წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე

 თავი 122

იესოს ლოცვა ზემოთა ოთახში

იესოს ლოცვა ზემოთა ოთახში

იოანე 17:1—26

  • რა მოჰყვება შედეგად ღვთისა და მისი ძის გაცნობას?

  • იეჰოვას, იესოსა და მის მოწაფეებს შორის ერთობაა

იესოს ძალიან უყვარს თავისი მოციქულები, ამიტომ ამზადებს მათ იმისთვის, რომ მალე უნდა წავიდეს. ახლა ის თვალებს აღაპყრობს და მამას მიმართავს ლოცვით: „განადიდე შენი ძე, რათა ძემ განგადიდოს შენ, რადგან ძალაუფლება მიეცი მას ყოველ ხორციელზე, რათა ყველას, ვინც მას მიეცი, მარადიული სიცოცხლე მისცეს“ (იოანე 17:1, 2).

რასაკვირველია, იესომ კარგად უწყის, რომ ყველაზე მთავარი ღვთის განდიდებაა. მაგრამ იგი მარადიული სიცოცხლის იმედზეც საუბრობს, რაც მეტად მანუგეშებელია ღვთისმოშიში ადამიანებისთვის. ვინაიდან იესოს „ყოველ ხორციელზე“ აქვს ძალაუფლება, მის მიერ გაღებული გამოსასყიდით მთელ კაცობრიობას შეუძლია ისარგებლოს. თუმცა ასეთ კურთხევას მხოლოდ ერთეულები მიიღებენ, რადგან თავისი გამოსასყიდის საფუძველზე იესო მხოლოდ მათ მოუტანს მარადიულ კურთხევებს, ვინც მისი შემდეგი სიტყვების თანახმად მოიქცევა: „მარადიული სიცოცხლის მისაღებად უნდა გეცნობოდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას, ვინც შენ გამოგზავნე, იესო ქრისტეს“ (იოანე 17:3).

ადამიანმა კარგად უნდა გაიცნოს და შეიყვაროს იეჰოვა და იესო. მას მათი მსგავსი შეხედულება უნდა ჰქონდეს სხვადასხვა საკითხზე; აგრეთვე უნდა ცდილობდეს, სხვებთან ურთიერთობისას ისეთივე თვისებები გამოავლინოს, როგორსაც ისინი ავლენენ; უნდა ესმოდეს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მარადიული სიცოცხლის მიღება კი არა, ღვთის განდიდებაა.

ახლა იესო კვლავ უბრუნდება ამ თემას: „მე განგადიდე დედამიწაზე, დავასრულე საქმე, რომლის გაკეთებაც დამავალე. ახლა კი, მამა, განმადიდე იმ დიდებით, რომელიც შენთან მქონდა ქვეყნიერების შექმნამდე“ (იოანე 17:4, 5). დიახ, იესო სთხოვს მამას, რომ სიკვდილის შემდეგ მკვდრეთით აღადგინოს და დაუბრუნოს ზეციური დიდება.

თუმცა იესოს არც ის ავიწყდება, თუ რა შედეგი გამოიღო დედამიწაზე მისმა მსახურებამ. იგი მამას ეუბნება: „შენი სახელი გამოვუცხადე ადამიანებს, რომლებიც შენ მომეცი ქვეყნიერებიდან. შენები იყვნენ ისინი და მე მომეცი, და შენი სიტყვა დაიცვეს მათ“ (იოანე 17:6). იესო მსახურების დროს უბრალოდ კი არ წარმოთქვამდა ღვთის სახელს, იეჰოვას, არამედ ეხმარებოდა მოციქულებს, დაენახათ ამ სახელის მნიშვნელობა ანუ ის, თუ როგორი თვისებები აქვს და როგორ ექცევა ადამიანებს ღმერთი, რომელიც ამ სახელს ატარებს.

მოციქულებმა გაიცნეს იეჰოვა, გაიგეს, რა როლი აკისრია მის ძეს და შეიმეცნეს, რასაც იგი ასწავლიდა. შემდეგ იესო ისეთ რამეს ამბობს, რაც მის თავმდაბლობაზე მეტყველებს: „სიტყვები, რომლებიც შენ მომეცი, მათ გადავეცი. მიიღეს ისინი და ჭეშმარიტად შეიცნეს, რომ შენგან გამოვედი, და ირწმუნეს, რომ შენ გამომგზავნე“ (იოანე 17:8).

იესო განაგრძობს ლოცვას; ის მიჯნავს თავის მიმდევრებს ქვეყნიერებისგან: „ქვეყნიერებისთვის კი არ გთხოვ, არამედ მათთვის, ვინც შენ მომეცი, რადგან ისინი შენები არიან . . . წმინდა მამა, დაიცავი ისინი შენი სახელის გულისთვის, რომელიც მე მომეცი, რათა ისინიც ჩვენსავით ერთნი იყვნენ . . . დავიფარე ისინი და მათგან არავინ დაღუპულა დაღუპვის ძის გარდა“. „დაღუპვის ძეში“ იესო იუდა ისკარიოტელს გულისხმობს, რომელიც ახლა მის გასაცემადაა წასული (იოანე 17:9—12).

იესო მამას შესთხოვს: „ქვეყნიერებამ შეიძულა ისინი . . . იმას კი არ გთხოვ, ქვეყნიერებიდან წაიყვანო ისინი, არამედ იმას, რომ ბოროტისგან დაიცვა. ისინი არ არიან ქვეყნიერების ნაწილი, როგორც მე არა ვარ ქვეყნიერების ნაწილი“ (იოანე 17:14—16). მართალია, მოციქულებს და მის სხვა მოწაფეებს ქვეყნიერებაში უწევთ ცხოვრება ანუ იმ ხალხის გარემოცვაში, რომლებსაც სატანა მართავს, მაგრამ ისინი არ უნდა აითქვიფონ ამ საზოგადოებაში და არანაირი საერთო არ უნდა ჰქონდეთ მათ ბოროტ საქმეებთან. როგორ შეძლებენ ამას?

ისინი იმ შემთხვევაში შეინარჩუნებენ სიწმინდეს, ანუ იმ შემთხვევაში იქნებიან გამოყოფილნი ღვთის მსახურებისთვის, თუ იმის თანახმად იცხოვრებენ, რაც ებრაულ წერილებშია ჩაწერილი და რაც თავად იესომ ასწავლათ. იესო სთხოვს მამას: „განწმინდე ისინი ჭეშმარიტებით. შენი სიტყვა ჭეშმარიტებაა“ (იოანე 17:17). გავა დრო და ზოგი მისი მოციქული ღვთივშთაგონებით თავად დაწერს წიგნებს, რომლებიც ჭეშმარიტების ნაწილი გახდება, ჭეშმარიტების, რომელიც ადამიანს განწმენდაში ეხმარება.

მომავალში სხვებიც შეიცნობენ ჭეშმარიტებას, ამიტომ იესო მამას სთხოვს: „მხოლოდ ამათზე [იქ მყოფებზე] არ გთხოვ, არამედ იმათზეც, ვინც მათი სიტყვით მირწმუნებს“. რას სთხოვს იესო მამას მათ შესახებ: „რათა ყველანი ერთნი იყვნენ, როგორც შენ, მამა, ჩემთან ხარ ერთობაში, მე კი — შენთან, რათა ისინიც ერთობაში იყვნენ ჩვენთან“ (იოანე 17:20, 21). იესო და მისი ზეციერი მამა პირდაპირი გაგებით ერთნი არ არიან. ისინი იმ გაგებით არიან ერთნი, რომ ყველაფერში ეთანხმებიან ერთმანეთს. იესო სთხოვს მამას, რომ მის მიმდევრებსაც მსგავსი ერთობა ჰქონდეთ.

ცოტა ხნის წინ იესომ პეტრეს და სხვა მოციქულებს უთხრა, რომ ის მათთვის ადგილის მოსამზადებლად უნდა წასულიყო. ამ სიტყვებით იესო იმას გულისხმობდა, რომ ზეცაში მოუმზადებდა მათ ადგილს (იოანე 14:2, 3). ახლა იესო სწორედ ამ საკითხს უბრუნდება და მამას შესთხოვს: „მამა, მსურს, რომ ისინიც ჩემთან იყვნენ, ვინც შენ მომეცი, რათა დაინახონ ჩემი დიდება, შენგან მოცემული, რადგან ქვეყნიერების შექმნამდე შემიყვარე“ (იოანე 17:24). მისი ეს ბოლო სიტყვები იმას ადასტურებს, რომ დიდი ხნის წინათ, იმ დრომდე კარგა ხნით ადრე, სანამ ადამს და ევას შთამომავლობა ეყოლებოდათ, ღმერთს უყვარდა თავისი მხოლოდშობილი ძე, რომელიც დედამიწაზე იესო ქრისტეს სახელით გახდა ცნობილი.

ლოცვის დასასრულ, იესო კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას მამის სახელზე და მის დამოკიდებულებაზე მოციქულებისა თუ მათ მიმართ, ვინც მომავალში გაიზიარებს ჭეშმარიტებას. ის ეუბნება მამას: „ვამცნე მათ შენი სახელი და კვლავაც ვამცნობ, რათა სიყვარული, რომლითაც შემიყვარე, მათში იყოს და მე მათთან ვიყო ერთობაში“ (იოანე 17:26).