წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე

 თავი 123

ღრმად დამწუხრებული იესო გულს უღვრის მამას

ღრმად დამწუხრებული იესო გულს უღვრის მამას

მათე 26:30, 36—46; მარკოზი 14:26, 32—42; ლუკა 22:39—46; იოანე 18:1

  • იესო გეთსემანეს ბაღშია

  • „მისი ოფლი სისხლის წვეთებად იქცა“

იესო ასრულებს ლოცვას, რომელიც თავისი მოციქულების თანდასწრებით წარმოთქვა. შემდეგ ღვთის სადიდებელს მღერიან და ზეთისხილის მთისკენ მიემართებიან (მარკოზი 14:26). ისინი აღმოსავლეთისკენ, გეთსემანედ წოდებული ბაღისკენ იღებენ გეზს, სადაც ხშირად მიდის ხოლმე იესო.

იესო და მისი მოციქულები ზეთისხილის ხეებში ჩაფლულ ულამაზეს ადგილას მიდიან, სადაც იესო რვა მოციქულს ტოვებს. როგორც ჩანს, ისინი ბაღის შესასვლელთან ახლოს რჩებიან, რადგან იესო მათ ეუბნება: „აქ დასხედით, მე კი წავალ და ვილოცებ“. მას თან მიჰყავს სამი მოციქული, პეტრე, იაკობი და იოანე, და ბაღში შედის. ის ძალიან დანაღვლიანებულია და ეუბნება მათ: „ჩემი სული ღრმად არის დამწუხრებული, სიკვდილის პირასაა. დარჩით აქ და ჩემთან ერთად იფხიზლეთ“ (მათე 26:36—38).

შემდეგ ის მათგან განცალკევებით გადის, მიწაზე ემხობა და ლოცვას იწყებს. რას ევედრება იესო ღმერთს მისთვის ამ მეტად მძიმე წუთებში? ის ლოცულობს: „მამა, შენ ყველაფერი შეგიძლია. ამაცილე ეს სასმისი. თუმცა იყოს არა ის, რაც მე მინდა, არამედ ის, რაც — შენ“ (მარკოზი 14:35, 36). რას გულისხმობს ამ სიტყვებით? უარის თქმა ხომ არ სურს კაცობრიობის გამოსყიდვასა და ხსნაზე? რასაკვირველია, არა!

ზეცაში ყოფნის დროს იესო ხედავდა, რამხელა ტანჯვას განიცდიდნენ ის ადამიანები, რომლებსაც რომაელები სიკვდილით სჯიდნენ. ახლა მისთვის, როგორც ადამიანისთვის, რომელსაც სათუთი გრძნობები აქვს და რომელიც შეიგრძნობს ტკივილს, არ არის იოლი, შეხვდეს იმ განსაცდელს, რაც წინ ელის. მაგრამ მისი ძლიერი ტანჯვა და მწუხარება უმთავრესად იმითაა გამოწვეული, რომ მას ბოროტმოქმედივით მოკლავენ, რამაც შეიძლება მისი ზეციერი მამის სახელს ჩირქი მოსცხოს. სულ რაღაც რამდენიმე საათში მას, როგორც ღვთისმგმობელს, ძელზე გააკრავენ.

ხანგრძლივი ლოცვის შემდეგ იესო თავის სამ მოციქულთან ბრუნდება, რომლებიც ჩაძინებულები ხვდებიან. ის ეუბნება პეტრეს: „ნუთუ ვერ შეძელით ერთი საათი მაინც გეფხიზლათ ჩემთან ერთად? იფხიზლეთ და განუწყვეტლივ ილოცეთ, რომ არ ცდუნდეთ“. იესო ხედავს, რომ მისი მოციქულებიც განიცდიან, თანაც უკვე ძალიან გვიანია. ის დასძენს: „სული მონდომებულია, ხორცი კი — სუსტი“ (მათე 26:40, 41).

იესო მეორედ მიდის სალოცავად და მამას სთხოვს, რომ აარიდოს „ეს სასმისი“. უკან დაბრუნებული ხედავს, რომ ეს სამი მოციქული, ნაცვლად იმისა, რომ ცდუნების თავიდან ასარიდებლად ლოცვად იყოს დავარდნილი, ისევ ჩაძინებულია. როდესაც იესო მათ მიმართავს, არ იციან, რა უპასუხონ (მარკოზი 14:40). იესო მესამედაც მიდის სალოცავად, მუხლებზე ეცემა და მამას გულს უღვრის.

იგი ძალიან განიცდის, რომ მისი ზეციერი მამის სახელს ჩრდილი მიადგება, როცა ისე მოკლავენ, როგორც ბოროტმოქმედს. იეჰოვა ისმენს თავისი ძის ლოცვას და ერთ მომენტში ანგელოზსაც უგზავნის განსამტკიცებლად. იესო კიდევ „უფრო მხურვალედ“ ლოცულობს. იგი ენით აუწერელ ემოციურ ტანჯვას განიცდის. მას წარმოუდგენლად დიდი ტვირთი აწევს მხრებზე! ახლა სწორედ მასზეა დამოკიდებული, იცხოვრებენ თუ არა, როგორც თვითონ, ისე მორწმუნე ადამიანები მარადიულად. ამ ყველაფერს ის იმდენად მძაფრად შეიგრძნობს, რომ „მისი ოფლი სისხლის წვეთებად“ იქცევა და მიწას ეპკურება (ლუკა 22:44).

როცა იესო მესამედ ბრუნდება მოციქულებთან, ისინი კვლავ ჩაძინებულები ხვდებიან. ის ეუბნება: „ასეთ დროს გძინავთ და ისვენებთ! აი, მოახლოვდა ის საათი, როცა კაცის ძე ცოდვილებს გადაეცემა ხელში. ადექით, წავიდეთ. აი, ახლოს არის ჩემი გამცემი“ (მათე 26:45, 46).

გაიგეთ მეტი

რატომ უნდა ვილოცოთ იესოს სახელით?

გაიგეთ, როგორ განადიდებს ღმერთს იესოს სახელით ლოცვა და როგორ შეგვიძლია იესოს მიმართ პატივისცემის გამოხატვა.