წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე

 თავი 128

პილატე და ჰეროდე ვერაფერში სდებენ იესოს ბრალს

პილატე და ჰეროდე ვერაფერში სდებენ იესოს ბრალს

მათე 27:12—14, 18, 19; მარკოზი 15:2—5; ლუკა 23:4—16; იოანე 18:36—38

  • პილატე და ჰეროდე იესოს დაკითხვას უწყობენ

იესო არ უმალავს პილატეს, რომ მეფეა. თუმცა მისი სამეფო რომის იმპერიას არანაირ საფრთხეს არ უქმნის. ის ამბობს: „ჩემი სამეფო ამ ქვეყნიერების ნაწილი არ არის. ამ ქვეყნიერების ნაწილი რომ ყოფილიყო, ჩემი მსახურები იბრძოლებდნენ, რომ იუდეველებს არ გადავცემოდი. მაგრამ ჩემი სამეფო აქედან არ არის“ (იოანე 18:36). დიახ, იესოს აქვს სამეფო, მაგრამ ეს არ არის ქვეყნიური სამეფო.

პილატეს უფრო მეტის გაგება უნდა და ამიტომ კვლავ ეკითხება: „ესე იგი, მეფე ხარ?“. თავისი პასუხით იესო მიანიშნებს მას, რომ სწორ დასკვნამდე მივიდა: „შენ თვითონ ამბობ, რომ მეფე ვარ. მე იმიტომ დავიბადე და იმიტომ მოვედი ქვეყნიერებაზე, რომ ჭეშმარიტების შესახებ დამემოწმებინა. ყველა, ვინც ჭეშმარიტების მხარეზეა, ისმენს ჩემს ხმას“ (იოანე 18:37).

იესომ ერთხელ თომას უთხრა: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე“. ახლა კი პილატეც იგებს იმის შესახებ, თუ რა მიზნით იყო იესო დედამიწაზე გამოგზავნილი — მას უნდა დაემოწმებინა „ჭეშმარიტების შესახებ“, უმთავრესად კი სამეფოს შესახებ ჭეშმარიტება უნდა ემცნო ხალხისთვის. იესოს გადაწყვეტილი აქვს, ბოლომდე იდგეს ჭეშმარიტების მხარეს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს სიცოცხლის ფასად დაუჯდება. პილატე ეკითხება: „რა არის ჭეშმარიტება?“. მაგრამ აღარ ელოდება პასუხს, რადგან ფიქრობს, რომ უკვე საკმარისი მოისმინა საიმისოდ, რომ იესოს განაჩენი გამოუტანოს (იოანე 14:6; 18:38).

პილატე ისევ გადის სასახლესთან შეკრებილ ხალხთან. როგორც ჩანს, ამ დროს იესოც მის გვერდითაა. ის უფროს მღვდლებს და მათთან მყოფ ხალხს ეუბნება: „მე ვერავითარ დანაშაულს ვერ ვპოულობ ამ კაცში“. ამ გადაწყვეტილებით აღშფოთებული ხალხი კვლავ თავისას იჟინებს: „ხალხს აშფოთებს, ასწავლის მთელ იუდეაში და გალილეიდან მოყოლებული აქამდე“ (ლუკა 23:4, 5).

პილატეს, უეჭველად, აოგნებს იუდეველთა ფანატიზმი, რომელიც ყველანაირ საღ აზრსაა მოკლებული. უფროსი მღვდლები და უხუცესები ხმამაღლა გაჰყვირიან, პილატე კი იესოს ეკითხება: „არ გესმის, რამდენს მოწმობენ შენ წინააღმდეგ?“ (მათე 27:13). იესო პასუხად არაფერს ამბობს. პილატე გაკვირვებულია, რა მშვიდადაა ეს კაცი ამდენი უსაფუძვლო ბრალდების მიუხედავად.

პილატეს მხედველობიდან არ რჩება ის, რაც იუდეველებმა თქვეს, რომ იესო ხალხში შფოთს იწვევდა „გალილეიდან მოყოლებული“, და ხვდება, რომ იგი გალილეელია. ეს მას შესაძლებლობას აძლევს, თავი აარიდოს დაკისრებულ პასუხისმგებლობას და არ გაასამართლოს იესო. ახლა იერუსალიმში პასექის აღსანიშნავად გალილეის მმართველი ჰეროდე ანტიპაა (ჰეროდე დიდი ძე) ჩასული. ასე რომ, პილატე იესოს ჰეროდესთან გზავნის. ეს ის ჰეროდეა, რომელმაც იოანე ნათლისმცემლისთვის თავის მოკვეთა ბრძანა, შემდეგ კი, როცა იესოს სასწაულების შესახებ შეიტყო, შეფიქრიანდა, იოანე მკვდრეთით ხომ არ აღდგაო (ლუკა 9:7—9).

ახლა ჰეროდე გახარებულია, რადგან იესოს ნახვის შესაძლებლობა ეძლევა. ამის მიზეზი ის არ არის, რომ მისი დახმარება ან იმის გაგება სურს, რამდენად საფუძვლიანი ბრალდებები აქვს იესოს წაყენებული. სინამდვილეში ჰეროდეს ცნობისმოყვარეობა კლავს და იმედი აქვს, „რომ მისგან რაიმე ნიშანს იხილავს“ (ლუკა 23:8). თუმცა იესო არ აკმაყოფილებს მის ცნობისმოყვარეობას. როდესაც ჰეროდე დაკითხვას უწყობს, იესო ხმას არ იღებს. იმედგაცრუებული ჰეროდე თავის ჯარისკაცებთან ერთად იესოს დამცირებას იწყებს (ლუკა 23:11). ისინი ბრჭყვიალა სამოსელს აცმევენ იესოს და მასხრად იგდებენ, რის შემდეგაც ჰეროდე ისევ პილატესთან გზავნის მას. ჰეროდე და პილატე, რომლებიც აქამდე მტრები იყვნენ, ახლა მეგობრები ხდებიან.

როცა იესო პილატესთან მიჰყავთ, ეს უკანასკნელი უფროს მღვდლებს, იუდეველთა მმართველებს და ხალხს უხმობს და ამბობს: „თქვენ წინაშე დავკითხე იგი და ვერ დავინახე თქვენ მიერ წაყენებული ბრალდებების საფუძველი. ვერც ჰეროდემ დაინახა, რადგან უკან გამოგვიგზავნა იგი. ისეთი არაფერი ჩაუდენია, რომ სიკვდილს იმსახურებდეს. ამიტომ დავსჯი და გავათავისუფლებ“ (ლუკა 23:14—16).

პილატეს ძალიან უნდა, გაათავისუფლოს იესო, რადგან ხვდება, რომ მღვდლებს შური ამოძრავებთ და ამიტომ გადასცეს იგი მას. ამ დროს პილატე ისეთ რამეს იგებს, რაც კიდევ უფრო უძლიერებს იესოს გათავისუფლების სურვილს. ის სასამართლო ტახტზე ზის, როცა თავისი ცოლის სიტყვებს გადასცემენ: „ნურაფერს უზამ მაგ უდანაშაულო კაცს, რადგან დღეს სიზმარში [როგორც ჩანს, ეს სიზმარი ღვთისგან იყო] ბევრი ვიტანჯე მის გამო“ (მათე 27:19).

პილატეს ესმის, რომ უნდა გაათავისუფლოს ეს უდანაშაულო კაცი, მაგრამ შეძლებს კი ამას?!