წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე

 თავი 114

ძალაუფლებით მოსილი იესო ცხვრებს თხებისგან გამოარჩევს

ძალაუფლებით მოსილი იესო ცხვრებს თხებისგან გამოარჩევს

მათე 25:31—46

  • იესოს იგავი მოჰყავს ცხვრებსა და თხებზე

იესო კვლავ ზეთისხილის მთაზეა. ცოტა ხნის წინ მან მოიყვანა იგავები ათ ქალწულსა და ტალანტებზე. როგორ დაასრულებს იესო მოციქულებთან თავისი მოსვლისა და ქვეყნიერების აღსასრულის ნიშნის შესახებ მსჯელობას? მას ახლა ბოლო მაგალითი მოჰყავს, რომლებიც ცხვრებს და თხებს ეხება.

იესო ასეთი სიტყვებით იწყებს იგავს: „როცა მოვა კაცის ძე ანგელოზებთან ერთად თავისი დიდებით, მაშინ თავის დიდებულ ტახტზე დაჯდება“ (მათე 25:31). იესოს სიტყვებიდან აშკარად ჩანს, რომ ამ მაგალითში მთავარი ფიგურა თავადაა. იესო ხშირად უწოდებდა საკუთარ თავს „კაცის ძეს“ (მათე 8:20; 9:6; 20:18, 28).

როდის შესრულდება ეს წინასწარმეტყველური შინაარსის მაგალითი? ეს მაშინ მოხდება, როცა იესო „თავისი დიდებით“ ანგელოზებთან ერთად მოვა და „დიდებულ ტახტზე დაჯდება“. მან მოწაფეებთან საუბრის დროს უკვე აღნიშნა, რომ იხილავდნენ „ძლიერებითა და აღმატებული დიდებით ცის ღრუბლებზე მომავალ კაცის ძეს“ ანგელოზებთან ერთად. როდის მოხდება ეს? „მაშინვე, იმ დღეების გასაჭირის შემდეგ“ (მათე 24:29—31; მარკოზი 13:26, 27; ლუკა 21:27). ასე რომ, ეს წინასწარმეტყველური იგავი მაშინ შესრულდება, როცა იესო თავისი დიდებით მოვა. რას გააკეთებს იმ დროს?

იესო ხნის: „როცა მოვა კაცის ძე . . . შეიკრიბება მის წინაშე ყველა ხალხი და გამოაცალკევებს ადამიანებს ერთმანეთისგან, როგორც მწყემსი აცალკევებს ცხვრებს თხებისგან. ცხვრებს მარჯვნივ დაიყენებს, თხებს კი — მარცხნივ“ (მათე 25:31—33).

ცხვრების შესახებ, რომლებსაც მეფე თავის მარჯვნივ ანუ საპატიო ადგილას აყენებს, იესო ამბობს: «მაშინ მეფე თავის მარჯვნივ მდგომთ ეტყვის: „მოდით, მამაჩემისგან კურთხეულნო, დაიმკვიდრეთ ქვეყნიერების შექმნიდან თქვენთვის გამზადებული სამეფო“» (მათე 25:34). რატომ იმსახურებენ ცხვრები მეფის კეთილგანწყობას?

მეფე ეუბნება მათ: „მშიოდა და მაჭამეთ, მწყუროდა და დამალევინეთ, უცხო ვიყავი და სტუმართმოყვარულად მიმიღეთ, შიშველი ვიყავი და ჩამაცვით, ავად ვიყავი და მომხედეთ, საპყრობილეში ვიყავი და მინახულეთ“. როდესაც ცხვრები ანუ „მართლები“ ეკითხებიან მეფეს, როდის გაუკეთეს მას ამდენი სიკეთე, ის პასუხობს: „რაც კი ერთ ამ ჩემს უმცირეს ძმას გაუკეთეთ, მე გამიკეთეთ“ (მათე 25:35, 36, 40, 46). მათ ასეთი საქმეები ზეცაში არ გაუკეთებიათ, რადგან იქ არავინაა ავადმყოფი თუ მშიერ-მწყურვალი. აშკარაა, მათ ქრისტეს ძმებს დედამიწაზე გაუკეთეს სიკეთე.

რის თქმა შეიძლება თხებზე, რომლებსაც მეფე მარცხენა მხარეს აყენებს? იესო ამბობს: «მაშინ [მეფე] თავის მარცხნივ მდგომთაც ეტყვის: „წადით აქედან, დაწყევლილებო, მარადიულ ცეცხლში, რომელიც ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვის არის გამზადებული, რადგან მშიოდა და არ მაჭამეთ, მწყუროდა და არ დამალევინეთ, უცხო ვიყავი და სტუმართმოყვარულად არ მიმიღეთ, შიშველი ვიყავი და არ ჩამაცვით, არ მომხედეთ არც ავადმყოფობისას და არც საპყრობილეში“» (მათე 25:41—43). ამ სასჯელს თხები იმიტომ იმსახურებენ, რომ დედამიწაზე მცხოვრებ ქრისტეს ძმებს კეთილი საქმეები არ გაუკეთეს, რისი გაკეთებაც მართებდათ.

მოციქულები ხედავენ, რომ განაჩენი, რომელსაც მეფე მომავალში გამოიტანს, საბოლოო იქნება. იესო ამბობს: «ის [მეფე] კი ეტყვის პასუხად: „ჭეშმარიტებას გეუბნებით: რაც არ გაუკეთეთ არც ერთ ამ უმცირესთაგანს, მე არ გამიკეთეთ“. და ესენი მარადიულად მოიკვეთებიან, მართლები კი მარადიულად იცოცხლებენ» (მათე 25:45, 46).

მოწაფეებისთვის იესოს მიერ გაცემული პასუხი ჩვენ, მის მიმდევრებს, ბევრ რამეზე გვაფიქრებს და გვეხმარება, შევამოწმოთ საკუთარი თავი, თუ როგორი აზროვნება გვაქვს და როგორ ვიქცევით.

გაიგეთ მეტი

იესო მომავალს წინასწარმეტყველებს

რისი მომასწავებელი იყო მოწაფეებისთვის იესოს მიერ მიცემული ნიშანი?

ერთგულად დაუჭირეთ მხარი ქრისტეს ძმებს!

როგორ უჭერენ ცხებულებს მხარს ისინი, რომლებსაც იესო ცხვრებად თვლის?