წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე

 თავი 79

რატომ დაატყდება ებრაელ ერს სასჯელი

რატომ დაატყდება ებრაელ ერს სასჯელი

ლუკა 13:1—21

  • იესო ხალხის გასაფრთხილებლად ორ უბედურ შემთხვევას იყენებს

  • იესო შაბათს ერთ ქალს კურნავს

იესო მრავალგზის ეცადა, თავისი მსმენელი დაეფიქრებინა იმაზე, თუ როგორი ურთიერთობა აქვთ ღმერთთან. მას შემდეგ, რაც ფარისევლის სახლთან შეკრებილ ხალხს ესაუბრა, იესოს კიდევ ერთხელ მიეცა ზემოხსენებულ თემაზე საუბრის შესაძლებლობა.

ამჯერად მის გარშემო შეკრებილთაგან ზოგი იუდეველთა თავს დატრიალებულ ერთ უბედურ შემთხვევას იხსენებს. ისინი ჰყვებიან „გალილეელთა შესახებ, რომელთა სისხლიც [რომაელმა მმართველმა პონტიუს] პილატემ მათივე მსხვერპლის სისხლს შეურია“ (ლუკა 13:1). რა აქვთ მათ მხედველობაში?

შესაძლოა ეს გალილეელები მაშინ დაიხოცნენ, როდესაც ათასობით იუდეველი პროტესტის ნიშნად პილატეს წინააღმდეგ გამოვიდა, რადგან ეს უკანასკნელი ტაძრის საგანძურიდან აღებულ თანხებს იერუსალიმში წყლის შეყვანის მიზნით აკვედუკის ასაგებად იყენებდა. როგორც ჩანს, პილატეს ამ თანხებზე იმიტომ მიუწვდებოდა ხელი, რომ ტაძარში გავლენიან პირებთან ჰქონდა საქმე დაჭერილი. ეს ხალხი, რომელიც ამ უბედურ შემთხვევას იხსენებს, შესაძლოა ფიქრობს, რომ გალილეელებს უბედურება თავიანთი ბოროტი საქმეების გამო დაატყდათ თავს. მაგრამ იესო არ ეთანხმება მათ.

იგი ეკითხება: „ხომ არ გგონიათ, ეს გალილეელები სხვა გალილეელებზე ცოდვილები იყვნენ, ეს რომ დაემართათ?“. იესოს პასუხიდან ჩანს, რომ ის ასე არ ფიქრობს, თუმცა ამ შემთხვევას იუდეველთა გასაფრთხილებლად იყენებს. ის ამბობს: „თუ არ მოინანიებთ, ყველა მათსავით დაიღუპებით“ (ლუკა 13:2, 3). შემდეგ იესო სხვა უბედურ შემთხვევას მოიხსენიებს, რომელიც, როგორც ჩანს, არც ისე დიდი ხნის წინ მოხდა და სწორედ ამ აკვედუკის მშენებლობას უკავშირდება. ის ეკითხება მათ:

„ხომ არ გგონიათ, იმ თვრამეტ კაცს, რომლებსაც სილოამში კოშკი დაეცა და დაიხოცნენ, უფრო მეტი ვალი ჰქონდათ, ვიდრე იერუსალიმის ყველა მკვიდრს?“ (ლუკა 13:4). შესაძლოა ხალხი ფიქრობს, რომ ეს ადამიანები თავიანთი ბოროტების გამო დაიხოცნენ. იესო ამჯერადაც არ ეთანხმება მათ. მან იცის, რომ ზოგჯერ „დრო და შემთხვევა“ იწვევს ასეთ უბედურებებს და, როგორც ჩანს, ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა (ეკლესიასტე 9:11). თუმცა ხალხმა ამ ორი შემთხვევიდან რაღაც უნდა ისწავლოს. იესო ეუბნება მათ: „თუ არ მოინანიებთ, ყველანი მათსავით დაიღუპებით“ (ლუკა 13:5). საინტერესოა, ახლა რატომ ამბობს იესო ამ სიტყვებს.

ამ კითხვაზე პასუხი რომ მივიღოთ, უნდა გავითვალისწინოთ ის, თუ თავისი მსახურების რომელ პერიოდში წარმოთქვამს იესო ამ სიტყვებს. აზრის გამოსაკვეთად მას ასეთი მაგალითი მოჰყავს: «ერთ კაცს ვენახში ლეღვი ედგა. მივიდა მასზე ნაყოფის სანახავად, მაგრამ ვერ ნახა. მაშინ მევენახეს უთხრა: „სამი წელია მოვდივარ ამ ლეღვზე ნაყოფის სანახავად, მაგრამ ვერ ვპოულობ. მოჭერი. ტყუილად რატომ უნდა ეკავოს მიწა?“ მან მიუგო: „ბატონო, წელსაც დააცადე, ძირს შემოვუბარავ და ნაკელს დავუყრი. თუ გამოიღებს ნაყოფს, ხომ კარგი, თუ არადა, მოჭერი“» (ლუკა 13:6—9).

სამ წელიწადზე მეტია, იესო ცდილობს, დაეხმაროს იუდეველებს, განივითარონ ღვთისადმი რწმენა, მაგრამ მხოლოდ ადამიანთა მცირე ჯგუფი უერთდება მის მიმდევართა რიგებს, და ისინი ნამდვილად შეიძლება ჩაითვალონ მისი შრომის ნაყოფად. უკვე მეოთხე წელი დაიწყო, რაც იესო მსახურობს; ახლა იგი კიდევ უფრო მეტ ძალ-ღონეს ახმარს ქადაგებას. გადატანითი მნიშვნელობით თუ ვიტყვით, იესო, ასე ვთქვათ, იუდეველთა ლეღვის ხის გარშემო ბარავს და სასუქს ყრის, რადგან ქადაგებს და ასწავლის იუდეასა და პერეაში. საინტერესოა, რა ნაყოფს იღებს თავისი შრომის სანაცვლოდ. მის ცნობას ძალიან ცოტა იუდეველი ეხმაურება. მთლიანობაში ერი უარს ამბობს მონანიებაზე, რის გამოც სასჯელს დაიტეხს.

მალე, შაბათ დღეს, როცა იესო სინაგოგაში ასწავლის, კიდევ ერთხელ იკვეთება, რომ იუდეველთა უმრავლესობა არაფრად აგდებს მის სიტყვებს. იესო ხედავს ქალს, რომელიც უკვე 18 წელია დემონის ტყვეობაშია; ის წელშია მოხრილი და ვერ იმართება. თანაგრძნობით გამსჭვალული იესო ეუბნება მას: „გათავისუფლებული ხარ უძლურებისგან“ (ლუკა 13:12). ადებს თუ არა იესო ხელს, ქალი მაშინვე იმართება წელში და ღვთის განდიდებას იწყებს.

ამის დანახვაზე სინაგოგის წინამძღვარი აღშფოთებას ვერ მალავს და ამბობს: „საქმის საკეთებლად ექვსი დღე არსებობს. იმ დღეებში მოდით და განიკურნეთ, მაგრამ არა შაბათს“ (ლუკა 13:14). სინაგოგის წინამძღვარი არ უარყოფს იმას, რომ იესოს განკურნების ძალა შესწევს, მაგრამ ის განსჯის იმ ხალხს, რომლებიც შაბათ დღეს მიდიან მასთან განსაკურნავად. იესო ლოგიკურ მსჯელობას ავითარებს და პასუხად ამბობს: „თვალთმაქცნო, განა შაბათს თითოეული თქვენგანი არ უშვებს თავის ხარს ან ვირს ბაგიდან და არ მიჰყავს წყლის დასალევად? მაშ, განა არ შეიძლებოდა შაბათს ამ ქალის, აბრაამის ასულის გათავისუფლება, რომელიც თვრამეტი წელი ჰყავდა სატანას შებორკილი?“ (ლუკა 13:15, 16).

ამის მოსმენაზე იესოს მოწინააღმდეგეებს სირცხვილის გრძნობა ეუფლებათ, მაგრამ ხალხი ხარობს იმ დიდებული საქმეების გამო, რომელსაც იესო აკეთებს. შემდეგ იესო აქაც, იუდეაშიც იმეორებს სამეფოსთან დაკავშირებულ იმ ორ წინასწარმეტყველურ მაგალითს, რომლებიც ადრე გალილეაში ყოფნის დროს ნავიდან წარმოთქვა (მათე 13:31—33; ლუკა 13:18—21).