არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე

 თავი 121

„გამაგრდით! მე ვძლიე ქვეყნიერებას“

„გამაგრდით! მე ვძლიე ქვეყნიერებას“

იოანე 16:1—33

  • მალე მოციქულები ვეღარ იხილავენ იესოს

  • მოციქულების მწუხარება სიხარულით შეიცვლება

იესო თავის მოციქულებთან ერთად სადაცაა დატოვებს ზემოთა ოთახს, სადაც პასექი აღნიშნეს. მან მეტად მნიშვნელოვანი რჩევა მისცა მათ, ახლა კი ეუბნება: „ეს ყველაფერი იმიტომ გითხარით, რომ არ დაბრკოლდეთ“. რატომ არის ეს გაფრთხილება მეტად დროული? ის ამბობს: „სინაგოგიდან მოგკვეთენ. მოდის საათი, როცა ყველა თქვენს მკვლელს ეგონება, რომ ამით ღმერთს წმინდა მსახურებას უსრულებს“ (იოანე 16:1, 2).

ამ სიტყვების მოსმენა, როგორც ჩანს, ანაღვლიანებს მოციქულებს. მართალია, იესომ უკვე უთხრა, რომ ქვეყნიერება შეიძულებდათ, მაგრამ აქამდე პირდაპირ არ უთქვამს, რომ მოწინააღმდეგეები მოკლავდნენ. რატომ დუმდა იესო ამ დრომდე? ის უხსნის: „თავიდანვე არ გითხარით, რადგან თქვენთან ვიყავი“ (იოანე 16:4). ახლა კი, სანამ დატოვებს, აფრთხილებს მათ. ეს შესაძლოა მოგვიანებით დაეხმაროთ, არ დაბრკოლდნენ.

იესო განაგრძობს: „ახლა კი ჩემს გამომგზავნელთან მივდივარ, მაგრამ არც ერთი თქვენგანი არ მეკითხება, სად მიდიხარო“. ამ საღამოს მათ უკვე ჰკითხეს, სად აპირებდა წასვლას (იოანე 13:36; 14:5; 16:5). მაგრამ ახლა, როცა ისმენენ, რა განსაცდელები ელით წინ, გულს ნაღველი აწვებათ და აღარაფერს ეკითხებიან იესოს იმის თაობაზე, თუ როგორ განდიდდება მომავალში და რა მნიშვნელობა ექნება ამას ჭეშმარიტი თაყვანისმცემლებისთვის. იგი შენიშნავს: „ეს რომ გითხარით, მწუხარებით აგევსოთ გულები“ (იოანე 16:6).

შემდეგ იესო განუმარტავს: „თქვენი გულისთვის მივდივარ. მე რომ არ წავიდე, დამხმარე ვერ მოვა თქვენთან, ხოლო თუ წავალ, გამოგიგზავნით მას“ (იოანე 16:7). იესოს მოწაფეები მხოლოდ მისი სიკვდილისა და ზეცაში წასვლის შემთხვევაში მიიღებენ წმინდა სულს, რომელსაც იგი დედამიწის ნებისმიერ კუთხეში გაუგზავნის დამხმარედ ღვთის მსახურებს.

წმინდა სული „დამაჯერებელ მტკიცებას წარუდგენს ქვეყნიერებას ცოდვის, სიმართლისა და სასამართლოს შესახებ“ (იოანე 16:8). დიახ, მალე გამოაშკარავდება, რომ ქვეყნიერებას არ სწამს ღვთის ძის; იესოს ზეცად ამაღლება მისი სიმართლის დამაჯერებელი მტკიცებულება იქნება; ეს აგრეთვე ფარდას ახდის იმას, თუ რატომ იმსახურებს სატანა, „ქვეყნიერების მმართველი“ მკაცრ სასჯელს (იოანე 16:11).

„კიდევ ბევრი რამ მაქვს თქვენთვის სათქმელი, — განაგრძობს იესო. — მაგრამ ამჯერად ვერ ჩასწვდებით“. მას შემდეგ, რაც იესო წმინდა სულს გადმოაფრქვევს მათზე, ეს სული წარუძღვება მათ „ყოველი ჭეშმარიტებისკენ“ და ისინი შეძლებენ მის თანახმად ცხოვრებას (იოანე 16:12, 13).

იესოს შემდეგი განაცხადი დაბნეულობაში აგდებს მოციქულებს: „ცოტა ხანში ვეღარ მიხილავთ, კიდევ ცოტაც და მიხილავთ“. ისინი ერთმანეთს ეკითხებიან, რას გულისხმობს იესო. იგი ხვდება, რის კითხვა სურთ და უხსნის: „ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: იტირებთ და მოთქმას დაიწყებთ, ქვეყნიერება კი გაიხარებს. დამწუხრდებით, მაგრამ მწუხარება სიხარულად გექცევათ“ (იოანე 16:16, 20). ნაშუადღევს, როცა იესოს მოკლავენ, უფროსი მღვდლები და სხვები გაიხარებენ, მაგრამ მოწაფეები დამწუხრდებიან. თუმცა თავიანთი მოძღვრის აღდგომის შემდეგ მათ მწუხარებას სიხარული შეცვლის. მაგრამ ყველაფერი ამით არ დამთავრდება; იესო ღვთის წმინდა სულს გადმოაფრქვევს მათზე, რაც არანაკლებ სასიხარულო იქნება.

იესო მოციქულების მდგომარეობას მშობიარე ქალის მდგომარეობას ადარებს: „ქალი წუხს მშობიარობისას, რადგან მოსულია მისი საათი, მაგრამ ბავშვს რომ გააჩენს, სიხარული გასაჭირს ავიწყებს, რადგან ადამიანი გაჩნდა ქვეყნიერებაზე“. იგი ამხნევებს თავის მოციქულებს: „ახლა თქვენც წუხხართ, მაგრამ კვლავ გნახავთ და თქვენი გულები გაიხარებს და სიხარულს ვერავინ წაგართმევთ“ (იოანე 16:21, 22).

ამ დრომდე იესოს მოციქულებს არასდროს უთხოვიათ ღვთისთვის რაიმე მისი ძის სახელით. ახლა კი ის ეუბნება მათ: „იმ დღეს ჩემი სახელით ითხოვთ“. რატომ უნდა მოიქცნენ ასე? არა იმიტომ, რომ მამა უხალისოდ  ისმენს მათ თხოვნას. იესო უხსნის: „მამას უყვარხართ, რადგან მე შემიყვარეთ და ირწმუნეთ, რომ მამისგან გამოვედი“ (იოანე 16:26, 27).

მოციქულების შემდეგი სიტყვებიდან ჩანს, რომ იესოს ნათქვამმა ძალები შეჰმატათ: „ამიტომაც ვირწმუნეთ, რომ ღვთისგან გამოხვედი“. მალე მათ საქმით მოუწევთ იმის დამტკიცება, ნამდვილად სჯერათ თუ არა ამის. იესო ეუბნება, რა ელოდებათ წინ: „მოდის საათი და მოვიდა კიდეც, როცა ყველა თქვენ-თქვენ სახლებში დაიფანტებით და მარტო დამტოვებთ“. თუმცა აქვე ამხნევებს კიდეც: „ეს ყოველივე გითხარით, რათა ჩემით მშვიდობა გქონდეთ. ქვეყნიერებაში გასაჭირი გაქვთ, მაგრამ გამაგრდით! მე ვძლიე ქვეყნიერებას“ (იოანე 16:30—33). იესო ნამდვილად არ აპირებს მოციქულების მიტოვებას. მას ოდნავადაც არ ეპარება ეჭვი, რომ, მის მსგავსად, ისინიც სძლევენ ქვეყნიერებას — სატანისა და მისი ქვეყნიერების ყველა მცდელობის მიუხედავად, შეარყიონ მათი ერთგულება, ისინი მაინც უერთგულებენ ღმერთს და შეასრულებენ მის ნებას.