არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე

 თავი 126

პეტრე უარყოფს იესოს

პეტრე უარყოფს იესოს

მათე 26:69—75; მარკოზი 14:66—72; ლუკა 22:54—62; იოანე 18:15—18, 25—27

  • პეტრე უარყოფს იესოს კაიაფას სახლის ეზოში

მას შემდეგ, რაც იესო გეთსემანეს ბაღში შეიპყრეს, შეშინებული მოციქულები გაიქცნენ და მიატოვეს თავიანთი მოძღვარი. მაგრამ ორი მათგანი უკან ბრუნდება. ესენი არიან პეტრე და კიდევ „ერთი სხვა მოწაფე“, როგორც ჩანს, მოციქული იოანე (იოანე 18:15; 19:35; 21:24). შესაძლოა ისინი იესოს იმ დროს ეწევიან, როცა ის ანასთან სახლში მიჰყავთ. როდესაც ანა იესოს მღვდელმთავარ კაიაფასთან გზავნის, პეტრე და იოანე მოშორებით მიჰყვებიან. ალბათ, ისინი ორ ცეცხლს შუა არიან — თან ეშინიათ, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქროს და თან აინტერესებთ, რა ელის წინ მათ უფალს.

იოანე მღვდელმთავრის ნაცნობია, ამიტომ ადვილად ახერხებს მისი სახლის ეზოში შესვლას. პეტრე გარეთ რჩება, მაგრამ იოანე ბრუნდება და კართან მსახურ გოგონას სთხოვს, რომ პეტრეც შეუშვას. ასე რომ, ეზოში პეტრეც შედის.

ღამეა, ძალიან ცივა, ამიტომ იქ შეკრებილებს ნახშირით ცეცხლი აქვთ დანთებული და თბებიან. პეტრეც მათ შორის ჯდება და ელოდება, რით დამთავრდება იესოს გასამართლება (მათე 26:58). ამ დროს კართან მსახური გოგონა, რომელმაც პეტრე შემოუშვა, ცეცხლის შუქზე აკვირდება მას და ეკითხება: „შენც ამ კაცის მოწაფე არა ხარ?“ (იოანე 18:17). პეტრეს სხვებიც ცნობენ და ამხელენ, რომ ისიც იესოსთან ერთად იყო (მათე 26:69, 71—73; მარკოზი 14:70).

პეტრე ძალიან ცუდად გრძნობს თავს. მას არ სურს, რომ ვინმემ შეამჩნიოს და ამიტომ გასასვლელისკენ მიდის. სწორედ ამ დროს იგი უარყოფს, რომ იესოსთან ერთად იყო: „არც მაგას ვიცნობ და არც ის მესმის, რას ლაპარაკობ“ (მარკოზი 14:67, 68). ის „წყევლასა და ფიცილს“ იწყებს, რითაც აჩვენებს, რომ თავს დებს, თითქოს სიმართლეს ამბობს და თუ ეს ასე არაა, მზადაა, უბედურებაც კი დაატყდეს (მათე 26:74).

ამასობაში კი სასამართლო გრძელდება, როგორც ჩანს, კაიაფას სახლის იმ ნაწილში, რომელიც ეზოს გადმოჰყურებს. ეზოში პეტრე და სხვები, ალბათ, ხედავენ, როგორ შედიან და გამოდიან ჩვენების მისაცემად მოყვანილი მოწმეები.

პეტრეს გალილეური აქცენტი გასცემს; ხალხი ხვდება, რომ ის ტყუის. შეკრებილთა შორის ერთი კაცი იმყოფება. ის მალქეს ნათესავია, რომელსაც პეტრემ ყური ჩამოათალა. იგი პირდაპირ ბრალდებაზე გადადის: „შენ არ იყავი, ბაღში რომ გნახე მასთან ერთად?“. ამჯერად პეტრე უკვე მესამედ უარყოფს იესოს და, როგორც მოძღვარმა უთხრა კიდეც, მამალიც ყივის (იოანე 13:38; 18:26, 27).

როგორც ჩანს, ამ დროს იესო აივანზეა, რომელიც ეზოს გადაჰყურებს. იესო ტრიალდება და პეტრეს თვალს თვალში უყრის, რაც ამ უკანასკნელს, უეჭველად, გულს უკლავს. მას ახსენდება, თუ რა თქვა იესომ, სულ რამდენიმე საათის წინ ზემოთა ოთახში ყოფნისას. წარმოიდგინეთ, რა განადგურებულად გრძნობს პეტრე თავს, როცა აცნობიერებს, თუ როგორ მოიქცა! იგი გარეთ გადის და მწარედ ქვითინებს (ლუკა 22:61, 62).

როგორ დაემართა პეტრეს ასეთი რამ?! როგორ უარყო თავისი მოძღვარი კაცმა, რომელსაც თავი მოჰქონდა, რომ ერთგული და სულიერად ძლიერი იყო?! სამართალი გამრუდებულია — იესო საშიშ ბოროტმოქმედადაა შერაცხული! და ნაცვლად იმისა, რომ ამ დროს პეტრემ ეს სრულიად უდანაშაულო კაცი დაიცვას, კაცი, რომელსაც „მარადიული სიცოცხლის სიტყვები“ აქვს, ზურგს აქცევს მას (იოანე 6:68).

პეტრეს ცხოვრების ამ მეტად სევდიანი ეპიზოდიდან ჩანს, რომ თვით ღვთისმოშიში და ძლიერი რწმენის მქონე ადამიანიც კი შეიძლება გატყდეს, თუ მომზადებული არ არის იმ გამოცდებისა და განსაცდელებისთვის, რომელთა წინაშეც შეიძლება მოულოდნელად აღმოჩნდეს. ის, რაც პეტრეს დაემართა, თითოეული ღვთის მსახურისთვის გამაფრთხილებელია!