არამედ ვისწავლით იმას, რაც მარიამს ბოლომდე ჰქონდა გათავისებული — ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება, თავმდაბლებს კი მხარს უჭერს (იაკ. 4:6).

მარიამს ამპარტავნულად არ უფიქრია, რომ ღვთის მადლი უკვე ჰქონდა

6. ანგელოზის ცნობის თანახმად, რა პატივი ხვდა წილად მარიამს?

6 მარიამი მართლაც თავმდაბალი უნდა ყოფილიყო, რადგან ანგელოზმა აცნობა, რომ უდიდესი პატივი ხვდა წილად და უთხრა, რომ შობდა ბავშვს, რომელიც უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებდა კაცობრიობის ისტორიაში. გაბრიელმა ამცნო: „იეჰოვა ღმერთი მას დავითის, მამამისის ტახტს მისცემს და ის მარადიულად იმეფებს იაკობის სახლზე. მის სამეფოს ბოლო არ ექნება“ (ლუკ. 1:32, 33). მარიამმა იცოდა, რას შეჰპირდა ღმერთი დავითს ათასზე მეტი წლის წინათ — დავითის ერთ-ერთი შთამომავალი მარადიულად იმეფებდა (2 სამ. 7:12, 13). ასე რომ, მისი ძე იქნებოდა მესია, რომელსაც ღვთის ხალხი საუკუნეები ელოდა.

ანგელოზმა გაბრიელმა მარიამს აცნობა, რომ უდიდესი პატივი ხვდა წილად

7. ა) რა კითხვა დასვა მარიამმა და რა გამოჩნდა მისი სიტყვებიდან? ბ) რის სწავლა შეუძლიათ ახალგაზრდებს მარიამისგან?

7 უფრო მეტიც, ანგელოზმა მარიამს უთხრა, რომ მის ვაჟს „უზენაესის ძე“ დაერქმეოდა. ადამიანს როგორ უნდა ეშვა ღვთის ძე? ან, საერთოდ, მარიამს როგორ უნდა ჰყოლოდა შვილი? მართალია, ის დანიშნული იყო, მაგრამ იოსები მისი ქმარი ჯერ კიდევ არ იყო. მარიამმა გულახდილად ჰკითხა ანგელოზს: „როგორ მოხდება ეს, როცა კაცი არ გამკარებია?“ (ლუკ. 1:34). მხედველობიდან არ გამოგრჩეთ, რომ მარიამს არც ერთი წუთით არ რცხვენოდა, რომ ქალწული იყო. პირიქით, მას ეამაყებოდა თავისი უბიწობა. დღეს მრავალ ახალგაზრდას სურს, რაც შეიძლება მალე დაკარგოს უბიწობა, და დასცინის კიდეც უმწიკვლოებს. ქვეყნიერება მართლაც შეიცვალა, მაგრამ იეჰოვა არ იცვლება (მალ. 3:6). როგორც მარიამის დროს, ისე  დღესაც იგი აფასებს მათ, ვინც ზნეობრივ სიწმინდეს ინარჩუნებს (წაიკითხეთ ებრაელების 13:4).

8. როგორ გაუჩნდებოდა არასრულყოფილ მარიამს სრულყოფილი ძე?

8 ღვთის ერთგულების მიუხედავად, მარიამი არასრულყოფილი იყო. მაშ, როგორ შეეძლო სრულყოფილი შვილის, ღვთის ძის, გაჩენა? გაბრიელმა უთხრა: „წმინდა სული გადმოვა შენზე და უზენაესის ძლიერება დაგჩრდილავს. ამიტომ მას, ვინც დაიბადება, ეწოდება წმინდა, ღვთის ძე“ (ლუკ. 1:35). „წმინდა“ ნიშნავს „სუფთას“. ჩვეულებრივ, ადამიანები თავიანთ შთამომავლებს უწმინდურებას, ცოდვას გადასცემენ; მაგრამ ამ შემთხვევაში იეჰოვა სასწაულს მოახდენდა. ის თავისი ძის სიცოცხლეს ზეციდან მარიამის საშვილოსნოში გადაიტანდა და მარიამს „დაჩრდილავდა“ ღვთის მოქმედი ძალა, ანუ წმინდა სული, რის წყალობითაც ბავშვს დედისგან ცოდვა არ გადაეცემოდა. დაიჯერა მარიამმა ანგელოზის დანაპირები? როგორი იყო მისი რეაქცია?

მარიამის მზადყოფნა

9. ა) რაში ცდებიან სკეპტიკოსები? ბ) როგორ განუმტკიცა რწმენა გაბრიელმა მარიამს?

9 სკეპტიკოსებს, მათ შორის ზოგ თეოლოგს, არ სწამთ, რომ შეიძლებოდა ქალწულს შვილი შესძენოდა. მიუხედავად იმისა, რომ ცოდნა აქვთ, უჭირთ უბრალო ჭეშმარიტების გაგება. გაბრიელის სიტყვების თანახმად, „შეუძლებელია, ღვთის სიტყვა არ შესრულდეს“ (ლუკ. 1:37). მარიამს გაბრიელის სიტყვების ჭეშმარიტებაში ეჭვი არ შეჰპარვია, რადგან ამ ახალგაზრდა ქალს ძლიერი რწმენა ჰქონდა, და მისი რწმენა არ ყოფილა უსაფუძვლო. ნებისმიერი გონიერი ადამიანის მსგავსად, მარიამსაც სჭირდებოდა ფაქტები, რაზეც თავის რწმენას ააგებდა. ამიტომ, გაბრიელმა მარიამს მისთვის ნაცნობი ფაქტი მოუყვანა. ის ხანში შესულ ელისაბედზე ელაპარაკა, რომელზეც ყველამ იცოდა, რომ უშვილო იყო, მაგრამ ღვთის წყალობით დაორსულდა.

10. რატომ შეგვიძლია იმის თქმა, რომ მარიამისთვის მიცემული დავალება ნამდვილად არ იყო ადვილი შესასრულებელი?

10 როგორ მოიქცა მარიამი? მარიამს ღმერთმა მისცა დავალება და მან იცოდა, რომ ღმერთი შეასრულებდა გაბრიელის პირით ნათქვამს. ეს დავალება მარიამს შეაშინებდა კიდეც და არაერთ თავსატეხსაც გაუჩენდა. ის ხომ უკვე დანიშნული იყო იოსებზე. დაქორწინდებოდა იოსები მარიამზე, როდესაც გაიგებდა, რომ მარიამი ორსულად იყო? გარდა ამისა, ამ ახალგაზრდა ქალს თვით დავალებაც საკმაოდ დიდ პასუხისმგებლობას აკისრებდა. მას ღვთის ქმნილებათაგან ყველაზე ძვირფასი, ღვთის საყვარელი ძე უნდა ეტარებინა მუცლით. მასვე უნდა ეზრუნა უმწეო ჩვილზე და ბოროტი ქვეყნიერებისგან დაეცვა ის. ეს მართლაც დიდი პასუხისმგებლობა იყო!

11, 12. ა) რატომ უჭირდათ ღვთის ერთგული და მტკიცე რწმენის მქონე კაცებსაც კი ღვთისგან მიღებული რთული დავალებების შესრულება? ბ) რა პასუხი გასცა მარიამმა გაბრიელს და რაზე მეტყველებს ეს?

 11 ბიბლია ცხადყოფს, რომ ერთგულ და მტკიცე რწმენის მქონე კაცებსაც კი უჭირდათ ღვთისგან დაკისრებული რთული დავალების შესრულება. მოსემ აღნიშნა, რომ მჭევრმეტყველი არ იყო და ფარაონს ღვთის სიტყვას ვერ გადასცემდა (გამ. 4:10). იერემიამ თქვა, რომ ღვთის მიერ დაკისრებული დავალების შესასრულებლად ჯერ კიდევ ყმაწვილი იყო (იერ. 1:6). იონა დავალების შესრულებას გაექცა (იონ. 1:3). როგორ მოიქცა მარიამი?

12 მისი სიტყვები თავმდაბლობასა და მორჩილებაზე მეტყველებს. მან გაბრიელს უთხრა: „იეჰოვას მხევალი ვარ! შენი სიტყვისამებრ იყოს“ (ლუკ. 1:38). მხევალი მსახურთა შორის ყველაზე მდაბიო იყო; მისი სიცოცხლე მთლიანად ბატონის ხელში იყო. ასეთ მსახურად გრძნობდა მარიამი თავს თავისი ბატონის, იეჰოვას, წინაშე. მან იცოდა, რომ იეჰოვასთან უსაფრთხოდ იყო, და რომ იეჰოვა თავის ერთგულთა ერთგულია; ისიც იცოდა, რომ ის აკურთხებდა მას, თუ დაკისრებული რთული დავალების შესრულებას მთელი გულით შეეცდებოდა (ფსალმ. 18:25).

მარიამმა იცოდა, რომ თავის ერთგულ ღმერთთან, იეჰოვასთან უსაფრთხოდ იქნებოდა

13. რა მხრივ შეგვიძლია მივბაძოთ მარიამს, თუ ღვთისგან მიღებული დავალების შესრულება გვიძნელდება?

13 ზოგჯერ ღმერთი ისეთი რამეს გვავალებს, რისი შესრულებაც ძალიან გვიჭირს და შეუძლებლადაც კი გვეჩვენება. მაგრამ მისი სიტყვა იმის საფუძვლიან მიზეზს გვაძლევს, რომ მარიამივით მივენდოთ მას (იგავ. 3:5, 6). თუ მივენდობით, ის გვაკურთხებს და უფრო მეტად განგვიმტკიცებს რწმენას.

ელისაბედთან სტუმრობა

14, 15. ა) როგორ გაამხნევა იეჰოვამ ელისაბედთან და ზაქარიასთან სტუმრად მისული მარიამი? ბ) რას ვიგებთ მარიამის სიტყვებიდან, რომლებიც ლუკას 1:46—55-შია ჩაწერილი?

14 მარიამისთვის ბევრს ნიშნავდა ის, რაც გაბრიელმა ელისაბედზე უთხრა. ელისაბედს ყველაზე უკეთ შეეძლო მისი გაგება. მარიამი სასწრაფოდ გაუდგა მთიანი მხარისკენ, იუდეის ქალაქისკენ, მიმავალ გზას, სადამდე ჩასვლასაც 3—4 დღეს მოანდომებდა. როცა მარიამი მღვდელ ზაქარიასა და ელისაბედის სახლში შევიდა, იეჰოვამ კიდევ ერთხელ დაუდასტურა თავისი დანაპირების უტყუარობა, რამაც კიდევ უფრო განუმტკიცა რწმენა. მარიამის მისალმებისთანავე ელისაბედმა იგრძნო, რომ მუცელში ყრმა შეუთამაშდა. ის წმინდა სულით აღივსო და მარიამს თავისი „უფლის დედა“ უწოდა. ღმერთმა ელისაბედს  გაუმხილა, რომ მარიამის ვაჟი მისი უფალი და მესია გახდებოდა. შემდეგ ღვთის შთაგონებით მან შეაქო მარიამი ერთგულებისა და მორჩილებისთვის: „ბედნიერია ქალი, რომელმაც ირწმუნა“ (ლუკ. 1:39—45). იეჰოვა ყველაფერს შეასრულებდა, რასაც მარიამს დაჰპირდა!

რატომ შეიძლება ითქვას, რომ მარიამისა და ელისაბედის მეგობრობა ორივესთვის კურთხევა აღმოჩნდა?

15 ის, თუ რა მიუგო მარიამმა ელისაბედს, ამის შესახებ სიტყვასიტყვით ჩაიწერა ბიბლიაში (წაიკითხეთ ლუკას 1:46—55). ბიბლიის არც ერთ სხვა მონაკვეთში ასე ვრცლად არსადაა ჩაწერილი მარიამის სიტყვები. ეს მონაკვეთი მარიამის შესახებ ბევრ რამეს გვეუბნება. აქედან ჩანს, რომ ის მადლიერი იყო იეჰოვასი და განადიდებდა მას, რადგან იეჰოვამ აკურთხა და მისცა იმის შესაძლებლობა, მესიის დედა გამხდარიყო. გარდა ამისა, ისიც ჩანს, რამდენად მტკიცე რწმენა ჰქონდა  მას, რადგან მისი სიტყვისამებრ, იეჰოვა ამდაბლებდა ამპარტავნებსა და ძლიერებს, და ეხმარებოდა მისთვის მსახურების მსურველ თავმდაბალ და ღარიბ ადამიანებს. ეს სიტყვები მის დიდ ცოდნაზეც მეტყველებს; ერთ-ერთი გამოკვლევის თანახმად, მან 20-ზე მეტი ციტატა მოიყვანა ებრაული წერილებიდან. *

16, 17. ა) რა თვისებას ავლენდნენ მარიამი და მისი ძე, და რატომ უნდა მივბაძოთ მათ? ბ) რას შეგვახსენებს მარიამისა და ელისაბედის მეგობრობა?

16 ცხადია, მარიამი ფიქრობდა ღვთის სიტყვაზე. ის თავმდაბლობას ავლენდა და ერჩია საღვთო წერილს ელაპარაკა მასზე, ვიდრე თავად ესაუბრა საკუთარ თავზე. ერთ მშვენიერ დღეს მსგავს თვისებას გამოავლენდა ბავშვიც, რომლის ჩანასახიც მის მუცელში ვითარდებოდა. იესომ თქვა: „რასაც ვასწავლი, ჩემი კი არ არის, არამედ ჩემი გამომგზავნელისაა“ (იოან. 7:16). კარგია, თუ საკუთარ თავს დავუსვამთ კითხვებს: ვავლენ ღვთის სიტყვისადმი მსგავს მოწიწებასა და პატივისცემას? თუ უპირატესობას საკუთარ შეხედულებებს ვანიჭებ? ამ კითხვებზე მარიამის პასუხი დღესავით ნათელია.

17 მარიამი ელისაბედთან დაახლოებით სამ თვეს დარჩა; ცხადია, ამ ხნის მანძილზე ისინი ერთმანეთს ამხნევებდნენ (ლუკ. 1:56). ეს ქალები გვანახვებენ, რამდენად მნიშვნელოვანია მეგობრობა. თუ მეგობრებად მათ ვირჩევთ, ვისაც ჩვენი ღმერთი იეჰოვა უყვარს, აუცილებლად გავიზრდებით სულიერად და ღმერთს უფრო დავუახლოვდებით (იგავ. 13:20). ბოლოს, მარიამის შინ დაბრუნების დროც დადგა. რას იტყოდა იოსები, როდესაც გაიგებდა, რომ მარიამი ორსულად იყო?

მარიამი და იოსები

18. რა გაუმხილა მარიამმა იოსებს, და როგორ იმოქმედა ამ ამბავმა მასზე?

18 მარიამი არ დალოდებია იმ დროს, როდესაც მისი ორსულობა ისედაც ცხადი გახდებოდა. ეჭვგარეშეა, მას უნდა ელაპარაკა იოსებთან; დალაპარაკებამდე კი, ალბათ, განიცდიდა, როგორი იქნებოდა პატიოსანი, ღვთისმოშიში იოსების რეაქცია. მიუხედავად ამისა, ის მივიდა მასთან და ყველაფერი უამბო, რაც მოხდა. იოსები ძალიან შეწუხდა. მას უნდოდა, დაეჯერებინა მისთვის საყვარელი ადამიანისთვის, მაგრამ ვერ უჯერებდა, რადგან მსგავსი რამ ადრე არასდროს მომხდარა. ბიბლიაში არაფერია ნათქვამი იმაზე, თუ რა აზრებმა გაუელვა თავში იოსებს. მაგრამ მასში ნათქვამია, რომ იოსებმა მარიამთან გაყრა გადაწყვიტა, რადგან იმ დროს დანიშნულებს ისე უყურებდნენ, როგორც დაქორწინებულებს. მაგრამ მას მარიამის არც საქვეყნოდ შერცხვენა უნდოდა და არც დასჯა; ამიტომ არჩია, ფარულად გაყროდა (მათ. 1:18, 19). მარიამს, ალბათ, გული ატკინა იოსების ასეთმა დამოკიდებულებამ, მაგრამ გულში ბოღმა არ ჩაუდია.

19. როგორ დაეხმარა იეჰოვა იოსებს, რომ სწორად მოქცეულიყო?

 19 იეჰოვამ იოსებს სწორი გზა უჩვენა და არ გააკეთებინა ის, რაც მისი აზრით, საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა. სიზმარში ღვთის ანგელოზმა უთხრა, რომ მარიამი წმინდა სულის ძალით იყო ფეხმძიმედ. ეს იოსებს, ალბათ, შვებას მოჰგვრიდა! ამის შემდეგ იოსები ისე მოიქცა, როგორც თავდაპირველად მარიამი — ის მიჰყვა ღვთის ხელმძღვანელობას; ცოლად შეირთო მარიამი და განსაკუთრებული დავალების შესასრულებლად დაიწყო მზადება, რათა იეჰოვას ძეზე ეზრუნა (მათ. 1:20—24).

20, 21. რის სწავლა შეუძლიათ იოსებისა და მარიამისგან დაქორწინებულებსა და მათ, ვინც ამ ნაბიჯის გადადგმას აპირებს?

20 კარგია, დაქორწინებულმა წყვილმა, და მათ, ვინც დაქორწინებას აპირებს, მიჰბაძონ დაახლოებით 2 000 წლის წინათ მცხოვრებ ამ ახალგაზრდა წყვილს. როდესაც დაინახავდა, თუ როგორ ასრულებდა თავის მოვალეობას ახალგაზრდა ცოლი და როგორი მზრუნველი დედა იყო, ცხადია, იოსები მადლიერი იქნებოდა იმისთვის, რომ იეჰოვას ანგელოზმა უხელმძღვანელა; ის მიხვდებოდა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო გადაწყვეტილებების მიღებისას იეჰოვაზე მინდობა (ფსალმ. 37:5; იგავ. 18:13). ეჭვგარეშეა, ამის შემდეგ, როგორც ოჯახისთავი, გადაწყვეტილებების მიღებისას ყოველთვის გაითვალისწინებდა სხვებს.

21 რის სწავლა შეგვიძლია მარიამისგან, რომელიც მზად იყო, ცოლად გაჰყოლოდა იოსებს? მართალია, იოსებმა თავიდან ვერ გაუგო მარიამს, მაგრამ ახალგაზრდა ქალი მოთმინებით ელოდა მის გადაწყვეტილებას და ენდობოდა მას, როგორც მომავალი ოჯახისთავს. მას კარგად ესმოდა, რომ მოთმინება უნდა გამოევლინა, რაც კარგი მაგალითია დღევანდელი ქრისტიანი ქალებისთვის. დაბოლოს, ამ შემთხვევამ იოსებსა და მარიამს, ალბათ, ასწავლა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ერთმანეთთან გულწრფელად და გულახდილად საუბარი (წაიკითხეთ იგავების 15:22).

22. რა ედო საფუძვლად მარიამისა და იოსების ქორწინებას, და რა ელოდათ მათ მომავალში?

22 მარიამმა და იოსებმა ოჯახი მყარ საძირკველზე ააშენეს. მათ, ორივეს, იეჰოვა ყველაზე და ყველაფერზე მეტად უყვარდათ, მთელი გულით ცდილობდნენ, ყოფილიყვნენ პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მზრუნველი მშობლები და ამგვარად ესიამოვნებინათ ღვთისთვის. ცხადია, მათ დიდი კურთხევები, მაგრამ ამასთანავე დიდი სირთულეებიც, ელოდათ — უნდა აღეზარდათ იესო, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდებული ადამიანი გახდებოდა!

^ აბზ. 15 როგორც ჩანს, მარიამი ციტირებდა ღვთის სხვა ერთგული ქალის ხანას სიტყვებს, რომელსაც იეჰოვას კურთხევით შვილი შეეძინა (იხილეთ ჩარჩო „ორი შესანიშნავი ლოცვა“ მე-6 თავში).