წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე

 თავი 138

იესო ქრისტე ღვთის მარჯვნივ

იესო ქრისტე ღვთის მარჯვნივ

საქმეები 7:56

  • იესო ღვთის მარჯვნივ ზის

  • სავლე იესოს მოწაფე ხდება

  • იესოს ერთგულ მიმდევრებს ნამდვილად აქვთ სიხარულის მიზეზი

იესოს ზეცად ამაღლებიდან ათი დღის შემდეგ მოწაფეებმა ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე წმინდა სული მიიღეს, რაც ადასტურებდა იმას, რომ მათი მოძღვარი ნამდვილად ზეცაში იყო. შემდეგ მოხდა ისეთი რამ, რამაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა ზემოთქმული. იესოს ერთგულმა მოწაფემ, სტეფანემ, სანამ თავისი მოძღვრის შესახებ დამოწმების გამო ჩაქოლავდნენ, ასეთი სიტყვები წარმოთქვა: „აი, ვხედავ გახსნილ ცას და კაცის ძეს, ღვთის მარჯვნივ მდგომს“ (საქმეები 7:56).

მას შემდეგ იესო ზეცაში მამის გვერდით იყო და ელოდებოდა, როდის მიიღებდა იმ დავალებას, რის შესახებაც ღვთის სიტყვაში იყო ნაწინასწარმეტყველები. დავითმა შთაგონებით თქვა: «იეჰოვამ ჩემს უფალს [იესოს] უთხრა: „იჯექი ჩემ მარჯვნივ, სანამ შენს მტრებს შენ ფეხქვეშ არ მოვაქცევ“». როცა ეს დრო დადგებოდა, იესო გაბატონდებოდა თავის მტრებს შორის (ფსალმუნი 110:1, 2). მაგრამ რას გააკეთებდა იგი ზეცაში მანამ, სანამ თავისი მტრების წინააღმდეგ გალაშქრების დრო დადგებოდა?

ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე ქრისტიანული კრება ჩამოყალიბდა. მაშინ იესომ თავის სულითცხებულ მოწაფეებზე ზეციდან დაიწყო მმართველობა (კოლოსელები 1:13). ის ხელმძღვანელობდა იმ საქმეს, რომელსაც ისინი ეწეოდნენ და მომავალი დავალებისთვის ამზადებდა. რა დავალებას მიიღებდნენ ისინი? ის, ვინც სიკვდილამდე ერთგული დარჩებოდა, საბოლოოდ აღდგებოდა და იესოსთან ერთად იმმართველებდა ღვთის სამეფოში.

ერთ-ერთი ასეთი სამაგალითო მოწაფე, რომელიც მომავალში მეფე გახდებოდა, იუდეველი სავლე იყო; ის თავისი რომაული სახელით, პავლეთი უფროა ცნობილი. ეს კაცი, რომელიც დიდი ხნის მანძილზე ღვთის კანონს თავგამოდებით იცავდა, იმდენად იყო მოქცეული იუდეველი რელიგიური სასულიერო პირების გავლენაში, რომ სტეფანეს ჩაქოლვაც კი მოიწონა. შემდეგ, როცა „ჯერ კიდევ ემუქრებოდა უფლის მოწაფეებს“, იგი დამასკოსკენ გაემართა. მას მღვდელმთავარ კაიაფასგან ჰქონდა მიცემული უფლებამოსილება, რომ დაეპატიმრებინა იესოს მოწაფეები და იერუსალიმში ჩაეყვანა (საქმეები 7:58; 9:1). თუმცა დამასკოსკენ მიმავალი გზად გასაოცარი მოვლენის მომსწრე გახდა — უეცრად ციდან მის გარშემო არემარეს თვალისმომჭრელი სინათლე მოეფინა, რის შემდეგაც მიწაზე დაეცა.

„სავლე, სავლე, რატომ მდევნი?“ — გაისმა ვიღაცის ხმა. „ვინა ხარ, უფალო?“ — ჰკითხა სავლემ. მან უპასუხა: „მე ვარ იესო, რომელსაც შენ დევნი“ (საქმეები 9:4, 5).

იესომ სავლეს უთხრა, რომ დამასკოში შესულიყო, სადაც დამატებით მითითებებს მიიღებდა. თუმცა ქალაქში შესვლას ის დამოუკიდებლად ვერ მოახერხებდა, რადგან თვალისმომჭრელმა სინათლემ დააბრმავა. ამ დროს იესო კიდევ ერთ ადამიანს, თავის მოწაფე ანანიასაც გამოეცხადა, რომელიც დამასკოში ცხოვრობდა. მან უთხრა მას, რომ ერთ კონკრეტულ ადგილას წასულიყო, სადაც სავლეს ნახავდა. ამის მოსმენაზე ანანია შიშმა შეიპყრო, მაგრამ იესომ დაარწმუნა იგი: „ეს კაცი ჩემი რჩეული ჭურჭელია, რათა ჩემი სახელი გაუცხადოს უცხოტომელებს, მეფეებსა და ისრაელის ძეებს“. ანანია მითითებისამებრ მოიქცა, რის შემდეგაც სავლეს მხედველობა დაუბრუნდა და დამასკოში ქადაგება დაიწყო იმის შესახებ, რომ იესო ღვთის ძე იყო (საქმეები 9:15, 20).

იესოს მხარდაჭერით პავლემ და სხვა მქადაგებლებმა შეასრულეს თავიანთი უფლის მიერ დაწყებული საქმე. ღმერთმა ისინი უხვად აკურთხა, რის წყალობითაც მათი საქმიანობა მეტად წარმატებული აღმოჩნდა. დამასკოს გზაზე მომხდარი შემთხვევიდან დაახლოებით 25 წლის შემდეგ პავლემ თქვა, რომ სასიხარულო ცნობა „ექადაგა ყველა ქმნილებას ცისქვეშეთში“ (კოლოსელები 1:23).

წლების შემდეგ იესომ თავის საყვარელ მოწაფეს, იოანეს რამდენიმე ხილვა აჩვენა, რის შესახებაც ბიბლიაში, კერძოდ წიგნ „გამოცხადებაში“ ვკითხულობთ. ამ ხილვებში იოანემ იესოს სამეფო ძალაუფლებით მოსვლა იხილა და ამგვარად, ასე ვთქვათ, უფლის მოსვლამდე დარჩა (იოანე 21:22). შთაგონებით იოანე „უფლის დღეში“ აღმოჩნდა (გამოცხადება 1:10). მაგრამ როდის უნდა დამდგარიყო ეს დღე?

ბიბლიური წინასწარმეტყველებების ღრმად გამოკვლევის შედეგად ცხადი გახდა, რომ „უფლის დღე“ თანამედროვე დროს დაიწყო. 1914 წელს ომმა იფეთქა, რომელიც პირველი მსოფლიო ომის სახელით გახდა ცნობილი. მას მერე საგრძნობლად გახშირდა ომები, დაავადებები, შიმშილობა, მიწისძვრები და სხვა მრავალი უბედურება, რამაც ცხადყო, რომ ფართო მასშტაბით დაიწყო იესოს „მოსვლისა და ქვეყნიერების აღსასრულის“ შესახებ ნაწინასწარმეტყველები ნიშნის შესრულება, რის თაობაზეც იესომ თავის დროზე მოციქულებს ამცნო (მათე 24:3, 7, 8, 14). სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგებამ, რომელიც თავიდან მხოლოდ რომის იმპერიის მასშტაბით მიმდინარეობდა, ახლა მთელი მსოფლიო მოიცვა.

იოანემ ღვთის შთაგონებით აღწერა, თუ რას ნიშნავს ეს ყოველივე: „ახლა მოვიდა ხსნა ჩვენი ღვთისგან, მისი ძლიერება და სამეფო და მისი ქრისტეს ძალაუფლება“ (გამოცხადება 12:10). დიახ, ღვთის ზეციერი სამეფო, რომლის შესახებაც იესო ყველას ამცნობდა, რეალურია!

ეს მართლაც სასიხარულო ცნობაა იესოს ყველა ერთგული მიმდევრისთვის! მათ ღრმად უნდა ჩაიბეჭდონ გულსა და გონებაში იოანეს სიტყვები: „ამიტომ გიხაროდეთ, ზეცავ და თქვენ, ვინც მასში მკვიდრობთ! ვაი მიწასა და ზღვას, ვინაიდან თქვენთან ჩამოვიდა ეშმაკი, დიდად განრისხებული, რადგან იცის, რომ დრო ცოტაღა დარჩა“ (გამოცხადება 12:12).

აქედან გამომდინარე, იესო უკვე აღარ ზის ზეციერი მამის მარჯვნივ და აღარ უწევს ლოდინი. დღეს ის მეფობს და ცოტა ხანში თავიდან მოიშორებს ყველა თავის მტერს (ებრაელები 10:12, 13). საინტერესოა, კიდევ რა ამაღელვებელი მოვლენები გველის წინ.

გაიგეთ მეტი

როდის დაიწყო ღვთის სამეფომ მმართველობა? ნაწილი 1

თუ იცით პასუხი, შეგიძლიათ ეს სხვას აუხსნათ ბიბლიის დახმარებით?