არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე

 თავი 104

გამოავლენენ იუდეველები რწმენას ღვთის ხმის გაგონებაზე?

გამოავლენენ იუდეველები რწმენას ღვთის ხმის გაგონებაზე?

იოანე 12:28—50

  • ღვთის ხმა ერთდროულად ბევრ ადამიანს ესმის

  • რის საფუძველზე მოხდება გასამართლება

ორშაბათია, 10 ნისანი. იესო ტაძარში ასწავლის. იგი ამბობს, რომ მოახლოვდა მისი სიკვდილის დღე. იესო განიცდის — მას არ უნდა, რომ ღვთის სახელი შეიბღალოს. ის მამას მიმართავს: „მამა, განადიდე შენი სახელი“. ამ დროს ციდან მგრგვინავი ხმა გაისმის: „განვადიდე და კვლავაც განვადიდებ“ (იოანე 12:27, 28).

ამის მოსმენა ირგვლივ მდგომი ხალხის შეცბუნებას იწვევს. ზოგი ფიქრობს, რომ ეს ქუხილის ხმა იყო, სხვები კი ამბობენ, „მას ანგელოზი ელაპარაკებოდაო“ (იოანე 12:29). სინამდვილეში მათ ახლა იეჰოვას ხმა მოისმინეს. იესოს დედამიწაზე ყოფნის დროს ეს უკვე მესამედ გაიგონეს ადამიანებმა ღვთის ხმა.

სამწელიწად-ნახევრის წინ, როცა იესო მოინათლა, ღვთის ხმა იოანე ნათლისმცემელმა მოისმინა, რომელმაც იესოს შესახებ დაამოწმა: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მე მოვიწონე“. მოგვიანებით, ახ. წ. 32 წელს, პასექის აღნიშვნის შემდეგ, მაშინ როცა იესო იაკობის, იოანესა და პეტრეს წინ გარდაისახა, ამ სამმა მოციქულმაც მოისმინა ღვთის ხმა: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მე მოვიწონე. მას უსმინეთ“ (მათე 3:17; 17:5). თუმცა ახლა, როცა იეჰოვას ხმა მესამედ გაისმის, ამის მოწმე მხოლოდ თითო-ოროლა კი არა, ბევრი ადამიანი ხდება.

იესო ამბობს: „ეს ხმა ჩემთვის არ ყოფილა, თქვენთვის იყო“ (იოანე 12:30). ეს ნამდვილად ამტკიცებს, რომ იესო ღვთის ძე, ნაწინასწარმეტყველები მესიაა.

ღვთისადმი თავისი ერთგულებით იესო საუკეთესო მაგალითს გვაძლევს თითოეულ ჩვენგანს და ამტკიცებს, რომ სატანა ეშმაკი, ამ ქვეყნიერების მმართველი, განადგურებას იმსახურებს. იესო ამბობს: „ახლა ქვეყნიერების სასამართლოა, ამ ქვეყნიერების მმართველი ახლა გარეთ განიდევნება“. მალე იესოს მოკლავენ, მაგრამ მისი სიკვდილი მარცხი კი არა, გამარჯვება იქნება! რატომ შეგვიძლია ამის თქმა? იესო თავად ჰფენს ამას ნათელს: „მე კი, როცა მიწიდან ავმაღლდები, ყველანაირ ადამიანს მივიზიდავ ჩემთან“ (იოანე 12:31, 32). იმის წყალობით, რომ ძელზე წამებით მოკვდება, იესო სხვებს თავისკენ მიიზიდავს და მარადიული სიცოცხლისკენ გაუხსნის გზას.

იესოს სიტყვებზე, „მიწიდან ავმაღლდებიო“, ხალხი ამბობს: „კანონიდან გაგვიგონია, რომ ქრისტე მარადიულად რჩება. როგორღა ამბობ, კაცის ძე უნდა ამაღლდესო? ვინ არის ეს კაცის ძე?“ (იოანე 12:34). მიუხედავად იმისა, რომ ამ ხალხს ამდენი მტკიცებულება აქვს და ღვთის ხმაც კი მოისმინეს, მათი უმეტესობა არ აღიარებს, რომ იესო ნამდვილად კაცის ძეა, აღთქმული მესია.

იესომ აქამდეც არაერთხელ აღნიშნა, რომ „სინათლეა“ და ახლაც ამავეს ამბობს (იოანე 8:12; 9:5). ის მოუწოდებს ხალხს: „სინათლე კიდევ ცოტა ხანს იქნება თქვენ შორის. იარეთ, სანამ სინათლე გაქვთ, რათა სიბნელემ არ მოგიცვათ . . . სანამ სინათლე გაქვთ, ირწმუნეთ სინათლე, რათა სინათლის ძეები გახდეთ“ (იოანე 12:35, 36). ამის შემდეგ იესო ტოვებს იქაურობას, რადგან მისი სიკვდილის დღე ჯერ არ დამდგარა. იგი 14 ნისანს, პასექის დღესასწაულზე უნდა „ამაღლდეს“ — ძელზე უნდა იქნას გაკრული (გალატელები 3:13).

თუ თვალს გადავავლებთ დედამიწაზე იესოს მსახურების პერიოდს, დავინახავთ, რომ იუდეველებმა არ ირწმუნეს იგი, რითაც წინასწარმეტყველება შესრულდა. როგორც ესაიამ იწინასწარმეტყველა, ხალხს გული გაუუხეშდებოდა და თვალებით ვერ დაინახავდა, რათა არ მობრუნებულიყვნენ და არ განკურნებულიყვნენ (ესაია 6:10; იოანე 12:40). ნამდვილად, იუდეველთა უმეტესობა ჯიუტად უარყოფს არაერთ მტკიცებულებას, რომლებიც აშკარად ადასტურებს, რომ იესოა აღთქმული მხსნელი და რომ იგი ხალხს სიცოცხლისკენ გაუხსნის გზას.

ნიკოდემემ, იოსებ არიმათეელმა და კიდევ სხვა ბევრმა მმართველმა ირწმუნეს იესო. მაგრამ, საინტერესოა, გამოავლენენ რწმენას თუ თავს შეიკავებენ იმის შიშით, რომ სინაგოგიდან მოკვეთენ ან ადამიანთაგან დიდებას ვეღარ მიიღებენ? (იოანე 12:42, 43).

 იესო ხსნის: „ვისაც მე ვწამვარ, მარტო მე კი არა, ჩემი გამომგზავნელიცა სწამს, და ვინც მე მხედავს, ჩემს გამომგზავნელსაც ხედავს“. ის, რასაც იესო ღვთის მითითებით ასწავლის და აუწყებს ხალხს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, იმდენად მნიშვნელოვანი, რომ იგი ამბობს: „მას, ვინც არაფრად მაგდებს და ჩემს სიტყვებს არ იღებს, ჰყავს გამსამართლებელი. ჩემ მიერ ნათქვამი სიტყვა გაასამართლებს მას უკანასკნელ დღეს“ (იოანე 12:44, 45, 48).

ბოლოს ის ასეთ დასკვნას აკეთებს: „ჩემით კი არ ვილაპარაკე, არამედ თვითონ მამამ, რომელმაც გამომგზავნა, მომცა მცნება, რა ვთქვა და რა ვილაპარაკო. ისიც ვიცი, რომ მისი მცნება მარადიულ სიცოცხლეს ნიშნავს“ (იოანე 12:49, 50). იესომ იცის, რომ ძალიან მალე სიცოცხლე უნდა გაიღოს და საკუთარი სისხლი დაღვაროს მათ სახსნელად, ვინც რწმენას ავლენს მის მიმართ (რომაელები 5:8, 9).

გაიგეთ მეტი

რას გვამცნობს ბიბლია?

მესიის გამოჩენა

როგორ გამოიყენა იეჰოვამ ანგელოზები და იოანე ნათლისმცემელი, რომ განეცხადებინა, რომ იესო მესია იყო? როგორ დაადასტურა ღმერთმა თავად, რომ იესო მისი ძე და მესია იყო?