არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

„მიჰბაძეთ მათ რწმენას“

 თავი 9

„გონიერი ქალი“

„გონიერი ქალი“

1—3. ა) რატომ დაემუქრა საფრთხე აბიგაილის ოჯახს? ბ) რას ვისწავლით ამ ღირსეული ქალისგან?

აბიგაილს ერთი ახალგაზრდა მსახური დაზაფრული ელაპარაკება. ის შეშინებულია და ამის საფუძველიც აქვს. უდანაშაულო ხალხის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. 400 შეიარაღებული მეომარი აბიგაილის ქმრის, ნაბალის სახლისკენ მოემართება, რათა ყველა იქ მცხოვრები მამაკაცი ამოწყვიტონ. რატომ ჩაცვივდნენ ისინი ამ დღეში?

2 ყველაფერი ნაბალის გამო მოხდა. ის სასტიკი და უხეში კაცი იყო. მაგრამ ამჯერად მან ისეთ კაცს მიაყენა შეურაცხყოფა, რომელსაც ბრძოლაში გამოცდილი, ერთგული მეომრები ჰყავდა და რომელთაც უყვარდათ თავიანთი მეთაური. აბიგაილთან სალაპარაკოდ ეს ახალგაზრდა მსახური, რომელიც შესაძლოა ნაბალის ფარის მწყემსი იყო, სწორედ იმ იმედით მივიდა, რომ მისი ქალბატონი რაიმეს იღონებდა მდგომარეობის გამოსასწორებლად. მაგრამ, რას გახდებოდა ერთი ქალი ამდენ მეომართან?

რას გახდებოდა ერთი ქალი ამდენ მეომართან?

3 მოდი, ჯერ გავიგოთ, ვინ იყო აბიგაილი. რატომ წამოიჭრა ეს უთანხმოება? რატომ არის სამაგალითო მისი რწმენა?

„ძალიან გონიერი და ლამაზი ქალი“

4. როგორი კაცი იყო ნაბალი?

4 აბიგაილი და ნაბალი ნამდვილად არ შეეფერებოდნენ ერთმანეთს. ნაბალი აბიგაილზე უკეთეს ცოლს ვერ მოიყვანდა, აბიგაილი კი ნაბალზე უარეს კაცს ვერსად შეხვდებოდა. ნაბალის ერთადერთი „ღირსება“ სიმდიდრე იყო. ამიტომაც მოჰქონდა თავი დიდ ვინმედ. მაგრამ საინტერესოა, სხვებს როგორი წარმოდგენა ჰქონდათ მასზე? ბიბლიაში ძნელად თუ მოიძებნება ვინმე, ნაბალივით უარყოფითად რომ იყოს დახასიათებული. მისი სახელი ნიშნავს „უგუნურს“ ან „სულელს“. ჩვენთვის  უცნობია, ეს სახელი მას დაბადებისას შეარქვეს თუ მოგვიანებით. როგორც უნდა ყოფილიყო, ნაბალი ამართლებდა თავის სახელს. ის „უხეში და ავისმქმნელი“ იყო. არავის უყვარდა ეს შარიანი და ლოთი კაცი (1 სამ. 25:2, 3, 17, 21, 25).

5, 6. ა) აბიგაილის თვისებებიდან ყველაზე მეტად რომელი მოგწონთ? ბ) რატომ გაჰყვა აბიგაილი ასეთ უვარგის კაცს?

5 აბიგაილი ქმრისგან სრულიად განსხვავდებოდა. მისი სახელი ნიშნავს „გაიხარა მამაჩემმა“. ყველა მამას უხარია, როცა ლამაზი ქალიშვილი ჰყავს, მაგრამ გონიერ მამას შვილის შინაგანი სილამაზე უფრო ახარებს. ხშირად კარგი გარეგნობის ადამიანები არ ცდილობენ, იყვნენ გონიერები, გამჭრიახები, გამბედავები და განივითარონ რწმენა. მაგრამ ამას ვერ ვიტყვით აბიგაილზე. ბიბლიაში ნათქვამია, რომ ის „ძალიან გონიერი და ლამაზი ქალი იყო“ (წაიკითხეთ 1 სამუელის 25:3).

6 ბევრს შეიძლება გაუკვირდეს, რატომ გაჰყვა ასეთი ჭკვიანი ქალი ასეთ უვარგის კაცს. ბიბლიურ დროში ბევრი ქორწინება გარიგებით ხდებოდა. ნებისმიერ შემთხვევაში მშობლების სიტყვას დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. ჩვენ არ ვიცით, მშობლების სურვილით მოხდა მათი ქორწინება თუ არა. არც ის ვიცით, მშობლები სიღარიბემ აიძულა თუ არა, შვილი მდიდარ ნაბალზე გაეთხოვებინათ. მართალია, ნაბალი მდიდარი იყო, მაგრამ ეს ვერ დაეხმარა მას, კარგი ქმარი გამხდარიყო.

7. ა) რას უნდა მოერიდონ მშობლები, თუ უნდათ, რომ შვილებს ქორწინებაზე სწორი შეხედულება შეუქმნან? ბ) რა ჰქონდა გადაწყვეტილი აბიგაილს?

7 გონიერი მშობლები შვილებს სწორ წარმოდგენას უქმნიან ქორწინებაზე. ისინი შვილებს არც ფულის გამო აქორწინებენ და არც იმას აიძულებენ, რომ ნაადრევად მოეკიდონ ოჯახს (1 კორ. 7:36). მაგრამ აბიგაილს უკან დასახევი გზა აღარ ჰქონდა. ის უკვე ნაბალის ცოლი იყო და ისღა დარჩენოდა, მდგომარეობას შეგუებოდა.

„ყვირილით გაისტუმრა ისინი“

8. ვის მიაყენა ნაბალმა შეურაცხყოფა, და რატომ შეიძლება იმის თქმა, რომ ეს დიდი უგუნურება იყოს მისი მხრიდან?

8 ნაბალმა თავისი უგუნური საქციელით უფრო მეტი თავსატეხი გაუჩინა აბიგაილს. დავითი იეჰოვას ერთგული მსახური იყო, რომელიც წინასწარმეტყველმა სამუელმა მეფედ სცხო. ის საულის შემდეგ უნდა გამეფებულიყო (1 სამ. 16:1, 2, 11—13). დავითი 600 ერთგულ მეომართან ერთად უდაბნოში ემალებოდა შურითა და მისი მოკვლის სურვილით შეპყრობილ მეფე საულს.

9, 10. ა) რა პირობებში უწევდათ დავითსა და მის მეომრებს ცხოვრება? ბ) რატომ უნდა ეცა პატივი ნაბალს დავითისა და მისი მეომრებისთვის? (იხილეთ მე-10 აბზაცის სქოლიო).

9 ნაბალი მაონში ცხოვრობდა და, როგორც ჩანს, სამუშაო და მამულები  იქვე ახლოს, ქარმელში ჰქონდა. * ამ ქალაქებს ირგვლივ მთაგორიანი საძოვრები ეკრა, სადაც ნაბალი თავის 3 000 ცხვარს აძოვებდა. ირგვლივ უდაბური ტერიტორია იყო. სამხრეთით ფარანის უდაბნო ესაზღვრებოდა. აღმოსავლეთით მარილოვანი ზღვისკენ მიმავალი გზა ხევებით დასერილ უკაცრიელ ადგილას გადიოდა. ამ მხარეში ბევრი გამოქვაბულიც იყო. დავითი თავის მეომრებთან ერთად სწორედ აქ აფარებდა თავს. მათ, ალბათ, მძიმე პირობებში უწევდათ ცხოვრება და თავს ნადირობით ირჩენდნენ. ისინი ხშირად ხვდებოდნენ ნაბალის ფარის მწყემსებს.

10 როგორ ეპყრობოდნენ მწყემსებს დავითის მეომრები? მათ ადვილად შეეძლოთ დროდადრო ფარიდან ცხვარი გაეტაცათ, მაგრამ ეს არასდროს გაუკეთებიათ. პირიქით, „კედლად ედგნენ“ ნაბალის მსახურებს და ფარას იცავდნენ (წაიკითხეთ 1 სამუელის 25:15, 16). მწყემსებს ბევრი რამ უქმნიდა საფრთხეს. მაგალითად, მტაცებელი ცხოველები. გარდა ამისა, ისრაელის სამხრეთი საზღვარი ახლოს იყო, ამიტომ, უცხოტომელი ყაჩაღები და ქურდები ხშირად ესხმოდნენ თავს დაუცველ მწყემსებს. *

11, 12. ა) როგორ სთხოვა დავითმა დახმარება ნაბალს? ბ) რატომ აღაშფოთა დავითის სიტყვებმა ნაბალი და რატომ იყო ეს არასწორი?

11 დავითისთვის ნამდვილად არ იქნებოდა ადვილი, უდაბნოში ამდენი მეომარი გამოეკვება. ერთხელ მან 10 კაცი გაგზავნა ნაბალთან და დახმარება სთხოვა. ამისთვის დავითმა კარგი დრო შეარჩია, რადგან ნაბალი ცხვარს პარსავდა. ამ დროს ტრადიციულად დიდი ლხინი იმართებოდა და ძღვენსაც გულუხვად გასცემდნენ. დავითმა სიტყვებიც სწორად შეარჩია და ნაბალს სათქმელი თავაზიანად შეუთვალა. იმის ნიშნად, რომ პატივს სცემდა ნაბალს, როგორც მასზე უფროსს, მან საკუთარი თავი ნაბალის შვილად მოიხსენია. რა პასუხით გაისტუმრა ნაბალმა დავითის კაცები? (1 სამ. 25:5—8)

12 ნაბალი განრისხდა. „[მან] ყვირილით გაისტუმრა ისინი“, — ეს სიტყვები უთხრა აბიგაილს იმ ახალგაზრდა მსახურმა, რომელიც დასაწყისში ვახსენეთ. ძუნწი ნაბალი წუწუნს მოყვა პურის, წყლისა და საკლავის გამო. მან დასცინა დავითს და ბატონისგან გაქცეული მსახური უწოდა. როგორც ჩანს, ნაბალსაც ისე სძულდა დავითი, როგორც საულს. მაგრამ მათგან განსხვავებით, ღმერთს დავითი ძალიან უყვარდა და მისთვის ის ურჩი მონა კი არა, ისრაელის მომავალი მეფე იყო (1 სამ. 25:10, 11, 14).

13. ა) რა გააკეთა დავითმა, როცა ნაბალის პასუხი გადასცეს? ბ) რას ვსწავლობთ იაკობის 1:20-ში ჩაწერილი პრინციპიდან?

 13 დავითი განრისხდა, როცა მას ყველაფერი მოახსენეს. „მახვილები შემოირტყით!“ — უბრძანა მან თავის მეომრებს. დავითმა გადაწყვიტა, 400 მეომართან ერთად თავს დასხმოდა ნაბალს და მის სახლში ყველა მამაკაცი გაეწყვიტა (1 სამ. 25:12, 13, 21, 22). დავითს ნამდვილად ჰქონდა განრისხების მიზეზი, მაგრამ მისი გადაწყვეტილება არ იყო სწორი. ბიბლიაში ნათქვამია: „კაცის რისხვა ხელს არ უწყობს ღვთის სიმართლეს“ (იაკ. 1:20). მაგრამ, რა უნდა ეღონა აბიგაილს თავისი ოჯახის გადასარჩენად?

„კურთხეული იყოს შენი გონიერება“

14. ა) რა თვისება ჰქონდა აბიგაილს, რაც ნაბალისგან განასხვავებდა? ბ) რას ვსწავლობთ ამ ორი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ადამიანის მაგალითიდან? (იხილეთ სქოლიო).

14 უბედურება რომ აეცილებინა თავისი ოჯახისთვის, აბიგაილმა პირველმა გადადგა ნაბიჯი. როგორც უკვე მოვიხსენიეთ, მან, პირველ რიგში, ყურადღებით მოუსმინა თავის მსახურს. აბიგაილს, ქმრისგან განსხვავებით, მოსმენის უნარი ჰქონდა. ნაბალზე კი ზემოხსენებულმა ახალგაზრდა მსახურმა თქვა: „თვითონ უვარგისი კაცია, მასთან ლაპარაკი არ შეიძლება“ (1 სამ. 25:17). * სამწუხაროდ, გაყოყოჩებული ნაბალი არავის თვლიდა მოსმენის ღირსად. ასეთ ქედმაღალ ადამიანებს დღესაც ხშირად ვხვდებით. ახალგაზრდა მსახურმა იცოდა, რომ აბიგაილი არ ჰგავდა თავის ქმარს და ამიტომ მივიდა მასთან სალაპარაკოდ.

აბიგაილს, ქმრისგან განსხვავებით, მოსმენის უნარი ჰქონდა

15, 16. ა) როგორ დაამტკიცა აბიგაილმა, რომ იგავებში მოხსენიებული „მარჯვე ცოლის“ მსგავსი იყო? ბ) რატომ ვერ ვიტყვით, რომ აბიგაილი არ ემორჩილებოდა ქმარს?

15 აბიგაილს დრო არ დაუკარგავს და სწრაფად მიიღო გადაწყვეტილება. „არ დააყოვნა აბიგაილმა“, — ვკითხულობთ ბიბლიაში. ღვთის სიტყვაში ოთხჯერ არის ნათქვამი, რომ მან სწრაფად იმოქმედა. აბიგაილმა გულუხვობა გამოიჩინა და დავითსა და მის კაცებს ძღვენი მოუმზადა. ამ ძღვენში შედიოდა პური, ღვინო, ცხვარი, ქუმელი, ქიშმიშისა და ლეღვის კვერები. აბიგაილი კარგი დიასახლისი იყო და კარგად იცოდა, რა ჰქონდა სახლში. მას ზუსტად შეეფერება ის სიტყვები, რაც იგავების წიგნში მარჯვე ცოლზეა ნათქვამი (იგავ. 31:10—31). აბიგაილმა სანოვაგით დატვირთული მსახურები წინ გაუშვა, თვითონ კი უკან გაჰყვა. „ნაბალისთვის კი, თავისი ქმრისთვის, არაფერი უთქვამს“ (1 სამ. 25:18, 19).

 16 აბიგაილის საქციელი ნამდვილად არ ნიშნავს იმას, რომ ის ქმარს ოჯახისთავად არ აღიარებდა და არ ემორჩილებოდა. ნაბალი ძალიან ცუდად მოექცა იეჰოვას ცხებულ მსახურს, რასაც შესაძლოა მრავალი უდანაშაულო ადამიანის სიკვდილი მოჰყოლოდა. აბიგაილსაც, თავისი ქმრის მსგავსად, უდანაშაულო ხალხის სისხლის ღვრაში ხომ არ დაედებოდა ბრალი, ასე რომ არ მოქცეულიყო? რთულია ამის თქმა, მაგრამ ერთი რამ ცხადია, მას ღვთის მორჩილება ქმრის მორჩილებაზე წინ უნდა დაეყენებინა.

17, 18. როგორ შეხვდა აბიგაილი დავითს, რა უთხრა და რატომ გაჭრა მისმა სიტყვებმა?

17 ცოტა ხანში აბიგაილი დავითსა და მის ხალხს შეხვდა. ის დაუყოვნებლივ ჩამოხტა ვირიდან და მდაბლად თაყვანი სცა დავითს (1 სამ. 25:20, 23). მან მთელი გულით შესთხოვა თავისი ქმრისა და ოჯახის შეწყალება. რა უთხრა აბიგაილმა დავითს?

„ალაპარაკე შენი მხევალი, ყური დაუგდე“

18 მან საკუთარ თავზე აიღო მთელი პასუხისმგებლობა და პირადად ითხოვა პატიება. აბიგაილმა უთხრა დავითს, რომ მისი ქმარი უგუნური იყო, რასაც მისი სახელიც მოწმობდა. ამით შესაძლოა იმის თქმა უნდოდა, რომ დავითისთვის დამამცირებელი იქნებოდა ასეთ უვარგის კაცზე ხელის აღმართვა. მან აღიარა, რომ დავითი ღვთის წარმომადგენელი იყო და „იეჰოვას ომებს“ ეწეოდა. „იეჰოვა . . . დაგნიშნავს ისრაელის წინამძღოლად“, — აბიგაილი დარწმუნებული იყო, რომ დავითი, იეჰოვას დაპირებისამებრ, გამეფდებოდა. მან სთხოვა დავითს, თავი შეეკავებინა სისხლისღვრისგან, რათა მომავალში საკუთარ გულს არ დაედო მისთვის მსჯავრი ანუ სინდისს არ შეეწუხებინა (წაიკითხეთ 1 სამუელის 25:24—31). აბიგაილმა ნამდვილად გონივრულად შეარჩია სიტყვები.

19. როგორ იმოქმედა დავითზე აბიგაილის სიტყვებმა, და რატომ შეაქო ის?

19 როგორ იმოქმედა დავითზე მისმა სიტყვებმა? დავითმა შეისმინა აბიგაილის თხოვნა და უთხრა: „კურთხეული იყოს იეჰოვა, ისრაელის ღმერთი, რომელმაც ჩემთან შესახვედრად გამოგგზავნა დღეს! კურთხეული იყოს შენი გონიერება და კურთხეული იყავ შენ, რადგან შემაკავე სისხლის ღვრისგან“. დავითმა შეაქო აბიგაილი იმისთვის, რომ არ შეშინდა, დაუყოვნებლივ გაემართა მასთან შესახვედრად და სისხლის ღვრისგან შეაკავა. შემდეგ კი უთხრა: „წადი სახლში მშვიდობით, მოგისმინე და ანგარიში გაგიწიე“ (1 სამ. 25:32—35).

„მოახლედ წამოვა შენი მხევალი“

20, 21. ა) რატომ არის შესაქები აბიგაილი იმისთვის, რომ ქმართან დაბრუნდა? ბ) როდის არჩია ქმართან დალაპარაკება და როგორ გამოავლინა ამგვარად გონიერება?

20 გზად, დავითთან დაშორების შემდეგ, აბიგაილი, ალბათ, ბევრს ფიქრობდა ამ შეხვედრაზე. იგი კარგად დაინახავდა, რამდენად განსხვავდებოდა ერთგული და კეთილი დავითი მისი სასტიკი და უხეში  ქმრისგან. მაგრამ ამაზე ფიქრი დიდხანს არ გაუგრძელებია. ბიბლიაში ვკითხულობთ: „მივიდა აბიგაილი ნაბალთან“. ის დაბრუნდა ქმართან, რათა კვლავაც ღირსეული ცოლი ყოფილიყო. მას ქმრისთვის უნდა ეთქვა, რომ დავითსა და მის ხალხს ძღვენი მიართვა. ის ოჯახისთავი იყო და ეს უნდა სცოდნოდა. ვიდრე ნაბალი, თავისდა სამარცხვინოდ, სხვისგან გაიგებდა, რა საფრთხეს გადაურჩა მისი ოჯახი, მისთვის ეს აბიგაილს უნდა ეთქვა. მაგრამ ნაბალთან დალაპარაკებას აზრი არ ჰქონდა, რადგან მას მეფური ნადიმი გაემართა სახლში და გალეშილიყო (1 სამ. 25:36).

აბიგაილმა თამამად უთხრა ნაბალს, რა გააკეთა მის გადასარჩენად

21 აბიგაილი ამჯერადაც გონივრულად მოიქცა და დილამდე, ვიდრე ნაბალი არ გამოფხიზლდა, მისთვის არაფერი უთქვამს. გამოფხიზლებულთან უფრო შეიძლებოდა საუბარი, მაგრამ, მეორე მხრივ, მისი ხასიათიდან გამომდინარე, უფრო სახიფათო იყო. აბიგაილი ყველაფერს მოუყვა მას. მას ეგონა, რომ ნაბალი გაცეცხლდებოდა და რისხვას ცოლზე გადმოანთხევდა, მაგრამ რატომღაც ის გაქვავებული იჯდა (1 სამ. 25:37).

22. რა დაემართა ნაბალს, და რას ვსწავლობთ ამ შემთხვევიდან?

22 „გული ჩაუკვდა ნაბალს და გაქვავდა კაცი“, — ვკითხულობთ ბიბლიაში. შესაძლოა მას გულმა უმტყუნა. დაახლოებით ათი დღის შემდეგ ნაბალი მოკვდა და ამის მიზეზი მხოლოდ გულის შეტევა არ ყოფილა. „დაჰკრა იეჰოვამ ნაბალს და მოკვდა“ (1 სამ. 25:38). ღმერთმა სამართლიანად დასაჯა ნაბალი, რითაც აბიგაილის ტანჯვას ბოლო მოეღო. მართალია, დღეს იეჰოვა სასწაულებრივად არ ერევა ვინმეს ცხოვრებაში, მაგრამ ეს შემთხვევა შეგვახსენებს, რომ იეჰოვას მხედველობიდან არ რჩება ოჯახური ძალადობა. თავის დროზე იეჰოვა აღასრულებს სამართალს (წაიკითხეთ ლუკას 8:17).

23. როგორ აკურთხა ღმერთმა აბიგაილი, და რატომ არ გაამაყდა ის?

23 აბიგაილმა მტარვალ ქმარსაც დააღწია თავი და ღვთისგან სხვა კურთხევაც მიიღო. როცა დავითმა შეიტყო ნაბალის სიკვდილის ამბავი, აბიგაილთან მაცნეები გაგზავნა და ცოლობა სთხოვა. „მოახლედ წამოვა შენი მხევალი, რათა ჩემი ბატონის მსახურებს ფეხები დაბანოს“, — უთხრა აბიგაილმა დავითს. აბიგაილი დავითის შეთავაზების შემდეგაც არ გაამაყებულა. ის იმაზეც თანახმა იყო, რომ მომსახურებოდა დავითის მსახურებს. აბიგაილს არც ამჯერადაც დაუკარგავს  დრო. ის სწრაფად ადგა და გაჰყვა დავითის მაცნეებს (1 სამ. 25:39—42).

24. რა პრობლემების წინაშე აღმოჩნდა აბიგაილი მას შემდეგ, რაც დავითს გაჰყვა ცოლად, მაგრამ როგორი იყო ის საკუთარი ქმრისა და ღვთის თვალში?

24 მაგრამ დავითისა და აბიგაილის ქორწინება ნამდვილად არ ჰგავდა ზღაპარს, რომელსაც ბედნიერი დასასრული ჰქონდა. მათ ქორწინებას სირთულეებიც ახლდა თან. დავითს უკვე ჰყავდა ცოლი, ახინოამი. ერთგული ქალებისთვის მრავალცოლიან ოჯახში ცხოვრება არ იქნებოდა ადვილი. გარდა ამისა, დავითი ჯერ არ იყო გამეფებული და მას სერიოზული სირთულეების გადალახვა მოუწევდა მანამ, სანამ იეჰოვა გაამეფებდა. მაგრამ აბიგაილი ერთგულად ედგა დავითს მხარში და ვაჟიც გაუჩინა. აბიგაილმა იცოდა, რომ ჰყავდა ქმარი, რომელიც აფასებდა და იცავდა მას. ერთხელ დავითმა ის ტყვეობიდანაც იხსნა (1 სამ. 30:1—19). დავითი იეჰოვას ჰბაძავდა, რომელიც აფასებს გონიერ, გაბედულ და ერთგულ ქალებს.

^ აბზ. 9 აქ არ იგულისხმება შორეულ ჩრდილოეთში მდებარე ცნობილი ქარმელის მთა, სადაც მოგვიანებით წინასწარმეტყველი ელია ბაალის ცრუ წინასწარმეტყველებს დაუპირისპირდა (იხილეთ მე-10 თავი). ეს იყო სამხრეთით მდებარე ქალაქი, ფარანის უდაბნოსთან ახლოს.

^ აბზ. 10 როგორც ჩანს, დავითი თვლიდა, რომ როცა ადგილობრივ მემამულეებსა და მათ ფარას იცავდა, ამით ღმერთს ემსახურებოდა. იეჰოვას ნებით, აბრაამის, ისაკისა და იაკობის შთამომავლებს ამ მიწაზე უნდა ეცხოვრათ. ამიტომ, დამპყრობლებისა და ყაჩაღებისგან ამ მიწის დაცვა გარკვეულწილად წმინდა მსახურებას ნიშნავდა.

^ აბზ. 14 აქ გამოყენებული ფრაზა სიტყვასიტყვით ნიშნავს „ბელიარის (უვარგისის) ძეს“. ბიბლიის ზოგ თარგმანში ნაბალი აღწერილია, როგორც კაცი, „რომელიც ყურს არავის უგდებს“ და „რომელთანაც აზრი არა აქვს ლაპარაკს“.