წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე

 თავი 112

იგავი ათ ქალწულზე მოწაფეებს სიფხიზლისკენ მოუწოდებს

იგავი ათ ქალწულზე მოწაფეებს სიფხიზლისკენ მოუწოდებს

მათე 25:1—13

  • იესოს იგავი მოჰყავს ათ ქალწულზე

როგორც დავინახეთ, იესომ პასუხი გასცა მოციქულებს, რომელთაც აინტერესებდათ, რა იქნებოდა მისი მოსვლისა და ქვეყნიერების აღსასრულის ნიშანი. ახლა იგი კვლავ აგრძელებს ამ თემაზე საუბარს. მას კიდევ ერთი მაგალითი მოჰყავს და მოციქულებს გონივრულ რჩევას აძლევს. ამ წინასწარმეტყველური მაგალითის შესრულების მოწმენი ისინი გახდებიან, ვინც იმ დროს იცხოვრებს, როცა იესო მოსული იქნება.

იესო იგავის თხრობას ასე იწყებს: „ზეციერი სამეფო დაემსგავსება ათ ქალწულს, რომლებმაც აიღეს თავიანთი ლამპრები და ნეფის შესაგებებლად გავიდნენ. ხუთი მათგანი უგუნური იყო, ხუთი — გონიერი“ (მათე 25:1, 2).

იესო იმას არ გულისხმობს, რომ მის მოწაფეთაგან, რომლებიც ზეციერ სამეფოს დაიმკვიდრებენ, ნაწილი უგუნურია, ხოლო ნაწილი — გონიერი. მას იმის თქმა სურს, რომ თითოეული ეს მოწაფე თავად ირჩევს, სიფხიზლეს შეინარჩუნებს თუ მოდუნდება და ყურადღებას სხვა რამეზე გადაიტანს. თუმცა იესოს ეჭვი არ ეპარება, რომ ყველა მის მიმდევარს შეუძლია ერთგული დარჩეს და ზეციერი მამისგან კურთხევები მიიღოს.

მოყვანილ იგავში ათი ქალწული ნეფის შესაგებებლად მიდის, რათა საზეიმო მსვლელობას შეუერთდნენ. როცა ნეფე მოვა და პატარძალს მის მისაღებად მომზადებულ სახლში წაიყვანს, ქალწულები მათ თავიანთი ლამპრებით გაუნათებენ გზას, რითაც ნეფისადმი პატივისცემას გამოავლენენ. ვნახოთ, რა ხდება შემდეგ.

იესო განაგრძობს: „უგუნურებმა ლამპრები აიღეს, მაგრამ ზეთი არ წაიღეს თან. გონიერებმა კი ლამპრებთან ერთად ჭურჭლით ზეთიც გაიყოლეს. ნეფე აყოვნებდა და ყველას ჩასთვლიმა და ჩაეძინა“ (მათე 25:3—5). ნეფე იმ დროს არ მოდის, როცა მას ელოდებიან. როგორც ჩანს, მან იმდენად დააყოვნა, რომ ქალწულებს ჩაეძინათ. შესაძლოა მოციქულებს ახსენდებათ, თუ რა თქვა იესომ დიდგვაროვანზე, რომელიც შორეულ ქვეყანაში სამეფო ძალაუფლების მისაღებად წავიდა და შემდეგ უკან დაბრუნდა (ლუკა 19:11—15).

ათი ქალწულის შესახებ იგავში იესო აღწერს, რა ხდება, როდესაც საბოლოოდ ნეფე მოდის: «შუაღამისას ხმა გაისმა: „ნეფე მოდის! გამოდით შესაგებებლად!“» (მათე 25:6). საინტერესოა, მზად არიან ამ დროს ქალწულები და ფხიზლობენ?

იესო აგრძელებს თხრობას: «მაშინ ქალწულები წამოდგნენ და თავ-თავიანთი ლამპრები გამართეს. უგუნურებმა უთხრეს გონიერებს: „ცოტა ზეთი მოგვეცით, ლამპრები გვიქრება“. გონიერებმა მიუგეს: „მერე შეიძლება არც ჩვენ გვეყოს და არც თქვენ. უმჯობესია, გამყიდველებთან წახვიდეთ და იყიდოთ“» (მათე 25:7—9).

როგორც ვხედავთ, ხუთი უგუნური ქალწული არ ფხიზლობს და მზად არ არის ნეფის დასახვედრად. მათ არ აქვთ თავიანთი ლამპრებისთვის საკმარისი ზეთი და რაიმე უნდა იღონონ, რომ როგორმე იშოვონ. იესო განაგრძობს: «სანამ ისინი საყიდლად იყვნენ წასულები, მოვიდა ნეფე. ქალწულები, რომლებიც მზად იყვნენ, მასთან ერთად შევიდნენ საქორწილო წვეულებაზე და კარი დაიკეტა. მოგვიანებით დანარჩენი ქალწულებიც მოვიდნენ. „ბატონო, ბატონო, გაგვიღე!“ — ეუბნებოდნენ ისინი. მან კი მიუგო: „ჭეშმარიტებას გეუბნებით: არ გიცნობთ“» (მათე 25:10—12). რა ცუდად დამთავრდა ყველაფერი მათთვის, ვინც ბოლომდე არ შეინარჩუნა მზადყოფნა და სიფხიზლე!

მოწაფეები, წესით, უნდა მიხვდნენ, რომ ნეფე თავად იესოა. მან ხომ ერთხელ საკუთარი თავი ნეფეს შეადარა (ლუკა 5:34, 35). რა შეიძლება ითქვას გონიერ ქალწულებზე? როდესაც იესო საუბრობდა „მცირე სამწყსოზე“, რომელიც სამეფოს დაიმკვიდრებს, ასეთი სიტყვები თქვა: „წელზე სარტყელი გქონდეთ შემორტყმული, ლამპრები კი — ანთებული“ (ლუკა 12:32, 35). აქედან გამომდინარე, მოციქულებს შეუძლიათ დაასკვნან, რომ ქალწულების შესახებ იგავში იესო სწორედ მათ გულისხმობს. რის ხაზგასმა სურს ამ მაგალითით იესოს?

იგი მაგალითს ისეთი სიტყვებით ასრულებს, საიდანაც კარგად იკვეთება ამ კითხვაზე პასუხი: „იფხიზლეთ, რადგან არც დღე იცით და არც საათი“ (მათე 25:13).

იესოს რჩევა ნათელია: როცა ის მოსული იქნება, მისმა ერთგულმა მიმდევრებმა უნდა იფხიზლონ. იესო აუცილებლად მოვა, ისინი კი ხუთი გონიერი ქალწულის მსგავსად, მზად უნდა იყვნენ და იფხიზლონ, რათა ყოველთვის ახსოვდეთ თავიანთი გასაოცარი იმედი და არ დაკარგონ დაპირებული ჯილდო.

გაიგეთ მეტი

ნამდვილად „ბოლო დღეებში“ ვცხოვრობთ?

დაფიქრდით: ადამიანთა საქციელი და აზროვნება ნამდვილად ამტკიცებს, რომ ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველებ „ბოლო დღეებში“ ვცხოვრობთ.

რა არის ქრისტეს მოსვლის მიზანი?

რა არის ქრისტეს მოსვლის მიზანი? როგორი სხეულით მოვა ის და რას გააკეთებს?

„იფხიზლეთ!“

გაეცანით, თუ როგორ აიხსნა იესოს იგავი ათი ქალწულზე, რამაც უფრო მარტივი და ადვილად გასაგები გახადა იგავის დედააზრი.