არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე

 თავი 132

„ეს ნამდვილად ღვთის ძე იყო“

„ეს ნამდვილად ღვთის ძე იყო“

მათე 27:45—56; მარკოზი 15:33—41; ლუკა 23:44—49; იოანე 19:25—30

  • ძელზე გაკრული იესო სულს განუტევებს

  • იესოს სიკვდილის შემდეგ მეტად უცნაური მოვლენები ხდება

შუადღემ მოაწია, უკვე „მეექვსე საათია“. მოულოდნელად „მთელ ამ მიწაზე სიბნელე“ ისადგურებს მეცხრე საათამდე ანუ დღის სამ საათამდე (მარკოზი 15:33). ეს უკუნი სიბნელე მზის დაბნელებით არაა გამოწვეული, რაც, ძირითადად, ახალმთვარობის დროს ხდება ხოლმე. მაგრამ ახლა, ნისანის თვეში, პასექის დროს მთვარე სავსეა. ამასთან, ისიც აღსანიშნავია, რომ წყვდიადი მხოლოდ რამდენიმე წუთით კი არ ისადგურებს, როგორც, ჩვეულებისამებრ, მზის დაბნელების დროს ხდება, არამედ გაცილებით დიდხანს. აშკარაა, რომ ამაში ღვთის ხელია!

წარმოიდგინეთ, რა დღეში ჩავარდებოდა ამის დანახვაზე ხალხი, რომლებიც აბუჩად იგდებდნენ იესოს და დასცინოდნენ! ამ დროს წამების ბოძს ოთხი ქალი უახლოვდება — იესოს დედა მარიამი, სალომე, მარიამ მაგდალელი და მოციქულ იაკობ მცირის დედა მარიამი.

იესოს დედის, მარიამის გვერდით იოანე მოციქულიცაა. გულმოკლული მარიამი შესცქერის ძელზე გაკრულ მომაკვდავ შვილს, რომელსაც ცხრა თვე მუცლით ატარებდა და რომელზეც წლები ზრუნავდა. იგი იმხელა ტკივილს განიცდის, თითქოს სულში მახვილმა გაუარაო (იოანე 19:25; ლუკა 2:35). ამ საშინელ წუთებშიც კი, როცა სიკვდილის მოახლოებასთან ერთად იესოსთვის ტკივილი სულ უფრო გაუსაძლისი ხდება, ის დედამისზე ზრუნავს. იგი ძალას იკრებს და დედას იოანეზე ანიშნებს: „აი შენი ვაჟი!“. შემდეგ კი იოანეს მარიამზე ეუბნება: „აი დედაშენი!“ (იოანე 19:26, 27).

იესო თავის უსაყვარლეს მოციქულს აბარებს, რომ იზრუნოს დედამისზე, რომელიც, როგორც ჩანს, ახლა უკვე ქვრივია. მარიამის სხვა შვილებს ანუ იესოს ნახევარძმებს არ სწამთ მისი, სწორედ ამიტომ იოანეს სთხოვს, იზრუნოს მარიამის ფიზიკურ და სულიერ მოთხოვნილებებზე. მართლაც, რა კარგი მაგალითი დაგვიტოვა იესომ!

როცა იქაურობას კვლავ მზის შუქი ეფინება, იესო ამბობს: „წყალი“ და ამგვარად წმინდა წერილში ჩაწერილს ასრულებს (იოანე 19:28; ფსალმუნი 22:15). იესო ხედავს, რომ ზეციერმა მამამ „მიატოვა“ ანუ, სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით, ამ მომენტში აღარ გაუწია მფარველობა, რათა მისი ერთგულება ბოლომდე გამოცდილიყო. ამ დროს ქრისტე არამეული ენის გალილეურ დიალექტზე ამბობს: «ელი, ელი, ლამა საბაქთანი, რაც ასე ითარგმნება: „ჩემო ღმერთო, ჩემო ღმერთო, რატომ მიმატოვე“?». ზოგი იქ მდგომი არასწორად იგებს მის ნათქვამს და ამბობს: „ნახე, ელიას ეძახის“. მათგან ერთი გარბის, ღრუბელს ძმრით ჟღინთავს, ლერწამზე წამოაგებს და იესოს დასალევად აწვდის. სხვები ამბობენ: „იყოს და ვნახოთ, თუ მოვა ელია მის ჩამოსახსნელად“ (მარკოზი 15:34—36).

ამ დროს იესოს აღმოხდება: „შესრულდა!“ (იოანე 19:30). დიახ, მან ბოლომდე შეასრულა ის, რის გასაკეთებლადაც მამამ დედამიწაზე გამოგზავნა. ბოლოს კი ამბობს: „მამა, შენს ხელთ გადმომიცია ჩემი სული“ (ლუკა 23:46). ამგვარად იესო თავის მაცოცხლებელ ძალას, ასე ვთქვათ, იეჰოვას გადასცემს, რადგან დარწმუნებულია, რომ ის აღადგენს. ღმერთზე ბოლომდე მინდობილი ქრისტე თავს დაბლა ხრის და კვდება.

ამ დროს საშინელი მიწისძვრა ხდება და კლდეები სკდება. ძლიერი რყევის გამო იერუსალიმის გარეთ სამარხები იხსნება და მიცვალებულთა გვამები გარეთ იყრება. ამის თვითმხილველები „წმინდა ქალაქში“ შედიან და სხვებს მომხდარის შესახებ ამცნობენ (მათე 12:11; 27:51—53).

იესოს სიკვდილის დროს საწმინდრის მძიმე და გრძელი ფარდა, რომელიც ტაძარში წმინდას წმინდათაწმინდისგან ყოფს, თავიდან ბოლომდე, ორად იხევა. ეს გასაოცარი მოვლენა იმაზე მიუთითებს, რომ ღმერთი განრისხებულია მათზე, ვინც მისი ძე მოკლა, და იმასაც ცხადყოფს, რომ გზა წმინდათაწმინდისკენ ანუ ზეცისკენ უკვე გახსნილია (ებრაელები 9:2, 3; 10:19, 20).

გასაკვირი არ არის, რატომ იპყრობს ხალხს შიში. იქვე მყოფი ასისთავი, რომელიც დარაჯობს იმ ადგილს, სადაც იესო აწამეს, წამოიძახებს: „ეს ნამდვილად ღვთის ძე იყო“ (მარკოზი 15:39). შესაძლოა ეს კაციც იქ იყო, როცა პილატესთან იესოს საქმის განხილვის დროს მსჯელობა მიდიოდა, ნამდვილად ღვთის ძე იყო თუ არა ის. ახლა დარწმუნდა, რომ იესო აბსოლუტურად უდანაშაულოა და მართლაც ღვთის ძეა.

ამ სანახაობით შეძრული ხალხი „მკერდში მჯიღის ცემით“ ბრუნდება სახლში, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ისინი უზომოდ დამწუხრებულები და დარცხვენილები არიან (ლუკა 23:48). მათ შორის, რომლებიც შორიდან აკვირდებიან მოვლენებს, ბევრი ქალია. ეს ქალები იესოს დაჰყვებოდნენ. მომხდარის გამო ისინი სულით ხორცამდე შეძრულნი არიან.

გაიგეთ მეტი

საგუშაგო კოშკი

მარიამმა აიტანა მწუხარების მახვილი

თუ მწუხარების „დიდი მახვილი“ გტანჯავთ, იესოს დედის, მარიამის მაგალითი, თქვენთვის დამხმარე იქნება.