არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე

 თავი 103

ტაძრის კიდევ ერთხელ განწმენდა

ტაძრის კიდევ ერთხელ განწმენდა

მათე 21:12, 13, 18, 19; მარკოზი 11:12—18; ლუკა 19:45—48; იოანე 12:20—27

  • იესო წყევლის ლეღვის ხეს და ტაძარს წმენდს

  • მრავალმა რომ იცოცხლოს, იესო უნდა მოკვდეს

იერიხონიდან ჩამოსვლის შემდეგ იესომ და მისმა მოწაფეებმა სამი ღამე ბეთანიაში დაჰყვეს. ახლა, 10 ნისანს, ორშაბათ დილას ისინი გეზს იერუსალიმისკენ იღებენ. იესო მშიერია. გზად ის ლეღვის ხეს ხედავს და მისკენ მიდის.

ახლა მარტის ბოლოა, ლეღვი კი, ჩვეულებრივ, ივნისამდე არ მწიფს. მაგრამ ეს ხე ნაადრევად შეფოთლილა. ამიტომ იესო ფიქრობს, რომ მას შესაძლოა საადრეო ლეღვი ესხას. თუმცა ხესთან ახლოს მისული ხედავს, რომ ის უნაყოფოა. ამ ხის გარეგნული იერსახე მატყუარა აღმოჩნდა. იესო ამბობს: „ნუღარავინ შეჭამს შენს ნაყოფს ნურასოდეს“ (მარკოზი 11:14). ამ სიტყვების თქმისთანავე ხე გახმობას იწყებს. მეორე დილით ცხადი ხდება, თუ რატომ ხმება ხე.

მალე იესო და მისი მოწაფეები იერუსალიმში ჩადიან. ის შედის ტაძარში, სადაც წინა დღით, ნაშუადღევს, დადიოდა და იქაურობას ათვალიერებდა. დღეს კი მხოლოდ დათვალიერებით არ შემოიფარგლება. ახლა იგი ისეთივე ზომებს იღებს, როგორიც სამი წლის წინ, ახ. წ. 30 წელს, პასექის დღესასწაულის დროს მიიღო (იოანე 2:14—16). ამჯერად იესო გარეთ ყრის მათ, ვისაც ტაძარში ვაჭრობა აქვს გაჩაღებული და მაგიდებს უყირავებს ფულის გადამცვლელებს, მტრედების გამყიდველებს კი — სკამებს (მარკოზი 11:15). ის იმის უფლებასაც არ აძლევს ხალხს, რომ გზის შემოკლების მიზნით ქალაქის მეორე მხარეს რაიმე ნივთი ტაძრის ეზოს გავლით გაიტანონ.

რატომ იღებს იესო ასეთ მკაცრ ზომებს მათთან მიმართებით, ვინც ტაძარში ფულის გადაცვლითა და ცხოველების გაყიდვითაა დაკავებული? იგი ამბობს: «განა დაწერილი არ არის: „ჩემს სახლს ყველა ხალხის სამლოცველო სახლი დაერქმევა“? თქვენ კი ყაჩაღების ბუნაგად აქციეთ» (მარკოზი 11:17). იესო ამ კაცებს ყაჩაღებს იმიტომ უწოდებს, რომ ისინი ძალიან დიდი საფასურის გადახდას ითხოვენ მათგან, ვისაც შესაწირავი ცხოველის ყიდვა სურს. იესო მათ საქციელს გამოძალვად და ყაჩაღობად მიიჩნევს.

მომხდარის შესახებ უფროსი მღვდლები, მწიგნობრები და გავლენიანი პირები იგებენ და კიდევ უფრო დიდი მონდომებით ეძებენ მისი მოკვლის შესაძლებლობას. მაგრამ არის ერთი რამ, რაც ხელს უშლით თავიანთი ბოროტი განზრახვის განხორციელებაში — მათ არ იციან, როგორ მოიშორონ იესო თავიდან, რადგან უამრავი ხალხი დაჰყვება და უსმენს მას.

პასექის აღსანიშნავად არა მარტო იუდეველები, არამედ იუდაიზმზე მოქცეული პროზელიტებიც არიან იერუსალიმში ჩასული. დღესასწაულზე თაყვანსაცემად ბერძნებიც არიან ასულები. ისინი ფილიპესთან მიდიან, როგორც ჩანს, იმის გამო, რომ მას ბერძნული სახელი აქვს, და იესოსთან შეხვედრას სთხოვენ. ფილიპე შესაძლოა ყოყმანობს; მას აფიქრებს, რამდენად მართებულია მათი იესოსთან შეხვედრა, ამიტომ ანდრიასთან მიდის ამ საკითხზე დასალაპარაკებლად. შემდეგ ორივენი იესოსთან მიდიან მოსათათბირებლად, რომელიც შესაძლოა ჯერ კიდევ ტაძარშია.

იესომ იცის, რომ იგი რამდენიმე დღეში უნდა მოკვდეს, ამიტომ ახლა არ არის იმის დრო, ხალხის ცნობისმოყვარეობა დააკმაყოფილოს ან მათგან აღიარება მოიპოვოს. ის ანდრიასა და ფილიპეს მაგალითის მეშვეობით პასუხობს: „მოვიდა კაცის ძის განდიდების საათი. ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: თუ ხორბლის მარცვალი მიწაში არ ჩავარდა და არ მოკვდა, ცალად დარჩება, მაგრამ თუ მოკვდა, ბევრ ნაყოფს გამოიღებს“ (იოანე 12:23, 24).

ხორბლის ერთი მარცვალი შეიძლება დიდად არ ფასობს, მაგრამ თუ ის დაითესება და, როგორც თესლი, „მოკვდება“, გაღივდება, აღმოცენდება და დროთა განმავლობაში ბევრ ნაყოფს გამოიღებს. მსგავსად, იესოც ერთადერთი სრულყოფილი მამაკაცია. იგი სიკვდილამდე ღვთის ერთგული დარჩება და ამგვარად მრავალს, ვისაც მის მსგავსად თავგანწირვის სული აქვს, მარადიული სიცოცხლისკენ გაუხსნის გზას. ამიტომ ამბობს: „ვისაც თავისი სული უყვარს, სპობს მას, ხოლო ვისაც თავისი სული სძულს ამ ქვეყნიერებაში, მარადიული სიცოცხლისთვის დაიცავს მას“ (იოანე 12:25).

იესო მხოლოდ საკუთარ თავზე არ ფიქრობს, რაც კარგად ჩანს მისი სიტყვებიდან: „ვისაც უნდა, რომ მემსახუროს,  გამომყვეს და სადაც მე ვარ, ჩემი მსახურიც იქ იქნება. ვისაც უნდა, რომ მემსახუროს, მამა პატივისცემით მოეპყრობა მას“ (იოანე 12:26). რამხელა ჯილდოა! ისინი, ვისაც ზეციერი მამა პატივისცემით ეპყრობა, ქრისტესთან ერთად იმეფებენ.

იესო, რომელმაც იცის, რამხელა ტანჯვა ელოდება წინ და რა საშინელი სიკვდილით მოკვდება, ამბობს: „ახლა ჩემი სული აფორიაქებულია და რა ვთქვა? მამა, მიხსენი ამ საათისგან“. მაგრამ მას არ სურს, უარი თქვას ღვთის ნების შესრულებაზე და დასძენს: „თუმცა ამისთვის მოვედი ამ საათამდე“ (იოანე 12:27). იესოს უნდა, ღვთის ყველა განზრახვა შესრულდეს და იმისთვისაც მზადაა, რომ მსხვერპლად გაიღოს თავისი სიცოცხლე.